სად ინახება შენი პერსონალური მონაცემი საბანკო მომსახურების შემდეგ?

ჩვენს ქვეყანაში არსებული საბანკო და სასესხო მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი და ბევრმაც შეიტყო „კრედიტინფო საქართველოზე“. მოსახლეობა დაინტერესდა, თუ სად იყრის თავს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ პერსონალურ მონაცემებს გულისხმობს?

საზოგადოების ინტერესი გამოიწვია იმან, თუ საიდან იღებს ესა თუ ის ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინფორმაციას კონკრეტულ მსესხებელზე და რა დონის ინფორმაციაა ეს? განსაკუთრებულ ინტერესის საგანს წარმოადგენდა „შავი სიების“ არსებობა, რომელში მოხვედრილ პიროვნებასაც, ფაქტობრივად, ეზღუდება თითქმის ყველა საბანკო-სასესხო მოსახურების მიღების შესაძლებლობა. სწორედ ამ კითხვებისა და ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ მოსახლეობისთვის ის ორგანიზაცია გაგვეცნო, რომელიც თითქმის ყველა ჩვენგანის შესახებ ინახავს ინფორმაციას და თან არცთუ ისე მცირეს!
შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს კიდეც, რადგან ამ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის ძიებისას მისი დაარსების თარიღი, ჯერ კიდევ, 16 წლის წინათ აღმოჩნდა დაფიქსირებული.
ე. ი. „კრედიტინფო საქართველო“ 2002 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ბიზნესინფორმაციის ტექნოლოგიების მოძიება-დანერგვა იყო შემდგომში საკრედიტო ბიუროს ფუნქციონირების დასაწყებად. თავიდან ორგანიზაციას ეწოდა „ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო“ _ NCIB.
უკვე ორ წელიწადში, 2004 წელს, საქმიანი კონტაქტის დამყარება მოხერხდა ისლანდიურ კომპანიასთან ჩრედიტინფო Creditinfo Group hf (ყოფილი Lānstraust International) და იგი „კრედიტინფო საქართველოს“ წამყვანი დამფუძნებელი პარტნიორი გახდა.
საქართველოში საკრედიტო ბიუროს ჩამოყალიბების საქმის გახსენებისას უნდა აღინიშნოს საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების პოზიტიური როლი. სწორედ მათი რეკომენდაციებით საკრედიტო ბიუროების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა, ჯერ კიდევ, 1998 წელს დაიწყო.
ახლა ალბათ წარმოუდგენელიც კია, მაგრამ ცნობილია, რომ 2002 წლის ივნისში მსოფლიო ბანკის მისიამ წარადგინა ერთგვარი ანგარიში, რომლის დასკვნითაც, ქართული საბანკო სექტორი, რომელიც იმ დროისთვის 26 ბანკით იყო წარმოდგენილი, განვითარების საკმაოდ დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა. შეზღუდული იყო საბანკო პროდუქტების მრავალფეროვნება, დაბალი იყო ბანკებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხი. სწორედ ამ წელს აღინიშნა ისიც, რომ ამ სექტორის მდგრადობა და გამჭვირვალობის ზრდა შეუძლებელი იქნებოდა გამართულად ფუნქციონირებადი საკრედიტო ბიუროს გარეშე.
არაკეთილსინდისიერი გადამხდელების პრობლემა სულ იდგა ქვეყანაში და 2000-2003 წლების განმავლობაში, მათ გამო, საქართველოს საბანკო სექტორის მიერ მიღებული ზარალი 109 მილიონ ლარს შედგენდა, რაც იმ დროს ბაზარზე მოქმედი მსხვილი ბანკის სრული აქტივების ტოლიც კი გახლდათ. ამ მისიის რეკომენდაციით უნდა შექმნილიყო გარკვეული „მსესხებელთა რეესტრი“, სადაც განთავსდებოდა საფინანსო ინფორმაცია, რომელიც საფინანასო ინსტიტუტებს შორის გაიცვლებოდა. მათი რეკომენდაციით ამ პროცესზე ზედამხედველობა უნდა გაეწია ქვეყნის ეროვნულ ბანკს, შესაბამისი ახალი რეგულაციების მეშვეობით.
ამის შემდეგ, სწორედ 2002 წელს, USAID-ის ხელშეწყობით ტარდება ტრენინგი, რომელშიც 4 ქართული ბანკის („თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „ბანკი რესპუბლიკა“, „თბილუნივერსალ ბანკი“) და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტრენიგის მიზანი გახლდათ შექმნილიყო „საპროექტო კომიტეტი“, რომელიც ნიადაგს მოამზადებდა და წინაპირობას შექმნიდა საკრედიტო ბიუროს დაარსებისთვის საქართველოში. თუმცა საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ გაწეულმა სამუშაომ, რიგი დამაბრკოლებელი ფაქტორების გამო, კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო. მაგალითად: კომერციული ბანკების შესახებ კანონის თანახმად, ბანკს კლიენტის შესახებ ინფორმაციის გაცემა მხოლოდ მისი თანხმობის ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ არაკეთილსინდისიერი ან გადახდისუუნარო მსესხებელი მისი საკრედიტო ისტორიის გავრცელების წინააღმდეგი იქნებოდა, ბანკი მის შესახებ ინფორმაციას ბიუროს ვერ გადასცემდა. ამავდროულად, კომერციულ ბანკებს შორის არსებული მძაფრი კონკურენციის გამო ბევრ მათგანს საერთოდ არ სურდა გამოეყო შესაბამისი ადმინისტრაციული რესურსი, გაეცვალა საფინანსო ინფორმაცია და მით უმეტეს ინფორმაცია „კარგი მსესხებლების“ შესახებ. ბუნდოვანი იყო მომავალი საკრედიტო ბიუროს პროგრამული უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანახარჯების საკითხებიც.
ამის შემდეგ, 2004 წელს, ორგანიზაცია USAID/GEGI Project (Global Economic Governance Initiative)-ის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საკრედიტო ბიუროს დაფუძნებისთვის საჭირო ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად. ამ სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ ბანკების, ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham in Georgia), ბანკების ასოციაციის, არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლები. ჯგუფის ძირითადი მიზანი იყო: საკრედიტო ბიუროს ბიზნესგეგმის პრინციპების ჩამოყალიბება, არსებული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის საკითხების განხილვა, როგორც ზოგადად საბანკო ინფორმაციის, ასევე პერსონალურ მონაცემთა მიღება/დამუშავებისა და გაცემის თვალსაზრისით. ასევე მარეგულირებელი ორგანოს ან რეგულაციების შემოღების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა და სხვ. სამუშაო კი სულ რამდენიმე თვეში წარმატებით დაგვირგვინდა პირველი საკრედიტო ბიუროს, „კრედიტინფო საქართველოს“ დაფუძნებით.
2002 წელს „საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკმა“ (MBG) და ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაიწყო ინფორმაციის გაცვლა ე. წ. ცუდ გადამხდელებზე. ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თუმცა ამ წამოწყებამ ვერ დააინტერესა ბაზრის სხვა მსხვილი მოთამაშეები.
უკვე 2004 წლისთვის, რადგან მოხერხედა კავშირის დამყარება ისლანდიურ კომპანიასთან, Creditinfo-ს წარმომადგენლებმა სწრაფად განახორციელეს ადგილობრივი საფინანსო ბაზრის შესწავლა და პარალელურად თავიანთ პროდუქტებს აცნობდნენ ქართულ ბანკებს. გამოიკვეთა პირველი ქართული საკრედიტო ბიუროს დამფუძნებელთა ვინაობა (Creditinfo Group, „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „პროკრედიტ ბანკი“, NCIB), განისაზღვრა მათი, როგორც თავდაპირველი წილობრივი მონაწილეობა, ასევე შემდგომ წლებში აქციათა გადანაწილების მექანიზმები ოფციების სახით. შემუშავდა კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ასევე ინფორმაციის გაცვლის/გადაცემის მექანიზმები და სხვა ტექნიკური დეტალები.
2005 წლის თებერვალში დარეგისტრირდა პირველი ქართული საკრედიტო ბიურო სს „კრედიტინფო საქართველო“. აირჩა სამეთვალყურეო საბჭო, შეარჩიეს გენერალური დირექტორი (ალექსანდრე გომიაშვილი).
ამ დროიდან ექსპლუატაციაში ჩაეშვა „კრედიტინფოს“ ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც თავდაპირველად მოიცავდა ინფორმაციას მხოლოდ ვადაგადაცილებული და გადაუხდელი ვალების შესახებ. ამ პროდუქტით სარგებლობა ინტენსიურად დაიწყეს ქართული საფინანსო ბაზრის მონაწილეებმა.
აქვევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ დროისთვის „კრედიტინფო საქართველო“ პირველი საკრედიტო ბიურო იყო არა მარტო საქართველოში, ასევე ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყაზახეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, შემდგეგ კი რუსეთისა და უკრაინის საკრედიტო ბიურებთან ერთად, რომლებიც ასევე 2004-2005 წლებში დაფუძნდა.
მოგვიანებით, უკვე 2010-2013 წლებში, ალტერნატიული საკრედიტო ბიუროს ჩამოყალიბების მცდელობები იყო, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ბაზარზე დიდხანს გაჩერება ვერ შეძლო.
დღეს „კრედიტინფო საქართველოს“ სერვისები ცალსახად დიდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ კომპანიებისთვის, ვინც ფულადი თანხების, სხვადასხვა ტიპის მომსახურების ან საქონლის კრედიტში გაცემას აწარმოებს.
ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს ბიზნესისათვის დახმარება კრედიტის მართვაში, მეორე მხრივ კი კონკურენტული გარემოს შექმნა.

დღეს უკვე „კრედიტინფო საქართველოს“ აქციონერები არიან:

Creditinfo International GmbH;
„პროკრედიტ ბანკი“;
„თიბისი ბანკი“;
„საქართველოს ბანკი“;
„ბანკი რესპუბლიკა“ _ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“;
ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო (NCIB)
გარდა იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია ბიზნეს-ოპერატორებისთვის უტყუარი საკრედიტო/საფინანსო ინფორმაციის მიწოდებაა, მას აქვს სერვისი „ჩემი კრედიტინფო“, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოაქალაქეს შეუძლია საკუთარი საკრედიტო ისტორიისა და სარეიტინგო ქულის ნახვა წელიწადში ერთხელ და ამ მომსახურების მიღება აბსოლუტურად უფასოა.

თუ რამდენადაა დაცული სამართლებრივი ნორმები „კრედიტინფოში“ და რისი გაკეთება შეუძლია ე. წ. შავ სიაში მყოფ პირს, როგორ შეიძლება შევცვალოთ ან მოვირგოთ ბანკის მიერ წამოყენებული პირობები და რა სასამართლო პრაქტიკა არსებობს ამ მიმართულებით, ყველაფერზე იურიდიული კომპანია OK & CG-ის იურისტი ანა გორდეზიანი გვესაუბრება:

„კრედიტინფო საქართველო სააქციო საზოგადოების ფორმით არის რეგისტრირებული და მისი დახმარებით საბანკო სექტორი, ისევე როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რისკს ამცირებს. ზოგადად, როდესაც მომხმარებელი იღებს სესხს და შემდგომ ხდება მისი ვადაგადაცილება, ხდება მომხმარებელი „შავ სიაში“ შეჰყავთ. ეს დანარჩენ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, რომ აღარ გასცენ იმავე პირზე სესხი და, შესაბამისად, დააზღვიონ რისკი, რომ მათ ნაკისრ ვალდებულებას მოქალაქე არ შეასრულებს.
თუმცა ხშირად ხდება, რომ მოქალაქეები არ კითხულობენ ხელშეკრულებებს, სადაც საბანკო სექტორი თუ კრედიტორი დათქმას აკეთებს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია რისკთან დაკავშირებით, ეს იქნება ვადაგადაცილება, სესხის ოდენობა თუ სხვა სასეხსო პირობა, შეიძლება გადაეცეს კრედიტინფოს ბაზას. ამიტომ როცა მოქალაქე ხელშეკრულებას ხელს აწერს, ის ეთანხმება ამ პოლიტიკას _ საკუთარი მონაცემების გამჟღავნებასა და გადაცემას სხვა ორგანიზაციისთვის.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება „კრედიტინფოდან“ ე. წ. შავი სიიდან მოქალაქის ამოღება:
ხშირად გვაქვს შემთხვევა, როცა უკვე ხანდაზმული სესხებია სახეზე. სესხის დაფარვიდან ან არდაფარვის ვადიდან გასულია, პირობითად, 10-7-6 წელი, მოქალაქის მიმართ გაქარწყლებულია კრედიტორის მოთხოვნა, თუმცა ის მაინცაა ე. წ. შავ სიაში და მის რეგისტრაციას აგრძელებს „კრედიტინფო“. ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ მოქალაქემ განცხადებით მიმართოს ორგანიზაციას და სიიდან ამოღება მოითხოვოს. თუ ამასაც არ მოჰყვა შესაბამისი შედეგი, შესაძლოა მოქალაქემ მიმართოს სასამართლოსაც ე. წ. აღიარებითი სარჩელით და მოითხოვოს ხანდაზმული სესხის ცნობა, შემდეგ კი მისი სიიდან ამოღება, რომ სხვა ორგანიზაციებთან შეძლოს შემდეგში თანამშრომლობა და არ შეექმნას საფრთხე სასურველი პროდუქტის ვერმიღებისა.
ხშირად კითხვის საგანი ხდება იმ პირების ე. წ. შავ სიაში მოხვედრა, რომლებიც თავდებს წარმოადგენენ.
ჩვენთან, როგორც წესი, ფორმდება სოლიდარული თავდებობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ როცა ძირითადი მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას, სოლიდარული თავდები ვალდებულია, შეასრულოს იგივე მოთხოვნა, რაც ძირითადი მოვალის მიმართ არსებობს. შესაბამისად, ისიც ხშირად ხვდება „შავ სიაში“ მიუხედავად იმისა, რომ მას თავად არ აქვს სესხი აღებული. ამიტომ ამ ნაწილში ძალიან ყურადღებით უნდა წაიკითხონ მოქალაქეებმა ხელშეკრულების პირობები და გააცნობიერონ, რომ მათაც შეექმნებათ შემდეგში პრობლმები სხვადასხვა დაწესებულებიდან სასესხო პორტფელის მიღებისას.
_ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ სესხის აღებამდე ხელშეკრულების პირობები წაიკითხა და მასში ისეთი რამ აღმოაჩინა, რასაც არ ეთანხმება, შესაბამისად, მიიჩნია, რომ შემოთავაზებული პირობები მისთვის რაღაც ნაწილში მიუღებელია და მისი შეცვლის თხოვნით მიმართა ბანკს?
_ როგორც იცით, როცა სასესხო ხელშეკრულებას ვაფორმებთ, ეს არის სახელშეკრულებო პირობა და მსესხებლის პერსონალური მონაცემები იმაზე, თუ რამდენს შეადგენს ხელფასი, რა პროცენტში აქვს სესხი, მისი წლიური ოდენობა და ა. შ მჟღავნდება. ამიტომ კრედიტორს თუ არ დავეთანხმებით, რომ ჩვენი ინფორმაცია, მათ შორის, სახელი გვარი, მაიდენტიფიცირებელი მონაცემები გაამჟღავნოს და მიაწოდოს მესამე პირს, ბუნებრივია, ასეთ ორგანიზაციებს ამის უფლება ერთმევათ, თუმცა მეორე საკითხია სტანდარტული პირობები, როცა ბანკი ან მიკროსაფინანსო სთავაზობს მომხმარებელს უცვლელი ხელშეკრულების უცვლელ პირობებს.
სამწუხარო რეალობაა საქართველოში, რომ ეს სტანდარტული პირობები და ხელშეკრულება არ იცვლება მიუხედავად მომხმარებლის სურვილისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, აღარ გასცემს ბანკი სესხს და უარს ეუბნება მოქალაქეს თანამშრომლობაზე, თუ მას ეს ურთიერთობა არ აწყობს. ანუ არც შედის მასთან ურთიერთობაში.
სამწუხაროა, მაგრამ მოქალაქეებს იმის ბერკეტი არ გააჩნიათ, რომ ხელშეკრულების გარკვეული პირობებით დაკორექტირება მოითხოვონ.

„კრედიტინფოს“ პრაქტიკა:
მსოფლიოში ასეთი ორგანიზაციები რასაკვირველია, არსებობენ, თუმცა, ამ შემთხევვაში, იმ ერთიანი ბაზის არსებობა, რომელიც „კრედიტინფოს“ აქვს, ემსახურება არა მოქალაქეების, არამედ კრედიტორის ინტერესებს, რომ გადაამოწმონ, არის თუ არა კონკრეტული კლიენტი შავ სიაში და იმის მიხედვით განსაზღვრონ, უღირთ თუ არა მასთან თანამშრომლობა შემდგომში, რომ ვალდებულების არშესრულების რისკისგან დაიზღვიონ თავი.

იურიდიული პრაქტიკა:
ჩვენს პრაქტიკაში ძალიან ხშირია მომართვიანობა პერსონალურ მონაცემებზე, სასამართლო სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, დავების უმრავლესობა სწორედ კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებზე მოდის. შესაბამისად, ამის სტასტიტიკაც გვაქვს. ჩვენი კომპანია ასეთ პირებს მომსახურებას უწევს.
პრაქტიკაში გვქონია გავრცელებული პრეცედენტი, როცა კომერციულ ბანკს არ უკმაყოფილდება მოთხოვნა როგორც ძირითადი მოვალის, ასევე სოლიდარული თავდების მიმართ. თუმცა მოქალაქეები ხშირად გვიკავშირდებიან მხოლოდ ტელეფონით და მათ ვუმარტავთ, რომ „შავ სიაში“ მყოფი და ის პირები, რომელთა სესხსაც ვადა გაუვიდა, აღარ უნდა იყვნენ „შავ სიაში“. ამის გამო მათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვთ. სამწუხაროდ, ისინი თავს იკავებენ ამისგან, რადგან სასამართლოში სახელმწიფო ბაჟია გადასახდელი და, ზოგადად, სასამართლოს ნდობა, შესაძლოა, არ აქვთ მოქალაქეებს, ასევე, აშინებთ ის პროცედურა, რაც სასამართლო წარმოებას სჭირდება, რაც, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, მანკიერ პრაქტიკას ნერგავს, რადგან თუ საკუთარ უფლებებს არ დაიცავ, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ მოახდენ.

***
ადრე თუ კომერციული ბანკების შესახებ კანონის თანახმად ბანკს კლიენტის შესახებ ინფორმაციის გაცემა მხოლოდ მისი თანხმობის ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლო, შესაბამისად, თუ არაკეთილსინდისიერი ან გადახდისუუნარო მსესხებელი მისი საკრედიტო ისტორიის გავრცელების წინააღმდეგი იქნებოდა, ბანკი მის შესახებ ინფორმაციას ბიუროს ვერ გადასცემდა. დღეს კანონი ისეა შეცვლილი, რომ არათუ კლიენტის სურვილზეა დამოკიდებული პერსონალური მონაცემების კრედიტინფოსთვის გადაცემა- არგადაცემის საკითხი, არამედ პირიქით, ის ვერც კი გააპროტესტებს ან უკმაყოფილებას გამოთქვამს ამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საბანკო მომსახურებას ვერ მიიღებს. ყოველი ვალდებულების აღებისას კლიენტი ავტომატურად აწერს ხელს მისი პერსონალური მონაცემების ბანკის მხრიდან საჭიროებისამებრ გამოყენების უფლებაზე. სწორედ ამიტომ დღეს „კრედიტინფო საქართველო“ მილიონობით ადამიანის მონაცემს ინახავს და მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა მოთხოვნის შესაბამისად ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს აქვს, მაინც მზარდია იმ ადამიანთა ჩამონათვალი, რომლებიც „შავ სიაში“ ან მოვალეთა რეესტრში ხვდებიან.
რისი ბრალია ეს, _ ბანკების მხრიდან გარისკვის თუ მოქალაქეთა უპასუხისმგებლობის? _ ცალსახად ამის თქმა შეუძლებელია!

ნინო ტაბაღუა