იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტობაზე ბიძინა ივანიშვილი?

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებით ამბობს, რომ მისი მთავარი „პოლიტიკური მტერი“, ბიძინა ივანიშვილი, აუცილებლად იყრის კენჭს საქართველოს პრეზიდენტად. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ეს ყოფილი პრეზიდენტისა და მისი გუნდის პოლიტიკური ტაქტიკაა, თუ აქვთ ზუსტი „ინსაიდური“ (ანუ ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან გამოსული) ინფორმაცია, რას აპირებს მილიარდერი?

არ არის გამორიცხული, „მიშას გუნდი“ და მათი მოკავშირე პარტიული კოალიცია, რომელიც ნაკლებად ცნობილი და რეიტინგული ჯგუფებისგან შედგება, სწორედ ამ მიზეზით იკავებს თავს საკუთარი კანდიდატის დასახელებისგან. ანუ ერთია, თუ ივანიშვილი იყრის კენჭს, მაშინ ალტერნატიული კანდიდატი იქნება საჭირო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და მეორეა, თუ ივანიშვილი სხვას დაასახელებს: ასეთ შემთხვევაში „ენმ“ არჩევანს სულ სხვა ყაიდის პოლიტიკოსზე შეაჩერებს.
მაგრამ ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ საკმაოდ დიდი დრო აქვს კანდიდატის დასასახელებლად. მანამდე კი ექსპერტები იმაზე მსჯელობენ, საერთოდ უღირს თუ არა ივანიშვილს „ყულფში თავის გაყოფა“? ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრება (ახლაც ეკისრება ყველაფერზე), არამედ „უცნაური მილიარდერის“ ერთი ცნობილი თვისების გამო, რაც მას ყოველთვის ახასიათებდა. სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსის, პეტრე მამრაძის თქმით, „ბიძინა ივანიშვილს ჭირის დღესავით სძულს საჯაროობა:
„თუ პრეზიდენტი გახდება, შეხვედრები უნდა გამართოს, ვიზიტებით სხვა ქვეყნებში გაემგზავროს, უცხოელი სტუმრები მიიღოს, მათთან ერთად პრესკონფერენციები მოაწყოს, კითხვებს რეგულარულად უპასუხოს… საშინლად სძულს ეს ყოველივე…“ _ აცხადებს პეტრე მამრაძე. მისივე თქმით: „ბიძინა ივანიშვილს დიდი შემოსავალი აქვს აქციებიდან და გლობალური საინვესტიციო ფონდებიდან, რომლებშიც განათავსა თავისი უზარმაზარი კაპიტალი, ამიტომ სურს, მშვიდად აკეთებდეს იმ საქმეს, რაც ეხერხება _ ბიზნესი საზღვარგარეთ და ქველმოქმედება საქართველოში. მისი მთავარი ჰობი ქველმოქმედებაა“.
პეტრე მამრაძე ამბობს, რომ სახელმწიფო კანცელარიაში მისი ყოფილი კოლეგების თქმით, „ბიძინა ივანიშვილი იშვიათად მოდიოდა, დოკუმენტებთანაც უხალისოდ მუშაობდა, ყოველნაირად დემონსტრირებდა, რომ ეს ყოველივე მისი საქმე არ არის… დღეებს ითვლიდა, როდის წავიდოდა… მხოლოდ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასასრულს ელოდა და როგორც კი სააკაშვილის პრეზიდენტობა ამოიწურა, ბიძინა მაშინვე თვითონაც გადადგა… ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი როცა იყო, ძლივს დაარწმუნეს, ბალტიისპირეთში მაინც წასულიყო ვიზიტით. არანაირად არ შეიძლებოდა იმ ვიზიტის გამოტოვება და უხალისოდ წავიდა… მიუხედავად მრავალგზის მიწვევისა, ამერიკაში არაფრის დიდებით არ წავიდა ვიზიტით… ანუ ეს ყოველივე ძალიან არ უყვარს… პარტიის თამჯდომარეობაც დიდი ტვირთია მისთვის, თუმცა ეს მაინც სხვა საქმეა _ იქ შეიძლება არც გამოჩნდეს, არ იაქტიუროს საჯაროდ. თუკი პრეზიდენტი გახდება, ეს შეუძლებელი იქნება: პრეზიდენტი უნდა „ჩანდეს“. მოკლედ, არ არის ეს მისი საქმე“, _ აცხადებს პეტრე მამრაძე.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, რომელსაც ერთ დროს ივანიშვილის გუნდში ყევლაზე გავლენიან ფიგურადაც კი აცხადებდნენ, ასევე დარწმუნებულია: „პრეზიდენტობა ივანიშვილს არაფერში სჭირდება და არც იზიდავს, ივანიშვილი ნებისმიერ შემთხვევაში იყო და რჩება საქართველოში ძალის ცენტრად“, _ ხაზს უსვამს გია ხუხაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „აუცილებლად“ დაბრუნდება საქართველოში. თუმცა არ აზუსტებს, როდის. ერთ-ერთი ვერსიით, „ნაციონალები“ განიხილავენ თეორიულ შესაძლებლობას, რომ მიშამ, ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნების წინ ან ამ არჩევნებით გამოწვეული მიტინგ-დემონსტრაციების პარალელურად, აიღოს ავიაბილეთი „ამსტერდამი-თბილისი“ და ჩამოფრინდეს თბილისში. აეროპორტში მას ათასობით ფანატიკოსი დახვდება. ეს ეჭვს არ იწვევს, თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ შესაძლოა, მაინც დააპატიმროს და ციხეში ჩასვას, სადაც ექვსწლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს ბოლო განაჩენით.
მაგრამ ყველა ექსპერტი, ვინც ამ თემაზე მსჯელობს, ერთხმად ამბობს: სააკაშვილის ციხეში ჩასმა-არჩასმა არ არის მთავარი იმის გასარკვევად, ექნება თუ არა მომავალი ამ პოლიტიკოსს. მთავარი მაინც ქვეყანაში იმ დროისთვის მოსალოდნელი და ამჟამად უკვე არსებული გარემოა. მათ შორის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და ხელისუფლების (მმართველი პარტია) „მოფამფალების“ დონე, რასაც აუცილებლად იწვევს სხვადასხვა რყევა და მომრავლებული დამარცხებები.
საქართველოში, ტრადიციულად, ხალხი „წინააღმდეგ“ უფრო მოქმედებს, ვიდრე „მომხრედ“. მომხრე ვინცაა, სახლში რჩება.
ამ თვალსაზრისით გთავაზობთ რამდენიმე ექსპერტის პროგნოზს. როგორც „პრო“ ასევე „კონტრა“.

ქეთი გაბიანი _ არასამთავრობოთა კოალიცია „ევროპული საქართველოსათვის“ ლიდერი:
„მუდმივად ვამოწმებთ ხალხის განწყობებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ ქვეყანაში. ხალხს ერთადერთი იმედიღა დარჩა _ მიშა! ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია ეკონომიკური მდგომარეობით. ყველაფერი გაძვირდა, ადამიანები მაღაზიაში პომიდორსაც კი ვერ ყიდულობენ, სამჯერ გაძვირებულია, არადა პომიდორი როდის იყო ასე ძვირი საქართველოში?
მეორე პრობლემაა კრიმინალი: ადამიანებს ხოცავენ და ნარკოტიკებს უკვე ქუჩაში არიგებენ. მიშას შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ამ შეცდომებს ხალხი აპატიებს იმიტომ, რომ 9 წლის განმავლობაში მან „დადო“ შედეგი და ახლა ხალხის ერთადერთი იმედია, რომ მხოლოდ ის შეძლებს ამ პრობლემების გადაჭრას“.

პეტრე მამრაძე _ სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი:
„სააკაშვილის დაბრუნება აბსოლუტურად არარეალურია. მას მხარდაჭერა არ აქვს ხალხში. სოციალ-ეკონომიკური პრობლემები, რასაკვირველია, არსებობს და მათი გამოყენება შეიძლება კიდეც სცადოს რომელიმე პოპულისტმა, მაგრამ ეს უკვე სხვა პოპულისტი იქნება _ არა სააკაშვილი.
ანუ დესტაბილიზაცია ამ მოტივით შესაძლებელია. მით უმეტეს, თუ ლარი ჩამოიშალა, მაგრამ მის სათავეში სხვები იქნებიან _ სააკაშვილი ვეღარ მოექცევა ამ მოძრაობას სათავეში. სააკაშვილი უკვე „გაცვეთილი და გადამუშავებული“ ფიგურაა. მას ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ მისი ეშინიათ. „ოცნების“ კოალიციის ერთ-ერთი ყოფილი წევრი ამბობდა: „სააკაშვილი მსოფლიოში მთელ საქართველოზე მეტად პოპულარულიაო“.
ხელისუფლების ბრალია, რომ სააკაშვილი თავისუფლად დასეირნობს ევროპა-ამერიკაში მიუხედავად ორი განაჩენისა. როგორც ჩანს, „ოცნება“ მის ექსტრადირებასაც არ მოითხოვს რეალურად, თუმცა სააკაშვილსა და მის მომხრეებს ძალა არ ეყოფათ, საქართველოში შემოდგომაზე არეულობა მოაწყონ“.

თორნიკე შარაშენიძე _ პროფესორი:
„ნურავინ ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი ან ერთმნიშვნელოვნად დადებითია სააკაშვილისადმი დამოკიდებულება. არიან ისეთები, რომლებიც მას მხარს უჭერენ და პირიქით. ანუ, ისეთები, რომლებსაც მიშა ძალიან უყვართ ან ძალიან არ უყვართ.
იმ კატეგორიას, ვისაც მიშა უყვარს და მას მხარს უჭერს, შეუძლია შემოდგომაზე „მოძრაობა“ წამოიწყოს, თუმცა რამდენად იქნება ეს მოძრაობა საკმარისი ახალი რევოლუციის ასაგორებლად _ საკითხავია. ამაში ეჭვი მეპარება, რადგან „ხორავას ქუჩაზე მკვლელობის“ გამო დაწყებული აქციების დროს შევნიშნე: ადამიანებს ეშინიათ დესტაბილიზაციის. ხალხის უმრავლესობა დესტაბილიზაციას მხარს არ დაუჭერს.
თუმცა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ემზადება შემოდგომისთვის: ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ სწორედ ამით აიხსნება, ერთი მხრივ, სააკაშვილის დაპირება პოლიციელებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ და, მეორე მხრივ, მთავრობის გადაწყვეტილება, პოლიციის თანამშრომლებს 250 ლარით გაუზარდოს ხელფასი“.

ვანო გამგებელი