ვინ არის სომელიე?

არსებობს სფეროები და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ სფეროებს წარმოადგენენ. ბუნებრივია, რაც უფრო მეტად არის ადამიანი მომზადებული კონკრეტულ დარგში, მით უფრო მაღალია მისი კომპეტენციის ხარისხი. ეს უკანასკნელი კი, ცხადია, ხელს უწყობს მიმართულების განვითარებას.

მსოფლიოში არსებობს პროფესია _ სომელიე. სომელიე შეიძლება იყოს დამოუკიდებელი პირი და შეიძლება წარმოადგენდეს რომელიმე იურიდიულ ან ფიზიკურ ორგანოს. ეს არის პროფესია, რომლის დაუფლებაც შეუძლია ყველას შესაბამისი სპეციალიზებული განათლების მიღების შედეგად.

დეტალებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტ შალვა ხეცურიანს:
_ პირველ ყოვლისა, საქართველოს სომელიეთა ასოციაციაზე მოგვაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია.
_ საქართველოს სომელიეთა ასოციაცია შეიქმნა 2003 წელს. ამავე წელს შეიქმნა თბილისის ღვინის სკოლა, უბრალოდ, მაშინ სხვა სახელწოდება ჰქონდა. 2014 წელს ჩვენ გავხდით საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის უკვე ნამდვილი წევრი. მანამდე ვიყავით კანდიდატები. საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც 62 ქვეყანაა გაწევრიანებული და მთლიანად, დაახლოებით, 50 000 წევრს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ანუ გვყავს, დაახლოებით, 50 000 სომელიე.
_ რა ევალება სომელიეს?
_ სომელიე არის ღვინის ექსპერტი, ღვინის მცოდნე. იგი შუამავალია ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის. ხანდახან მათ „ღვინის ელჩებსაც“ უწოდებენ. ის არ არის, უბრალოდ, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას გარკვეულ სასმელებს სთავაზობს. ის არის განათლებული, ინტელექტუალი, რომელიც ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს არა მხოლოდ გემოებში, არამედ იმ ქვეყნებში, რეგიონებში, იმ კონკრეტულ ვენახებში, კონკრეტულ ტექნოლოგიებში, სხვადასხვა ერის ეთნოგრაფიაში, ადგილობრივ კულტურაში, იმიტომ, რომ ისინი ძალიან არის ერთმანეთთან დაკავშირებული. შეუძლებელია, ისაუბრო ღვინოზე, თუ არ იცი იმ კონკრეტული რეგიონის, ზოგადად, ხასიათი, ტრადიციები. მოკლედ, აი, ასეთი ადამიანი არის სომელიე, რომელიც თან ატარებს ცოდნასაც და არა მხოლოდ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას ახორციელებს.
_ როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა სომელიეს სტატუსი?
_ საქართველოში სომელიეს წოდების მიღების კონკრეტული პროცედურა მოქმედებს. იმისთვის, რომ ადამიანმა მოიპოვოს სომელიეს სტატუსი, უნდა ჩააბაროს ორი გამოცდა: პირველი არის საერთაშორისო გამოცდა; მეორე უკვე ჩვენი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის (GSA) გამოცდაა. ამ ორი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, შეიძლება, გახდე სომელიე. ორივე გამოცდას მომზადების პროცედურები აქვს. საერთაშორისო გამოცდა ყველგან, ნებისმიერ ქვეყანაში ერთი და იგივეა, თუმცა სულ არ არის აუცილებელი, კონკრეტულად, საქართველოში ჩააბარო ეს გამოცდა. მთავარია, ადამიანს სერტიფიკატი ჰქონდეს მიღებული, თუნდაც, სხვა ქვეყანაში. ჩვენს გამოცდას რაც შეეხება, ის მხოლოდ ჩვენთან ბარდება. მასში მონაწილეობა უფასოა და სულ არ არის სავალდებულო, ისწავლო ჩვენს სკოლაში, რომ რომელიმე გამოცდა ჩააბარო. გამოცდის ჩაბარება აუცილებელია. უბრალოდ, სკოლაში სწავლა და მოსმენა საკმარისი არ არის. უნდა ჩაბარდეს, კონკრეტულად, გამოცდა. სტატუსს ვანიჭებთ სამი წლით. ყოველ სამ წელიწადში აუცილებლად არის საჭირო გადაბარება. მაგრამ საერთაშორისო გამოცდა გადაბარებას არ საჭიროებს. არსებობს სომელიეს სამი დონე: ასისტენტსომელიე, სომელიე და შეფსომელიე. ამ სამ დონეს შეესაბამება იმ ორი გამოცდის დონე _ რა დონის აღებასაც შეძლებს ადამიანი საერთაშორისო გამოცდასა და GSA-ში, ასე ვთქვათ, იმავე თანრიგის წარმომადგენელი იქნება.
_ სომელიეს კომპეტენცია რას ითვალისწინებს?
_ ყველაზე მთავარი არის ცოდნა: ქვეყანაზე, რეგიონზე, კონკრეტულ მწარმოებლებზე, კონკრეტულ ღვინოებზე, ტექნოლოგიებზე, სასმელებზე, კულტურაზე, ადგილობრივ ტრადიციებსა და ა. შ. ეს არის უმნიშვნელოვანესი და, რაც მთავარია, გასტრონომიაზე. ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ სომელიე ასევე არის ადამიანი, რომელიც რეგიონების გასტრონომიასა და გასტრონომიულ ტრადიციებში უნდა ერკვეოდეს კარგად. მეორე, რა თქმა უნდა, დეგუსტაციის ტექნიკური უნარებია. ეს ყველაფერი სწავლებადია და ხელის შემშლელი არაფერი არსებობს. რაღაც უიშვიათესი დაავადება არსებობს, როდესაც ადამიანი არომატებს ვერ არჩევს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია, ასე რომ, სინამდვილეში, ხელის შემშლელი არაფერია.
_ რა შესაბამისი საგანმანათლებლო ცენტრებითა და კურსებით არის საქართველო უზრუნველყოფილი?
_ ზოგადად, საქართველოში, ღვინის განთლების არაერთი ცენტრი არსებობს _ დაწყებული აგრარული უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურით, დამთავრებული სერტიფიცირებული კურსებით. ზოგადად, ღვინის განათლება არის უდიდესი მოზაიკა, რომელშიც სომელიე ერთი ნაწილია და მის გარდა არსებობენ სხვა ადამიანები _ ცალკე არის მევენახეობა, ღვინის ბიზნესი, მარკეტინგი და სხვ. მთლიანად ამას ჰქვია მეღვინეობის განათლება. სომელიეებთან დაკავშირებით ორი მიმართულება გვაქვს. 1. სომელიეთა კურსი; 2. ღვინის ბიზნესი (ვცდილობთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა პოპულარულები ხდებიან და ასევე ქალაქიდან ხალხი სოფლისკენ მიდის, რომ ღვინო აწარმოოს, მათ მივეხმაროთ, ანუ მომავალ მეღვინეებს).
ჩვენი სკოლა, როგორც გითხარით, 2003 წელს დაარსდა. ეს იყო ის დრო, როდესაც სომელიეები პირატები ეგონათ. არავინ იცოდა, რას ნიშნავდა „სომელიე“. ხალხს ვეძებდით, ვისთვისაც ეს საინტერესო იყო, რომ უფასოდ გვესწავლებინა მათთვის. სულ რაღაც 2-3 რესტორანი გამოგვეხმაურა და 5 ადამიანი გამოგზავნეს. დღეს კი, მიუხედავად მაღალი ფასისა (სწავლა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბევრი უცხოური ღვინოა საჭირო, რომელიც არ ღირს ხუთი და ათი ევრო), ძალიან დიდია მოთხოვნა, რადგან, პირველ ყოვლისა, პროფესია ვითარდება და ყველას, ვინც ახალ ობიექტს ხსნის _ იქნება ეს რესტორანი, სასტუმრო თუ ღვინის საწარმო _ ესმის, რომ სომელიე აუცილებელია. გარდა ამისა, დიდია მოთხოვნა ღვინის მწარმოებლების მხრიდან. ეს მათ ეხმარება ღვინის გასაყიდად, ღვინის მარკეტინგში და, ზოგადად, ცოდნის მხრივ, აქედან ბევრ რამეს იღებენ.
_ ქართულ ღვინოს რა ბაზრებზე იცნობენ?
_ ქართულ ღვინოს, ჯერჯერობით, ყველაზე კარგად იცნობენ რუსულენოვან ბაზრებზე. ევროკავშირის ბაზარზე მისი ცნობადობა ძალიან დაბალია. ბოლო ხუთი-ათი წლის განმავლობაში ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება, თუმცა კუს ნაბიჯებით. რუსულენოვანი ბაზრები, პოლონეთს თუ არ ჩავთვლით, ფაქტობრივად, ჩვენთვის ყველაზე მთავარი ბაზარია. ხშირად ვუსმენთ პრესაში, რომ კონკრეტულმა წარმოებამ დაიპყრო კონკრეტული ბაზარი და ა. შ., რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ინფორმაციები სინამდვილეს არ შეესაბამება. დაპყრობამდე ჯერ ძალიან შორს ვართ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომერციული წარმატება არის ის, რომ, გაყიდვების მხრივ, რუსეთში მესამე ადგილზე ვართ. თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, ეს მაჩვენებელი რასთან არის შედარებითი.
_ ამ დროისთვის ყველაზე დიდი პრობლემები და გამოწვევები რა არის?
_ ამ დარგში ყველაზე დიდი პრობლემა არის განათლება. ეს უდიდესი გამოწვევაა. ვგულისხმობ ამ ბიზნესში დაკავებული ადამიანების ყველა დონის განათლებას. მათ შორის, მევენახეობასთან დაკავშირებული განათლება კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. ეს იმიტომ, რომ ღვინის 90% თვითონ ვენახში იქმნება. პრობლემა გვაქვს, როგორც ადგილების, ასევე ნიადაგის შერჩევის, სწორი საძირეების, ნერგების, გაშენების, მოვლისა და სხვა მიმართულებებით, რადგან ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, კოლმეურნეობების ინერციაა და სულ რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა მაინც ამ ინერციას მივყვებით. სამწუხაროდ, რასაც ჩვენ მამაპაპურს ვუწოდებთ, ეს არის კოლმეურნეობის იმიტომ, რომ ჩვენი მამა-პაპები, მაინც, კოლმეურნეობის დროს მოღვაწეობდნენ. მიდნა გამოგიტყდეთ, რომ ჩვენს კომპანიას ფრანგი კონსულტანტები ჰყავს მეღვინეობაშიც და მევენახეობაშიც. კონსულტაციები, რომლებსაც ვიღებთ, ძალიან ხშირად ახლოს დგას იმასთან, რაც მართლა მამაპაპური იყო, ანუ კიდევ უფრო ადრე, ვიდრე საბჭოთა კავშირი. ხშირად იმავე ადგილების შეძენას გვირჩევენ, რაც, დავუშვათ, 200 წლის წინათ, ფრანგმა კონსულტანტებმა ურჩიეს ჩვენს დიდ წინაპრებს _ იქნებიან ესენი ჭავჭავაძეები, ორბელიანები თუ ა. შ. ჩვენი ცოდნა გაყინულია. თუ არ ვიტყვით, რომ არ ვითარდება, ვიტყვით, რომ ძალიან ნელა ვითარდება. ერთადერთი ამოსუნთქვა ის არის, რომ, საბედნიეროდ, მეღვინეები ხშირად დადიან საზღვარგარეთის ქვეყნებში სასწავლებლად. ენოლოგიაში იმდენად ბევრი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მევენახეობაში ძალიან გვიჭირს. კიდევ ერთი გამოწვევა არის რუსულ ბაზარზე მიბმა, ძალიან დიდი მიბმა. ცუდი არაფერია რუსულ ბაზართან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, არც ის არის ცუდი, რომ ამდენი მილიონი ბოთლი იყიდება იქ, მაგრამ ეს, უბრალოდ, ცოტას გვადუნებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას _ უაზრობაა, როდესაც რაიმე შემოსავალი გაქვს და ეს შემოსავალი ხელს გიშლის განვითარებაში, მაგრამ მოდუნების პრობლემა ნამდვილად არის ხოლმე. თუმცა ბოლო წლებში, ცოტა მართლაც შეიცვალა სიტუაცია და ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს იმხელა პოლიტიკური რისკია, რომ შეიძლება, ერთ დღეში დამთავრდეს. ასე რომ, გარკვეული დივერსიფიკაციები არსებობს.
მესამე არის ის, რომ ჯერ ჩვენ ღვინის რუკაზე აღმოჩენილები არ ვართ და ახლა უნდა აღმოვჩნდეთ. ერთმანეთის შეგულიანება ხელს გვიშლის, თუნდაც ერთგვარი ღვინის შოვინიზმი _ თუ ჩვენ იმას ვამბობთ, რომ უკვე დავიპყარით ჩვენი ღვინით მსოფლიო, მაშინ რაღა ძალისხმევა გვჭირდება? ანუ ეს ასე არ არის. ჩვენ თავიდანვე არ უნდა მოვატყუოთ საკუთარ თავს. ძალიან დიდი შანსია და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, საკუთარ თავს ხელი შევუწყოთ. გვაქვს შანსი, რომ ხუთი-ათი წლის შემდეგ საქართველო მოხვდეს ყველაზე საინტერესო ღვინის მწარმოებელი ქვეყნების, დაახლოებით, ოცეულში. სწორედ არასწორი ინფორმირებაა ის, რომ შემდეგ ვერც განათლება ვითარდება და სხვა ბაზრებიც ნაკლებად ვითარდება.
კიდევ ერთი დიდი გამოწვევა დარგის შიდა რეგულაციაა, რომელიც აუცილებლად ჩასატარებელია. მარტო ერთი კანონის თემა არ არის. უბრალოდ, მეთოდოლოგიებია პრობლემა. დავუშვათ, კიდევ შედის ცვლილებები, მაგრამ აქ მხოლოდ ერთ საკანონმდებლო აქტზე არ ვსაუბრობთ. ზოგადად, საუბარია მეთოდოლოგიაზე, დარგის მთლიან რეგულაციაზე. გასაგები უნდა იყოს, რა მთავარი სტილი გვაქვს ღვინოების, რა კატეგორიები გვაქვს; გასაგები უნდა იყოს, რომ აპელასიონები გვაქვს, ანუ აგროწარმოშობის დასახელებები; გასაგები იყოს, რატომ გვაქვს ეს აგროწარმოშობები, მაინცდამაინც, ამ საზღვრებში; შიგნით საზღვრებში რა განსხვავებები შეიძლება იყოს ღვინოებს შორის. ეს არის დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. შემდეგ კადასტრირების თემა სრულიად დასახვეწია. ამას ემატება გამოწვევა, რომ ჩვენ ძალიან წვრილი მევენახეები და მეურნეობები გვყავს. დღესდღეობით, კიდევ სოციალური პრობლემაა, როცა ვენახების მეტი წილი მცირე მეურნეობების, ფერმერების ხელშია. ეს, თავისთავად, ძალიან კარგია, მაგრამ მათ არ აქვთ გაერთიანებისა და კოოპერირების სურვილი. კოლმეურნეობებზე იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ გაერთიანებისა და ერთად მუშაობის არანაირი სურვილი არ აქვთ. ჩვენ ახლა გარდამავალ პერიოდში ვართ, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი იქნება. უბრალოდ, აქ ყოველთვის იარსებებს ათი-ოცი ლიდერი, რომელიც მთელი ქვეყნისთვის რაღაც დიდი საქმის გაკეთებას შეძლებს. ამას უნდა ველოდოთ და უნდა დავეხმაროთ. ის, რომ მთელი დარგში დიდი მასშტაბით დალაგდება სიტუაცია და გლეხები გაერთიანდებიან და ა.შ, ჩემი აზრით, უფრო ხანგრძლივი პერსპექტივაა.
_ რა სახის შეხვედრებს უწევს ორგანიზებას ასოციაცია?
_ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ორი: 1. ქვეყნის შიგნით ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა. ეს ყველგან ხდება, რაც არ ნიშნავს, რომ რაიმე ცუდ პროცესთან გვაქვს საქმე. საფრანგეთშიც მიმდინარეობს, პარალელურად, ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა. ეს საინტერესო და ნორმალური პროცესია; 2. ქართული ღვინის პოპულარიზაცია უცხო ქვეყნებში. ვთანამშრომლობთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. ძალიან ვეხმარებით საქართველოს გარეთ მარკეტინგულ აქტივობებს ქართულ ღვინოსთან მიმართებით. საერთაშორისო ასოციაცია ძალიან მძლავრი და ავტორიტეტულია მსოფლიოში. ყველას სურს მასთან თანამშრომლობა. ჩვენ ამას, ცხადია, დადებიტად ვიყენებთ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და არც ერთ შესაძლებლობას არ ვუშვებთ ხელიდან, რომ ეს გავაკეთოთ _ იქნება ეს ასამბლეები, კონკურსები, კონკურსზე საქართველოს საკითხების გაცნობა, ქვეყნებსა და სკოლებში ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული საკითხების შეტანა, თუ სხვ. ეს არის მნიშვნელოვანი განათლების მხრივ, რომ ხალხმა იცოდეს და იცნობდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცნობადობა ჯერ ძალიან დაბალია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ საელჩოებთან. თუკი ღვინოსთან დაკავშრებით რაიმე საინტერესო ღონისძიებებია, ვცდილობთ, ბევრგან მივიღოთ მონაწილეობა, საქართველოს შიგნით _ მასტერკლასები ჩავატაროთ; სკოლა საკმაოდ მძლავრი იარაღია. გადავიღეთ ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“.
_ სამომავლო გეგმები და პროექტები?
_ ჩვენ ახლა შემდეგი გენერალური ასამბლეისთვის ვემზადებით, რომელიც საფრანგეთში ჩატარდება. საერთაშორისო ასოციაციას 50 წელი უსრულდება. შემდეგ ვემზადებით კონკურსისათვის „საქართველოს საუკეთესო სომელიე“, რომლის ჩატარების შესახებაც ძალიან მალე გამოვაცხადებთ. ვემზადებით საერთაშორისო კონკურსებისთვის, ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ეს გახლავთ უახლოესი გეგმები. ვაპირებთ საგანმანათლებლო პროგრამის ძალიან დიდ განახლებას საქართველოში ერთ-ერთ ადგილობრივ, ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად. გვაქვს მოლაპარაკებები უცხოეთში რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც ამ დიდ პროექტში ჩაერთვვება. ჩვენთვის მთავარი იარაღი სწორედ განათლებაა როგორც საქართველოს შიგნით, ისე _ მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოში არსებობს „საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის, განვითარებას, კონკურენტუნარიანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას. ღვინის სფეროში მნიშვნელოვანია ისეთი ბაზის შექმნა, რომელიც, საგანმანათლებლო დანიშნულებით, თავს უყრის და ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში წარმოებული ღვინოების კლასიფიკაციას. ამ კანონის მეექვსე თავი დასათაურებულია შემდეგნაირად: ღვინის კლასიფიკაცია. მეღვინეობის პროდუქციის განსაზღვრა. მეღვინეობის პრაქტიკა. ამავე თავის მე-14 მუხლის მიხედვით _ 1. ამ კანონით დადგენილია საქართველოში წარმოებული ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია:
ა) ხარისხის მიხედვით:
ა.ა) სუფრის;
ა.ბ) მხარის;
ა.გ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ)
უმაღლესი ხარისხის;
ა.დ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების
კონტროლირებული (ა.დ.კ) უმაღლესი ხარისხის;
ბ) ტიპების მიხედვით:
ბ.ა) მშრალი;
ბ.ბ) ნახევრადმშრალი;
ბ.გ.) ნახევრადტკბილი;
ბ.დ.) ტკბილი;
ბ.ე.) ცქრიალა;
ბ.ვ.) შუშხუნა;
ბ.ზ.) შემაგრებული;
ბ.თ.) არომატიზებული;
გ) ფერის მიხედვით:
გ.ა) თეთრი;
გ.ბ) ვარდისფერი;
გ.გ) წითელი.
არსებობს ასეთი პუბლიკაცია _ სომელიე 112058 პროფესიული სტანდარტი, რომლის მიხედვით, სომელიეს შეუძლია გამოიყენოს სფეროს სპეციფიკისთვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი, შეაფასოს დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომა. შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები.
გარდა ამისა, სომელიეს შეუძლია:
• ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებების მომზადება, (ღვინის დაგემოვნება);
• ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის საინტერესოდ გადაცემა და შესაბამისი ახსნა-განმარტება;
• ადგილობრივ ბაზარზე არსებული ღვინისა და მაღალალკოჰოლურ სასმელებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება;
• ღვინის საკვებთან შეხამება;
• სტუმრის მოთხოვნების გათვალისწინება პასუხისმგებლობის ფარგლებში;
• ეთიკის ნორმების დაცვა;
• მომსახურებისთვის მზადყოფნა;
• სტუმრის სრულფასოვანი მომსახურება;
• ღვინისა და სიგარის ბარათის შედგენა და სტუმრისთვის გაცნობა.
რაც შეეხება სომელიეს კომუნიკაციის უნარს: შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებულ სიტუაციებში. ეფექტიანად იყენებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. შეუძლია უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება. ღირებულებები: განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედებს პროფესიული საქმიანობისთვის დამახასიათებელი ღირებულებების შესაბამისად; მოქმედებს პროფესიული ეთიკის შესაბამისად; გაცნობიერებული აქვს საკუთარი მოვალეობები, ფუნქციები და პასუხისმგებლობა; არის დისციპლინებული, თავაზიანი და ყურადღებიანი, ორგანიზებული. იცავს უსაფრთხოების წესებსა და პირადი ჰიგიენის ნორმებს.
სომელიეს საქმიანობა უკავშირდება სხვადასხვა ეროვნების მომხმარებლის მომსახურებას, რაც მოითხოვს უცხო ენის (ენების) ცოდნას, საკუთარი ქვეყნის ისტორიის, მეღვინეობისა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიის ზოგად ცოდნას, სასმელებითა და სიგარებით მომხმარებლის მომსახურებას, ასევე რესტორნებისთვის სიგარებისა და ღვინოების შერჩევას, ბარათების შედგენას, კარგ საკომუნიკაციო და ინტერპერსონალურ თვისებებს, კარგ მეხსიერებას, მოვალეობის გაცნობიერების უნარს. სომელიე მომსახურე გუნდის წევრია, რომლის კვალიფიკაციაზე დამოკიდებულია როგორც რესტორნის, ასევე ღვინის მომსახურების სფეროს საერთო წარმატება.
როგორც ყველა სხვა დარგი საქართველოში, სომელიეს პროფესიაც შესაბამისი კადრების მუდმივ გადამზადებასა და ცოდნის გაღრმავებას მოითხოვს. სხვა დარგის სპეციალისტების მსგავსად, სომელიესაც ყოველთვის უნდა ჰქონდეს პასუხი თავის სფეროსთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე. მან უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებელს, რაც შეიძლება, მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიოს და მაქსიმალურად კარგი და კომფორტული მომსახურება შესთავაზოს. რაც უფრო კომუნიკაბელურია ის, მით მეტად წარმატებულია მისი კარიერა. ურთიერთობისა და დიალოგის უნარი სომელიესთვის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია.

მარიამ ტიელიძე