დამოუკიდებელი საქართველოს მე-17 პრემიერი

ხომ არ გაგიკვირდათ? დიახ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დამოუკიდებელი საქართველოს მე-17 პრემიერ-მინისტრი გახლავთ. ახლა, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა მეხსიერება დაძაბა და დანარჩენ 16-ს იხსენებს.

ამდენადაც ნუ შეწუხდებით, წამოგეშველებით: ზვიად გამსახურდიას მთავრობას ორი პრემიერი ჰყავდა _ თენგიზ სიგუა და ბესარიონ გუგუშვილი.
სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პრემიერის ინსტიტუტმა ცოტა ხანი იარსება _ სულ რაღაც ორი პრემიერი გვყავდა _ თენგიზ სიგუა და ოთარ ფაცაცია.
შემდგომ _ შევარდნაძის ეპოქაში, პრემიერ-მისიტრის პოსტი გაუქმდა, თუმცა სახელმწიფო მინისტრები იმავე უფლებამოსილებით იყვნენ აღჭურვილნი. აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ დროს, ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც, პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. და ამის მიუხედავად, სახელმწიფო მინისტრები უდიდესი გავლენით სარგებლობდნენ. ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა პერიოდის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეებზე მეტად. მოკლედ, 1993-2003 წლებში საქართველოს მთავრობას ხელმძღვანელობდნენ: ვაჟა ლორთქიფანიძე, ნიკო ლეკიშვილი, გია არსენიშვილი, ავთანდილ ჯორბენაძე.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პრემიერის ინსტიტუტი აღდგა და მის სათავეში, ანუ ქვეყნის უმთავრესი, პირველი მინისტრის პორტფელი ზურაბ ჟვანიამ ჩაიბარა. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ამ პოსტზე ზურაბ ნოღაიდელი დაინიშნა. ნოღაიდელი ბანკირმა ლადო გურგენიძემ შეცვალა, გურგენიძე გეგა მგალობლიშვილით ჩაანაცვლეს, რომელიც 2009 წელს „ნაციონალებმა“ აშშ-ში „სამკურნალოდ გაუშვეს“.
შემდეგ ამ პოსტზე ნიკა გილაური ვიხილეთ, მერე ივანე მერაბიშვილი და ამით „ნაციონალების“ მმართველობის ეპოქაც დასრულდა.
„ქართული ოცნების“ პორველი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც ისე მოულოდნელად დატოვა პოსტი, რომ არა მხოლოდ ამომრჩეველი, საკუთარი თანაგუნდელებიც გაოცებული დატოვა. გოგი გვახარიასი არ იყოს: „წავიდა და დაგვიტოვა სოფელი“.
“კარგი ბიჭი” _ ირაკლი ღარიბაშვილი, პოსტს მაშინ ჩამოაშორეს, როდესაც ამის შესახებ ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა. ორი დღით ადრე მთავრობის წარმატებებზე საუბრით გაბრუებული თავიდან ვერც კი მიხვდა, პოსტის დატოვებას რომ სთხოვდნენ.
ღარიბაშვილი ასევე “კარგმა კაცმა”, გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა. აქ ლოგიკაც არის, რაც კარგები „ვართ“, სულ „ოცნება“ ვართ. აბა, სააკაშვილის შერჩეულ პრემიერს ხომ არ დანიშნავდა ბიძინა მთავრობის მეთაურად. და როცა კვირიკაშვილის ზარმაც ჩამოჰკრა, მის პოსტზე მამუკა ბახტაძე აღმოჩნდა.
ამ გალერეის ექსპონატების პერსონიფიცირებული დახასიათებაც შეიძლება, თუმცა რადგან ამავე გახსენებაზე ყველა პერსონამ თქვენ თვალწინ ჩაიქროლა, ვგონებ, დეტალიზება საინტერესო არ იქნება. მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, _ პოლიტიკურად დამოუკიდებელი პრემიერ-მინისტრი საქართველოსთვის მხოლოდ გაელვებითი ხვედრი ყოფილა.
პიროვნულ თვისებებს რაც შეეხება, თითოეულ მათგანს აუცილებლად ეყოლება ბევრი კარგად მომხსენიებელი და ბევრიც _ მაგინებელი. რას ვიზამთ, ასეთია მაღალი თანამდებობის პირების ხვედრი არა მხოლოდ საქართველოში.
და მაინც, რადგან „ოცნების“ ეპოქაში ვცხოვრობთ, ივანიშვილის წასვლის დროს გაგახსენებთ: მაშინ მან გვითხრა, რომ აუცილებლად კარგ კადრს დაგვიტოვებდა. მანვე შეგვირჩია შემდგომი ორი პრემიერი. ეს ყველაფერი შინაარსობრივად რაოდენ ლოგიკურიც არ უნდა იყოს თავად ივანიშვილის ან მისი გუნდისთვის, პროცესი ნამდვილად არ გახლავთ იმ ფორმულის ადეკვატური პოზიტიურ კონტექსტში, რომელიც თავის დროზე გააჟღერა ბატონმა ივანიშვილმა: „დემოკრატიით გავაოცებ ევროპას“.
და მაინც, ახლა ჩვენ იმ რეალობაში ვართ, როდესაც ქვეყანას ახალი პრემიერი და „მცირე მთავრობა“ ჰყავს. რას შეიძლება ველოდოთ ახალი პრემიერისგან? უფრო სწორად, რა გამოწვევები აქვს ახალ მინისტრთა კაბინეტს?
მინდა გითხრათ, რომ „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ვითარება ამ მიმართებით, ფაქტობრივად, არ იცვლება, პროცესი კი უარესდება. ადრე ჩემსავე ნათქვამსა და დაწერილს გავიმეორებ: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გონიერებისა და აზრის ეშინია ყველაზე მეტად. ხალხის? _ მკითხავთ. ხალხი ძლიერი მაშინ არის, თუ მის ქმედებებსა და პოზიციას სწორედ რომ გონიერება და გონიერი აზრი უწინამძღვრებს, სხვა შემთხვევაში ხალხი შესაძლოა, ბრბოდ გადაიქცეს. თუმცა „ოცნებისთვის“ ბრბოც საშიშია. ამის მიუხედავად, სწორედ გონი და აზრი და არა ცალკეული პერსონები დაამარცხებენ სამომავლოდ ამ პოლიტიკურ ძალას. რატომ? იმიტომ, რომ ერთადერთი, რის მიმართაც შემწყნარებლობას ვერ იჩენს ეს პოლიტიკური სიმბიოზი, არის სწორედ სხვისი გონიერება და სხვისი აზრი. სამყარო ფიზიკის კანონებით იმართება და არა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობით მიღებული დოკუმენტებითა და გნებავთ, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების ხუშტურებით. რასაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევ, სწორედ ის გაგანადგურებს დროთა განმავლობაში და ეს აქსიომაა. ამიტომ ახალი პრემიერი ან შეცვლის ამ დამოკიდებულებას, რაც ძალიან მეეჭვება, ან იმაზე უარესად დაასრულებს მისი მთავრობა, ვიდრე ყველაზე ცუდ კოშმარში შეიძლება წარმოიდგინოს. კიდევ? მას უნდა ეშინოდეს იმ საკადრო პოლიტიკის, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით განხორციელდა და ეს მიდგომა შეცვალოს, რაც არ უნდა რთული იყოს საკუთარი დამსმელის წინააღმდეგ წასვლა. „ქართუს“ უკვე აღარ აქვს სათადარიგო სკამი. უცხო სხეულის ინტეგრირებას გუნდში არავინ ცდილობს, ამიტომ აქ უდიდესი დილემაა, რომლის გადაწყვეტა და გააზრება პრემიერისთვის და, გნებავთ, ბიძინა ივანიშვილისთვის აუცილებელი იქნება.
ბატონმა ბახტაძემ ასევე სწორად უნდა გაიაზროს, თუ რას ეფუძნება მისი თანაგუნდელების ზედმეტი თვითდაჯერებულობა ცალკეულ საკითხში, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია.
ბახტაძის გამოწვევაა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა. მაგრამ აქ წინსვლა კორუფციისა და კორუმპირებული კადრებისთვის ხელის დაფარებით არანაირად არ იქნება მიღწეული. ამიტომ თევზი კუდიდან კი არ უნდა დაიჭიროს, ადგილობრივი თვითმმართველობების წვრილფეხობის დაკავებებს უნდა გასცდეს პოლიტიკური ნება. თუმცა მესმის, რომ ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას რეალურად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს და არა ბატონი ბახტაძე. ისე, რა კარგი იქნებოდა მისგან იმის გააზრება, რომ ბიუჯეტის ფული ჩვენი _ საქართველოს ფულია. ასეთ შემთხვევაში ის ისეთივე მკაცრი და დაუნდობელი აღმოჩნდებოდა, როგორც იმ პირადი ბანკირის მიმართ, რომელმაც ბატონ ივანიშვილს მილიონები მოჰპარა.
არ ვიცი, რა აზრი აქვს გამოწვევებს შორის საგარეო მიმართულება, რეგიონული საფრთხეები ან, გნებავთ, რუსეთი დავასახელო. ეს ყველაფერი ხომ ჩვენთან ინერციით მიდის _ პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე. ჩვენთან ხომ რეალურად პოლიტიკა არც კეთდება და საფრთხეების აღქმაც სპონტანურია, ბუნებრივი კატაკლიზმების არ იყოს.
მოკლედ, ასეა საქმე _ ქვეყანას დამოუკიდებლობის 27 წლის განმავლობაში მეჩვიდმეტე პრემიერი ჰყავს. ანუ ქვეყანა პრემიერ-მინისტრებს, საშუალოდ, წელიწადსა და 6 თვეში იცვლის. ვნახოთ, რამდენი ხანი მოუწევს პოსტზე ყოფნა ახალ პრემიერს და ისიც ვნახოთ, რამდენად იაზრებს ზოგადად „ოცნება“ და ბატონი ივანიშვილი იმ ეგზისტენციურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მისი პარტია და თავად კი არ დგას, არამედ ჩვენი ქვეყანა _ საქართველო.

კოკა წერეთელი