მთავარი საზოგადოება 1918 წლის აპრილი

1918 წლის აპრილი

112
0
გაზიარება


გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-21.

1918 წლის აპრილში გაზეთ „საქართველოს სულ ათიოდე ნომერი გამოვიდა. ეს ფაქტი არც საბეჭდი ქაღალდის ნაკლებობით იყო გამოწვეული და არც ცენზურის შედეგი გახლდათ. უბრალოდ აპრილის შუა რიცხვებში ქვეყანაში დრომ ერთბაშად ორი კვირით გადაიწია და ახალი სტილით მაისი დადგა, ამიტომ აპრილის თარიღით გაზეთიც შეზღუდული რაოდენობით დაიბეჭდა. ამის თაობაზე გაზეთი 17 აპრილის ნომერში იუწყება და მკითხველს დროის ცვლილების დეტალებს ამცნობს: „ახალი სტილის შემოღება. სეიმის დადგენილებით, აპრილის 18 ჩაითვლება მაისის 1. რა უნდა უყოთ კალენდარს? ფურცლების ახევა პირველ მაისამდე შეცდომაში შეგვიყვანს, რადგან 18 აპრილს ოთხშაბათია და პირველი მაისი კი სამშაბათი. ამიტომ კალენდრის ფურცლები არ უნდა აიხიოს. უნდა წაიშალოს მსხვილად დაბეჭდილი ციფრები და დარჩეს ქვეშ მოწერილი, წვრილად დაწერილი, რომელსაც აწერია „ახალი სტილი“.
ძველი სტილით 1-17 აპრილში (ახალი სტილით 14-30 აპრილი) გამოცემულ ნომრებში სულ ორი ძირითადი თემაა: ოსმალთა მიერ ბათუმის ოკუპაცია და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამ ორი თემიდან უმნიშვნელოვანესი საქართველოს მიერ ბათუმის დაკარგვა იყო და სწორედ ამ მოვლენას ეთმობოდა აპრილის უკლებლივ ყველა ნომერი. ბათუმის ოკუპაციამ მთლიანად აავსო გაზეთის ფურცლები და თუ უცხოეთიდან მიღებულ მიმდინარე ინფორმაციას არ ჩავთვლით, სხვა ამბებისთვის, უბრალოდ, ადგილი აღარ დარჩა. ეკონომიკა, კრიმინალი, კულტურის ქრონიკა, განთლების საკითხები, ქალაქის ცხოვრება, რეგიონების ყოფა – გაზეთიდან საერთოდ გაქრა ან მხოლოდ ფრაგმენტულად იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, გაზეთ „საქართველოს“ 1918 წლის აპრილის მიმოხილვაც მხოლოდ ამ ორ თემას ეხება. სანამ უშუალოდ მიმოხილვაზე გადავალთ, მოკლედ ავხსნათ, თუ რა ვითარება შეიქმნა ამიერკავკასიაში 1918 წლის აპრილისთვის.
1918 წლის 21 მარტს ტრაპიზონში ოსმალეთსა და ამიერკავკასიას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ოსმალთა დელეგაციის ხელმძღვანელმა რაუფ ბეიმ ამიერკავკასიის დელეგაციას ულტიმატუმი წაუყენა, სადაც ბრესტ-ლიტოვსკის პირობების მიღებას მოითხოვდა. 3 მარტს რუსეთის ბოლშევიკურ მთავრობასა და ოთხთა კავშირს შორის ბრესტ-ლიტოვსკში გაფორმებული საზავო შეთანხმების მიხედვით, ოსმალეთს გადაეცა: არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები.
ამ ულტიმატუმის გამო სამშვიდობო კონფერენცია დროებით შეწყდა, რადგან ამიერკავკასიის დელეგაციას თურქთა ულტიმატუმი სეიმისთვის უნდა გაეცნო. 22 მარტს ტფილისში თურქთა ულტიმატუმის განხილვა დაიწყო. მსჯელობა, ძირითადად, ორი საკითხის შესახებ მიმდინარეობდა: დამოუკიდებლობის გამოცხადება და ოსმალეთის ტერიტორიული პრეტენზია. პირველ საკითხზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ დამოუკიდებლობა არ გამოცხადებულიყო. შემდეგ მსჯელობა გაიმართა თურქეთისთვის ტერიტორიული დათმობის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხში საერთო პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა. გადაწყდა, რომ ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენციაზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ აკაკი ჩხენკელს ფართო უფლებამოსილება მინიჭებოდა, რომელიც დამოუკიდებლად და ვითარების შესაბამისად გადაწყვეტდა ტერიტორიის დათმობის საკითხებს. მასვე მიეცა თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება.
30 მარტს ტრაპიზონში სამშვიდობო კონფერენცია განახლდა. რაუფ ბეიმ ამიერკავკასიის დელეგაციას კვლავ ულტიმატუმი წაუყენა და გადაჭრით განაცხადა, რომ თუ 3 აპრილამდე ოსმალეთი მისთვის სასურველ პასუხს არ მიიღებდა, თურქული არმია შეტევას დაიწყებდა. ჩხენკელმა ოსმალეთს გარკვეული ტერიტორიული დათმობა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც თურქეთს გადაეცემოდა: ოლთისის ოლქი მთლიანად, არდაგანის ოლქის სამხრეთი, ბათუმის ოლქის ნაწილი, ყარსის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და აგრეთვე ყაღიზმანის ოკრუგის დასავლეთი. თუმცა თურქეთმა ეს პირობა არ მიიღო. 6 აპრილს ოსმალეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით განსაზღვრული ტერიტორიების დაკავების ბრძანება მიიღეს.
1918 წლის 8 აპრილს თურქები ამიერკავკასიის საზღვრებში შეიჭრნენ და 13 აპრილს უკვე ბათუმი დაიკავეს. იმავე დღეს ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის ფრაქციათა გაერთიანებულმა კრებამ ერთხმად მიიღო ირაკლი წერეთლის რეზოლუცია ტრაპიზონიდან ამიერკავკასიის დელეგაციის გამოწვევის შესახებ. სამშვიდობო კონფერენცია ისე ჩაიშალა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.
სამშვიდობო პროცესის შეწყვეტისა და ოსმალეთთან ბრძოლის დაწყებასთან დაკავშირებით, ამიერკავკასიის სეიმმა მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც ამიერკავკასიის ერებს ოსმალებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებდა.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 5 აპრილი: „ამიერკავკასიის ერებო! დაჰკრა საათმა, როდესაც სწყდება ჩვენი საერთო სამშობლოს ბედი. თქვენ უკვე იცით თუ რაგვარი მოთხოვნები წამოგვიყენა ჩვენ ოსმალეთის მთავრობამ. ჩვენგან მოითხოვდნენ გვეცნო ბრესტ-ლიტოვსკში დადებული ხელშეკრულება, რომელიც ამიერკავკასიის ერების დაუკითხავად იქმნა შეკრული. ეს ის ხელშეკრულებაა, რომელსაც რუსეთში ამ ჟამად არავინ სცნობს, ვისთვისაც კი ძვირფასია თავისუფლება და სამშობლოს პატივისცემა. ჩვენგან მოითხოვენ ჩვენს საუკეთესო ციხე-სიმაგრეს ყარსს და ჩვენს საუკეთესო ნავ-საყუდელს ბათუმს. ჩვენგან მოითხოვდნენ სამი ოლქის _ ყარისის, არდაგანის და ბათუმის დაცლა-განთავისუფლებას. ჩვენ ყოველივე ვიღონეთ, რომ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებით მოგვეგვარებია საქმე. მივისწრაფოდით რა ზავისკენ, ჩვენ დავსთანხმდით უდიდეს მსხვერპლზე და დათმობაზე. ჩვენ განვუცხადეთ ოსმალეთს, რომ მზადა ვართ დავსთმოთ ყველაფერი – არდგანი და ყარსიც კი, მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო უარი გვეთქვა ბათუმზე, რომელიც ზღვით ერთადერთი გზა მიდის ჩვენი მხრიდან ევროპაში და გვაერთიანებს ევროპის კულტურასთან. და მთელი ჩვენი ძალ-ღონე, რომ დავა მშვიდობიანი გზით გაგვეთავებინა, დაამსხვრია ოსმალეთის ჯიუტობამ.
ახლა ჩვენ ამოსარჩევი გვაქვს _ სამარცხვინო ზავი და მონობა, თუ ომი? სამშობლოსა და მომავალ თაობათა წინაშე ჩვენი დიადი პასუხისმგებლობის შეგნებით ჩვენ შეურყევლად ვარჩევთ: სამარცხვინო ზავს ჩვენ ხელი არ მოვაწეროთ. საზავო მოლაპარაკება ოსმალეთთან შეწყვეტილია. ამიერიდან ჩვენ შორის დავას გადასჭრის იარაღი ბრძოლის ველზე.
და ამ საათში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან თქვენზე, თქვენს მამაცობაზე, თქვენ მიერ გაჭირვების ატანაზე და მსხვერპლის გაღებაზეა დამოკიდებულილ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი.
მოქალაქენო! ნუ თუ მთელ რუსეთთან ერთად იმიტომ დავამსხვრიეთ მეფის უღელი, რომ ოსმალეთის დამონებულ პროვინციათ გავმხდარიყავით? გლეხებო! განა იმიტომ მოგცათ თქვენ მიწა რევოლიუციამ, რომ ჩვენმა დამპყრობელმა ოსმალეთმა ეს მიწები ახალ მემამულეებს მიასაკუთროს? მუშებო! განა იმისთვის ააფრიალეთ თქვენ რევოლიუციის დროშა, რომ ის ტალახში ამოსვაროს დამპყრობელის ფეხმა?
სახელის გატეხა და მონობა ან ომი – სხვა გამოსავალი გზა ჩვენს წინაშე არ არის. დეე იმ მრისხანე საშიშროების წინაშე, რომელიც თავს ადგია ჩვენი ქვეყნის ყველა ერებს, დავიწყებულ იქნას ყოველგვარი დავა, შური და უთანხმოება, რაიც ჩვენს რაზმებს დღემდე აგრე ანცალკევებდა. საუკუნო მონობის ყულფი აქვს გადაცმული კისრად ჩვენი ქვეყნის ყველა ერებს. დეე მტრის შემოტევა ჩვენმა მტკიცე გადაწყვეტილებამ დაამსხვრიოს, რომ ამოდენა შთამომავლობათა სისხლით მორწყულ ჩვენს მამულს ბოლომდე დავიცავთ.
ყველამ იარაღს მოკიდეთ ხელი! ყველა გაეშურეთ ფრონტისკენ! გამოდით ყველანი თავისუფლებისა და სამშობლოს დასაცავად!“
მაგრამ ასეთი მგზნებარე მანიფესტის მიუხედავად, ოსმალთა წინააღმდეგ ორგანიზებული ფრონტის შექმნა ვერ მოხერხდა. ამიერკავკასიის ფედერაციაში შემავალი ერები ერთმანეთში ვერ თანხმდებოდნენ და განსხვავებული საგარეო პრიორიტეტები ჰქონდათ. შედეგად, ოსმალეთმა თითქმის უბრძოლველად დაიკავა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მიხედვით მისთვის მიკუთვნებული ტერიტორიები.
4 აპრილს გაზეთი „საქართველო“ პირველ გვერდზე მეწინავე სტატიას ბეჭდავს, რომელსაც სათაურად მხოლოდ ერთი სიტყვა აქვს _ „ბათუმი“: „პირველი აპრილი (ახალი სტილით 14 აპრილი) საბედისწერო აღმოჩნდა ქართველი ერისთვის. ამ შავბნელ დღეს ქართული ლაშქარი იძულებული გახდა ბათუმი დაეტოვებინა და საქართველოს უშესანიშნავესი ქალაქი ოსმალეთის ჯარებმა დაიპყრეს. დიდია ეს უბედურება ქართველი ერისთვის. ბათუმის დაკარგვას ვერ შეურიგდება ქართველი ერი ვერასოდეს, თუ მას ეროვნული არსებობა კიდევ უწერია, თუ მას ჰსურს ეროვნული სიცოცხლე და განვითარება. დღეს მიდუნებული და სუსტი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული მაჯისცემა. მან ვერ გამოიჩინა სათანადო მხნეობა და თავგანწირულობა, როდესაც ბათუმს მტერი დაემუქრა. ჩვენ არ ვიცით, როდის დავიბრუნებთ ბათუმს, მაგრამ ვიცით, რომ მას ქართველი ერი უთუოდ დაიბრუნებს. ქართველ ერს სამუდამოდ არ შეუძლიან ამ ქალაქის და მის მიდამოების მოცილების შერიგება და ქართველ ერს დღეიდან თვალი მუდამ ბათუმისკენ უნდა ეჭიროს.
საქართველოს არც ერთს ქალაქს არ აქვს ისეთი ფასი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, როგორც ბათუმს. ეს ერთად-ერთი ბუნებრივი ნავთსადგურია საქართველოს ზღვის სანაპიროზე. ის ამასთანავე საუცხოვო, ერთი საუკეთესო ნავ-საყუდელთაგანია მთელს შავს ზღვაზე. ბათუმი უკავშირებს საქართველოს ევროპის და სხვა გარეშე ქვეყნებს. ეს საიმედო გზაა ევროპისკენ მიმავალი. ამ გზით უნდა ამოძრავებულიყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრება, განვითარებულიყო აღებ-მიცემობა, მრეწველობა, მეურნეობა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ბათუმს ომის დასრულების შემდგომ, როდესაც შუა ევროპის ზღვა _ არხების გზები გაიხსნებოდა და ევროპის ეკონომიური ტალღები აღმოსავლეთს მოაშურებდა. ეს ტალღები ბათუმში უნდა შემოჭრილიყო და ჩვენს ქვეყანაზე უნდა გაევლო. ეს იქნებოდა თავმდები ეკონომიურად დასუსტებული საქართველოს ქონებრივად მოღონიერებისა და ფეხზე წამოდგომის თავმდები. დღეს ეს საიმედო კარი დაგვეხშო და შეფერხებული, შებორკილი იქნება ჩვენი ეროვნული განვითარება, სანამ მას ხელ-ახლა არ გააღებს ჩვენი ეროვნული აღდგენა და აღორძინება“.
მეორე დღეს 5 აპრილის გამოცემაში გაზეთი „საქართველო“ დაუდასტურებელ ინფორმაციას ბეჭდავს, რომლის მიხედვითაც, ქართულმა არმიამ მტრის შემოტევა მოიგერია და ბათუმის დაბრუნება შეძლო. თუმცა ეს ინფორმაცია სასურველის რეალობად წარმოჩენა უფრო იყო და იგი მხოლოდ ჭორებსა და ოცნებას ეყრდნობოდა. შესაძლოა, გაზეთი მიზანმიმართულადაც ავრცელებდა მცდარ ცნობებს მოსახლეობაში პანიკის აღსაკვეთად და საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად.
ამ ინფორმაციას გაზეთი ბრძოლაში მონაწილე ერთ-ერთი ქართველი ოფიცრის მონაყოლზე დაყრდნობით აწვდიდა მკითხველს. ამ ცნობაში ნათქვამია, რომ ოსმალებმა ბათუმი პირველ აპრილს (14 აპრილი ახ. სტ.), საღამოს, დაახლოებით, 6 საათზე აიღეს. თვითმხილველის გადმოცემით, ქალაქში შემოსულ მოწინააღმდეგეს ქართულმა ჯარმა მძლავრად შეუტია, მაგრამ მძიმე ნისლისა და წვიმის გამო ქართველებმა იერიში ვეღარ გააგრძელეს.
შემდეგ ქალაქის ერთ-ერთი მეჩეთის თავზე თეთრი დროშა გამოჩნდა და ბათუმში ოსმალთა ჯარი შეიჭრა. ქართველი ჯარისკაცები იძულებული იყვნენ, ქალაქი დაეტოვებინათ, უკან დაეხიათ და პოზიციები ჩაქვის მიმართულებით გადაეტანათ. ოფიცრის თქმით, ბათუმი პროვოკაციის მიზეზით დაიკარგა. აქამდე უცნობი ქართველი სამხედრო მეტ-ნაკლებად სიმართლეს გვიამბობს, მაგრამ შემდეგ მისი მონათხრობი რეალობას აშკარად აღარ შეესაბამება და იგი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება: „აპრილის 2 შუაღამისას სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ცენტრისაგან ესკადრა მოვიდა. გაჩაღდა ღამის ბრძოლა. მოსულმა ჯავშნოსნებმა წვიმასავით დააყარეს ფორტებს ყუმბარები. ოსმალები ზედიზედ განდევნეს ყველა ფორტიდან. ამავე დროს ჩვენმა ქვეითმა ჯარმა მედგრად შეუტია მტერს და როგორც ბათუმი, ისე მისი ყველა ფორტები საბოლოოდ გაანთავისუფლა მტრისგან. აპრილის 2 დილის 6 საათზე აფიცრის სიტყვით ყველა ეროვნული სამხედრო ნაწილები ამ ჟამად ერთმანეთშია არეული. ჯარში ამ ჟამად რკინის დისციპლინაა. ოდნავ უკან დახევისთვის სიკვდილით სჯიან ყველას. ბათუმის დამცველთა სულიერი განწყობილება საუკეთესოა“.
სინამდვილეში, ბათუმში არსებული ვითარება კარდინალურად საპირისპირო გახლდათ. ოსმალთა შემოტევამდე ქალაქში კავკასიური ფრონტის რუსული არმიის შემადგენლობაში მყოფი ქართული ნაწილები იდგნენ, რომელთა დისციპლინა მთლიანად მოშლილი იყო. ომისგან დაღლილი და ბოლშევიკური აგიტაციით გაბრუებული ჯარისკაცები ქალაქის თავდაცვაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ და სახლში დაბრუნებას ცდილობდნენ. ოსმალთა შემოსვლამდე ბათუმი რამდენიმე სამხედრო ეშელონმა დატოვა, რომელიც სავსე იყო ჯარისკაცებით. რაც შეეხება სევასტოპოლიდან გამოსულ საზღვაო ჯავშნოსნებს, ეს, უბრალოდ, ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ.
11 აპრილის ნომერში გაზეთი „საქართველო“ უკვე რეალურ ინფორმაციას გადმოგვცემს ჯარისკაცებსა და მოსახლეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. დაბეჭდილია ვრცელი წერილი, რომლის ქვეშ მითითებულია მისი ავტორის ანონიმური ფსევდონიმი _ „მგზავრი“. როგორც ირკვევა, ავტორი ბათუმის ფრონტზე შვილის მოსაძებნად წასულა, რომელიც ერთ-ერთ საარტილერიო ნაწილში მსახურობდა. ამ მოგზაურობიდან მიღებულ შთაბეჭდილებას იგი შემდეგ უკვე მკითხველს უზიარებს.
გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 11 აპრილი: „ნატანების ვაგზალზე შევხვდით ორ კაცს, გურულებს, რომლებიც ის იყო ბათომიდან გამოპარულიყვნენ. მათ გვაცნობეს, რომ ბათომი მტრის ხელში იყო. ყველა სძრახავდა ბათომის დამცველ ჯარს, რომელიც თავზარდაცემული პოზიციებს მოშორებოდა და ცხრა გამზადებული მატარებლით მოეკურცხლათ შინისკენ. ზოგს ოჯახები დაერბიათ. ერთს ჯარისკაცს დიდი სარკეც კი მოეტაცნა და წამოეღო. ბათომის დათმობას ღალატით ხსნიდნენ: ზოგიერთები ვითომ გახურებულ თოფისა და ზარბაზნის სროლის დროს (და არა ბრძოლის _ რადგან არავინ მოკლულა და დაჭრილა), ერთ ვიღაცას თეთრი ბაირაღი აეფრიალებინა, სხვას დაეყვირა: „ამხანაგებო, ბათომი გაყიდესო, ჩვენც გაგვყიდესო“. და ამ ხმაზე ყველანი თავზარდაცემულნი დაშვებულან ჩაქვში და 9 დატვირთული მატარებლით გამოქცეულან. ასე დარჩენილა ბათომი უმცველოდ, რის შემდეგ უკვე ოფიციალური დეპეშით ვიცით. მე ჩემი შვილი ვეღარ ვნახე. მოკითხვა და გამხნევება შეუთვალე“.
ამის შემდეგ ავტორი უკვე იმ ქაოსს აღწერს, რომელიც ბათუმის დაკარგვამ გამოიწვია. გზები სავსეა ქალაქიდან გახიზნული ხალხით, უკან დახეული ჯარისკაცებით. ირგვლივ არეულობა და განუკითხაობა სუფევდა. სახელდახელოდ იკრიბება ქართული ჯარის ნაწილები სამტრედიაში: „მგზავრი აუარებელი იყო. ბათომის აღებას ვერ ურიგდებოდნენ. ჩვენთან იყვნენ ბათომის წისქვილის მუშები, ჩინელები, ქართველები, რუსები და სხვები. მარტის 31-ს გამოქცეულებს არ სჯეროდათ ბათომის აღება. იყვნენ გამოქცეული ჯარისკაცები, რომლებიც პროვოკაციას ეწეოდნენ: ბათომი გაყიდესო. ამაზე მთელ მგზავრების შეგნებული ნაწილი აუმხედრდნენ თავხედ გამოქცეულ ჯარისკაცებს. მთელი ღამე მოვდიოდით. სადგურებზე ხანგრძლივად ჩერდება მატარებელი. მოდიოდნენ მოსაშველებლად ჯარისკაცები. ყველანი თავს მოიყრიდნენ სამტრედიაში. იქ ირაზმებიან, პირობას ართმევენ, რომ დაემორჩილებიან დისციპლინას. ვინც არ აძლევს პირობას, მას არ ღებულობენ. აქვე დეეზერტირებს იარაღს ართმევენ და ისე ისტუმრებენ შერცხვენილებს.
დილის ექვს საათზე წიფაში ვიყავით. იქ მოვიდა საბარგო მატარებელი ჯარისკაცებით სავსე. ზურნა-დაფის დაკვრით სულ ქართველები იყვნენ გორის, ახალქალაქის მაზრისა, ყველანი მშვენიერი შესახედი ვაჟკაცები იყვნენ, გეგონებოდათ, მდევებს დასჭამდნენ, სულ გამოწყობილი სუფთად შენახულ ჯარისკაცის ტანსაცმელში და თოფ-იარაღ პატრანდაშებში, ჩექმებში. ძალიან კარგ შთაბეჭდილებას სტოვებდნენ, მიკვირდა მათი მოკაზმულობა. გეგონებოდა, ეს არის ეხლა გამოვიდნენ ყაზარმებიდან დარაზმულებიო. გამოვეთხოვეთ და დავულოცეთ გზა“.
აპრილის ამ მძიმე დღეებში გაზეთი ფრონტიდან მოსულ ამბებს ყოველდღე მოკლე ცნობების სახით აწვდის მკითხველს. ამ ცნობებიდან ჩანს, თუ როგორ იპყრობს ოსმალური ჯარი მთელ აჭარას და ნელ-ნელა გურიას უახლოვდება. გადმოცემულია ქართველი სამხედროების მიერ მიღწეული მცირე წარმატებებიც. მოთხრობილია გენერალ მაზნიაშვილის მიერ ქართული არმიის მობილიზაციისა და ჯავშნოსანი მატარებლის ბრძოლის ამბებიც, რომელსაც ვალიკო გოგუაძე ხელმძღვანელობდა:
„4 აპრილი. ნაშუადღევის 3 საათი. ზღვის პირის მიმართულება. ოსმალთა მოწინავე ნაწილებმა დაიჭირეს ქობულეთი. ჩვენები მდინარე ჭოლოკზე გადმოვიდნენ. ჭოლოკის ხიდი ჩვენს ხელშია.
4 აპრილი. მიღებული ცნობების თანახმად, ციხის კომენდანტი გენერალი გედევანიშვილი და პირველი ქართული დივიზიის გენერალი ართმელიძე თავთავიანთ შტაბით ოსმალებს ტყვედ წაუყვანიათ.
6 აპრილი. ბათომის ციხის კომენდანტად დაუნიშნიათ ოსმალთა 37-ე დივიზიის უფროსი ყაზიმ-ბეი, ხოლო მის თანაშემწედ ხიმშიაშვილის ერთი შვილთაგანი.
6 აპრილი. ქართული შტაბი სამტრედიიდან დეპეშით იტყობინება: ხალხი ოსმალების შემოტევამ ფეხზე დააყენა. ყველა საქართველოს დასაცავად ირაზმება. 2 ათას ჯარისკაცამდე მოიყარა ჩემს გარშემო თავი. გთხოვთ დამეხმაროთ ტანისამოსით და სურსათით. თქვენი სასწრაფო დახმარება შემაძლებინებს ერთ დივიზიის შედგენას. პირველ დივიზიის უფროსი მაზნიაშვილი.
7 აპრილი. ზღვის მიმართულებით ცვლილება არ მომხდარა. ჩვენი ჯავშნიანი მატარებელი ამ ორი დღის წინ ჭოლოკის ხიდის სამხრეთით ლიანდაგიდან გადავარდა. გზა ადგილობრივ მცხოვრებლებს გაუფუჭებიათ. გუშინ მატარებელი ლიანდაგზე შეაყენეს და ნატანებამდის ამოიყვანეს.
მატარებლის ლიანდაგზე შეყენების დროს ჩვენ მუშებს სროლა აუტეხეს. ჩვენმა მზვერავთა მოწინავე რაზმმა ამათ სროლით უპასუხა. მტერს 2 კაცი მოუკლიათ. მზვერავებმა ხელთ იგდეს რამდენიმე თოფი.
10 აპრილი. მტერმა აპრილის 6-ს დილის 10 საათზე ჩვენი პოზიციები (ჭოლოხის ხიდთან) საარტილერიო ცეცხლში გაახვია, შემდეგ იერიში მოიტანა, მაგრამ მოვიგერიეთ და შემდეგ იერიში აღარ განუახლებია.
10 აპრილი. ჯავშნიან მატარებლის უფროსი ვლ. გოგუაძე სამხედრო მინისტრს ატყობინებს, რომ აპრილის 8 გათენებისას, ჩოლოყის ხიდის იქით ჯავშნიან მატარებელს ბრძოლა მოუხდა ოსმალთა რეგულიარულ ჯართან, რომელიც ხიდზე გადმოსვლას სცდილობდა. 4 საათის ბრძოლის შემდეგ ჯავშნიანმა მატარებელმა მტერი დაამარცხა, უკან დაახევინა და დიდათ დააზარალა. ამ დროს მოუსწრო ჩვენმა ჯარმა, რომელმაც მოწინააღმდეგეს დევნა დაუწყო. მტერი თავზარდაცემული გარბოდა. ჯავშნიან მატარებელზე მოკლულია ბარნაბა გოგუაძე, ანდრო ცეცხლაძე და კირილე ბოლქვაძე, დაჭრილია 12, მსუბუქად 13.
11 აპრილი. გუშინ ნატანებიდან ჩამოვიდა ვალოდია გოგუაძე თავის ჯავშნიანი მატარებლით. აუარებელ ტყვიით საცერივით არის დაცხრილული. თითონ დაჭრილია ექვს ალაგას.
12 აპრილი. ნატანების სამხრეთით პოზიციებზე კანტიკუნტი სროლაა. 8 აპრილს მდ. ჩოლოყსა და ოჩხამურს შუა ოსმალთ 4 ვერსით დავახევინეთ, სხვათა შორის დავატყვევეთ ორი ასკერი და 20 ვინტოვკა წამოვიღეთ. დათვლილია 80 ოსმალოს გვამი. ჩვენმა ნაწილებმა უკან დაიბრუნეს ჩოლოყი. ზეკარის და არტაანის რაზმებში ცვლილება არ მომხდარა“.
ბათუმის ოკუპაციასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გამართა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარემ და სამხედრო მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა. გეგეჭკორის მოხსენება საკმაოდ ვრცელია და იგი ბათუმის დატოვების მიზეზებზე საუბრობს. სწორედ მის გამოსვლაში ჩანს ის რეალური ვითარება, რომელიც იყო შექმნილი დაქსაქსულ და ანარქიით მოცულ ჯარში. როგორც გეგეჭკორის სიტყვიდან ირკვევა ქართულ ნაწილებს იარაღიც ჰქონდათ და საკმაო ცოცხალი ძალაც, მაგრამ ჯარისკაცებმა უბრალოდ ბრძოლა არ ისურვეს და ბათუმი დატოვეს. გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 4 აპრილი (ახ სტ. 18 აპრილი): „დღეს უკანასკნელი სამწუხარო ცნობა მივიღეთ: ბათუმი უკვე მტრის ხელში გადავიდა. ანარია, რომელიც მიუვალ სიმაგრეს წარმოადგენდა, – დატოვებულ იქმნა ჩვენი ჯარების მიერ. რამდენიმე საათით წინ შეგვეკითხნენ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ. მივეცით ბრძანება მეციხოვნენი გაეყვანათ და რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა ზარბაზნები მოეშალნათ. არ ვიცი რამდენად შეასრულეს ეს უკანასკნელი ბრძანება.
გუშინ წინ მე დავათვალიერე ყველა სიმაგრეები. დავათვალიერე ანარიაც და ღრმად დავრწმუნდი, რომ თუ კი იქ მდგომი ჯარი ცოტაოდენ წინააღმდეგობას გაუწევდა მტრის ჯარს, ამ სიმაღლის დაცემა ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა. ყველაფერი მრავალია. თვით ჯარზე ლაპარაკი, მგონი, მეტია. ჯარში ისეთი სულიერი განწყობილება იყო, რომ მათ არავითარი სურვილი არ ჰქონდათ წინააღმდეგობა გაეწივნათ. მე შემთხვევა მქონდა, მე-4 პოლკის წარმომადგენელთან მელაპარაკა. იგი მიცხადებდა: ჩვენ მარტის 18-ს წინააღმდეგობას ვუწევდით მტერს. რეზერვი არ მოგვივიდა და ჩვენც იძულებულნი ვიყავით ადგილები დაგვეტოვებინა და უკან წამოვსულიყავით. ჩვენდა საუბედუროთ, როგორც სახლში, ისე ჯარში რაღაც პატოლოგიურ მოვლენას ვამჩნევთ. ჩვენ გვყავდა ბათუმში 10 ათასამდე ჯარისკაცი. მოქმედი არტილერია შესდგებოდა 72 ზარბაზნით. როგორც ავტორიტეტები მოწმობენ: ზარბაზნები – უკანასკნელი სისტემის. მოწინააღმდეგეს ჰყავდა 4 ათასი რეგულიარული ჯარი და 4 ათასიც აჭარელი. აი, ამ ძალებით აიღო მტერმა ბათომი.
მეორე სიმაგრეზე, რომელსაც კიბე ეწოდება, ჩვენ საკმაო ძალა გვყავდა. ღამე ეს ჯარი სტოვებს პოზიციას და უკან მოდის. რისთვის? ვიღაცას უთქვამს: ჩვენებმა მახლობელი პოზიციები დასტოვეს და მტერმა შემოგვიარაო. არის კიდევ ერთი გარემოება. თვით ჯარის ნაწილები ერთი-ერთმანეთს უნდობლად უყურებდნენ. ერთი-ერთმანეთს ემდურებოდნენ. ოფიცრები და ჯარისკაცები საყვედურით მიმართავდნენ. წითელგვარდიელები ფედერალისტების რაზმს ემდუროდნენ. ისინი გარბიან და ჩვენ მარტო გვტოვებენო. ასეთივე უნდობლობას იჩენენ ორგანიზაციებისას და ჯარების მეთაურების შესახებაც.
ასე, ჩვენ ჯარს აკლდა ერთსულოვნება, თორემ ტეხნიკის მხრივ ჩვენი ჯარი მტერთან შედარებით გაცილებით კარგ პირობებში იმყოფებოდა… აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ოფიცრობა, რომელიც პოზიციებზე სდგას, თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. ბათომში ჩემს იქ ყოფნის დროს მოკლული იყო 14, დაჭრილი 30.
აი, ასეთია ვითარება, მაგრამ არ დამდგარა ისეთი მომენტი, რომ იარაღი დავყაროთ. მტერი ბათომზე არ შეჩერდება, რადგანაც მას მომავალში რუსეთის გაძლიერებისა ეშინიან. მას ჰსურს რუსეთსა და თავის შორის კედელი კავკასიონის მთებთან აღმართოს“.
ამიერკავკასიასში ოსმალთა ინტერვენციამ დღის წესრიგში ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება დააყენა. მხოლოდ რეგიონის დამოუკიდებლობის შემთხვევაში თანხმდებოდა ოსმალეთი სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებას. ამიერკავკასიის სეიმზე ხანგრძლივი კამათის შემდეგ, დეპუტატებმა დამოუკიდებლობა მაინც მიიღეს. რეგიონი რუსეთს ოფიციალურად ჩამოშორდა.
გაზეთი „საქართველო“. 11 აპრილი: „9 აპრილს ამიერ-კავკასიის სეიმმა განიხილა საკითხი შესახებ ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. მომხსენებელმა ონიაშვილმა მენშევიკთა ფრაქციის სახელით წაიკითხა მოხსენება, რომელშიაც იცავდა ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადების საჭიროებას, ყველა ფრაქციის წარმომადგენები ერთსულოვნად მიემხრნენ ამ წინადადებას. წინააღმდეგობა გამოსთქვა მხოლოდ კადეტთა ფრაქციის სახელით სემიონოვმა და მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერების სახელით თუმანოვმა. სეიმმა დიდის უმრავლესობით ოთხი ხმის წინააღმდეგ დაადგინა ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ ფედერატიულ რესპუბლიკად გამოცხადება. მთავრობას დაევალა ამის შესახებ ევროპის სახელმწიფოების ცნობა“.

მიხეილ ბასილაძე

 

დატოვეთ კომენტარი