10 800 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მე-5 კლინიკური საავადმყოფოსთვის

2012 წელს, მე-5 კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად ყოფნის დროს, მადონა ჭეიშვილმა ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც „ტექნიკური დავალების“ გრაფაში შემდეგი იყო მითითებული:
მორფინის ჰიდროქლორიდი 1%-იანი, 1 მლ. _ 1800 ამპულა;
ფენტანილი 0,005%, 2 მლ. _ 7 000 ამპულა;
პრომედოლი _ 2%, 1 მლ. _ 2000 ამპულა.

მორფინის ჰიდროქლორიდის ახსნა-განმარტებას გამოვტოვებთ და პირდაპირ გადავალთ პრომედოლზე (Pharm) _ ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალწამლო პრეპარატი, ნარკოტიკი. ფენტანილის მოქმედება 100-ჯერ აღემატება ჰეროინის მოქმედებას. წარმოდგენისთვის, ფენტანილის თერაპიული დოზა არის 50 მიკროგრამი, ჰეროინის კი _ 5 მილიგრამი. სწორედ ეს განაპირობებს ფენტანილის მოხმარების შემთხვევაში ზედოზირების ძალიან მაღალ რისკს.
ტენდერის დეტალებზე გადასვლამდე აქ ყურადსაღებია ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც „ქრონიკა+“ დაინტერესდა! _ ერთად რომ შევკრიბოთ მოთხოვნილი პროდუქცია _ 10 800 ამპულაა.
„საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს.
ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიაში;
(„ქრონიკა+“ გთავაზობთ ამ ნუსხას)
ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანცია _ მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნივთიერება, რომლის კონტროლი არ ხორციელდება გაეროს შესაბამისი კონვენციებით და რომელიც შეტანილია I სიაში;
(„ქრონიკა+“ გთავაზობთ ამ ნუსხასაც)
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი _ სიებში შეტანილი, საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისთვის ნებადართული სამკურნალო საშუალება ყველა სავაჭრო დასახელებით, აგრეთვე ფარმაკოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ფარმაცევტული სუბსტანცია;
ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება _ საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ფენტანილის მოქმედება 100-ჯერ აღემატება ჰეროინის მოქმედებას. წარმოდგენისთვის, ფენტანილის თერაპიული დოზა არის 50 მიკროგრამი, ჰეროინის კი _ 5 მილიგრამი. სწორედ ეს განაპირობებს ფენტანილის მოხმარების შემთხვევაში ზედოზირების ძალიან მაღალ რისკს.
პრომედოლი (Pharm) _ ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალწამლო პრეპარატი, ნარკოტიკი.
ნარკოტიკული ანალგეტიკებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ძირითადი თავისებურებანი:
1. ძლიერი ანალგეზიური აქტივობა, რაც უზრუნველყოფს მედიცინის სხვადასხვა დარგში მათი, როგორც მაღალეფექტიანი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენებას. განსაკუთრებით ტრავმებისა (ოპერაციული ჩარევები, ჭრილობები და სხვ.) და გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დაავადებებისას (ავთვისებიანი წარმონაქმნები, მიოკარდიუმის ინფარქტი და სხვ.);
2. განსაკუთრებული გავლენა ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც გამოიხატება ეიფორიის განვითარებითა და ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების (ნარკომანია) ჩამოყალიბებით მათი განმეორებითი გამოყენების დროს; აღნიშნული მოვლენა ზღუდავს ამ პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებას;
3. ანალგეტიკური პრეპარატების მიღების შეწყვეტის შედეგად ავადმყოფური მდგომარეობის (აბსტინენციური სინდრომი) ჩამოყალიბება იმ პირებში, რომელთაც ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი განუვითარდათ;
4. მწვავე ტოქსიკური მოვლენები (სუნთქვის დათრგუნვა, გულის მოქმედების დარღვევა და სხვ.) და სპეციფიკური ანტაგონისტებით ანალგეტიკური ეფექტის მოხსნა. (იხ. ნალოქსონი).

უკანასკნელ წლებში, ადრე გამოყენებული ნარკოტიული ანალგეტიკების ნაწილი, რომელთაც აქვთ გამოხატული ნარკოგენული პოტენციალი (ტეკოდინი, ჰიდროკოდონის ფოსფატი, ფენადონი, ზოგიერთი მზა სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს კოდეინს ან ოპიუმს), ამოღებულია სამკურნალო საშუალებების ნომენკლატურიდან. ამასთან შეიქმნა ახალი მაღალეფექტიანი სინთეზური ნარკოტიკული ანალგეტიკები. მიღების წყაროსა და ქიმიური აგებულების მიხედვით ნარკოტიკული ანალგეტიკები იყოფა 3 ჯგუფად: ბუნებრივი ალკალოიდები – მორფინი და კოდეინი, რომელთაც შეიცავს ძილისმომგვრელი ყაყაჩო; ნახევრად სინთეზური შენაერთები, მიღებული მორფინის მოლეკულის ქიმიური სახეცვლილებით (ეთილმორფინი და სხვ.);
3. ნაერთები, წარმოქმნილი სრული ქიმიური სინთეზით (პრომედოლი, ფენტალინი, პენტაზოცინი, ნალბუფინი, ბუტორფანოლი, ტრამადოლი და სხვ.).
ეს ახსნა-განმარტება აუცილებლად უნდა მიგვეცა ჩვენი მკითხველისთვის, ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციაში პრეპარატების საკმაოდ დიდი რაოდენობაა მოცემული. „ქრონიკა+“ თავისი ჟურნალისტური გამოძიების პროცესში დაადგენს, რისთვის დასჭირდა ეს რაოდენობა აღნიშნულ კლინიკას, რაში გაიხარჯა და რა სახის ოპერაციებზე (ან მკურნალობისას) გამოიყენეს.
კერძოდ, რა რაოდენობის ქირურგიული მანიპულაციები უნდა ჩატარებულიყო ამ რაოდენობის პრეპარატების გამოყენებისთვის?
ჯერ ტენდერის გამოცხადების იურიდიულ მხარეს მივყვეთ.

ნანა სანაია _ პაციენტთა და მედმუშაკთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე:
_ ტენდერი მომსახურების ან საქონლის შესყიდვის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საშუალებითაც პოტენციურ მიმწოდებელთა მოწვევა ხორციელდება წინადადებების წარსადგენად. შედეგად, წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად, გამარჯვებული გამოვლინდება და მასთან ხელშეკრულება გაფორმდება. როგორც წესი, ტენდერები ტარდება ღიად, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება, სატენდერო წინადადება წარადგინოს.
_ ღიად ანუ ელექტრონულად?
_ თანამედროვე შესყიდვების ფორმა ეს გახლავთ. ძირითადად შესყიდვების ელექტრონული პლატფორმები გამოიყენება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის მიერ. საქართველოში სახელმწიფო ტენდერები ელექტრონული ფორმით 2010 წლიდან წარიმართება. ამავდროულად, არსებობს კერძო პლატფორმები, რომელთა საშუალებითაც ტენდერის გამოცხადება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
_ სამედიცინო დაწესებულების მიერ, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ნარკოტიკული ნივთიერებების სამკურნალო მიზნით შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება როგორ ხდება?
_ ზოგადად გეტყვით: მომწოდებლებისგან საქონლის მიღებისას მომთხოვნმა უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნებით. კერძოდ, შეამოწმოს მოწოდებული საქონლის თანმხლები დოკუმენტი, თუ რამდენად შესაბამისობაშია იგი მოწოდებულ საქონელთან, აგრეთვე შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება შესყიდვის ორდერში მოცემული შეკვეთა მოწოდებულ საქონელს. შემდეგ, რამდენად შეესაბამება მიღებული საქონელი რაოდენობრივად და ხარისხობრივად მოთხოვნას… და შემდეგ უკვე ისეთი ბიუროკრატიული დეტალები, როგორიცაა, მოამზადოს საქონლის მიღების აქტი, მომწოდებლებთან ანგარიშსწორება და ბოლოს, მოწოდებული საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდა.
_ ეს სუფთა პროცესუალური ნორმებია. მერე რა ხდება?
_ არსებობს შესყიდვების რამდენიმე ვარიანტი _ საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ერთი მომწოდებლისგან; ღია ტენდერი, რომელიც ბევრ მომწოდებელზეა გათვლილი და ტენდერი, რომელიც შეზღუდული რაოდენობის (კანონის მოთხოვნით სამ) მომწოდებელზეა გათვლილი. თითოეულ ამ ვარიანტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მაგალითად, არაეფექტიანია შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება, როდესაც პროდუქციის ღირებულება დაბალია. ტენდერი ძირითადად ცხადდება მაშინ, როდესაც ძვირადღირებული და დიდი რაოდენობის პროდუქციის შეძენა ხდება. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნილებისა და მონაცემების განსაზღვრის ეტაპები თანმხვედრია გარდა იმ შემთხვევისა, როცა წვრილმანი პროდუქციის შეძენისას არ არის საჭირო, ფორმალურად განისაზღვროს პროდუქციის მაჩვენებლები. პროდუქციის მაჩვენებლების შემუშავებისას დეტალურად უნდა აღიწეროს, თუ რა სახის პროდუქტი ან მომსახურება ესაჭიროება კლინიკას, სად, როდის და როგორ უნდა მოხდეს მისი მოწოდება. სასურველია, რომ მაჩვენებლების შემუშავების ეტაპზე მმართველმა ორგანოებმა კონსულტაციები გამართონ ექსპერტებთან და გაითვალისწინონ მათი შეხედულებები და რეკომენდაციები. გარდა ამისა, პროდუქციის მოწოდების ან გაწეული მომსახურების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით აუცილებელია, შეკვეთმა შეიმუშაოს მომწოდებლების მიერ გაწეული სამუშაოს ეფექტიანობის მაჩვენებლები. ეს მნიშვნელოვანია მომწოდებლის მუშაობის შეფასებისა და მომწოდებლის მიერ წინასწარგანსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კუთხით. შესყიდვების განყოფილებას შეიძლება დასჭირდეს მომწოდებლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება: არის თუ არა იგი სტაბილური, ფინანსურად უზრუნველყოფილი და კომპეტენტური ფირმა.

რა რაოდენობის ოპერაციულ ჩარევებს ახორციელებს მე-5 კლინიკური საავადმყოფო წელიწადში და რა რაოდენობის მორფინის ჰიდროქლორიდს, ფენტანილსა და პრომედოლს მოიხმარს ყოველწლიურად, ამაზე უახლოეს ნომერში.

თამარ როსტიაშვილი