„ირმა ჭკადუა, ფულის გამო სული არ უნდა გაყიდო1“

2004 წელს მესტიაში, სოფელ ეცერში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გია ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნენ ომეხ და ევგენი აფრასიძეები, ხოლო ძმები გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს, გაასამართლეს და მათ 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

28 თებერვალს გოჩა და შმაგი აფრასიძეები რუსთავის მე-16 დაწესებულებიდან განთავისუფლდნენ.
ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, მათ ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, შემდეგ კი განთავისუფლდნენ.
ადვოკატი ამტიცებს, რომ პენიტენციურ სისტემაში ძმები არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ.
ადვოკატი გამოძიების დასრულებას ელოდება და სპეცოპერაციის ხელმძღვანელებისა და ბრძანების გამცემის დასჯას ითხოვს.

ირმა ჭკადუას პრესკონფერენციის შემდეგ „ქრონიკა+“-ს ბექა დადეშქელიანი დაუკავშირდა და იმ კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა, რომელიც აფრასიძეებმა სხვადასხვა დროს ჩაიდინეს:

_ გაოგნებული დავრჩი ირმა ჭკადუასა და აფრასიძეების დედის პრესკონფერენციის მერე: ორი ადამიანი უტიფრად იჯდა და ამტკიცებდა, რომ აფრასიძეების ოჯახი, თურმე, სრულიად უმწიკვლოა, როგორი მართლები და საწყლები არიან!!!
სვანეთში ყველამ იცის, რას სჩადიოდა აფრასიძეების ოჯახი, როგორ ძარცვავდა და აყაჩაღებდა ხალხს, იპარავდა ავტომანქანებს და მერე ფულის ნაცვლად „ავაზვრატებდა“, იტაცებდნენ ადამიანებს, მათ კისერზეა აფხაზეთის ომის მერე ჭუბერის უმძიმესი გზის გამოვლისას აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების ძარცვა და დაყაჩაღება. სწორედ ომეხ და ევგენი აფრასიძეები ძარცვავდნენ დევნილებს, ართმევდნენ ძვირფას ნივთებსა და ფულს, აფხაზ „ბოევიკებს“ გადარჩენილ ქართველებს სვანეთში აფრასიძეები მოევლინენ მორიგ განსაცდელად.
ყველაფერს რომ თავი დაავანებოთ, აფრასიძეების კისერზე რამდენიმე ადამიანის ცოდვაა. რას ეუბნებიან ბადრი დადეშქელიანის, ლაშა უშხვანის, ახლავ არღვლიანის, ჯილდი ვიბლიანის ოჯახებს? ირმა ჭკადუას მინდა მივმართო: ერთი სვანი მანახეთ, რომელიც გვერდით დაგიდგებათ. ეს ადამიანები ხომ, ფაქტობრივად, არაფრის გამო ჰყავთ მოკლული აფრასიძეებს? ამ ოჯახმა სვანები შეარცხვინა. ეს ოჯახი თავისუფლების ღირსი არაა და იმედი მაქვს, რომ მართლმსაჯულება ირმა ჭკადუას ჭკუაზე არ გაივლის. ვინც აფრასიძეების ოჯახის გამართლებას შეეცდება, ძალიან დიდ პრობლემას გადაეყრება მთელი სვანეთიდან. ეს ოჯახი არის მკვლელების, ყაჩაღებისა და მაროდიორების ოჯახი, სახელმწიფოს ფულს კი არ უნდა სთხოვდნენ, პირიქით, უნდა ეხვეწებოდნენ, რომ გარეთ სიარულის უფლება მისცენ. ან გაითვალისწინებენ ჩვენს ამ მოთხოვნას, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, დაზარალებულები ერთად მივხედავთ აფრასიძეების ოჯახს. ირმა ჭკადუამ ფულის გამო სული არ უნდა გაყიდოს და ფულის გამო არ უნდა აჯერებდეს მთელ ქვეყანას, რომ ნაძირალები და მკვლელები დაჩაგრულები არიან.
_ ბექა, ძალიან გამწარებული ხარ!
_ გამწარებული როგორ არ ვიქნები?! _ აფრასიძეებმა ჩემი ოჯახის წევრი მოკლეს! ჩემი ბიძაშვილი ბადრი დადეშქელიანი, მაგათი კლასელი იყო, დაბადების დღეზე ერთად იქეიფეს, მთვრალი ომეხ აფრასიძე გზაში სულ ტყუილუბრალოდ აუხირდა, იარაღი ამოიღო და ტყვია დაახალა. 35 წლის ბიჭი ადგილზე გათავდა. ჩემი გვარი სისხლის აღებას აპირებდა. სვანეთში ასეთი წესია, მაგრამ 2004 წელს სპეცოპერაცია ჩატარდა, მამა-შვილმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სპეცდანიშნულების რაზმს, ისინი ლიკვიდირებულ იქნენ, ორი ძმა კი დააპატიმრეს.
როგორც ზემოთ ვთქვი, აფრასიძეების ოჯახი საშინელ ამბებს სჩადიოდა სვანეთში: ლტოლვილებს აყაჩაღებდა, ადამიანებს იტაცებდა, იმ წლებში არაერთი გახმაურებული ყაჩაღობა მოხდა, სოფელი მაგათ გამო დაიცალა.
სრულიად უდანაშაულო თბილისელი გოგო გამოასალმეს სიცოცხლეს! როგორ უნდა შერჩენოდათ ეს ამბები?
მოვიდნენ და აფრასიძეების მოკლული ადამიანების ოჯახებს გველაპარაკონ, როგორი საწყლები და უდანაშაულოებიც არიან.
ეგ არის ოჯახი, რომელიც ადამიანს ცოცხალ არსებად ვერ აღიქვამდა. დედამისი, რომელიც ახლა საცოდავი და ჩაგრული ქალის როლში გამოდის, ეგ იყო ოჯახის მმართველი და მთავარი იდეოლოგი.
სახელმწიფომ ეს უდიდესი საფრთხე გაანეიტრალა. აბა, რა უნდა ექნა? მისულიყო და უკან გამოქცეულიყო?
გესვრიან? _ უნდა ისროლო და დაიჭირო. გამოვიდნენ ციხიდან ამნისტიით, ამაზე შეიძლება თვალი დახუჭო, სასჯელის დიდი ნაწილი მოიხადეს, მიცვალებულები ჰყავდათ, დაისაჯნენ, მაგრამ გამოვიდნენ და რაზე დაიწყეს საუბარი? უდანაშაულო და საწყალი ხალხი თურმე არასწორად დასჯილა და სახელმწიფომ ის პირები უნდა დასაჯოს, რომელიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. თურმე კომპენსაციაც ეკუთვნით. სირცხვილია!!! მადლობა თქვან, რომ შურისძიებაზე არავინ ფიქრობს, ისხდნენ თავიანთ ნაჭუჭში და გაჩუმდნენ.
_ ბექა, ერთია, როცა სახელმწიფო სპეცოპერაციას ატარებს და მეორე, რაზეც მაშინ საუბრობდნენ, რომ გიორგი ბარამიძემ დანახშირებულ გვამებზე კუბდარი მოითხოვა. ეს სიმართლეა?
_ სისულელეა, მსგავსი რამ არაფერი მომხდარა, არავის უთქვამს. მაგით რას ამტკიცებენ, რომ ბარამიძე პირსისხლიანი მკვლელია? რაში სჭირდებოდა მინისტრს მსგავსი რამის გაკეთება? კამბოჯაში ხომ არ ვართ? ვიღაც სულელის მოგონილი ზღაპარია.
ირმა ჭკადუას საჯაროდ მივწერე, _ ერთი სვანი მაინც თუ დადგება აფრასიძეების გვერდით მათ მხარდასაჭერად, ხმას არ ამოვიღებ. საქართველოს ისტორიაში ბევრი ფაქტია, როცა მტარვალებს ჩახოცავ, სწორედ ანალოგიური ფაქტია იმ საუკუნეში აფრასიძეების ოჯახის ალაგმვა. XX საუკუნის მტარვალები სწორედ ესენი არიან. ამ მტარვალებს თურმე სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს, მერე მადლობა და სახელმწიფომ, თურმე, ჩვენი, ანუ ბიუჯეტის ფული უნდა გადაუხადოს! ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა და ასეა ყველა, ადამიანს ვერ ნახავ, რომ აფრასიძეების ოჯახს გვერდით დაუდგეს. ადამიანები რომ გაქრებოდნენ, ავტომანქანას რომ მოიპარავდნენ, ეგრევე აფრასიძეების მხარეს მიდიოდა ფიქრი _ მოენახათ შუამავალი და დაბრუნების სანაცვლოდ ფულზე შეთანხმებულიყვნენ.
არ გამოვა მტარვალების გამართლება!
ამას ჩვენ არ დავუშვებთ!

მარიამ ბალანჩივაძე