ცვლილებები სოციალური დახმარების გაცემის წესში

„ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების _ ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ, სპეციალური ფორმის დოკუმენტის _ ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე, ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა, ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით.
თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა რაოდენობიდან და მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ, სპეციალური ფორმის დოკუმენტის _ ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული საარსებო შემწეობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება“.

ეს ის ცვლილებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა და შევიდა დადგენილებაში სოციალური დახმარების შესახებ. ის განსაზღვრავს სოციალურად დაუცველებისთვის სოციალური დახმარების გაცემის წესებს და იმ კონკრეტულ პირობებს, რის მიხედვითაც ფულადი დახმარების მინიჭება-გადაცემა ხდება.

რას ნიშნავს სოციალური დახმარება და ვინ არის მისი მიმღები პირი?

მიზნობრივი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
სულ რეგიონებისა და დედაქალაქის მასშტაბით 2018 წელს სოციალურ დახმარებას იღებს 130 154 ოჯახი, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, ეს რიცხვი გასაკვირი არცაა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ივნისის მონაცემებით სულ საარსებო შემწეობაზე გადარიცხული თანხა ბიუჯეტიდან შეადგენს 20 853 968 ლარს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. გასულ წელს სოციალური დახმარების გაცემისთვის ბიუჯეტიდან 21 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი და ღატაკი ოჯახების რაოდენობა შემცირდა ან მათი კეთილდღეობა გაუმჯობესდა. ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელსაც კონკრეტული ინდივიდის ან ოჯახისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება ევალება, საკმაოდ ბევრი კრიტერიუმი აქვს, რომელიც სტატუსის მისანიჭებლად უნდა დაკმაყოფილდეს.

პროცედურების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

საარსებო მინიმუმის მისაღებად, რომლის რაოდენობა მაქსიმუმ 60 ლარით განისაზღვრება ოჯახის თითოეულ წევრზე, პირველ რიგში, ოჯახმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლობას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და შეავსოს სპეციალური განაცხადი. ამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია, მივიდეს მითითებულ მისამართზე და ოჯახის დეკლარაცია შეავსოს.
სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ითვლიან სარეიტინგო ქულებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, საარსებო მინიმუმის, ანუ სოციალური დახმარების გაცემა-არგაცემას განსაზღვრავს. ეს ოჯახური დეკლარაცია შეიცავს ინფორმაციას სამუშაო ადგილის, მოძრავ-უძრავი ქონების, ასევე განათლებისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ, რაც დამატებითი ფულადი დახმარების დანიშვნის საფუძველი შეიძლება გახდეს.
საოჯახო დეკლარაციის შევსებიდან 30-ე დღეს, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, ითვლება ოჯახის სარეიტინგო ქულები ან კეთილდღეობის ინდექსი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, მიიღებს თუ არა ოჯახი დახმარებას.

როგორ ითვლება სარეიტინგო ქულები და რამდენად სამართლიანია სისტემა, რომელიც ზოგჯერ ოჯახებს ამ დახმარების გარეშე ტოვებს?

ამ საკითხზე დავა უკვე საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება. ცალსახა წესი სარეიტინგო ქულების გამოთვლისა არ არსებობს, სარეიტინგო ქულები თითოეული ოჯახისთვის ინდივიდუალურად ითვლება, კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობს და შესაბამისად, შეუძლებელია წინასწარ იმის თქმა, ვინ მიიღებს და ხმარებას და ვინ _ არა.
ბევრი ოჯახისთვის სოციალური დახმარება შემოსავლის ერთადერთი წყაროა. საუბარია განსაკუთრებით სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა წევრებიც არ არიან დასაქმებულები ან კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
იმისთვის, რომ სახელმწიფომ ფინანსური დახმარება დანიშნოს, აუცილებელია 65 ათასი ქულის მოგროვება. სოციალური დახმარების ფულადი რაოდენობა სწორედ ამ სარეიტინგო ქულების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
2015 წლის პირველი მაისიდან სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭებისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა. მანამდე ტექნიკის საგნები, მათ შორის, ტელევიზორი და მაცივარიც ფუფუნების საგნებად იყო მიჩნეული და ის ხშირად ხდებოდა მიზეზი სოციალურ დახმარებაზე უარის თქმისა. ახალი მიდგომის თანახმად, ტექნიკის ქონა სარეიტინგო ქულაზე გავლენას არ ახდენს, ასევე შეიცვალა სოციალური მუშაკის სუბიექტური შეფასებაც, რომელიც ძველი წესების თანახმად დიდ გავლენას ახდენდა საბოლოო შედეგზე, თუმცა მაინც უკმაყოფილებასა და ბევრ ეჭვს ბადებდა.
ახალი მეთოდოლოგია, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა, ორიენტირებული იყო ბავშვთა სიღარიბის დაძლევაზე. სწორედ ამიტომაც ახალი პუნქტების თანახმად ოჯახში ბავშვის ყოლა გარკვეულ პრივილეგიად ითვლება, რაც იმით გამოიხატება, რომ სოციალურ დახმარებას ემატება კონკრეტული თანხა ოჯახში ბავშვთა რაოდენობის მიხედვით.
სოციალური დახმარების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებასა და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის _ სიღარიბის დაძლევას, მრავალი კუთხითაა განხილვის საგანი. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ეს პროგრამა მოსახლეობაში იწვევს დემოტივაციასა და მოქალაქეებს სამსახურის შოვნის სურვილს უკარგავს მარტივი ფულის მიღების იმედით.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში და მათთვის ეს სოციალური დახმარება საარსებოდაა აუცილებელი.

– რა სარგებელი ექნება სოციალური დახმარების გაცემის წესებში შეტანილ ცვლილებას?
– როგორ აისახება ეს საქართველოს მოქალაქეებზე?
„ქრონიკა+“-ის ამ და სხვა კითხვებს სოციალური მომსახურების სააგენტოში უპასუხეს:

_ რა ძირითად პროცედურებს მოიცავს სოციალურად დაუცველთა სტატუსის მისანიჭებლად ოჯახების გადამოწმება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში?
_ რეგისტრაციისთვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.
განაცხადით მომართვის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება ხორციელდება სოციალური აგენტის მიერ. ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება ხორციელდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული და ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე ივსება „ოჯახის დეკლარაცია“.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილების შესაბამისად, დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებზე, პროგრამულად ხორციელდება ოჯახის სარეიტინგო ქულის გამოთვლა.
_ რამდენად ხშირია სოციალურად დაუცველის სტატუსის მისანიჭებლად მომართვიანობა?
_ 2018 წლის განმავლობაში აჭარის რეგიონში თვეში, საშუალოდ, 630 ოჯახი მოგვმართავს _ აქ შედის როგორც პირველადი, ასე განმეორებითი, ხოლო საქართველოს მასშტაბით თვეში, საშუალოდ, 6700 ოჯახი.
_ „სოციალური დახმარების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახი არ დაკარგავს დახმარებას. რა ხდებოდა ცვლილებამდე, ანუ როგორი იყო ეს პუნქტი?
_ აღნიშნულ ცვლილებამდე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახს უჩერდებოდა საარსებო შემწეობა და დემოგრაფიული ცვლილების საფუძველზე მოწმდებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს მიენიჭებოდა საარსებო შემწეობის მისაღები სარეიტინგო ქულა, ოჯახს გაუგრძელდებოდა ფულადი სოციალური დახმარება.
ცვლილების საფუძველზე, წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, არ ჩერდება საარსებო შემწეობა, არამედ უგრძელდება შემწეობა გარდაცვლილი წევრის თანხის გამოკლებით. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს მიენიჭება საარსებო შემწეობის მისაღები სარეიტინგო ქულა, ოჯახს გაუგრძელდება ფულადი სოციალური დახმარება, ხოლო თუ მიენიჭება საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე მაღალი სარეიტინგო ქულა, ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდება.
აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდა 2018 წლის პირველი ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
აღნიშნული ცვლილების შედეგად ოჯახს გადამოწმების პერიოდში არ უჩერდება საარსებო შემწეობის გაცემა და სწორედ ეს არის ის შეღავათი, რაც ამ წესს მოჰყვება მოსახლეობისთვის და კონკრეტულად სოციალური დახმარების მიმღები ოჯახებისთვის.

ანა ურუშაძე