დიდი ოპოზიციური გაერთიანება არ იქნება

უკვე ცხადია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ დიდი ოპოზიციური გაერთიანება არ შედგება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გაჟღერებული განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიცია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს, ჩაფლავდა.

„ამსტერდამის ჯგუფი“ კი ნამდვილად არ არის ის ოპოზიციური გაერთიანება, რომლის შესახებაც მესამე პრეზიდენტი საუბრობდა. მიზეზი ძალიან მარტივი აღმოჩნდა _ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან (რომლისგანაც პრეზიდენტი ბოლო პერიოდში თითქოს გარკვეულ დისტანცირებას ცდილობს და მუდმივად საერთო-სახალხო მოძრაობაზე აპელირებს) ინფორმაციები ჟონავს. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად საგარეო და კულტურის ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეარჩიეს.
რაოდენ მძიმე, რთული ან მიუღებელი კონსულტაციებიც _ მიგზავნა-მოგზავნა _ არ უნდა გამართულიყო ოპოზიციურ ფლანგზე, რომლის ცენტრშიც, სავარაუდოდ, ბატონი სააკაშვილი იქნებოდა, ხილული და საჯარო კონსულტაციები არ გამართულა და არც განცხადებები გაკეთებულა. ვაშაძის შერჩევით კი ცხადი ხდება, რომ საკუთარი წინადადება თავად სააკაშვილმა უარყო ან მისი რეალიზება ვერ მოახდინა. თავად ვაშაძის მიმართ ვის რა პოლიტიკური პრეტენზია აქვს, ეს ამჯერად მეორეხარისხოვანია, მე მის შეფასებებში, სავარაუდოდ, სუბიექტური ვიქნები, ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის გამო, თუმცა ცხადია, რომ პარტიამ ვაშაძე არც მეტი, არც ნაკლები, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო და ერთგვარად განხეთქილების ვაშლად აქცია.
საერთო ოპოზიციური კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მაინც რომ გამართულიყო და თუნდაც ვერმორიგების, ვერშეთანხმების მიზეზით, რაც ასეც იქნებოდა, ყველას ერთად გაეკეთებინა განცხადება, _ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტიები დამოუკიდებლად გავლენ საარჩევნო მარათონზე, მაგრამ მეორე ტურის შემთხვევაში საჯარო პირობას ვდებთ ქართველი ამომრჩევლის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ ოპოზიციის კანდიდატს, _ ეს ნამდვილად იქნებოდა პოლიტიკური სვლა. რამდენად დაიჯერებდა ამ განცხადებას ამომრჩეველი, ეს სხვა საკითხია, რადგან ხონში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს თითი თითზე არ დაუკარებიათ იმავე უგულავას გასამარჯვებლად, თუმცა ჩიტი ბრდღვნად მაინც ღირდა, თუნდაც ხელისუფლების დასაპანიკებლად.
თუ სააკაშვილი მაინც აპირებდა საკუთარი კანდიდატურის, ანუ მის მიერ გამორჩეული კანდიდატის წამოყენებას პრეზიდენტის არჩევნებზე, მაშინ რატომ გააკეთა არაერთი განცხადება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის წამოყენების შესახებ? და ვინ ოპოზიციას გულისხმობდა ის ამ ვითარებაში? ნათელაშვილი უკვე არის საპრეზიდენტო კანდიდატი. ბურჯანაძე მიშას გვერდით არ დადგება, ეს არ არის სარალიძის საქმე, სადაც მთელი პოლიტიკური სპექტრის მოსაზრებები იდენტურია. ინაშვილი და თარხან-მოურავი? _ არა! „მემარჯვენეები“? _ არა! ისინი მარგველაშვილს დაუდგებიან მხარში, რომელიც ამ გადაუწყვეტელი პოზიორობის მიუხედავად, ალბათ, გადაწყვეტს კენჭისყრას. „თავისუფალი დემოკრატები“ ასევე მარგველაშვილისკენ იხრებიან და ისინი, მიუხედავად მათი ელექტორალური სიმცირისა, ასევე პრეზიდენტს მიემხრობიან. რესპუბლიკელები და მიშა ერთად წარმოუდგენელია, რაიმე სახის კონცეპტუალურ გაერთიანებაში ვიხილოთ. არ ვგულისხმობ ცალკეულ ლოკალურ საკითხებს _ ცვლილებები კანონმდებლობაში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის განკუთვნილი განცხადებები და ა. შ. ზოგადად, არ გამოვრიცხავ, რომ მათ ამ არჩევნებზე ჩვეული არაორდინალური ნაბიჯი გადადგან და ერთი შეხედვით ოდიოზური კანდიდატურა შემოგვთავაზონ, განსხვავებული პროგრამითა და პოლიტიკური ხედვით, კანდიდატი, რომელიც საზოგადოებაში მორიგი დოგმების დამსხვრევას შეუწყობს ხელს. „გირჩი“ მიშასან არც კი დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. და მაშინ ვინ დარჩა? „ევროპული საქართველო“, რომლის წევრები ერთად და ცალც-ცალკე ჰყავთ არაერთხელ ჩარეცხილი მას და მის თანაგუნდელებს? საპასუხო ეპითეტებიც მოსმენილი მაქვს. მართალია, პოლიტიკური ცხოვრება იმაზე რთულ ეპითეტებსაც იტანს, რაც ამ ორ ბანაკს ერთმანეთისთვის უძღვნია, მაგრამ აქ წინა პლანზე მორალური პრინციპები გამოდის, რომელიც, თურმე, პოლიტიკაშიც არსებობს.
ანუ რას ელოდებოდა მესამე პრეზიდენტი, როდესაც დიდ გაერთიანებასა და საერთო კანდიდატის აუცილებლობაზე აპელირებდა? „ევროსაქებს“ უნდა დაეჭირათ მხარი მისი წინადადებისთვის? და მათვე საერთო საარჩევნო ყულაბაში მოეთავსებინათ არჩევნებისთვის განკუთვნილი ფული?
ახლა ფულზე არაფერს ვიტყვი. თუმცა ვაშაძის გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო შტაბს ვარშალომიძემ უნდა უხელმძღვანელოს და ხაზინადარი მურთაზ ზოდელავა გახდეს, გადასარევად ვიცი, რით არის განპირობებული. უბრალოდ, ვეცდები, ეს შიდა სამზარეულო გარეთ არ გამოვიტანო. არა იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია დაფარული უნდა იყოს თუნდაც გადასახადის გადამხდელისგან, რომლის ფულიც ენმ-სა და სხვა პარტიების ყულაბაში მიდის ან მისი მხარდამჭერებისგან, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა იმედგაცრუების დრო არ არის, ისევე როგოც სხვისი არეულის დალაგების არავითარი სურვილი არ მაქვს ან ზედმეტად არევის.
და კიდევ ერთი _ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ენმ-ს პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადწყვეტილება მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ ამ პარტიის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს შეცდომად რჩება. დავუშვათ, რომც წაეგო ქუთაისში ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მართლაც გამორჩეულად მაღალი პროცენტები მიიღო, გამარჯვების აბსოლუტირი შანსი ჰქონდა მამუკა დანელიას მარტვილში. ვიდრე პარტია არჩევნეზე გავა, იქნებ, შიგნით მოიკითხონ, პოლიტსაბჭოს რომელი წევრები ხვდებოდნენ „ოცნების“ ჩინოსნებს იმ დღეებში კონფიდენციალურად და რა მიზნით? ორი ვიდეოჩანაწერი მაქვს ჩემი თვალით ნანახი და საუბრის შინაარსიც მოსმენილი, ამიტომ სრულიადაც გასაგებია ბატონი ვაშაძის მიერ კანდიდატობაზე დანათანხმებამდე წამოყენებული პირობა, _ საარჩევნო გუნდს დავაკომპლექტებ მე.
გამორიცხულია, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესების შესახებ „ევროსაქები“ არ იყვნენ ინფორმირებულები და შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებდნენ ამ პარტიასთან რაიმე სახის გაერთიანებაში შესვლაზე. ამ ვითარებაში მათაც მოუწევთ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება, სხვა მხრივ, ალბათ, პოლიტიკური პროცესები წარმოუდგენელიც არის და ეს კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. რა შანსებით, ამაზე ახლა არ ვისაუბროთ.
მოკლედ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარი მოწოდების წინააღმდეგ წავიდა. ვერ მოახერხა ოპოზიციური გაერთიანების შექმნა და ენმ-დან ყველაზე ადრე გამოჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კი თქვა მიშამ საერთო კანდიდატზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი კანდიდატი _ გრიგოლ ვაშაძე _ გვეყოლება!
მოკლედ, მიშა მიშას წინააღმდეგ მერამდენედ იქცა ფაქტად.
და მაინც, როგორი იქნება ოპოზიციური კანდიდატების სპექტრი საპარლამენტო არჩევნებზე?
გრიგოლ ვაშაძე _ ენმ და „ამსტერდამის ჯგუფი“;
დავით ბაქრაძე _ „ევროპული საქართველო“;
ზურაბ ჯაფარიძე _ „გირჩი“;
ნინო ბურჯანაძე _ „დემოკრატიული მოძრაობა“;
გიორგი მარგველაშვილი _ „შენების პარტია“, „მემარჯვენეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“;
შალვა ნათელაშვილი _ ლეიბორისტული პარტია;
„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი;
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი;
არ გამოვრიცხავ, რომ კენჭი იყაროს ალეკო ელისაშვილმაც და ასევე რამდენიმე პერსონამ, რომელთა გვარ-სახელი საზოგადოებას არაფერს ეუბნება. ან თუნდაც ეუბნებოდეს, წონადი პოლიტიკური დასაყრდენი არ ეყოლებათ.
ხელისუფლების მხრიდან კი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურიასთან, სათადარიგო კანდიდატად კვლავ მაია ცქიტიშვილი მოიაზრება. ამავდროულად, გამოუვალ მდგომარეობაში არ გამოირიცხება, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი გახდეს.
ამ კონფიგურაციაში ამთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ტურის ალბათობა მაღალია, თუმცა არა გარდაუვალი.
სააკაშვილის ადგილას უპრიანი იქნებოდა საკუთარი, ანუ ენმ-ს კადიდატურა ყველაზე ბოლოს გაემჟღავნებინა, თუმცა მიშა რისი მიშაა, საკუთარ თავს რომ არ შეეწინააღმდეგოს და არ გაასწროს, ზოგჯერ წარმატებულად და ზოგჯერ _ წარუმატებლად. უბრალოდ, მაშინ საზოგადოებას ის შთაბეჭდილება მაინც დარჩებოდა, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოინდომა, მაგრამ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შეძლო.
მოკლედ, არჩვენებზე საერთო ოპოზიციური კანდიდატის გარეშე მივდივართ.

გოჩა მირცხულავა