როგორ უჭირს სოფლის მეურნეობას?

ჩვენი ქვეყანა რომ კარგა ხანია, სოფლის მეურნეობის დარგში საკმაოდ მოიკოჭლებს, ამაზე ხმამაღლა ყველა, თან არავინ საუბრობს. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ამ მიმართულებით ჩადებული ფულის მასა კვლავ არაფრის მომცემი და ტყუილად გადაყრილი აღმოჩნდა. შედეგად, ისევ ის სურათი მივიღეთ, როცა რეალუარად ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაქმებულია იმ მეურნეობაში, რომელსაც მშპ-სთვის 10%-იანი მოგებაც კი არ მოაქვს!

მდგომარეობა მართლაც საშიში და სავალალოა!
რამდენიმე დღის წინ ახალი პრემიერი საზოგადოების წინ გამოსვლისას სწორედ სოფლის მეურნეობის წარუმატებელ მუშაობასა და არსებული მდგომარეობის შეცვლაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, იმ მიდგომების მნიშვნელოვნად შეცვლაა საჭირო, რაც სოფლის მეურნეობაში გვაქვს:
„დღეს ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკავებულია სოფლის მეურნეობით და ჩვენს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 10 პროცენტიც კი არ არის. ეს დისპროპორციაა სწორედ სიღარიბის მთავარი წყარო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ მიდგომების მნიშვნელოვნად შეცვლა გვჭირდება, რაც სოფლის მეურნეობაში გვაქვს. მივიღეთ ეკონომიკური მოდელი, რომელიც ტოტალურადაა ორიენტირებული იმპორტზე და ეს ძალიან ცუდი მოდელია. არა იმიტომ, რომ თავისუფალი ვაჭრობა არ არის კარგი, არამედ იმიტომ, რომ ეს გარკვეულ არასამართლიან თამაშის წესებს უკავშირდება, რამაც გამოიწვია სოფლის მეურნეობის ასეთი დაკნინება“, _ აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის წილის გაზრდის მიზნით ნატურალური მეურნეობიდან აქტიურ რეალურ ეკონომიკაზე გადასვლაა საჭირო, რათა სოფლის მოსახლეობას საშუალება მიეცეს, ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს. პრემიერის განცხადებით, ეს უნდა გაკეთდეს მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული პროგრამებით. სანამ ამ ყველაფერს ახალი პრემიერი ხმამაღლა იტყოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დირექტორი გიორგი კეპულაძე კარგა ხნის მანძილზე ამახვილებლდა ყურადღებას სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის სისუსტესა და აუცილებლად განსახორციელებელ ცვლილებებზე.
მისი თქმით, სტატისტიკურ მონაცემებს რომ შევხედოთ, ისედაც ნათელია, რომ ქვეყანაში, როცა მოსახლეობის 50% მშპ-ს 10%-საც კი ვერ ქმნის, დარგს განსაკუთრებულად უჭირს და სასწრაფო ქმედითი ცვლილებებია განსახორციელებელი.

გიორგი კეპულაძე _ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დირექტორი:
„რიცხვები გვიჩვენებს, რომ ეს სფერო დაბალპროდუქტიულია და მდგომარეობა სასწრაფოდ გამოსასწორებელია! იგი ნელ-ნელა აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, სწრაფრი ტემპი გვჭირდება. ვერ დაველოდებით, თუ როგორ გამოსწორდება იგი თავისთავად და როდის გაიზრდება პროდუქტიულობა.
მკვეთრ ნაბიჯებში იგულისხმება ის, რომ აუცილებელია, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდეს, თუმცა ამით მათ მიერ წარმოებული პროდუქცია არ შემცირდეს. ამისთვის კი, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მიწების გამსხვილება, ფერმერული მეურნეობებია საჭირო. სახელმწიფო ტყუილად არ უნდა ხარჯავდეს ამ მიმართულებით ფულს.
მმართველ გუნდს დაახლოებით ერთ მლრდ-ზე მეტი აქვს ბოლო 5-6 წელიწადში „გადახდილი“ სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროექტის სახით, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი დაბალია! ყოველწიურად მცირდება ინვესტიციები და რეალურად, ამ სფეროში რეცესია გვაქვს!
ვიცით, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანები თვითდასაქმებულებად ითვლებიან, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეს გლეხი საკუთარი თავისთვის სამყოფ პროდუქციასაც კი ძლივს გამოიმუშავებს. ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ დგება. ამავდროულად მათი უმრავლესობა, ფაქტობრივად, მშიერია და ძველი მეთოდებით ამუშავებს მიწას, რასაც პროდუქტიულობა არ მოაქვს, მით უმეტეს, ჩვენსავით მცირემიწიან ქვეყანას სარგებელს ვერ მიცემს, როგორიც ჩვენს მეზობელ ქყვეყანას და უდიდეს კონკურენტს შეიძლება ჰქონდეს სოფლის მეურნეობის დარგში.
უმთავრესი, რისი პრობლემაც გვაქვს, არის განათლება. ამ მიმართულებით ცოდნის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო! ის უნდა ეხმარებოდეს ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ცოდნის მიღებაში. ძალიან ბევრი წარმატებული ქვეყნის მაგალითი გვაქვს, სადაც სულაც არ არის სამუშაო ძალების ნახევარი მობილიზებული სოფლის მეურნეობაში, პირიქით, ევროპასა და წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში ამ მიმართულებით დასაქმებულთა წილი, დაახლოებით, 2-5%-მდეა მთლიანი მოსახლეობისა, ისინი მშპ-ს მცირე ნაწილსაც ქმნიან, მაგრამ მათი მუშაობა გამოიხატება ექსპორტში. მაგალითად, საფრანგეთის სოფლის მეურნეობაში ძალიან ცოტა დასაქმებული ადამიანია (გაცილებით ცოტა, ვიდრე საქართველოში), თუმცა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ექსპორტზე რომ ვისაუბროთ, შორს წავალთ!..
რაც შეეხება პრემიერის სიტყვის შეფასებას, ზოგადად, როდესაც პოლიტიკოსები და პრემიერებიც საუბრობენ პრობლემაზე, მათ მისი გადალახვის გზაც უნდა მოიფიქრონ და დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ არა მხოლოდ ამჟამინდელი, არამედ ყველა შემდეგი პრემიერი ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად სწორედ ამ მიმართულებით მუშაობას დაისახავს, რომ გაიზარდოს პროდუქტიულობა, ურბანიზაცია, სოფლის მეურნეობაც გაიზარდოს, მაგრამ ეს არ მოხდეს იქ დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ხარჯზე“.

ვახო ჭარაია _ ეკონომისტი:
_ რა განაპირობებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ მძიმე ვითარებას?
_ პასუხი რთული არ არის _ ასეთი ვითარება იმიტომ გვაქვს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში ინტენსიური მწარმოებლურობაა მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უკვე ექსტენსიურზეა გადასული! ეს გულისხმობს იმას, რომ, პირობითად, 20 გლეხი კი არ უნდა ამუშავებდეს 1 ჰა მიწას, არამედ 1 გლეხი უნდა მუშაობდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 1 ჰა მიწაზე! ამის პარალელურად, საქართველოში ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ის რეალობა, რომ ფიზიკურ ძალაზე კეთდება აქცენტი და არა ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სიახლეებზე! შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ თუ ამერიკაში მოსახლეობის 3% ახერხებს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცით 10% შექმნას მშპ-ში, საქართველოში გვაქვს რეალობა, რომ მოსახლეობის 50% ვერ ახერხებს 10%-ის შექმნას!
არ ვიყენებთ ტექნოლოგიებს, თანამედროვე გამოცდილებას, იმ ცოდნას, რაც მსოფლიოში უკვე დაგროვდა და ხშირად ეს უკავშირდება არა მხოლოდ იმას, რომ არ გვაქვს ან ძვირი ღირს ტექნოლოგიები, არამედ იმას, რომ ქართველი გლეხი თავის ძველ, მამაპაპისეულ ტრადიციებს უფრო ეყრდნობა, ვიდრე სიახლეებს. ჰგონია, რომ რადგან ბაბუა ასე აკეთებდა, მანაც ისე უნდა ქნას, არადა, ეს უკვე მოძველებული მიდგომაა და სოფლის მეურნეობაში საჭიროა ცვლილებების შეტანა! ამიტომაც გვაქვს ეს პრობლემა.
ასევე არ აქვთ ნდობა _ რამდენჯერმე ისეთი შემთხვევა ვიხილეთ, როცა გლეხებს ახლის მიმართ ნდობა გაუქრათ. მაგალითად, როცა წლების წინათ მოსახლეობა, ფაქტობრივად, მოატყუეს და ცუდი ხარისხის სიმინდი შემოიტანეს ისე, რომ თითქმის არაფერი გაუთვლიათ! საქართველო მრავალფეროვანია მიწის ნაყოფიერებითა და შემადგენლობით და ის, რომ სიმინდის რომელიმე სახეობა კარგად გაიხარებს, პირობითად, სამეგრელოში, არ ნიშნავს, რომ ის კარგად გაიხარებს კახეთშიც ან რაჭაში. როცა სიმინდის ახალი ჯიშები შემოიტანეს, ეს პირობა არ გაითვალისწინეს, ამიტომაც მთელ ქვეყანაში სულ რამდნეიმე ადამიანია კმაყოფილი ახალი ინიციატივითა და ჯიშით, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა! იფიქრეს, რომ მოატყუეს და ახალი ჯიშები არ უნდა გამოეყენებინათ. არადა, რაც ამ ახალი პროგრამის განხორციელებას სჭირდებოდა, მხოლოდ დამატებითი კვლევა იყო! ვიცით, რომ რაღაც ჯიშის გახარებას ფხვიერი ნიადაგი სჭირდება და რაღაცას _ მჟავე, შესაბამისად, ამათი დეტალური შესწავლაა საჭირო. ჩვენ კიდევ, რომ გავიგებთ, რაღაც თხილის ჯიში, ვთქვათ, იტალიაში კარგად მოდისო, ერთ პატარა ხეზე 20 კილო, გვგონია, რომ საქართველოშიც ასე უნდა იყოს, არადა, გათვლები და დეტალებზე დაკვირვებაა საჭირო. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის თავმოყრა ვერ ხდება საქართველოში.
ძალიან ბევრი მიმართულებით გვიჭირს. პირველ რიგში საჭიროა, რომ ცნობიერება, განათლება და კვალიფიკაცია ამაღლდეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სახელმწიფოს მხარდაჭერით გარკვეული პროექტები უნდა განხორციელდეს, რომელიც ქვეყნისთვს საინტერესო მიმართულებებს შეუწყობს ხელს, პირობითად ეს შეიძლება იყოს თხილის ან სიმინდის წარმოება. კონკრეტული მიზნების დასახვა, კვლევების ჩატარება გვჭირდება იმაზე, თუ რა იხარებს, რა არის ყველაზე პერსპექტიული, რისი გასაღების ბაზრები არსებობს (რადგან მარტო წარმოება არაა მთავარი, მისი გასაღების ბაზარიც ძალიან მნიშვნელოვანია), რისი შესაძლებლობა აქვს საქართველოს, რა გვაკლია?
აგრონომი არ ვარ და მიჭირს შეფასება, თუმცა ეკონომიკური და პრაგმატული კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ცოდნა და კვლევების განხორციელება მიზერულად ხდებოდა და ამან განაპირობა, რომ ვერა და ვერ გაამართლა სოფლის მეურნეობაში ჩადებულმა მილიარდობით ლარმა, მაგრამ თუ ამას გავაკეთებთ და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა იქნება, რომ ცალკეულ პროექტებს ფინანსური თუ ცნობიერების ამაღლების კუთხით სახელმწიფო მხარს დაუჭერს, ჩემი აზრით, გამოსავალსაც ვიპოვით.
გასულ წლებში მილიარდობით დოლარი ჩაიყარა ამ მიმართულებით, მაგრამ შედეგი არ გვქონდა. ესეც კარგი გამოცდილებაა ჩვენთვის, რომ ვნახოთ, სად გვქონდა ჩავარდნა, დავინახოთ, თუ რატომ ვერ გაამართლა ამ პროგრამამ და შემდეგ უკვე ამ გამოცდილების საფუძველზე გავაგრძელოთ ახალი პროექტებისა და პროგრამების დანერგვა და წარმართვა, ინიციატივების შექმნა.
პრემიერისგანაც იდეის დონეზე ბევრი რამ შეიძლება გაჟღერდეს, მაგრამ საბუთისა და ჩამოყალიბებული გეგმის სახით, ჯერჯერობით, სიახლე ბოლო პერიოდში არ მინახავს.

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის დოქტორი:
„ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე შრომის მწარმოებლურობა არის დაახლოებით 10-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე საქართველოს ეკონომიკის სხვა დარგებში. ამავდროულად, ვერავინ იტყვის, რომ სხვა დარგებში მოგება და წარმატება გადმოდუღს და ყველაფერი კარგადაა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნება სოფლის მეურნეობა!
მეორე _ ამ დარგში შრომის დაბალი მწარმოებლურობა განპირობებულია რიგი ფაქტორებით. ასევე შრომის ფონდი და კაპიტალშეიარაღება, ანუ 1 დასაქმებულზე მოსული ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ოდენობა არის ძალიან მცირე და ფაქტობრივად, სოფლად დასაქმებულთა დიდ ნაწილს უხდება ტრადიციული, მამაპაპური შრომის იარაღების გამოყენება.
მესამე _ ცოდნა, ნოუჰაუ, რომელიც კაცობრიობამ განსაკუთრებით მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში დააგროვა. ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება არა მხოლოდ ავიაციაში, კოსმონავტიკაში ან სამხედრო ნაწილებში, არამედ აგრარულ სექტორშიც და ამის მარტივი მაგალითია ისრაელი, სადაც დიდ წარმატებას მიაღწიეს მოსავლის წარმოებით, რომელიც არ უკავშირდება მიწის გამოყენებას. ისეთი კომპოზიტებია, ისეთი ფორმაა, რომელიც საშუალებას იძლევა, ნაყოფი იწარმოოს ხელოვნურ პირობებში!
მეოთხე ფაქტორი _ ინვესტიციებს რომ შევხედოთ, უცხოური ინვესტიციების სიდიდე სოფლის მეურნეობაში კატასტროფულად დაბალია. მასზე მთელი ინვესტიციების დაახლოებით 2% მოდის მხოლოდ და თუ უფრო კრიტიკულად შევხედავთ, მიწასა და უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციები 10-ჯერ მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. მიწაში, როგორც უძრავ ქონებაში, დასვენების, რეკრეაციის ან უბრალოდ ფლობის მოტივაციით უფრო დიდი მასშტაბით იდება ფული, ვიდრე მიწაში, როგორც მეურნეობის ობიექტში.
ანუ უცხოელები ამჯობინებენ, შეიძინონ მიწა და დანიშნულებისამებრ გამოიყენონ იგი, ვიდრე ის, რომ შემოვიდეს უცხოური კაპიტალი და ადგილობრივ სუბიექტებთან თანამონაწილეობით ადგილობრივი მიწების მეურნეობაში ჩადონ თანხა _ ეს ყველაფერი კი მოქმედებს იმაზე, რომ ჩვენთან შრომის მწარმოებლურობა დაბალ დონეზე დარჩა.
ჯერ საბჭოთა პერიოდში სოფლის მეურნეობას საზოგადოების სექტორში ჰქონდა, დაახლოებით, 27 000 ტრაქტორი, ამდენივე სატვირტო ავტომობილი, 2800-მდე კომბაინი, ჯერ მაშინ რა იყო ეს და ახლა რომ ეს მონაცემები საოცნებო გაგვიხდა, ესეც მოქმედებს მწარმოებლურობაზე.
გვაქვს კიდევ ერთი ფაქტორი, რომლიც კლასიკურ პოლიტიკურ ეკონომიკას უკავშირდება. ცნობილი ინგლისელი ეკონომისტი, დავიდ რიკარდო ამბობდა, რომ თუ რომელიმე ქვეყანას უპირატესობა აქვს ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებაში, მან უნდა აწარმოოს ის საქონელი და სხვის წარმოებაზე ხელი აიღოს. ეს კონცეფცია ინგლისური აღმავალი ბურჟუაზიის გამომხატველი იყო და მაშინ ინგლისს აშკარად უპირატესობა ჰქონდა სხვა ქვეყნებთან _ ეს კონცეფცია მართლდებოდა. ჩვენ რომ ამ კონცეფციით ვიხელმძღვანელოთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში საერთოდ არ უნდა ვაწარმოოთ სასოფლო პროდუქცია, რადგან მისი შემოტანა-იმპორტირება სხვადასხვა ქვეყნიდან შესაძლოა, გაცილებით იაფი დაჯდეს და, ფაქტობრივად, ამას ვხედავთ, ვგრძნობთ, მაგრამ მაინც ასე ვიქცევით.
საქართველოს ყოველწლიური საშუალო უარყოფითი სალდო, აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით, დაახლოებით, ნახევარი მლრდ დოლარია. ანუ საქართველოდან ნახევარი მლრდ დოლარი გადის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სათანადო უნარი, ცოდნა, შრომის მწარმოებლურობა და სხვადასხვა მიზეზი, ვაწარმოოთ იმდენი დოვლათი, რომ ჩვენი შიდა მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ. არც ერთი ქვეყანა არ აწარმოებს ყველა პროდუქტს და ყველგან არის იმპორტი, მაგრამ ჩვენ იმდენი წარმოება უნდა გვქონდეს, რომ ამ საქონლის ექსპორტით გადავფაროთ მისი საჭიროებანი. ჯერჯერობით ამ მიზნისგან საკმაოდ შორს ვართ.
მაგალითისთვის მინდა ჰოლანდია მოგიყვანოთ, რომელიც ჩრდილოეთის ქვეყანაა, ყველა სახის პროდუქციას რომ თავი დავანებოთ, ყვავილების ექსპორტის ღირებულებაც კი მეტი ჰქონდათ 2003 წლამდე, ვიდრე საქართველოს მთლიანი მშპ იყო. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და ჩვენ ერთი ტექნოლოგიური, ისტორიული ეპოქით ჩამოვრჩებით სოფლის მეურნეობის განვითარების გზით მოწინავე ქვეყნებს _ ჰოლანდია იქნება, ისრაელი თუ სხვა ქვეყანა. ეს საგანგაშოა.
საბედნიეროდ, ჩვენთან არ არის ისეთი მოძრაობა, როგორიც მე-19 ს-ის დასაწყისში იყო, როცა ინგლისში საფეიქრო დაზგები გამოიგონეს და ამან ათეულ ათასობით ფეიქარი უმუშევარი დატოვა, ისინი კი იკრიბებოდნენ, ამტვრევდნენ ამ ახალ გამოგონილ მანქანას _ ჩვენთან ასეთი განწყობილება ნამდვილად არ არის ახალი ტექნოლოგიების მიმართ. ჩვენი აქილევსის ქუსლი და პრობლემა ის არის, რომ თანამედროვე ცოდნა, გამოცდილება რაც უკვე დაგროვილია და რომელსაც მოწინავე ქვეყნების აგრარულ სექტორში დასაქმებული თუ მენეჯერული სფეროს წარმომადგენლები იყენებენ, ეს ცოდნა მიუწვდომელია. ფრაგმენტულადაა და არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთელ ქვეყანაში სიტუაცია შეცვალოს და ამინდი შექმნას.
მასობრივი განათლებაა საჭირო, უწიგნურობის დაძლევა, სოფლის მეურნეობის გაძღოლის ტექნიკური, ტექნოლოგიური და კულტივატორული ტექნოლოგიების თაობაზე, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ (უკეთეს შემთხვევაში) მე-20 საუკუნის შუა ხანების მიღწევებით ვმოქმედებთ მაშინ, როცა კაცობრიობის მოწინავე ნაწილმა, ამ მხრივ, საკმაოდ წინ წაიწია და ახალ აღმოჩენებსა და ტექნოლოგიების საფუძველზე მაღალ მწარმოებლურობას მიაღწია.
ჩვენ ეს ცოდნა ნაკლებად გვაქვს. უნდა შევძლოთ ტრადიციულთან ერთად მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება.
სოფლის მეურნეობაში არსებულ და უკვე გაჟღერებულ პრობლემაზე უფრო დამაინტრიგებელი განცხადება, რაც პრემიერიმა გააკეთა, იყო ის, რომ ახალი საგადასახადო კოდექისის შემოღებაზე ალაპარაკდა… ალბათ ამაზე მუშაობა დაიწყება და საზოგადოებაც ჩაერთვება, ბიზნესიც. იქ ბიზნესისთვის და აგრარული სექტორისთვისაც შეღავათი უნდა იყოს ჩადებული, რადგან ეს ის დოკუმენტია, რომელსაც შეუძლია ააშენოს ან დააქციოს ქვეყანა იმის მიხედვით, თუ რა იდეას ჩავდებთ მასში“.

ნინო ტაბაღუა