ტყემ მოისხა სტაფილო!

blogi

საქართველო არის ესე: ასპარეზზე გამოსული პოლიტიკოსი, ან პოლიტიკოსთა გუნდი უმალ აირტყამს ხოლმე იარლიყს – რუსეთუმესი, ან პროდასავლელის. და ეს ხდება მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა და გამოისობით. თუმცა გამოხდება ხანი და ეს განცხადებებიც იცვლება – ნელ-ნელა დაუბერავს ხოლმე ჩრდილოეთიდან მონაბერი სიო და ეს ოდესღაც პირგამეხებული პროდასავლელი პოლიტიკოსები შეხტებიან „ფრანცუზკებზედ“ და კრემლში წაბაკუნდებიან. არაერთხელ მომხდარა ასე. ოდესღაც, მე რომ ჟურნალისტობას ვიწყებდი, ძნელად თუ იპოვიდი ისეთ პროდასავლელ პოლიტიკოსს, ირინა სარიშვილი რომ იყო. მაგრამ სადაა დღეს ირინა და რა პოზიციაზეა? ირინა რომ უკვე ღიად პრორუსულად იყო აჟღერებული, ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო ტრიბუნებიდან რისხვად ევლინებოდა კრემლს, მაგრამ რა გინდა? გამოხდა ხანი და ბურჯანაძე ღიად მოგვევლინა პრორუსულ ლიდერად. რა გამოდის? სამში ერთია: ან ეს პოლიტიკოსები იმთავითვე რუსული პოლიტიკის გამტარებლები არიან და დასავლურ ქურქში გვევლინებიან და მერე ამ ქურქს იხდიან, ბოლოს და ბოლოს, ან ხდება მათი მარგინალიზაცია და აიღებს თუ არა დასავლეთი ხელს ამ ლიდერების მხარდაჭერაზე, ისინი ჩრდილოეთისკენ ინაცვლებენ. ან კიდევ: რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, ახერხებს მათ გადაბირებას.

ჩვენ რა გვჭირს, ჩვენ, საზოგადოებას, ამ პროცესში? რა გვჭირს და ის გვჭირს, რომ ხანდისხან ჩავრჩებით ხოლმე იმ ძველი იარლიყების ტყვეობაში და თავს ვიტყუებთ, რომ ესა თუ ის პოლიტიკოსი პროდასავლელია. მარტო საზოგადოება კი არა, თვით ამ პოლიტიკოსების ოპონენტი პოლიტიკოსებიც ჩარჩებიან ხოლმე იმ ძველი იმიჯების ტყვეობაში. მე თუ მკითხავთ, ასეა ახლაც. გამოვლენ ეს „ნაციონალები“ და ისეთი რიხით მელაპარაკებიან ამ ხელისუფლების პროდასავლურ ფრთაზე, რომ გეგონება, იმ წამს ჩაუშხუილეს ფრთების ქნევა-ქნევით. თუნდაც იგივე ირაკლი ალასანიას თვით „ნაციონალებიც“ კი უპირობოდ პროდასავლელად იხილავენ, ისე უპირობოდ, რომ გულში ეჭვიც კი არ უელავთ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ბატონმა ალასანიამ ამცნო დასავლეთს, რომ საქართველო ჯერ მზად არაა ნატოსთვის, რითაც მსუყე ლუკმა მისცა იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ნატოსკენ სავალ გზაზე ეხერგებიან. რას ვაქნევთ ასეთ პროდასავლელობას, თუკი მისი განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას?

და რა ხდებოდა გასულ კვირას? მასირებული შტურმი დასავლურ მედიაზე, საქართველოს დასავლელ მეგობრებზე. აგერ, ბატონო, ბატონ სესიაშვილს არ მოეწონა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის შეშფოთება და რა ამბავი ატეხა? სიტუაცია მეტისმეტად კომიკურიც კია – სესიაშვილი კარლ ბილდტს ეპაექრება. ჭიდაობის წონით კატეგორიებში რომ გადავიყვანოთ, ეს იგივეა, თეა წულუკიანი კახა ბენდუქიძეს ეჭიდავებოდეს. თუმცა ვაზვიადებ, წულუკიანი კაფანდარაა, მაგრამ წონა მაინც აქვს და ახლა თქვენ ამიხსენით, რა წონა აქვს ირაკლი სესიაშვილს და თუ ვინმეს სჭირდება, „გუგლი“ აუხსნის, რა წონა აქვს კარლ ბილდტს. აი, იმ კარლ ბილდტს, მეოცნებეები რომ `ტვიტერში~ შეუვარდნენ და უშვერი პირით ლანძღეს. კარლ ბილდტს თვით პრემიერი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და სულ სააკაშვილის მეგობართა კლუბი ეძახა. მითხარი, ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ, „ეტა რაზ“ (როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა) და დასავლური კრიტიკის ასეთი მიუღებლობა, როცა დასავლეთისკენ ისწრაფი, რა ჯიშის და რა სახეობის პროდასავლელობაა? – „ეტა დვა“…

ამ ყველაფერზე პასუხი ისევ მიიღეს ბილდტისგან: „თუ საქართველოს პრემიერს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია და გავითვალისწინებთ“, – დაატვიტერა ბილდტმა ეს და სცენაზე ისევ შემოიჭრა სესიაშვილი, – კარლ ბილდტი ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასო.

ამ სესიაშვილის გადამკიდეს ის ლექსი გამახსენდა: „ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი ბიჭო სესე?“…

მართლაც და რა დაუშვა ან ბილდტმა ან ევროპამ ამ ხელისუფლებას, ასეთი გაშმაგებით რომ უშენენ ქვას? და თან გაიძახიან, ბილდტი ჩვენ ევროპულ პერსპექტივას ზიანს აყენებსო. ჩამოდით ზებრებიდან და ერთი კარგად გაიაზრეთ, თუ მართლა ევროპაში შესვლა გინდათ, ამას ასე აპირებთ? ევროპის ლიდერების ლანძღვით? მათი თამაშის წესების გაფარჩაკებით? რავა, ევროპაში თქვენი თამაშის წესებით გინდათ შესვლა? აა, თუ ევრობიუროკრატიის განაწყენება სულაც არაა ევროპის განაწყენება? დამავიწყდა, ეს ხომ ის ევრობიუროკრატიაა, ბოკერიას რომ ჰყავს ნაყიდი. გიგა ბოკერია! შენ დაიდე ჩვენი ცოდვა! ამ ევრობიუროკრატიის ყიდვას, გეყიდა ბიძინა ივანიშვილი და შენც უშიშროების საბჭოს მდივანი იქნებოდი და ჩვენც დავისვენებდით.

რას ვიზამთ? ასეა, მე ხანდახან მავიწყდება, რომ ეს დასავლური პრესა სულ ბოკერიას და სააკაშვილს ჰყავს ნაყიდი და იქ თუ რამე კრიტიკულს წავიკითხავ ამათზე, არ უნდა გამიკვირდეს და თქვენ, კიდე, ხანდახან შემახსენეთ ხოლმე, რომ The Washington Post მიშას გაზეთია. რომ Financial Times, The Wall Street Journal-იც მათია. რომ არანაირი ყურადრება არ უნდა მიაქციო იმას, როცა The Washington Post -ი წერს, რომ არალიბერალმა ივანიშვილმა ამერიკის წითელი ხაზი გადაკვეთა. არა, ეს რა ყურადსაღებია? მერე რა მოხდა, რომ ეს ამხელა გამოცემა დგას და ობამას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს იმის გამო, რომ ამერიკა შეშფოთების რუტინული განცხადებით შემოიფარგლა სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისას. ხედავთ, მიშას გაზეთს რა დღეში ჰყავს ობამა? The Washington Post -ი რა სათვალავში ჩასაგდებია, ან The Wall Street Journal -ი? თუ რამეა, ბოლო-ბოლო, წულუკიანი გასცემს პასუხს ერის სახელით („ტოჟე მნე“ ხევისბერი გოჩა). არ გასცა თუ? როგორც „სოფლის აშიკშია“, სულ ტალახში აგორავა The Wall Street Journal -ი. მოკლედ, ეს მიშისტური პრესა რა სათვალავში ჩასაგდებია, ან სააკაშვილის მეგობართა კლუბი რა სათვალავში ჩასაგდებია? მერე რა, რომ ისინი გავლენიანი პოლიტიკოსები არიან? პუტინი, რა, ნაკლებად გავლენიანია?

მე თქვენ გეკითხებით, ეს ყველაფერი – კრიტიკაზე ელდანაკრავივით ავარდნა და იერიშზე გადასვლა, დასავლელი დიპლომატების, პოლიტიკოსების ლანძღვა-თათხვა, „ტვიტერზე“ შევარდნებით – პროდასავლელობაა? ბარემ, ავტომატებიც აიღეთ და ტვიტერზე კი არა, სახლებშიც შეუცვივდით – მხედრიონელებივით.

ნუ ვიტყუებთ თავს და ნურც ეს „ნაციონალები“ გვატყუებენ, რომ ამ ხელისუფლებაში არის მედასავლეთეების ფრთა. უკაცრავად და რას ჰქვია მედასავლეთეობა, მთლად იმას, რომ მოერიდები, რომ ომი საქართველომ დაიწყოო და რომ შეარბილებ – საქართველომ ვერ შეძლო ომის თავიდან აცილებაო? როგორ უნდა აიცილო ომი თავიდან, როცა გიტევენ და გიხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას და სამშვიდობოებს? უბრძოლველად დანებდე? რატომ, დღეს ვინც ომის დაწყებაში და თავიდან ვერაცილებაში რომ გადანაშაულებს, ზუსტად იმ ხალხმა რომ აქციები მოგიწყოს – ქოთანს ყური მეორე მხარეს გამოაბას – უნიათო ხარ, უბრძოლველად დანებდიო? არა, ბატონებო, ეს არ გახლავთ პროდასავლელობა და ტყუილად ნუ აბრალებთ მათ. პროდასავლელია ის, ვინც ისწრაფის ევროპისკენ და საკუთარი ქმედებებით, რიტორიკით ემსახურება საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთში და არა ის, ვინც თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით, და უკვე რიტორიკითაც, ხელს უწყობს დასავლეთისგან დისტანცირებას, ინტეგრაციის შეფერხებას. ყველა ღიად რუსეთუმე ვერ იქნება, ზოგს რუსეთუმეობა არ „ესვეცკება“ და დასავლურ იმიჯს ეფარება. ყვავივით ნეხვზე ზის და ბოლოს არიდებს. ამას შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს – ფოლკლორია. ფოლკლორსაც რომ მოვეშვათ, როლების განაწილება ასეთია: ზოგი ღიად ებრძვის დასავლეთს და დასავლურ ღირებულებებს, ზოგიც – ირიბად. ან რა ირიბ ბრძოლაზეღაა საუბარი, როცა თავს ესხმი დასავლელ პოლიტიკოსებს, დასავლურ მედიას? და ერთი გამაგებინეთ, თუკი შეიძლებოდა ერთ დროს პროდასავლელი ირინა სარიშვილი ან თუნდაც ნინო ბურჯანაძე ღიად რუსეთის მხარდამჭერი გამხდარიყვნენ, რატომ ხართ ასეთი დარწმუნებულები, რომ ეს ძალები („დასავლური ფრთა“) ჩრდილოურ ფრთად არ იქცევა? თავის დროზე ზვიად გამსახურდია ამბობდა სარიშვილებზე, შევარდნაძესთან არიან შეკრულიო, კრემლისები არიანო. არავინ უჯერებდა. გამოხდა ხანი, აღმოჩნდა, რომ სარიშვილს მართლაც ჰქონდა კავშირი შევარდნაძესთანაც და დღეს ღიად უჭერს მხარს რუსეთს. ანუ იმ სამიდან პირველი ვარიანტია? ყოველთვის რუსეთის პოლიტიკას ატარებდა? ანალოგიურად, ნებისმიერ ძველ და ახლანდელ პოლიტიკოსზე შეგვიძლია გვქონდეს ეჭვები – რომელ ვარიანტთან გვაქვს საქმე, მაგრამ ახლა ამ ეჭვებზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ იმაზე, როცა რიტორიკაც იცვლება უკვე – როცა თავს ვესხმით დასავლეთს და რუსეთთან ვფრთხილობთ. და ამ „სიფრთხილეს“ კეთილგონიერებად ვასაღებთ. როცა ვემიჯნებით უკრაინას და ვცდილობთ, არ ვაწყენინოთ პუტინს. არ ღირს საკითხის ასე გართულება. მარტივად ვიკითხოთ, – პაატა ზაქარეიშვილი პროდასავლელია? ჰოო? ბოდიში და თქვენ გეოგრაფიის მასწავლებელს გლობუსი ჰქონდა?

ამასაც მოვეშვათ. საქმით როგორ მივდივართ დასავლეთით? აგერ, ბატონო, ჩვენებურ დასავლეთში გადავინაცვლოთ და ვნახოთ, როგორ დამლაგებელს ეძებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. თურმე, უნდა იყოს უცილობლად ბაკალავრი, უნდა იცოდეს კონსტიტუცია (კიდევ კარგი, საქართველოსი და არა ყველა ქვეყნის), ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, აგრეთვე: ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ზოგადი ადმინისტრაციული კანონი, ასევე კანონები: „ნორმატიული აქტების შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, ასევე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დადგენილებები, დებულებები, რეგლამენტი… ასევე უნდა იცოდეს Microsoft Office Word… საბუთებს რომ შეიტანს, უნდა შეაყოლოს სივიც და სამოტივაციო წერილიც, ეს ყველაფერი 265-ლარიანი ხელფასის გულისთვის. ხელფასზე არაა საქმე. გეკითხებით, ეს ყველაფერი ნორმალურია?!! თუ ეს ყველაფერი სწორედ დასავლეთის დისკრედიტაციას ემსახურება?!! რომ საწყალმა ადამიანმა იფიქროს, ევროპაში ასეა და დაიქცეს ევროპა, გაუმარჯოს რუსეთს, ვინაიდან ასეთ რამეებს უწინ დამლაგებლებს არ სთხოვდნენო? გეკითხებით, დამლაგებელს რა ჯანდაბად სჭირდება ამდენი კანონის, კოდექსისა და კონსტიტუციის ცოდნა?!! კარგად გაარკვიეთ, ამდენი იმათ იციან, ვისაც ამ ადამიანმა უნდა დაულაგოს კაბინეტები? მოიცა და ქალმა რომ ეს ყველაფერი იცოდეს და ცოცხის ხმარება არ იცოდეს? რას იზამთ? კონსტიტუციით დააგვეინებთ? ადმინისტრაციული კოდექსით? თუ ბედუკაძესთან გაატარებთ ტრენინგებს? კი მაგრამ, თანამშრომლები მაინც არ გეცოდებათ?

ვიცი, მომიტრიალდებით და მეტყვით, ეგ რაიონში ხდებაო. და აგერ, თბილისში რა ხდება?! რასა იქმს თქვენი რჩეული მერი, მილიონი ხის დარგვას რომ გვიპირებდა? რითი დაიწყო საქმიანობა? მიშას დადგმული ძეგლები მიჰყავს ექსკურსიაზე. ველოსიპედი თურმე გარეუბანში უნდა გადაიტანონ. რა ქნას, მეტი საქმე არ დაუტოვა უგულავამ გასაკეთებელი. ხედავთ, როგორ გვატყუებდნენ „ნაცები“ – გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო? თურმე არაფერი დაუტოვებიათ და ამ ნარმანიამ აღარ იცის, რა ქნას. აქ ველოსიპედს ეცა, იქ შუშის ხიდს, დგას და ჰამლეტის პოზაში ჩივის, – არ ვიცი, შუშის ხიდს რა ვუყოო? რა უნდა უყო? რასაც ხიდს უშვრებიან – გაიარე და გამოიარე.

მოკლედ, თბილისი იქცა ქალაქად, სადაც ველოსიპედიც მახათად იქცა! ესაა ქალაქი – სადაც ტყემ მოისხა სტაფილო…

რეზო შატაკიშვილი