ნატოს სამიტი, დაპირებები და საქართველო

გასულ კვირას, 11 და 12 ივლისს, ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართა. ამაზე ბევრს საუბრობდნენ საქართველოში. საზოგადოების ერთ ნაწილს იმედიც კი მიეცა, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ MAP-ს (სამოქმედო გეგმას ალიანსში გასაწევრიანებლად), თუმცა მეორე ნაწილმა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან ნატო-ს წარმომადგენლების ერთობლივად შეხვედრა ცალსახად ნეგატიურად შეაფასა.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებას აგრძელებენ და დასძინა, რომ ისინი აღიარებენ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების კუთხით მიაღწია:
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურისკენ მისწრაფებას. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ ამაზე გუშინ გამართულ შეხვედრაზე და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ ვაფასებთ და შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც რეფორმებით ახორციელებთ და მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ იგი…
ბოლოს კი გილოცავთ, რომ თქვენი გადასახადების სისტემა ერგება ნატო-ს გაიდლაინს, რაც მშპ-ს 2%-ის თავდაცვის სფეროში გამოყენებას გულისხმობს“, _ აღნიშნა სტოლტენბერგმა მარგველაშვილთან საუბრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
ამასთან ერთად, სტოლტენბერგის თქმით, ისინი აფასებენ ჩვენი ქვეყნის წვლილს ავღანეთის მისიის ფარგლებში.
ხოლო პოროშენკოსთან შეხვედაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაზე ისაუბრა ალიანსში გასაწევრიანებლად:
„ბატონო პრეზიდენტო, უკრაინის გრძელვადიანი მიზანი არის ალიანსში გაწევრიანება, ახლა კი რეფორმებზე უნდა იყოს თქვენი ფოკუსი. თქვენ მნიშვნელოვანი პროგრესის განხორციელების ეტაპზე ხართ…
მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ მოძრაობა და არ შეჩერდეთ, ეს უკრაინას ნატო-სთან უფრო დააახლოებს“, _ აღნიშნა სტოლტენბერგმა პოროშენკოსთან მიმართვისას.
მან ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერაზე მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებით. ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ მძიმე მდგომარეობას, ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებსაც გაუსვა ხაზი და ღიად გამოხატა პოზიცია რუსეთის მხრიდან არალეგალურ ანექსიაზე.
იმავე დღეს მოკლე კომენტარი გააკეთა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე დონალდ ტრამპმაც, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ახლა არ გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფონზე, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ სამიტზე ჩვენს ქვეყანას პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიგვეღო დეკლარაცია, რომელიც, ფაქტობრივად, სამოქმედო გეგმაა იმ წერტილიდან, სადაც ვართ ნატო-ს წევრობამდე.
მისივე თქმით, უკვე ნათლადაა განსაზღვრული, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და სანამ ეს მოხდება, ალიანსის შემადგენელი ქვეყნების ლიდერები მხარდაჭერისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებაზე თანხმდებიან.
მარგველაშვილმა ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, რის განსახილველადაც საქართველოცაა მიწვეული. პრეზიდენტისვე თქმით, საქართველოს მსგავსი მიღწევები ნატო-სკენ სავალ გაზაზე არც ერთ ქვეყანას არ აქვს:
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავისი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე მიმართავს. ამ თანხის 20%-ს მიმართავს შეიარაღების შეძენაზე, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დადგენილი სტანდარტებია. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უაღრესი პასუხისმგებლობა აჩვენა, როდესაც საკითხი ეხება გლობალურ უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ 870 სამხედროთი ჩვენი ყოფნა ავღანეთში ის სტანდარტია, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს, როდესაც საქმე ეხება სულ მოსახლეზე გათვლას. საქართველო ამ შემთხვევაში არის ლიდერი, ხოლო არაწევრი ქვეყნების თვალსაზრისით რაოდენობითაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია, როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე, ავღანეთის უსაფრთხოებასა და იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენი სამხედროები ატარებენ. მინდა მათ მადლობა ვუთხრა იქიდან გამომდინარე, რომ მათი გმირობის შედეგია ის მიღწევები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს“, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლევანდელმა სამიტმა საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოში. ბევრის თქმით, ქართული მხარის მუშაობა საკმარისი არ არის და ამ სამიტზეც საქართველოს ხელშესახები არაფერი მიუღია.

ნოდარ ხარშილაძე _ პოლიტოლოგი:
„ამ სამიტზე საჩუქრად მოგვცეს არა ახალი ცენტრი ან პაკეტი, არამედ შეხვედრა უკრაინასთან დაწყვილებით; ქვეყანა, რომელსაც ჩვენზე ბევრად ცუდად აქვს საქმე, მას ღიად ბლოკავს უნგრეთი და ამ ეტაპზე თეორიული შანსიც არ გააჩნია რაიმე პროგრესისა.
ბოლოს, არ არის საკმარისი მარტო საელჩოების მუშაობა ბრიუსელში და ვაშინგტონში, სამუშაოა ევროპის დედაქალაქებში, თან ძალიან აქტიურად და უმაღლეს დონეზე.
მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე ქართული საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია ამაყად გაუთანასწორდა ქართულ ფეხბურთს თავისი წარმატებებით საერთაშორისო არენაზე“.

გია ხუხაშვილი _ პოლიტოლოგი:
„მოგეხსენებათ, რომ დაპირისპირება მიდის რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის. აქ სერიოზული რისკებია ყველა მიმართულებით და შესაბამისად, ნაბიჯის გადადგმამდე ყველა ეს რისკი კარგად გასათვლელია. მეტსაც გეტყვით: ვფიქრობ, რომ ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ეგ ყველაფერი, ძირითადად, შესრულებულია, ახლა იმას უნდა ვადევნებდეთ თვალყურს, გლობალური თამაშის ფარგლებში როგორ განვითარდება მოვლენები.
ისეთი პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა, ისე შეიძლება განვითარდეს ესკალაციის პროცესი, რომ შეიძლება ნატო-ში ძალიან სწრაფად მიგვიღონ ან პირიქით, ძალიან შორი პერსპექტივა გახდეს იგი. ასე რომ, ვითარება გლობალურ პოლიტიკაში ძალინ მყიფე და ძნელად პროგნოზირებადია. ჩვენზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული. ფაქტობრივად, ალიანსმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რისი საფუძველიც ჯერ ჩამოყალიბებული და დაწყობილი არ არის.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ საით წავა რუსეთ-ნატოს შორის ურთიერთობები. ნატო-ში გაწევრიანება, პრაქტიკულად, უკვე გარანტიაა იმისა, რომ აგრესიას რუსეთისგან არ უნდა ველოდოთ. მეორე მხრივ, მთლიანად მოგვიწევს გადახედვა ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკისა, რადგან ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება შეცვლის მიდგომებს ამ თემასთან დაკავშირებით და ესეც გასათვალისწინებელი იქნება.
საერთო ჯამში, კიდევ ერთხელ ვამბობ: დღეს, ისევ და ისევ, დეკლარაციის დონეზეა ყველაფერი. ისევ გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, რომ აუცილებლად მიგვიღებენ, თუმცა არაფერი სიახლე ამ კუთხით არ არის. ხშირ შემთხვევაში ეს განცხადებები ჩვენ კი არა, ეჭვი მაქვს, სხვის გასაგონად კეთდება და არ მინდა, რომ ჩვენი ფაქტორი დიდი, გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ელემენტი გახდეს. ეს მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარება იქნება! ყველაზე ცუდია, როდესაც დიდ ვაჭრობაში მოიაზრები, როგორც პროდუქტი და არა როგორც მონაწილე“.

ნიკა ჩიტაძე _ პოლიტოლოგი, დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროგრამის კოორდინატორი: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2008 წელს დაპირება მიიღო ბუქარესტის სამიტზე, რომ უკრაინასთან ერთად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდებოდა, სამწუხაროდ, ეს პროცესი გაიწელა და საქართველოს ჯერაც არ აქვს მიღებული გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ე. წ. MAP-ი. დღეს უკვე ვიცით, რომ საქართველო-ნატოს კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, სადაც საუბარია იმაზე, რომ მაპ-ი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ჯერ კიდევ მნიშვნელოვან დროს საჭიროებს. პირველი ამოცანაა, რომ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის შედგეს კონსენსუსი საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ეს კონსენსუსი არ არსებობს, რა თქმა უნდა, პრობლემაც იქმნება.
ამ კონსენსუსის არარსებობის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი კი არის რუსეთი და ეს მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რუსეთს არანაირი უფლება არ გააჩნია ნატო-ს ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ვიცით, რომ ევროპის მსხვილი სახელმწიფოები _ გერმანია, საფრანგეთი _ მაინც თავს არიდებენ რუსეთთან კონფრონტაციას. ისიც ვიცით, რომ გერმანია (არა მარტო) რუსეთის რესურსებზეა დამოკიდებული. თუ გავიხსენებთ ჩრდილოეთის ნაკადის პროექტს, ეს ერთობლივი პროექტია, რომელშიც გერმანია-რუსეთი მონაწილეობს.
ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების ხელშემშლელი ფაქტორები რომ გამოვყოთ, შემდეგნაირ სურათს მივიღებთ:
1) კონსენსუსის არარსებობა, რომელიც აფერხებს გაწევრიანებას;
2) საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შედარებითი სისუსტე, ვინაიდან და რადგანაც საქართველო ჯერ კიდევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია (Freedom House-ს მონაცემებს თუ დავეყრდნობით);
3) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა _ თვითონ ნატო ძირითადად არის ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული ქვეყნების ალიანსი;
4) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა _ არსებობს ნატო-ს დოკუმენტი: „კვლევა გაფართოების შესახებ“, რომელიც, ჯერ კიდევ, 1995 წელს მიიღეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის მიმართ არსებობს მოთხოვნა, რომ ქვეყანას მოგვარებული უნდა ჰქონდეს ტერიტორიული პრობლემები და დავა მეზობლებთან _ ამ დოკუმენტს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ძლიერ მხარეებს:
1) საქართველო გახლავთ ნატო-ს საიმედო და ახლო პარტნიორი. ის ნატოს ეგიდით აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო თუ ანტიტერორისტულ ოპერაციებში, რომლის ნათელი დადასტურებაა ავღანეთი. ეს პროცესი, ჯერ კიდევ, 1999 წელს დაიწყო, როცა კოსოვოს პირველი 20-ეული გაიგზავნა;
2) საქართველოს აქვს სატრანზიტო ფუნქცია. ვიცით, რომ თანდათან უფრო იზრდება საქართველოს ტერიტორიული, გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან უკვე დღის წესრიგშია თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტიც, რომელიც 5-დან 17 ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირებას გულისხმობს ევროპიდან აზიის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით და ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პლუს TANF-ის პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს გავლით 16-დან 32 მლრდ.-მდე კუბმეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას, მათ შორის, ევროპის მიმართულებით და ამიტომაც, ამ შემთხვევაში, საქართველოს სატრანსპორტო ფუნქცია იზრდება და დასავლეთის ქვეყნები უფრო დაინტერესებული იქნებიან საქართველოს სტაბილური ვითარებით;
3) დღეს დასავლეთის უფრო მეტი სახელმწიფოა რუსეთისადმი ნეგატიურად განწყობილი, თუმცა მანამდე, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე სახელმწიფოთა უმრავლესობა ცდილობდა, არ გაეღიზიანებინა იგი. მაგრამ დღეს რუსეთი მაინც განიხილება, როგორც მთლიანად დასავლეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, ამიტომ მისდამი უნდობლობა მატულობს და ეს გარკვეულწილად დასავლეთის ქვეყნებს უბიძგებს, უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს თუნდაც ნატო-ს პარტნიორ სახელმწიფოებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან;
4) აღვნიშნეთ დემოკრატიის პრობლემების შესახებ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, მეორე მხრივ, პრინციპში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან გაცილებით უფრო მაღალია დემოკრატიის ხარისხი. ამ მხრივ ეს არის ერთ-ერთი პროგრესი და პლუს ეს არის საზოგადოების ფართო მხარდაჭერა. ვიცით, რომ 2008 წლის 5 იანვარს პლებისციტი ჩატარდა, სადაც საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველთა 77%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების იდეას.
საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია ავწონ-დავწონოთ სუსტი და ძლიერი მხარეები და ვთქვათ, რომ მაინც სჭირდება გარკვეული დრო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. ცხადია, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებთ, როდის მოხდება ეს, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ალიანსის შემადგენელ ქვეყნებზე. გადაწყვეტილებები ამ ორგანიზაციაში, მათ შორის, გაფართოების შესახებ, საჭიროებს კონსენსუსს, ანუ 29-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობას.
რაც შეეხება საფრთხეებს, რომელიც შეიძლება მოიტანოს ნატო-ში გაწევრიანებამ, ვიტყვი, რომ გაწევრიანების გზაზეა საფრთხეები, თორემ თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ბევრი საფრთხე განეიტრალდება. გაწევრიანების გზაზე კი შეიძლება რუსეთმა რაიმე პროვოკაციებს მიმართოს ქართული სახელმწიფოს დასუსტების მიზნით: იქნება ეს დივესრიული, ტერორისტული აქტები, საინფორმაციო კამპანია თუ სხვ., ის მაქსიმალურს გააკეთებს ამ შემთხვევაში. მაგრამ თუ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება, მაშინ პირიქით, საფრთხეები განეიტრალდება, რადგან საქართველოზე გავრცელდება ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი _ ამ შემთხვევაში რუსეთი ვეღარ გაბედავს საქართველოში ღიად შემოჭრას!
ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მომგებიანია ალიანსში გაწევრიანება, რადგან აქ შედარებით უსაფრთხო და სტაბილური მდგომარეობა იქნება, რაც ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ნატო-ში ინტეგრაციით საქართველო ხდება დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ამ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ამიტომ თუ გავითვალისწინებთ სამხედრო-ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორებს, ბუნებრივია, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და საფრთხის განეიტრალებას რუსეთის მხრიდან.
რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ალიანსში გაწევრიანება არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ნატო-ს წევრი ქვეყნები გამოიყენებენ სამხედრო ძალას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს არის საქართველოს შიდა პრობლემა.
ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის მიხედვით, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების 51-ე მუხლს (აღნიშნული ითვალისწინებს სახელმწიფოს უფლებას ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვაზე), მისი კომპეტენცია კონკრეტული სახელმწიფოს დაცვა (მათ შორის სამხედრო გზით) იმ შემთხვევაში ხდება, თუ კონკრეტულ სახელმწიფოზე განხორციელდა თავდასხმა და ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება.
აქედან გამომდინარე, რუსეთის შედარებით განეიტრალება თუ მოხდა და პლუს, როგორც გითხარით, საქართველოს წევრობა ნატო-ში, უფრო სტაბილურ გარემოს შეუწყობს ხელს, შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ეს კი გაცილებით უფრო მიმზიდველი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. ისინი საქართველოთი დაინტერესდებიან და ბუნებრივია, უფრო გაუწევენ ანგარიშს საქართველოს, როგორც ნატო-ს წევრს. ალიანსის წევრობა გულისხმობს ხელსაყრელი ვითარების შექმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის მიმართულებითაც.

გზა MAP-დან _ NATO-მდე…

აქ არ არის სტანდარტი. ქვეყანა თუ MAP-ს მიიღებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ, სამ ან ხუთ წელიწადში გაწევრიანდება იგი ალიანსში. როცა საქართველოს მაპ-ი მიენიჭება, ბუნებრივია, ეს დამატებითი პასუხისმგებლობა იქნება. დღეს ნატო-საქართველოს კომისია ფუნქციონირებს და ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ღებულობს ეროვნულ სამოქმედო პროგრამას, რომელიც, გარკვეულწილად, მაპ-ის ალტერნატივაა.
სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების შემდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველო უნდა განვითარდეს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და მოხდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შემდგომი დემოკრატიზაცია-რეფორმირება, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო კონტროლს უსაფრთხოების სექტორსა და შეარაღებულ ძალებზე. ამიტომაც ეს იქნება რთული გზა, მაგრამ დამატებითი პასუხისმგებლობა, მოტივაცია საქართველოსთვის და, ჩემი აზრით, პირიქით, მაპ-ის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და შემდგომ განვითარებას.
თუმცა, ისევ და ისევ, მაპ-ის მიღება არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ალიანსში მალე გაწევრიანდება. მაგალითად, ხორვატია მაპ-ის მიღებიდან 8 წლის მერე გახდა ნატოს წევრი, მაკედონიას კი უკვე 18 წელი აქვს მაპ-ი, თუმცა, ჯერჯერობით, ამ ქვეყნების გაწევრიანება ნატო-ში დღის წესრიგში არ დგას. მონტენეგრო უფრო ადრე მიიღეს ნატო-ში, მიუხედავად იმისა, რომ მან საკუთარი დამოუკიდებლობა, მხოლოდ და მხოლოდ, 2005 წელს აღიდგინა. ანუ სტანდარტი არ არსებობს, მაპ-ის ფარგლებში კონკრეტული მოთხოვნები უნდა წარუდგინონ კონკრეტულ ქვეყანას, მისი საჭიროებიდან გამომდინარე“.

საბოლოოდ, რა მივიღეთ ამ სამიტიდან, რთული სათქმელია, თუმცა დაპირება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ოდესმე ნატო-ს კარს გაუღებენ, ხელთ გვიჭირავს.

ნინო ტაბაღუა