როდის და როგორ გააქრობს ივანიშვილი წულუკიანს?

„ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, ბატონ რომან გოცირიძეს:
_ რატომ ჩააშხამეთ ბავშვობა და რატომ ატირებდით თინეიჯერ წულუკიანს? რამ გამოიწვია მისი ასეთი იერიში თქვენზე? რატომ გაღმოჩნდით მისი რისხვის ობიექტი, მაინცდამაინც, თქვენ?
_ თეა წულუკიანი ჩამოწერილი ფიგურაა. მისი რეიტინგი საზოგადოებაში ნულამდეა დასული. იუსტიციის მინისტრად მისი წარდგენა თვით უმრავლესობის უმრავლესობასაც არ უნდოდა. მისი წარდგენა არ უნდოდა არც სამოქალაქო სექტორს, მიმართეს კიდეც, გადამდგარიყო და არ მიეღო მონაწილეობა მთავარი პროკურორის დანიშვნაში. ყველა გამოკითხვით ის არის ყველაზე არაპოპულარული ფიგურა დღევანდელ ხელისუფლებაში და ეს არის ხელისუფლებისთვის ზედმეტი ბარგი.
_ ჩამოწერილი ფიგურა და ბარგი ეძახეთ და კი დაამტკიცეს ისევ მინისტრად. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მისი მინისტრად დატოევება?
_ წულუკიანი არის ზედმეტი ბარგი და დამღა ამ მთავრობისთვის. ვუთხარი კიდეც, რომ მათი ლოგო ის კი აღარაა, რაც იყო, მკერდზე ვარსკვლავი, მათი ლოგოა ზურგზე დარტყმული დამღა, რომელსაც თეა წულუკიანი აწერია. ერთი წვეთი ნავთობი მთელ კასრ წყალს აფუჭებს და ამ 11 ადამიანიდან ათნი, სულაც რომ ფრთიანი ანგელოზები იყვნენ და მათ მაინც ზედ აქვთ 6-წლიანი წარუმატებლობის დამღა, როდესაც მათ გვერდითაა წულუკიანი. ამას მთავრობაშიც კარგად ხვდებიან და თუ მათ რეაქციას დავაკვირდებით წულუკიანის კრიტიკაზე, მაინცდამაინც არ სწყინთ. ეს ყველაზე კარგად პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ იცის, წულუკიანი არაა მისი შერჩეული, „საჩუქრად“ ერგო. ყველა ლოგიკით ივანიშვილს წულუკიანი არ უნდა წარმოედგინა, მაგრამ წარმოადგინა…
_ რატომ? საუბრობდნენ წულუკიანის მხრიდან შანტაჟზე.
_ ძალიან სასაცილოა იმის თქმა, რომ ივანიშვილს ვინმე აშანტაჟებს. იმდენი პრემიერ-მინისტრი, იმდენი მინისტრი თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირი მოიშორა, ალასანიათი, რესპუბლიკელებით დაწყებული და აგერ კვირიკაშვილით დამთავრებული… კვირიკაშვილს, ფაქტობრივად, მტრად მოეკიდა, ყველა გაყარა ხელისუფლებიდან, ვინც კი მისი მოყვანილი იყო, მეტიც, მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებსაც დაერია. უკვე მეექვსე პროკურორი დაინიშნა, რამდენი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი გამოცვალა და ამ ყველაფრის მერე, თურმე, წულუკიანი არის ის, რომელიც ფლობს რაღაც განსაკუთრებულ საიდუმლოს, რისიც ივანიშვილს ეშინია? ეს არის აბსოლუტურად ზღაპარი, ბოლოს და ბოლოს, გააქრობს წულუკიანს ერთ დღეში. გაქრობაში იმას არ ვგულისხმობ, რომ წულუკიანს ქვევრში ჩააგდებს და ჩაახრჩობს, მაგრამ ჯიბეში ჩაუდებს პლასტიკურ ბარათს _ საკრედიტო ბარათს, რომელშიც რამდენიმე ნული იქნება და ეტყვის, _ წადი, გაქრი 2030 წლამდე. შეიძლება მართლაც ასე გააქროს, ვინაიდან მისი მოხსნა, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს, უკვე იმდენად ტოქსიკური გახდა მისი ყველა გამოჩენა საზოგადოებისთვის.
_ მისი წარდგენის ერთადერთ ახსნად შანტაჟი რჩებოდა, მეც მეეჭვება, რომ მას ივანიშვილის დაშანტაჟება შეეძლოს…
_ არ არსებობს შანტაჟის თემა, რომელსაც მილიარდერი ვერ იყიდის. სასაცილოა იმის დაშვებაც კი, რომ წულუკიანი კომპრომატებით სავსე ჩემოდნით სადმე სირბილს გაბედავდა მოხსნის შემთხვევაში…
_ აბა, რით შეინარჩუნა სავარძელი? ჯადო გაუკეთა?
_ ამას აქვს ერთადერთი ახსნა _ დღევანდელ ხელისუფლებაში არ არსებობს იმაზე უფრო ყველაფრის მკადრებელი ადამიანი, ვიდრე თეა წულუკიანია. ივანიშვილს სჭირდება ბინძური დავალებების შემსრულებელი, შავბნელი საქმეების მკეთებელი და ყველა ჭუჭყში ხელთათმანის გარეშე ხელის ჩამყოფი ადამიანი. იუსტიციის მინისტრი, პირდაპირ თუ ირიბად, ბოსი მოსამართლეების მეშვეობით, ფაქტობრივად, აკონტროლებს სასამართლო სისტემას, აკონტროლებს პროკურატურას. ყველა პროკურორმა თანამდებობა სკანდალურად დატოვა, მათ შორის, თავად წულუკიანმაც. სახალხო დამცველმა უკვე თქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოუძიებლობაში იკვეთება სამოხელეო დანაშაული, ანუ ვინ არიან ეს მოხელეები? ეს მოხელეები ძირითადად არიან ის ადამიანები, რომელთაც ირიბად თუ პირდაპირ გავლენა აქვთ თეა წულუკიანზე და ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პროკურატურა და ეს იყო ბოლო წვეთი საზოგადოების მოთმინებისა, აფეთქდა, გამოვიდა ხალხი ქუჩაში, რასაც პროკურორის გადადგომა მოჰყვა.
_ ის კი გადადგა და ახლა მთლად თავისი ნათლულის მამა _ ნათლიმამა მოიყვანა მთავარ პროკურორად.
_ კი, ადრე თუ მარტო პოლიტიკურად ჰქონდა გადაფსკვნილი კუდი პროკურორებთან, ახლა ეს კავშირი მირონითაც განამტკიცა და პროკურორად, არც მეტი, არც ნაკლები, თავისი ნათლულის მამა მოიყვანა. მაგრამ იგი იმდენად არაპოპულარულია, თავის ნათლიმამასთან ერთად მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა.
_ წულუკიანი არც ერთ „ნაციონალს“ არ სწყალობს, მაგრამ ასეთი აგრესია მაინც მოულოდნელი იყო, რატომ დაგესხათ თავს ასე მძაფრად?
_ სარალიძის საქმიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა: მეც, მელიაც, სალომე სამადაშვილი, თიკა ბოკუჩავა ვითხოვდით წულუკიანის გადადგომას, ამის გარდა, ეტყობა, მწარედ აქვს ჩარჩენილი, ვანოს შოუში რომ დავცინე. გახსოვთ, ალბათ, მოქალაქეების რაღაც ჯგუფი, რელიგიური მოსაზრებებით, უარს ამბობდა აიდი ბარათების აღებაზე, ჩიპებს ებრძოდნენ. წულუკიანი, ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაზე ეზრუნა და ამ ბოდვისთვის ბოლო მოეღო, როგორც კი დაინიშნა, გამოვიდა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირსა და სხვა მოწინააღმდეგეებს ახარა, რომ პირადობის მოწმობებში აღარ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული ურჩხულის ნიშანი _ სამი ექვსიანის კომბინაცია. საერთოდ, ისეთი პროგრამა შეაქმნევინა, საიდანაც საერთოდ ამოაგდო ექვსიანი. სწორედ ამაზე დავცინე ვანოს შოუში და ეტყობა, ხინჯად აქვს. რაც შეეხება მის „თინეიჯერულ განცდებს“, მინდა გითხრათ, რომ ის ახალგაზრდა ედვარდისტია, შევარდნაძის მეხოტბე და მისი იდეოლოგიური მემკვიდრეობის გამგრძელებელი. იმდენი ჭკუაც არ ეყო, რომ საჯაროდ არ გადმოეფრქვია თავისი ხოტბა-დიდება იმ შევარდნაძის მიმართ, რომელიც მრავალი ბოროტების სათავე იყო საქართველოში, მათ შორის, კორუფციისა და ძალადობის სიმბოლო. რომც მოგწონდეს, საჯაროდ მაინც არ უნდა აქო და ადიდო, მან კი აიღო და დაწერა, რომ შევარდნაძეს მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეუსრულებია, რომ მან დაამარცხა ქუჩაში მორბენალი კალაშნიკოვები და სტუდენტებს უნივერსიტეტის გზაზე უსაფრთხოდ სიარულის საშუალება მოგვცაო. მოსპოო, რომ ამბობს, ვინ შექმნა ის სისტემა? კი, შემდეგ ერთი ჯგუფის თარეში აღკვეთა, მაგრამ სხვა ჯგუფები გააპარპაშა. სწორედ მის პერიოდში იყო უამრავი გატაცება.
_ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა ეპოქასთანაც მას აქვს „პრითენზიები“, რომელშიც მას თინეიჯერობა ჩაუშხამდა, იმ ეპოქის მთავარი შემოქმედი და ავტორი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელსაც ის აქებდა და მეტიც _ თვალებში შესციცინებდა.
_ რა პერიოდიც კი შევარდნაძის ხელისუფლებაში ვიყავი ვიცე-პრემიერად, მთელი ის პერიოდი შევარდნაძესა და მის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ვებრძოდი. ეს იყო ბრძოლა იმის წინააღმდეგ, ვინც საქართველოს პირველი ეროვნული ვალუტა კუპონი გაანადგურა. ასეულ მილიონობით დაურიგა შევარდნაძემ თავის კარის მეხოტბეებს, პოეტებს, მსახიობებს, ჩინოვნიკებს, დეპუტატებს, ეს ფული მისი მითითებით გადიოდა ეროვნული ბანკიდან, ანადგურებდა საქართველოს ფულად სისტემას. სწორედ შევარდნაძემ ისეთი შავი საქმეები აკეთებინა მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ დვალიშვილს, რომ შემდეგ მან თავი მოიკლა შსს-ს დერეფანში. ნუთუ, ქალბატონმა თეამ არ იცის, ვინ იყო იმდროინდელი ეკონომიკის დანგრევის შემოქმედი? სწორედ შევარდნაძის წინააღმდეგ ბრძოლის გამო მთელი პასუხისმგებლობა, რაც ეკუთვნოდა შევარდნაძესა და მის გუნდს, მე გადმომაკისრეს, გადმომაბრალეს. იმ პერიოდში არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, არც ფინანსთა მინისტრი, არც პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვიყავი და კუპონის შემოსვლიდან სამ თვეში საერთოდ ის პოსტიც დავტოვე, იმ პერიოდში კუპონი ჯერ კიდევ მყარი იყო. დიახ, დვალიშვილის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ის ანადგურებდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, მის დროს კუპონს მაინც ეწერა 1, 5, 10, 100 და ჩვეულებრივი ფულის ნიშნის სტანდარტებში მაინც ჯდებოდა, შემდეგ მოვიდა ნოდარ ჯავახიშვილი, ამათი მინისტრი, რომელიც ჯერ ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და ახლა სახელმწიფო აუდიტის უფროსის მოადგილეა და მის ხელში საქართველოს მთელი მოსახლეობა მილიონერი გახდა, მის პერიოდში გამოვიდა კუპონი, რომელსაც ეწერა ერთი მილიონი, ხუთი მილიონი… ერთი დოლარი 2,5 მილიონი კუპონი ღირდა, ესეც ოფიციალური კურსით, თორემ შავ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი ღირდა. მაშინ მოხდა ჰიპერინფლაცია _ 7 ათას პროცენტიანი ინფლაცია. თავისი ცოდვები მე გადმომაბრალეს, ეს ჭორები იმისთვის სჭირდებათ, რომ შევარდნაძის გუნდის პასუხისმგებლობა მიჩქმალონ. იმიტომ, რომ დღეს სწორედ შევარდნაძის მთავრობაა დაბრუნებული ხელისუფლებაში. დღევანდელი მთავრობა ეს არის შევარდნაძის შენიღბული მთავრობა. ესენი ყველანი ფარული შევარდნაძისტები არიან. ივანიშვილი მათ ფულისა და ძალაუფლების გამო სჭირდებათ. ხელისუფლებაში შევარდნაძის ის კლანი დაბრუნდა, რომელიც საქართველოს ძარცვავდა. მე მაღალ თანამდებობაზე ვიყავი და წვდომა მქონდა ინფორმაციაზე. ყველა ვიცი, ვინ სად როგორ და რამდენი მოიპარა და სხვათა შორის, შემდეგ მთელი მასალები ეროვნული ბანკიდან გაზიდულ მილიონებზე ელისო ჩაფიძეს მივაწოდე, რომელიც მაშინ ჟურნალისტი იყო. შემდეგ, როდესაც ეროვნულ ბანკში მივედი, იქ საერთოდ სეიფი დახვდა კაბინეტში, სადაც მთელი პირვანდელი დოკუმენტაცია ინახებოდა იმისა, თუ როგორ გაიცემოდა ეროვნული ბანკიდან ასეულ მილიონობით ფული. მაგალითად, ვიღაც დეპუტატი როგორ წერდა შევარდნაძეს: ბატონო ედუარდ, საქართველოს ძალიან უჭირს, საქართველოში არ არის კარაქი, გთხოვთ, დაავალოთ ეროვნულ ბანკს, რომ გამოუყოს ამა და ამ კომერციულ ბანკს რესურსი და მე შემოვიტან კარაქს… და ისიც ავალებდა, სხვას შაქრისთვის სთხოვდა ფულს და სხვა რაღაცას და ყველანი ძალიან ცნობილი ადამიანები იყვნენ.
რატომ მოიკლა თავი დემურ დვალიშვილმა? ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, ჟორჟოლიანმა, რომელიც შევარდნაძის მომხრე იყო, ეროვნული ბანკიდან დიდი ფული გაიტანა, შემდეგ შევარდნაძეს დაუპირისპირდა და როგორც კი დაუპირისპირდა, დაიჭირეს და დვალიშვილი ამ სესხზე დასაკითხად დაიბარეს. დვალიშვილი უკვე აღარ იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მივიდა დაკითხვაზე, თქვა, რომ მასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა და არ მახსოვსო. მაგრამ ის თავის მდივანს სპეციალურ დავთარში აწერინებდა ყველას, ვინ მასთან ფულის სათხოვნელად მიდიოდა და მიჰქონდა. მდივანს აწერინებდა, ვისი რეკომენდაციით მოვიდა, რამდენი სთხოვა, რამდენი მისცა. ვინაიდან არ ახსოვდა ჟორჟოლიანის დეტალები, მდივანს დაურეკა და ის დავთარი მიატანინა, გაიხსენა ყველაფერი, მაგრამ წამოსვლისას რომ დავთარს ხელი მოჰკიდა, უთხრეს, რომ ის დავთარი მათთან უნდა დარჩენილიყო. მან, ფაქტობრივად, შევარდნაძის მთელი ელიტა გათქვა. როგორც კი ეს დავთარი არ დაუბრუნეს, გამოვიდა დერეფანში, ამოიღო პოსტოლეტი და თავი მოიკლა.
ეს ყველაფერი იმისთვის მოვყევი, რომ მკითხველს წარმოდგენა ჰქონდეს, ფულადი სისტემის რა საშინელი ძარცვა ხდებოდა შევარდნაძის დავალებით. მე შევარდნაძეს შიგნიდანაც ვებრძოდი, როდესაც ვიცე-პრემიერი ვიყავი და შემდეგაც, როცა მთავრობა დავტოვე და 2003 წლამდე ათი წელი ოპოზიციაში ვიყავი, ვიდრე არ მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და არ ასრულდა ჩემი ოცნება შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის დანგრევისა. რაც შეეხება მის დარდებს ჩაშხამებულ ბავშვობაზე, მან ბავშვობა საფრანგეთში გაატარა. ერთხელ ელენე ხოშტარიას „წააძახა“, _ შენ რომ ეზოში ბურთს თამაშობდი, მე წიგნებს ვკითხულობდი, ხუთოსანი გოგო ვიყავიო. ამით ხალხს აჩვენებს, თითქოსდა თავისი ხუთოსნობით მოხვდა საფრანგეთში. ათასჯერ მეტი ხუთოსანი იყო მაშინ საქართველოში, რომელიც შიმშილით კვდებოდა. იმიტომ მოხვდა იქ, რომ მას მშობლები ჰყავდა, რომლებიც შევარდნაძის სისტემაში მუშაობდნენ.
_ ბატონო რომან, დღეს გვყავს ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც გამოგვიცხადა, რომ თურმე ჩვენი თვითმიზანი არაა ეკონომიკის ზრდა. რანაირი მინისტრი არ გვყოლია, ზოგი მართლა ზრდიდა ეკონომიკას, ზოგი გვპირდებოდა და არ ზრდიდა, ზოგი იტყუებოდა რომ ზრდიდა, ეს კი, აი, ასე, უაპელაციოდ გვეუბნება, ჩვენი მიზანი ეგ არ არისო.
_ ჩვენ დაგვინიშნეს განათლების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. არ მინდა, მათ ცალკეულ გამონათქვამებზე კომენტარი ვაკეთო, იმიტომ რომ მათ სერიოზულად არც მოეთხოვებათ ეკონომიკაზე, თუ გნებავთ, განათლების კონცეფციაზე საუბარი. იმიტომ რომ მათ ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ და რანაირად უნდა უსაყვედურო? ეს ადამიანები საიდანღაც, რომელიღაც სხვა სფეროებიდან მოიყვანეს, სადაც შეიძლება იყვნენ კიდეც წარმატებულნი. შეიძლება ეს ეკონომიკის მინისტრი თავის სფეროში მართლა წარმატებული მენეჯერი იყო, მუშაობდა ცნობილ საკონსულტაციო ფირმაში, პროფესიით ექიმია, მაგრამ მე ამას მინუსად არ ვუხსენებ, ხდება კვალიფიკაციის შეცვლა, მაგრამ რაც არ უნდა შეეცვალა, ის არაა მაკროეკონომისტი, ეკონომიკის სამინისტრო კი ქვეყანაში ეკონომიკის შემმუშავებელი ორგანოა. იგივე ფინანსთა მინისტრი კი, სტუდენტობიდან „ჯეოსელშია“ და იქიდან მოყოლებული აღზევდა ფინანსურ დირექტორობამდე, მაგრამ სად „ჯეოსელი“ და „მაგთი“, კაბელები და ტელეფონი და სად სახელმწიფო ფინანასები? განათლების მინისტრი განათლების სისტემაში ნამუშევარი კაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მინისტრად გამოდგება.
_ განათლების გარდა ეგ არის ქვეყნის მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიც…
_ მინისტრი ყველაზე მაღალი დონის სახელმწიფო პოლიტიკური მენეჯერია, რომელსაც უნდა შეეძლოს გუნდის შექმნა, იდეების ფორმულირება, ადამიანების აღგზნება ამ იდეებით, იდეების გავრცელება, საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება. ამის გარეშე ვერავითარი კარგი იდეა წინ ვერ წავა. ანუ ეს არის უკიდურესად რთული ხელობა და უცბად მოდიან ადამიანები, რომელთა ერთადერთი დამსახურება ის არის, რომ ივანიშვილს მოუნდა, ვიღაცები შეეცვალა. მე მათ ვუთხარი, თუ ადამიანი არ არის თავის სფეროში, ხდება სასაცილო, ვანოს შოუს, კომედიშოუსა და საპარალმენტო შოუს გმირი და ერთ-ერთ მინისტრს დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ შოშიაც შევახსენე, თავში რომ იცემს, _ რა მინდოდა წვენებშიო? ტელეფონებში ხარ, რა გინდა წვენებში-მეთქი? ეკონომიკის მინისტრს უზარმაზარი შემოსავლები ჰქონდა თავის საკონსულტაციო ფირმაში, სადაც ის პარტნიორია და არა დაქირავებული ადამიანი. მან დამიდასტურა, რომ მის მდივანს იქ კომპანიაში ბევრად მეტი ხელფასი ჰქონდა, ვიდრე მას ექნება აქ საქართველოში, როგორც მინისტრს. გამიჩნდა და დავუსვი კითხვა, _ რატომ მოდის მინისტრად? მიპასუხა, _ მინდა, რომ ჩემი ცოდნა ქვეყანას მოვახმარო და ჩემი შესაძლებლობები გამოვცადოო. დაახლოებით ისე მიუპასუხა, როგორც მუშნი ზარანდიამ უპასუხა გრაფი სეგედის, _ მე მინდა გამოვცადო ჩემი შესაძლებლობების ზღვარიო. ვიღაცებს უნდათ გამოსცადონ თავისი შესაძლებლობების ზღვარი საქართველოს მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარებით? საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის პოლიგონი ქვეყანაში არის უამრავი, ხოლო პოლიტიკა და მთავრობა ეს არის ისეთი სფერო, სადაც ეხები უშუალოოდ ადამიანს, მის ბედს და აქ ექსპერიმენტები დაუშვებელია. მთელი ეს ხალხი არის ერთი ნიშნით შერჩეული _ ეს არის ივანიშვილისამდი უკიდურესი მორჩილება. მთავარი კრიტერიუმი ესაა არაფორმალური მმართველის დავალებების შესრულება. არ ხარ შემსრულებელი? _ გაიწირები. მათ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რა ბედი ეწია „ქართუს“ ტოპმენეჯმენტს კვირიკაშვილის, ღარიბაშვილისა და ქუმსიშვილის მეთაურობით. როგორ გააგდეს ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტრიდან, ალავიძე _ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან. ყველა, ვინც კი კვირიკაშვილის მიერ არის მოყვანილი, შავ სიაში შეიყვანეს. არა მარტო მთავრობაში ვინც იყო, ან არის, შავ სიაში არიან ისინიც, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა კვირიკაშვილს, იგივე მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძეს დაუწყეს დევნა აბსურდული ბრალდებით, თითქოს ის ქუჩის აქციებს აფინანსებდა, რომ აქციების უკან იდგა ხაზარაძე, რომელსაც თანაუგრძნობდა კვირკაშვილი. კვირიკაშვილი და ხაზარაძე ანაკლიის იმხელა პროექტს იყვნენ შეჭიდებული და ამ დროს ასეთ გიგანტურ პროექტს შეჭიდებული ხაზარაძისგან სრულიად წარმოუდგენელია მსგავსი რამ. ხაზარაძე, რომელიც არის ფრთხილი და არ ეშლება პოლიტიკური კონიუნქტურა, არ წავიდოდა ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ვიღაცამ ყურში ჩასჩურჩულა ივანიშვილს. არაფორმალური მმართველობის სტილი კი სწორედ ესაა, როცა ვიღაცა ყურში გეჩურჩულება, არ არსებობს არც ამ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა, არც სამთავრობო შტოებს შორის ძალთა ბალანსის კონსტიტუციური მექანიზმები. ყველაფერი დადის ინფორმაციის წყაროზე. შეიძლება სუს-მა გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არ არის გამორიცხული, შეკვეთილში რომ შეიკრიბნენ სუფრაზე, იქ თავის „საბუტილნიკებმა“ თუ რაცაა _ სუფრის მეგობრები თუ სუფრის მომღერლები, იქიდან რომელიმემ ჩააწვეთა და ეს საკმარისი აღმოჩნდა განწყობილების შესაქმნელად. ავტორიტარულ მმართველობაში განწყობილებას ქმნიან კარის ჭორიკნები. ზუსტად ეს ხდება ხაზარაძის თავს და „თიბისი ბანკს“ რაღაცებს უჩხიკინებენ. ანაკლიას რაც შეეხება, ეკონომიკის მინისტრმა უკვე ბრძანა, რომ უნდა გადაიხედოს. ადამიანს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაზე წარმოდგენა არ აქვს, როგორც ჩანს, სადღაც კულუარებში გაიგონა ნეგატიური განწყობა ანაკლიაზე. ფაქტია, რომ ეს მთავრობა ა დროებითია და დიდი დღე არ უწერია. საფეხბურთო ენაზე რომ დავახასიათოთ, არასდროს „ქართული ოცნების“ მთავრობა არ იყო მაღალი კვალიფიკაციის, არასოდეს მათ არ უთამაშიათ უმაღლეს ლიგაში. მეორე ლიგაში იყვნენ და ყველაზე სერიოზული შემადგენლობა ჰყავდათ მაშინ, როდესაც რესპუბლიკელებთან, ალასანიასთან, სანიკიძესთან ერთად იყვნენ და მთავრობაში იყვნენ პირველი ტალღის პოლიტიკური ფიგურები _ ალასანია, შემდეგ ხიდაშელი და ა. შ. როცა ესენი ივანიშვილს შემოეცალა, გაგადვიდნენ მესამე ლიგაში, მეოთხე ლიგაში და ახლა უკვე ეს შემადგენლობა არის „ჭე კლასი“. არადა, ეს სახელმწიფო „ვარდების რევოლუციის“ გუნდმა შექმნა, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობდა. მსოფლიოს ათეულიში იყო ბიზნესის კეთებისა თუ რეფორმების რეიტინგში და ჩათვალეთ, ჩვენ ვეთამაშებოდით „ბარსელონას“, „რეალ მადრიდს“, „მანჩესტერს“, ესენი ახლა ეთამაშებიან „ჩიხურას“, წყალტუბოს „სამგურალს“…
_ როდესაც კვირიკაშვილი ხელისუფლებიდან გაუშვეს, ერთადერთ მიზეზად იყო ნახსენები ჩვენი გაღარიბება და ეკონომიკის ჩავარდნა. მისი გაშვებიდან რამდენიმე დღეში ეკონომიკური ზრდის მაისის შედეგები დაიდო, რომელიც აღმოჩნდა 7,5% _ ეს საზეიმოდ გვამცნეს ჯერ ბახტაძემ და შემდეგ ქუმსიშვილმაც მოიწონა თავი. ცოტა უცნაური იყო, ჯერ სიღარიბისა და ჩავარდნილი ეკნომიკის გამო გავისტუმრეთ კვირიკაშვილი და შემდეგ ეკონომიკური ზრდით ვიწონებდით თავს.
_ ერთთვიანი ეკონომუკური ზრდის მაჩვენებლით ზეიმის მოწყობა, ჯერ ერთი, ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ 6 წელიწადი ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია იყო, მისი შედეგი საბოლოოდ დადო გაეროს ბავშვთა ფონდმა, როდესაც თქვა, რომ მთლიანად საქართველოში იმატა სიღარიბემ და განსაკუთრებით იმატა ბავშვებისა და პენსიონერების სეგმენტში. „ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მუშაობის ვერდიქტი ესაა, იმიტომ რომ სიღარიბე არ მატულობს ერთ და ორ დღეში, ყველაფერი წლების მანძილზე ხდება. პირველ წელიწადს სიღარიბემ იკლო იმიტომ, რომ ჩვენ დანატოვარ 2 მილიარდს ჭამდენენ, გაანიავეს სხვადასხვა უაზრო პროგრამაში. პირველ წელს სიღარიბემ იკლო, მაგრამ შემდეგ დატოვებული შემოეჭამათ და ლარის გაუფასურება დაიწყო, ამათი უგუნური პოლიტიკა დაიწყო, ჩვენი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა დაიწყეს და რეგულირებაზე გადავიდნენ. ბიუროკრატიის საშინელი ზრდა დაიწყო, ფინანსური რესურსების ფლანგვა, ბიუროკრატიასა და არასწორ პროგრამებში საბოლოდ დაიდო დოკუმენტი, რომ საქართველოში სიღარიბე გაიზარდა, მაგრამ ეს არ იაზრდებოდა მარტო კვირიკაშვილის დროს, ეს იზრდებოდა კვირიკაშვილის დროსაც, ღარიბაშვილის დროსაც და ივანიშვილის დროსაც. მათ მოინდომეს ამ სიღარიბის ზრდის ფაქტორის კვირიკაშვილისთვის შეხოცვა. არადა, მთავარი მიზეზი კვირიკაშვილის გაშვებისა ის იყო, რომ მას არ აპატია დასავლეთთან ურთიერთობების აწყობა, კვირიკაშვილი პირადად იყო მიწვეული აშშ-ს პრეზიდენტთან რანჩოზე ოჯახში. ივანიშვილი ხედავდა აშშ-ს უდიდეს ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ და ხვდებოდა, რომ ანაკლიის პორტი პოლიტიკური ფარი იყო კვირიკაშვილისთვის და ხაზარაძისთვის. დაინახა საფრთხე, რომ ეს ადამიანები შეიძლება გამოსულიყვნენ მისი პირდაპირი მარიონეტული კონტროლიდან. მით უმეტეს ვიცით, მას უზარმაზარი ინტერსი აქვს სბანკო და საფინანსო სფეროში და გადაწყვიტა, რომ ჩაეშალა ეს კავშირები და კვირიკაშვილის მოშორების ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო, ცხადია.
_ ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, იყო მოლოდინიც, მცდელობაც, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი ჰყოლოდა, რაც ვერ მოხერხდა, უკვე ფაქტია და რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ გამარჯვება ამ სიტუაციაში?
_ ჩვენ სულით და გულით, აბსოლუტურად მოწადინებული ვიყავით, რომ მთელი ოპოზიციიური სპექტრი, ყველა ერთად გაერთიანებულიყო, რუსეთთან მიბმულ 2-3 პარტიის გარდა. იყო უზარმაზაი შანსი, რომ პირველივე ტურში დამარცხებულიყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ნამდვილად არ დაგვიკლია ძალისხმევა, ამ პროცესში პირადად იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილი, ელაპარაკებოდა ყველას, ბევრს შეხვდა. სამწუხაროდ, ასეთი დიდი გაერთიანება ვერ შედგა. თანაც ჩვენ მზად ვიყავით, მხარი დაგვეჭირა ისეთი კანდიდატისთვის, რომელიც არ იქნებოდა ენმ-ის წევრი და არავითარ შემთხვევაში ეს არ ითვალისწინებდა ჩვენ ირგვლივ გაერთიანებას. ეს ითვალისწინებდა საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებას. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა. მაგრამ ერთი რამ მაინც მოვახერხეთ, ახლანდელი კანდიდატი არის ოპოზიციის ერთი ნაწილის და არა ერთი პარტიის კანდიდატი.
_ გამარჯვება მოხერხდება ამ სიტუაციაში?
_ გეტყვით, რაც გვაძლევს გამარჯვების იმედს და გარანტიას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რა დონის გაყალბება ხდება, როგორ მონაწილეობენ კრიმინალები საარჩევნო პროცესში, როგორ იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს და ივანიშვილის ფულს. ამ ყველაფრით დაახლოებით 15%-იანი ფორა აქვს ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, ჩვენი გამარჯვების წყარო არის ჩვენი და ჩვენი მომხრეების ენთუზიაზმი. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამის გარდა, „ქართული ოცნება“ არის უკიდურესად დაჩაჩანაკებული. მათ არ ჰყავთ საპრეზიდენტო კანდიდატი, თვითონ ივანიშვილმა აღიარა, რომ 4 თუ 5 ადამიანს შესთავაზა და ყველამ უარი უთხრა. „ქართული ოცნება“, როცა წინა არჩევნებში გაიმარჯვა იყო ბრენდი, დღეს გახდა სტიგმა, ლაქა, „ქართული ოცნება“ გახდა იარლიყი, დამღა, „ქართული ოცნების“ სახელოთ კენჭისყრა ადამიანებს უკვე რცხვენიათ. მათ არ ჰყავთ კონკურენტუნარიანი ადამიანები. „ქართული ოცნების“ ელიტა არის მისი პოლიტსაბჭო, მათი საპარლამენტო უმრავლესობა, მათი მთავრობა. გადახედეთ მათ პოლიტსაბჭოს, მთავრობას, უმრავლესობას, ვისზე იტყვით, რომ ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტი? გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ არის ივანიშვილი, რომელმაც თავი გაითქვა მდარე საკადრო გემოვნებით და უამრავი სასაცილო ადამიანის დანიშვნით, რომლებმაც ვანოს შოუს გმირობით დაასრულეს კარიერა. არაა გამორიცხული, ივანიშვილმა მორიგი ასეთი სასაცილო ტიპი შემოგვთავაზოს _ ინგლისურის მცოდნე მარიონეტი დაგვისვას.

რეზო შატაკიშვილი