სკანდალი ფინანსურ პოლიციაში


ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი ივანე აბესაძე სისტემაში არსებულ დანაშაულზე, საეჭვო გარიგებებზე, მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნასა და ფინანსური პოლიციის მიერ უკანონო მოსმენებზე „ქრონიკა+“-ს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს.

_ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2017 წლის 18 ივლისს დავინიშნე.
_ ვინ იყო თქვენი რეკომენდატორი და რა შედიოდა თქვენს სამსახურებრივ მოვალეობაში?
_ ჩემი რეკომენდატორი იყო ამჟამინდელი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ლექსო ბატიაშვილი. ჩვენს უფლებამოვალეობაში შედიოდა ფინანსური მაქინაციების გამოვლენა, სახელმწიფო სამსახურებსა და კერძო პირებს შორის არაკანონიერი გარიგებების მხილება, შემოსავლის დაფარვა, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, სხვისი სამარკო ნიშნის გამოყენება და ა. შ.
_ ივანე, რა სახის სამუშაოებს ასრულებდით კონკრეტულად და რამ გამოიწვია თქვენი წინააღმდეგობა თქვენსავე ხელმძღვანელობასთან?
_ ერთ-ერთი ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული გზით უკანონოდ მედიკამენტების შემოდინებას, ვადაგასული წამლების რეალიზაციას, ვადაგასულ წამლებზე ვადის გადაკეთებას და მათ რეალიზებას, ამას პლუს ულიცენზიო საქმიანობას. ვგულისხმობ აფთიაქის საწყობს, საიდანაც საბითუმო და საცალო ვაჭრობა ხორციელდება და იქ გარკვეული პირები მუშაობდნენ, რომელთაც არ ჰქონდათ შესაბამისი განათლება, მოკლედ რომ ვთქვა, ფარმაცევტის დიპლომი. კანონი არეგულირებს, რომ კვების ტექნოლოგმა არ შეიძლება, მედიკამენტი გაყიდოს.
_ კონკრეტულად რომელ სააფთიაქო საწყობზე იყო საუბარი?
_ ცაბაძის ქ. #8-ში მდებარეობდა სააფთიაქო საწყობი „იმედი ფარმა“, მისი დამფუძნებლები არიან: მალხაზ ჩხეიძე, ავთანდილ (ალეკო) ბუცხრიკიძე და კიდევ რამდენიმე პიროვნება, მაგრამ ძირითადი ხელმძღვანელები ესენი იყვნენ, ყოველი შემთხვევისთვის, ასეთი ინფორმაცია მქონდა. ისინი ეწეოდნენ იმ საქმიანობას, რომელიც ზემოთ ჩამოგითვალეთ.
_ რა ტიპის ინფორმაცია მიიღეთ, რა ხდებოდა ამ საწყობში, რაც თქვენი სამსახურის დაინტერესებას გამოიწვევდა?
_ ამ საწყობში ხდებოდა შემოსავლის დაფარვა, კონტრაბანდული მედიკამენტებითა და საქართველოს ტერიტორიაზე აღურიცხავი მედიკამენტებით ვაჭრობა, ვადაგასული წამლებით ვაჭრობა, ვადაგასულ წამლებზე ვადის გადაკეთება, ასევე შესაბამისი განათლების არმქონე, ანუ ფარმაცევტის დიპლომის არმქონე პირების მხრიდან წამლების რეალიზაცია. ასეთი ინფორმაცია მქონდა მიღებული ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
_ ივანე, როგორ განვითარდა მოვლენები, რა გააკეთეთ, როდესაც ეს ინფორმაცია მიიღეთ?
_ როცა ეს ინფორმაცია მივიღე, ჩემს ხელმძღვანელ დავით სადაღაშვილს მოვახსენე, რომელიც, აგრეთვე, იყო მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე და ამ სამმართველოს ოპერატიულ ნაწილს კურირებდა. მე-3 სამმართველოს უფროსი იყო დავით უნგიაძე და ის საგამოძიებოს კურირებდა, ხოლო ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, როგორც მოგახსენეთ, დავით სადაღაშვილი იყო. სადაღაშვილმა, თავის მხრივ, ჩემი მოპოვებული ინფორმაცია ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს გიორგი ელგანდაშვილს მოახსენა. ელგანდაშვილმა დამიძახა, ჩემგანაც მოისმინა ეს ინფორმაცია და მითხრა, _ კი ბატონო, ეს საინტერესო ინფორმაციაა და ამ მიმართულებით ვიმუშაოთო. დაახლოებით სამ-ოთხ დღეში ვაიბერში ჩემი უშუალო ხელმძღვანელისგან, დავით სადაღაშვილისგან, მომდის მესიჯი, სადაც ე. წ. სატელეფონო მოსმენის კრებსი იყო ჩაწერილი.
_ ეს ნიშნავს იმას, რომ ფინანსურ პოლიციას თავისი „ოტო“ აქვს და ადამიანებს უსმენს?
_ ეს იყო კრებსი. ამ შემთხვევაში კრებსი არის: როდესაც სატელეფონო მოსმენა ხორციელდება, გარკვეული აბონენტი ირთვება მოსმენაზე და მასთან ყველა შემავალი ან გამომავალი ზარი ფიქსირდება შესაბამის სამსახურში.
_ ეს მოსმენა სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო თუ არაკანონიერად, ასე სწრაფად, სამ დღეში რომ მოგივიდათ უკვე კრებსი კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტული პირების მოსმენის მასალა?
_ როგორც შემდგომ გავიგე, არ ყოფილა კანონიერი მოსმენა და გეტყვით, საიდანაც გავიგე და რას ვეყრდნობი ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სატელეფონო მოსმენებმა და იმ კრებსმა, რომელშიც ამ პიროვნებების მოსმენა იყო, საუბრები დაადასტურა, ვისგანაც შესდიოდათ ეს ზარები, რომ ჩემი ინფორმაცია დადასტურდა, ვინაიდან იქ დაფარული სიტყვებით იყო საუბარი მედიკამენტებზე: „მედიკამენტი შემოვიდა საზღვარზე“, „საზღვარზე პრობლემაა“ და ა. შ. ამ საუბრების ჩანაწერით დადასტურდა, რომ ეს ადამიანები მართლაც ეწევიან ფარმაცევტულ საქმიანობას, მედიკამენტებით ვაჭრობენ და ამის გარდა, შემდგომი მუშაობის საგანი ის იყო, რომ ჩვენ უნდა დაგვედგინა, რა კონტრაბანდული გზით შემოდიოდა მედიკამენტები, ვინმე უწყობდა თუ არა საბაჟოზე ხელს და ა. შ. ამის შემდეგ გავიდა ერთი დღე, ერთი კვირა, ორი კვირა და ამ საკითხს რეაგირება არ მოჰყვა. ისევ ჩემს უშუალო ხელმძღვანელთან მივედი. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში სულ ვეკითხებოდი, რადგანაც აქტუალური საკითხია, დანაშაული იკვეთება, ამ ეტაპზე მოსმენებიდან გამომდინარე რა ინფორმაციაც მოდის მიკვირდა, ამ ხნის განმავლობაში რატომ არ ვაკეთებდით ამის რეალიზაციას. ერთ დღეს ჩემი ხელმძღვანელი მეძახის, შევდივართ გიორგი ელგანდაშვილთან, რომელიც მეუბნება, _ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, რომ შენგან მოპოვებული ამ ინფორმაციის რეალიზება მოხდება შემდეგი სახით: ჩვენ ამას დავავალებთ შემოსავლების სამსახურს, რომელიც შევა, წამლებს აღწერს და ამის შემდეგ თუ გამოიკვეთა დარღვევა, საქმეში ჩვენც ჩავერთვებითო. რა თქმა უნდა, სადაღაშვილს ვკითხე, _ ასე რატომ ხდება-მეთქი? მიპასუხა, _ ასეა საჭირო, ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტაო. მოგეხსენებათ, გასამხედროებული ორგანიზაციაა. ვთქვათ, მე ჩემი ხედვა მაქვს, მაგრამ ხელმძღვანელი იმის ხელმძღვანელია, რომ რაღაცაზე დაყრდნობით გადაწყდა ამის გაკეთება, რადგან ერთ უწყებაში, ფინანსთა სამინისტროში შედის საშემოსავლოც, საბაჟოც, ჩვენი საგამოძიებო სამსახურიც და ამიტომ გადაწყვიტეს ერთობლივად ამის გაკეთება. მაგრამ რამაც შემდგომ დამაეჭვა ის იყო, რომ მითხრა, _ შენ ამ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს გაჰყვები, ოღონდ ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი რომ ხარ, არ უნდა დაფიქსირდეს ამ ღონისძიებაში ჩართულობაო. კითხვა დავუსვი, მაგრამ მითხრეს, ასეა საჭირო და ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტაო. ასეც მოვიქეცით. შევედით სააფთიაქო საწყობში, დაიწყეს აღწერა, შედგა შესაბამისი დოკუმენტი, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს ხელი უნდა მოეწერათ, ასევე „იმედი ფარმას“ ხელმძღვანელობას და ვინც ადგილზე დაგვხვდნენ. მე გამოვერიდე, მაგრამ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ჩემთან მუდმივ კავშირზე იყვნენ, მეუბნებოდნენ, _ ვაკეთებთ, ვამოწმებთ და ა. შ. მიუხედავად ამ ობიექტის ძალიან დიდი მოცულობისა, რომელსაც ჩვენ ვამოწმებდით, მოხდა ისე, რომ იმავე დღეს, 5-6 საათში მორჩნენ აღწერას. მეორე დღეს შიგნიდანვე მომივიდა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა აღწერეს მხოლოდ რაც იქ იყო იმ წამლების 30%, ანუ თავიანთი უფლებამოსილება არაკეთილსინდისიერად შეასრულეს. მახსოვს, პარასკევი იყო, მეორე დღეს შაბათი, არასამუშაო დღე იყო, თვითონაც ჩქარობდნენ, მაგრამ ჩემს ხელმძღვანელობას, პირადად დავით სადაღაშვილს მოვახსენე, _ გაყენებთ საქმის კურსში, მომივიდა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურმა საწყობი კეთილსინდისიერად არ შეამოწმა. ხელმძღვანელი ორშაბათს მეძახის და მეუბნება, რომ ეს ინფორმაცია შენ საიდან გაქვს და რას გვთავაზობო? მე ვუთხარი, _ უკვე 11 საათია, გუშინ ხომ გვიან დაასრულეს თავიანთი შემოწმება, ახლა ჩვენ შევიდეთ, „ზეტი“ უკვე ამორტყმული იქნება და ვნახავთ, კითხვა დავუსვათ, თუ მიიღეს დღეს რამე ანგარიშფაქტურით მედიკამენტი, მაშინ იქვე უნდა ჰქონდეთ, თუ გაყიდეს, სალაროში უნდა იყოს ამორტყმული და თავიდან ჩავატაროთ შემოწმება, ყველაფერი გამოჩნდება-მეთქი. ამაზე გიორგი ელგანდაშვილი ასეთ რაღაცას მეუბნება, _ ივა, მაშინ თუ ასე არის, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები დავიჭიროთო. გამიკვირდა, რადგან ისინი არ შეგვიმოწმებია, რა ინფორმაციაც მე შემომივიდა, ჩემთვის დადასტურებული იყო იმიტომ, რომ შიგნიდან მქონდა ეს ინფორმაცია. ჩვენ არ გადაგვიმოწმებია და არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა, დარღვევა იყო თუ არა, მაგრამ იმაზე შევთანხმდეთ, რასაც მე ვამბობდი, ეს უნდა გადაგვემოწმებინა. ელგანდაშვილი მეუბნება, რომ ის ხალხი დავიჭიროთო. მე ვუთხარი, _ ბატონო გიორგი, როგორ დავიჭიროთ, ჩვენი კოლეგები არიან, ახალგაზრდა ბიჭები, თუ გადაცდენა მოხდა, გავერკვეთ სიტუაციაში-მეთქი… და ასე ამიხსნა: შენ ხომ იცი, ჩვენთან ასეთი სიტუაციაა, ადრე აქ ყოფილ გენერალურ პროკურორს გავლენა ჰქონდა, მთლიანად სისტემაში ფარცხალაძის ძალიან ბევრი კადრია, ჩვენთან _ საგამოძიებო სამსახურში, ძირითადი მასა მაგათგან დავწმინდეთ, ახლა ხელმძღვანელობაში ჩვენ მოვედითო. გულისხმობდა ლევან გამყრელიძეს, რომელიც ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსია…
_ ვისი კადრია ლევან გამყრელიძე?
_ ეგ ჩემთვის უცნობია, ყოველ შემთხვევაში, ფარცხალაძის კადრი არ არის. როგორც ელგანდაშვილისგან გავიგე, გამყრელიძის მოსვლასთან ერთად მოვიდა გიორგი ელგანდაშვილი, გამყრელიძემ მოიყვანა… _ ჩვენთან წმენდა დავიწყეთ და ამათ სუყველას გავყრით აქედან, მაგრამ ფარცხალაძეს დიდი გავლენები დარჩა შემოსავლების სამსახურში და ამით ჩვენ მათ დარტყმას მივაყენებთ, ჩვენს ხელმძღვანელს სათქმელი ექნება, რომ აი, ფარცხალაძის ნარჩენები ხელს როგორ გვიშლიანო. მე ვუთხარი, _ კი ბატონო, ის დარღვევა, მათი მხრიდან გულგრილობა თუ დადასტურდა, დაითხოვენ სამსახურიდან, იქ ასობით ათას ლარზეა ლაპარაკი, კონტრაბანდა შემოდის, ვადაგასული მედიკამენტებით ხალხს წამლავენ, არალიცენზირებული საქმიანობა წარმოებს და ა. შ. მოკლედ, ეს ამბავი ასე დამთავრდა, ვერაფერი გავიგეთ. იმის შემდეგ არაერთგზის დავურეკე შემოსავლის სამსახურის ბიჭებს, რომ ჩემთვის იქ აღწერილი მედიკამენტების ჩამონათვალი მოეწოდებინათ. მომაწოდეს კიდეც, რაც ხელმძღვანელს გადავეცი და… „კრება დარჩა მხიარული“… ამის შემდეგ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. რა რეაგირება მოჰყვა აფთიაქის შემოწმებას შემოსავლების სამსახურის მხრიდან, ჩემთვის უცნობია. მერე ისიც გავიგე, რომ ერთ-ერთი შემმოწმებელი „იმედი ფარმას“ ბუღალტრის ქმარს იცნობდა, მაგრამ ოპერატიული ინფორმაციით, არანაირი დანაშაული და გარიგება მათი მხრიდან არ ყოფილა და ამ ბიჭებზე, რომლებიც შემოსავლების სამსახურში მუშაობენ, იმ ნაცნობობას საქმის წარმართვაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
_ როგორ გაგრძელდა თქვენი და თქვენი ხელმძღვანელის ურთიერთობა ამ ფაქტის შემდეგ?
_ ამ ფაქტის შემდეგ სხვადასხვა საქმეზე ვმუშაობდი, გამოვავლინე და ერთ-ერთი პიროვნება თაღლითობაზე დააკავეს. საუბარი იყო მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით. ოპერატიული ინფორმაცია მომივიდა, რომ ამ პიროვნებას სხვა დანაშაულებებიც ჰქონდა ჩადენილი. ის პიროვნება, ვინც მასთან იყო ე. წ. თანამოსაქმე, გარეთ დარჩა. როცა ამ სკითხზე ჩემს უშუალო ხელმძღვანელს მივმართე, ელგანდაშვილმა დამიბარა და მითხრა, _ ამაზე არავითარი ცნობების დაწერა არ გინდა, მთელ ინფორმაციას პირადად მე მომახსენებო. არაერთგზის მოვახსენე ინფორმაცია, რომ გარეთ დარჩენილი მოქმედი პირები ორმილიონიანი გარიგების დადებას აპირებდნენ. აგრეთვე ინფორმაცია მივაწოდე, რომ საზღვარგარეთ იმყოფებოდა პიროვნება, რომლის ანგარიშზეც ეს თანხები ილექებოდა. მისი ვინაობა ვაცნობე, აგრეთვე ინფორმაცია მივაწოდე, რომ ერთ-ერთ პიროვნებას, ვინც დააკავეს, ჩვენი სამსახურის უკვე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის 20 ათასი დოლარი ჰქონდა გადაცემული და შევთავაზე, ოპერატიული საქმიანობის მხრივ, ერთი რამ გაეკეთებინათ, _ ეს პიროვნება დაკავებული იყო, ამიტომ მასთან ოპერატიული მუშაობა საპატიმროში გაგრძელებულიყო. გამომძიებელს ყურადღება გაემახვილებინა, მაგრამ ეს ინფორმაციაც ჰაერში გამოკიდებული დარჩა. რასაც ვამბობ, ეს არ არის დოკუმენტური მტკიცებულება, მაგრამ ელგანდაშვილისთვის მესიჯები მაქვს მიწერილი დეტალურად, რადგან მითხრა, პირადად მე მომახსენე, მხოლოდ და მხოლოდ, ვაიბერში გვქონდეს საუბარიო. როცა ინფორმაცია მივაწოდე, არანაირი რეაგირება არც მაგას არ მოჰყოლია…
ახლა მივუბრუნდები ლექსო ბატიაშვილის რეკომენდაციით ჩემი დანიშვნის პერიოდს. მან იცოდა ჩემი გამოცდილების შესახებ _ 1993 წლიდან ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ: უმცროსი ინსპექტორიდან დაწყებული ყველა საფეხური გავიარე, ვმუშაობდი ორგანიზებულ დანაშაულში, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ სამსახურში, კრიმინალურ პოლიციაში სხვადასხვა მიმართულებით, ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვიყავი. მითხრა, _ შენი გამოცდილება, რა თქმა უნდა, გამოგადგება, მაგრამ ამ ეტაპზე უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად დაგნიშნავთ და ერთი თვის თავზე გარკვეული წინსვლა გექნებაო, ოღონდ ახალი ხელმძღვანელია მისული და დახმარების მხრივ ყველანაირად გვერდში დაუდექიო, რაზეც მე აღვუთქვი, რომ თავისთავად ასეც ვიზამდი. როცა ვინიშნებოდი, ლევან გამყრელიძეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, _ დამეხმარე, ყველანაირად გვერდში დამიდექი, წარმოჩინდეს, რომ ეს სამსახური მუშაობსო.
ამის შემდეგ ჩვენთან სამსახურში რაღაც ცვლილებები იყო მოსალოდნელი, რეგიონული სამმართველოები მოწმდებოდა და გატარებული სამუშაოს მიხედვით გარკვეული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული, _ ვიღაცა დაწინაურდებოდა, ვიღაცა სამსახურს დატოვებდა, ვიღაცა ჩამოქვეითდებოდა. ამ პროცესის დასრულებას ლექსოსთან შეხვედრა დავამთხვიე, რადგან მისგან ბუკვალურად არ გამიგია, ერთი თვის მერე დაგაწინაურებ და რაღაცას ვიზამთო, ამიტომ სამი-ოთხი თვე რომ გავიდა, პირადი საქმე მქონდა ლექსოსთან, გავუარე და ისე ვკითხე, _ ლექსო, წინსვლაზე რომ ვისაუბრეთ, იქნებ, ხელი შემიწყო, თუ შესაძლებლობა არის-მეთქი. ლექსომ მითხრა, _ რომელ წინსვლაზეა საუბარი, შენთან დაკავშირებით ძალიან ნეგატიური ხმები მომდისო. მიუხედავად იმისა, რომ მე და ლექსო ვმეგობრობთ, მან იცის ჩემი გამოცდილების შესახებ, იმის გარდა, რომ რეკომენდაცია გამიწია და თანამდებობის პირია, არის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და რაღაცნაირად უხერხულად ვიგრძენი თავი, ასე ვთქვათ, მისი ნდობა არ გავამართლე. დავინტერესდი და ვკითხე, _ კონკრეტულად რაში გამოიხატება ის, რაც ჩემზე გაიგე-მეთქი? მითხრა, _ არა, ინფორმაცია მოდის, რომ, უბრალოდ, საერთოდ არაფერს აკეთებო. ჩემი სამუშაო ბლოკნოტი თან მქონდა, რომელშიც ყველაფერი თარიღების მიხედვით წერია. ლექსო ოპერატიული მუშაკია, გამოცდილება აქვს, წლების განმავლობაში უშიშროებაში მუშაობდა და ვუთხარი, _ ჩემს სამუშაო ბლოკნოტს გადახედე და ინფორმაციები რაც წერია, ოთხი თვის განმავლობაში ამ საქმეებზე ვმუშაობდი-მეთქი. გადახედა და ძალიან გაუკვირდა, სახეზე შევატყვე გაბრაზება. როგორც შეეძლო, ისე შეიკავა თავი და მითხრა, _ ჩემთვის უკვე გასაგებია და წადი, მე გავერკვევი ყველაფერშიო. „გასაგებია ყველაფერიო“, _ ამ ნათქვამის ტონში ვიგრძენი, რომ მე რაც ვუჩვენე, ჩემმა არგუმენტებმა სძლია და დარწმუნდა, რომ ის ინფორმაცია, რასაც მას აწვდიდნენ, თითქოს მე არ ვმუშაობდი, ტყუილი იყო და არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ეს გახლდათ ოქტომბრის ბოლოს… ჩემი სამუშაო ოპერატიული იყო და ამ ამბის შემდეგ ინფორმაციის მოსაძიებლად, რაღაცის გადასამოწმებლად ვიყავი გამოსული. ტელეფონზე ჩემი უშუალო უფროსი დავით სადაღაშვილი მირეკავს და მეკითხება, _ ივა, სად ხარ, ელგანდაშვილთან თათბირი არის ჩანიშნული და მალე მოდიო. როგორც მახსოვს, დიღმის ტერიტორიაზე ვიყავი და ვუთხარი, _ რა დროც დამჭირდება, მოვალ-მეთქი. როცა მივედი საათს დავხედე და დარეკვიდან, დაახლოებით, 20-22 წუთი იყო გასული. ჩემი სამუშაო ოთახისკენ აღარ წავედი და პირდაპირ სამმართველოს უფროსის მისაღებში შევედი, მდივანს ვკითხე, _ თათბირი დაწყებულია-მეთქი? და, _ არა, თქვენ გელოდებათო. მივედი სადაღაშვილთან და მითხრა, _ ელგანდაშვილი გველოდებაო. დაუძახა დავით უნგიაძეს და სამივენი ელგანდაშვილთან შევედით. ელგანდაშვილმა პირდაპირ, უხეში ტონით მითხრა, _ შენ არ დაანებებ თავს ზედა სართულებზე წანწალსო? ვკითხე, თუ რას გულისხმობდა. _ ვგულისხმობ კი არა, მოკლედ, ასე უნდა გააკეთოო, მაგას თავი დავანებოთ, შენ არ მოეშვები ამ მეწარმეების დატერორებას და ჩვენი სამსახურის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებასო? მე ვუთხარი, _ ბატონო გიორგი, ვერ გავიგე, რაზე ვსაუბრობთ-მეთქი. _ მე თუ გაგაგებინე, რაზე ვსაუბრობთ, შენ ჩვენი სამსახურიდან დასკვნით წახვალო. შეღავათს გაგიკეთებ, დაწერე პატაკი და პატაკის საფუძველზე წადი სამსახურიდანო.
_ რას გულისხმობდა მეწარმეებზე ზემოქმედების მოხდენაში?
_ აი, ახლა მივედით მაქამდე. მე პირდაპირ ვუთხარი, _ არანაირი შეღავათი თქვენგან არ მჭირდება, თუ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება გაქვთ, დამიდეთ და მითხარით, რაზე მესაუბრებით, მე პატაკს არ დავწერ, ვინაიდან არაფერი ჩამიდენია-მეთქი. მაშინ ელგანდაშვილმა მაგიდასთან მიმიხმო და თავის მობილურ ტელეფონში ზუსტად ისეთივე კრებსი მიჩვენა, ჩემი მოსმენის სატელეფონო საუბრების კრებსი თავის ტელეფონში მანახა, სადაც „ჩ.ო.“ იყო ჩემი ტელეფონის ნომერი მითითებული და ასევე მითითებული იყო ჩემი მეგობრის, მალხაზ შუშიაშვილის სატელეფონო საუბარი, სადაც ის დიალოგი ეწერა, რა საკითხზეც ჩემს მეგობარს დავურეკე და მას ვთხოვდი, რომ ჩემთვის „ტოიოტა ქამრის“ კარი ეშოვა, რომელიც სჭირდებოდა ჩემზე რანგით დაბალ თანამშრომელს _ ზაზა თაბაგარს. საუბარშივე ჩანს, რომ მალხაზი მეუბნება: ჩემს თანამშრომელს დავავალებ, ნომერს მესიჯით გამოგიგზავნი და მაგ კარის შოვნაში ის დაგეხმარებაო. ელგანდაშვილს ვეკითხები, _ უკაცრავად, აქ დარღვევა სად არის-მეთქი? _ ახლაც უარყოფო? „ტოიოტას“ ნაწილები ვისთვის გინდოდაო? ვუთხარი, _ თავიდანვე რომ გეკითხათ ჩემთვის, გეტყოდით… ხომ გითხარით, გაუგებრობაა, ჩვენი თანამშრომლისთვის მინდოდა ნაწილები და მეგობარს ვთხოვე, შოვნაში დამხმარებოდა-მეთქი. ორი დღის შემდეგ ჩემმა მეგობარმა თავისი თანამშრომლის ტელეფონის ნომერი მომწერა, რომელმაც ჩემი თანამშრომელი ფეიქრების ქუჩაზე გააგზავნა, სადაც მანქანები იშლება, გადაიხადა 300 ლარი და იყიდა. ამაზე მითხრა, რომ ეს არის მეწარმეებზე ზეწოლა. მე ვუთხარი, _ თუ ეს ზეწოლაა, მაშინ პატაკს არ ვწერ, მიმაჩნია, რომ ამით არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია, არც სამსახურის სახელით გავსაუბრებივარ და პატაკის დამწერი არ ვარ, დასკვნით გამათავისუფლეთ-მეთქი. ელგანდაშვილი გაბრაზებული შევიდა მოსასვენებელ ოთახში და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს ასეთი სიტყვა დაუტოვა, _ ჩამოართვით პირადობის მოწმობა და გაუშვით სამსახურიდან, თუ სიკეთით არ უნდა წასვლა და პატაკს არ წერსო. ამოვიღე პირადობის მოწმობა, დავუტოვე და დავემშვიდობე. ამ დროს ჩემი უშუალო ხელმძღვანელი სადაღაშვილი მეუბნება, _ ივა, შენ იმიტომ ხარ თამამად, რომ იცი, ამ მოსმენას ჩვენ ოფიციალურად ვერ წარვადგენთ, რადგან უკანონოდ მოგისმინეთო. მე ვუთხარი, _ თუ მიგაჩნიათ, რომ უკანონოდ იყო მოსმენილი, ჩართეთ ტელეფონი ოფიციალურად და ამ სიტყვებს გავიმეორებ-მეთქი. წამოვედი და მეორე დღეს კადრების სამმართველოს უფროსმა, ვინმე ზაზა ჩაჩუამ დამირეკა და მითხრა, _ ბატონო ივა, შემოიარეთ კადრებში და პატაკს ხელი მოაწერეთო. როცა ვკითხე, რომელ პატაკზე იყო საუბარი, _ სამსახურიდან პირადი სურვილით წასვლასთან დაკავშირებითო. _ არსად არ მივდივარ-მეთქი. ჩაჩუამ თქვა, _ ელგანდაშვილმა დამირეკა და მითხრა, აბესაძე ჩამოვა და პატაკზე ხელს მოაწერსო. ვუთხარი, _ ელგანდაშვილმა თქვა, რომ დასკვნით მიშვებს-მეთქი. საბოლოო ჯამში, სამსახურიდან დასკვნის საფუძველზე გამიშვეს. ამ დასკვნაში ასეთი საინტერესო რამ წერია:
„შემოწმება მოხდა ქალაქის სამმართველოს უფროს გიორგი ელგანდაშვილის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე და 2017 წლის 6 ოქტომბრის დასკვნაში წერია:
„ივანე აბესაძე სისტემატურად არღვევდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესს, პირნათლად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, რაციონალურად არ იყენებდა სამუშაო დროს. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ვერ იქნა მიღწეული მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად აღსრულება. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ივანე აბესაძემ ვერ უზრუნველყო სამსახურში იერარქიული წესრიგი, დისციპლინისა და კოლეგიალობის პრინციპების დაცვა… ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ იგი მეწარმეებთან ამყარებდა ახლო ურთიერთობას და უპირატესობის მიღების მიზნით იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ მდგომარეობას…“ _ აი, მხოლოდ ეს ბოლო ფრაზა პირდაპირ 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს გულისხმობს, თუ ასეთი რამე მოხდა. ამ შემთხვევაში დასკვნით კი არ უნდა გავეთავისუფლებინე სამსახურიდან, თუკი რაიმე საფუძველი ჰქონდა ამ ფრაზის ჩაწერას ამ დასკვნაში, პირდაპირ პროკურატურისათვის უნდა გადაეცათ, რაც არ გააკეთეს იმიტომ, რომ ამგვარს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ეს უკვე თავისი ხელით დაწერილია. დასკვნას სამი კაცი აწერს ხელს: ვარლამ გურეშიძე _ შიდა ინსპექტირების სამმართველოს უფროსი, ასევე ის ინსპექტორი, ვინც ეს დოკუმენტი შეადგინა და სამსახურის ხელმძღვანელი. ეს დასკვნა სასამართლოში გავასაჩივრე, პროცესი მიმდინარეობს მოთხოვნით: სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და ა. შ.
საბოლოო ჯამში, როცა შევხედე, მათ ისეთი არანაირი ოფიციალური ხელმოსაკიდი არ გააჩნდათ, რომ დასკვნის საფუძველზე გავეშვი, ვიფიქრე, სამსახურში თუ არ მივალ, მიზეზს მომდებენ, სამსახურში არ დადიხარო და გამათავისუფლებენ-მეთქი. მეორე დღეს სამსახურში მივედი, პირადობის გარეშე საგუშაგოში შესვლა ვერ მოვახერხე, შემდეგ ერთ-ერთმა გუშაგმა მიცნო და შემიშვა. როცა სადაღაშვილს ჩემი პირადობის მოწმობა მოვთხოვე, მიპასუხა, რომ არ ჰქონდა. ორი დღე ვეძებეთ პირადობის მოწმობა და მერე მითხრა, _ ელგანდაშვილს მივეცი, მას შენი დანახვა არ უნდა და იმიტომ არ გაძლევსო. მეორე დღეს ისევ პრობლემა გახდა ჩემი შესვლა, ჩემს უშუალო ხელმძღვანელს დავურეკე და მითხრა, საშვი დააშვებინეო. ამის შემდეგ 3 ნოემბერს მივედი, ამ ამბავმა უკვე პიკს მიაღწია, გუშაგმა მატყუარა მიწოდა და მე ეს პროვოკაციად მივიღე, რადგან დავინახე, გენინსპექციის თანამშრომლები იქვე იდგნენ. გამოვერიდე, ჩავჯექი მანქანაში და ელგანდაშვილს დავუმესიჯე, ვთხოვდი შენობაში შევეშვი, დავურეკე გამყრელიძის მოადგილე იგორ ზაალიშვილს, სიტუაცია ავუხსენი და დამპირდა, გავერკვევიო. ასევე პირველივე ინციდენტის შემთხვევაში დარეკილი მქონდა ლექსოსთან, იგიც დამპირდა, გავერკვევიო და მისგანაც _ არანაირი რეაგირება.
_ ივანე, სამსახურიდან იმის გამო ხომ არ მოგიშორეს, რომ სუს-ის თვალი და ყური ეგონეთ, რაკი თქვენი რეკომენდატორი ლექსო ბატიაშვილი იყო?
_ მაგის საბაბი არ უნდა ჰქონოდათ, რადგან ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, ლექსო ბატიაშვილსა და ჩვენი საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ ლევან გამყრელიძეს ნათესაური კავშირი აქვთ.
_ ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა?
_ 3 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს მივმართე, იქ არის პირველადი სტრუქტურული ერთეული, მისი ხელმძღვანელი შალვა კიკნაძეა. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები დეტალურად მოვყევი განცხადებაში. ჩვენს საუბარს მისი ორი თანამშრომელი ესწრებოდა, ერთი იყო ვინმე თემურ შამუგია და მეორე _ შოთა კობახიძე ან შალვა. როდესაც მათ ყველაფერი აღვუწერე, კიკნაძემ მითხრა, _ რა ფაქტებზეც საუბრობთ, პირდაპირ მოგანიჭებთ მამხილებლის სტატუსს, ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ და, შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენ მიერ გაკონტროლდება, შემდგომი რეაგირებისთვის მინისტრს მოვახსენებთ, თუ ჩვენს კომპეტენციას გასცდება, პროკურატურას უნდა გადავცეთო. სანამ იქ ვიყავი, ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ლექსო ბატიაშვილი მირეკავდა და მკითხა, _ სად ხარო? ხმაზე შევატყვე, რომ იცოდა, სადაც ვიყავი. ვუთხარი, სადაც ვიყავი და რომ განცხადებას ვწერდი. მითხრა, _ არ გინდა განცხადების დაწერა, ჩემთან მოდი და ყველაფერში გავერკვეთო. _ მე საქმის კურსში ჩაგაყენე, რაზეც რეაგირება არ მომხდარა-მეთქი. ამის შემდეგ იგორ ზაალიშვილმა დამირეკა, რომელთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობ და მანაც მითხრა, _ განცხადებას რატომ წერ, მაგას როგორ აკეთებო? იმასაც ვუთხარი, რომ საქმის კურსში ჩაგაყენე და ვერ დამეხმარე-მეთქი, _ ამხელა თანამდებობა გაქვს, არც შენ გაერკვიე, ახლა კანონიერი გზა ვიპოვე და ზემდგომ ორგანოებს უნდა მივმართო-მეთქი. მუქარა არც ერთის მხრიდან არ ყოფილა, მაგრამ მოთხოვნა იყო.
_ ვინ იყო ამ პერიოდში ფინანსთა მინისტრი?
_ ქუმსიშვილი და სამ დღეში შეიცვალა _ მინისტრი გახდა დღევანდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე…
შალვა კიკნაძე ასეთ რაღაცას მეუბნება: „ბარდაგია“ საგამოძიებო სამსახურშიო, ჩვენ ერთხელ ვიყავით მოსული და შიგნით არ შეგვიშვეს, გაგვაშიშვლეს, ლამის ტელეფონებიც დაგვატოვებინეს და ახლა შენ პანდორას ყუთს ახადე თავი ამ ინფორმაციის მოწოდებითო. მამხილებლის სტატუსს მოგანიჭებთ და ერთი რამე იცოდე, _ სამსახურში ის კი არა, საყვედური მოგცენ ან შენ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენონ, რომც დაგაწინაურონ, სანამ ამ განცხადებას შევისწავლით, ეს ჩვენი მხრიდან აღქმული იქნება, როგორც შენზე ზეწოლაო. განცხადება დავწერე, რეგისტრაციის ნომერი მომცეს და წამოვედი. სანამ განცხადებას დავწერდი, თემურ შამუგიამ (რომელზედაც უკვე მოგახსენეთ), ეტყობა, მესიჯი მისწერეს, ტელეფონს დახედა და თქვა, _ ნახეთ, რა ამბები ატყდა ფინანსურ პოლიციაში, წავალ და ადგილზე გავერკვევი, რა ხდებაო. იქ 4-5 საათი ვიყავი. როცა შამუგია წავიდა და უკან დაბრუნდა, თქვა, _ მთელი სამსახური აფორიაქებული და აწიოკებულია, ელგანდაშვილს შევხვდი და მითხრა, _ ეტყობა აბესაძემ პირადობის მოწმობა სადმე დაკარგა და მე მაბრალებსო. გენინსპექციის ვარლამ გურეშიძეც იქ იყო და მითხრა, _ ჩვენ მასალები მოგვეცით, თვითონ შევისწავლითო. პირდაპირ ვუთხარი, რომ თქვენდამი ნდობა არ არის, ჩვენ თვითონ შევისწავლით და შესაბამის რეაგირებას მივცემთო. ამის შემდეგ განცხადება დავწერე და როცა ვწერდი, ვინმე ლაშა აბრამიშვილმა დამირეკა, თავი გამაცნო, როგორც გენინსპექციის თანამშრომელმა და მითხრა, რომ მასთან ახსნა-განმარტების მისაცემად უნდა მივსულიყავი. ვკითხე, _ რა საჭიროა-მეთქი? და, _ ელგანდაშვილის სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით შემოწმება მიმდინარეობს და უნდა დაგკითხოთო. ეს ყველაფერი ხმამაღალ საუბარზე ჩავრთე და შალვა კიკნაძემ მითხრა, არსად მიხვიდე, ამ განცხადებას შევისწავლითო. აბრამიშვილს მისვლაზე უარი ვუთხარი. მეორე დღეს კიდევ დამირეკა და მითხრა, რომ არ მოხვედით, მაგაზე ოქმი შევადგინეო. მე ვუთხარი, _ მანდ მოსვლა მეშინია, ჩემი ფიზიკური ჯანმრთელობის შიში მაქვს, რაღაც პროვოკაცია არ მომიწყონ, თუ გნებავთ, მანქანას გამოგიგზავნით და ჩემთან სახლში მობრძანდით-მეთქი. მესიჯიც კი მივწერე, მაგრამ ჩემს მესიჯს არანაირი წონა არ აქვს. ამ დროს ლაშა აბრამიშვილმა კიდევ ერთი შეტყობინება დაწერა, რომ მასთან არ მივედი. როგორც შემდეგ გავარკვიე, ელგანდაშვილმა ჩემი საუბარი მეგობართან გააფორმა, თითქოს ელგანდაშვილი როცა დერეფანში მოდიოდა, უცხო თანამშრომელი დაინახა, რომელიც ჯერ ვერ იცნო, მერე როცა მომიახლოვდა, მე აღმოვჩნდი და ჩემი სატელეფონო საუბარი ამ გზით მოისმინა, ჩათვალა, რომ ვიღაც მეწარმეს რაღაცას ვძალავდი. ამით მათ მეგობართან ჩემი საუბარი „გააპრავეს“, მათთვის საიდან გახდა ცნობილი. ვითომ ამასთან დაკავშირებით უნდოდა ჩემი დაკითხვა და ჩემგან ახსნა-განმარტების მიღება.
რადგან არ გამოვცხადდი, დასკვნა დამიწერეს. აქ არის ელგანდაშვილის, სადაღაშვილისა და უნგიაძის ახსნა-განმარტებები, პირველში მიუმართავს გამყრელიძისთვის ელგანდაშვილს, გამყრელიძემ რეზოლუცია დაადო, რის საფუძველზეც დაიწყეს შესწავლა. თურმე ასე ოპერატიულად შეუსწავლიათ ყველაფერი, დასკვნაც დადეს, თან შესწავლის მასალებში არსად არის ნახსენები ზაზა თაბაგარი, ვისთვისაც მინდოდა რეალურად „ტოიოტას“ კარი, რომელიც ნათელს მოჰფენდა, იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი.
_ ფინანსთა სამინისტროში თქვენ მისვლასა და ჩივილს რა რეაქცია მოყვა?
_ ის ბედი ეწია, რომ შალვა კიკნაძის ხელმოწერით წერილი მომივიდა, რომ მან ჩემი განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადააგზავნა, ანუ კრავის საკითხი მგელს მისცეს გადასაწყვეტად. როდესაც აბრამიშვილმა დამირეკა, შალვა კიკნაძეს დავურეკე და ამის შესახებ ვუთხარი. მითხრა, _ გუშინ მინისტრი არ იყო, გვიან ჩამოვიდა და ორშაბათს ყველაფერს მოვახსენებ, შენ არსად მიხვიდეო. ჩვენ უკვე ვმსჯელობთ, თუ როგორ მოგანიჭოთ მამხილებლის სტატუსი და მაგათ რაც უნდათ, ის აკეთონო. აქ პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება, 99% ჩვენს კომპეტენციას გასცდება, ამ მასალებს შევისწავლით და პროკურატურაში გადავაგზავნითო… მაგრამ პროკურატურის ნაცვლად კიკნაძემ საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა და საგამოძიებო სამსახურიდან ისევ ლაშა აბრამიშვილის ხელმოწერით მომივიდა წერილი, რომ არანაირი კანონდარღვევა არ აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე, არანაირი მსვლელობა ამ წერილს არ მიეცა. ამის შემდგომ ჩემი განთავისუფლების დასკვნა დაიწერა, მაგრამ მერე უფრო საინტერესოდ განვითარდა მოვლენები: მიგზავნიან ჩემს ერთ-ერთ მეგობარს, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ, მას არანაირი შეხება არ აქვს ძალოვან სტრუქტურებთან, არის მხოლოდ ჩემი და იგორ ზაალიშვილის მეგობარი და მეუბნება, _ იგორმა მთხოვა, რაღაც გაურკვევლობა მოხდა, იქნებ, შეხვდე და დაელაპარაკოო. მე ვუთხარი, _ პროვოკაცია არ მომიწყონ-მეთქი, _ არა, პასუხისმგებელი მაგაზე მე ვარ და დაელაპარაკეო. ხომ იცი, მასეთ რაღაცაში ჩარევა ძალიან არ მსიამოვნებსო. რამდენიმე დღეში საგამოძიებო სამსახურში მივედი, ჩვენი შეხვედრა ზაალიშვილის სამუშაო ოთახში შედგა, იქ იყო ვარლამ გურეშიძე და „ოტოს“ უფროსი არჩილ მუმლაძე. მათ ყველაფერი მოვუყევი. მუმლაძემ მითხრა, _ ჩემი ნებართვის გარეშე შენ ვინ მოგისმენდაო? მე არ მჯერა და თუ დავადგინე, ჩავალ და ჩემს თანამშრომლებს დედას ვუტირებო. გურეშიძე კი მეუბნება, _ ელგანდაშვილი ახალგაზრდა ბიჭია, ეტყობა, შენში კონკურენტი დაინახა და ასეთი მეთოდებით გადაწყვიტა შენი მოშორებაო. იქნებ, რამენაირად გამოსავალი ვიპოვოთო. მე ვუთხარი, _ რაღა გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, „მგლის ბილეთით“ გამიშვით სამსახურიდან და ისეთ რამეს მედავებით, რაც არ ჩამიდენია-მეთქი. მერე საუბარში ზაალიშვილი ჩაერია, _ ეს ჩემი მეგობარია და ძალიან გთხოვ, ცუდად არ მოიხსენიოო. _ ცუდად რატომ მოვიხსენიებ, დასკვნა არის და ამ დასკვნას გავასაჩივრებ-მეთქი. გურეშიძე მეუბნება, _ არ გინდა, არ გაასაჩივრო, მე ლევან გამყრელიძეს უკვე ველაპარაკე, ეტყობა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და სამსახურს გაგიკეთებთო. მე ვუთხარი, _ სხვა სამსახური რად მინდა, აქვე თქვენთან დამტოვეთ, დასკვნა თქვენი დაწერილია და გააუქმეთ-მეთქი. _ არა, დასკვნა დავწერეთ და სამ დღეში უარვყოთ, ასე არ ხდებაო. ჩვენი სასამართლო სისტემა ხომ იცი, წლები დასჭირდება და მერე სამსახური სულ აღარ გენდომებაო. _ აქ სამსახურზე არ არის საუბარი, ჩემს იმიჯზე და პროფესიონალიზმზეა, შენ ხომ გენერალური ინსპექციის უფროსი ხარ და თუკი მეწარმეებზე ვახდენდი ზემოქმედებას, თუ ეს ფაქტები გქონდა, პროკურატურას რატომ არ გადაეცი-მეთქი?! _ ძმაკაცურად არ გავაკეთე, ვიცოდი, ბატიაშვილისა და იგორის ძმაკაცი იყავიო. ორი-სამი დღის შემდეგ გურეშიძე ისევ მიკავშირდება, მიბარებს და მეუბნება: ლევანს ველაპარაკე, შეგიძლია გაასაჩივრო, განაცდურიც მოითხოვო, სამსახურში აღდგენაც პრობლემა არ არისო. შემოსავლების სამსახურში დაგნიშნავთ, იქ ხე-ტყის სფეროში ჩვენი კაცი გვჭირდება, კორუფციული გარიგებები იკვეთება და ლევანთან მე ჩაგიდექი „ატვეჩაი“, მე გავხდი შენი რეკომენდატორი და შემოსავლების სამსახურში გიშვებთ, ხე-ტყის მიმართულებით იმუშავებ, მერე ვნახოთ, ცოტა ხანში უკან დაგაბრუნებთო. ოღონდ ერთი პირობით _ ჩემგან და ლევანისგანო. როგორც გინდა გაასაჩივრე, რაც გინდა მოითხოვე, ოღონდ პროკურატურაში არ წახვიდე და დანარჩენზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლებიო. მე ვუთხარი, _ სულ დეპარტამენტის უფროსი რომ ვიყო, ჩემი რეპუტაციის აღსადგენად ინსპექტორად დავბრუნდები სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როცა ამას სასამართლოთი გავაბათილებ-მეთქი… და რას მეუბნება, _ ვიცი, რომ ამ დასკვნას სასამართლო თავზე დაგვახევს, ეს დასკვნა სამი დაინტერესებული პირის მოხსენებითი ბარათის საფუძველზეა შედგენილიო. ამის შემდეგ მოვლენები უფრო საინტერესოდ განვითარდა: მე სასამართლოში მაქვს სარჩელი შეტანილი, პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაცია მქონდა, _ არანაირ სამსახურს არ გიპირებენ, დროის გაწელვა უნდათო. უბრალოდ, არ გამოუვიდათ, გასაჩივრების ვადა რომ გაგეშვა სამსახურში აღდგენის და ახლა პროკურატურაში ალაგებენ, კაცს ეძებენ, განცხადება რომ დაწერო და დაბლოკონო. მინდოდა, მაგათ გაიძვერობაში დავრწმუნებულიყავი, ვარლამ გურეშიძეს ვურეკავ და ვეუბნები, _ ხომ შემპირდი სამსახურს-მეთქი? და მეუბნება, _ ერთ კვირაშიო, თვის ბოლოსო, თვის დასაწყისშიო… გურეშიძეს ვუთხარი, _ თქვენ სამსახურს დამპირდით იმის სანაცვლოდ, რომ პროკურატურაში არ წავსულიყავი, სამსახური და ხელფასი მინდა, ხუთი შვილის მამა ვარ და ახლა პროკურატურაში წასვლას ვაპირებ-მეთქი. პროკურატურას 2018 წლის 24-26 იანვარს მივმართე. ყველა მასალა მივაწოდე და ამის საფუძველზე 333-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მირიან დევიძე უფროსი გამომძიებელია, რომელსაც ეს საქმე მიჰყავს. როცა პროკურატურაში გამოსაკითხად მივედი, სამმართველოს უფროსმა დავით კუტალაძემ დამიძახა და მითხრა, რომ ეს საქმე გენპროკურატურიდან კონტროლზეა და მერე რომ არ თქვათ _ დამაძალეს, მათქმევინეს, მე არ მითქვამს და ა. შ., ეს ყველაფერი კამერაზე უნდა ჩავიწეროთ ან შეგიძლიათ, მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეთო. ისეთი ფაქტები მოგყავთ, რომ ძალიან რეზონანსული საქმეაო. დავთანხმდი, კამერის წინ ჩვენება მივეცი, განმიმარტეს ცრუ ჩვენებაზე ჩემი პასუხისმგებლობა და ხელი მომაწერინეს.
ამის შემდგომ გადის თვეები, ველოდები პასუხს და შესაბამის რეაგირებას, როცა გამომძიებელს ვურეკავ, მოკლე პასუხით იფარგლებიან, _ მიმდინარეობს გამოძიება… რადგან ვნახე, რომ არანაირი რეაგირება არ მოჰყვება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისს მივმართე, ჩემს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია მივუტანე და მასალები პროკურატურაში გადააგზავნეს.
როდესაც 2018 წლის 13 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პასუხი მომწერა, _ შესაბამისი კანონის თანახმად პროკურატურაში გადავაგზავნე თქვენი განცხადების საფუძველზე შესწავლილი მასალებიო, _ პროკურატურაში მივედი და მოვიკითხე, თუ ვის დაეწერა ეს მასალები. განცხადებით მივმართე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისიდან მოსული პასუხი თან დავურთე. დავრეკე გენინსპექციაში, ცხელ ხაზზე და ამის შემდეგ ქალაქის გამომძიებლისგან ჯერ ერთი წერილი მომივიდა, რომ თქვენი განცხადების რეაგირებისთვის ჩვენ გამოგვაგზავნაო, შემდეგ მირიან დევიძემ დამირეკა და მითხრა, რომ შემოწმების მასალები ჩვენთან შემოვიდა და მე დამეწერაო.
_ ახლა გამოძიება რა სტადიაშია?
_ არ ვიცი, მპასუხობენ: „მიმდინარეობს გამოძიება!“
_ როდის დამთავრდება?
_ არავითარი დამთავრება, 26 იანვრიდან 12 ივლისამდე პასუხი არის თვეში ერთხელ, ისიც სატელეფონო: „მიმდინარეობს გამოძიება!“
_ რას აპირებთ იმისთვის, რომ თქვენი სიმართლე ბოლომდე მიიყვანოთ?
_ ჩემი სიმართლე ბოლომდე რომ მივიყვანო, სასამართლოში გასაჩივრებული მაქვს სამსახურში ჩემი აღდგენა და სასამართლოს წესით უნდა აღვგიდგინო. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც ხდებოდა და ახლაც ხდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ყველა მხრივ ვამხელ…
_ უკვე ფინანსთა ახალი მინისტრი დაინიშნა და აპირებთ თუ არა ხელახლა წრეზე მიმართოთ მას იმ დანაშაულებებზე, რაზეც ვსაუბრობთ?
_ როცა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, განცხადებით მივმართე და არანაირი რეაგირება არ ყოფილა, ახალი მინისტრიც მისი რეკომენდაციით დაინიშნა და არა მგონია, რომ მაგან რაიმე რეაგირება გააკეთოს. პროკურატურაში რომ მივალ, ერთ რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილო: ასევე მივმართე სახალხო დამცველს, სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა, პროკურატურისგან პასუხი მოუვიდათ. სახალხო დამცველთან კითხვა მქონდა, _ რატომ არ მცნეს დაზარალებულად, რადგან ჩემი პერსონალური სივრცე დაირღვა ამ მოსმენით, სამსახურიდან წასვლას მაიძულებდნენ და ხელს მიშლიდნენ ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. სამივე სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველია. მე რომ მცნონ დაზარალებულად, გამოძიების შედეგად მიღებულ მასალებთან წვდომა მექნება, სადაც ჩემი გარკვეული გამოცდილებიდან და მთლიანად ამ საქმის ცოდნიდან გამომდინარე, განცხადებით მივმართავ და მივუთითებ პროკურატურას თუ სხვა საგამოძიებო ორგანოებს, რა უნდა გაეკეთებინათ, რა არ გააკეთეს და, ჩემი აზრით რასაც ხელს დააფარებენ, იმასაც ფარდას ავხდი. მაგრამ ამათ სხვა გზა არ დარჩათ, ორი ვარიანტი აქვთ _ ან მე, როგორც ცილისმწამებელს, შესაბამისი ბრალი წამიყენონ, ან უნდა გამოიძიონ და თუ არ დადასტურდა, დამიჭირონ, თუ დადასტურდა _ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დგება!

ელისო კილაძე