გარემოს დაცვა სამინისტროსა და კანონის ფარგლებში

კანონი და სამინისტრო _ ორი ძალა, რომლის მიზანიც კანონის დარეგულირება და მოწესრიგებაა. ერთი საკითხია კანონისა და სამინისტროს არსებობა და მეორე საკითხია, რამდენად ეფექტიანია ის და, რეალურად, მუშაობს თუ არა? ეს ორივე ძალა ორიენტირებული უნდა იყო პრობლემის დანახვასა და მისი პრევენციის გზების ძიებაზე. ამ მხრივ ყველა ქვეყნის გამოცდილება განსხვავდება. კონკრეტულ ქვეყანაში კი განსხვავდება კონკრეტული სფეროს გამოცდილება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთ-ერთია ქვეყანაში მოქმედ სამინისტროებს შორის. რა ნაბიჯებს დგამს ის ჯანსაღი გარემოს ფორმირებისა და არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად?

„ქრონიკა+“ ესაუბრება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროგრამების მენეჯერ კახა ბახტაძეს:
_ რა სახის გარემოსდაცვით პროგრამებს უწევს სამინისტრო ორგანიზებას?
_ ძირითადად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე მუშაობს. დღეს ამ სამინისტროს ეწოდება „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, მაგრამ მანამდე მისი სახელწოდება გახლდათ „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტო“. მის კომპეტენციაში შედიოდა და დღესაც შედის დაცული ტერიტორიების მართვის საკითხები. ყველა იმ დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა, რომელიც საქართველოს ფარგლებში არსებობს, ეკისრება აღნიშნულ სამინისტროს. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ტყის რესურსების მართვა. ზოგადად, ყველა ტიპის რესურსის მართვა შედის მის მოვალეობაში, მაგრამ ტყის რესურსი არის გამოყოფილი და არსებობს სატყეო სააგენტო, ასევე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკის განსაზღვრაზე. თვითონ სატყეო სააგენტო მთელი საქართველოს ფარგლებში არსებული ტყეების მართვას მოიაზრებს.
სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა და ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მანამდე სამინისტროში არსებობდა ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი, სადაც შედიოდა მიწის რესურსების, ტყის რესურსებისა და ჰაერთან დაკავშირებული საკითხები, _ ამ მიმართულებებით პოლიტიკის განსაზღვრა. გარდა ამისა, არსებობს კიდევ გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ჰაერის დაბინძურების მონიტორინგზე, წყლის რესურსების მონიტორინგზე (ზედაპირული წყლები და მიწის ქვეშა წყლები) და მანამდე კიდევ იყო პასუხისმგებელი გეოლოგიასა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის საკითხებზე. ბოლო რეორგანიზაციამდე სამინისტროში ფუნქციონირებდა წიაღის დეპარტამენტი, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ნაწილი იყო. თუმცა წიაღის რესურსებთან დაკავშირებული საკითხები ახლა ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტროს კომპეტენციაშია გადასული. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაზეც დღეს აღნიშული სამინისტრო მუშაობს. აქვე უნდა დავამატოთ ნარჩენების მართვისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ცალ-ცალკე მიმართულებებად არის ჩამოყალიბებული და შესაბამისი სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება. აუცილებელია, ვახსენოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ამ სამსახურის ამოცანა გახლავთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აქტივობების განხორციელება, რომ არ მოხდეს დარღვევები _ იქნება ეს ხე-ტყის უკანონო ჭრა, უკანონოდ წიაღისეულის მოპოვება, გარემოს დაბინძურება _ ყველა ამ და სხვა დარღვევებზე პასუხისმგებელია აღნიშნული სამსახური.
_ რას აკეთებს სამინისტრო შესაბამის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და კომპეტენტური კადრების არსებობისთვის?
_ თვითონ სამინისტროში გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი არსებობს. ეს არის სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახლავთ. სწორედ მისი ამოცანებია გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით მუშაობა. ეს ცენტრი სასწავლო მოდულების შემუშავებაში მონაწილეობს, რომელიც შემდგომ სკოლებში ისწავლება. ასევე ორგანიზებას უწევს თემატურ ტრენინგებს, რომელიც გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზე მომუშავე ადამიანებისთვის ტარდება. ასევე სხვადასხვა ტიპის პროექტის ფარგლებში ახორციელებს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულების კომპონენტებს.
-რამდენად უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის მიღება?
სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, თუ ჩვენ არ მივედით ფასიან ინფორმაციამდე და მონაცემებამდე. არსებობს მონაცემები, რომელზე ხელმისაწვდომობაც რთულია სწორედ იმიტომ, რომ ის გარკვეულ თანხებს უკავშირდება. თუმცა თუ სამინისტროში გარკვეული ინფორმაციაა, რომლის მიღების სურვილიც მოქალაქეს აქვს, დაინტერესებული პირისთვის მისი მიღება შესაძლებელია _ იქნება ის იურიდიული, თუ ფიზიკური პირი, მას შეუძლია, ინფორმაცია გამოითხოვოს. მაგრამ კიდევ არსებობს ერთი საკითხი _ რა ტიპის ინფორმაციას ითხოვს მოქალაქე? ხშირად, როდესაც ჰიდროლოგიურ-მეტეროლოგიურ მონაცემებზე ვსაუბრობთ (ეს ქსელი საბჭოთა კავშირის დროს არაერთხელ მოწესრიგდა და დაიშალა), ამ მონაცემებშიც არის მნიშვნელოვანი წყვეტები და ხშირად არ გახლავთ იმ ხარისხის მასალა, რომლის საჭიროებაც არსებობს. ეს ეხება არა მხოლოდ ჰიდროლოგიურ/მეტეოროლოგიურ/გეოლოგიურ მონაცემებს, ასევე გარემოს დაბინძურების მონაცემებს, სატყეო მონაცემებს, ანუ ნებისმიერი ტიპის მონაცემები, რომელიც სჭირდება ადამიანს, ხშირად არ არის ხელმისაწვდომი იმის გამო, რომ მონიტორინგის სისტემა კარგად არ მუშაობს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან, კვალიფიციურ კადრებთან. ამ მიზეზების გამო შესაძლოა, სასურველი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდეს.
_ სამინისტრო როგორ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან?
_ ძალიან აქტიურად. ბევრი პროექტი, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით ხორციელდება, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებულია. მათ დიდი ინტერესი აქვს გარემოსდაცვითი საკითხების მხრივ. თვითონ გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი სანამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს შეუერთდებოდა, მანამდე ძალიან მწირი იყო. შემდეგ მაჩვენებელი იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა. თუმცა, დღესდღეობით, ეს ბიუჯეტი მაინც არ არის ძალიან დიდი (გარემოს დაცვის მიმართულებით) და ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ძირითადად, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ახორციელებს სამინისტრო აუცილებელი მიმართულებების პროგრამებს.
_ სტატისტიკურ და ანალიზურ მასალებს თუ უზრუნველყოფს?
_ სხვადასხვა სტატისტიკური მასალის მოძიება ნამდვილად შესაძლებელია. წვდომა მქონდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციებთან და ძალიან საჭირო მონაცემები მივიღე. ეს სააგენტო გარკვეულ სტატისტიკებს აწარმოებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც აქვეყნებს გარემოს მონიტორინგის შედეგებს იმ ფარგლებში, რა სახის მონიტორინგიც მიმდინარეობს. რაც ხორციელდება, ის შედეგები აბსოლუტურად ხელმისაწვდომია. საერთაშორისო დოკუმენტებისა და კვლევების ნახვა შესაძლებელია როგორც სამინისტროს ვებგვერდზე, ისე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე. მხოლოდ საჭიროა მიმართულების ცოდნა, თუ სად მოვიძიოთ კონკრეტული ტიპის ინფორმაცია.
_ საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ ეფექტიანია?
_ გარემოსდაცვითი კანონმდებლობა საკმაოდ ბევრს სფეროს მოიცავს და, შეიძლება ვთქვათ, გარკვეული მიმართულებებით კარგად მუშაობს, სხვა საკითხებში კი _ ნაკლებად. გარკვეულწილად, აღსრულება ჭირს. სატყეო მიმართულებით რეფორმები მიმდინარეობდა, პოლიტიკა და სტრატეგია შემუშავდა, მაგრამ ყველაზე მთავარი _ გეგმების აქტიური გახორციელება, ხშირად, ვერ ხერხდება. არის კიდევ საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურება ან გარემოში ისეთი ჩარევა, რომელსაც მასზე უარყოფითი გავლენა აქვს. ამის ზედამხედველობა და აღსრულებაც საკმაოდ რთულია. ესეც, ალბათ, იმაზე არის დამოკიდებული, რომ მონიტორინგის ქსელი სუსტია.
_ ვის შეაქვს ცვლილებები კანონში?
_ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიცირება, შეიძლება, სამინისტრომ განახორციელოს, შეიძლება _ მთავრობამ (მაგალითად, როდესაც რეფორმები იწყება და მათი დაგეგმვა გარკვეულ ცვლილებებს უკავშირდება. ცალკე პრობლემაა თვითონ ამ ცვლილებების აღსრულება და აღსრულებაში გარკვეული ტიპის პრობლემები ნამდვილად გვაქვს).

1996 წლიდან არსებობს საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ. კანონის ძირითადი მიზნებია:
• განსაზღვროს გარემოს დაცვის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპები და ნორმები;
• დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები _ ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი;
• უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით და ა. შ.

კანონის ძირითადი ამოცანებია:
• დაიცვას და შეინარჩუნოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემო;
• სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვა;
• სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
• უზრუნველყოს საზოგადოების ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების ოპტიმალური ურთიერთთანაწყობა (ჰარმონიული შეხამება);
• სამართლებრივად უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მართვა გარემოს პოტენციური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;
• უზრუნველყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ერთიანი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება.
რაც უფრო ხარისხიანია კანონი და რაც უფრო ეფექტიანია კონკრეტული სამინისტროს მუშაობა, ბუნებრივია, მით მეტად ძლიერია კონკრეტული სფერო. ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა საზოგადოების ჩართულობისთვის მთავარი მოქმედებებია. იმისთვის, რომ მიმართულება იყოს ძლიერი და უწყვეტად ვითარდებოდეს, საჭიროა თანამშრომლობა, რომელსაც უზრუნველყოფს კანონი და რომლის ხარისხისთვისაც მუშაობს სამინისტრო.

მარიამ ტიელიძე