ხელნაწერი ქმნის ისტორიას

რა ან ვინ ქმნის ისტორიას? რა ან ვინ ინარჩუნებს ისტორიას? ისტორიას ქმნის გამორჩეული ადამიანი, გამორჩეული საკუთარი რესურსებით _ აკეთოს საზოგადოებისთვის საჭირო საქმეები და შექმნას საზოგადოებისთვის საინტერესო განძი. ისტორიას კი თავად ეს განძი ინარჩუნებს. სწორედ ეს უკანასკნელია ეპოქის მატარებელი.

რა როლი აქვს ადამიანს წარსულის შესანარჩუნებლად? მას, როგორც მოაზროვნეს, აქვს უნარები, თავი მოუყაროს, შეინახოს, შეინარჩუნოს ეს წარსული და გახადოს იგი ხელმისაწვდომი. ამისთვის უნდა შეიქმნას მობილიზებული, კომპეტენტური ჯგუფები თუ _ დაწესებულებები და, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ისტორიის გადაცემის პროცესი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წლებია, რაც არაერთ ეროვნულ შეხვედრას უწევს ორგანიზებას.
30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა „ჩვენი მეხსიერება“. სწორედ ეს მასალებია ის პირველწყარო, რომელმაც ისტორია დღემდე მოიტანა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 40-მდე შერჩეული ხელნაწერი. რაც შეეხება პერიოდს, ისინი მოიცავს V-XIX საუკუნეებს. ბუნებრივია, განსხვავებული ემოციებითა და შინაარსით, მაგრამ წარმოდგენილი მასალა საინტერესო იყო არა მხოლოდ ქართველი დამთვალიერებლებისთვის, არამედ _ უცხოენოვანი ადამიანებისთვისაც.

რა მასალები მოიცვა გამოფენამ?

წარმოდგენილი იყო შემდეგი ექსპონატები:
ეკატერინე დადიანის კუთვნილი სახარება, დაბეჭდილი ვახტანგ VI-ის სტამბაში 1709 წელს;
ქართულ-იტალიური ლექსიკონი, რომი, 1629 წელი;
ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“;
ბასილი დიდი. სწავლანი _ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბერძნული კოლექცია, დათარიღებული მეათე საუკუნით;
სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი _ დათარიღებული 1716 წლით;
ქართლის ცხოვრება. მომგებელი: დედოფალი ანა, კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის მეუღლე _ დათარიღებული 1479-1495 წლებით; შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, გადამწერი _ მამუკა მდივანი, დამკვეთი _ ლევან დადიანი. გადაწერილია სამეგრელოში;
გენერალ გიორგი კვინიტაძის საპასუხო წერილი ჟურნალში „ბედი ქართლისა“ გამოქვეყნებულ სტატიაზე _ გიორგი კვინიტაძის არქივიდან;
მეფე ერეკლე II-ის მიერ აზნაურობისა და გერბის დამტკიცების სიგელი ტფილისელ ვაჭარ ოჰანეზასთვის _ დათარიღებული 1785 წლით;
ბუდისტი ბერის ცხოვრება _ მანჯურიული ხელნაწერი;
მე-19 საუკუნით დათარიღებული „ყურანი“;
მეფე ვახტანგ VI-ის მიერ ოსიაურეკ ბეჟან გოგებაშვილისთვის მიცემული სითარხნის წყალობის წიგნი _ 1715 წლის 22 მარტი;
როსტომ მეფის მიერ მიცემული მამულის წყალობის წიგნი ელიზბარ სოლოღაშვილისთვის _ დათარიღებული 1657 წლით და ა. შ.

ნესტან ბაგაური _ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„ვულოცავ სრულიად საქართველოს! ჩვენ ჩვენი გამოფენა დავასათაურეთ სახელწოდებით „ჩვენი მეხსიერება“. დღეს აქ თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის ისტორია. ამ ექსპოზიციებით შევეცადეთ, გვეჩვენებინა ამ კოლექციის სიძველე და ქრონოლიგია. ჩვენ ასევე შევეცადეთ, გვეჩვენებინა ჟანრობრივი მრავალფეროვნება, ვინაიდან წარმოდგენილია ასტროლოგიური, გეოგრაფიული, ქიმიის, ფიზიკისა და სხვა მიმართულებების სახელმძღვანელოები. ეს ყველაფერი საკმაო წარმოდგენას შექმნის კოლექციაზე. აქ, გარდა ქართულისა, იხილავთ სომხურ, ბერძნულ, მანჯურიულ ხელნაწერებსაც კი. ისინი შეავსებს ხელნაწერების ცოდნასთან დაკავშირებულ სიცარიელეებს“.

ანი გაბელაია _ დამთვალიერებელი:
„ვფიქრობ, რომ ეს შენობა ყველაზე ეროვნულ და წმინდა რელიკვიებს ინახავს _ მასალებს, რომელიც ყოველთვის იქნება ცოცხალი. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მე არც ისე იშვიათად ვსტუმრობ. ყოველთვის ველოდები რაღაც ახალს. ვფიქრობ, ეს ყველა ქართველისთვის საჭირო სიახლეებია. იმისთვის, რომ ადამიანი მოქალაქედ შედგეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს საკუთარი წარსული, უნდა აინტერესებდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია და ეს ინტერესი უნდა იყოს უწყვეტი _ რაც უფრო მეტს ეძებ, მით მეტს პოულობ, კითხვაც მეტი გიჩნდება და პასუხების ძიებაც ერთი დიდი თავგადასავალია ხოლმე. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც იმ მასალას აღიქვამ საკუთარი თვალებით, რომელიც ოდესღაც გისწავლია და, უბრალოდ, წარმოგიდგენია მისი რეალობა და კონტური. ჩემი აზრით, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ადამიანმა ყველა ის შანსი, რომელიც მასთან პროფესიონალების ძალისხმევის შედეგად მიდის. კიდევ უფრო საინტერესოა ის პროცესი, რომელიც ინტერესის ზრდასა და ამ ინტერესის დაკმაყოფილების სურვილს მოსდევს. ენით აღუწერელია დღეს ის შეგრძნება, რომელსაც ამ სიძველეების, ჩვენი ქვეყნის საგანძურის ნახვა იწვევს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უნდა არსებობდეს მარადიულად იმიტომ, რომ ის ძალიან ბევრ სამაგალითო და ეროვნულ საქმეს აკეთებს. არც იმ ადამიანთა რიცხვია ცოტა, რომელთაც ამ ტიპის გამოფენები აინტერესებთ. სწორედ მსგავს გამოფენებზე ხდება ის, რომ რაზეც გვიფიქრია, წარმოგვიდგენია, გვიმსჯელია _ ამ ყველაფრის უშუალო მაყურებლები ვხდებით. თანამონაწილეობა კი დროისა და ეპოქის შეცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა. ეს პროცესი არის ბედნიერება. აუცილებლად უნდა მოვუფრთხილდეთ მას და კიდევ უამრავ თაობას შევუნახოთ. მსგავს ექსპოზიციებს სიკვდილი და დავიწყება არ უწერია. მთავარია, ინტერესი გავუღვივოთ, მოქალაქეებმა ერთმანეთს ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც ერთმა არ იცის, მეორემ აუხსნას და, საბოლოოდ, ისტორია შენარჩუნდება. ამ უკანასკნელს ადამიანი თუ შეინახავს და უკვდავყოფს… ფასდაუდებელი საუნჯეა ის, რასაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სთავაზობს დამთვალიერებელს“.

აკო ბრეგაძე _ დამთვალიერებელი:
„გულახდილად რომ გითხრათ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტუმარი პირველად ვარ. ხაზი მინდა გავუსვა, უცხოელი დამთვალიერებელი როგორი დიდი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებს ექსპონატებს. ამ ყველაფრის შემდეგ ქართველს რა უფლება აქვს, ამ განძს არ გაუფრთხილდეს? როგორც უნდა ჟღერდეს, ვნანობ, რომ დღემდე ამ ცენტრით არ დავინტერესებულვარ. ვისურვებდი, საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ცნობადობა იმ ღონისძიებებთან თუ გამოფენებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ცენტრი უწევს ორგანიზებას. ისიც საინტერესოა, რომ მისით ყველა ასაკობრივი კატეგორია არის დაინტერესებული, რომ აღარაფერი ვთქვა არაქართულენოვან ადამიანებზე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი რეალობაც, ადრე თუ გვიან, ისტორია გახდება. ამიტომ აქედანვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა მის შენარჩუნებაზე, რომ ის იყოს სწორი, სანდო და ნამდვილი. მეტი აზროვნება გვმართებს, როგორც ერთ დროს ჩვენი წინაპრები აზროვნებდნენ და შექმნეს საქართველოს ისტორია. თვითონ ხელნაწერი უკვე უზომოდ დიდი სიმდიდრეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფურცელი დროს უძლებს და დროის მატარებელია“.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი:
„ქართული მეცნიერებისა და კულტურისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს წარმოადგენს 1958 წლის 30 ივნისი, როდესაც, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე შეიქმნა მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო ინსტიტუტი. მაშინვე გადაწყდა ინსტიტუტისთვის შენობის აგება. მშენებლობა 1965 წელს დასრულდა. 1962 წლიდან 2006 წლამდე ინსტიტუტი ატარებდა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელს.
2006 წელს, ინსტიტუტის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრად გარდაქმნის შემდეგ, მას ეს სახელი ჩამოშორდა, ხოლო 2015 წელს კვლავ აღუდგა. დღეისთვის ამ დაწესებულების სახელწოდებაა: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, სამეცნიერო თანამშრომლობის გააქტიურება, პერსპექტიული საგანმანათლებლო პროექტების შექმნა, სეზონური სკოლებისა და საკვალიფიკაციო კურსების ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება ცენტრში განხორციელებული მუშაობისა და განვითარების გეგმების შესახებ. ამ სფეროს ცენტრში კურირებს სამეცნიერო თანამშრომლობის, პროექტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
რამდენიმე წლის წინ ცალკე ერთეულად გამოიყო განათლებისა და გამოფენების განყოფილება. მისი მიზანია ცენტრში დაცული მასალის დიგიტალური ასლების, მულაჟებისა თუ საარქივო მასალის ექსპონირება, ლექციების ჩატარება, საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტების ხელშეწყობა, ახალგაზრდობის მოზიდვა, საშუალო სკოლებთან ურთიერთობის დამყარება და მათი ჩართვა ცენტრის პროექტებში. ამ საქმეს ემსახურება, აგრეთვე, ცენტრში არსებული ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზი, სადაც გამოფენილია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ხელნაწერი წიგნებისა და დოკუმენტების ასლები“.

ცენტრის სტრუქტურა იყოფა შემდეგ მიმართულებებად:
დირექცია, საორგანიზაციო განყოფილება, საქმისწარმოების სამსახური, ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტი, საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, შესყიდვების სამსახური, დიგიტილიზაციის განყოფილება (ლაბორატორია), სამეცნიერო თანამშრომლობის, პროექტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების სამსახური, საგარეო კავშრებისა და თარგმანის სამსახური, სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილება, საგამომცემლო სამსახური, აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილება, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება, ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება და კიდევ არაერთი სხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის ის, რაც აუცილებლად უნდა არსებობდეს იმ სახელმწიფოში, რომლის მიზანიც ნამდვილად არის ისტორიის შენარჩუნება და მის საფუძველზე მომავლის გავითარება. ის თვითონ არის საგანძური, რომელიც ინახავს უძველეს ხელნაწერებს, პირად არქივებს, ისტორიულ დოკუმენტებს, ანუ ინარჩუნებს ადამიანებს და ინახავს მათ მიერ შექმნილ საგანძურებს.
„საარქივო ფონდში თავმოყრილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების, მხატვრების, პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეების, ემიგრაციის მოღვაწეების, სასულიერო პირების, აგრეთვე საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და სინოდის კანცელარიის არქივები (სულ 188 საარქივო ფონდი). აქედან დღეისთვის უკვე დამუშავებულია 119 ფონდი, დანარჩენი 69 საარქივო ფონდი დამუშავების პროცესშია“.
გარდა ქართველ მოღვაწეებთან დაკავშირებული მასალებისა, ფონდში დაცულია სხვა ქვეყნების საზოგადო მოღვაწეების შემოქმედების ამსახველი ხელნაწერები სხვადასხვა ენაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილი მასალები მთელი მსოფლიოსთვის უნდა იყოს საინტერესო.

მარიამ ტიელიძე