მერაბ კოსტავა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ #21

მართალია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერის, მერაბ კოსტავას დამოკიდებულება რუსეთისადმი და მისი შეხედულებები საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ საინტერესოა, რას მიიჩნევდა საქართველოს ეროვნული გმირი რუსეთთან ურთიერთობის ამოსავალ წერტილად და როგორ აფასებდა რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვან ურთიერთობებს?

„ქრონიკა+“ აქვეყნებს მერაბ კოსტავას ჩანაწერს, რომელიც დღესაც აქტუალურია.

რა მიზანი ამოძრავებდათ ბოლშევიკებს? რა იყო მოტივი მათი მოქმედებისა? რამ მოიყვანა ისინი საქართველოში? ბოლშევიკებს ნამდვილად არ მოეპოვებოდათ იურიდიული საფუძველი საქართველოს მთავრობის კანონგარეშე გამოცხადებისა, მით უმეტეს, რომ მათაც ცნეს მანამდე საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. იმ მთავრობას უკანონობა არ ჩაუდენია არც ხელისუფლების მოპოვებისას და არც შემდგომ, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში.
მას არც რომელიმე კანონიერი მთავრობა დაუმხია და არც ვისმესთვის გამოუცხადებია სამართლიანი თუ უსამართლო ომი, არც რაიმე მავნე ანტიჰუმანური პროპაგანდა გაუწევია და არც რეპრესიებით შეუწუხებია თავისი ხალხი. ეს იყო არც თუ ძლიერი, ჩვეულებრივი მთავრობა, რომლის მსგავსი შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს. მან რომ ქართველი ხალხი ფართე მასშტაბის მოქმედებაში ვერ მოიყვანა, ეს როდი ნიშნავს, რომ ხალხი ანტიპათიურად იყო მისადმი განწყობილი და სურვილი არ ჰქონდა, საკუთარი მთავრობა ჰყოლოდა. ხალხმა მას მხარი დაუჭირა, იბრძოლა კიდეც მედგრად და მოსულებს წინააღმდეგობა გაუწია იმდენად, რამდენადაც ამ მთავრობამ შეძლო მისი ძალების მობილიზება.
ზედმეტია მტკიცება იმისა, რომ ქართველ ხალხს ჩაგრულის პოზიცია ეკავა და განთავისუფლებას ესწრაფოდა; არც საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას ლამობდა იგი, რადგან არ არსებობს დედამიწის ზურგზე ერი, მსგავსი სურვილი რომ ამოძრავებდეს ან საიდან უნდა სცოდნოდა ქართველ ხალხს, თუ რას ჰპირდებოდნენ ახლად მოსულნი ძველის მაგიერ?
ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე იყო საკუთარი იდეოლოგიისა და სახელმწიფოებრივი წყობილების გავრცელება ყოფილი რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე, რუსული ენის გავრცელების არეში, ყველა იმ პუნქტში, სადაც კი როდესმე არალეგალური უჯრედი დაუარსებიათ იდეოლოგიური მუშაობისა და პოლიტიკური აქციების განსახორციელებლად. მათ რიგებში იყვნენ ყოფილი იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან მოსული პირები, რომელთა პრესტიჟისათვის, როგორც ჩანს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ იდეოლოგიისა და წყობილების გამარჯვებას მათი ყოფილი მოქმედების არეში.
ის, ვინც მიესწრაფის სოციალისტური წყობილების მთელ მსოფლიოში გავრცელებას, ცხადია, დაიწყებდა იქიდან, სადაც უფრო იოლად მიუწვდებოდა ხელი. ამგვარი მიზნების განხორციელებას რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ შემდეგი იურიდიული გამართლება მოუნახა: თუკი ნებისმიერ მიმდებარე ქვეყანაში მათი მომხრეებისგან შემდგარი თვით უმცირესი ჯგუფიც კი სთხოვდა მას შეიარაღებულ დახმარებას ადგილობრივი წყობილების დასამხობად, საკუთარი იდეოლოგიისა და წყობილების ერთადერთ მართებულ წყობილებად მიჩნევის საფუძველზე და პროლეტარიულ-ინტერნაციონალური სოლიდარობის საბაბით იგი ამგვარი ჩარევის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს, რაც ხსენებულ სახელმწიფოში შეიარაღებული ძალებით შეჭრას ნიშნავდა. იდეოლოგიურ ან რელიგიურ საფუძველზე სხვა ქვეყნის საქმეებში შეიარაღებული ჩარევის მსგავს პრეცედენტებს ადრეც ჰქონია ადგილი მსოფლიოს ისტორიაში და ეს ამბავი ბოლშევიკების გამონაგონი არ გახლავთ.
სწორედ ამგვარი იდეოლოგიური მოტივით და მოქმედების ექსპანსიური ფორმით შემოიჭრნენ და დამკვიდრდნენ ბოლშევიკები საქართველოში და იმის დასამტკიცებლად, რომ მათ მოქმედებას არაფერი აქვს საერთო ველიკორუსული დამპყრობლური პოლიტიკის გამოვლინებასთან, როგორსაც ადგილი ჰქონდა გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევისას, გაუქმებული ქართული სახელმწიფოს ნაცვლად მათ რაიმე ისეთი უნდა შემოეთავაზებინათ, რასაც, მათის აზრით, უნდა უვნებელეყო ამგვარი სახის მოსალოდენლი ბრალდება. რუსეთში შემავალ ოლქად საქართველოს გამოცხადების საკითხი არც კი წამოჭრილა, რადგან გაბათილების ნაცვლად იგი აშკარად ცხადყოფდა ამგვარი ბრალდების სისწორეს.
ხელაღებით იქნა უარყოფილი ქართველ ბოლშევიკთა ერთი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტი, რომელიც ახლად დამყარებული წყობილების შენარჩუნებით საქართველოს რუსეთისაგან სრულ გამოცალკევებას ითვალისწინებდა. და ვინაიდან „უკლონისტებად“ სახელდებული ეს დაჯგუფება პრინციპულად მოითხოვდა ამ პროექტის განხორციელებას, ეს შინაპარტიული კონფლიქტი ამ ჯგუფის ლიკვიდაციით დამთავრდა. როგორც ჩანს, ზემოხსენებული პროექტის უარმყოფლებს არ ჰქონდათ იმედი რუსეთის გარეშე საქართველოში ახლად დამყარებული წყობილების შენარჩუნებისა და ბოლოს, ბოლშევიკებმა ახალი ტიპის ექსპერიმენტული სახელმწიფო შესთავაზეს ხალხებს, რითაც პირველად გადადგეს პრაქტიკული ნაბიჯი დაახლოებით იმგვარი მრავალფეროვანი სახელმწიფოს შესაქმნელად, ასე საოცრად რომ ჩამოჰგავს გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ემანუელ კანტის მიერ აპრიორული მეთოდით მიკვლეული სახელმწიფოს პროექტს (მსგავსია მხოლოდ ეროვნული სტრუქტურის თვალსაზრისით, რადგან სოციალურ სტრუქტურასა და იდეოლოგიურ საფუძველს კანტი არ შეჰხებია). ეს იყო სხვადასხვა სახელმწიფოს გერთიანებით შექმნილი ერთიანი სახელმწიფო, რომელშიც თითოეული მათგანის სუვერენიტეტი არ უნდა ხელყოფილიყო. უწინ რუსეთის იმპერიად სახელდებული ქვეყანა ახლა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირად იწოდებოდა და ეროვნული სხვაობის მიხედვით განიყოფოდა რესპუბლიკებად, ავტონომიურ რესპუბლიკებად და ავტონომიურ ოლქებად.
თითოეულ ამ სახელმწიფო ერთეულს ჰყავდა თავისი მთავრობა, რომელიც ექვემდებარებოდა კავშირით შექმნილი ერთიანი სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამომხატველს. კანტის წარმოდგენით, სახელმწიფოები ნებაყოფლობით უნდა შეკრებილიყვნენ ერთი ძლიერი სახელმწიფოს გარშემო და ამგვარი კავშირი მათ შორის მუდმივი მშვიდობის გარანტიად უნდა ქცეულიყო. რესპუბლიკებად წოდებული სახელმწიფოები, მათ შორის, საქართველო, მართლაც, რსფსრ-ის გარშემო აღმოჩნდნენ შემოკრებილნი, თუმცა კანტის ფორმულა ნასესხებიც არ ყოფილა.
აქვე გარკვევით უნდა ითქვას, რომ ამ ხალხების ხელახალი შემოკრება რუსეთის გარშემო მოლაპარაკებებით არ მომხდარა და ამდენად არც ნებაყოფლობითი ყოფილა. როგორც საქართველოს მაგალითზე ჩანს, იგი საბჭოთა რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ჩარევით იქნა მიღწეული. მხოლოდ ამგვარი შეკრების შემდეგ იქნა შეთავაზებული ერთიანი სახელმწიფოს ზემოხსენებული პროექტი, სახელმწიფოსი, რომელშიც დაცული უნდა ყოფილიყო მასში შემავალი რესპუბლიკების სუვერენიტეტი, სსრკ-ის კონსტიტუციით გარანტირებული უნდა ყოფილიყო მათი კავშირში შესვლისა თუ კავშირიდან გასვლის თავისუფლება.
აგრეთვე თანასწორუფლებიანობა თითოეული ერისა, ნებისმიერ რესპუბლიკას უნდა ჰქონოდა სახელმწიფოებრიობის აღმნიშვნელი ყველა ატრიბუტი თუ საკუთარი სიმბოლო: კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, გერბი და ა. შ. ერთაშორის ურთიერთადმოკიდებულების თვალსაზრისით რაც დაიწერა, უმაღლესი სამართლიანობის თვალსაზრისით დაიწერა და ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ერთა შორის უძლიერესი როგორ გაატარებდა ცხოვრებაში ქაღალდზე აღნიშნულს. მასზე იყო დამოკიდებული ყველა ნებაყოფლობითობის ცხოვრებაში რეალიზება. რესპუბლიკათა თანმხლები სიტყვა მოკავშირე სავსებით ეხმიანებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის სულისკვეთებას, ხოლო სიტყვა ძმობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობდა. მაგრამ, მიუხედავად შემოთავაზებული პირობებისა, ქართველ ხალხს მაინც არ დაუკლია მცდელობა დამოუკიდებლობის დაბრუნებისა, რადგან ძალმომრეობა, მის კავშირში შეყვანის დროს რომ მოხდა, ნდობას უკარგავდა მას იმათ მიმართ, ვისზეც უშუალოდ იყო დამოკიდებული კონსტიტუციით გათვალისწინებული ნებაყოფლობითობის ცხოვრებაში რეალიზება; რადგან ისიც ცნობილია, რომ სიტყვა სახელმწიფო, როგორც იძულების საშუალება, უკვე გამორიცხავს ნებაყოფილებას.
ნებაყოფილება ადამიანის მხოლოდ ღვთისა და მოყვასისადმი მიმართებით შეიძლება გამოიხატოს. მოქალაქის სახელმწიფოსადმი მიმართება კი ძირითადად ვალდებულებითია. ამით განსხვავდება ღვთისა და კეისრისადმი მისაგებელი. მაგრამ ვალდებულებითი შეიძლება იყოს ისეთი რამ, რასაც ნებაყოფლობითაც გააკეთებდი და ისეთი რამაც, რასაც იძულებით აკეთებ. იდეალურია სახელმწიფო, რომელშიც ვალდებულებითობა რაც შეიძლება მეტად უახლოვდება ნებაყოფლობითობას. მაგრამ ამგვარი იდეალურობისადმი რწმენა ქართველებში შეარყია მათ მიმართ დასაწყისშივე ჩადენილმა ძალმომრეობამ, რასაც მოჰყვა 1924 წლის გამოსვლები, პატრიარქ ამბროსი ხელაიას მიერ გენუის ეროვნებათა კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმი, მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას ღია წერილი ლენინისადმი და ა. შ. ყოველივე ეს თვალნათლივ მეტყველებდა ქართველი ხალხის მცდელობაზე, დაებრუნებინა საქართველოსათვის იმგვარი დამოუკიდებლობა, თავად რომ მიაჩნდა იდეალად. გამოსვლებს მოყვა სისხლიანი რეპრესიები.
ამბროსი ხელაია თანამოსაყდრეებთან ერთად დააპატიმრეს და გააციმბირეს. პატიმრობაში აიყვანეს კონსტანტინე გამსახურდიაც და სამი წლით სოლოვკებში გადაასახლეს, ხოლო რესპუბლიკათა კავშირში შესვლისა თუ კავშირიდან გასვლის ნებაყოფლობითობა მიუწვდომელ ქიმერად რჩებოდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ერთხელაც კი არ მიუმართავთ ღია რეფერენდუმისთვის, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ზუსტად განსაზღვრა და დადგენა ხალხის სურვილისა.
მას მერე საკმაოდ ბევრმა წყალმა ჩაიარა. თაობას თაობა მოჰყვა და ურთიერთობებშიც ბევრი რამ გაირკვა. ქართველმა ხალხმა რომ ვერ დაიბრუნა 1921 წელს დაკარგული სახელმწიფო, ამიტომ ხელებს ვერ დაიკრეფდა კულტურულ, მეცნიერულ და მატერიალურ საქმეებს ღვთის ანაბრად ვერ დასტოვებდა. მას ახალ, შემოთავაზებულ პირობებში უნდა ეცადა შემოქმედებითი ძალები, შეემოწმებინა თავისი სამოკავშირეო უფლებების იურიდიული სიმკვიდრე და მთავარი მოკავშირის მიმართებანი მისადმი და კონსტიტუციური ვალდებულებებისადმი. მას მერე ბევრი ხოტბა და სადღეგრძელო აღვლენილა, მოთმინების თასმებიც გაწყვეტამდე დაჭიმულა და პრეტენზიებიც ცხადია, დაგროვდა. და ეს ბუნებრივიცაა, რადგან არათუ სახელმწიფოებს, ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ ორ ადამიანსაც კი უჩნდება ხშირად პრეტენზია ურთიერთის მიმართ.
ზოგიერთი ეროვნებით რუსი საბჭოთა მოქალაქე სიტყვა პრეტენზიის ხსენებაზე ნამდვილად ვერ მოითმენდა და ასე მომიგებდა: „თუ მართლაც სუბიექტურად არ უდგებით ჩვენი ერების ურთიერთობის საკითხს, რა პრეტენზია შეიძლება გქონდეთ ქართველებს რუსების მიმართ? რუსეთის იმპერიის მიმართ უკმაყოფილება კიდევ გასაგებია და ჩვენც არაერთგზის დაგვიგმია ცარიზმის პოლიტიკა, მაგრამ დღეს განა თქვენც რესპუბლიკად წოდებულ ისეთსავე ერთეულს არ წარმოადგენთ და იმგვარივე ეროვნული მთავრობა არ გყავთ, როგორც ჩვენ? საკავშირო მთავრობის შემადგენლობაში განა იმთავითვე მრავლად არ შედიოდნენ სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლები და მათ შორის ქართველებიც, დიდი ხნის მანძილზე წამყვანი ადგილები რომ ეკავათ?
რატომ უნდა შევრაცხოთ მაინცდამაინც რუსები ყოველივე კარგისა თუ ცუდის მიზეზად და არა ყველანი ერთად? განა, რუსებისათვის იგივე კანონები არ იწერებოდა, რაც ქართველებისთვის? თუ ჭირისა თუ ლხინის მეტნაკლებობას ჰქონდა ადგილი? განა, გუმილიოვის, მანდელშტამისა თუ სხვათა სიკვდილის მიზეზს ისევ დუმილით არ უვლიან ამჟამად გვერდს ბიოგრაფები, როგორც მიხეილ ჯავახიშვილისას, ტიციან ტაბიძისას, ვახტანგ კოტეტიშვილისას, ევგენი მიქელაძისას და სანდრო ახმეტელისას? განა, ისევე არ უჭირდათ როდესღაც ცვეტაევასა და ბულგაკოვს, როგორც დავით კაკაბაძეს, გუდიაშვილსა და გამსახურდიას? განა, არ უდრის პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა და გალაკტიონის უკანასკნელი ნახტომი მარადისობისაკენ ესენინისა და მაიაკოვსკის მიერ საკუთარი ხელით თავში დახლილ ტყვიას? განა, ისევე არ მოჰკითხეს იაგოდას, ეჟოვს, აბაკუმოვსა და რიუმინს ცოდვები, როგორც ბერიას, გოგლიძეს, რაფავასა და რუხაძეს?
და თუ რამ საქართველომ იწვნია, რუსეთსაც იგივე გადახდა: თუ ჩვენთვის ვაშენებდით, თქვენთანაც შენდებოდა, თუ რამეში დანაკლისს განიცდიდით, ჩვენც განვიცდიდით, გეგმებით გტვირთავდნენ? ჩვენც ვიტვირთებოდით. თუ რამე გეკრძალებოდათ, იგივე ჩვენც გვეკრძალებოდა. თუკი რამ იმჟამად სახელმწიფოში ხდებოდა, ინიციატორები ხელისუფლების სათავეში მდგომი ქართველებიც იყვნენ და თუ რამ არ მოგწონთ, მათაც უნდა მოჰკითხოთ. მაგრამ ზადს თუ ხედავთ, ბარემ კარგიც დაინახეთ.
მოკავშირეობამ არ მოგვანიჭა ხანგრძლივი მშვიდობა მოცემულ რეგიონში? მშვიდობამ კი მეცნიერებისა და კულტურის მძლავრი აღმავლობა, აღმავლობა სახელდობრ ეროვნული კულტურებისა? განა, არნახული აღორძინება არ განიცადა თქვენმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ ჩვენს დროში? განა, იმგვარივე დარჩა მისადმი ინტერესი, მე-19 საუკუნეში რომ იყო? თითქმის მთლიანად არ ითარგმნა რუსულად თქვენი ძველი და უახლესი კლასიკური ლიტერატურა? ყოველმხრივ არ ვუწყობთ ხელს ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას? იგივე არ ითქმის სხვა დარგებზე? განა, ჩვენს დროში არ იქცა აგრარული საქართველო ინდუსტრიულად? რამდენი ინსტიტუტი და სპეცსასწავლებელი გაიხსნა: და რაც მთავარია, მოგეცათ საშუალება საკუთარი ქართული აკადემიის დაარსებისა, რაიც მე-12 საუკუნის შემდეგ არ გღირსებიათ.
და ან გყოლიათ როდესმე ამდენი მეცნიერი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ნებისმიერი დარგისა? მაშ, რა გინდათ, რაღას გვემართლებით? ეგებ, შენ და შენნაირები საკუთარ ბოღმას ვერ მორევიხართ და ჩვენზე გადმოსანთხევად დაეძებთ მიზეზს? თუ ასე არ არის, მაშ, გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლის თავზე, ჩვენ რომ ვზეიმობთ, ნაგავში რატომ იქექებით? რატომ ამჩნევ მხოლოდ აუგს და კარგის დანახვა არ გსურს?“
ამგვარი საყვედურის მთქმელს მოსარგებ პასუხს დავუბარებ: „კარგად მესმის შენი, მეგობარო, რადგან შენი თვალებითაც ძალმიძს ვუცქირო სამყაროს, მაგრამ პასუხს მხოლოდ ჩემი თვალთახედვის საწყაულით მოგიწყავ… არც ჩემი ერი, არც მე ბედის მგმობელები არასოდეს ვყოფილვართ, არამედ ვიყავით მხოლოდ შავს ბედთან მებრძოლები. ამადაც ბოღმის ნთხევა უცხოა ჩვენთვის. არც თუ ნაგავში ქექვა გვჩვევია, მაგრამ თუ ჩვენი ურთიერთობის ისტორიის გახსენებისას როდესმე ნაგვისთვის ფეხი წამომიკრავს, მერწმუნე, იგი არც მე, არც ჩემს თვისტომებს არ დაგვიყრია.
და თუ მის დანახვასა და აღნიშვნასაც ვერავინ დაგვასწრებს, მადლიერების სინაკლებეს ვერავინ დაგვწამებს და არც გახსენება გვჭირდება, პატივი მივაგოთ ბალმონტს, პასტერნაკს, ანდრეი ბელის, ზაბოლოცკის, ნეოჰაუზს, სიმონოვს, ახმადულინას თუ სხვა რუს მოღვაწეებს საქართველოს, მისი ლიტერატურისა და ხელოვნების დაფასებისათვის. მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ქართველი კაცი მშვიდობიანობისას ისევე მარჯვედ ხმარობს კალამს, ფუნჯსა და გუთანს, როგორც ომიანობის დროს _ მახვილს. საქართველო სხვა კულტუროსანი ერების მსგავსად ქმნიდა და თუკი არაფერმა შეუშალა ხელი, მომავალშიც შექმნის აზრისა და მშვენიერების საოცრებებს და მათ დამფასებელს თავად აეწევა ფასი ღირსეულის დაფასებისათვის. განა, ბერძნებს მადლობის ძახილში უნდა ჩაუწყდეთ ხმა იმისათვის, მსოფლიოს ყველა კულტუროსანმა ერმა რომ თარგმნა ჰომეროსი მშობლიურ ენაზე, ასევე ინგლისელებს შექსპირისა და ბაირონის, გერმანელებს გოეთესა და შილერისათვის და ა. შ. განა, ქართველებმა ქართული კულტურის ზემოთ ხსენებულ დამფასებლებს არ მიუზღეს თავის დროზე სამაგიერო რუსული კულტურის დაფასებით?
კულტურის სფეროში თუკი ღირსეული რამ იქმნება, თავზე მოხვევას არ საჭიროებს, რადგან იგი ყველასათვის მისაწვდომ ადგილას ძევს და თვალზე ხელის ამფარებელი ბევრიც რომ აღმოჩნდეს, ზეაწვდილი ჩირაღდანი ბნელს მაინც გაანათებს. იგივე ითქმის მეცნიერებასა და ტექნიკაზე. მეცნიერული აზრი ერთი ერისა და სახელმწიფოს ჩარჩოებით ვერ შემოისაზღვრება, რადგან მისი განვითარების საწინდარი მხოლოდ მსოფლიოს მეცნიერთა გამუდმებული კოორდინებული მოქმედებაა, ამიტომ ქართული მეცნიერებაც ერთ-ერთი რგოლია მსოფლიო მეცნიერული აზროვნების ერთიანი ჯაჭვისა.
დღეს ნებისმიერი დარგი სათანადო მეცნიერებით თუ არ შეიარაღდა, ვერ მიაღწევს იმ დონეს, რა მოთხოვნასაც ეპოქა უყენებს და რა გასაკვირია, თუკი იმ დარგებმა, რომელთა განვითარების საშუალებას საქართველო იძლევა, მძლავრი მეცნიერული აღმავლობა განიცადეს? გარდა ამისა, მეცნიერების, განსაკუთრებით კი ტექნიკის განვითარება მსოფლიოში, უპირატესად, ორი სისტემის დაპირისპირებამ გამოიწვია; ორი სისტემის დაპირისპირებამ, სადაც ერთი მეორის მესაფლავედ ან მესაფლავის ქომაგად მიიჩნევს თავს, წარმოშვა უნდობლობა, ფარული თუ აშკარა შეჯიბრი შეიარაღებაში, რამაც ბიძგი მისცა ტექნიკის არნახულ განვითარებას; რადგან ისიც ცნობილია, რომ წარმოების საშუალებათა, დაზგათმშენებლობის, აგრეთვე ენერგიის წყაროთა მოძიების პრინციპი ერთი და იგივეა სამხედრო თუ სამოქალაქო ტექნიკისათვის.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ერთი იდეოლოგიის პრიორიტეტი და ერთპარტიულობა რამდენადმე ამუხრუჭებს სიტყვის თავისუფლების საქმეს ჩვენში, სამაგიეროდ სწავლა-განათლების სისტემა ერთობ დემოკრატიულ პრინციპს ემყარება და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, თავისი ნიჭის, სურვილისა და სიბეჯითის შესაბამისი განათლება მიიღოს, რაც უდავოდ საიმედო ბაზისია ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებისთვის.
რაც შეეხება შენიშვნას, თუ რატომ უნდა მივიჩნიოთ ყოველივე კარგისა თუ ცუდის მიზეზად რუსები, რომლებიც გასაბჭოების შემდეგ არ ყოფილან ერთპიროვნული მმართველები, ამგვარად ვუპასუხებთ: დიახ! ყველას და მათ შორის სათავეში მდგომ ქართვლებსაც უნდა მოვკითხოთ, თუ რამ სააუგო მომხდარა! მაგრამ ეგეც იცოდეთ: სწორედ სათავეში მდგომმა ქართველებმა, განსაკუთრებით იმან, ვის სახელსაც ხშირად სამშობლოსთან აიგივებდით, შეაკავა მასა ქართველებისა და ხელი ააღებინა უკიდურესი ზომების მიღებაზე 1921 წლის ამბების საპასუხოდ. თორემ ისტორიის სარბიელზე ქართველ გარიბალდსაც იხილავდით.
გარდასული დროის უსიამოვნო ფაქტები იმიტომ როდი გავიხსენე, რომ წინაპართა ცოდვები ამჟამად მცხოვრებ რუსებს დავაბრალო, რადგან ისიც კარგად ვიცი, რომ ისტორიისადმი ამგვარი მიდგომა სისხლის აღების წესზე უარესია. დამერწმუნე, აღშფოთება ჩემი მტრობას როდი ნიშნავს, როდი ნიშნავს სურვილს, რუსეთი ხელმოცარული ან დასუსტებული ვიხილო და ამით გული მოვიოხო, არამედ პირიქით, ვიხილო რუსეთი მართალი, თავმდაბალი, სიტყვისა და საქმის გამაიგივებელი, უაღრესად ზნეკეთილი და მორალურად ძლიერი, რადგან მის ფიზიკურ სიძლიერეში ეჭვი არავის ეპარება.
ამიტომ ნუ გვიწყენს ჩვენი პარტნიორი, თუ ორიოდე პილპილმოყრილი სიტყვით მივმართავთ იმ სატკივარისათვის, ბოლო ხანებში რომ დაგროვდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გასაბჭოების შემდეგ ჩვენში არსებობდა ქართული ჯარის ნაწილები. მეორე მსოფლიო ომში ქართული დივიზიები იბრძოდნენ ფრონტზე, და არც თუ სხვაზე ნაკლებად. მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ამბების შემდეგ, რატომღაც, სავსებით გააუქმეს ეროვნული ჯარის ნაწილები. რა ხდება?! აღარ გვენდობიან, თუ ქართული ან სხვა ენები გამოუსადეგარია სამხედრო საქმისათვის? რესპუბლიკა თუ სუვერენულია, ეროვნული ჯარის ნაწილებიც ხომ უნდა ჰყავდეს? თუ მოძველდა გეორგიევსკის ტრაქტატის შინაარსი, სახელმწიფოებრიობის ამ ატრიბუტსაც რომ ჰგულისხმობს?
მავანმა სამხედრო სპეციალისტმა შესაძლოა აქ შეგვისწოროს, მიგვანიშნოს ამ საკითხში ჩვენს არაკომპეტენტურობაზე და დასძინოს, რომ ამგვარი ცვლილებები განაპირობა დღევანდელი სამხედრო სპეციფიკის თავისებურებებმა. რომ სამხედრო ტექნიკის სწრაფმა განვითარებამ და დღევანდელმა საერთაშორისო ვითარებამ განაპირობა ერთობ სწრაფი და ფართე მოქმედების არმიათა შექმნა, ჯარის სხვადასხვა სახეობათა ურთიერთშერწყმა, მართვის ცენტრალიზება და ერთი წარმმართველი მიზანისადმი მათი დაქვემდებარება, რომელთა მოქმედების წარმატება შესაძლოა თითოეულმა წუთმაც კი განაპირობოს, რისთვისაც საჭიროა ერთობ ზუსტი, სწრაფი, რთული ტექნიკური ცოდნით აღჭურვილი და კოორდინებული მოქმედება.
ამ სირთულეთა გასაიოლებლად კი სასურველია ერთენოვანება არმიაში და რუსულ, როგორც დამაკავშირებელ ენაზე უკეთ ამ ფუნქციას ვერც ერთი სხვა ენა ვერ შეასრულებს. ასე გამოდის, ამგვარი ვითარების გამო, ოცნებსაც კი უნდა გამოვეთხოვოთ ქართული ჯარის ნაწილების არსებობაზე, სამხედრო შენაერთებში ქართული ენის ფუნქციონირებაზე. ნეტა, საერთაშორისო ვითარება იმგვარად წარიმართოს, რომ ყველგან და სამუდამოდ გააუქმონ სამხედრო ნაწილები, მაგრამ რადგანაც ამგვარი ცვლილებებიდან ჯერ კიდევ შორსა ვართ, ამიტომ არ არსებობს არგუმენტი, რომელსაც ძალედვას უარყოფა რესპუბლიკის სუვერენიტეტის ერთ-ერთი ატრიბუტის, ქართული ეროვნული ჯარის ნაწილების საჭიროებისა. მაგრამ მარტოოდენ ეს ფაქტი როდია ჩვენი დაფიქრების საგანი.
ამა საუკუნის 70-იანი წლების შუა პერიოდში იყო მცდელობა ქართული სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ქართულ განყოფილებაზე ზოგიერთი საგნის რუსულად სწავლის შემოღებისა. ქართული საზოგადოებრიობის აღშფოთებისა გამო ეს ღონისძიება ვერ განახორციელეს. აღშფოთება ერთობ ბუნებრივი და სამართლიანი იყო, რადგან ენა ქართული მარტოოდენ შაირებისთვის როდია ვარგისი, არამედ ნებისმიერი მეცნიერებისთვისაც. კარგად ვიცით, რომ მომავლის უნივერსალური ადამიანი თანაბრად უნდა სწვდებოდეს როგორც მხატვრულ, ასევე მეცნიერულ სფეროებს.
სამყაროს უნდა სჭვრეტდეს ერთდროულად ხელოვანისა და ანალიტიკოსის თვალით, რაც აუცილებელია უმაღლესი შემეცნებისათვის. ანდრეი ბელის გამოთქმით იგი თავად უნდა იყოს მრავალძალი, მრავალსიმიანი, რომ შეეძლოს მარადისობის საკრავზე დაკვრა. ამგვარი უნივერსალიზმის ეტალონები იყვნენ წარსულში ლეონარდო და ვინჩი, გოეთე, ლომონოსოვი, შტაინერი და ა. შ. მაგრამ ისინი როგორც მხატვრულ, ასევე მეცნიერულ ქმნილებებს თავიანთ მშობლიურ ენაზე ქმნიდნენ, რადგან ნებისმიერი ენა განუყოფელია და თავისსავე თავში ამთლიანებს ცხოვრებისა და საქმიანობის პოლარულ მხარეებს. ჩვენი სამართლიანი და შეუმუსრავი სურვილია, მსგავსად ლიტერატურული ქმნილებებისა, ქართული მეცნირებაც მუდამ ქართულად იქმნებოდეს და ქართულსავე ენას ამდიდრებდეს.
ქართველი მოსწავლე თუ სტუდენტი საქართველოში ქართული სახელმძღვანელოებით უნდა ითვისებდეს ნებისმიერ საგანს და ამას მარტოოდენ ფორმალური მნიშვნელობა როდი გააჩნია, არამედ უაღრესად მორალურიც. უფრო დიდი და შორეული მიზნებისათვის არავისთვის დაუშლიათ ჩაღრმავება რუს, თუნდაც გერმანელ ან ინგლისელ მეცნიერთა ნაშრომებში. და თუ საქმისათვის საჩქაროა საკავშირო ასპარეზზე გატანა, რომელ ქართველ მეცნიერს გაუჭირდება რუსულადაც გამოსცეს თავისი ნაშრომი?
ინტერნაციონალური სულისკვეთების გაძლიერებას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ერთენოვანების შემოღება და მშობლიური ენის უგულებელყოფა როდი იწვევს. ზეეროვნულობისა და ინტერნაციონალიზმის საფუძველი არა ენის, არამედ აზრის ფენომენში უნდა ვეძიოთ, რადგან აზრია ჭეშმარიტად ზეეროვნული ბუნებისა, მყარი და უცვლელი ნებიმსიერ ენაზე გამოხატვისას. მაგრამ მარტოოდენ აზრი როდია ზეეროვნულობის დასაყრდენი.
ისე, ვით ერთია ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენლისათვის სიზმრების სამყარო, მითოსური ეპოქიდან დღემდე, ასევე ზეეროვნულია სიმბოლიკის ენა, რისთვისაც ღაღადებს სიმბოლური ანბანის, ხატოვან-სიმბოლური ნიშნების იდენტურობა სხვადასხვა ხალხთან, ზეეროვნულია მშვენიერება სახვითობისა თუ ფერწერისა ხელოვნებაში, აგრეთვე, ენა მუსიკისა, რომელსაც თარგმნა არ სჭირდება.

დასასრული შემდეგ ნომერში

დოროთე გითოლენდია