სუსი და სოსო

კორუმპირებული და დისკრედიტებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მორიგ სკანდალში გაეხვია. ამჯერად დუმილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულმა რამაზ მარგოშვილმა დაარღვია. მან განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიმაკაძის დავალებით სირიაში იმყოფებოდა, სადაც ახმედ ჩატაევს შეხვდა.

საქმე ეხებოდა ესპანეთის ორ გატაცებულ მოქალაქეს, რომელიც, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია გატაცებულების შესახებ არ დადასტურდა, მაგრამ ახმედ ჩატაევმა კურიერს თბილისში დავალება გამოატანა, _ საქართველოში ბიზნესში ფული მაქვს ჩადებული და ამომაღებინეთო.
ის, რომ ახმედ ჩატაევს ხორცის ბიზნესში ფული ჰქონდა ჩადებული, ეს ინფორმაცია „ქრონიკა+“-მა რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რამაზ მარგოშვილი ერთადერთი პირი არ იყო, რომელსაც ცალხელა ახმედმა დახმარება სთხოვა, ამავე საქმეზე ფულის დასაბრუნებლად შეხვედრებს მართავდა ჩატაევის კიდევ ერთი ახლობელი ჯაბრაილ ხანგოშვილი.
პანკისის სპეცოპერაციიდან შვიდი თვე გავიდა, დაკავებული რამაზ მარგოშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა. რატომ ალაპარაკდა ახლა ის და რატომ დაადო ხელი ანტიტერორისტული ცენტრის უფროს ირაკლი ჩიმაკაძეს?
ის, რომ ჩიმაკაძემ მარგოშვილი სირიაში გატაცებული ესპანელების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად გაუშვა, ამაში უჩვეულო არაფერია, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ერთმანეთთან ხშირად თანამშრომლობენ, ინფორმაციასაც ცვლიან და ამ საქმეში საკუთარ აგენტებსაც ხშირად იყენებენ, მარგოშვილის ჩვენება და იმ სამსახურის დისკრედიტაცია, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის პირველ დღეს მხოლოდ პასიური მონაწილის სტატუსით შემოიფარგლებოდა, სუს-ში დაწყებული დიდი დაპირისპირების გამოძახილია.
უამრავ სხვა კორუფციულ და კრიმინალურ სკანდალთან ერთად ახმედ ჩატაევისა და მისი თანმხლები პირების ლიკვიდაცია, მერე კი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილის კისერზეა, _ სწორედ ის ხელმძღვანელობდა ორივე სპეცოპერაციას. ორივე სპეცოპერაცია მსხვერპლით და წარუმატებლად დასრულდა, დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ვანო გოლოშვილი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ისანში დაწყებულ სპეცოპერაციაში სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმი იყო ჩართული. ალბათ ყველას ახსოვს კადრი სატელევიზო სიუჟეტებიდან, სადაც მსუქანი, ღიპიანი სპეცდანიშნულების რაზმის წევრი გაჭირვებით ადის პირველი სართულის აივანზე.
სუს-ის პეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახლად „ხარება“, ამ თანამდებობაზე გორიდან გადმოიყვანეს და დააწინაურეს. მისი რეკომენდატორი სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური გახლდათ, მოგვიანებით კი იგი სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილს დაუმეგობრდა.
ეს ის პერიოდია, როცა ქართული საზოგადოება, ჯერ კიდევ, სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია და გახმაურებული საქმეების გამოძიებას ითხოვს. მათ შორისაა ე. წ. მუხროვანის აჯანყების საქმეც, გია კრიალაშვილის ლიკვიდაციაც. მოგეხსენებათ, კობა ოთანაძე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის ოპერაციას სწორედ ზვიად ხარაზიშვილი ხეელმძღვანელობდა და იმის მაგიერ, რომ მას პასუხი ეგო, სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის პოსტი ჩააბარეს.
სწორედ „ხარებას“ სპეცდანიშნულების რაზმმა მოანდომა დღე-ნახევარი ჩატაევის აყვანის ოპერაციას და თბილისის შუაგულში ორმხრივი ბრძოლა გამართა. მხოლოდ მეორე დღეს, ანტიტერორისტული ცენტრის სპეცების ჩარევის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხერხდა მსოფლიოში ცნობილი ტერორისტების ლიკვიდაცია.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ „ხარება“ სოსო გოგაშვილის მარჯვენა ხელი და მისი დავალებების შემსრულებელია. მეტიც, ის ლისზე, მხატვრების უბანში გოგაშვილის სახლის მშენებლობისას, ფაქტობრივად, „პრარაბად“ მუშაობდა, სახლის მშენებლობაზე დასაქმებული „მალიარები“ და „კაფელშიკები“ ანაზღაურების სანაცვლოდ სპეცდანიშნულების რაზმში დაასაქმეს, სახლის მშენებლობაზე მომუშევე „სვარშიკი“ _ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, ხოლო გოგაშვილი იმდენად ძუნწია, ე. წ. შედუღების აპარატი სუს-მა შეიძინა, თითქოსდა შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის.
ზვიად ხარაზიშვილს, ეტყობა, უბანიც მოეწონა და ახალი შეთავსებული პროფესიაც, თავადაც იქვე წამოუწყია სახლის მშენებლობა, _ შეფ, შენ გვერდით მინდა ვიცხოვროო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არც ერთი სახლის მშენებლობისას სამშენებლო მასალებში სუს-ის უფროსის მოადგილესა და სპეცდანიშნულების რაზმის უფროსს ფული არ გადაუხდიათ, მასალები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიამ და მეწარმეებმა უფეშქაშეს სუს-ს.
სამთავრობო ცვლილებების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები იგეგმება სუს-შიც, გოგაშვილს კარგა ხნის წინ უთხრეს, რომ თანამდებობიდან წასულია, მას არც მფარველი ჰყავს უჩა მამაცაშვილის სახით, ამიტომ წყალობას არავისგან ელის, მეტიც, ის გომელაურის ამავე უწყებაში სხვა პოსტზე შესაძლო გადაყვანას ისე გაუბრაზებია, მათ შორის დიდი გაწევ-გამოწევაც ყოფილა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გოგაშვილს გომელაურისთვის წამოუძახებია კიდეც, რასაც ვშოულობდი, პატიოსნად გიყოფდი ყველაფერს და ახლა მე ვარ კორუმპირებული და შენ პატიოსანიო? გოგაშვილის ამ რეპლიკაზე არც გომელაურის პასუხს დაუყოვნებია, _ შენი სირობები აღარ დამთავრდა, მათ შორის, რაც ელისოსთან გააკეთე, საპასუხოდ რასაც ვიღებთ, ყველაფერი შენი ბრალია, თორემ მე პიროვნულად კილაძე არასოდეს მერჩოდაო.
მას შემდეგ, რაც ამ დაპირისპირების შესახებ ინფორმაციამ გამოჟონა, მომენტალურად, კონფიდენციალური წყაროს მიერ, ჩემთან კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია მოიტანეს ერთ-ერთი თანამშრომლის პლასტიკურ ქირურგიაზე და მისთვის შეძენილ ძვირადღირებულ საჩუქარზე (საათი). დღეს უკვე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინფორმაცია სწორედ სოსო გოგაშვილმა გაავრცელა. თავის მხრივ, გოგაშვილი სერიოზულ სკანდალშია გახვეული, განსაკუთრებული სიფრთხილით სუს-ის თანამშრომლები სასწრაფო დახმარებაში მიმდინარე პროცესებზე ყვებიან, როცა კახი კალაძემ დირექტორის, მაკა გვარამიას შეცვლა ვერ მოახერხა. გვარამიას გოგაშვილმა მოადგილედ მისი ახლობელი დაუნიშნა და ამ ახლობლის სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ნათესავები ერთგვარი სიამაყითაც ყვებიან მათი „კრიშის“ შესახებ.
განსაკუთრებულ ხალისს სუს-ის თანამშრომლებში იწვევს ფაქტი, რომელიც ამ სამსახურის უფროსს რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ რესტორანში სუფრაზე შემთხვევია:
უკვე ცოტა შეზარხოშებული სუს-ის უფროსის მოადგილე ნაცნობის სუფრაზე მიუპატიჟებიათ, ამავე სუფრაზე ქალაქელი ბიჭები მსხდარან, რამდენიმე მათგანს გოგაშვილისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია.
_ რატომ ვერ მიცანი, შენ იცი, მე ვინ ვარო? _ უკითხავს სოსო გოგაშვილს ერთი მათგანისთვის.
_ არა, ძმაო, ვერ გიცანი, ვინ ხარო, _ მიუღია პასუხად.
_ როგორ ვერ მიცანი, სუს-ის უფროსის მოადგილე ვარ, სოსო გოგაშვილიო.
_ უნდა გიცნობდეო? _ დაუბრუნებია მისთვის კითხვა იმ ახალგაზრდა კაცს
_ შენ თვითონ ვინ ხარ, მე რომ არ მიცნობო? _ გაჯიქებულა სოსო.
უყურა, უყურა, თურმე, ახალგაზრდა კაცმა და მშვიდი სახით მიუგო:
_ მე ყასაბი ვარ „დეზერტირების“ ბაზარშიო… ცხადია, ამ პასუხის მერე სოსო გოგაშვილს სუფრა იმ წუთასვე დაუტოვებია, ეს ამბავი კი მთელ თბილისში დადის ანეკდოტად.
სოსო გოგაშვილის ჩამოლაბორანტების მერე სერიოზული ფინანსური პრობლემები დაიწყო ქართული მედიის იმ ნაწილში, რომელიც სუს-იდან ფინანსდება. თვეზე მეტია, მათ დაფინანსება სრულად შეუწყდათ და ზაფხულის დასვენების გეგმებიც ჩაეშალათ. „ქრონიკა+“-ს ხელთ აქვს იმ მედიასაშუალებებისა და კონკრეტული ჟურნალისტების სია, რომელსაც სუს-ი ფულს უხდიდა. ასევე ვიცით დაფინანსების ოდენობაც და რამდენიმე შეხვედრის ვიდეოჩანაწერიც გადმოგვცეს, სადაც მკაფიოდ ჩანს, როგორც იღებენ დირექტივებს ჟურნალისტები და პროდიუსერები სუს-ის კურიერისგან.
საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ფინანსურად არა მხოლოდ სუს-ის მიერ დაფინანსებულ მედიას გაუჭირდება, არამედ მედიაბაზარზე სერიოზული რყევები იქნება ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის თანამდებობიდან წასვლის მერეც.
გასული წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობის პიარისთვის 160 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამ პირობებში კი ყველა მინისტრმა და პრემიერმა კარიერა სრული ფიასკოთი დაასრულა.
როგორი იქნება მამუკა ბახტაძის მთავრობის სტრატეგია მედიასთან მიმართებით?
როგორც ჩანს, ამ სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები შემოდგომაზე გამოჩნდება.

ელისო კილაძე