„კახა თარგამაძე – დმანისელი ზეზვა თანამედროვე მეგაპოლისში.“

Capturehg

კახა თარგამაძის მოქალაქეობის გამო ატეხილ ამბავს ვინ არ გამოეხმაურა, ვინ დაგმო საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მისთვის უარის თქმა, ვინ მოიწონა გიორგი მარგველაშვილის პოზიცია და ნელნელა ირწმუნა, რომ უფლებებშეკვეცილ პრეზიდენტსაც შეუძლია ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის გაკეთება. გამოხმაურებებს შორის, განსაკუთრებული პათოსი ჰქონდა ყოველთვის რადიკალური შეფასებებით ცნობილ დავით ზურაბიშვილის, რომლის განცხადების ტესქტსაც „ქრონიკა+“ უცვლელი სახით გთავაზობთ:

„ სააკაშვილის ხელისუფლება ჩემთვის იყო პრინციპულად მიუღებელი, როგორც ადამიანის ღირსების შემლახავი და ძალადობაზე დაფუძნებული ავტორიტარული რეჟიმი. მაგრამ როგორი მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო ის რეჟიმი, ფაქტია, რომ მისი ცხრაწლიანი მმართველობის დროს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. კერძოდ, პოლიტიკოსების და საზოგადოებრივად აქტიური პერსონების მიმართ დღეს ცოტა განსხვავებული დამოკიდებულებაა, განსხვავებული სტანდარტებია, ვიდრე ეს იყო ათი წლის წინ. ჩემის ღრმა რწმენით, ეს ცვლილებები უფრო დრომ მოიტანა, ვიდრე სააკაშვილის მმართველობამ, „ნაცმოძრაობის“ მომხრეები, ალბათ (ალბათ, კი არა, დანამდვილებით) პირიქით ფიქრობენ, მაგრამ კონკრეტულად ამ სტატუსისთვის ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. არსებითი მნიშვნელობა კი აქვს იმას, რომ კახა თარგამაძე თავისი შეხედულებებით, ღირებულებათა სისტემითა და დამოკიდებულებებით არის მთლიანად იმ პერიოდში ჩარჩენილი, რომელიც ჩვენ, მთელმა ქვეყანამ უკვე ათი წელია გავიარეთ. მისი ინტერვიუები, გამოხმაურებები და რეპლიკებიც ამას ცხადყოფს.ეს არ ნიშნავს, რომ ის ბრუტალურად ბოროტია, ან რაღაც ისეთი საშინელებები აქვს ნაკეთები, რომლის მსგავსიც არ გვსმენია. აქ, მისი პიროვნების ავ-კარგზეც არაა ლაპარაკი და შეიძლება სხვას უარესი მინუსებიც გამოვუჩხრიკოთ. უბრალოდ, თარგამაძის ტიპაჟი დღევანდელ ქართულ რეალობაში ისევე გამოიყურება, როგორც, ვთქვათ, შეიძლება გამოიყურებოდეს დმანისელი ზეზვა თანამედროვე მეგაპოლისში. ის მთლიანად ამოვარდნილია ეპოქის კონტექსტიდან, მისი ლექსიკა მთლიანად გაჟღენთილია ოთხმოცდაათიანების მიწურულის ნოსტალგიით და “ეჰ-დროზე-უნდა-მოგვეგრიხა-ამ-სოროსელებისთვის-კისერი” დისკურსით. ერთადერთი აზრი, რაც მისი მოსმენისას მიჩნდება, არის ის, რომ “ეს ისევ იქაა”. და ამ სიტუაციაში კახა თარგამაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება (არა ნატურალიზაციის წესით, არამედ ორმაგი მოქალაქეობის, დაშვებით, რაც ამ პიროვნების დამსახურებასა და აქტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას გაუსვამდა ხაზს), იქნებოდა, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირი გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენთვის ასეთი პერსონები, ასეთი ღირებულებებისა და შეხედულებების მატარებელი ფიგურები მნიშვნელოვანია და ანგარიშგასაწევი. და რა ქვეყანა შეიძლება აშენდეს ასეთი „ანგარიშგასაწევი“ პერსონების ხელით, ეს უკვე ვიცით. ნანახი გვაქვს. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება კახა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმისა, არის არა უბრალოდ სწორი, არამედ სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. იმ ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი და რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის პრეტენზია გააჩნია.“