ვინ სთავაზობდა ზურაბ ჯორბენაძეს “ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას?

ზურაბ ჯორბენაძე პროფესიით ადვოკატია. ის პირველი იყო, ვინც საჯაროდ აღიარა, რომ „კუდის“ აგენტი იყო, სხვადასხვა დავალებას ასრულებდა, ჩანერგილი იყო „ქართულ ოცნებაში“, ევალებოდა არჩილ კბილაშვილის ჩაწერა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან განცხადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, რამდენიმე დღის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას, მაგრამ სხვა საქმეების მსგავსად ჯორბენაძის საქმეც თაროზე შემოდეს და იგი არავის გამოუძიებია.

ორიოდე დღის წინ ზურაბ ჯორბენაძე „ქრონიკა+“-ის რედაქციაში მოვიდა, დეტალურად მოყვა იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეთავაზებაზე, რომელსაც მის მიმართ გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე ახორციელებდა. ჯორბენაძის განცხადებით, ხათრიძე ბარბარე რაფალიანცის საქმეზე „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალების უარყოფას სთხოვდა და აიძულებდა დაეწერა, რომ მასალაში მე ზურაბ ჯორბენაძეს ფული გადავუხადე. ამ ფაქტის შემდეგ ჯორბენაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. გასაუბრებაზე ერთხელ დაიბარეს, მაგრამ ცხადია, მის განცხადებას პასუხი არ მოჰყოლია.

ამ და სხვა საკითხებზე ზურაბ ჯორბენაძემ „ქრონიკა+“-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა:

_ ზურაბ, დავიწყოთ იმ ამბით, თუ როგორ ცდილობდა შენს იძულებას გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვარლამ ხათრიძე, მიგეცა ჩვენება, რომ მე რაფალიანცის საქმეზე გამოქვეყნებულ მასალებში ფული გადაგიხადე… და საერთოდ, ვინ არის ვარლამ ხათრიძე? რატომ სპეკულანტობს ის მუდმივად რაფალიანცის საქმით?
_ დაუზუსტებელი ინფორმაციით ვიცი, რომ, თითქოს, ხათრიძე გენინსპექციიდან გაუშვეს. რამდენად სწორია და სერიოზული ეს ინფორმაცია, შსს ამას მერე ან უარყოფს, ან დაადასტურებს, მაგრამ ის, რომ გავიგოთ, ვისთან გვაქვს რეალურად საქმე, მისი წარსული უნდა გავიხსენოთ: ვინ იყო ვარლამ ხათრიძე? საიდან მოვიდა იგი? როგორ მოვიდა? მერე საიდან მოხვდა გენინსპექციაში? საოლქო სასამართლო 2005 წლამდე იყო, 2005 წელს უპრეცედენტო რამ მოხდა: იმისთვის, რომ საოლქო სასამართლოს მოსამართლეები სამსახურიდან გაეყარათ, წინა ხელისუფლებამ სასამართლოს ლიკვიდაცია მოახდინა. შემდეგ შეიქმნა სააპელაციო სასამართლო. იმ დროს უკვე ვალერი ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, მანამდე _ ეკა ტყეშელაშვილი, მერე _ ზაზა მეიშვილი და ა. შ. და ა. შ. ვინ რა მონაცვლეობით ინიშნებოდა, ზუსტად არ მახსოვს. ვალერი ცერცვაძე იყო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. იმ დროისთვის საოლქო სასამართლოს აპარატის უფროსი ამჟამინდელი მოსამართლე გიორგი ებანოიძე იყო, რომელსაც მერე თავისი სამსახური დაუფასეს და ბოლნისის სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს. ამჟამად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. ყოველდღე საოლქო სასამართლოში ვიყავი იმიტომ, რომ ჩემი ძმა საოლქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე გახლდათ, ებანოიძე რეალურად ადმინისტრაციის უფროსი იყო, მაგრამ შეფარულად მაშინდელი კუდ-ის ნომრიანი აგენტი იყო, რომელსაც მოსამართლეების მოსმენა, თვალთვალი და მათ ოთახებში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება ევალებოდა, _ ამით მოსამართლეების კონტროლი და შანტაჟი. ებანოიძის „სასტავში“ შედიოდნენ (ვინც მაშინდელ კუდ-თან თანამშრომლობდა) ამჟამინდელი მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, რომელიც ჩემი ძმის თანაშემწე იყო, ვასილ მშვენიერაძე, რომელიც ამჟამად საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა, კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პროკურორად მუშაობდა და შემდეგში „ქართული ოცნების“ დროს ფოთის სასამართლოს თავმჯდომარე და მერე ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარე ჯემალი (გვარი აღარ მახსოვს, მეგრული გვარი აქვს), ა. შ. და ა. შ.
_ ვარლამ ხათრიძე იმ დროს რას აკეთებდა?
_ ვარლამ ხათრიძე იმ დროს იყო საოლქო სასამართლოს, შემდეგ სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის ჯერ სპეციალისტი, მერე _ კანცელარიის უფროსი. როგორც ყველა დანარჩენი სპეციალისტი, ვარლამ ხათრიძე კუდ-ის ზეგავლენის ქვეშ და მათ დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო. იმ დროს სპეცსამსახურმა ვარლამ ხათრიძე მიაბა… ვარლამ ხათრიძის მიღების შემდეგ მანდ ერთი სერიოზული პრობლემა წარმოიშვა, ამჟამად ის ადამიანი ბერია და არ მინდა, საზოგადოებამ ცუდად გაიგოს, იგი წესიერი და ღვთისმოსავი ადამიანია, პაატა, არ დავასახელებ, ბერობაში რა ჰქვია. ეს პაატა საოლქო და შემდგომში სააპელაციო სასამართლოს დაცვის უფროსი იყო. პაატა და ვარლამ ხათრიძე ამათ უნდა გაეხვიათ შარში, ეს იყო ჩანაფიქრი და ვარლამ ხათრიძის „დასავერბოვკებლად“ იგი შარში გახვიეს, რაღაც სიბინძურე გააკეთებინეს, მერე დასაჭერად ჰქონდა საქმე, იმდენად მძიმედ, რომ მისი დაჭერა გადაწყდა. მაღალი რანგის გარკვეული თანამდებობის პირები ხათრიძეს გაურიგდნენ, რომ არ დაიჭერდნენ და მის მაგივრად ამ საქმეში პასუხისგებაში მისცეს ის დაცვის უფროსი პაატა, რომელიც ამჟამად ბერია, ანუ დაღუპეს და გაწირეს, ხათრიძე კი გადაარჩინეს და იმით შემოიფარგლნენ, რომ ხათრიძე სამსახურიდან გაუშვეს. ასე დაუახლოვდა ხათრიძე სპეცსამსახურებს და შემდეგ ხათრიძე სასამართლო სისტემისთვის რომ მოეშორებინათ, იგი ეკლესიაში გადასვეს და წლების განმავლობაში წვერით დადიოდა, მეუფე ანანიასთან იყო, მღვდლობას აპირებდა და ეს მეც ვიცოდი, რადგან ჩემთან ახლობლობდა. ყველა მათგანი, ვინც ზემოთ დავასახელე, თავის დროზე, ჩემი მეგობარი იყო და ამას პირდაპირ ვიტყვი, ბევრ მათგანს ყავის მოდუღებას ვერ ასწრებდა ვერავინ, სასამართლოში რომ მივდიოდი, იმდენად ცუციკებივით იყვნენ, ამას პირდაპირ ვამბობ! რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „ნე დარუშენი“, ანუ დაუმთავრებელი ადამიანიო, ასეთი ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, ვინც არ უნდა დაუყენო უფროსად, ყველას დაემორჩილება. იმათთვის მე მაშინ უფროსი ვიყავი, რადგან ჩემს ძმაზე იყო დამოკიდებული მათი კარგად ყოფნა, მათი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ყავის მოდუღებას ვერავინ ასწრებდა. ასე ვიყავი დაახლოებული ვარლამ ხათრიძესთან. შემდეგ ეს ხათრიძე მეცოდებოდა, რადგან დასაჭერად ჰქონდა საქმე და ბევრჯერ უსაუბრია ჩემთან, რომ როგორმე უნდა გადარჩენილიყო. მართლაც დაეხმარნენ მას და გადაარჩინეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როგორც ზემოთ ვთქვი, ვიცი, რომ ხათრიძე მღვდლობას აპირებდა. როგორც ვიცი, ვარლამ ხათრიძეს „ქართულ ოცნებასთან“ პირველი შეხება მაშინ ჰქონდა, როცა „ქართული ოცნების“ შეკრება მცხეთის რაიონში, ბებრის ციხის ჭალაში იყო. იმ დროს ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად „ქართული ოცნების“ აქციაზე ვიყავი მცხეთაში და ვარლამ ხათრიძე ვნახე გრძელი წვერით, გრძელი თმებით და იმდენად გაეხარდა ჩემი ნახვა, რომ ერთმანეთთან საუბარში ვთქვით, ვინ რას აპირებდა. მითხრა, რომ „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფში თედო კობახიძესთან და სხვა ადვოკატებთან უნდოდა მოხვედრა. სავარაუდოდ, მაშინდელი კუდ-ი კარგად მუშაობდა ჩანერგვებზე იმიტომ, რომ მე წელიწადნახევარი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მაგის მეტი არაფერი მიკეთებია და ვიცოდი, ვინ ვისთან იყო ჩანერგილი. ხათრიძე კუდ-ის მეშვეობით მოხვდა ამ „სასტავში“. მეც ხშირად ვიჯექი იმ ადამიანთა უფლებების დაცვის ჯგუფში ახლანდელი „ქართული ოცნების“ ოფისი რომ არის, მაშინაც „ქართული ოცნების“ ოფისი იყო. პირველ სართულზე იქ ახლა კანცელარია, საშვთა ბიურო და მისაღებია, იქ ბევრ რაღაცაზე იყო საუბარი, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მოხვდნენ ვაკო და ინგა ბერეკაშვილი რაფალიანცის ოჯახის ადვოკატებად.
უშუალოდ ვინ მოახერხა მათი ადაპტაცია რაფალიანცის საქმეში, არ ვიცი, მაგრამ, პრაქტიკულად, ის, რასაც ისინი ჰყვებოდნენ რაფალიანცის საქმეზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რადგან ყვებოდნენ, რომ ბავშვი ქვევრში იპოვეს. წარმოიდგინეთ, როგორი მოსასმენია, რომ ჩვილი ბავშვი ქვევრში ჩაგდებული და წყალში ჩამხრჩვალი იპოვეს. ვაკო ხათრიძე ჰყვებოდა, როგორ ეჩხუბა გამომძიებელს, კინაღამ საანგარიშო დაარტყა თავში, გაწევ-გამოწევა ჰქონდათ, დაპატიმრებას უპირებდნენ და როგორ გამოასწრო კახეთიდან. ეს ჩემთან მოყოლილი აქვს და ვფიქრობდი, რომ იგი მებრძოლი ადამიანი იყო… „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოულოდნელად ვარლამ ხათრიძე გენინსპექციის უფროსის მოადგილედ ვიხილე. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც მღვდლობას აპირებს და ადამიანი, რომელიც მეუფე ანანიასთან სასწავლებელში ლექციებს კითხულობს ღვთისმეტყველებაში (ღვთისმეტყველების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული), ადამიანი, რომელიც ღვთის რწმენაშია, მოულოდნელად ხდება შსს გენინსპექციის უფროსის მოადგილე. აქ არის ერთი დიდი შეკითხვა, _ თუ ის ნომრიანი აგენტი არ იყო და სპეცსამსახურებს მასთან ყოფნა არ აწყობდა, ეს სამღვდლოდ გამზადებული კაცი საღვთო რჯულის წასაკითხად დანიშნეს გენინსპექციაში?!
_ რა გაირკვა, ბოლოს და ბოლოს, რატომ დანიშნეს ბერეკაშვილიც და ვარლამ ხათრიძეც გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ?
_ პრაქტიკულად, ჩემი აზრით, ვარლამ ხათრიძეს რაფალიანცის საქმის დეტალები ხელთ ეჭირა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი დეტალები იყო „ქართული ოცნების“ ასაფეთქებლად, რომ ვარლამ ხათრიძეს მინისტრად ვერ დანიშნავდნენ და ერთ-ერთი წარმომადგენლობითი და მაღალანაზღაურებადი თანამდებობა უნდა მიეცათ. მისცეს კიდეც.
მაშინ გენინსპექციის უფროსად უშუალოდ მინისტრ ღარიბაშვილის ნათესავი დანიშნეს… ღარიბაშვილს მაშინაც ვცემდი პატივს იმიტომ, რომ ქართულად მოაზროვნე კაცი იყო, შეიძლება მუშაობაში არ ვარგოდა, მაგრამ აზროვნებით ქართულად აზროვნებდა… ღარიბაშვილი ხათრიძეს გენინსპექციის უფროსად არ დანიშნავდა, ყველაზე სანდო პირი დანიშნა გენინსპექციის უფროსად და მის მოადგილედ _ ხათრიძე. ეს ჰყავდათ შემონახული, ვინიცობაა, გამოადგებოდათ…
_ ზურაბ, რა შეიძლება იყოს იმ „ფლეშკაზე“, რომლითაც, ჩემი ინფორმაციით, ხათრიძემ გიორგი გახარიას გარდა ყველა მინისტრის დაშანტაჟება მოახერხა?
_ ხათრიძეს ეს „ფლეშკა“ ჩემთვის არ უნახვებია და არ ვიცი, რა შეიძლება იყოს, მაგრამ წმინდა ლოგიკიდან გამომდინარე, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამდენი ხანი ხათრიძეს გენინსპექციის უფროსის მოადგილედ ინახავდა, ალბათ, მძიმედ ასაფეთქებელი რაღაცა უნდა იყოს, რომელიც ხელში უჭირავს. ამას მე შევადარებდი ამჟამად განვითარებულ ტრაგედიას ხორავას ქუჩის საქმეზე, სადაც მირზა სუბელიანი, ეს მართლა ადეიშვილის მარჯვენა ხელი ქვემო ქართლში, აშანტაჟებდა ხელისუფლებას, ვთქვათ, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით და გარიგება მოხდა ამ შემთხვევაში მირზა სუბელიანსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შორის: სუბელიანი დაპატიმრებაზე იმის სანაცვლოდ დათანხმდა, რომ მისი ოჯახის წევრები და ბავშვები არ დაეპატიმრებინათ. ალბათ ხათრიძესაც ისეთი რამე უჭირავს ხელში რაფალიანცის საქმით, რომ მისი ხუთი წელი გენინსპექციის უფროსის მოადგილეობა ნიშნავს, დაახლოებით, 300-400 ათას ლარ ხელფასს, კომფორტს, კეთილდღეობასა და ხელშეუხებლობას. ხუთი წელი გენინსპექციის მოადგილე იყო, ეს დიდი მიღწევაა.
ახლა რაც მოხდა სტატიასთან დაკავშირებით: მაშინაც მეშინოდა სიბინძურის იმიტომ, რომ ბევრი სიბინძურე მაქვს ცხოვრებაში ნანახი, ჩემდაუნებურად მოვხვდი ისეთი მოვლენების ეპიცენტრში, რაც ჩემს სულიერ მდგომარეობას არ შეეფერებოდა. „ნაცმოძრაობის“ დროს „ნაციონალების“ სპეცსამსახურები ისეთი სიბინძურეების გაკეთებას მავალებდნენ, რაც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და დაწერილი და მეგონა, „ქართული ოცნება“ ამ სიბინძურეების კეთებას არ გააგრძელებდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მიმაჩნია, რომ რაც მაშინ დავწერე გაზეთში და რაც ახლა ვთქვი, ეს ყველაფერი სიმართლეა და არც ერთ შემთხვევაში არ მოვიგონებ ტყუილს, რადგან ამაში არაფერს ველოდები არც თქვენგან, არც საზოგადოებისგან, არც ვინმე მაფინანსებს, რომ გინდა თუ არა, ეს თქვიო. მაგრამ ამაზრზენ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და დამიბარეს. წარმოიდგინეთ, რა არის განსაკუთრებული ამ საქმეში. ვაკო ხათრიძემ ტელეფონის ისეთ ნომერზე დამირეკა, რომელიც ჩემს სახელზე არ არის რეგისტრირებული. მე არ ვსარგებლობ ჩემს სახელზე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებით, რადგან ვიცი, რომ სუს-ი მისმენს, ჩემ გადაადგილებასაც კი აკონტროლებს, ამიტომ სხვისი ტელეფონის ნომრებით ვსარგებლობ. ხათრიძემ პირადად დამირეკა ქალაქის ტელეფონით. თუ სუს-ი არ მომისმენდა და არ გამაკონტროლებდა, ამ ნომერს ისე ვერ დაადგენდა, ე. ი. საქმე გვაქვს უკანონო მოსმენასთან და პირადი ინფორმაციის გავრცელებასთან. როცა დამირეკა მითხრა, რომ მასთან დაუყოვნებლივ უნდა მივსულიყავი. იმ დღეს არ მეცალა, ბოდიში ამ გამოთქმაზე და დავიკიდე, მეორე დღეს ჩვეულებრივ მივედი შს სამინისტროს შენობაში, ქვემოთ ქალბატონები რომ სხედან, ვიცნობ მათ და ვეხუმრე კიდეც, _ დასაჭერად ჩემი ფეხით მოვედი-მეთქი. შიდა ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ მე ვიყავი მისული. მერე მობილურით დავურეკე და მითხრა, _ არ ამოხვიდე, ვინმეს გამოგიგზავნიო. ქვემოთ სპეცთანამშრომელი ჩამოვიდა, რომელმაც დაცვით ამიყვანა, რომ სხვაგან არ შევსულიყავი, ანუ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა. მერე ფოიეში სპეციალურად დამსვეს ნახევარი საათი, როგორც გასაყიდ ძროხას ამოწმებენ, მეწველია თუ არა. ამ ნახევარი საათის განმავლობაში თანამშრომლები გაივლიდნენ და დამათვალიერებდნენ, გამოივლიდნენ და დამათვალიერებდნენ. ამით ხათრიძემ იმიტაცია შექმნა, რომ პერსონაა და ჯერ ვერ მიმიღო… მერე ვიღაც გამოვიდა და მითხრა, ბატონი ვარლამი გელოდებათო. შევედი. ხათრიძე თავის კაბინეტში არ შემხვედრია, სპეციალურად მისაღებში შემხვდა. მერე მივხვდი, რატომაც. სავარაუდოდ, იმ მისაღებში იდგა მოსასმენი და ჩამწერი მოწყობილობა. ჩვენი საუბარი შედგა, ხელში გაზეთის ის ნომერი ეჭირა, რომელშიც ჩემი ინტერვიუ გამოქვეყნდა და მითხრა: ასეთი სიბინძურის დაწერა როგორ გაბედეო? მე ვუთხარი, თუ რამ აღაშფოთა? _ ჯერ ის მიკვირდა, მღვდლობას რომ აპირებდი, კაცი საღვთო რჯულს კითხულობდი და აქ ამათ რელიგიის ისტორიას ასწავლი თუ საღვთო რჯულს, რა გინდა აქ-მეთქი?! _ მეგობრები ვიყავით და რატომ დაწერე ეს ჩემზეო?! ვუთხარი, _ რამე ტყუილი ვთქვი? რაც შენ ჩემთან გაქვს მოყოლილი რაფალიანცის საქმეზე, კინაღამ კაცს რომ საანგარიშო თავში ჩაარტყი და ძალიან დიდი სიბინძურე იყო, ასე იყო და ისე იყო, ეგ ვთქვი, სხვა რამე კი არ მითქვამს, ამას ახლაც ვამბობ, მაგრამ შენ ის მითხარი, შენ რა გინდა აქ გენინსპექციაში სამღვდელო პირს-მეთქი?! _ მე იურისტიც ვარ, ისე კი არ არისო!.. ამ პირადი საუბრების შემდეგ ახლობლური დაიჭირა და ჩემგან მოითხოვა, პრესკონფერენცია ჩამეტარებინა და მეთქვა, რომ ამ სტატიის გამოქვეყნებასა და დაწერაში „ქრონიკა+“-მა, კონკრეტულად ელისო კილაძემ, გადამიხადა ფული. ეს იყო წარმოუდგენელი სიბინძურე, რადგან ძველი მეგობრები ვიყავით. ალბათ იმან იფიქრა, რომ ამის თქმის უფლება ჰქონდა, თუმცა ხათრიძესთან არასდროს ვყოფილვარ რამით დავალებული და არასდროს მქონია მასთან საქმიანი ურთიერთობა, პირიქით, ყოველთვის მას ვჭირდებოდი, როგორც ისეთი პირი, რომელიც შეიძლებოდა რამეში გამოვდგომოდი. რა თქმა უნდა, ვიუარე და მითხრა, _ აი, შენ ნახე, ამას მაინც მოყვება რაღაცა და მერე ინანებო!.. პირდაპირ არ უთქვამს, დაგიჭერენო, მაგრამ მინიშნება იყო, _ თუ ასე გააგრძელებ, აი, ნახე, ინანებო!.. მე ვუთხარი, _ ადეიშვილი რომ ადეიშვილია, იმან ვერაფერი მიქნა და შენ რა უნდა მიქნა?! თუ დამიჭერენ, ერთი კარიდან შევალ და მეორე კარიდან გამოვალ, როცა იქნება, ხომ გამოვალ თავისუფალი-მეთქი!.. ძალიან გაბრაზებული დავშორდით ერთმანეთს და სამი დღის შემდეგ ჩავთვალე, რომ ეს ხათრიძის მხრიდან სერიოზული ზეწოლა იყო და არა მარტო ჩემზე, არამედ პრესის დისკრედიტაცია გახლდათ. განცხადება დავწერე და მთავარ პროკურატურას მივმართე. კარგა ხანი არაფერი შედეგი არ მოჰყოლია და გარკვეული დროის შემდეგ, განცხადების შეტანიდან ექვსი თვე იყო გასული, თუ მეტი არა, მთავარ პროკურატურაში დამიბარეს, გამომძიებელი იყო ბექა. გვარად, თუ არ ვცდები _ კვიციანი. ვიღაც თანამდებობის პირი შემხვდა, პირადად ბექა მხოლოდ დასანახად შემხვდა, სხვა თანამდებობის პირმა გამომკითხა, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი და რაც ახლა ვთქვი, იქაც იგივე მოვყევი. არ გამკვირვებია, რომ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, არც წერილობით მიმიღია, რა შედეგი მოჰყვა ჩემს განცხადებას, რომ რეალურად ჩემზე ზეწოლა განხორციელდა, რითაც ხათრიძე ცდილობდა, მისთვის სასარგებლო ინფორმაცია გამევრცელებინა, რაც ჩემი მხრიდან სიბინძურე იქნებოდა. ახლაც ვამბობ, რომ, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალების“ დროინდელ რეჟიმის გზას დაადგა ზუსტად ასეთი მეთოდებით და მიდგომებით: შიშით, შანტაჟითა და დამუქრებით. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ესენი ჯერ არ კლავენ და არ აუპატიურებენ, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ალბათ, ამასაც იზამენ.
_ თქვენ მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდით, განცხადება შეიტანეთ, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, იუსტიციის სამინისტროს რჩეულებს შორის ვერ აღმოჩნდით…
_ არის გამოთქმა, _ გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო? ჩემთან დაახლოებულმა ხალხმა და მეგობრებმა მკითხეს, რატომ შევიტანე მთავარი პროკურორის კანდიდატად განცხადება? ისედაც ვიცოდი, რომ არავინ ამირჩევდა. არის ასეთი რამ: ჩვენს ქვეყანაში „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, უკვე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის გზას დაადგა და იმისთვის, რომ რეჟიმს ებრძოლო, რეჟიმთან მუდმივ დაპირისპირებაში უნდა იყო. ზუსტად იმავე საწყისზე ვდგავარ, რაზეც ვიდექი 2010 წელს, როცა დამიჭირეს. 2011-2012 წლებში სულ ვებრძოდი რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რა მძიმე ტვირთი მეკიდა მხრებზე, ახლაც ვიტყვი, რომ საქართველოში ვერავინ გაბედა და ვერ თქვა, რომ ის იყო „დავერბოვკებული“ აგენტი. დიდება უფალს და მადლობა, _ მე გავბედე და ვთქვი, რომ ვიყავი აგენტი და ისიც ვთქვი, ვინ იყვნენ აგენტები, „ქართული ოცნება“ აგენტებითაა სავსე. დღეს ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ აგენტები ჰყავს. კიდევ ერთი აგენტი დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი პროკურორის კანდიდატად გამოარჩია.
_ რა იცით შალვა თადუმაძეზე?
_ ახლა ნახეთ, რასთან გვაქვს საქმე: ვარლამ ხათრიძე როგორ მოხვდა თანამდებობაზე, წეღან რომ მოვყევი, ანალოგიური მდგომარეობაა თადუმაძესთან დაკავშირებითაც. იგი ისევე იყო სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი და ისევე ეზიდებოდა ინფორმაციებს „ნაცმოძრაობის“ სპეცსამსახურებში, როგორც _ ხათრიძე. ერთი ყალიბის არიან…
_ თქვენ მას იცნობთ?
_ თადუმაძეს ახლოს არასდროს ვიცნობდი, მაგრამ ირიბი მდგომარეობა იყო ასეთი, ვინ ახერხებდა, ანუ ვინ „ავერბოვკებდა“ და ვინ სვამდა „ქართული ოცნების“ რიგებში აგენტებს? სულ სამი სამსახური იყო: 1. კუდი, 2. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და 3. სამხედრო პოლიცია… სამივე მათგანთან სამსახურებრივი შეხება მქონდა, რადგან ძალდატანებით ვიყავი ჩასმული იქ და ჩემ თვალწინ ხდებოდა აგენტების ინფორმაციების მოგროვება, ჩანაწერების მიცემა, გადაცემა, გადმოცემა და ამ სიტუაციაში ჩემთვის ირიბად ცნობილია, რომ, ფაქტობრივად, თადუმაძე ჩასმული იყო. მაკავშირებელი პირები იგივე ხალხი იყო, ანუ კუდ-ისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალ ეშელონებში იყვნენ დამაკავშირებელი პირები, ვისთანაც ინფორმაციები მიდიოდა. უკვე მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას, გავიგე, რომ აქ ორმაგი თამაში იყო _ პრაქტიკულად, ივანიშვილი არ შემცდარა. შალვა თადუმაძე ხომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მაშინ ივანიშვილთან დაახლოებულმა წრეებმა იცოდნენ, რომ ესენი ჩასმული აგენტები იყვნენ, მაგრამ დიდი ფულისა და კეთილდღეობის სანაცვლოდ ჩასმული აგენტები თავიანთ სამსახურში ჩააყენეს და ახლა ისინი ორმაგი აგენტები იყვნენ. ასე სჭირდებოდა მაშინ ხელისუფლებაში მოსასვლელად ივანიშვილთან დაახლოებულ წრეებს და ასე აღმოჩნდა თადუმაძე დაახლოებულად ივანიშვილის კარზე. ეს მოვალეობა კარგად შეასრულა _ იმათთანაც მიჰქონდა ინფორმაციები, ოღონდ ამათთან შეთანხმებით და იმათგანაც მოჰქონდა ამათთან ინფორმაციები. ანუ ჩვენ გვყავს რეზიდენტები, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სავსეა რეზიდენტებით, ისინი არიან ორმაგი აგენტები. თუ თავიდან ვინმეს უკვირდა 2013 წელს კოჰაბიტაციის პროცესის დაწყება, ეს არ იყო კოჰაბიტაცია, ეს იყო, უბრალოდ, ორი ერთმანეთთან დაახლოებული კლანის _ რეზიდენტების შეთანხმება, იმათ თავიანთი გაისწორეს, ხელისუფლებაში მოვიდნენ და აღარ იყო ხალხის მოტყუება საჭირო, მთავარია, ხელისუფლებაში იყვნენ. ახლა ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი რეზიდენტი, მომავალი მთავარი პროკურორი, რომელიც, პრაქტიკულად, ამ ჯგუფის ნაწილია, ის ორივე მხარის სპეცსამსახურებს კარგად იცნობს, რადგან ახლა არ არსებობს „ნაციონალების“ სპეცსამსახურები და „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები, ესენი არიან მთლიანად „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული სპეცსამსახურები. სავარაუდოდ, მაშინაც „ქართული ოცნება“ იხდიდა ამაში ფულს, რომ ის ინფორმაციები ბიძინამდე მისულიყო და ეს მაშინ ალასანიასთან დაახლოებულ წრეებს ევალებოდა. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ვინმეს რომ ბრალი არ დავდო. არსებობს სპეციალური ინფორმაცია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში დევს. ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ჩემ მიერ დასახელებული პირები აგენტები იყვნენ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემთა გასაიდუმლოებულ დოკუმენტთა ბაზაში დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს, რითაც ამათ სხვადასხვა საჭიროებისთვის ფულს უხდიდნენ, მათ შორის, გადაადგილებისთვის. ამოიღონ ეს დოკუმენტაცია, გაშიფრონ, ნახონ, აუცილებლად იპოვიან იქ უწყისებზე ხელმოწერას თანხის მიღებაზე, ანუ თუ აღმოაჩინეს, რომ თადუმაძეს ხელი აქვს მოწერილი ან კუდ-ის უწყისებზე, ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უწყისებზე, გამოდის, რომ რასაც ვამბობ, ყველაფერი მართალია. სახელმწიფო რისთვის არსებობს? დაინტერესდეს, თუ აქვს ამის ძალა, გაასაჯაროოს, გამოირკვეს ერთხელ და სამუდამოდ, რამდენი აგენტი გვყავს ხელისუფლებაში. ვინაიდან სახელმწიფო ამას არ იზამს, ხელისუფლებაში მივიღეთ ორმაგი აგენტები და წინასწარ ვამბობ, რომ ამ ორმაგი აგენტის _ თადუმაძის პროკურორობა საერთოდ არაფერი იქნება! იქიდან გამომდინარე, რომ კეზერაშვილის ძმაკაცი პროკურორები გვყავდა, კეზერაშვილის ხელისბიჭი პროკურორები, შეიძლება თადუმაძე იმათზე ცოტა უკეთესი იყოს, იმიტომ, რომ, ასე თუ ისე, იმათი ხელის ბიჭი არ ყოფილა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ერთი ქართული კლასიკური გამოთქმაა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას უწერია: „ალანი ჩალმაზის კაციაო, ჩალმაზი _ სხვისი კაცი და კაცის კაცი რა იქნებაო?!“ სწორედ ჩვენ გვყავს ახლა კაცის კაცები და კიდევ ერთი კაცის კაცი იქნება მთავარი პროკურორი… თუმცა მიმაჩნია, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად ჩემმა წარდგენამ ერთი დადებითი შედეგი გამოიღო: გამოირკვა, რომ იმ 18 კანდიდატიდან, ვინც იქ იყო წარდგენილი, არც ერთს ჰქონდა არანაირი სამოქმედო გეგმა და ამას, ალბათ, იუსტიციის სამინისტრო ან საპროკურორო საბჭო, ან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დადასტურებს იმიტომ, რომ წერილობით წარვუდგინე, სამოქმედო გეგმა დავწერე, რით უნდა იხელმძღვანელოს მთავარმა პროკურორმა, რა უნდა გააკეთოს მთავარი პროკურორობის შემთხვევაში. უყვარს ხელისუფლებას სამპუნქტიანი, ოთხპუნქტიანი, შვიდპუნქტიანი გეგმები, მე შვიდპუნქტიანი გეგმა დავუწერე, შევუტანე წერილობით და ოფიციალურად ჩავაბარე, _ აჰა, თქვენ შვიდპუნქტიანი გეგმა და თუ ამ გეგმის მიხედვით იხელმძღვანელებთ, ვინც არ უნდა გახდეს (რა თქმა უნდა, მე ილუზია არ მქონია, რომ მთავარი პროკურორი გავხდებოდი), თუ მან ესენი არ გააკეთა, ე. ი. ისევ იმ ნაგავში და ისევ იმ რეჟიმში ვიქნებით-მეთქი!.. ეს შვიდპუნქტიანი გეგმა ძალიან მარტივია და ადვილად შესასრულებელი. რა თქმა უნდა, თადუმაძე ამას არ იზამს, ის ისეთივე მორჩილი იქნება, როგორიც მისი წინამორბედი მთავარი პროკურორი.
_ ახლა გაირკვა, რომ მას ყალბი დიპლომი აქვს და იურიდიული განათლებაც კი არ გააჩნია…
_ არ ვიცი, რამდენად ყალბი აქვს დიპლომი თადუმაძეს, რადგან არ მინახავს. ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, მაგრამ ჩვენ დღეს სასამართლო ხელისუფლებაში გვყავს მოსამართლეები, ათი წლის ვადით დანიშნული და ზოგიერთი უვადოდ დანიშნულიც კი, რომლებსაც იმ ინსტიტუტების დიპლომები აქვთ, აკრედიტაცია რომ არ ჰქონდათ არც მაშინ და არც მას შემდეგ… ახლა ვაცხადებ: პლეხანოვზე იყო ერთი ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი „იბერია“, ამოიღონ სასამართლო ხელისუფლებაში ვისაც აქვს „იბერიის“ დიპლომები, ასეთს 9 მოსამართლეს ვიცნობ. ეს „იბერია“ არასდროს ყოფილა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ინსტიტუტი, იყო, ასე ვთქვათ, კერძო სკოლა, სადაც, პრაქტიკულად, ლექციები არ ტარდებოდა და დიპლომებს ფულის სანაცვლოდ აძლევდნენ! აი, ასეთი მოსამართლეები გვყავს! უდიპლომო პროკურორიც რომ გვყავდეს, რა პრობლემაა!..
_ ზურაბ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში კიდევ ერთი ცვლილება მზადდება. აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე მყავს მხედველობაში. თქვენ თქვით, რომ მის ოჯახს იცნობთ და გარკვეული შეხება გქონდათ თორნიკე რიჟვაძის მამასთან.
_ ძალიან მძიმე ასატანია ის, რასაც ახლა გეტყვით, წინასწარ ვითხოვ ღმერთისგან შენდობას, მაპატიოს ამ სიმართლის თქმა. არ ვამბობ, რომ ეს მსიამოვნებს, მაგრამ სიმართლე სინათლეაო და ჩვენ, როგორც მართლმადიდებლებს, მიგვაჩნია, რომ მოყვარეს პირში უძრახეო და მე, როგორც მოყვარე, ჯერ ერთი, ჩემი ქვეყნის მოყვარული და მეორეც, იმ ხალხის, აჭარლების მოყვარული ვარ, ვისი უზენაესი საბჭოს მთავრობის თავმჯდომარეც დღეს-ხვალ უნდა გახდეს თორნიკე რიჟვაძე. სასწაულია, მაგრამ ხელისუფლება ჩემ ირგვლივ ტრიალებს, თორნიკე რიჟვაძის ბებია მამაჩემის ალალი ძმისშვილია, დიდებული ქალბატონი, კარგი ადამიანი და საუკეთესო დედა. მაგრამ ხანდახან ხდება, რომ საუკეთესო ადამიანებსა და საუკეთესო დედებსაც ცუდი შვილი გამოსდით. ჩემი ალალი ბიძაშვილის შვილი _ დათო რიჟვაძე, ამჟამად ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსია. თუ დათო რიჟვაძეს შერჩენილი აქვს ადამიანობა, სირცხვილით უნდა იმალებოდეს იმის გამო, რომ ჩემ მიმართ ისეთი სიბინძურე აქვს წარსულში ჩადენილი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი მძიმედ მოჰკითხავდა მას, მაგრამ მე მიმტევებელი და ღვთის მოშიში კაცი ვარ, არ მომიკითხავს მისთვის ეს სიბინძურე. საქმე ეხება იმას, რომ 2010 წელს, როდესაც ჩემს დაპატიმრებას გაყალბებული დოკუმენტებით აპირებდნენ, ყალბი ოქმები შექმნეს, საქმეში ჩაყარეს, იყო ასეთი გამომძიებელი როდინაძე, რომელსაც დავალებული ჰქონდა, იმიტაცია შეექმნა, რომ მე გამოძიებას ვემალებოდი და ამ იმიტაციის შექმნაში მონაწილეობდა დათო რიჟვაძეც. ახლა გეტყვით, როგორ მონაწილეობდა ამ იმიტაციის შექმნაში: იმისთვის, რომ მოქალაქე ძებნილად გამოაცხადო, უნდა შექმნა ოქმები, ვითომ შენ მას იბარებ და ის არ ცხადდება. რეალურად მე მხოლოდ ერთხელ ჩამბარდა უწყება, რომ მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და როგორც კანონმორჩილი ადამიანი, ჩავედი ბათუმში, ვნახე მაშინ აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჰამლეტ ჯორბენაძე, ჩემი შორეული ბიძაშვილი. ჰამლეტმა მითხრა, _ არაფერი, კაცო, მოწმედ გიბარებენ, ახლა არ სცალია გამომძიებელს, სხვა დროს დაგიბარებს და ჩამოდიო. ზუსტად იმ დროს თორნიკეს მამა დავით რიჟვაძე აჭარის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ანუ მთლად უფროსის მოადგილის მოადგილე. ჩემი ახლობელი, ოჯახის წევრი, მამაჩემის ძმისშვილთან დღედაღამ ვქეიფობდით. ბათუმში ანზორ ჯორბენაძესთან აულაგებელი სუფრა გვქონდა, დათო რიჟვაძე ჩემთან ირიბად დავალებულიც იყო იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ასლანას დროს პოლიციელი იყო პეპეს-ში, ასლანას წასვლის შემდეგ პოლიციიდან გააგდეს და დიდი წვალება დაგვჭირდა მე და ჩემს სახლიკაცს, მაშინდელ აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროს პაპუაშვილთან, რომ დათო რიჟვაძე და მისი დეიდაშვილი ენვერ მელაძე პოლიციაში დამებრუნებინა და მაღალ თანამდებობაზე დამენიშნა. კი ბატონო, ღმერთმა შეარგოს, დავეხმარე, მაგრამ სამაგიერო კარგად გადამიხადა. როდესაც ოქმები დგებოდა, თითქოს მე სახლში მაკითხავდა პოლიცია და ვიმალებოდი, ერთ-ერთ ოქმს ხელს აწერს დათო რიჟვაძე, დამსწრე პირად აწერს ხელს. წარმოიდგინეთ, ბიძაშვილის შვილს ასეთი რაღაცა როგორ უნდა დააბრალო და შემდეგ ეს რომ ტყუილად არ დამებრალებინა, ვკითხე კიდეც, _ დავით, აჭარის პოლიციის სამმართველოში ვინმე დათო რიჟვაძე სხვა არის-მეთქი? _ არაო, _ მითხრა. _ აბა, ოქმზე შენი ხელმოწერა არის-მეთქი?! თითქოს მომაკითხეს სახლში და იმ დროს, როდესაც ჩემს სახლს პოლიცია არბევდა და აწიოკებდა, ორი სახლი მაქვს თბილისში და სპეციალურად იმ სახლს არბევდნენ, რომელშიც არ ვიყავი. რა ვალდებული ვარ, იმ სახლში მივიდე, მინდა, ერთში დავრჩები და მინდა _ მეორეში. რადგან მისმენდნენ და მითვალთვალებდნენ, იმ დღეს იმ სახლში არ ვიყავი, მივიდნენ, დაარბიეს, დააწიოკეს და ოქმი შეადგინეს, რომ სახლში არ ვიყავი. სახლში როგორ ვიქნებოდი, მეორე სახლში ვიყავი… და ხელს აწერს დათო რიჟვაძე. ამას რომ ბიძაშვილის შვილი გაგიკეთებს, რეალურად რა უნდა გინდოდეს მისგან? მაგრამ მე თორნიკეს ამ წუთში ვერ შევეხები, იმიტომ, რომ თორნიკე ისეა გაზრდილი, რომ დამოუკიდებლად, თავისი შრომითა და ცოდნით მიაღწია ყველაფერს, თუმცა ერთი რამეა საეჭვო, რომელიც მაწუხებს, ძალიან ახალგაზრდაა თორნიკე, 29 წლის. ასეთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც სხვა ღირებულებებზე უნდა ფიქრობდეს, სამშობლოზე, მის მომავალზე, წარმოიდგინეთ, რა ბეგრაუნდი აქვს, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ მოდის. იყო იმ ელექტროსისტემებისა და იმ ელექტროსადგურების მენეჯერი, რომელმაც შეიძლება დააქციოს ზემო აჭარა, ანუ რისი დირექტორი იყო, კარგად რომ გაიგოს საზოგადოებამ. ხულოში უდიდესი გვირაბი ააშენეს, მთელი მთა გაბურღეს, დაახლოებით 3-კილომეტრნახევრიანი გვირაბი გააკეთეს და მთლიანად გამოთხარეს ორი სოფლის ძირი, წყალი სადაც დააგუბეს, რომელსაც ვერანაირი დამბა ვერ გააჩერებს, ვერანაირი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია ვერ გააჩერებს. აჭარაში ასაფეთქებლად ჩადებული ბომბი გვაქვს. თუ ჭუბერის მოვლენებს გადავხედავთ, ზემო აჭარაში ორ ადგილას არის ჩადებული ისეთი ბომბი, _ ხულოში, სოფელ ღურტაში, რომელი მთაც ორჯერ არის ჩამოქცეული _ ერთხელ 1965 წელს და მეორედ 1972 წელს, ამ მთამ ორჯერ დამარხა მთელი სოფელი და სწორედ მას გამოუთხარეს ძირი, იქ დააგუბეს დაახლოებით რამდენიმე მილიონი ტონა წყალი, თან ეს მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ეს მთა და დიდაჭარის მთა, სადაც ანდრია პირველწოდებულის უძველესი, პირველი საუკუნის ეკლესია იყო, მომიჯნავეა, ამ მთის გარღვევამ შეიძლება უდიდესი ტრაგედია გამოიწვიოს, ეს რამდენიმემილიონიანი წყალი დაიძრება და აჭარის ხეობაში ჩაივლის. ზუსტად ასეთივე დამბა და ზუსტად ასეთივე რამდენიმე მილიონი ტონა წყალია დაგუბებული შუახევში _ „შუახევჰესში“, აქაც ანალოგიური მდგომარეობაა, ამ უშველებელ მთებს გამოუთხარეს ძირი.
_ და ეს ყველაფერი თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა?
_ ეს ყველაფერი გაკეთდა თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით… ანუ ჩვენ ახლა გვეყოლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც ზემო აჭარაში, თავისივე რაიონში, იგი არის ვაშლოვნიდან, მისი ბაბუა დიდებული კაცი იყო, ძალიან კარგი და მშრომელი ადამიანი, ჩვეულებრივი ხელოსანი იყო, სახლებს არემონტებდა, უწესიერესი კაცი და თორნიკეზე ვთქვი, მეშინია-მეთქი იმიტომ, რომ ამ პატარა ბიჭს, რომელმაც განათლება კი მიიღო დიდებული საზღვარგარეთ, მაგრამ ასეთ პატარა ასაკში გააკეთებინეს ორი ისეთი რაღაცა, რომელმაც შეიძლება აჭარა დაღუპოს, რომელიმე მათგანი რომ ჩამოიქცეს და ამ დაგუბებულმა წყალმა გასავალი ნახოს, მთლიან ქედას წაიღებს, ეს რაიონი პირდაპირ მდინარის პირზეა. 36 სოფელს წაიღებს, რომელიც ხულოდან ხელვაჩაურამდე დატბორავს მთლიანად ხელვაჩაურს და მთელ ბათუმს წაიღებს. ვიმეორებ: აქ ლაპარაკია რამდენიმე მილიონ ტონა წყალზე და ეს გააკეთებინეს თორნიკე რიჟვაძეს. კარგია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ღმერთმა კარგად ამყოფოს და წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ თუ ის ორი კაშხალი გასკდა ან ერთ-ერთი მათგანი გასკდა, აჭარისგან არაფერი დაგვრჩება… რა ვიცი, თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა და უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობები ექნა, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ორ რამეს ვურჩევდი ჩემს ნათესავს: 1. სასწრაფოდ გამოყოს თანხები და ეს ორი საგუბარი ისე გაამაგროს, რომ იქნებ, რამდენიმე წელიწადი მაინც, სანამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იქნება, მთელი მთები არ ჩამოიქცეს და წყალმა არ წაიღოს. რად უნდა ისეთი თავმჯდომარეობა, თუ წყალი წაიღებს; 2. აჭარაში ყველაზე დიდი ტრაგედია არის თურქების მომრავლება. არ ვიცი, თვითონ როგორ უყურებს ამ საქმეს, მაგრამ 80 ათასი თურქია აჭარაში და როგორმე ისეთი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გაატაროს, რომ ჩემი წინაპრების მიწა თურქებს არ ჩააბაროს, როგორმე თურქების პარპაშს ლაგამი ამოსდოს. თუ ამ ორ რაღაცას ვერ შეასრულებს, რა უნდა თავმჯდომარედ?! ფული, მანქანა და კეთილდღეობა ისედაც აქვს!..

ელისო კილაძე