რა გვითხრა NATO-მ?

ბრიუსელში დასრულდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ესაა NATO-ს ზუსტი სახელი) მორიგი სამიტი, რომელიც ისტორიაში ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპია. ამერიკის პრეზიდენტმა „დაანთო“ და სულ „ცეცხლი აფრქვევინა“ პასუხად თავის გერმანელ და ბრიტანელ პარტნიორებს.

ჯერ ერთი, ევროპელ მოკავშირეებს ულტიმატუმი წაუყენა: „მთლიანი შიდა პროდუქტის“ 4%-ს რატომ არ ხარჯავთ თავდაცვაზე, როგორც წესდებითაა განსაზღვრულიო? შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადასწვდა: „ევროკავშირთან ყოველგვარი სავაჭრო კომპრომისი გამორიცხე, თორემ ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო ზონას ვერ ეღირსებიო“. თითქოსდა ევროკავშირი კი არა, მტრული „საბჭოთა კავშირი“ იყოს.
წინა პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ბრიტანელებს პირიქით, ეუბნებოდა: „ბრექსიტს“ თავი დაანებეთ, თორემ ამერიკა ევროკავშირთან გააფორმებს „თავისუფალ ვაჭრობას“ და თქვენ იგივეს ვერ ეღირსებითო.
აი, რა შეუძლია ამერიკის პრეზიდენტს, თუ გადაწყვიტა „შეატრიალოს“ ამ დიდი სახელმწიფოს საჭე ან „აქეთ“, ან „იქით“. თუმცა საქართველოსთვის ტრამპის ამგვარი „მოულოდნელობები“ შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, „მოუაროს თავში“ და გვგლიჯოს MAP-ი. აკი თქვა პრესკონფერენციაზე: „დიახ, გახდებით ალიანსის წევრები, ოღონდ ჯერ არაო“.
არადა, მისი „იმპულსურობა“ შეიძლება ბევრად უარესშიც გამოხატულიყო. აკი „დაახალა უკრაინას“: „ვნახოთ, შეიძლება კიდეც ვცნოთ ყირიმი რუსეთის ნაწილადო“. ასევე შეეძლო „დაეხალა“ ჩვენთვის: „საქართველოს არასდროს მივიღებთ ნატო-ში ან „ვნახოთ, იქნებ, კიდეც ვცნოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობაო“.
თუმცა ასე არ თქვა და ეს კარგია! ამგვარი განცხადება ნიშნავს, რომ ანგარიშიდან „ამოგდებული“ არ ვყავართ. მთავარია, იმ დროისთვის მოვემზადოთ, როდესაც „თავში მოუვლის კარგად“.
ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ტრამპის „ტრამპობა“, ერთი მხრივ, საშიშია, მაგრამ, მეორე მხრივ, შანსია იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე ობამას დროს, რომელმაც პირდაპირ მოგვახალა: „საქართველო იმ გზაზე (ბილიკზე) არ დგას, რომელიც ნატო-სკენ მიდიოსო“.
დაახლოებით ასეთივეა, შინაარსით, საბოლოო დეკლარაცია. ალიანსმა საქართველო შემაჯამებელ რეზოლუციაში რამდენჯერმე ახსენა, თუმცა ახლებურად არა _ მხოლოდ გაიმეორა წინა სამიტთა დებულებები: „…აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი…“ ოღონდ დაამატა MAP-ი აუცილებლად დაგჭირდებათო… არადა, „ტვინი გაბურღეს“ მტკიცებით „აქაურებმა“, _ მაპ-ი საერთოდ აღარ გვჭირდება, მის გარეშეც შეიძლება გაწევრიანებაო.
არ გამოვა „საგზაო რუკის“ გარეშე! ეს ამჯერად კიდევ უფრო მკაფიოდ გვითხრეს და არც იმის გარეშე გამოვა ალიანსში შესვლა, რომ ნატო-ს მეხუთე პუნქტი, ე. ი. თავდაცვის ვალდებულება აფხაზეთსა და ცხინვალზე არ ვრცელდებოდეს. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ამიტომაც იმეორებდა დაჟინებით: „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს ვცემთო“. აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე ნატო-ს საქართველო არ სჭირდება ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება იგი აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე!
მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება ალიანსის სამხედრო სწავლებები. ბევრს არ ესმის სხვაობა: ამერიკის, ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის, ლიტვა-ლატვია-ესტონეთის ჯარისკაცთა და ოფიცერთა მონაწილეობით კი ბევრჯერ ჩატარებულა მანევრები საქართველოში, მაგრამ NATO-ს ეგიდით და ხელმძღვანელობით ეს მხოლოდ მეორე იქნება. ამით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ადასტურებს, რომ საქართველოს მართლა განიხილავს „ასპირანტად“. ნებისმიერი პროვოკაცია საოკუპაციო ზოლთან ამის გამო შეგვიძლია გამოვაცხადოთ „რუსეთის პროვოკაციად სწავლებების ჩასაშლელად“, რაც სიმართლეც იქნება და კარგი „სათქმელიც“.
რეზოლუციაში ასევე ნახსენებია „შავი ზღვის უსაფრთხოება“, ოღონდ რაიმე ერთობლივი „საზღვაო შენაერთის“ შესახებ ჯერ არაფერია ნათქვამი, ისევე როგორც წინა რეზოლუციაში.
ქართველ ექსპერტებს არ აქვთ ერთიანი მოსაზრება სამიტის შედეგებზე, თუმცა ბევრი მათგანის გამონათქვამში მაინც იგრძნობა იმედგაცრუება…

ირაკლი მაჭავარიანი: „ყველა ეს პროცედურული საკითხი, რომ „საქართველომ რაღაც ეტაპები უნდა გაიაროს“ და ა. შ. ნამდვილი მიზეზი არაა, თუ რატომ არ იღებს ნატო-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო პოზიტიურ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებით. რეალური მიზეზი ჩვენი „ჩრდილოელი მეზობელია“, რომელიც მთელ ევროპას აშანტაჟებს“.

პეტრე მამრაძე: „საქართველოს შესახებ ნატო-ს მესიჯებს რუსეთი არ გაიგონებს და არ შეისმენს. პირიქით, პუტინი ამას „პიარისთვის“ გამოიყენებს: ხომ ხედავთ, რუსებო, ალყაშემორტყმული ციხესიმაგრე ვართ, მაგრამ ვუძლებთ და კიდევ ბევრს გავუძლებთო.
აუცილებელია შევნიშნოთ, ვიცოდეთ, რომ ამ ისტერიის ფონზე პუტინი მაინც ეძებს დასავლეთთან „მორიგების“ გზებს. თუნდაც ახალი გაზსადენების გასაყვანად. საქართველოსთვის ამ სამიტის შედეგად არაფერი შეიცვლება. საქართველოს ნატო-ში არ მიიღებენ, მაგრამ რეალური თანამშრომლობა მაინც გაგრძელდება. მაგალითად, ერთობლივი წვრთნები. ასევე ნელ-ნელა იარაღსაც გადმოგვცემენ და სხვადასხვა პროგრამას განახორციელებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო ბლოკი არ არის.

სოსო ცინცაძე: „ძალიან ოპტიმისტურადაც არ ვარ განწყობილი… არც ერთ პრეზიდენტს და არც ერთ გენმდივანს არ შეუძლია თქვას და არც არასდროს იტყვიან, რომ ესა თუ ის ქვეყანა ვერასდროს გახდენა ნატო-ს წევრი. ამგვარი რამ გამორიცხულია, რადგან ამ ორგანზაციას წესდებაში უწერია: ყველა ქვეყანას აქვს შანსი, ოღონდ არა გარანტია! გარანტიას არავინ გვაძლევს. აი, ტრამპმაც ეს გვითხრა: ოდესმე გახდებით ნატო-ს წევრებიო… ჩვენი პრეზიდენტი კი მოეწონა, როგორც ჩანს, მაგრამ ტრამპის განცხადება: „კარგი შთაბეჭდილება დატოვა“, უფრო ზრდილობით აიხსნება“.

ვანო გამგებელი