დეცენტრალიზაცია ოცნებისეულად ანუ სად გაქრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა?

Marionette Man

სანამ თვითმმართველობების რეალური განვითარების პერსპექტივაზე ან კიდევ მთავრობის რეგიონულ პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, ორი ისტორია უნდა მოვყვე. ისტორიის დაწყებამდე კი მარტივად ვიტყვი, რას ნიშნავს თვითთმმართველობების დეცენტრალიზაცია.

მაშ, ასე: სახლში მე და დედაჩემი ვცხოვრობთ, ვინც შრომისუნარიანები ვართ, ვზრდით ხუთ არასწრულწლოვან ბავშვს, ანუ ჯამში ოჯახში 7 სული ვართ. ჩვენი ძირითადი ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ, 1000 ლარით განისაზღვრება. ჩვენ გვაქვს ოჯახის ასეთი პოლიტიკა: თვის ბოლოს რომელიმე სავაჭრო ცენტრში მივდივართ და იმ ძირითად პროდუქტებს ვყიდულობთ, რომელიც საკვებად გვჭირდება; კომუნალურ გადასახადებს, ძირითადად, მე ვიხდი; ბავშვების რეპეტიტორის, სახელოვნებო და სპორტის სკოლების გადასახადებს კი თანაბრად ვიყოფთ. ანუ ოჯახს თვითმმართველობა ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტებს უფროსები ერთად განვსაზღვრავთ ბავშვებთან გასაუბრების შედეგად, დედაჩემი თანხას ანაწილებს, ანუ საკრებულოს წევრია, მე კი აღვასრულებ და მის მიერ დაგეგმილს ვყიდულობ.
ახლა, რა ხდება… წარმოვიდგინოთ, რომ ჩემი და დედაჩემის შემოსავალს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჯამაგირს, ფულადი თანხით კი არ გვაძლევდნენ, არამედ პირიქით, სადაც ვმუშაობთ, ვინც ფულს გვიხდის, ისინი გვიგეგმავდნენ, რა უნდა ვიყიდოთ ოჯახში, რომელ პედაგოგთან უნდა მოვამზადოთ ბავშვები, რა ზომის ქურთუკი უნდა ვიყიდოთ და რა ფერის რვეული… ეს რომ ასე იყოს, ჩვენი ოჯახის იდილია სრულად მოინგრეოდა და ოჯახში თვითმმართველობა არ გვექნებოდა, დავრჩებოდით ცენტრალიზებულად სხვაზე დამოკიდებული… და ჯამაგირს საიდანაც ვიღებთ, ის ოდესმე გადაიფიქრებდა, რომ ჩვენთვის ფული მოეცა და თავად დახარჯავდა იმ ფულს და გამოგვიგზავნიდა იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა. ე. ი. მე და დედაჩემს ჩვენს ოჯახში სრული დეცენტრალიზაცია გვაქვს და შესაბამისად პარასკევს ბავშვებს ვეკითხებით, კვირას რა სადილი გაუხარდებათ, ბავშვებიც გვპასუხობენ…
ალბათ ამით მარტივად ავხსენი, რა დღეშია დღევანდელი თვითმმართველობები, ანუ მუნიციპალიტეტები. რეალურად, ისინი არაფერს წყვეტენ… რასაც დაუწერენ, იმას ყიდულობენ და უარესიც, ფულსაც აღარ აძლევენ. რატომ? იმიტომ, რომ თავად უწყვეტენ, ის ფული რა საჭიროებებისთვის უნდა დაიხარჯოს, ანუ მუნიციპალიტეტები, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, ჯამაგირს საშემოსავალო გადასახადით იღებს, მათ ეს თანხა არსად რჩებათ…

ახლა სერიოზულ განხილვაზე გადავიდეთ, ცოტა ქვევით კი უკვე ორ მაგალითს მოვიყვან:
თვითმმართველობების გაძლიერება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრული რეკომენდაციები კი მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს.
დაახლოებით 8 წელია, რაც საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში აღარ რჩება.
რეალურად საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა დეცენტრალიზაციის პროცესზე დადებითად აისახება. მართალია, გასულ წლებში საუბარი იყო, რომ საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტს უნდა დარჩენოდა, მაგრამ ეს საკითხი მხოლოდ საუბრის თემად დარჩა. დღეისთვის მუნიციპალიტეტს საშემოსავლო გადასახადის მცირე პროცენტი რჩება. მთავრობამ დეცენტრალიზაციის ახალი ხედვა წარმოადგინა.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა: „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.
პროგრამა, რომლითაც 2018-2020 წლებში მთავრობამ უნდა იმუშაოს, თვითმმართველობის, რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხებსაც მოიცავს.

რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა

„საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის რეგიონების განვითარება, მათ შორის, უთანასწორობის აღმოფხვრა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, რეგიონების როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველოს მთავრობას აქვს რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების გათანაბრების პოლიტიკის მიდგომებს. ეს გულისხმობს ინტეგრირებულ, დარგთაშორის და ტერიტორიაზე მორგებულ დაგეგმვას და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას.
თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით შემუშავდება დეცენტრალიზაციის ახალი, 2018-2025 წლების სტრატეგიის დოკუმენტი. რეფორმის მთავარი მიზანია, სუბსიდირების პრინციპებზე დაყრდნობით, თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, თვითმმართველობის როლის გაზრდა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით.
უზრუნველყოფილი იქნება რეგიონული განვითარების დაგეგმვის პროცესში ახალი მიდგომების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში დარგთაშორისი კომპლექსური კავშირების განვითარებასა და ადგილობრივ პირობებთან მაქსიმალურად მორგებული ეკონომიკური მოდელის შემუშავებას.
გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა. მცირე, მოქნილი და ეფექტიანი მუნიციპალური მმართველობის ჩამოყალიბებასთან ერთად, გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ფისკალური დეცენტრალიზაციის გზით.
მუნიციპალიტეტების გაზრდილი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ხვედრითი წილი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში.
შემუშავდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მათ
შორის, ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები.

ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა

ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით გაუმჯობესდება ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრისა და შესაბამისი ახალგაზრდული სერვისების შექმნის პროცესი. გაგრძელდება ახალგაზრდული სამოქმედო გეგმების შემუშავება და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის მექანიზმებისა და მოდელების დანერგვა“.
აღსანიშნავია, რომ, ფაქტობრივად, იგივე ჩანაწერები გვხვდება წინა სამთავრობო პროგრამაშიც, რომელსაც იგივე სათაური და იგივე ვადები ჰქონდა და რომელიც 2017 წლის დეკემბერში, კვირიკაშვილის მთავრობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

წარმატებული გაყინული პროგრამა

ზემოთ დაპირებული ორი მაგალითი:
წლების წინათ გადაწყდა, რომ ყველა სოფელს გარკვეული თანხა უნდა გადასცემოდა, დეტალურად ქვევით წაიკითხავთ, ოღონდ ეს თანხა სოფელს ისე უნდა განეკარგა, როგორც თავად გადაწყვეტდა. დასავლეთში ერთ-ერთმა სოფელმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოსგან მიცემული თანხით სარიტუალო სასახლე-მაცივარი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კუბო-მაცივარი ეყიდა და შემდეგ კუბო-მაცივარი სხვა სოფლის მიცვალებულებზე გაექირავებინა, თანასოფლელი მიცვალებილებისთვის კი უფასო ყოფილიყო, ხოლო გაქირავებულიდან შემოსული თანხა სოფლად მცხოვრებ გაჭირვებულებისთვის მოეხმარა და ა. შ. ამას XXI ს.-ში კრეატივი ჰქვია.
ახლა მეორე მაგალითი: კახეთში სოფელ ველისციხეში იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ სოფლის აბანო აეშენებინათ დიდი ავზებით, აბანოს გადასახადი თანხა კი მიზერული ყოფილიყო.
აქვე მივაყოლებ: პანკისის ერთ-ერთ სოფელში სარიტუალო მაგიდები და სკამები იყიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭირსა თუ ლხინში ხეობას ახმეტიდან დაქირავება აღარ დასჭირდებოდა და უფასოდ ექნებოდა.
ეს ყველაფერი ერთი ძალიან მაგარი პროგარმით გაკეთდა, რომელიც 2 წელია, გაყინეს და მგონი, ახლა ლღობას იწყებენ…

ახლა კი სიღრმისეულად განვიხილოთ:
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წლიდან დაიწყო და ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი იხარჯებოდა, თუმცა 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში მსგავსი პროგრამა გააუქმეს

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობდა:
„ეს გადაწყვეტილება წარმოაჩენს მთავრობის საგანგაშო დამოკიდებულებას თვითმმართველობებისადმი, მათი დამოუკიდებლობისა და დეცენტრალიზაციისადმი.
ინფორმაციის მიწოდების ღირსადაც კი არ ჩათვალეს მუნიციპალიტეტები, გამგეობები და ხალხი. არადა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა თუ ჩხაკაურაში თუ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლებში იმედი აქვთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სახსრებს მიიღებენ და ექნებათ ახალი თუ გაუმჯობესებული საბავშვო ბაღი, განათებული გზები, მოწესრიგებული წყალმომარაგება და სხვა“.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროგრამის გაუქმების მოსალოდნელ შედეგებზე ღიად ლაპარაკი არ სურდათ, თუმცა პირად საუბრებში მთავრობის ეს გადაწყვეტილება არცთუ სახარბიელოა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (გარდა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების მოსახლეობისა) თანხას ანგარიშობდა შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისთვის _ 4000 ლარი;
ბ) 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისთვის _ 5000 ლარი;
გ) 401-დან 1000 სულის ჩათვლით დასახლებისთვის _ 8 000 ლარი;
დ) 1000-ზე მეტსულიანი დასახლებისთვის _ 12 000 ლარი.
დადგენილების თანახმად, პროგრამით გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარებოდა ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციას ან/და კეთილმოწყობას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, ან/და გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას.
პრიორიტეტები მოსახლეობას თავად უნდა შეერჩია _ გამგებლის წარმომადგენელს ან სხვა უფლებამოსილ პირს სოფლის მოსახლეობის კრება უნდა მოეწვია, საჯარო განხილვა მოეწყო და კრების მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტი შეერჩია, რომელიც შემდგომ ოქმში აისახებოდა.
იყო პროგრამაში ხარვეზები? _ იყო!

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის 2013 წლის კვლევაში ვკითხულობთ:
„სოფლის დახმარების პროგრამის შესრულებაში ჩართულ ადამიანთა საშუალო მაჩვენებელმა, დაახლოებით, სოფლის მოსახლეობის 21-35% შეადგინა. სოფლების ნაწილში პრიორიტეტები განისაზღვრა, ძირითადად, გამგეობისა და ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ.
მნიშვნელოვანი პრობლემაა სამუშაოების დაუსრულებლობა. ხშირ შემთხვევებში სოფელში რამდენიმე პრიორიტეტი შეირჩევა და ყველა მათგანზე სამუშაოები დაუსრულებელი რჩება. ეს, როგორც წესი, არარეალისტური დაგეგმვის ნიშანია.
ბუნდოვანია თანხების ხარჯვაზე კონტროლის მექანიზმიც.
სოფლის დახმარების პროგრამის პრიორიტეტების ანალიზმა 50 სოფლის მიხედვით აჩვენა, რომ დღეისთვის სოფლებში ყველაზე პრობლემურია შიდა სასოფლო გზებისა და წყლის ხარვეზები. თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში იმის გამო, რომ ეს პრიორიტეტები დიდ დაფინანსებას მოითხოვს, სოფლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაფინანსებულიყო უფრო ვიწრო სფეროს ხარჯები _ სარიტუალო სახლის რემონტი ან სარიტუალო ინვენტარის შეძენა, სოფლის სასაფლაოს შემოღობვა და სხვა“.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ხელისუფლებამ 2016 წლის ბოლოს გააუქმა, შესაძლოა, მომავალი წლიდან აღდგეს. ამის შესახებ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ II ფორუმზე გახდა ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ის ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ რის გამო მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, თუმცა მოგვიანებით ითქვა, რომ პროგრამა არაეფექტიანი იყო და ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუზოგეს.
სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამა, მუნიციპალიტეტების მწირი ბიუჯეტების ფონზე, მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად საჭირო და მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენდა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში არაერთ სოფელში გარეგანათების, წყლის, გზისა და ა. შ. პრობლემები მოგვარდა. რაც მთავარია, ეს იყო ერთადერთი პროგრამა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნიდა – ის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სოფელში, საერთო კრებაზე სწორედ მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, ადგილობრივ ხელისუფლებას კი საკუთარი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტი განეხორციელებინა.
ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხების გამოყოფა აუცილებელია: „მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მის სოფელში გარკვეული თანხა დაიხარჯება და საკითხების გადაწყვეტაშიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული“.

საკრებულოების თავმჯდომარეებთან შეხვედრისას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამაც დაადასტურა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ეფექტიანი იყო:
„ის, რომ ეს კარგი პროგრამა იყო და ეფექტი ჰქონდა, უდავოა. მოსახლეობასთან შინაარსიანი საუბარი იმართებოდა და გადაწყვეტილებასაც, რა უნდა გაკეთებულიყო, სწორედ მოსახლეობა იღებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან უკვე ვისაუბრე“.
კონკრეტულად რის შეცვლას აპირებს ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში, რამდენი იქნება მისი ბიუჯეტი, პროექტების შერჩევის წესი და ა. შ. უცნობია. ელისუფლებამ გვიან, მაგრამ მაინც აღიარა, რომ პროგრამის გაუქმება შეცდომა იყო და ორწლიანი პაუზის შემდეგ სოფლებს მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი თანხები, სავარაუდოდ, კვლავ გაუჩნდება.
„ვფიქრობთ, რეგფონდის ფარგლებში შევიმუშაოთ პროგრამა, სადაც 50 ათას ლარამდე პროექტები შევა და ამ მიმართულებით პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობის მიერ დადგინდება“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილისვე ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში შეიქმნება ქვეპროგრამა, რომლიდანაც მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად პროექტები დაფინანსდება:
„საუბარია მცირე პროექტებზე, რომელსაც უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობა არჩევდა, თუმცა არსებობს შეკითხვები შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რეგფონდის ფარგლებში გამოვყოთ პროგრამა, სადაც პროექტები შევა 50 ათას ლარამდე და ამ მიმართულებით პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობის მიერ დადგინდება. ერთი მხრივ, კვლავ გავითვალისწინებთ ადგილობრივების ინტერესებს და, მეორე მხრივ, დაცული ვიქნებით თანხების არაეფექტიანი ხარჯვისგან“.
ცქიტიშვილს, ჯერჯერობით, არ დაუკონკრეტებია, რა კრიტერიუმები დადგინდება, რა ფორმით განაწილდება თანხა, როგორ შეირჩევა პროექტები და როგორ აისახება მოქალაქეთა სურვილები ამ პროექტების შერჩევის პროცესში.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თითოეული რეგიონის პოტენციალის განვითარებას და სრულ ათვისებას. 2019 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში უკვე დავიწყეთ რეგიონული შეხვედრები, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების განხილვა. შეხვედრების გარდა მეტი ჩართულობისთვის დონორებთან ერთად ვგეგმავთ რეგიონების განვითარების ფონდის განაწილების ფორმულის გადახედვას“, _ განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
დაბოლოს ზემოთ ჩემი ოჯახის მაგალითით დავიწყე და ისევ ჩემი ოჯახის მაგალითით დავასრულებ: ოჯახში, სადაც 2 სრულწლოვანი და 5 არასრულწლოვანია, ყველას თანაბარი ხმა აქვს. ასე რომ, მეტი ჩართულობა მეტად აადვილებს ცხოვრებასაც და შენებასაც.

მაკა მოსიაშვილი