მადონა ჭეიშვილის კორუფციული სქემები, რომელიც შეიძლება სასამართლო პროცესების საწინდარი გახდეს

ჯერ მცირე რემარკა:
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 1948 წელს გამოიცა, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვები, ტანსაცმელი, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მოთხოვნილებების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში“. ამავე დეკლარაციის თანახმად: „ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება სამუშო დღის გონივრული შეზღვუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით“.

წლების განმავლობაში ამ უზენაეს კანონს არღვევდა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამართალდამცველის დედა _ მადონა ჭეიშვილი.

ფაქტი #1

2009 წელს სტატიების მთელი სერია მივუძღვენი გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისში (მაშინდელი) „033“-ში განვითარებულ მოვლენებს. მადონა ჭეიშვილს კარგად ახსოვს ეს სერია და ჩემი მთავარი რესპონდენტი _ მის მიერ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომელი, მრავალშვილიანი დედა _ ნინო ჯაბაური. ჯაბაურის უკან „033“-დან განთავისუფლებულ თანამშრომელთა მთელი არმადა იდგა. 2009 წელი _ დაზარალებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობდა. საკმაოდ მასშტაბური დათხოვნების მიზეზი გახდა შემდეგი: დირექტორმა მადონა ჭეიშვილმა თანამშრომლებს შიდა გამოცდა ჩაუტარა და სარეიტინგო ქულა 160-დან 200-მდე დაუწესა. იკითხავთ, ალბათ, მსგავსი გამოცდების მოწყობის უფლება ნებისმიერ ჩინოვნიკს, მით უმეტეს, ახლად დანიშნულ ხელმძღვანელობას აქვსო, მაგრამ სარჩული ამ ყველაფერს სრულიად სხვა ედო. როგორც თანამშრომლები სასამართლოში ყვებოდნენ, გამოცდები ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებული იყო და შესაბამისად, ქულებიც არათანაბრად გადანაწილდა. თანამშრომელი, რომელიც კუთვნილ შვებულებას გამოიყენებდა, დეკრეტში გავიდოდა ან ავად გახდებოდა, 0 ქულას მიიღებდა. ასევე უთვლიდნენ მორიგეობებს, რაც ჭეიშვილის მიერ გაწერილი ბრძანებით ხორციელდებოდა. სწორედ ამ უკანასკნელის მიერ მიღებული კრიტერიუმების წყალობით 50-მა თანამშრომელმა სამსახური დაკარგა.
აი, როგორ ჩამოაყალიბა ბრალდება დაზარალებულთა ადვოკატმა რაისა ლიპარტელიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ დირექტორმა კანონით მინიჭებული უფლებები ბოროტად გამოიყენა:
„შიდა სარეიტინგო გამოცდები არაობიექტურად და კანონდარღვევით ჩატარდა. თანამშრომელს, რომელმაც წლის განმავლობაში კუთვნილი 2-კვირიანი უფასო შვებულებით ისარგებლა, 0 ქულა დაეწერა, ვინც არა _ 20. ამასთან, ავად თუ ვინმე გახდებოდა ან დეკრეტში გავიდოდა და ა. შ., 0 ქულა არც ამ შემთხვევაში ასცდებოდა. ასევე ითვალისწინებდნენ მორიგეობებს, რაც, ცხადია, ექიმის აქტივობაზე არ იყო დამოკიდებული. საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, ვისაც ქულები არ ეყო, ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლეს. ვცდილობდით, დაზარალებულებს სიმართლის დადგენაში დავხმარებოდით, რაც არც ისე მარტივი იყო. დირექტორი მადონა ჭეიშვილი, რომელმაც კანონი უხეშად დაარღვია, თბილისის იმდროინდელი პროკურორის, დავით საყვარელიძის დედა გახლდათ. სამოქალაქო სასამართლოში სარჩელი რომ შევიტანეთ, დაბრკოლებებს მაშინვე წავაწყდით. მოგვთხოვეს, რომ თითო მოსაჩელეზე, ბაჟის სახით, 300 ლარი გადაგვეხადა, რაც, საბოლოო ჯამში, 15 ათასი ლარია. ასეთი დიდი თანხის გადახდა კი ჩვენი მხრიდან წარმოუდგენელი იყო. აბა, საიდან? საჩივარი რახან საყვარელიძის დედას ეხებოდა, ცდილობდნენ, ყოველნაირად შევევიწროვებინეთ“.
საქართველოში ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების რღვევა ჩვეულებრივი ფაქტი გახდა. რატომღაც, დამსაქმებლები გულგრილად ეპყრობიან დასაქმებულებს და ცდილობენ, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ, შეავიწროონ.
ფაქტი #2

წინა ხელისუფლების დროს ადვოკატმა დიმიტრი ალექსიძემ ციხეში სამი წელი გაატარა. იგი ზურაბ ადეიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევდა თავს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ საკმაოდ საინტერესო იყო მისი განცხადება, რომელსაც „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი დაპატიმრება ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესებთან დაპირისპირებამ გამოიწვია. 1997 წელს პირველი კერძო არბიტრაჟი დავაფუძნე, 2009 წელს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება-თაღლითობის ბრალდებით დამაპატიმრეს. თითქოს მევახშეების უფლებები შევლახე და დავარღვიე კანონი „კერძო არბიტრაჟის შესახებ“, როდესაც ერთ-ერთ მევახშეს არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება ავუკრძალე. გამომძიებელმა საქმიდან ჩემი დაკითხვის ოქმი მოიპარა და ისე მომისაჯეს სასჯელი, საქმეში ჩემი დაკითხვის ოქმიც არ არსებობდა.
ამას გარდა, მქონდა რამდენიმე საქმე, რომელიც ხელისუფლებასთან ჩემი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ქალბატონ ანა სანდომისაშვილის უფლებებს ვიცავდი, რომლის ბინის ხელში ჩაგდებაც მევახშეებს სურდათ. ლელა ხარატის საშუამავლო ფირმაში ამ ქალბატონს მოტყუებით გააფორმებინეს ხელშეკრულება და თანხაც არ გადაუხადეს. მევახშეებს მფარველობდა მადონა ჭეიშვილი, რომელიც დავით საყვარელიძის დედა გახლავთ. მევახშეები შემდეგი სქემით მოქმედებდნენ: სამი-ოთხი კაცი აფორმებდა გირავნობის ხელშეკრულებას, გაასესხებდნენ გარკვეულ თანხას, შემდეგ ერთ-ერთი ბარისტერში მიდიოდა, რომელიც კახეთის ვიცე-გუბერნატორ გიორგი სიბაშვილს ეკუთვნოდა და იქ ხდებოდა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაანგარიშება. მე, როგორც არბიტრაჟის თავმჯდომარე, მათი უკანონო გეგმების განხორციელებაში ხელს ვუშლიდი.
ასევე ვიცავდი ყურბანოვის უფლებებს, რომელსაც თემურ ჟღენტმა საბუთების გაყალბების გზით წაართვა საცხოვრებელი ფართი. სწორედ ამიტომ ყველაფერი გასდიოდათ, რასაც მოისურვებდნენ. თემურ ჟღენტმა ყურბანოვისგან ჯერ პატარა მიწის ნაკვეთი იყიდა, შემდეგ კი მთლიანი ფართის ხელში ჩაგდება მოინდომა. ყურბანოვს შვილის დაჭერით ემუქრებოდნენ, _ მერე იძულებული გახდები, საერთოდ წახვიდე აქედანო, _ ეუბნებოდნენ. თემურ ჟღენტი მიხეილ მაჭავარიანის სიმამრის _ რამაზ ჟღენტის ძმაა, რომელიც გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გახლდათ. ყველგან პროკურატურა და მასში მომუშავე მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ“.

ფაქტი #3

2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ მერიის, საკრებულოების, სახელმწიფო უწყებების კვლევა საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ ის ფაქტი გაასაჯაროვა, რომლითაც კვლევის პროცესში სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირებით საინტერესო ვითარება გამოიკვეთა.
„გვაქვს ინფორმაცია და საბუთები, რომ „033“ წლების განმავლობაში თითქმის ვადაგასულ წამლებსა და მედიკამენტებს იყენებდა. მედიკამენტებს ისინი საბაზრო ფასთან შედარებით ნახევარ და მესამედ ფასად ყიდულობდნენ. ავადმყოფებს ამით მკურნალობდნენ და პირველად დახმარებას უწევდნენ. ესაა ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის დედა. მის დროს რამდენიმე პროექტი განხორციელდა, რომლებზედაც კვლევას ვატარებთ, მაგრამ სასწრაფო სამსახური ინფორმაციას არ გასცემს. თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადონა ჭეიშვილმა დატოვა ეს თანამდებობა და ერთ-ერთი საავადმყოფოს ხელმძღვანელი გახდა, მას სამსახურიდან რადენიმე მნიშვნელოვანი სიკეთე გაჰყვა“.

ეს ყოველივე შეიძლება გარკვეული სასამართლო პროცესების საწინდარი გახდეს. ჩვენ აქ მხოლოდ ფაქტები მოგვყავს, რომელსაც გარკვეული სტატუსის მქონე პირები დებენ _ სახელით, გვარით, კონკრეტული მაგალითებით და მისამართებით.
თუ რას გულისხმობდა ადვოკატი:
1. მადონა ჭეიშვილის მიერ მევახშეების მფარველობაში;
2. რა სიკეთეები გაჰყვა და რა თანხაა გაფლანგული „033“-ის ხელმძღვანელად ყოფნის დროს;
3. რა ვადაგასულ მედიკამენტებსა და თაღლითურ სქემებზეა საუბარი, _ ამას „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.
რაც მთავარია, ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ის, რაც არსად გამოქვეყნებულა _ ტენდერები „აკრძალულ“ პრეპარატებზე.

თამარ როსტიაშვილი