ახალგაზრდა, რომელსაც საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გააქვს

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი რომ განათლების სისტემის მოწოდების სიმაღლეზე აყვანაა, ეს ბევრმა უკვე კარგად გაითავისა. დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარი საქართველო ისეთ შვილებსაც ზრდის, მუდმივად განვითარებასა და თავიანთი ცოდნის სამშობლოს სასიკეთოდ გამოყენებაზე რომ არიან ორიენტირებულნი. ერთ-ერთი სწორედ დღევანდელი სტატიის გმირი, 24 წლის გიორგი ბენაშვილია. ეს არის ადამიანი, რომელიც სხვა, მოტივირებულ ახალგაზრდებსაც ეხმარება წარმატების მიღწევაში. ამავე დროს, ის სიახლის მაძიებელიცაა, რომელიც არასდროსაა მოდუნებული და ცდილობს, ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილიც შეიტანოს.

გიორგი აქტიურად სტუმრობს ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა ევროპარლამენტი, ევროკომისია, ნატო და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები, სადაც ის საქართველოს ევროპული მომავლისა და ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობებზე ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბრობს.
დღევანდელი სტატიის გმირი წარმოშობით რუსთავიდანაა. სწორედ ამ ქალაქში დაიბადა, სკოლაც აქ დაამთავრა და ახალგაზრდობის საწყისი წლებიც აქვე გაატარა. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტია და ამ ეტაპზე დოქტორანტურაში სწავლა და ეკონომიკის სფეროში კვლევა მისი ძირითადი საქმიანობაა. თუმცა, პარალელურად, აქტიურად მოღვაწეობს არასამთავრობო სექტორშიც, სადაც მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის „ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის“ დირექტორია და ამ ორგანიზაციის ფარგლებში არაერთ საინტერესო პროექტსაც ახორციელებს.
თავად გვიყვება იმაზე, თუ როდის და რა ეტაპზე დაიწყო მისი დაინტერესება საერთაშორისო საკითხებით:
„დოქტორანტურაში სწავლის პარალელურად ვცდილობ, აქტიური ცხოვრების წესით ვიცხოვრო, რაც, პირველ რიგში, ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებას ნიშნავს, რომელიც დღეს ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლოა მიეცეს, ასეთი კი, საბედნიეროდ, არაერთია. გამომდინარე იქიდან, რომ აკადემიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ მიმართულებად მიიჩნევა, შესაძლებლობების არეალიც ძალიან ფართოა და დიდწილად სცდება კიდეც საქართველოს.
ჩემი დღევანდელი საქმიანობის საინტერესო და ძალიან ნათელ წერტილად მივიჩნევ „ევროპულ საგანმანათლებლო ცენტრს“, რომელიც მეგობრებთან ერთად 2016 წლის ბოლოს დავაარსე და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ მცირე დროში ორგანიზაციას უკვე არაერთი ძალიან კარგი და ვფიქრობ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელების გამოცდილება აქვს. ამ აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება სწავლის პარალელურად ჩემი ძირითადი საქმიანობაა.
საერთაშორისო ურთიერთობები და ზოგადად გლობალური პოლიტიკა ჩემი დაინტერესების სფეროში, ჯერ კიდევ, სკოლის პერიოდიდან მოექცა. ამ დროიდან მინდოდა, რომ ამ მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა და ამავე დროს, პრაქტიკული გამოცდილება მქონოდა. შემდეგ აკადემიურ სფეროში მოვხვდი, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩემი ბავშვობის ოცნებების განხორციელებას. ამის შემდეგ კი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობ, უფრო მეტი ვისწავლო და საქმიანობის პარალელურად საინტერესო გამოცდილებაც მივიღო“.
გვიყვება, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იყო სირთულეებიც. ბუნებრივია, უცხო ქალაქიდან და გარემოდან იმ სფეროში, სადაც დღეს მოღვაწეობს, თავის დამკვიდრება მარტივი არ იქნებოდა. განსაკუთრებით ბოლო წლებში არაერთი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის დაძლევა მოუწია. თუმცა, როგორც წესი, სირთულეებსა და წინააღმდეგობას არასდროს აძლევს უფლებას, რომ მიზნისკენ სწრაფვა მნიშვნელოვნად შეაფერხოს. აქ ჩერჩილის სიტყვებს გვახსენებს და ამბობს, რომ ნამდვილი წარმატების მისაღწევად, მარცხის მარცხზე განცდის შემდეგ ენთუზიაზმის შენარჩუნებაა უმნიშვნელოვანესი. ალბათ ზუსტად ამიტომაცაა შეჩვეული სირთულეებს და წინააღმდეგობებს.
გიორგი აქტიურია გლობალური პოლიტიკის ჭრილშიც და ხშირად მოგზაურობს ევროპაში. ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან უკვე დიდი ხანია, საკმაოდ საფუძვლიანი და საინტერესო ურთიერთობები აქვს, რომელიც ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის საქმიანობის კონტექსტში ჩამოაყალიბა. ამას დაემატა ისიც, რომ ჯერ კიდევ მაგისტრატურაზე სწავლის დროს მისი კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების შესწავლას მოიცავდა. ამ საქმეში კი ევროკავშირის სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იყო.
გასულ თვეს მორიგი ვიზიტი ჰქონდა ევროპაში, სადაც 27 ქართველ ახალგაზრდასთან ერთად ბრიუსელს, ჰააგასა და სტრასბურგს ესტუმრა:
„ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში ვესტუმრეთ ისეთ ინსტიტუციებს როგორებიცაა: ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო, ევროპის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი და ევროკომის ეკონომიკური და სოციალურ კომიტეტი.
პროექტი ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდები ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუციების ფუნქციებსა და სამუშაო პროცესს გაეცნენ, ასევე საინტერესო იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტის გაცნობაც, რომელთა შესახებაც ამ ინსტიტუციებში ვიზიტისას ვრცლად ვისაუბრეთ.
საინტერესო იყო სტრასბურგში ვიზიტიც, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ევროპის ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა და ევროპარლამენტის ორგანიზებით იმართება. ამ ღონისძიებაზე საქართველოდან ჩვენი ორგანიზაციის მოწვევით, შესაძლებლობა მოგვეცა, ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენელ ასობით სხვა ახალგაზრდასთან ერთად სტრასბურგში გვემსჯელა ევროპისა და ევროკავშირის მომავალსა და სხვა ხედვებზე. საინტერესო იყო ისიც, რომ სტრასბურგში შევხვდით ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსსაც, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელია“, _ ამბობს სტატიის მთავარი გმირი.
გიორგი იმ ახალგაზრდების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მუდმივად ცდილობს, მისი ინტერესების არეალი და, შესაბამისად, ცოდნა გაიღრმავოს. როგორც თავად აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ძალიან დაინტერესებულია სტარტაპ ეკოსისტემის შესწავლით და ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილების მიღებით. ფიქრობს, რომ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია, რომელიც ერთბაშად ბევრი პარამეტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს ეკონომიკაში, ამიტომ სურს, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად შეისწავლოს.
ამბობს, ყველაზე მეტად ისეთი საქმეების კეთება მსიამოვნებს, რომელსაც საზოგადო სიკეთე და სარგებელი მოაქვსო. შესაძლოა, ეს სიკეთე მცირე მასშტაბის იყოს ან სულაც არ იყოს ბევრი ადამიანისთვის შესამჩნევი, თუმცა თუ თავად დარწმუნებულია, რომ მისი საქმით სხვა ადამიანებისა და ზოგადად საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს, არასოდეს ჩერდება და უდიდესი სიამოვნებით აკეთებს კიდევაც ამ საქმეს.
გასაკვირი არცაა, რომ ასეთ ადამიანს ერთადერთი, რისთვისაც არასდროს არაფერი ენანება, განათლებაა. ფიქრობს, რომ საკუთარ თუ სხვის განათლებაში დახარჯული დრო ან სხვა რესურსები ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ინვესტიციაა. დრო არ ენანება სიახლეების საძიებლად. ამბობს, სამყაროს განვითარების ტემპის გათვალისწინებით აუცილებელიც კია მუდმივად სიახლეების ძიებისა და სწავლის რეჟიმში ყოფნაო.
გვიმხელს იმასაც, რომ ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, კონცენტრაცია შეინარჩუნო და არასოდეს გაჩერდე მიზნის მიღწევამდე. ამასთან, ეს მარტივი არ არის, რადგან თითქმის ყოველთვის დიდ და კარგ საქმეებს უამრავი შემაფერხებელი ფაქტორი ახლავს თან. იმისთვის, რომ ყველა ეს ფაქტორი გაიარო, დიდი მოთმინება და მოტივაციაა საჭირო.
ერთგულება ის თვისებაა, რასაც გიორგი ყველაზე მეტად აფასებს ადამიანში. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან გარშემო არაერთი ასეთი ადამიანი ჰყავს და რომ არა ისინი, ალბათ, მისი საქმეები ვერ იქნებოდა ამდენად წარმატებული.
გვიტყდება, რომ არასდროს უნანია მსხვილი მასშტაბის გადაწყვეტილებები, ხოლო მცირე _ კი, თუმცა ამ დროს უფრო მნიშვნელოვანია არა ის მიზეზი, თუ რატომ ნანობს ამ გადაწყვეტილებას, არამედ ის, რომ დროულად და უმტკივნეულოდ გამოასწოროს შეცდომა.
მუდმივად გაწონასწორებულ გიორგის ყველაზე მეტად უპასუხისმგებლობა აღიზიანებს. ვერ იტანს ტყუილს, თუმცა უმეტესად ცდილობს, გაღიზიანება აქტიურად არ გამოხატოს და ყოველთვის სიმშვიდე შეინარჩუნოს.
იშვიათად, მაგრამ მაინც, როცა თავისუფალი დრო აქვს, ცდილობს, მეგობრებთან ერთად გაატაროს. როგორც ამბობს, ბევრი საინტერესო, სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და საქმიანობის მქონე მეგობარი ჰყავს, რომლებთან ერთად დროის გატარებაც ძალიან ეხმარება ყოველდღიური საქმიანობიდან განტვირთვასა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში.
იმისთვის, რომ საქმეში ან, ზოგადად, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიო და დასახულ მიზნამდე მიხვიდე, აუცილებლად უნდა იყო მაქსიმალისტი. ადამიანებმა უნდა სცადონ, რომ თითოეული დღისგან და შესაძლებლობისგან მაქსიმუმი მიიღონ, თუმცა ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ ასეთ სიტუაციებსაც სათანადოდ და მომზადებული შევხვდეთ.
ამბობს, რომ ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოტივაციას და მოლოდინებს. ამიტომ ცდილობს ყოველი ახალი დღის წინ სათანადოდ განეწყოს და იმ დღეს რაიმე ფუნქცია მიაჭინოს. ყოველი ახალი დღე მისთვის ახალი შესაძლებლობაა. ერთი მხრივ დრო იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს და მეორე მხრივ შანსი, რომ საზოგადოებისთვის რაიმე ფასეული გააკეთოს.
გიორგისთვის მისაბაძია ყველა ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი შრომითა და მონდომებით მიაღწია წარმატებას. ასეთი ადამიანებისგან გარდა იმისა, რომ მაგალითს იღებს, ბევრი რამის სწავლის შესაძლებლობაც აქვს.
კითხვაზე, თუ რა პრობლემას ხედავს იმ სფერო(ებ)ში, სადაც მოღვაწეობს და ზოგადად საქართველოში, შემდეგნაირად გვპასუხობს:
„მიუხედავად ზოგიერთი მიმართულებით შესამჩნევი პროგრესისა, ჩვენს ქვეყანაში კიდევ არაერთი პრობლემაა. მეხუთე წელია განათლების სფეროში ვმუშაობ და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები ჩემთვის ყველაზე თვალში საცემია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ სხვადასხვა ხელისუფლებისა თუ მინისტრის დროს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელებულიყო, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ხელშესახები პროგრესი ჯერ კიდევ არ გვაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ეს რეფორმები მოკლევადიან ეფექტზე იყო გათვლილი და სამწუხაროდ, მათ ავტორებს არ უფიქრიათ განათლების სფეროს უფრო გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებზე. მაშინ, როცა განვითარებული და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უმეტესობა საკუთარი რესურსების დიდ ნაწილს განათლების სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე მიმართავს, შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ყველაფრით ვერ დავიკვეხნით.
განათლების სისტემის დაბალეფექტიანობა დომინოს პრინციპით აისახება ეკონომიკის სხვადასხვა დარგსა და მთლიანად სახელმწიფოს წარმატებაზე.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სახელმწიფოს განვითარების გრძელვადიანი, მინიმუმ, 15-20-წლიანი სტრატეგიის განსაზღვრა, სადაც წამყვანი როლი განათლების სისტემის რეფორმირებას, ცოდნაზე დაფუძნებული და მწარმოებლური ეკონომიკის ჩამოყალიბებას ექნება. სახელმწიფოს განვითარების ასეთი სტრატეგიის არაერთი წარმატებული მოდელი არსებობს უკვე მსოფლიოში. მათი განხორციელებისთვის კი საჭიროა პოლიტიკური ნება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზება. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი და კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერანაირ ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწევს. არადა, ამის პოტენციალი საქართველოს ნამდვილად აქვს“, _ ამბობს ახალგაზრდა ეკონომისტი.
ადამიანს, რომელიც მუდმივად ახლის შეცნობისკენ ისწრაფის, ძალიან უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს, ალბათ ამიტომაც არის, რომ ამ სფეროში წარმატებულია.
ისედაც ხომ შეუძლებელია ადამიანი წარმატებული იყოს იქ, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობს(!). მიაჩნია, რომ თავისი საქმიანობით ყოველდღიურად უამრავ რამეს სწავლობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, რადგან ჯერ კიდევ განვითარებისა და სწავლის ეტაპზეა. ასეთ დროს კი დინამიკური და მუდმივად სიახლეზე ორიენტირებული საქმიანობა უფრო უწყობს ხელს მისი ჩამოყალიბების პროცესს.
ახლა ახალგაზრდობის ის ეტაპი აქვს, რომელიც ყველა ადამიანისთვის გამორჩეულია ცხოვრებაში. ბოლო წლები განსაკუთრებულად დაუვიწყარი აღმოჩნდა მისთვის. ამბობს, კონკრეტული მიმართულებით ცოდნის მიღების გარდა, ძალიან დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იღებს, რაც, ალბათ, სამომავლოდ მნიშვნელოვნად გამოადგება. სწორედ ამიტომ, ცხოვრების ამ ეტაპისგან ძალიან დიდი მოლოდინები აქვს.
რაც შეეხება საკუთარი თავის პოვნას, როგორც სტატიის მთავარი გმირი ამბობს, ამჟამინდელი საქმიანობა და ცხოვრების სტილი, ჯერ კიდევ, წლების წინათ ზუსტად ასე წარმოედგინა. სკოლის პერიოდიდანვე იცოდა, თუ რა უნდოდა, სად და რა უნდა ეკეთებინა. თუმცა მაინც არ მიაჩნია, რომ ცხოვრებაში საკუთარი თავი ნაპოვნი აქვს. ამბობს, ასე რომ იყოს, ალბათ, არ ვიქნებოდი ასეთი მოტივირებული და მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებულიო. ფიქრობს, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი თავის ძიებაშია. მთავარია, ეს ყველაფერი სწორი გზით და საინტერესოდ წარმართოს.
ხშირად ადამიანები თავიანთ წარუმატებლობას ქვეყნის მდგომარეობას აბრალებენ, გიორგი კი სხვაგვარად ფიქრობს:
„სამყაროს განვითარებასთან ერთად შესაძლებლობების არეალი იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევის შანსებსაც ზრდის. მგონია, რომ დღეს ყველას ბევრად მეტი შანსი აქვს, წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე 10 ან 20 წლის წინათ. თუმცა, ამავე დროს, ძალიან მზარდია კონკურენცია მსოფლიო მასშტაბით, ამან კი რთულია, ადამიანს მოდუნების საშუალება მისცეს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ახალგაზრდას ვიცნობ. ხშირად ვსაუბრობ ხოლმე მათთან სამომავლო პერსპექტივებზე და წარმატების მიღწევის შანსებზე. ცალსახად მგონია, რომ ქვეყანას, სადაც ცხოვრობ და მოღვაწეობ, უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის განვითარებასა და წარმატების მიღწევის შანსებზე. სხვებთან შედარებით მგონია, რომ საქართველოში ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ აქ მასშტაბები თითქმის ყველაფერში ძალიან მცირეა, სათანადო მონდომების შემთხვევაში, ვფიქრობ, აქაც ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.
თუმცა სამწუხაროა, რომ ბევრი ახალგაზრდა საქართველოშიც აწყდება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პრობლემებს. გამონაკლისი არც მე ვარ. უმთავრესი პრობლემა, ალბათ, ნეპოტიზმია, რომელიც თითქმის ყველგან გვხვდება და ბევრ ახალგაზრდას მნიშვნელოვნად აბრკოლებს. ნეპოტიზმის მსხვერპლი მეც ვყოფილვარ, თუმცა ამ დროსაც ვცდილობ, რომ მოტივაცია არ დავკარგო, სამართლიანობისთვის და უკეთესობისთვის ვიბრძოლო“.
ამ ეტაპზე ახალგაზრდა, წარმატებული და მოტივირებული დოქტორანტის ძირითადი გეგმები აკადემიურ განვითარებას უკავშირდება. ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დოქტორის ხარისხის წარმატებით დაცვაა.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად არაერთ პრობლემას ეჯახება, ამბობს, რომ საკუთარ ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა და მეორე შანსი რომ ჰქონდეს, ისევ საქართველოში დაიბადებოდა. მიუხედავად, იმისა რომ ბევრს მოგზაურობს და უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი, რატომღაც, ვერ წარმოუდგენია სხვა ქვეყანაში სამუდამოდ ცხოვრება, მით უმეტეს, დაბადება. ეპოქას რაც შეეხება, XXI საუკუნეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და დინამიკურ ეპოქად მიიჩნევს, ამიტომ სხვა წლებსა და მით უფრო, გარდასულ ეპოქებში დაბადებაზე არც უფიქრია.
კითხვაზე, თუ რა იქნება საზოგადოებისადმი მისი გზავნილი, გიორგი გვპასუხობს:
„საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სიღრმისეულად და საფუძვლიანად გაიაზრონ ის გამოწვევები, რაც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშეა დღეს. ამის გათვალისწინებით კი მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ განვითარდნენ და ქვეყნის წარმატებაში წვლილი შეიტანონ“.

ნინო ტაბაღუა