იქ, სადაც ოდესღაც საქართველო იყო…

იქ, სადაც ოდესღაც საქართველო იყო, დღეს აზერბაიჯანული დროშა ფრიალებს.
იქ, სადაც ადრე ქართული საუბარი ისმოდა, დღეს აქა-იქ ისმის.
იქ, სადაც ადრე ქართული გალობა ისმოდა, დღეს მოლა უხმობს მლოცველებს…

ამბავი იმისა, თუ რა ხდება კახში _ ქალაქში, რომელიც დღეს აზერბაიჯანს, ადრე კი საქართველოს ეკუთვნოდა…

კახის შესახებ მეტი ისტორიული ცნობები მაშინ შევიტყვე, როცა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ერთი ჯგუფელი კახიდან ჩამოსული დამხვდა და მათ ცხოვრებაზე, ისტორიასა და რელიგიის შენარჩუნების ამბებზე ცნობები მოგვაწოდა. იმ დროიდან მოყოლებული მინდოდა, ამ ისტორიულ ადგილს ვწვეოდი და მემოგზაურა. სულ რამდენიმე დღის წინ ავისრულე ოცნება და ქართულ ჯგუფთან ერთად კახს ვეწვიე.
სანამ უშუალოდ მოგზაურობაზე გადავალ, მცირე ცნობები კახის შესახებ:
კახი (აზერ. Qax) არის კახის რაიონის ცენტრი. გაშენებულია მდინარე ქურმუხჩაის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ქალაქის მიდამოებში განვითარებულია მეთამბაქოეობა, მებაღჩეობა და მებაღეობა.
ისტორიულად კახი საქართველოს აღმოსავლეთ განაპირა პროვინცია ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. 1918-1921 წლებში კახი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზაქათალის ავტონომიურ ოლქში შედიოდა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაციამ ზაქათალის, კახისა და ბელაქნის რაიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მითითებით კი კახის რაიონი ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებთან ერთად უკანონოდ ჩამოაშორეს საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცეს.
საგულისხმოა, რომ კახი, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო დაბა, წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნის დასაწყისში კაკის სახელით. პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს ჰერეთის აღმოსავლეთი განაპირა თემი კაკი ჩამოართვა და წახურელ ლეკებს გადასცა. კაკი იყოფოდა 3 ნაწილად: კახ-ბაში, კახ-ინგილო და კახ-მუალი. XVIII საუკუნის I მეოთხედში კაკში საბოლოოდ ჩამოყალიბდა წახურელ ლეკთა ე. წ. უბატონო თემები (ელისუს, ყარადულაკის, სუვაგილისა და წახურის), რომელთაც კახეთის სამეფოს საკმაოდ დიდი ნაწილი თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს და დაიმორჩილეს. ამით საფუძველი ჩაეყარა შემდგომი დროის ელისუს სასულთნოს, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ზაქათალის ოლქის სახით.
მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, როცა უკვე იცი, რომ ამ მხარის საქართველოსთვის ჩამორთმევასა და მეზობელი აზერბაიჯანისთვის გადაცემაშიც „ერთმორწმუნე“ და „საყვარელი“ რუსეთის ხელი ურევია, რთული არაა, ყველა ის „სიკეთე“ ერთად გაგახსენდეს, რაც ამ „ერთმორწმუნე“ ერს საქართველოსთვის „დაუმადლებია“! ამის გახსენების შემდეგ კი შანსი არაა. გემრიელად არ შეუკურთხო და „დალოცო“ და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელო გზა კახისკენ, ისტორიული ჰერეთისკენ.

***
დილის 07:00 საათზე კახისკენ მიმავალ გზას ქართველ ჯგუფთან ერთად დავადექი. უკვე 11:00 საათი იქნებოდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აღმოვჩნდით, ქართული მხარის პასპორტ კონტროლიც გავიარეთ და იმ ხიდს გავუდექით, ახლა რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს აერთიანებს.
ხიდის ქვეშ დამშრალი და რუდ შერჩენილი ნამდინარევი გადის. თავად ხიდი კი შელახული და ოდესღაც მოაჯირშეღებილ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.
ბუნებას აქაც თავისი უქნია და იმდენად დამატყვევებელი სილამაზით აღმართულა მთები და გორაკები ირგვლივ, რომ ამის შემხედვარე შეიძლება იქ დარჩენაც მოგინდეთ… ცოტა ხანს მაინც…
მწვანეში ჩაფლული გარემოს შემდეგ მეორე საზღვარი, აზერბაიჯანის მხარე იწყება, ოთხკუთხა თაღის კონსტრუქციის მარცხენა მხარეს აზერბაიჯანის დროშაა აღმართული, საზღვარი პასპორტ და ბარგის კონტროლით უნდა გაიაროთ. ამის მერე მეორე მხარეს პატარა სავაჭრო ჯიხურებს ნახავთ, რომელიც მიჯრითაა ჩამწკრივებული, აქ ცივ სასმელებს და სასუსნავებს ყიდიან. ჯოჯოხეთურად არა, მაგრამ არც ძალიან ნაკლებად ცხელა. ძირითადად აზერბაიჯანულად საუბრობენ, თუმცა სადღაც ქართულ სიტყვასაც მოკრავთ ყურს. საზღვარზე სატვირთო მანქანები რიგში დგანან.
ცოტა ხნის შეყოვნების შემდეგ ჩვენც გავუდექით კახისკენ გზას. კლიმატი, ბუნება და შენობები თითქმის ისეთი იყო, როგორც საქართველოს რომელიმე რაიონში, მაგალითად, ხობში. მხოლოდ, ჩვენგან განსხვავებით, შიგადაშიგ მცირე სიმაღლის, ქვითნაგებ კოშკებს ნახავთ, ზედ აღმართული აზერბაიჯანის დროშით.
კახში შესვლისას ასევე მუქნაცრისფერ კოშკზე თეთრი ასოებით წაწერილ QAX-ს შეამჩნევთ, გვერდზე აზერბაიჯანული წარწერით _ უკვე იგრძნობა, თუ სად შემოაბიჯეთ და რა მიწაზე გიდგათ ფეხი…
ქალაქში შესვლისას მაღაზიებს, რამდენიმე ბანკს, სილამაზის სალონებს, ავეჯის სახლებსა და თონეს დაინახავთ. თითქმის ყველა მათგანს უკვე ფერგადასული და გახუნებული ბანერი აქვს შესაბამისი წარწერით. ქუჩაში, ძირითადად, მამაკაცები დგანან. ქალებსაც შეხვდებით, თუმცა შედარებით იშვიათად. გარეთ გამოფენილი მამაკაცების ასაკი 20-დან 65 წლამდეა. ქალბატონებისაც დაახლოებით ასე, ზოგი ავტობუსს ელოდება, ზოგიც, უბრალოდ, საუბრობს…
ჩვენი ავტობუსი ყველას ყურადღებას იქცევს…
თონეში მომუშავე გოგო შევნიშნე, თეთრი ფერის ჰიჯაბით და გრძელსახელოიანი, მაქსის სტილის კაბით (წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რა ტემპერატურა შეიძლებოდა იმ თონეში ყოფილიყო). მისგან განსხვავებით შედარებით „თამამად“ იყვნენ შემოსილები ახალგაზრდა გოგონები გარეთ.
გზად მიმავალი აუცილებლად შეამჩნევთ დიდი ზომის პოსტერებს ალიევისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის გამოსახულებით, სოფლის შესასვლელში კი უზარმაზარ თხილის პლანტაციებს.
გზები თავის მოწოდების სიმაღლეზეა და საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურაც აქვთ, ოღონ ერთია, ავტომობილების ძირითადი მასა საბჭოთა დროინდელია და მათ შორის „ჟიგული“ ჭარბობს, ისიც, როგორი ფერისაც გინდა, სულო და გულო!
ჩვენ ერთ-ერთ ყველზე კარგ სასტუმროში დავბინავდით, სადაც მომსახურებაც უმაღლეს დონეზე იყო და ყველანი კმაყოფილები ვიყავით. ოღონდ ერთი ის იყო, არც მიმღებში და არც სხვა მომსახურე ნაწილში აზერბაიჯანულისა და რუსულის გარდა სხვა ენა არ ესმოდათ. ეს უკანასკნელიც რამდენიმე მათგანს.
ის, რაც აღფრთოვანებას იწვევდა, იყო ბუნება, ფლორა და ფაუნა, რაც მართლაც საოცარი იყო! ცალსახად საოცარი! სიმწვანე, მთები, ჩიტები, სუფთა ჰაერი და თბილი გარემო.
დილით რომ მზე მოეფინებოდა მთებს, განსაკუთრებული სიმწვანით ჩანდნენ ხეები, ისმოდა ჩიტების ჭიკჭიკი, შუადღეს მზე ძალიან დაუჭერდა, საღამოს კი სასიამოვნოდ გრილოდა.
მთელი დღის მანძილზე სარესტორნო და საკონფერენციო, ცალკე მდგარი შენობიდან აზრბაიჯანული რითმები ისმოდა. ისე, არ ვიცოდი და, თურმე, აზერბაიჯანული ჯაზი საკმაოდ ცნობილი ყოფილა მსოფლიოში. შესაძლოა, ამის გამოც დაჰყვებოდა ეს რითმები მთელ დღეს ფონად.
ერთი კია, კავკასიური ბუნება ყველა ჩვენგანში მძლავრად იგრძნობოდა! საოცარი ის იყო, რომ იქაურმა ახალგაზრდებმა საქართველოზე იმდენი რამ იცოდნენ, მე თვითონაც გამიკვირდა: იცოდნენ ისტორია კავკასიის, საქართველოსი, თბილისის. იმასაც ამბობდნენ, ეს კახი ადრე საქართველოს ეკუთვნოდა, თუმცა შემდეგ გარდაბანი თქვენს საკუთრებაში დარჩა, კახი _ ჩვენსაშიო. თუმცა ბუნება, კლიმატი და ტრადიციები მაინც შემოიტოვა ისტორიამო.
კავკასიურ კულტურას რომ თავი დავანებოთ, შესამჩნევი ის იყო, რომ სასტუმროში მომსახურე პერსონალს შორის ვერ შეამჩნევდით ქალებს. მხოლოდ ერთხელ მოვკარი დამლაგებელ ქალს თვალი, ისიც შემთხვევით და ისიც, ჩემ დანახვაზე სასწრაფოდ გაუჩინარდა. ასაკში მყოფი ქალები ჰყოლიათ დასაქმებულები და ისინიც მაშინ ჩანან, როცა არავინ ხედავთ. ასეთი მდგომარეობა იყო შეკშიც, ულამაზეს ადგილას, რომელსაც მოგვიანებით ვესტუმრეთ ქართულ გუნდთან ერთად.
სანამ შეკზე გადავიდოდე, მინდა, მომსახურე პერსონალზე და იქ გაცნობილ ორ ახალგაზრდაზე მოგიყვეთ:
საღამოს საათებში, როცა მიდამოს დათვალიერებას ვგეგმავდით, რამდენიმე ქართველ გოგონასთან ერთად სასტუმროს ეზოში ვმოძრაობდი და ამ ადგილის შესახებ ერთ ბიჭს ვკითხე, რომელიც შორიახლოს დაიარებოდა, გარეგნულად ქერა, თეთრი პირისახისა და დაბალი ბიჭი იყო. ეტყობოდა, ასაკით 17-18 წლის იქნებოდა. ინგლისურად ვკითხე, სად არის ეს ადგილი-მეთქი? თავი გაიქნია, ვერ გავიგეო. მერე რუსულად ვკითხე იგივე და ის მეკითხება, _ რაა? _ ამის გაგონებაზე თვალები გამიფართოვდა. _ ქართველი ხარ-მეთქი? _ კიო. მეც ეს მინდოდა და საუბარიც გავაბით…
აღმოჩნდა, რომ აქვე, ამ დასახლებაში ცხოვრობს და ნუგზარი ჰქვია, გვარიც ქართული, ფაჩხატაშვილი ჰქონია და ოჯახში, ძირითადად, ქართულად საუბრობენ, მრწამსიც შეუნარჩუნებიათ. ამ სასტუმროში მუშაობდა და ოჯახსაც ეხმარებოდა.
ქართველის ნახვით აღფრთოვანებულები და გახარებულები ქალაქის დასათვალიერებლად გავედით. აქაც იგივენაირი მაღაზიები, სახლები, დასახლება იყო, როგორც ჩვენს დაბა-ქალაქებში… ფასებიც ხელმისაწვდომი, ოღონდ მანათებში, რა თქმა უნდა…
ხალხი კეთილგანწყობილი და მოღიმარი _ არ ვიცი, ქართული სტუმართმოყვარეობისთვის უნდა დაგვებრალებინა ასეთი განწყობა თუ კავკასიურისთვის, მაგრამ საქმე მაინც ის იყო, რომ მათ ჩვენ ვუყვარდით, ჩვენ _ ისინი…
განსაკუთრებული სიყვარულით გვიყვებოდნენ ისტორიას ალი და ნინოზე და რასაკვირველია, ყველამ მარტივად დაიმახსოვრა ჩემი სახელიც. თავიანთი კულტურის გამო ფემინისტად „შერაცხული“ ქართველი ქალი საოცრად უყვართ და პატივს სცემენ ქართველი და აზერბაიჯანელი წყვილის სამაგალითო სიყვარულს.
ბათუმში აღმართული კონსტრუქციის შესახებ აღფრთოვანებით გვიყვებოდნენ და ქართული სიტყვებიც იმაზე მეტი იცოდნენ, ვიდრე ჩვენ _ აზერბაიჯანული.
ერთადერთი, რაც ქართულ ენასთან სიახლოვის გამო დავიმახსოვრეთ, სიტყვა საღოლ იყო, რომელიც მადლობას ნიშნავს იმათთვის, ასევე სიტყვა ჩაქუჩი და ფანჯარა იგივენაირი სიტყვის საერთო მნიშვნელობის გამო… იცოდნენ, როგორ წარმოითქმებოდა სიტყვა: მე შენ მიყვარხარ! ბევრი რამ იცოდნენ საქართველოზე! თანაც მათი უმრავლესობა ბაქოდან იყო და არა კახიდან…
მოვიდა დრო, როცა შეკის დასათვალიერებლად უნდა წავსულიყავით, რომელიც ჩვენი ამჟამინდელი სამყოფლიდან არც ისე ახლოს იყო…
გზად მთაზე აღმართული წმინდა გიორგის ქართული ეკლესია გვაჩვენეს და ამის დანახვაზე ქართველები თან სიამაყის გრძნობით ავივსეთ, თან _ სიხარულის.
თბილისიდან გამგზავრებამდე შევისწავლეთ ამ ისტორიული ადგილის, შაქის ამბავიც:
ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში მდებარე ეს ქალაქი შაქის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახლავთ, რომელიც კავკასიონის სამხრეთ ნაწილშია განთავსებული.
შუა საუკუნეებში შაქი ჯერ ჰერეთის სამეფოს დედაქალაქი ყოფილა, შემდეგ კი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. 1743 წელს, აჯი-ჩალაბის სეფიანთა ირანის წინააღმდეგ აჯანყების შედეგად, დაარსებულა შაქის დამოუკიდებელი სახანო. 1813 წლის გულისტანის ხელშეკრულებით ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, დღეს კი აზერბაიჯანს ეკუთვნის.
სიმართლე გითხრათ, ქალაქის განლაგებით, ქვაფენილებით, სახლების სტრუქტურითა და წითელი სახურავებით ეს ადგილი ნამდვილად სიღნაღს მოგაგონებდათ.
სილამაზე აქაც არნახული იყო: ქართული ტაძრით, ძველი, ისტორიული, ქვით ნაგები კედლით და შაჰის სასახლითაც. სასახლის ეზოც ულამაზესი გახლდათ. შესასვლელში კი აზერბაიჯანელი ბაბუ სალამურის მსგავს საკრავზე უკრავდა, თან სევდიანი თვალებით ელოდა მოწყალებას.
სასახლეში შესვლისას ერთი სანახაობა იყო იქაური კედლის მხატვრობა, ვიტრაჟული ფანჯრები და მოხატული ჭერიც კი! გიდმა, რომელმაც შესანიშნავად იცოდა ინგლისური, არც ერთი ფოტოს გადაღების უფლება არ მოგვცა და ამბის მოყოლის პარალელურად, მკაცრადაც გვაკვირდებოდა, ვინმე ხომ არ იღებდა ფოტოს! საოცარი იყო და კედლებზე მოხატული სცენები აშკარად მოგაგონებდათ „ვეფხისტყაოსნის“ პასაჟს და სცენარს…
ქალების ოთახი სრულიად სხვადასხვა ფერის ყვავილებით იყო მოხატული და ფანჯრების ვიტრაჟიც გამორჩეულად დახვეწილი ფერების შეხამებას წარმოადგენდა…
სასახლიდან გამოსულებს იქაური ტკბილეულობის დაგემოვნება გვინდოდა და ასეც მოვიქეცით, თანაც ეს ადგილი განთქმული ყოფილა იქაური ჰალვით, რომელიც იმდენად გემრიელი იყო, რომ თითებს ჩაიკვნეტდით. გემრიელზე უფრო მეტად კი ტკბილი იყო. ტკბილზე ტკბილი.
იქაურ სუვენირებს შესეული ქართველი გოგონები მოვიხიბლეთ ორნამენტებით, ფერადი ქვებითა და ლითონით დამზადებული სამკაულებით, აბრეშუმის შარფებით და სამკერდულებით.
შანსს არ ვუშვებდით, რომ რომელიმე მათგანი მოგვესინჯა. ისინი კი ჩვენს სილამაზეს აღნიშნავდნენ დიდის ამბით. რომ ვუთხარით, გურჯისტანიდან ვართო, მაშინ როგორღაც გაგვაგებინეს, _ აი, თურმე, რატომ ხართ ასეთი ლამაზებიო…
ქუჩაში გამვლელი და მდგარი მანქანებიდან ყველა რომ ისევ საბჭოთა დროინდელი „ჟიგული“ იყო, ეს ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი.. ისევ ფერადები…

ტკბილეულითა და სუვენირით დამშვენებულები იქიდან უკვე საჭმელად ადგილობრივ რესტორანში გადავედით. თავიანთი ტრადიციული საჭმელებით გაგვიმასპინძლდნენ, ერთი რაც შევნიშნე, მაწვნის მსგავსი რძის ნაწარმი ჰქონდათ პატარა თიხის ქვევრებში ჩამოსხმული, ოღონდ უფრო მჟავე და მწარე გემო ჰქონდა…
ჭამის დროს მუსიკა გაჩერდა და შორიდან მოისმა მოლას ხმა, რომელიც მორწმუნეებს ლოცვის დროის მოახლოებას ამცნობდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იმდენად სასიამოვნოდ აღვიქვით მისი მოწოდება და იმდენად გულში ჩამწვდომი იყო ხმა, რომ მოვიხიბლეთ კიდევაც, ოღონდ როცა გაგვახსენდა, რომ ოდესღაც აქ ქართული გალობა ისმოდა, მაშინვე სხვა ნოტზე გადავერთეთ…
ის, რაც ცალსახად არ ჰქონდათ ქართულთან მიახლოებული, ეს ღვინო იყო! ეს კი ნამდვილად ისაა, რაშიც ქართველებს, ალბათ, ბადალი არ გვყავს და ჩვენს შესანიშნავ სასმელს მიჩვეულები ვერც კი შევეგუეთ მათ ღვინოს, რომლითაც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელები ვერ დაიკვეხნიან.
რა თქმა უნდა, ამ რესტორანშიც ვერ ნახავდით ქალს მომსახურე პერსონალში და მხოლოდ მამაკაცები დაფაცურობდნენ აქეთ-იქით.
საღამოს უკვე ადგილობრივმა მომღერალმა ჩაიგდო მიკროფონი ხელში, რომელსაც ისევ ადგილობრივების მოთხოვნით ჩამოართვეს იგი და ჩვენ პატივსაცემად მანანა ჯაფარიძის მუსიკების ჰანგებზე დაიწყეს ცეკვა.
ისევ კავკასიელი ხალხის ბუნების გამოვლენა და აზერბაიჯანული ტაშ-ფანდურა გაიმართა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრი რომ გითხრათ, ქართულ ცეკვაზე დიდებული, ლამაზი და რთული არაფერია! ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ბოლოს, ადანდალი-დანდალიზე ამღერებული აზერბაიჯანელები სიყვარულს პირდაპირ აფრქვევდნენ საქართველოს მიმართ და მანანა ჯაფარიძის ისტორიასაც აღფრთოვანებით გვიყვებოდნენ.
უკვე პატივნაცემი და დაღლილები კვლავ სასტუმროში დავბრუნდით.
დილით მიმღებში რეგისტრატორს რაღაც ვთხოვე და მანაც თავისი თანამშრომელი გამომაყოლა პრობლემის მოსაგვარებლად. გზად მეკითხება, _ როგორ ხარო? ამაზე მთლად გადავირიე… _ როგორ, ქართული იცი და აქამდე რატომ არ გამოგველაპარაკე-მეთქი? მერე მივხვდი, რომ, რატომღაც, იქაურებთან ერიდებოდათ თავიანთ მშობლიურ ენაზე საუბარი. შეიძლება მე მომეჩვენა ასე და სინამდვილეში სულაც სხვაგვარადაა საქმე, მაგრამ მაინც…
ჰოდა, ვისაუბრეთ მათ ცხოვრების წესზე, ოჯახზე, რომელიც კახში ცხოვრობს, ნათესავებზე, რომლებიც საქართველოში ჰყავს. სამსახურზე, რომლითაც ოჯახს არჩენენ და ა. შ.
ის კი არა, საღამოს სასწრაფო დახმარების გამოძახება მოგვიწია ერთი მსუბუქი შემთხვევისთვის. სამედიცინო დახმარება, ისევ და ისევ, მათი „ჟიგულით“ მოვიდა და ეს ექიმი ქალიც ქართველი აღმოჩნდა. იმდენად გაუხარდა, რომ ქართველები ვიყავით იქ და ქართული საუბარი გაიგო, რომ სიხარულის ცრემლები ვერ დამალა!
დიდის ამბით გამოგვემშვიდობა და ისევ კლინიკაში წავიდა…

***
კახის დღეების შემდეგ საქართველოში დაბრუნების დრო მოვიდა, კვალვ იგივე გზა უნდა გამოგვევლო: სიმწვანე, თხილის პლანტაციები, ერთსართულიანი სახლები, გახუნებულაბრიანი მაღაზიები, ქუჩაში მდგარი მამაკაცები, თონეში მომუშავე ჰიჯაბიანი გოგონა, აქა-იქ ქართული საუბრები და მაინც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის პოსტერები.
ხიდს იქით საქართველო იყო. საზღვარი კვლავ უპრობლემოდ გადმოვკვეთეთ.
ხიდის ქვეშ დამშრალი მდინარე რუდ ქცეული გადიოდა, ამ ნამდინარევში 50-მდე საქონლის ჯგრო იდგა. ბუნება კვლავ თავისას შვრებოდა. ხიდის ბოლოს კი ქართული დროშა ფრიალებდა.
იყო დრო ზურგს უკანაც ქართული დროშის ფრიალის. ახლა ასე აღარაა… ერთი, რაც გვაერთიანებს, ეს საქართველოა, კავკასიაა, ნაცნობი კულტურით, შესანიშნავი ფოლკით… დაბოლოს… ქართველი და აზერბაიჯანელი გოგო-ბიჭის სიყვარულით!

ნინო ტაბაღუა