თამბაქოს ინდუსტრია _ სერიული მკვლელი!

ყოველთვის მსჯელობის, განსჯისა და შედეგის მიუღწევლობის საკითხი _ თამბაქოს მოხმარება და მასთან დაკავშირებული ბიზნესი. ეს პრობლემა დისკუსიის საგანი არაერთი ხელისუფლების დროს ყოფილა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ძლიერი ზურგის არსებობის შედეგად, თემა განსახილველად ყოველთვის სამომავლოდ გადაიდებოდა ხოლმე. თამბაქო, როგორც ადამიანების დაავადებისა და სიკვდილიანობის ზრდის მიზეზი და თამბაქო, როგორც მომგებიანი ბიზნესი!..

დეტალებზე „ქრონიკა+“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძეს ესაუბრა:

_ თავდაპირველად თამბაქოს კონტროლის ალიანსის შესახებ მოგვაწოდეთ ინფორმაცია _ ისტორია, მიზნები, ამოცანები.
_ თამბაქოს კონტროლის ალიანსი შეიქმნა 2002 წელს. მასში გაერთიანებულია, დაახლოებით, ოცი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ძირითადად _ სამედიცინო მიმართულების. ალიანსის მიზანი იყო, არის და იქნება თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში და მოსახლეობა თამბაქოს კვამლისგან დაცვა. კონკრეტული მიაზნია თამბაქოსაგან თავისუფალი ქვეყანა 2040 წლისთვის. თქვენ იცით, რომ თამბაქოს მოხმარებას უმძიმესი ტვირთი აქვს როგორც სამედიცინო, ისე _ ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამ ორ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას.
უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი არის თამბაქოს მომხმარებელი. დაახლოებით 33% ჩვენი მოსახლეობისა არის მწეველი. აქედან ყოველწლიურად იღუპება 11 400 ადამიანი, რაც გასულ წელს გაეროს განვითარების პროგრამამ დაითვალა. აღნიშნული მაჩვენებლიდან, სულ მცირე, 2 100 ადამიანია პასიური მწეველობის მსხვერპლი, ანუ ადამიანები, რომლებსაც არასდროს მოუხმარიათ თამბაქო და იძულებულები იყვნენ, სხვადასხვა გარემოში: სასწავლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და ა. შ. ჩაესუნთქათ სხვის მიერ გამონაბოლქვი მომწამვლელი აირების მთელი მასა. ანუ, ფაქტობრივად, ყოველი მეხუთე ადამიანი საქართველოში თამბაქოს მოხმარების მსხვერპლია. რაც შეეხება ეკონომიკურ ზარალს, ამ კვლევითაც დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ სერიოზულ თანხასთან, 850 000 000 ლარი პირდაპირ გვეხარჯება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული თანხები და დაზარალებული პირების ჯიბეებიდან თანაგადახდილი თანხები, რომ ამ ადამიანებს სიცოცხლე გაუხანგრძლივდეთ. ,ეს არის, ძირითადად, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო, ინფარქტი, ინსულტი, მწვავე რესპირატორული დაავადებები _ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია თამბაქოს კვალთან. ფაქტობრივად, არ არსებობს ორგანოთა სისტემა, რომელზედაც სერიოზულ, დამანგრეველ ზემოქმედებას არ ახდენდეს თამბაქოს კვამლში შემავალი 7000-მდე ქიმიური აგენტი, რომელთაგან 250 არის, პირდაპირ, ტოქსიკური და 70-მდე _ კიბოს გამომწვევი ნივთიერება.
თქვენ იცით, რომ საქართველოს დამოუკიდებელობის პერიოდიდანვე ქვეყანაში ინტენსიურად შემოიჭრა თამბაქოს მულტინაციონალური კომპანიები, განხორციელდა აგრესიული მარკეტინგული კომუნიკაციები, რეკლამა-პოპულარიზაცია და სპონსორობა, ასევე და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია ეს ნარკოპროდუქტი, განსაკუთრებით _ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის _ იყიდება ღერებით, იყიდება არასრულწლოვანზე, იყიდება სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, ბავშვების სათამაშოებთან, კვების პროდუქტებთან და ა. შ.
_ შესაბამის საკითხებზე კანონმდებლობას რა ისტორია აქვს?
_ ეს საკითხები პირველად, ნაწილობრივ მაინც, 2003 წელს დავარეგულირეთ. მაშინ მთავარი წამყვანი ორგანიზაცია იყო თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი. ხელმძღვანელი გელა კობეშავიძე გახლდათ. მისი ძალისხმევით 2003 წელს პარლამენტმა პირველი კანონი მიიღო თამბაქოს კონტროლის შესახებ. ამ კანონის ერთ-ერთი თანაავტორი მე ვიყავი და თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მისი წარმომადგენლები პარლამენტში, პარლამენტის წევრებთან ერთად, პირდაპირ ჩეხდნენ კანონპროექტს. კანონპროექტის პირვანდელი სახე საკმაოდ დასახიჩრდა. ერთ მაგალითს გეტყვით: თუ 2003 წლის კანონში ერთი პუნქტი ითხოვდა, რომ სკოლებში თამბაქოს მოწევა სრულიად აკრძალული ყოფილიყო, მეორე პუნქტი ამბობდა, რომ სკოლის ადმინისტრაციას მოსაწევი ადგილები უნდა გამოეყო. აბსურდია, ეს იყო ურთიერთგამომრიცხავი პუნქტები. შემდგომ გავაგრძელეთ მოძრაობა, პირადად ვიყავი ჩართული თამბაქოს კონტროლის ჩარჩოკონვენციის შემუშავების პროცესში. მოლაპარაკებები ჟენევაში მიმდინარეობდა და სამ მათგანში ვმონაწილეობდი. პირველ მოლაპარაკებაში როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, იმიტომ, რომ მაშინ თამბაქოს საწინააღმდეგო ცენტრს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბატონმა რამაზ ურუშაძემ იმის გამო, რომ თვითონ ვერ ახერხებდა წასვლას, თამბაქოს საწინააღმდეგო ცენტრს საშუალება მისცა და ჩვენ ვმონაწილეობდით. მაშინ მახსოვს, რომ, პირველი მოლაპარაკებების დროს, პირადად, ამ კონვენციის შემუშავების პროცესში, ექვსი შესწორება შევთავაზე მხარეებს, რომელიც გაიზიარეს. მერე უკვე ვმონაწილეობდი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია მესამე და მეექვსე რაუნდებში. მეექვსე რაუნდი გახლდათ ბოლო რაუნდი და 2003 წელს ეს კონვენცია დამტკიცდა. საქართველოს კონვენციის რატიფიკაცია მოხდა 2005 წლის დეკემბერში და ჩვენთვის 2006 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პარლამენტში რატიფიკაცია დიდი ომებისა და ბრძოლების შედეგად მიიღეს. მაშინ ახალი ხელისუფლება იყო მოსული. კონვენციას რომ მივერთებოდით, იმ ხელმოწერის დოკუმენტზე ხელი მოაწერა ნინო ბურჯანაძემ, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მაგრამ შემდგომ უკვე პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიკაცია. წამყვანი ფიგურა გიგი წერეთელი იყო, მაგრამ რატიფიკაციას ექმნებოდა საფრთხე იმიტომ, რომ, ამ შემთხვევაში, მთავარი გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა სახელმწიფო მინისტრს რეფორმების დარგში _ ბენდუქიძეს. ფაქტობრივად, არც რატიფიკაცია მოხდებოდა და ყველაფერი დასამარდებოდა, როგორც შეჩერდა, მაგალითად, თამბაქოს ნაწარმის ლიცენზიის შესახებ კანონის მოქმედება. ე. ი. ეს მომწამვლელი და მომაკვდინებელი პროდუქტი ყოველგვარი რეგულაციისა და კონტროლის გარეშე დარჩა 2005 წლიდან. რა თქმა უნდა, ამ კონვენციასაც ემუქრებოდა არმიღების საფრთხე, თუმცა გამოსავალი ვნახეთ. როდესაც რატიფიკაციას ახდენ პარლამენტში, მას თან უნდა სდევდეს ადგილობრივ კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტი. ეს პაკეტი ახლდა, მაგრამ რადგან ლიცენზიის შესახებ კანონი უკვე შეჩერებული იყო, კონვენცია მხარეებს ავალდებულებდა, რომ ყველა ზომა მიეღოთ, მათ შორის _ ლიცენზიის ჩათვლით, რომ ეფექტიანად გახორციელებულიყო თამბაქოს კონტროლი.
ვნახეთ კონვენციის თარგმანი და ინგლისური ტექსტი. ინგლისურ ტექსტში ეწერა, რომ მხარეებს შეუძლიათ, გამოიყენონ ლიცენზიის ზომა. ქართულ ვარიანტში ეწერა, _ მხარეებმა უნდა განახორციელონო. ამ შემთხვევაში დავეყრდენით ინგლისურ ტექსტს, ორიგინალს. შემდგომ პარლამენტმა თანმხლების საკანონმდებლო ინიციატივების გარეშე მოახდინა კონცეპციის რატიფიცირება 2005 წლის დეკემბერში. შემდგომ, მინიმუნ, სამწლიანი ბრძოლები დაგვჭირდა, რომ კონვენციასთან შესაბამისობაში მოგვეყვანა ადგილობრივი კანონმდებლობა და რა მოხდა, იცით? _ მთავრობამ ეს კანონპროექტები პარლამენტიდან გამოითხოვა (რა თქმა უნდა, ბენდუქიძის საშუალებით), გადააგზავნა მთავრობაში და მთავრობაშივე გაჩერდა, ანუ დააკონსერვეს. დრო გაიწელა. კონვენციით გათვალისწინებული იყო ვალდებულება, რომ (მაგალითის სახით გეუბნებით), 2011 წლისთვის სრულად უნდა აკრძალულიყო თამბაქოს ნაწარმის რეკლამა-პოპულარიზაცია და სპონსორობა. ეს იყო ამ კონვენციით ნაკისრი პირდაპირი, უშუალო ვალდებულება. ასევე უნდა აგვეკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ შენობებში (ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული ზიანის მომტანი ასევე პასიური მწეველებისთვის). მთავრობა წინააღმდეგი იყო და, როგორც გითხარით, მაშინ ჯანდაცვის კომიტეტმა კეთილი ნება გამოიჩინა (ამ კომიტეტის თავმჯდომარე მაშინ გიგი წერეთელი იყო) და 2008 წელს, გარკვეულწილად, 2003 წლის კანონი გავაუმჯობესეთ, რომელიც საკმაოდ ნაკლოვანი იყო.
_ რა სახის რეგულაციები და სანქციები მოქმედებს?
_ 2008 წელს გაუმჯობესებულ კანონს არ მოჰყვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები. ეს ცვლილებები განხორციელდა 2003 წლის კანონის შემდეგ, 2004 წელს. რთული იყო აღსასრულებლად და რატომ (ამ წლის პირველ მაისამდე ჰქონდა მას ვადა) _ ფიზიკურ პირს დააჯარიმებდა პოლიცია, თუ იურიდიულ პირს (ფიზიკურ პირზე იყო გათვალისწინებული 5 ლარი, მაქსიმუმ _ ათი ლარი; იურიდიულ პირზე იყო 50-100-150-200 ლარი _ გააჩნია, რა სახის სამართალდარღვევა იყო), ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო. ამიტომ ჩვენ 2008 წელს, როდესაც კანონპროექტი შევიტანეთ (მაშინაც გვქონდა ეს წინადადება, მაგრამ არ გაიზიარეს) _ კანონი კი მივიღეთ და შევცვალეთ, მაგრამ მისი აღსრულების მექანიზმი ისევ ღია დარჩა. ფაქტობრივად, კანონი კი შევცვალეთ, გავაუმჯობესეთ, ავკრძალეთ მოწევა სასწავლო, საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში, მაგრამ რაც შეეხება სხვა დანარჩენ შენობა-ნაგებობას, იქ შეზღუდვის რეჟიმი დაგვრჩა _ ანუ მოსაწევად ადგილი უნდა ყოფილიყო გამოყოფილი ცალკე, მაგრამ თუკი შენობაში მოსაწევი ადგილის გამოყოფის საშუალება არ იყო, მაშინ ამ შენობაში მოწევა უნდა აკრძალულიყო. რესტორნებსა და ბარებს რაც შეეხება, მათი დარბაზების, სულ მცირე, ნახევარი მაინც უნდა დათმობოდა არამწეველებს. თუმცა იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც ეს ნორმა სრულდებოდა. ის სრულდებოდა თბილისის რამდენიმე რესტორანში და, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე რესტორანმა აკრძალა კიდეც. ეს ეხება ევროპული და აღმოსავლური ტიპის რესტორნებს. ქართულ რესტორნებს ეს არც გაუთვალისწინებია. ვგულისხმობ 2008 წლის კანონს. მაშინ ძალიან სერიოზული დაპირისპირება მოგვიწია მთავრობის საპარლამენტო მდივანთან. იქამდე მასთან გიგი წერეთელსაც მოუწია შეხლა-შემოხლა იმიტომ, რომ ისინი კვლავ ცდილობდნენ ადმინისტრირების გადატანას. ფურცელზე დატოვებული კანონი, რეალურად, ვერაფერს შეცვლიდა _ ვერანაირად დაიცავდა პასიური მწეველების უფლებებს.
ნაცვლად იმისა, რომ შემოეტანათ გაუმჯობესებული ადმინისტრირების კანონპროექტი, 2009 წელს მთავრობამ მხოლოდ კანონის სათაური შეცვალა _ მანამდე ერქვა საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონი, შემდედ კი დაერქვა თამბაქოს კონტროლის კანონი. ის ორი კანონი, რომელიც 2005 წელს შეჩერდა, გააუქმეს და ამ გაუქმების ნაცვლად ორი უსუსური მუხლი შეიტანეს კანონში. გადაწერეს მთლიანად კანონი. მანამდე ჯანდაცვის სამინისტრო იყო ხოლმე, ოფიციალურად, მისი ავტორი და 2009 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გახდა. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაავალა, რომელიც, საერთოდ, დებატებში არც შემოსულა და არც პარლამენტში გამოცხადებულა, წარმოედგინა ახალი კანონპროექტი. კანონში ცვლილებები კი არ შეიტანეს, 2008 წელს შეცვლილი კანონი გააუქმეს და ახალი კანონი შემოიტანეს, რომელსაც, როგორც გითხარით, სათაური შეუცვალეს და, ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით, ორი მუხლი დაამატეს, ყოველგვარი მექანიზმის გარეშე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს კატეგორიულად გავემიჯნეთ და პირდაპირ დავადანაშაულეთ მაშინდელი საპარლამენტო მდივანი. ჯერ ერთი, მანიპულაციაში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გილაურიც კი არ იყო საქმის კურსში. მოხდა ასეთი შემთხვევა _ პარლამენტში განხილვის დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ვკითხეთ (ჯანდაცვის მინისტრი თანახმა იყო, რომ ეს კანონი მალე ამოქმედებულიყო და ადმინისტრირება გაკეთებულიყო ჯანდაცვის შესაბამის ობიექტებში; განათლების მინისტრი თანახმა იყო, რომ განათლების სისტემაში აკრძალულიყო მოწევა და, რეალურად, ადმინისტრირება განხორციელებულიყო; მაშინდელი პრემიერ-მინისტრიც თანახმა იყო), _ თქვენ რომელ მთავრობას წარმოადგენთ? როდესაც კონკრეტული მინისტრები თანახმანი არიან, თქვენ რომელი მთავრობის სახელით ლაპარაკობთ? რა თქმა უნდა, ის თამბაქოს ინდუსტრიის მთავრობის სახელით ლაპარაკობდა. ვიცოდით მისი კავშირები ბრიტანულ-ამერიკულ თამბაქოს კომპანიასთან, რა ფინანსურ სარგებელს ნახულობა მათგან მისი მაშინდელი ხელისუფლების დაჯგუფება. ეს კიდეც ცალკე თემაა, როგორ ხდებოდა ამ ბიზნესის მართვა შევარდნაძისა თუ სხვა მმართველობის დროს და როგორ ხდება ახლა. ნებისმიერის დროს თამბაქოს ინდუსტრიას სერიოზული დასაყრდენები აქვს.
ეს კანონი დამტკიცდა, მაგრამ ისევ არ მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები. წარმოადგინეს მხოლოდ ამ კანონის სათაურის ცვლილებები. ჩვენგან დიდი წინააღმდეგობა დაინახეს. ერთი ადამიანი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში ამ საკითხებს კურირებდა, მოხსნეს. ეს აკმარეს. ჩვენზე კი საქმეების მოკვლევა დაიწყეს. ამას ორგანიზებას უწევდა თვითონ ჯანდაცვის სამინისტრო _ მაშინდელი მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი და ჩვენი საქმეების მოკვლევა დაიწყეს. ანუ საკმაოდ სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით სწორედ იმის გამო, რომ პირდაპირ დავუპირისპირდით და ვამხილეთ თამბაქოს ლობისტები.
_ ახალი ხელისუფლების მოსვლამ რა პროცესები განაპირობა?
_ 2012 წელს არჩევნები ჩატარდა, მოვიდა ახალი ხელისუფლება და 2012 წლის ბოლო იყო, როცა ჩვენმა ალიანსა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს მიმართა _ კონკრეტულად ვუთხარით, რა პრობლემები იყო, რას უკავშირდებოდა ეს პრობლემები, რამდენი ადამიანი გვეღუპებოდა, რამდენი ადამიანი ავადდებოდა, როგორი იყო ეკონომიკური ტვირთი, რა ვალდებულებები გვქონდა საერთაშორისო დონეზე და რომ საერთოდ არაფერი კეთდებოდა ამ მიმართულების გასაუმჯობესებლად. ეს წერილი, როგორც ჩანს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა წაიკითხა, იმიტომ რომ შესაბამისი სახის დავალებები გაიცა _ გააქტიურდა ჯანდაცვის მინისტრი; მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრიც გააქტიურდა, ვისაც ამ საქმეების მიხედვა და კოორდინება დაავალა. 2013 წლის მარტში სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელშიც, სამწუხაროდ, მხოლოდ მინისტრები შევიდნენ. ჩვენი მხარე საერთოდ არ შეიყვანეს. ამ სამთავრობო კომისიის სამდივნოს ფუნქციები დაავადეებათა კონტროლის ცენტრს დააკისრეს, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობდით. სამთავრობო დონეზე, როგორც არასამთავრობო სტრუქტურა, არ ჩაგვსვეს. რა თქმა უნდა, 2013 წელს შევქმენით სტრატეგია, ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა და კანონმდებლობის ახალი, გაუმჯობესებული პაკეტი. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ორივე დაამტკიცა და, სამწუხაროდ, ღარიბაშვილის მოსვლიდან მალევე ყველა საკითხი გაჩერდა. ვვარაუდობთ, რომ შესაბამისი კავშირებისა და ლობირების შედეგად პროცესები შეჩერდა. თამბაქოს ინდუსტრიამ საკმაოდ სერიოზული დასაყრდენი ნახა.
პროცესი გაჩერდა 2014 წლიდან, არ იძროდა და უკვე 2015 წლიდან დავიწყეთ მოძრაობა იმიტომ, რომ შევხედეთ მთავრობას, რომელსაც არ გააჩნდა ნება, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ეზრუნა. მივმართეთ პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, რომლის პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობა ამ კუთხით პოლიტიკის შექმნა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება გახლავთ. ერთი წლის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ანუ, ფაქტობრივად, ჯანდაცვის კომიტეტმა ტექნიკურად გაწელა დრო და ამ კანონპროექტის ინიცირება არ მოახდინა. ალტერნატივას ვეძებდით. ადრე ქალბატონი გუგული მაღრაძე იყო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ინიცირებას ვახდენდით, ის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახლდათ. ამ ქალბატონის მეშვეობით, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა მოსახლეობის ასეთი მდგომარეობა, წინა პარლამენტში ინიცირება მოვახდინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით პარლამენტის წინასწარი განწყობა (განსაკუთრებით, ეკონომიკური გუნდისა), ჩვენ კიდევ გვქონდა რაღაც გარკვეული იმედი, რომ იმ სიგნალების გამო, რომელიც 2013 წელს გაიცა, ამ ინიცირებას დაუჭერდნენ მხარს, თუმცა შევცდით. როგორც გითხარით, ამ ბიზნესინტერესის გავლენა საკმაოდ მაღალი იყო. მე-8 მოწვევის პარლამენტში, ამ განხილვების დროს, მთელი ინდუსტრია მაქსიმალურად წარმოდგენილი იყო პირველი მოსმენის დროს. თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთ წარმომადგენელს წამოსცდა, რომ მთავრობა ამ კანონპროექტს მხარს არ უჭერდა. ჩნდება კითხვა, _ საიდან იცოდა მან ეს? იქიდან იცოდა, რომ ყოველდღიური ურთიერთობა და კომუნიკაცია ჰქონდა მათთან.
_ თამბაქოს ინდუსტრია რა სახის კანონდარღვევებს ახორციელებს?
_ 2009 წლიდან თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან სპონსორობა აკრძალულია, მაგრამ 2013 წლიდან, ინტენსიურად, თამბაქოს ინდუსტრია, განსაკუთრებით საერთაშორისო კომპანიებს ვგულისხმობ, ასპონსორებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, კერძო უნივერსიტეტებს, თეატრებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებს _ მოკლედ, სია უზარმაზარია. მილიონობით ლარს ხარჯავდნენ უკანონო სპონსორობაში. ამით, ერთი მხრივ, ყიდულობდნენ ახლანდელი მთავრობის ლოიალობას და ასევე მომავალი მთავრობისას. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საკმაოდ წარმატებულები და წარჩინებულები იყვნენ, აფინანსებდნენ და სასწავლებლად უშვებდნენ. ეს არის კორუფციის სახე, რომელსაც ისინი ჩვეულებრივ მიმართავდნენ და ამ პროცესებში მთავრობის პირებს იყენებდნენ _ მინისტრებს. ამავე პროცესში იყო ჩართული ფინანსთა ყოფილი მინისტრი ხადური; ასევე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და ა. შ. სხვათა შორის, ვეჭვობთ, რომ განათლების მინისტრის თანაშემწე ძალიან კარგად იყო ჩართული თამბაქოს ბიზნესში და, ალბათ, შესაბამისი ფინანსური ინტერესიც ჰქონდა. ფაქტობრივად, ეს ინდუსტრია ყველა მთავრობაში ნახულობდა საკუთარ დასაყრდენს სხვადასხვა საშუალებით. ფაქტია, რომ, ზუსტად ამ პროცესების გამო, 2014 წელს, ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო მიზნებთან დაკავშირებული პროცესები გაჩერდა. შემდეგში, რადგან მივხვდით, რომ ჯანდაცვის კომიტეტი ამის ინიციატორი არ იყო, ქალბატონმა გუგულიმ ინიცირება დაიწყო და პარლამენტში უკვე გაიშიფრა სიტუაცია _ ვინ იყო საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესების მხარეს და ვინ იყო კონკრეტული ბიზნესის ინტერესების მხარეს. ეს ყველაფერი გამოჩნდა, განსაკუთრებით: ერთადერთი კომიტეტი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელმაც საკითხი ჩააგდო. მისი ხელმძღვანელი გახლდათ რესპუბლიკელი კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.
ეკონომიკური რეფორმების კომიტეტს რაც შეეხება, მთელი არსენალი ინდუსტრიისა მის ფარგლებში იყო წარმოდგენილი. დარწმუნებული იყვნენ, რომ მთავრობა ამ ინიცირებას მხარს არ დაუჭერდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს საკითხი უყურადღებოდ არ დავტოვეთ და პირდაპირ ეთერში, ცხადია, დავადანაშაულეთ თამბაქოს ინდუსტრია და ვამხილეთ ის პიროვნებები, რომლებიც უშუალო კავშირში იყვნენ ამ ინდუსტრიასთან. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ეკონომიკურ საბჭოსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს. ისინი, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ლობირებდნენ თამბაქოს ბიზნესს. მაშინ ისე მოხდა, რომ წინა მოწვევის პარლამენტი ასრულებდა მუშაობას და პროცესი, რა თქმა უნდა, გაჩერდა. მერე უკვე, ახალი არჩევნების შემდგომ, ახალმა პარლამენტმა აიღო ვალდებულება, რომ ამ კანონპროექტზე გაეგრძელებინა მუშაობა. სხვათა შორის, რამდენიმე კანონპროექტი იყო, რომელზედაც ამ მოწვევის პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ გაეგრძელებინა მუშაობა და ერთ-ერთი იყო თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი. ახალმა ძალებმა და ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობამ ვალდებულება აიღო და გამოაცხადა კიდეც, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა, რომ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათ დაიცვეს და ბოლომდე გაიტანეს ის პროცესი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი იყო წნეხი და ზეწოლა სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან. გასულ წლის 17 მაისს პარლამენტმა, ფაქტობრივად, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ამ კანონს (არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციური პარტიის წევრებმაც კი). პირველ მოსმენაზე ბევრი დაეთანხმა ამ კანონის საჭიროებას, მაგრამ მესამე მოსმენის დროსაც კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი მას. ეს კანონი მიიღეს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: ყველა შენობა-ნაგებობის განთავისუფლებას თამბაქოს კვამლისგან; სასჯელაღსრულების სამინისტრო თვითონ საზღვრავს, სად დაუშვას მოწევა და სად აკრძალოს ის; გამონაკლისები ეხება ჯანდაცვის ობიექტების ორ მიმართულებას: ფსიქიატრიულ და პალიატიურ მზრუნველობის დაწესებულებებს, სადაც ცალკე შენობა-ნაგებობაში შესაძლებელია, განთავსდეს მწეველებისთვის სივრცე, მაგრამ ასევე შესაძლებელია პალატაც, რომელიც იზოლირებული უნდა იყოს შენობისგან, რომ სხვა პალატაში კვამლი არ ხვდებოდეს. კიდევ არის გარდამავალი ეტაპის გამონაკლისი, რომელიც სამორინეებს ეხება. საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 12 სამორინეა. პარლამენტმა, ამ ეტაპზე, გამონაკლისი დაუშვა, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ხვრელი ამ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისთვის. ასეც გააკეთეს: დაახლოებით ორი თვის წინ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების ინიცირება მოახდინეს, რომ კაზინოებში რადგან დაშვებულია მოწევა, ჩვენ არაკონკურენტუნარიან გარემოში გვამყოფებსო, ამიტომ მოწევის დაშვებას ითხოვენ როგორც სლოტკლუბებში, ისე _ ტოტალიზატორებში. ეს საფრთხეს უქმნის ამ კანონის ამოქმედებას. ეს არის კრიმინალური ბიზნესი, რომელიც ისედაც ღარიბ მოსახლეობას უფრო მეტად აღატაკებს. ასევე პირველი მაისიდან აკრძალულია რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა და გაწერილია შესაბამისი საჯარიმო სანქციები, გამარტივდა დაჯარიმება: 2000 ლარამდე ჯარიმა უკვე აღარ არის სასამართლოს ქვემდებარე. მთავარი აღმასრულებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო.
_ ევროპის მასშტაბით, მწეველთა რაოდენობის მხრივ, საქართველო რომელ ადგილზეა?
_ ევროპის მასშტაბით, ალბანეთის შემდეგ, მეორე ადგილზე ვართ, მსოფლიოში კი _ მეექვსე ადგილზე. მამაკაცებში არის, დაახლოებით, 60%-მდე; ქალბატონებში ოცდახუთი წლის წინ იყო 4% მოხმარება, დღეს კი არის 16%. ანუ მაჩვენებელი გაოთხმაგდა. ამ თვალსაზრისით ქალბატონებში კატასტროფული მდგომარეობაა. თამბაქოს ინდუსტრიის აგრესიულმა მარკეტინგმა გამოწივია ის, რომ ქართული ტელესივრცის ფარგლებში აქტიურად ხდებოდა თამბაქოს მოწევის დემონსტრირება. მიზანი იყო, ახალგაზრდა გოგონებსა და ქალბატონებში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილიყო.
_ ალიანსი რა სახის შეხვედრებს უწევს ორგანიზებას?
_ ამ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამას ვახორციელებთ, ვატრენინგებთ აღმასრულებელ სტრუქტურებს _ ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, ჯანდაცვა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და ა. შ. ჩვენი მეორე მიმართულება არის კანონის შესრულების მონიტორინგი. საქართველოს მასშტაბით 100-მდე მონიტორი გვყავს. ისინი, პერიოდულად, შედიან სხვადასხვა დაწესებულებაში და სამართალდარღვევებს მობილური აპლიკაციის საშუალებით აფიქსირებენ. ინფორმაცია საერთო ბაზაში ხვდება. ამ კანონის აღსრულება, მეტწილად, დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის აქტიურობაზე. თუ მოქალაქე დარღვევას შეამჩნევს, სასურველია ჯერ მიმართოს დაწესებულების ხელმძღვანელობას და მათგან რეაგირება თუ არ მოხდება, აუცილებლად შეატყობინონ პატრულს 112-ის საშუალებით, მათ შეუძლიათ მოითხოვონ საკუთარი პიროვნების კონფიდენციალობის დაცვა.

მარიამ ტიელიძე