„მეამაყება, რომ ჩემი თოჯინები ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ“

არტ-ნამუშევრების (ფოტოსურათი, ნახატი, ქანდაკება და სხვ.) კონკურსში, რომელიც ოჯახურ ძლადობას მიეძღვნა, მხატვარმა და მეთოჯინე თეა გუნთაიშვილმა გაიმარჯვა და მისმა ნამუშევარმა სახელწოდებით „ჩვენ გავექეცით ძალადობას“ პირველი ადგილი აიღო.
თეა 3 წლიდან ხატავს და ყველაზე ბედნიერად მაშინ გრძნობს თავს, როდესაც თოჯინების კეთებას იწყებს. შექმნილი აქვს თითქმის ყველა ლეგენდარული ქართველი მსახიობი ქალის თოჯინა, რომელსაც მარგალიტები დაარქვა.
„ჩემი თერაპიაც, წამალიც და ექიმიც ჩემი თოჯინებია, მე მათ ველაპარაკები, ყველა საიდუმლო იციან. ჩემთან ერთად იცინიან და ტირიან. ჩემი თოჯინები ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ“, _ გვითხრა თეამ.

ოჯახი, ვისთვისაც ხელოვნება განძი იყო

ხელოვნებისადმი სიყვარულს ჩემი ოჯახი ბავშობიდან მინერგავდა, ვიზრდებოდი იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისთვისაც ხელოვნება უდიდესი განძი იყო. მე ვარ ოჯახში მეოთხე თაობა, ვინც ხელოვნებას ემსახურება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი დიდი ბაბუა, ერმილე გორდელაძე, რომელიც გახლდათ ხელოვნების სამმართველოს უფროსი და რუსთაველის თეატრის დირექტორი. 1937 წელს ის დახვრიტეს და მისი მეუღლე გადაასახლეს. ბაბუა ირაკლი გორდელაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, პლაკატის სახელოსნოს ხელმძღვანელი იყო, ხოლო დედა, მანანა გორდელაძე, ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი, მოსე თოიძის სასწავლებლის დამსახურებული პედაგოგი.
ხატვა 3 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი თამაში და გართობაც იყო, მხოლოდ და მხოლოდ, ხატვა. ბაბუა ხშირად ამბობდა, რომ მე მის გზას გავაგრძელებდი. მიმიყვანეს სამხატვრო სკოლაში, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. შემდეგ იყო თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი და მე მქონდა ბედნიერება, რომ მთელი ის წლები უდიდესი მხატვრების გარემოცვაში გამეტარებინა. ამ ადამიანებთან ერთად ვიზრდებოდი და ვყალიბდებოდი პროფესიონალად.
აკადემიაში 6-წლიანი სწავლის შემდეგ სწავლა გავაგრძელე ასპირანტურაში. შემდეგ დავიწყე მუშაობა სამხატვრო აკადემიის ქანდაკების კათედრაზე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი გამოცდილებაც და გამოცდაც. მე უკვე ვიდექი მათ გვერდით, ვინც ჩემთვის საამაყო ადამიანები იყვნენ, ირაკლი გორდელაძე, გოგი წერეთელი, დინარა ნოდია, დიმა ერისთავი, ქეთი სანებლიძე, ემირ ბურჯანაძე და ბევრი სხვა.
ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ახალი ეტაპები იწყება, ეს იყო სწორედ ის ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე, მეგობრების რჩევით მესწავლა პიარსკოლაში. ყოველთვის გამოვირჩეოდი მეგობრების წრეში ორგანიზატორობით, მიყვარდა დღესასწაულების დაგეგმვა, გამორჩეული და ზოგჯერ გიჟური იდეებიც მაწუხებდა. მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემს პროფეიასთან ერთად, პიარში მეცადა ბედი.
თოჯინებმა მთელი ცხოვრება შეცვალა

ჩემი მეორე სიცოცხლე დაიწყო მას შემდეგ, რაც თოჯინების კეთება დავიწყე. ეს იყო პატრიარქ ილია მეორის ქადაგების შემდეგ. რა თქმა უნდა, თავიდან გამიკვირდა, რატომ თოჯინები? მაგრამ მალევე მივხვდი, რატომაც. თოჯინებთან ურთიერთობა რაც დავიწყე, ძალიან შევიცვალე, ადამიანებს სხვა თვალით ვუყურებ და მათში ყოველთვის კარგს ვეძებ.
თოჯინა ხომ ბავშობასთან ასოცირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც იყო მძიმე პერიოდი, _ სამ წელიწადში დავკარგე მამა, ბებიები და ეს იყო ჩემი ტკივილი, რომელსაც ვერავის მოვახვევდი თავს. აი, ამის შემდეგ დავიწყე თოჯინების კეთება. იმ პერიოდში, ალბათ, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც…
ჩემი პირველი თოჯინა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან ოლღა ბებია იყო. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოშობით გურული ვარ და ბებიები გურულები მყავდა, ოლღა ბებიას თოჯინა მათ ხსოვნას მივუძღვენი, ოლღაც ხომ მთელი საქართველოს ბებია იყო.

ქართველი დედოფლების თოჯინები _ პატრიარქს

ოთხი ქართველი დოდოფლის თოჯინა პატრიარქს გადავეცი საჩუქრად, ასევე ჩემი ფერწერული ნამუშევარი _ ბორჯომის ტიმოთეს უბნის ეკლესიას, რომელიც პირველი ტაძარი იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც დავხატე. ეს იყო 9 აპრილის პერიოდი, როდესაც ყველანი დაძაბულები და განადგურებულები ვიყავით. მე სიმშვიდეს ჩემს ნამუშევრებში ვპოულობდი. პატრიარქმა პირადად დამლოცა და მირჩია, რომ ეს საქმე არასოდეს დამევიწყებინა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიცხოვრო ჩემი თოჯინების გარეშე.
უდიდესი ემოციაა, როდესაც ვიწყებ თოჯინების კეთებას. განსაკუთრებულად ვემზადები და ვნერვიულობ. ჩემს პერსონალურ გამოფენას „მარგალიტები“ დავარქვი. გაკეთებული მქონდა ქართული კინოფილმების თითქმის ყველა პერსონაჟი და მხოლოდ ქალბატონები (ფუფალა, ოლღა ბებია, მარგალიტა, ჭრიჭინა, მრეცხავი ვარდო, მაია წყნეთელი და ა. შ). მიმაჩნია, რომ ეს ქალბატონები საქართველოს მარგალიტები არიან, ამ ადამიანებმა შეგვაყვარეს ქართული ფილმი.
ყოველდღე რთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მოვდივარ სახლში და მინიმუმ 3 საათი მაინც თოჯინებთან ვატარებ, უკვე ჩემს კოლექციაში 70-მდე თოჯინაა, მაგრამ ძალიან ბევრი გასხვისებული მაქვს და მეამაყება, რომ ჩემი თოჯინები ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ.
არაერთი საერთაშორისო გამოფენისა და ფესტივალის მონაწილე ვარ, ეს ჩემი თოჯინების დამსახურებაა. ასევე ემიგრანტებთან არის ჩემი თოჯინები და ეს მე ძალიან მახარებს. საფრანგეთში, სტრასბურგში, შვეიცარიაში ქალაქ ჟენევაში გაეროს შტაბბინაში, დიდ ბრიტანეთში ლონდონში, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში,. ნიუ-ორკში გაეროს შტაბბინაში და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, საქართველოში ყოველთვის აქტიურად ვერთვები ჯგუფურ გამოფენებში. ზურა წერეთლის ხელოვნების მუზეუმში მეთოჯინეთა საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომლის მონაწილეც ვარ. ჩემი ყველაზე დიდი თოჯინა არის ჩარლი ჩაპლინი, რომელიც 1.20 სიმაღლისაა, ყველაზე პატარა თოჯინა კი 25 სანტიმეტრიანია. ჩემი უსაყვარლესი თოჯინების კომპოზიცია არის „უთქმელი“, რომელიც მუზეუმების გაერთიანების პროექტის მიხედვით გავაკეთე. იგი ასახავს ჩემი დიდი ბებიის, ოლია დადიანის ოჯახის ისტორიას. ზემოთ აღვნიშნე, რომ ჩემი ოჯახი რეპრესირებულია და დედაჩემის ბებია გადასახლებიდან წლების შემდეგ ჩამოვიდა, როდესაც შვილიშვილები პატარები იყვნენ. მას 10 წლის ერთადერთი შვილი დაატოვებინეს და იგი გაზრდილი და დაოჯახებული დახვდა.

ემიგრანტი თოჯინები

ჩემი კომპოზიცია ასახავს ბებიისა და შვილიშვილის განცდას და უთქმელ სიყვარულს. ამავდროულად, ხელსაქმის სიყვარულიც დედას ბებიამ ასწავლა, რომელიც ძალიან კარგად ქარგავდა. ოთახის დეკორაციაც შეძლებისდაგვარად დედას მოგონებებით გავაკეთე. ასევე საჩუქრად გადავეცი ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს მისი თოჯინა, ბატონ ზურა წერეთლს, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო. ჩემი თოჯინები ქართველი ემიგრანტების ოჯახებში ინახება, ასევე მაქვს მამაკაცების თოჯინები სხვადასხვა კუთხის ქართულ სამოსში.
საკუთარ თავში სულ ვეძებ სიახლეებს, ახლა დავიწყე მინიატურული თოჯინებისა და დეკორაციების გაკეთება. ამჟამად ვაკეთებ ფიროსმანის სახლმუზეუმს. მოგეხსენებათ, ეს წელი გამოცხადებულია ნიკო ფიროსმანის წლად. მინიატურა ჩემი სუსტი წერტილია. ბავშვობიდან ვაგროვებ ნივთებს. ჩემი მინიატურურების კოლექცია მრავალფეროვანია. ალბათ ეს იყო შთაგონება ამ ახალი წამოწყებისა.
ხომ გითხარით, თოჯინები ბავშვობას მაგონებს, მეც დიდი ბავშვი გავხდი. ალბათ, ეს ყველაფერი ჩემი ბავშვობის მოგონებებია. მე ისეთივე ლაღი ვარ, როგორც ბავშვობაში ვიყავი. ჩემი თერაპიაც, წამალიც და ექიმიც ჩემი თოჯინებია, მე მათ ველაპარაკები, ყველა საიდუმლო იციან. ჩემთან ერთად იცინიან და ტირიან.

თოჯინები იცინიან

არაერთ ჯგუფურ გამოფენაში ვმონაწილეობ. მიხარია, მეთოჯინეები უკვე ძალიან ბევრნი ვართ, ეს საქმე პოპულარული გახდა. ერთი, რაც მინდა ყველას ვუთხრა, კონკურენტებათ არც ერთ მეთოჯინეს არ მივიჩნევ, ჩვენ ყველას საკუთარი სამყარო გვაქვს, ყველანი ბავშობიდან მოვდივართ, ჩვენს ემოციას ვდებთ ნამუშევრებში და შესაბამისად ყველა თავისებურად ლამაზია. წარმატებები მათ! ბევრი სიყვარული და პოზიტივი თუ გვექნება, ადამიანები უამრავ ემოციას გადმოვცემთ ჩვენი ნამუშევრებით.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანის პროტოტიპს ვაკეთებ და მისი ხასიათი თუ ემოცია გადმომაქვს თოჯინაში. გაკეთებული მაქვს ბევრი ცნობილი ადამიანის თოჯინა, მათ შორის: თამარ ნადირაძის, ელისო ბოლქვაძის, ზურა წერეთლის, ბაბუის _ ირაკლი გორდელაძის, ზურა შევარდნაძის, მაია მიქაშავიძის, ლალი ტოტიკაშვილის, ზურა ვადაჭკორიასი და ა. შ.
მეორე პერსონალური გამოფენა ჩემს მეგობრებს მივუძღვენი და დავარქვი „თოჯინები იცინიან“, რადგან თავიანთ თოჯინებთან ერთად ყველა ის ცნობილი ადამიანი იცინოდა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე.
პოლიტიკოსების თოჯინები არ მაქვს და არ ვიცი, გავაკეთებ თუ არა. ზოგადად, არასოდეს ვიცი, რის გაკეთებას დავიწყებ და რას დავამთავრებ. რამდენიმე ნამუშევარს ერთად ვაკეთებ. ახლა ფიროსმანის მუზეუმსა და ბოშათა ბანაკზე ვმუშაობ.

გიორგი საკარული