რა სკანდალური კომპრომატები აქვს წულუკიანს ივანიშვილზე?


არცთუ შორეულ წარსულში ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბედკრული საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი გახდებოდა. მაშინ, ალბათ, იმის წარმოდგენაც გაუჭირდებოდა, რომ „კომპრომატების გრაფინიად“ მონათლავდნენ, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია _ თეა წულუკიანი „ოცნების“ „რუხი სეფექალია“.
მაინც, რა კომპრომატები აქვს და, ზოგადად, რატომ ეშინიათ „ოცნების“ „ფეისებს“ იუსტიციის მინისტრის? _ ამ კითხვაზე პასუხისგან ოცნებელები პირად საუბრებშიც იკავებენ თავს, თუმცა მიანიშნებენ, რომ წულუკიანთან პაექრობა ხუმრობა ნამდვილად არ არის.
ისე, 2011 წლის შემოდგომაზე, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ავანსცენაზე პირველად გამოჩნდა და, სხვებთან ერთად, „თავისუფალ დემოკრატებს“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება შესთავაზა, თეა წულუკიანს შანსი ჰქონდა, რომ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. ეს ის ინფორმაციაა, რომლის თაობაზეც ხმამაღლა დღემდე არავის ულაპარაკია, თუმცა „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალური წყარო ძალიან საინტერესო ინფორმაციას აწვდის.
მაშ, ასე, _ ცოტა ხნით წარსულში დავბრუნდეთ და ის პროცესები გავიხსენოთ, რომელიც 6 წლის წინ „ოცნებაში“ ხდებოდა:
წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად ოლიგარქმა თეა წულუკიანს უთხრა, რომ კოალიციის საშინაო პიარს ჩაუდგებოდა სათავეში და, ამის პარალელურად, კოალიციის საგარეო იმიჯზეც იზრუნებდა. წულუკიანმა ეს შეთავაზება მიიღო და იმისთვის, რომ ივანიშვილის დავალება ხუთიანზე შეესრულებინა, გუნდის შეკრებაც დაიწყო, მაგრამ ერთ არამშვენიერ დღეს მას „ოცნების“ ოფისიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ივანიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და შესაბამისად, „ოცნების“ საშინაო და საგარეო პიარზე თინა ხიდაშელი იზრუნებდა.
ამის გამო იუსტიციის მომავალი მინისტრი განაწყენდა და იმ აზრზეც ყოფილა, რომ კოალიცია საერთოდ დაეტოვებინა, მაგრამ გადაწყვეტილება მაშინდელმა პარტიულმა ბოსმა, ირაკლი ალასანიამ შეაცვლევინა.
ზოგადად, კულუარებში ყველამ იცის, რომ წულუკიანსა და ხიდაშელს კარგი ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ და მუდამ იმის მცდელობაში იყვნენ, ერთმანეთი ჩაეძირათ. ამბობენ იმასაც, რომ როგორც კი შანსი მიეცემოდათ, ივანიშვილთან ერთმანეთზე აუგის თქმასაც არ ერიდებოდნენ.
ასე იყო თუ ისე, წყაროს თქმით, წულუკიანმა ალასანიას დაუჯერა და წყენა გადაყლაპა.
მეორედ ივანიშვილზე მაშინ მოსვლია გული, როცა მაჟორიტარობა შეუთავაზებია, მაგრამ მერე უთქვამს, ჯობს, კენჭი სხვამ იყაროსო. ამის გამოც განაწყენებულა იუსტიციის მომავალი მინისტრი და სკანდალი რომ თავიდან აეცილებინა, „ოცნებას“ გამოსავალი მოუძებნია _ ის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. ამაშიც დიდი წვლილი, როგორც „ქრონიკა+“-ს უყვებიან, ირაკლი ალასანიასი ყოფილა, მაგრამ წლების შემდეგ წულუკიანი ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ალასანიას გადაუდგება და კოალიციას მასთან ერთად კი არ დატოვებს, არამედ კოალიციაში დარჩება.
სხვადასხვა წყაროს თქმით, სწორედ ამ დღიდან დაიწყო „ოცნებაში“ წულუკიანის აღზევება.
არადა, იყო დრო, როცა ეს ქალბატონი ალასანიას დითირამბებს უძღვნიდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც 2010 წელს არის ჩაწერილი, ჟურნალისიტი თეა წულუკიანს საქართველოში დაბრუნების მიზეზებზე ეკითხება, რაზეც წულუკიანი პასუხობს:
„საფრანგეთიდან 2010 წლის მაისში საქართველოში იმიტომ დავბრუნდი, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ გვერდით დავდგომოდი…
ჩემი გადაწყვეტლება, ერთი შეხედვით, სულელურად და გულუბრყვილოდ გამოიყურება, მაგრამ ყველაფერი მართალი, მარტივი და გულუბრყვილოა. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ 65 წლამდე უზრუნველყოფილი პოსტი, დაცული უფლებები და ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა, ვთქვი, ასაკი მემატება და თუ საქართველოში ახლა არ დავბრუნდი, აღარასოდეს დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა?
ერთი ვარიანტი, სადაც შეიძლება, მოღვაწეობა დამეწყო, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. მეორე ვარიანტი კი ის იყო, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩავრთულიყავი და თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ცალსახად ვიცოდი, რომ ირაკლი ალასანიას გვერდით დავდგებოდი… თავდაპირველად „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მრჩეველი ვიყავი ადამიანის უფლებების დარგში…
ისე, 2000 წელს, როცა მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში დავიწყე, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო და საერთო ნაცნობის მეშვეობით მინისტრის მოადგილის პოსტი შემომთავაზა. თავდაპირველად ეს შემოთავაზება ხუმრობად მივიღე, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ 25 წლის ადამიანი შეიძლება, მინისტრის მოადგილე გამხდარიყო. მახსოვს, არც კი დავფიქრებულვარ, შემოთავაზებაზე უარი ისე ვთქვი, თან გამეცინა. ასაკისა და გამოცდილების გარდა არც იმას დაგიმალავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2000 წლის შემოდგომიდან ჩემს თვალში სიმპატიით არ სარგებლობდა და არ ვფიქრობდი, რომ საქართველოსთვის სიკეთის მოტანა შეეძლო. მოგვიანებით, 2004 წლის გაზაფხულზე, შემოთავაზება მეორედ მივიღე და ეს შემოთავაზება, ასე ვთქვათ, ორი ნაწილისგან შედგებოდა, ანუ არჩევანს მაძლევდნენ, მოგვეხმარე, ახალგაზრდა კადრები გვჭირდებაო, თუმცა ამ დროს 25 წლის აღარ ვიყავი… მოკლედ, შემომთავაზება ასეთი იყო: თუ მაინცდამაინც საფრანგეთში ყოფნა მინდოდა, ელჩობას ავირჩევდი ან საქართველოში დავბრუნდებოდი და ერთ-ერთი მინისტრის მოადგილედ დავინიშნებოდი. სხვათა შორის, მეორე შემოთავაზება რომ მივიღე, გამიკვირდა, რადგან არ მეგონა, ჩემი არსებობა თუ იცოდნენ. შემოთავაზებაზე მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე… ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს ადამიანი ისევ დამიკავშირდა და მკითხა, _ რა გადაწყვიტეთო? ამოვიოხრე, _ ჩემი პასუხი უფრო არასკენ იხრება-მეთქი. შუამავალმა მითხრა, _ ფიქრის დრო აღარაა და საბოლოო პასუხი უნდა თქვაო. ხომ იცით, ქურდს რა უნდა და, _ ბნელი ღამეო და მივუგე, _ თუკი ასეა, უარს ვამბობ-მეთქი.
…დარწმუნებული ვარ, რომ ახლა საქართველოში ალასანიასა და, საერთოდ, „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსი პოლიტიკური ძალების დრო მოდის! ამაში დარწმუნებული იმიტომ კი არ ვარ, რომ საფრანგეთში ვიყავი გადაკარგული და საქართველოს რეალობას არ ვიცნობ, არამედ ყველა რეიტინგი ადასტურებს, რომ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს აღარ უნდათ ნგრევა და სისხლი. ის, რაც გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს აშენდა, უნდა შევინარჩუნოთ. სახელმწიფოები სწორედ ასე შენდება და არ შეიძლება, ყველა ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. როცა ხელისუფლებაში ალასანია მოვა, საჯარო მოხელეს, თუკი მას დანაშაული არ აქვს ჩადენილი, სამსახურიდან კი არ დაითხოვენ, არამედ კარიერული წინსვლის პერსპექტივა ექნება…“
ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან სამი-ოთხი წლის შემდეგ თეა წულუკიანი ალასანიასთან მიმართებით აზრს შეიცვლის და მას შარშანდელი თოვლივით დაივიწყებს.
ეს უკვე ის დროა, როცა წულუკიანი იუსტიციის ძლევამოსილი მინისტრია და მის სახელს არაერთი სკანდალი უკავშრდება.
ე. წ. დიპლომის სკანდალის გარდა ამ დროისთვის ისიც ცნობილია, რომ მას გარკვეული ურთიერთობები აქვს კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ეს სკანდალი 2013 წლის აგვისტოში „თავისუფალი ზონის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაიწყო:
„თავისუფალ ზონას“ სკანდალური ფოტომასალა მოაწოდეს. სურათებზე იუსტიციის მინისტრი და კრიმინალური ავტორიტეტის ძმა სოსო ჯოხაძეა დაფიქსირებული. სოსო ჯოხაძესა და მის ძმას გიორგი ჯოხაძეს არაერთი გახმაურებული და მძიმე დანაშაული უკავშირდებათ. დღეს პატიმრობაში ერთ-ერთი ძმა, გიორგი ჯოხაძე იმყოფება. ის შსს-მ ცოტა ხნის წინ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა, თუმცა რატომ მოიცილა თავიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მასთან დაახლოებული „ავტორიტეტი“, რომელმაც თეა წულუკიანს ნაძალადევის რაიონში არჩევნები მოაგებინა, ჯერ უცნობია.
გიორგი ჯოხაძე 1978 წელს არის დაბადებული და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის წინა ხელისუფლების დროსაც არაერთხელ არის ნასამართლევი, თუმცა ორი კვირის წინ ჯოხაძის დაკავებას შსს-ს კონტროლირებადად წოდებულმა „პირველმა ქართულმა ტაბლოიდმა“ დაკავების კადრებს მაშინვე „პოლიციურად შემოგდებული“ ვერსიაც მიაწერა.
„ტაბლოიდის“ ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში, ძმებ გიორგი და სოსო ჯოხაძეების სახელი სხვადასხვა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდებოდა. თავის დროზე მათ ქალაქში არაერთი ადამიანი შეუწუხებიათ, თუმცა, როგორც ამბობენ, ძმებს „ზემოდან“ ძლიერი მფარველები ჰყავდათ და მათ არავინ აკავებდა“, – წერს „ტაბლოიდი“ საკუთარ ვებგვერდზე.
სინამდვილეში კი ფაქტი სხვა რამეს მეტყველებს: ჯოხაძეები პირველი ოქტომბრის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ღიად უჭერდნენ მხარს. ისინი ჩნდებოდნენ იქ, სადაც თეა წულუკიანი წინასაარჩევნო კამპანიას მართავდა და ხალხს ხვდეობოდა.
რა უკავშირდებათ ჯოხაძეებს? _ გიორგი ჯოხაძე წარსულში ოთხჯერ ნასამრთლევია. დაკავებულია 1997, 2000, 2002 და 2005 წლებში. გიორგი ჯოხაძისა და მისი ძმის, სოსო ჯოხაძის სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ჯოხაძეს სამართალდამცველები სასტუმრო „საქართველოსთან“ მომხდარი ინციდენტის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდნენ. მაშინ ორმხრივი სროლის დროს სამი ახალგაზრდა დაიჭრა. ძმების სახელი 2004 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ ტრაგედიაშიც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, პლეხანოვისა და საბურთალოს საძმოებს შორის დაპირისპირების გამო საცურაო აუზთან ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს. 2004 წელს სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ მკვლელობა ჯოხაძეებზე შურისძიების მიზნით მოხდა“.
2016 წლის 2 სექტემბერს ვაკეში შეაიაღებული თავდასხმა მოხდება, რა დროსაც ერთ ადამიანს კლავენ. მაშინვე გავრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი კრიმინალურ ავტორიტეტ გიორგი ჯოხაძის ძმა, სოსო ჯოხაძეა.
„ეს სწორედ ის პირია, ვისთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ამ რამდენიმე ხნის წინ განმარტებების გაკეთება მოუხდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრს კრიმინალებთან მეგობრობაში სდებდნენ ბრალს. მაშინ თეა წულუკიანმა განაცხადა:
„არა, მე კრიმინალებთან არ ვმეგობრობ… ეს ფოტო დიდი ფოტოდან არის ამოჭრილი, რომელზეც ასახული იყო ჩვენი მონაზვნის სულიერი შვილების შეკრება ჩაის დასალევად. მე დღესაც „ვიძიებ“, თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება, ალბათ, საჭირო“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს“, _ იუწყებოდა 2016 წლის სექტემბერში ქართული ინტერნეტმედია.
ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ ერთ-ერთ ქართულ გამოცემას შს ყოფილი მაღალჩინოსანი ბათუ (ბათალბი) საღინაძე სკანდალურ ინტერვიუს მისცემს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ქურდულ სამყაროსთან კავშირში კიდევ ერთხელ დაადანაშაულებს:
„რამდენიმე დღის წინ კვლევები გამოქვეყნდა. წულუკიანი მაღალრეიტინგულთა სიაშია. უბედურებაა, რომ ის ვიღაცას მაღალრეიტინგული ჰგონია! არაფერი რეიტინგი მას არ გააჩნია იმ ხალხის თვალში, ვისთანაც მას საქმიანი შეხება ჰქონია! ეს არის ბუნებით უსამართლო ქალი, რომელიც იაფფასიან პიარზე მუშაობს.
ის იურისტი არ არის, სამაგიეროდ, თავხედია წულუკიანი!
ჩემს საქმესთან დაკავშირებით მას თავიდან სწორი პოზიცია ჰქონდა. პრესის საშუალებით განაცხადა, რომ ჩემ მიმართ უკანონობა იყო ჩადენილი, შემდეგ „ჩაიკეტა“ და არაფერზე აღარ პასუხობს. უკანონობას სჩადის ეს ქალი, პირდაპირ!
სერიოზული ძალები ჩაერივნენ და იმათ უსმენს. ამ ქალმა ყველაფერი იკადრა. გაკვირვებული ვარ.
_ რომელ ძალებს გულისხმობთ?
_ არ გამოვრიცხავ, ჩემთან დაპირისპირებულ დამნაშავეთა ელიტა (ქურდული სამყარო) ჩარეულიყო.
_ ვის გულისხმობთ კონკრეტულად?
_ თუნდაც ტარიელ ონიანს, რომელიც, თავის დროზე, ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობაში იყო ჩარეული. პირადად მინისტრი თეა წულუკიანი უშლის ხელს ჩემი საქმის აღსრულებას! მე შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და გადაწყვეტილი იყო, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულიყო. საბუთები, რომელიც უსუფაშვილს წარვუდგინე, მან წულუკიანს გადაუგზავნა რეაგირებისთვის, მაგრამ ის რეაგირებას არ ახდენს! არნახულ უკანონობას სჩადის!
_ რას აპირებთ?
_ მე მივმართავ ევროსასამართლოს, უკვე როგორც პოლიტპატიმარი, რიგში ვერ ჩამაყენებენ, როგორც ადრე ჩამაყენეს. ევროსასამართლო ვალდებულია, ამ საქმეს დაუბრუნდეს. მაშინ ვნახოთ, როგორ შეაფასებენ წულუკიანის მუშაობას. რაც ქვეყნისათვის დიდი სირცხვილი იქნება“.
სხვათა შორის, არსებობს მოლოდინი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თეა წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელი შინაგან საქმეთა ორგანოებისა და იუსტიციის სამინისტროს ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმაც შეიტანოს.
ამის შესახებ ამ დღეებში გახდა ცნობილი. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე მერაბ რაფავა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფების დროს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თეა წულუკიანს სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს და ითხოვს, რომ საგამოძიებო უწყებებმა იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყოს:
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მერაბ რაფავა თეა წულუკიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროში თანამდებობიდან უკანონოდ განთავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხზე არ არსებობს აღუსრულებელი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„მერაბ რაფავა 2001 წლის 27 დეკემბრის 159 #6 ბრძანებით უკანონოდ განთავისუფლდა იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მერაბ რაფავა აღდგენილ იქნა დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და იუსტიციის სამინისტროს დაეკისრა მისთვის განაცდური ხელფასის გადახდა.
სააღსრულებო ფურცელი 2005 წლის 11 ნოემბერს წარედგინა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს, რომელმაც რამდენჯერმე გაუგზავნა შესაბამისი წერილი იუსტიციის სამინისტროს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. ამის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ 13 წლის მანძილზე არ მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. უწყების მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გაგზავნილ წერილში სამინისტრო ადასტურებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. აღსანიშნავია, რომ მერაბ რაფავამ პირადად გაუგზავნა წერილი იუსტიციის მინისტრს და ასევე გააცნო საქმის დეტალები. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, _ ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიტიკურ წრეებში იმის მოლოდინი, რომ წულუკიანის საქმიანობით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან, არ არსებობს, რადგან მთელი პოლიტიკური ელიტა დარწმუნებულია, რომ წულუკიანს „ოცნებაზე“ კომპრომატები უხვად აქვს და იმ შემთხვევაში, თუ მას მოიცილებენ, ეს კომპრომატები დღის სინათლეს აუცილებლად ნახავს.
ამ ვერსიას იზიარებს იურისტი ლია მუხაშავრიაც, რომელიც ამბობს:
„როგორც ჩანს, თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას, თუმცა არც წულუკიანის შანტაჟს გამოვრიცხავ. სკამის შესანარჩუნებლად იგი ბევრ რამეზეა წამსვლელი…“
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, წულუკიანმა ყოფილი პრემიერისა და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ყველა ნიუანსი იცის და იმ შემთხვევაში, თუ მას მოხსნიან, ამ ნიუანსებს გამოამზეურებს, რაც „ოცნებისთვის“ პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება.
ამასთან, წულუკიანმა, ალბათ, ისიც იცის, თუ ვინ და როგორ დაგეგმა გენერალ გიგი კალანდაძის დაკავება. სხვათა შორის, ეს პირველი ხმაურიანი საქმე გახლდათ, რომელშიც წულუკიანი ფიგურირებს.
შეგახსენებთ: გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე 2012 წლის 7 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს შენობაში დააკავეს. მისი დაკავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა. კალანდაძეს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან და სხვა პირებთან ერთად უფლებამოსილების გადამეტებაში წაეყენა ბრალი. მოგვიანებით, სასამართლომ კალანდაძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა, თუმცა პროკურატურამ მისთვის პატიმრობა კიდევ ორჯერ უშედეგოდ მოითხოვა.
როგორც კალანდაძემ სასამართლოზე თავის ჩვენებაში აღნიშნა, სამინისტროში მას ირაკლი ალასანია დახვდა, რომელმაც მოსალოდნელი დაკავების შესახებ ამცნო და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ შეჰპირდა, რომ მას არაფერი შეეხებოდა. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, ირაკლი ალასანიამ იგი ოთახში შეიყვანა, სადაც იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი და რამდენიმე ათეული სამართალდამცველი ელოდა.
„დაკავების მოტივად მიჩნეული იყო და ეწერა, რომ მე შეიძლებოდა მივმალულიყავი. როცა ვიკითხე, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, რა მიმალვაზე წერთ-მეთქი, მითხრეს, ეგ ასეთი წესია, შენ არ იგულისხმები კონკრეტულადო. ამის შემდეგ მე ჩემს მოადგილეს დავურეკე, რომ მაკავებენ და რაც ხდება, დიდი გაუგებრობაა, რომელიც მალე დასრულდება“, _ განაცხადა პროცესზე კალანდაძემ.
მოგვიანებით, კალანდაძე წულუკიანს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლებს. სასამართლო ამ სარჩელს, ბუნებრივია, არ დააკმაყოფილებს, იუსტიციის მინისტრი კი იტყვის:
„მე შემიძლია ვიამაყო იმ დაკავების ოქმით, რომელიც ჩემ მიერ არის შედგენილი და რომლითაც დაკავებულ იქნა გენერალი გიგი კალანდაძე“.
ამასთან, კალანდაძის დაკავებას წულუკიანი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუშიც გაიხსენებს:
„…შესაძლებელი რომ ყოფილიყო და კალანდაძის დაკავება ვინმეს გადაეღო, მართლაც, ისტორიული კადრები იქნებოდა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ჩემსა და გენერალ კალანდაძეს შორის ე. წ. ჟურნალების მაგიდა იდგა და წყნარად, მშვიდად ვლაპარაკობდით…
_ რაზე ლაპარაკობდით ან ოთახში რომ შემოვიდა, რა უთხარით?
_ არაფერი, კართან შევეგებე, ხელი ჩამოვართვი და ვკითხე, _ როგორ ხართ-მეთქი. _ კარგადო. ხელის ჩამორთმევის დროს შევატყვე, რომ გააზრებული ჰქონდა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ანუ ხვდებოდა, რომ იქ შემთხვევით არ ვიყავი. მივიწვიე, დავსხედით ზემოხსენებულ მაგიდასთან…
_ ოთახში თქვენ გარდა კიდევ ვინ იმყოფებოდა?
_ ვინ და, _ ბატონი არჩილ კბილაშვილი და უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენელი…
_ ზოგად თემებზე საუბრობდით?
_ არა, არა… ხელის ჩამორთმევის შემდეგ, როგორც გითხარით, მაგიდასთან დავსხედით და განვუცხადე, _ ბატონო გიორგი, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გაცნობებთ, რომ დაკავებული ხართ-მეთქი. ძალიან გაკვირვებული სახე ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ხვდებოდა, ერთმანეთს ოცნებებზე სასაუბროდ არ ვხვდებოდით. შემდეგ ავუხსენი, თუ რის გამო იყო დაკავებული, რომელ ფაქტთან დაკავშირებით. განვუმარტე, რომ ჰქონდა დუმილისა და ადვოკატის უფლება და ა. შ. მერე კი დოკუმენტების გაფორმება დავიწყეთ.
_ ხელბორკილები დაადეთ?
_ არა, რა თქმა უნდა.
_ თეა, წლების განმავლობაში, ევროსასამართლოში, ადამიანის უფლებათა დამცველი იყავით, ანუ კალანდაძეს რომ აკავებდით, როგორც უფლებადამცველს, რაღაც უსიამოვნო განცდა არ გქონდათ?
_ არა, რადგან ის ფაქტები, რაც მის დაკავებას საფუძვლად დაედო, იმდენად სერიოზული იყო, რომ საკუთარ თავთან საყვედურის განცდა არ მქონია. ერთადერთი განცდა, რომელიც, როგორც უფლებადამცველს (და ბოლომდე ასეთად დავრჩები) მქონდა, ის იყო, რომ ჩემ წინაშე იდგა მაღალი სამხედრო პირი, ადამიანი, რომელიც ლამის ბავშვობიდან იარაღით დადის, ანუ ჩემი ქვეყნის ჯარების ხელმძღვანელი. ამბობენ, რომ ქვეყანას კი არ იცავდა, თავი ხან ხელში დაიჭრა და ხან _ ფეხშიო, მაგრამ ეს ჩემი თემა არაა..
_ ქვეშეცნეულად სიამაყე ხომ არ დაგეუფლათ, რომ გენერალი დააკავეთ?
_ არა… უბრალოდ, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ ჩემ წინ ჩემი ქვეყნის ჯარების ხელმძღვანელი იდგა და თავისი უფლებები, როგორც მახსოვს, მინიმუმ, სამჯერ ავუხსენი და ვუთხარი, ნუ ნერვიულობთ-მეთქი. მართლა გეუბნებით, გარეშე თვალს რომ ეყურებინა და არ სცოდნოდა, საქმე დაკავებას ეხებოდა, ვერც მიხვდებოდა, თუ რაზე ვსაუბრობდით.
_ რატომ გახდა აუცილებელი, რომ კალანდაძე მაინცდამაინც იუსტიციის მინისტრს დაეკავებინა? „ნაციონალები“ ქირქილებენ, დამამცირებელია, როცა გენერალს ქალი აკავებსო…
_ პროკურატურის შესახებ კანონის თანახმად უმაღლესი სამხედრო ჩინოსნის დაკავების უფლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრს აქვს, ანუ კალანდაძეს ჩემ გარდა ვერავინ დააკავებდა. მე რომ მაღალი და ტანადი კაცი ვყოფილიყავი, ასევე ერთადერთი ვიქნებოდი, ვინც გენერალს დააკავებდა…“
რაც შეეხება „ოცნების“ წევრების უკმაყოფილებას, უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატი იუსტიციის მინისტრს მოსამართლეების უვადო დანიშვნის წესის შემოღების გამო აკრიტიკებს და პირად საუბარში ამბობს, რომ ამით წულუკიანმა ქართული მართლმსაჯულება მრავალწლიანი სიბნელისთვის გაწირა, ანუ გამოდის, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესი წულუკიანმა გარკვეული მიზნით შემოიღო, თუმცა ეს რა მიზანია, არავინ იცის.
ამას გარდა „ოცნებას“ წულუკიანის შესაძლოა, იმიტომაც ეშინია, რომ ამ უკანასკნელმა იცის, თუ რის სანაცვლოდ თქვა საფრანგეთის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი.
თავის დროზე ითქვა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან „ოცნება“ იდგა. მედიაში კი დაიწერა:
„2014 წლის 27 თებერვალს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთის სასამართლომ უარი განაცხადა. მაშინ თეა წულუკიანი გამოვარდა და ყველაფერი ფრანგ პროკურორს გადააბრალა:
„ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო, ერთი მხრივ, კეზერაშვილის ძვირადღირებული ადვოკატი და მეორე მხრივ, ფრანგი პროკურორი, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვირადღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია“.
ამ განცხადებისთანავე საფრანგეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა, რომელიც თვითონ ესწრებოდა სასამართლო პროცესს, განაცხადა:
„ეს, პირველ რიგში, პროკურატურის ჩავარდნა იყო. მე მინდა, თეა წულუკიანს მივმართო: ფრანგი პროკურორი აღშფოთებული იყო იმიტომ, რომ ქართველმა პროკურორებმა ვერ მიაწოდეს დამამტკიცებელი მასალები, რის შემდეგაც ძალიან მაღალ დონეზე დააყენებდა მოთხოვნას. საქართველოდან ჩამოსული პროკურორი რომ გეტყვის, ეგ ჩემი კომპეტენცია არ არის, ვერ ვერკვევი, თბილისში გადავრეკავო, რა უნდა გააკეთო?“
სამთავრობო წრეებში უკვე იმაში დარწმუნდნენ, რომ კეზერაშვილის საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ცუდად იმუშავა. კერძოდ, გაირკვა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ საფრანგეთის პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები არ იყო სრულყოფილი, რამაც საფრანგეთის სასამართლოს საშუალება მისცა, კეზერაშვილის საქმეში არსებულ უზუსტობებსა და დანაშაულის ნიშნების არქონაზე ესაუბრა. არსებობს კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, რენო სალენსი, კორუფციული ინტერესის გამო პირადად იყო მისული იუსტიციის სამინისტროში და თეა წულუკიანს სთხოვა, მასალები, რომელიც საფრანგეთში კეზერაშვილთან დაკავშირებით გადაიგზავნებოდა, უნდა ყოფილიყო „რბილი“ და, ფაქტობრივად, არაფრისმთქმელი. ეს კი საფრანგეთის პროკურატურას საშუალებას მისცემდა, არ მოეთხოვა კეზერაშვილის ექსტრადირება საქართველოში“.
ამ მასალაში ნახსენებია კორუფცია, ე. ი. წულუკიანმა შესაძლოა იცოდეს, რომ „ოცნების“ გავლენიან პიროვნებებსა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის რაღაც ფინანსური ურთიერთობა არსებობს და თუ მას თავიდან მოიცილებენ, ამის შესახებ მასალები „გამოყაროს“.

ამ ფონზე საინტერესოა ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასება:
„არასტაბილურობისა და სამომავლო რისკების კერად რჩება წულუკიანი. ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ ჩამოყალიბებული ნდობა ძალიან დაბალია. რეფორმირების ამ პროცესში მართლმსაჯულება ხერხემალია. აქედან გამომდინარე წულუკიანის დატოვება მაინცდამაინც არ მოასწავებს კარგ პროგნოზს. ნდობის აღდგენის გარეშე ძალინ პრობლემური იქნება მთელი რეფორმა. წულუკიანი ოპოზიცის პრობლემა კი არა არის, ის მთავრობისთვის კომპრომატია. რატომღაც მთავრობა იძულებულია, ამ კომპრომატს ხელი მოაწეროს“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მურთაზ ზოდელავა კი ამბობს:
„ქალბატონ წულუკიანს სკანდალური კომპრომატები აქვს უშუალოდ ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ… წულუკიანი არა იუსტიციის მინისტრი, არამედ შანტაჟის მინისტრია“.

რაც შეეხება წულუკიანის ქონებრივ დეკლარაციას:
2013 წლის 16 ოქტომბრის მონაცემებით, მის სახელზეა „გაფორმებული 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 400 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 30 კვ.მ. ავტოფარეხი სოფელ დიღომში.
ასევე მის სახელზეა გაფორმებული ბინა, რომელიც სტრასბურგში დრაგონის ქუჩაზე მდებარეობს. 120 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი საფრანგეთში წულუკიანმა 248 500 ევროდ შეიძინა. თანხა მან ბანკ „კრედი ლიონედან“ გამოიტანა, თუმცა სესხის ნაწილი იუსტიციის მინისტრს უკვე გადახდილი აქვს და გადასახდელი დარჩა 94 239 ევრო.
თეა წულუკიანის ძმის, ბათუ წულუკიანის სახელზეა მიწის ნაკვეთი სოფელ მანავში. მამა ავთანდილ წულუკიანი კი ანანურში სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს.
დედა გიული შანიძე უზნაძის ქუჩაზე მდებარე ბინისა და სამტრედიის რაიონის სოფელ ზემო ნოღაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა.
საჯარო სამსახურის ბიუროში დაცული მონაცემებით თეა წულუკიანი 2012 წელს 2003 წელს გამოშვებული მინი Cooper-ით გადაადგილდებოდა.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, თეა წულუკიანი ნაღდი ფულის სახით 6 ათას დოლარს ინახავს. 2011-დან 2012 წლამდე იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექციების კითხვით 5396 ლარი გამოიმუშავა, ხოლო მისმა ძმამ, რომელიც ევროპის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობაში პროექტის მენეჯერად მუშაობს, ერთი წლის მანძილზე, გაწეული საქმიანობისთვის, 26 000 ლარი მიიღო.
ოჯახის კიდევ ერთი ფინანსური წყარო ბინის გაქირავებაა _ თეა წულუკიანი სტრასბურგში მდებარე ბინას თვეში 1100 ევროდ აქირავებს.
მაღალია ყოფილ მოსამართლე ავთანდილ წულუკიანის სახელმწიფო პენსიაც. მან ერთ წელიწადში 14 400 ლარი შეადგინა“.
დაბოლოს: 6 წლის წინათ თეა წულუკიანი 2012 წლის პოლიტიკოსად აღიარეს _ ეს სტატუსი მას 2786-მა რესპონდენტმა მიანიჭა, თუმცა მსგავსი გამოკითხვა ახლა რომ ჩატარდეს, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ წულუკიანს წლის პოლიტიკოსად აღარავინ დაასახელებს!

გიორგი აბაშიძე