ბიძინა ივანიშვილის დილემა

საპრეზიდენტო არჩევნები დღითი დღე ახლოვდება, „ქართულ ოცნებას“ კი კანდიდატი არ ჰყავს. სიმართლეს თუ გავუსწორებთ თვალს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ვითარება საქართველოს აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შექმნა. დიახ, კვირიკაშვილმა, რომელსაც, როგორც იტყვიან, ეშმაკი შეაჯდა მხარზე და ახლა უკვე ნათელია _ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ იმ პარტიას დაუპირისპირდა, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო.

ის, რომ კვირიკაშვილი იქნებოდა „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ თავთან შეთანხმებული ჰქონდა და, რა თქმა უნდა, არც პარტია წავიდოდა ამის წინააღმდეგ. მაგრამ დეკემბერში, როდესაც კვირიკაშვილმა მელიას კეთილები მოუკითხა და ამით პრემიერის „სახე“ დაკარგა, ივანიშვილი ძალიან განაწყენდა. არა იმიტომ, რომ მელიას გულშემატკივრობდა, არამედ მიიჩნია, რომ ეს საქციელი მისი მთავრობის პრემიერს არ შეეფერებოდა. თუმცა ეს წყენა რა მოსატანი იყო იმასთან შედარებით, რაც მოგვიანებით გაირკვა: კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურის სამინისტროში, „ფაროსანას დირექტორის“ _ დავით კირვალიძის მფარველობა და მილიონიანი პროტექციონისტული ტენდერები ამ სფეროში, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, ქუმსიშვილის „კასირობა“, ალავიძის მადა და ყველა „გზა“ კვირიკაშვილამდე მიდიოდა. ივანიშვილმა ცალკეული პარლამენტარებისა და მისი გარემოცვის მონათხრობი ამბებიც გაიხსენა პრემიერის გუნდიდან დისტანცირების შესახებ. როგორც იტყვიან, კიდევ ერთხელ გაუტყდა გული მის მიერ გამოჩენილი „ჭარბი ნდობის“ გამო და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა მოსთხოვა. მართალია, პრეზიდენტი მარგველაშვილი და ცალკეული პოლიტიკური პერსონები კი ვირეშმაკობენ, _ აგვიხსენით, რატომ გადააყენეთ პრემიერიო? იმის ნაცვლად, რომ აცხადებდნენ, _ რატომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცითო? მაგრამ ამ პოლიტიკოსებს შუბლზე აშკარად აქვთ კამეჩის ტყავი გადაკრული ან თავს იბრიყვებენ. სხვა არც არაფერი რომ არ მომხდარიყო კვირიკაშვილის პრემიერობისას, მას მხოლოდ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ფაქტის გამო უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. მორალურად და პოლიტიკურადაც გამართლებული კი არა, აუცილებელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ კვირიკაშვილი გაჯიქდა. მიხვდა, რომ პრემიერობასთან ერთად პრეზიდენტობის შანსსაც კარგავდა და უნიჭო გარიგებებში შევიდა არა მხოლოდ ცალკეულ პერსონებთან, არამედ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებთანაც. გასაგებია, რომ ობივატელისთვის ძნელად დასაჯერებელია ამ გარიგებების არსი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ამის შესახებ იმ ცნობილ და დახურულ შეხვედრაზე კვირიკაშვილს თანაგუნდელების წინაშე მოუწია თავის მართლება. მოკლედ, კვირიკაშვილის გაჯიქებას რაც მოჰყვა, ყველამ იცის, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და ახლა იმაზე საუბარი, რომ ის საკუთარ პარტიას კულუარებიდან მართავს, არ გამოვა. რაიმე სხვა უნდა მოიფიქროს ოპოზიციამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიული დემოკრატიის ფორმალური პრინციპები ირღვევა.
კვირიკაშვილი კი წავიდა, მაგრამ „ოცნება“ და ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საგონებელში აღმოჩნდნენ. „ოცნება“ პირობითად, სულაც არ ანაღვლებს ან შეიძლება პერსონალურ დონეზე ანაღვლებს კიდეც, მაგრამ რას გააწყობს იგივე აჩი თალაკვაძე საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის საკითხში? მე თქვენ გეტყვით და ბატონ მდინარაძეს ჰკითხავს ვინმე ამ საკითხის გადაწყვეტას.
თავიდან თითქოს ყველაფერი მოგვარდა, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილზე შეჩერდა ივანიშვილის მზერა, მაგრამ მოგვიანებით კანდიდატურა კი არ დაიწუნეს, არამედ გვერდზე გადასწიეს იმის გამო, რომ ამ უმნიშვნელოვანესი სამინისტროს თავკაცის მოძებნა, ანუ ცქიტიშვილის შემცვლელის პოვნა გაჭირდა. უახლოესმა გარემოცვამ ივანიშვილს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ (ლადო) ჭანტურიას კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა ჭანტურია ამ შეთავაზებას ამ დრომდე არ თანხმდება. მას ამის მიზეზები აქვს. პირველი ის, რომ არ სურს ქართულ პოლიტიკურ ინტრიგებში ჩართვა; მეორე _ იცის, რომ საკუთარ ქმედებებში ვერ იქნება თავისუფალი; მესამე _ პოლიტიკოსობა არ გახლავთ მისი ჰობი; მეოთხე _ იგი ათი წლის განმავლობაშია გამწესებული მოსამართლედ და რატომ უნდა აიტკივოს თავი მდინარაძის, ვოლსკის ან რომელიმე სხვა პოლიტიკოს-პოლიტიკანის კრიტიკით? ივანიშვილის შეთავაზებას არ დასთანხმდნენ სხვა პერსონებიც. დრო კი დღითი დღე მცირდება.
შესაძლოა, ბატონი ივანიშვილი ვერ ხვდება ამ უარის მიზეზებს, რომელიც ხელის გულზე დევს. რამდენიმეს ჩამოთვლი:
– პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი და არა ვოლსკის, ტრიპოლსკის ან კობახიძის პრეზიდენტი. ანუ არჩევის შემდეგ მისი კრიტიკა პარტიულ პრიზმაში უნდა დასრულდეს _ თქვენ აირჩიეთ, ჩვენ დავატარებდით ხელით;
– ვეტოს უფლება და მისი გამოყენება არ უნდა იყოს „ოცნების“ წევრების ქილიკის საკითხი;
– უშიშროების საბჭო _ ამ საკითხზე მსჯელობა და ამ ორგანოს აღდგენა პრეზიდენტის ინსტიტუტის მეთაურობით აუცილებელია და ამის გარანტია ასევე აუცილებლად უნდა მიიღოს მომავალმა პრეზიდენტმა. აქ კობახიძის ბრიყვული არგუმენტები აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკურად უმართებულოა;
– პრეზიდენტის სასახლე _ ბატონი ივანიშვილი უნდა შეეშვას იმაზე ფიქრს, რომ პრეზიდენტს არ სჭირდება ამოდენა სასახლე. ეს „სასახლე“ არ გახლავთ არც სააკაშვილის, არც მარგველაშვილის და არც მომავალი პრეზიდენტის, მით უფრო, არც ხმოსნების მიერ არჩეული პერსონის პირადი კუთვნილება. ეს სასახლე სახელმწიფოსია _ ქართველი ხალხისაა და რაოდენ ანგარიშგასაწევიც არ უნდა იყოს ბატონი ივანიშვილის არგუმენტები სასახლესთან მიმართებით, მან ამ საკითხში ღირსეულად უნდა დაიხიოს უკან. რაც შეეხება ფუნქციურ დატვირთვას, ამ სასახლეს უნდა მიეცეს დამატებითი ფუნქციები. ეს უნდა იყოს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ საქართველოს ხელისუფლების _ პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია. აქ უნდა გაიმართოს პრეზიდენტისა და პრემიერის უმაღლესი რანგის შეხვედრები უცხოელ სტუმრებთან. აქვე მოეწყოს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიის მინიმუზეუმი, აქ უნდა იმართებოდეს საერთაშორისო და რეგიონული შეხვედრები. ეს სასახლე უნდა გამოვიყენოთ მედიატორული შეხვედრების დროს. ასეთ ვითარებაში შესაძლებელიც კი არის, პრეზიდენტი გადმოვიდეს ათონელის რეზიდენციაში, სადაც არაფორმალური შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა რანგის სტუმრებთან, ხოლო პრეზიდენტის სასახლე, სახეცვლილი ფუნქციით _ სახელმწიფო სასახლე, სახელმწიფო სახლი, სახელმწიფო რეზიდენცია, იქნება მის განკარგულებაში და მოემსახურება სახელმწიფო ინტერესებს. ამ სასახლის გადაკეთება ნებისმიერ სხვა დაწესებულებად დროებითი შეგუება იქნება არსებულ ფაქტთან და ნებისმიერი სხვა ხელისუფლება მას პირვანდელ ფუნქციას დაუბრუნებს. ამიტომ უმჯობესია, ბატონმა ივანიშვილმა საკითხი ასე გაიაზროს და გამოსავალიც ნაპოვნი იქნება.
სჯერა ბატონ ივანიშვილს თუ არა, ცალკეული საპრეზიდენტო კანდიდატების თავშეკავების საფუძველს ზემოთ მოყვანილი არგუმენტები წარმოადგენს სხვა ბევრ არგუმენტთან ერთად და ცუდი არ იქნება, თუ ამაზე თავად დაფიქრდება, თორემ მის ირგვლივ მყოფი მაამებლების კოჰორტა ამაზე რომ ყურადღებას არ გაამახვილებს, ცხადია.
ახლა რაც შეეხება თავად ბატონი ივანიშვილის გაპრეზიდენტებას: როგორც მოგეხსენებათ, იგი საფრანგეთის მოქალაქეა, რაც მისთვის ერთგვარი იმუნიტეტიც გახლავთ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით კი საქართველოს პრეზიდენტი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. მართალია, ეს ერთგვარად იდიოტური (მაპატიეთ, სხვა სიტყვა ამ შემთხვევაში ვერ მოვძებნე) დათქმა არის, მაგრამ მას რეალური არგუმენტებიც აქვს. ბალტიისა და სხვა ქვეყნების მაგალითზე ჩვენ გვინახავს, რომ პრეზიდენტები გამხდარან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. ჩვენ შემთხვევაში დათქმის გაუმჟღავნებელ საფუძველს პირველ რიგში რუსეთის მოქალაქეების შესაძლო გაპრეზიდენტება წარმოადგენს. ისე, თუ პარლამენტში შესაძლებელია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პერსონების მოხვედრა, რატომ უნდა იზღუდებოდეს პერსონა პრეზიდენტობის სურვილის შემთხვევაში? და თუ დათმობს ბატონი ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობას, არის კი სამართლებრივად გააზრებული, რა წინააღმდეგობები შეიძლება შეხვდეს მას? თუ წულუკიანი-თადუმაძე- ბესელიას რჩევა-კონსულტაციები იქნება ამ შემთხვევაში საკმარისი?
და ყველაზე მთავარი _ მაშინ რა ხდება ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით? იქნება კი იგი საერთო-სახალხო პრეზიდენტი თუ მხოლოდ ტრიპოლსკის, მაღრაძისა და ჭიჭინაძის პრეზიდენტი გვეყოლება ქვეყნის სათავეში? ვეტო, ცხადია, არ გვექნება! უშიშროების საბჭოს ნაცვლად სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ? და პრეზიდენტის სასახლე ქვეყნას ათონელზე ექნება, თუ ისევ იქ, სადაც არის _ სოლოლაკში?
ამ პოლიტიკურად დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, 2020 წელს ან მანამ, ქვეყანაში პოლიტიკური კონიუნქტურა რომ შეიცვალოს, მაშინ რა ხდება? კარგი, არავინ მოჰკიდებს ხელს მას ვადის ამოწურვამდე, მაგრამ მსოფლიო ისტორიაშიც გვახსოვს არაერთი მაგალითი მოქმედი პრეზიდენტების სასამართლოებში ტარებისა და მათი გასამართლების. დარწმუნებული არის ვინმე, რომ ამ პოლიტიკურ კონცერტს ახალი ხელისუფლება მოაკლებს პუბლიკას? დაბეჯითებით ნურავინ იტყვის, რომ ასე არ მოხდება, ეს ჰიპოთეტური მსჯელობაა და პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული. ვერც სააკაშვილი წარმოიდგენდა, 6 პიჯაკის გამო რომ გაასამართლებდნენ და მიუსჯიდნენ.
ივანიშვილის დილემა დილემად რჩება. სულ რამდენიმე დღეც და „ოცნებას“ კანდიდატურის დასახელება მოუწევს.
ისე, მე თუ მკითხავთ, პრეზიდენტობის კანდიდატად საერთოდ „უცხო“ ადამიანს დავასახელებდი, უცხოს „ოცნებისთვის“, „უცხოს“ ოპოზიციისთვის და მას სრულიად მივცემდი თავისუფალი ცურვის უფლებას. ვის? კი ვიტყოდი ვის, მაგრამ ეს დილემა ივანიშვილისაა და მის გადაწყვეტას მე არავინ მეკითხება.

გოჩა მირცხულავა