ანრი შარაშენიძე _ ხედვა, რომელიც განსაკუთრებულია

ფოტოგრაფი, რომლის შემოქმედებაც ცალსახა აღფრთოვანებასა და პატივისცემას იწვევს თითოეულ მნახველში…
ადამიანი განსაკუთრებული ხედვით და პიროვნება, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია(!), მთავარია გქონდეს სურვილი და სულ ცოტა იღბალი.

ორი პროფესიის მქონე ახალგაზრდა წარმოშობით ქუთაისიდანაა და დღეს დედაქალაქში ცხოვრობს. სწავლობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მანამდე კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა.
ცხოვრების განსაკუთრებულად კარგი ეტაპი აქვს ახლა, რადგან სულ ცოტა ხნის წინ საყვარელ ადამიანს ხელი სთხოვა. კარიერაშიც დადებითი პერიოდი უდგას და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ელოდება. თუ რას, ამას არ ამხელს.

დღეს „ქრონიკა+“-ის მკითხველს 24 წლის ფოტოგრაფი ანრი შარაშენიძე უნდა გავაცნოთ…
ადამიანი, რომელიც ცხოვრების ძირითად დროს ფოტოგრაფიას უთმობს, რადგან სწორედ ესაა ის, რისი კეთებაც მას ყველაზე მეტად უყვარს. ანრი, რომელიც რეალურად გეოგრაფი გახლავთ, გულის კარნახით გაჰყვა კამერის ჯადოქრობას და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.
თავადაც ამბობს და ისედაც ჩანს, რომ ყველა ფოტოს გადაღებასა და დამუშავებაში მაქსიმალურ ენერგიას დებს, ამიტომ ყოველი მისი ნამუშევარი ახალი ისტორია და წარმატებაა.
„22 წლის რომ გავხდი, საკუთარი პროფესიით გამომუშავებული თანხით შევიძინე Yamaha Virago, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი და ეს ოცნება ავიხდინე საკუთარი რესურსებით და იმ საქმით, რომელიც მიყვარს. მალევე ამავე ბაიკით ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევი, მივიღე მძიმე ტრავმა და დროებით ვეღარ ვახერხებდი კამერასთან ურთიერთობას. დახლოებით 2 თვე ვერ დავდიოდი, რამაც ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა, ვინაიდან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ და ეს 2 თვე ჩემთვის იმდენად რთული და მძიმე იყო, არასოდეს დამავიწყდება. ერთი თვის შემდეგ ავდექი და ჩემს ყველა ნივთს თავი მოვუყარე, შემდეგ ამ ნივთების გადაღება დავიწყე. ვიჯექი და ფოტოს ვუღებდი საკუთარ ხელში მოთავსებულ ნივთს. მათი რაოდენობა 300-მდე იყო, ასევე გამოვემშვიდობე ჩემს ბაიკს, ჩემს ოცნებას, რომელსაც აუცილებლად შევიძენ კვლავ“, _ ამბობს ანრი.
ფიქრობს, რომ წარმატების ზღვარი არ არსებობს და ისიც მთელი ცხოვრება ამ წარმატების საფეხურებს გადის:
„ძალიან ბევრი ადამიანის სახე მინახავს ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ გაოცებული და უცნაური გამომეტყველებით _ ეს სრულიად საკმარისია და არაფრის თქმას საჭიროებს“, _ გულახდილად გვიყვება დღევანდელი სტატიის მთავარი გმირი.
როგორც ანრი ამბობს, არ ჰყავს მუზა, თუმცა ჰყავს ინსპირაცია, შთაგონების წყარო.
საკუთარი ხელწერა აქვს ფერებთან, ნივთებთან, გარემოსთან, ადამიანებთან, იდეასთან მიმართებით.
ყველაზე დიდ კრიტიკოსად საკუთარ თავს და მეორე ნახევარს მოიაზრებს, რომლის აზრიც ხელოვანისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
კლასიკური მუსიკის მოყვარული და ფერების აღქმის ოსტატი საქმეში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს წესრიგს, ნდობასა და პოზიტივს.
ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილებას და შეცდომას თავისი ახსნა აქვს, რომ სწორედ შეცდომებზეა დამოკიდებული პიროვნული ზრდა და რომ არა ეს შეცდომები, დღეს თავადაც არ იქნებოდა ისეთი, როგორიც რეალურად არის.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დროს, ამიტომაც არ უყვარს მისი ფუჭი კარგვა. ზომიერებას ყოველთვის იცავს, პროფესია კი ამის საშუალებას მარტივად აძლევს.
ფოტოების დამუშავების პროცესში აუცილებლად უსმენს მუსიკას, ეს დამატებით განტვირთვისა და ენერგიის წყაროა მისთვის. უყვარს Pink Floyd, Paolo Nutini, Moderati, უსმენს სტეფანესაც.
ბუნებით გაწონასწორებული და მშვიდი ყოველ ახალ დღეს ისეთივე აქტიურია, როგორც წინა დღეს იყო, უბრალოდ, ცოტა უფრო მეტი გამოცდილებით…
საკუთარ თავს არავის ამსგავსებს, ამბობს, რომ უნიკალურია. ხუმრობით იმასაც ამატებს, კარგი იქნებოდა ჩემზე ფილმის გადაღებაო.
არასდროს არავის ბაძავს, რადგან, მისი თქმით, ამით იმ ინდივიდუალიზმს დაკარგავ, რომელსაც შესაძლოა მეტი წარმატება, შედეგი და მიზნები ჰქონდეს, უბრალოდ, შეაფერხებ სხვისი მიბაძვით.
კითხვაზე, თუ რა პრობლემას ხედავს დღეს ფოტოგრაფიაში, პასუხობს:
„ხელოვნებას თითქოსდა უკვე ექცევა საკმარისი ყურადღება, თუმცა ფოტოგრაფია მაინც ნაკლებად პრიორიტეტულია. თითქმის ყველა ფოტოგრაფი თვითდასაქმებულია, სახელმწიფოს არ აქვს რაიმე პროგრამა, რაც მათ მოტივაციას მისცემს ან ხელს შეუწყობს…
ალბათ ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი არ არის, იმდენი პრობლემაა ქვეყანაში ისევ ჩვენი აქტიურობით თუ მივიღებთ მათგან რაიმე პრობლემის გადაჭრის გზას“.
განსაკუთრებით კარგად ისვენებს მეგობრებთან, ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად. უყვარს ლაშქრობა კარვებით ან უბრალოდ მის მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში, საკუთარ სახლში ყოფნა. იქ ყველაზე მშვიდად გრძნობს თავს.
იხსენებს პერიოდს, როცა ყოველთვის ესმოდა, რომ ფოტოგრაფია ჰობია და არა ის, რაც მთელი ცხოვრება უნდა აკეთო. თუმცა ანრი ყოველთვის სხვაგვარად ფიქრობდა და დღეს ფოტოგრაფია მისთვის შემოსავლის წყაროა _ საქმე, რომელიც უყვარს და რაც ყოველგვარი რჩევის, დაძალების გარეშე განვითარდა მასში.
ამბობს, რომ თავისუფალია, უბრალოდ ამ თავისუფლების არეალის გაფართოება სჭირდება. თავად გვიხსნის იმას, თუ რას გულისხმობს სიტყვაში თავისუფლება:
„რაც უფრო ბევრს ფიქრობ თავისუფლებაზე ან იმაზე, რომ რაღაც გზღუდავს, მით უფრო მეტ ანომალიას აღმოაჩენ სამყაროში, რამაც შეიძლება სულ არ გაფიქრებინოს, რომ თავისუფალი ხარ. ამაზე ზედმეტი ფიქრი სისულელეა, თუ კონკრეტულ ასპექტში არ ვსაუბრობთ. თავისუფლება თითოეულ ადამიანშია და ამას არ სჭირდება აფიშირება და განხილვა, თავისუფლებაზე ხშირად მომისმენია კამათი, სადაც დაუნდობლად უხსნიან ერთმანეთს, თუ რა არის თავისუფლება და ეს სისულელეა, ყველა ადამიანი თავისებურად გრძნობს თავისუფლებას“.
სჯერა, რომ საქართველოში კი არა, ყველა ქვეყანაში შეგიძლია წარმატებას მიაღწიო, ხოლო მაქსიმუმი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და მისი მაჩვენებელი უსასრულოა.
არ აქვს განსაკუთრებული პრინციპები, რომელიც ოქროს წესი იქნება მისთვის, ეს კი იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და დარწმუნებულები ვიყოთ რაღაცაზე, რომ არასდროს გავაკეთებთ, მაგრამ არავინ იცის, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევით.
ამბობს, ყველა ადამიანს რაღაც განასხვავებს ერთმანეთისგან და მაინც რაღაც საერთო აქვს: „ისევ ჩემს საქმეზე თუ ვისაუბრებთ, ვფიქრობ, ძალიან კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს და, ამავდროულად, ნამუშევრები სხვებისგან რადიკალურად განსხვავებულია“.
უახლოეს მომავალში ჯერ საქართველოსთვის აპირებს თავისი ნამუშევრების კარგად გაცნობას, შემდე კი მის ფარგლებს გარეთ.
ყველაზე ხშირად სწორედ იმაზე ფიქრობს, თუ რა გადაიღოს, რა გააკეთოს, რომ უფრო განვითარდეს, არ უყვარს უსაქმოდ ყოფნა.
შანსი რომ ჰქონდეს, ისევ საქართველოში, ოღონდ 22-ე საუკუნეში დაიბადებოდა: „იქნებ, მერე მაინც იყოს განვითარებული და წარმატებული ქვეყანა. ამ ეპოქაში, 21-ე საუკუნეში, ნიუ-იორკში ან საფრანგეთში ვიცხოვრებდი, სადაც მოდა და ფოტოგრაფია ყველაზე კარგად იგრძნობა“, _ ამბობს ანრი.
ახალგაზრდა ხელოვანს გზავნილი აქვს საზოგადოებისთვის. სურს, ყველას მოუწოდოს თავისი მიზნების მიღწევისკენ და რომ არასდროს დანებდნენ!
„ყველამ იუნდა აკეთოთ ს, რაც გიყვართ. დააკვირდით და მოუსმინეთ, თუ შესაძლებლობა არსებობს ისწავლოთ ნებისმიერი რამ რაც კი ცოდნას შეგმატებთ. არ აქვს მნიშვნელობა, კერვა იქნება იგი, კულინარია თუ სხვა.
საკმაოდ დიდ ხანს ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ბევრი რამ ვისწავლოთ, შევიძინოთ, გამოვიგონოთ, სხვებსაც გავუზიაროთ და შემდეგ დავტკბეთ შედეგით.
P. S. ვაპირებ, რომ სოციალურ ქსელში შევქმნა ჯგუფი, სადაც სურვილისამებრ გავუზიარებთ ერთმანეთს იდეებს, რჩევებს, ვასწავლით ან ვურჩევთ სასარგებლოს, ამიტომ შემოგვიერთდით…“

ნინო ტაბაღუა