საქართველოს ჩემპიონობიდან ემიგრაციაში: აშშ-ში წარმატებული ქართველი სამჭიდელი

ქართველი სპორტსმენი არჩილ შაშურაშვილი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და აშშ-ს „ფაუერ ლიფტინგის“, ანუ ძალისმიერი სამჭიდის _ ერთ-ერთი უძლიერესი ფედერაციის წევრია. იგი მსოფლიო ფედერაციის შვილობილია და მასში მოხვედრა ძალიან რთულია. აღსანიშნავია, რომ ამ ფედერაციაში იგი ერთადერთი ქართველი წევრია.

ამერიკული შეჯიბრებებისა და გეგმების შესახებ „ქრონიკა+“ არჩილ შაშურაშვილს ესაუბრება:
_ აშშ-ში 2017 წელს ჩამოვედი და ამ დროიდან მოყოლებული აშშ-ის ერთ-ერთი უძლიერესი ფედერაცია „ფაუერ ლიფტინგის“ სრულფასოვანი წევრი ვარ. პირველად პენსილვანიის შტატის ჩემპიონატზე გამოვედი და აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი ყველა წონით კატეგორიაში. ამის შემდეგ იყო პროფესიონალ გუნდთა შორის, კლუბებს შორის შეჯიბრება, სადაც ასევე გავიმარჯვე და გარკვეული ფულადი პრიზიც მივიღე; ამას მოყვა ატლანტის რეგიონული ჩემპიონატი, სადაც 12-14 შტატის ჩემპიონები გამოდიან და აშშ-ში ეს მეორე დონის შეჯიბრებად ითვლება, აქედან უკვე ნაციონალურ ჩემპიონატზე იღებ ლიცენზიას, რომელიც უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი. მე 105კგ. კატეგორიაში გამოვდივარ, რომელიც „ელიტურ წონად“ ითვლება და კონკურენცია დიდია, რადგან იქ მონაწილეთაგან ხუთი წამყვანი ამერიკელი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორია.
_ მათ შეჯიბრებიხარ?
_ დიახ, წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთად ვიასპარეზეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი ძალები სრულად ვერ გამოვიყენე და ის შეჯიბრება ვერ მოვიგე, მაშინ გარკვეული პრობლემები მქონდა… მხოლოდ ერთ-ერთს მოვუგე ცალკეულ მოძრაობაში. ამის შემდეგ იყო ფილადელფიის love championship, ესეც კლუბურია და აქაც აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი. ბოლო შეჯიბრებაზე კი უკვე მეორედ გავხდი პენსილვანიის შტატის ჩემპიონი.
_ რა რეაქცია აქვთ ადგილობრივებს, როდესაც სხვა ქვეყნის, სხვა ეროვნების წარმომადგენელი ხდება მათი შტატის ჩემპიონი?
_ სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ საქართველოში არ მიგრძნია ისეთი სიყვარული, როგორიც აქ. დიდი შეჯიბრებების წამყვანი ვინც არის ხოლმე, ის მოვიდა ჩემთან და მკითხა: „Good lift“ ქართულ ენაზე როგორ გამოვაცხადოო? კომპლიმენტებს გეტყვიან, შემოგხედავენ, გაგიღიმებენ, კარგი ხარო, განიშნებენ, აქ ეს ჩვეულებრივი ტონია. არ გაგრძნობინებენ, რომ უცხო ხარ. ყველგან პენსილვანიის შტატის ნაკრების სახელით გამოვდივარ და ყველასგან დიდ პატივისცემას ვგრძნობ, კარგად მიმიღეს. აქ თუ რაიმეში დახმარება გჭირდება, რომც არ გიცნობდნენ, მაინც მოვლენ და შენ მიმართ ყურადღებას გამოიჩენენ.
აშშ-ში ყოფნის განმავლობაში, ფაქტობრივად, ხუთ დიდ შეჯიბრებაზე გამოვედი და ოთხზე აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი, ის ერთიც ჩემი დაუდევრობის გამო მომივიდა, თუმცა მაინც კარგი შედეგით ვიასპარეზე. ჯერჯერობით ყველაფერს, ძირითად მოთხოვნებსა და მიზნებს, მაქსიმალურად ვასრულებ, თუმცა ეს არასაკმარისია, მთავარია, საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებზე გამოვიდე და ამისთვის სათანადოდაც მოვემზადები. მარტში „არნოლდ კლასიკზე“ ვერ გავედი, კლუბს ჰქონდა რაღაც პრობლემა და ძალიან დამწყდა გული, არადა კარგ ფორმაში ვიყავი.
_ როგორია შენი, როგორც სპორტსმენის, მომზადების დონე?
_ საქართველოში მაღალ დონეზე ვითვლები, მაგრამ ამათთან შედარებით, მგონია, რომ ნაკლებ დონეზე ვარ. როცა აშშ-ში შეჯიბრებებში ვიგებ, ამას ჩემი ძალის ხარჯზე ვახერხებ, მაგრამ ამათ იმხელა სკოლა აქვთ გავლილი და ისეთი ტექნიკა აქვთ, შეხედავ და მაშინვე მიხვდები, რომ უფრო დახვეწილები არიან, ჩაცმულობა გინდა თუ სხვა რამ. ჩემთვის 300კგ.-ს აწევა არაფერია, მაგრამ ესენი 150კგ.-ს ასაწევადაც რომ გადიან, ამ საქმეს მთელი სულით და გულით ეკიდებიან. წაგების შემთხვევაშიც კი მწვრთნელი ისე ჩაეხუტება და ისეთ თანადგომას გამოხატავს, გაგიკვირდებათ. ჩვენთან ვინმეს 100 კგ.-ით რომ მოუგო, უკვე ეზიზღები, ამათთვის კი სტიმულია _ მან თუ ასწია, ე. ი., შესაძლებელია და ხვალ მეც ავწევო, ფიქრობენ. შურის გრძნობა არ აქვთ, პატივს გცემენ.
_ როგორ შეეგუე მანდ ცხოვრებას?
_ ემიგრაციაში ყოფნა ძალიან განვიცადე, ოჯახში რომ ვრეკავ, ახლაც ცრემლი მომდის… თუმცა აქაურები ისე კარგად მექცევიან, ნოსტალგია ძალიან შემიმსუბუქეს. სავარჯიშო დარბაზშიც უამრავი მეგობარი მყავს. საქართველოში რასობრივ დისკრიმინაციაზე საუბრით რომ ქულებს იწერს ზოგი, აქ სხვა თემაა, ყველანაირი მეგობარი მყავს _ მუსლიმებიც, ფერადკანიანებიც და სიმართლე გითხრათ, ამერიკაში „შავები“ უკეთესები არიან, ვიდრე _ თეთრები, ვისთანაც შეხება მქონია. კარგი გულის ხალხია. აქ ქუჩაში ან საზოგადოებაში უზნეოსა და უხამსს ვერაფერს ნახავთ, არ არსებობს და სახლში ვინ რას აკეთებს, ეგ რა ჩემი საქმეა? მოკლედ რომ გითხრათ, აშშ-ში ყოველთვის შეიძლება თავი კომფორტულად იგრძნო.
_ ფინანსური კუთხით რა ხდება?
_ სპორტსმენები აქ ნამდვილად ძალიან დაფასებულები არიან. საქართველოში თუ ოლიმპიური სახეობა არ არის, სპორტად არ ითვლება, აშშ-ში კი სხვაგვარადაა. ფაუერ ლიფტინგისნაირი სპორტი, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი არ არის. ნაკრებში თუ ხარ, ე. ი., კარგი სპორტსმენი ხარ, იქ მოხვედრა კი რთულია, მაგრამ არც _ შეუძლებელი. ამ საკითხზეც კომპეტენტურ პირებს ვესაუბრე, ცოტა ძნელი გადასაწყვეტიცაა, საქართველოს სახელით გამოხვიდე თუ ამერიკის, მაგრამ ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. როგორც შესაძლებლობა იქნება, ისე მოვიქცევი. ამ ეტაპზე გეტყვით, რომ სექტემბერში ნაციონალური ჩემპიონატი ტარდება ცალკეულ მოძრაობებში და მითხრეს, თუ ამ შეჯიბრებაზე სამივე მოძრაობას წარმატებით შევასრულებ, მსოფლიოზე ამერიკის სახელით გამოსვლას შევძლებ, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.
_ მათ რა მოთხოვნა აქვთ?
_ არავითარი მოთხოვნა არ გააჩნიათ. ზოგადად, ვერც ერთი სპორტის სახეობიდან ვერ იასპარეზებ აშშ-ს სახელით, თუ ამ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. არ ვიცი, რა სიმპათია დავიმსახურე მათი, რომ „მწვანე ბარათის“ ქონის შემთხვევაში, უფლებას მომცემენ, ამერიკის სახელით გამოვიდე, დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთო, მითხრეს. მათთან ძალიან უშუალო, მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ერთადაც გვივარჯიშია და ჩემი შესაძლებლობები კარგად იციან, ალბათ ამიტომაც ფიქრობენ ჩემს წარდგენაზე. ჩრდილოეთ ამერიკის ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა, შენ, ფაქტობრივად, ვარჯიშისა და დიდი ძალისხმევის გარეშე დებ ასეთ შედეგებსო.
_ ძალისმიერ სამჭიდში საქართველოში რა მიღწევები გქონდა? როდიდან დაიწყე სპორტის ამ სახეობაში ასპარეზობა?
_ სპორტი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. 6 წლიდან ვვარჯიშობ. თავიდან ჭიდაობით დავიწყე, მაგრამ, სამწუხაროდ, პატარა ტრავმების გამო თავის დანებება მომიწია, თუმცა ვარჯიშს მაინც ვაგრძელებდი და 2006 წლიდან ძალისმიერ სამჭიდში უფრო აქტიურად ჩავერთე. ერთ თვეში საქართველოს თასის გათამაშებაზე საქართველოს ჩემპიონი გავხდი, საქართველოს ჩემპიონატზე კი _ რეკორდსმენი. ამჟამად საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენი ვარ, სპორტის საერთაშორისო ოსტატი; 2010 წელს საქართველოს უძლიერეს მამაკაცადაც დამასახელეს, ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო ჩემპიონატზე გავიმარჯვე. 2011 წელს ტელეგადაცემა „ნიჭიერშიც“ გამოვედი, მანქანას ვატრიალებდი. უამრავი მედალი და სიგელი მაქვს. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ავიღე. ბევრ შეჯიბრებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
_ არჩილ, უახლოესი პერიოდის გეგმებიც გაგვაცანი.
_ სპორტის გარდა აქ სხვა საქმიანობითაც ვარ დაკავებული _ სადილერო კომპანიაში ავტომობილებს ვაკეთებთ, ამიტომ ვარჯიშს ღამით და კვირა დღეს ვახერხებ, როდესაც სამსახურში დასვენება მაქვს. ჩემი მთავარი მიზანია, ცალკეულ მოძრაობაში მაინც გავაკეთო მსოფლიო რეკორდი. სამჭიდში საქართველოს, ფაქტობრივად, ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს, ეს ბატონი შოთა ბეჟაშვილია, ვეტერანი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. სპორტის ეს სახეობა ძალიან რთულია და მიაღწიო მსოფლიო ჩემპიონობას, _ ეს კიდევ უფრო რთული! ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ ცხოვრებაში ადვილი არაფერია.

გიორგი საკარული