გიორგი ვაშაძის ბოდიში საკუთარ ოჯახს!

10589671_10203878256852232_79591424_n

ერთ-ერთ ონლაინ პორტალზე, გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ოჯახის წევრსა და მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. დღეს უკვე ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამ ფაქტს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებით გამოეხმაურა:

„ მინდა გამოვეხმაურო ჩემი ძმის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მის შეურაცყოფას, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ძმაა. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ძმას, ჩემი ოჯახის წევრებს, ყველა ჩვენს საერთო მეგობარსა და ნაცნობს, რომლებსაც უწევთ ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო თმენა ამგვარი უხამსობების. პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება, ეს არის მისი პროფესიის ნაწილი და მე ეს ცხადად მაქვს გააზრებული. თუმც, პოლიტიკური კულტურა გულისხმობს გარკვეული ზღვრების დაცვას. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერ გაიზარდა და ამის გააზრება უჭირს.ამასთან, მადლობა მინდა გადავუხადო იმ უამრავ ნაცნობს თუ უცნობს, რომლებმაც ამ მომენტში ღირსეული პოზიცია დაიკავა და თავისი პოზიცია დააფიქსირა, როგორც საჯაროდ, ასე პირად კომუნიკაციაში. დანარჩენს ამ საკითხის სამართლებრივი შეფასება და განსჯა გვიჩვენებს. და ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი უხამსობა ნამდვილად ვერ შეაჩერებს ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!“- წერს გიორგი ვაშაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი განცხადებას გააკეთებდა, მანამდე სპეციალური მიმართვა გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„18 აგვისტოს, ერთ-ერთ ონლაინ პორტალზე გამოქვეყნდა ჟურნალისტ დარეჯან ლიპარტელიანის სტატია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრს და მის პირად ცხოვრებას ეხება. ქარტიის საბჭოს სურს გამოეხმაუროს ამ მასალას, რომლის შინაარსსაც შეგნებულად არ იმეორებს, რადგან ის ეხება ადამიანის პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს და არ მიიჩნევს საჭიროდ ამ დეტალების ხელახლა ტირაჟირებას საკუთარ განცხადებაში. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ სტატია ერთდროულად არღვევს არაერთ პროფესიულ და ეთიკურ პრინციპს: ის მთლიანად აგებულია ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და პირად მოსაზრებებზე; წინააღმდეგობაში მოდის ქვეყანაში დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაცულ ნორმებთან; არღვევს პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მაშინ როდესაც არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი; არის ჰომოფობიური და ხელს უწყობს პიროვნების დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სტატიაში არა მხოლოდ რესპონდენტი იყენებს ჰომოფობიურ გამონათქვამებს, არამედ თვითონ ავტორიც. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო და ჟურნალისტური სტანდარტის უარმყოფელი მასალის გამოქვეყნებით, ავტორიცა და გამოცემაც ხელს უწყობენ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და ახალისებენ დისკრიმინაციას სექსუალური ნიშნით, რაც მედიასაშუალებისა და ჟურნალისტის მხრიდან დაუშვებელია.“ – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში, რომელიც მიმდინარე წლის 19 აგვისტოთი თარიღდება.