როგორ ხვდება ტურისტულ სეზონს ურეკი?

საქართველოს რომ მაღალი ტურისტული პოტენციალი აქვს, ამაზე არავინ დაობს. სამთო და საზღვაო კურორტების სიმრავლე, კლიმატი და ისტორიული ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნება ჩვენს ქვეყანას ტურისტებისთვის მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.

სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოს მიმართ უცხოელების დაინტერესება, რაც ტურიზმის მაჩვენებელზეც აისახება.
2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა: სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%), თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%).
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის მიხედვით იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო (39.9%), ნიდერლანდები (31.1%), ესპანეთი (29.9%), საფრანგეთი (29.6%) და გერმანია (25.7%). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია (316.1%), საუდის არაბეთი (164.6%), ქუვეითი (154.3%), ირანი (118.3%), ინდოეთი (64.1%), ჩინეთი (54%) და სხვ.
გასული წლის ეს დადებითი მაჩვენებელი ტურიზმის განვითარებასა და ამ სფეროს მნიშვნელობაზე მიანიშნებს.
დადგა ზაფხული, მოიმატა ტემპერატურამ და ტურიზმის შესახებ თემაც გააქტიურდა.
საზაფხულო სეზონზე განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს საზღვაო კურორტები და მათი განვითარებულობა, რაც წარმატებული სეზონის საწინდარია.
ამჯერად „ქრონიკა+“ შავიზღვისპირა კურორტ ურეკს ესტუმრა, სადაც უკვე დაახლოებით თვეზე მეტია, რაც საზაფხულო საკურორტო სეზონი დაიწყო და ცხელი ზაფხულიც უფრო რიტმულად იგრძნობა ტალღების ხმის ფონზე.
ურეკი კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კურორტს დასავლეთით შავი ზღვა ეკვრის, აღმოსავლეთით გარშემორტყმულია მთებით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდინარეების სუფსისა და ნატანების დაბლობებია.
კურორტის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, ოფიციალურად კი, როგორც კურორტი, არსებობს 1971 წლიდან. კურორტის კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. მზის ნათების ხანგრძლივობა, საშუალოდ, 1800-1820 საათს შეადგენს. საშუალო წლიური ტემპერატურა 14.3 გრადუსია. ზამთარი ძალიან რბილია (5.8 გრადუსი იანვარში). ზღვა, მზე, წვრილი ხავერდოვანი ქვიშა, რომელსაც მაგნიტური თვისებები აქვს, კურორტს დასვენებისა და მკურნალობის კარგ თვისებებს ანიჭებს.
ახლანდელი დაბის ადგილზე უწინ იმდენად ხშირი და გაუვალი ტყე ყოფილა, ნადირის გამორეკვაც კი ჭირდა თურმე. სწორედ ამიტომ ეწოდა აქაურობას ურეკი. დაბურულტყიანი ტერიტორიების ათვისება 1928 წლიდან დაიწყო. დაბაში ციტრუსი გააშენეს და ურეკის ზღვის სანაპიროდან, კერძოდ, მაგნეტიტიდან, მეტალურგიულ მრეწველობასა და ნავთობის ჭაბურღილებში გამოყენების მიზნით ქვიშის გაზიდვა დაიწყეს. შედეგად, 15 წლის განმავლობაში 4-5 მ სიმაღლის მაგნეტიტური ქვიშის დიუნები მთლიანად გაქრა. ამ პროცესს სასიკეთო შედეგიც ჰქონდა, რადგან ურეკის მაგნიტური ქვიშის სიკეთეს სწორედ კარიერის მუშებმა მიაქციეს ყურადღება. მალე ქვიშის სამკურნალო თვისებებით ფართო საზოგადოება, მედიკოსები და კვლევითი ინსტიტუტები დაინტერესდნენ.
სწორედ სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშა გახდა ურეკის სავიზიტო ბარათი, რაც მას მნიშვნელობას მატებს და ტურისტებისთვის მიმზიდველს ხდის.
მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ხელოვნურად შექმნილი მაგნიტური ველი, როგორც ფიზიოთერაპიული საშუალება. მაგნიტური ველის მოქმედება აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების ხარისხს; აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ქსოვილების რეგენერაციის ეფექტი; აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. ურეკის, როგორც კურორტის, უპირატესობა ის არის, რომ აქ ბუნებრივად იქმნება დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ველი. ამას ემატება სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და უნიკალური ქვიშა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და რომელიც საუკეთესო პირობებს ქმნის მკურნალობისა და გაჯანსაღებისთვის.
მზის სხივებით გამთბარი მაგნეტიტური ქვიშის აბაზანებს აქვთ სამკურნალო ეფექტი ნერვული, ძვალ-სახსროვანი, სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისას.
ურეკის მაგნიტური სილა ზღვაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოჰქონდა მთებიდან ორ მდინარეს. წლების განმავლობაში, შტორმების დროს, ზღვა სილას უკან, სანაპიროზე გამორიყავდა. ასე წარმოიქმნა ურეკის სამკურნალო თვისებების მქონე სანაპირო, რომელიც ბევრი დაავადებისგან კურნავს დამსვენებელს.
ურეკში ბოლო პერიოდში მომრავლდა ოჯახური ტიპის სასტუმროები, ასევე დასასვენებელი სახლები, რომელიც სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს სტუმრებს.
საზაფხულო სეზონის გახსნისთანავე აქტუალური გახდა ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სოციალური საკითხები, რომელიც უკვე წლებია, მწვავედ დგას დაბა ურეკში.
მიუხედავად იმისა, რომ ურეკში უკვე დიდი ხანია ადგილობრივები სხვადასხვა ტიპის მცირე მეწარმეობით არსებობენ და ტურისტულ სეზონს ამუშავებენ, ოფიციალურად დაბას არ აქვს მინიჭებული კურორტის სტატუსი.
საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ განსაზღვრავს კურორტისა და საკურორტო საქმიანობის მნიშვნელობას და იმ მახასიათებლებს, რაც უნდა ჰქონდეს მათ.
კანონის მიხედვით, კურორტი არის საკურორტო ადგილი, რომელზედაც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები; ხოლო საკურორტო საქმიანობა _ ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, მათით სარგებლობისთვის აუცილებელი ნაგებობებისა და მოწყობილობების (ჭაბურღილი, ბიუვეტი, გალერეა, სააბაზანო, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვ.) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, სპორტული და კულტურის ობიექტები და სხვ.) გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით.
სწორედ წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო დაბა ურეკს დღემდე არ აქვს მინიჭებული კურორტის სტატუსი, რაც საკმაოდ ბევრ საქმეში აფერხებს დაბის განვითარებასა და მის ეკონომიკურ გაძლიერებას.
გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, ხარვეზებია ასევე სანიტარიული კუთხითაც. დანაგვიანებული სანაპირო ზოლი, რომლის მოწესრიგებაზეც დასუფთავების სამსახური ზრუნავს, დაუძლეველ პრობლემადაა ქცეული.

„ქრონიკა+“ ესაუბრება დაბა ურეკის გამგებელ დავით რობაქიძეს:

_ როგორ დაიწყო ტურისტული სეზონი ურეკში და რა პროგნოზებია ამ კუთხით?
_ გასულ წელთან შედარებით მაისი უკეთესი გვქონდა. ტურისტული ნაკადი უფრო მეტია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო. ტურისტები ძირითადად შემოდიან რუსეთიდან და სომხეთიდან. გვაქვს სერიოზული მატება ამ კუთხით წინა წელთან შედარებით, რაც ძალიან კარგი ტენდენციაა და დადებითად აისახება ადგილობრივ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30-40%-ით მეტია წინა მაჩვენებელზე, იმ მონაცემებით, რაც ჯერჯერობით იკვეთება.
თუ ამინდები ხელს შეგვიწყობს და ასე გაგრძელდება, როგორც ახლაა, მაშინ ვვარაუდობ, რომ წინ კარგი სეზონი გველის.
_ რატომ უნდა ჩამოვიდნენ ტურისტები ურეკში? რას სთავაზობს ეს ადგილი მათ?
_ პირველ რიგში, ურეკის საამაყო და სატრაბახო არის მაგნიტური ქვიშა, რომელიც სამკურნალო თვისებების მქონეა და ძალიან კარგი და აუცილებელიც კია ძვლების, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სახის პრობლემების მქონე მოზარდებისა და უფროსებისთვის.
ჩვენთან უპირატესობა სწორედ ისაა, რომ პირობები შექმნილია როგორც დასასვენებლად, ასევე სამკუნალოდ. ასევე ზღვიდან მობერილი სუფთა ჰაერი მისწრებაა გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც აუცილებლად დილით უნდა გავიდნენ სანაპიროზე და დატკბნენ ამ საოცარი ხედით.
ინფრასტრუქტურით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, ამ კუთხით ბევრი პრობლემაა, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და გვაქვს გარკვეული წინსვლა.
წყალმომარაგების პროექტი დასრულებულია, ასევე სრული გაზიფიცირება, წარმატებით დასრულდა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, რაც აქამდე ურეკში არ ყოფილა.
მომავალ წელს ეს პროექტები ამოქმედდება, წელს ვერ მოესწრო დატესტვა, ამიტომაც კომპანიებმა პროექტებში ჩართვისგან თავი შეიკავეს.
_ რა ძირითადი სოციალური პრობლემები აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას?
_ ძირითადი პრობლემა არის მანქანების გადაადგილება, რომელიც ქაოსურია და ბევრ შეფეხებას ქმნის არა მხოლოდ საკურორტო სეზონის დროს.
ასევე პრობლემას გვიქმნის მდინარეები, _ ბინძური ნარჩენები ჩამოაქვს, აბინძურებს და ანტისანიტარიას ქმნის სანაპირო ზოლზე. ანაგვიანებს ასევე მოსახლეობა, როგორც ადგილობრივები, უფრო ხშირად ტურისტების დაუდევარი და უყურადღებო ქცევა.
შიდა გზების პრობლემები გვაქვს. როგორც უკვე ვახსენე, დასრულდა გაზიფიციების, ასევე კანალიზაციის პროექტები, რამაც გავლენა მოახდინა შიდა გზებზე და შესაბამისად დროულად ვერ მოესწრო ამ გზების მოწესრიგება და იმ დონემდე მიყვანა, რაც საკურორტო ზონას შეეფერება.
_ რას მოუტანს ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს დასრულებული პროექტები?
_ ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტიანი იქნება არა მხოლოდ თავად კურორტისთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც. აღმოიფხვრება სანიტარიული პრობლემები, ასევე წყლის მიწოდების ხარვეზები; გაზიფიცირება იქნება უწყვეტი პროცესი, რაც კომფორტია ადგილობრივებისთვის.
მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ დაიცვას სისუფთავე და არ დაანაგვიანოს გარემო.
რადგან კურორტის სტატუსი არ გვაქვს, შესაბამისად ჯერ არ არსებობს დანაგვიანებისთვის სანქციები და სხვა შემაკავებელი მექანიზმები. როგორც კი სტატუსს მივიღებთ, გარემოს გაუფრთხილებლობა დასჯადი ქმედება გახდება.
მომავალ წელს, როდესაც ყველა პროექტი ამუშავდება და მათი ეფექტიანობა გამოვლინდება, უკეთეს საკურორტო სეზონს და მეტ ტურისტულ ნაკადს ველი, რაც ურეკის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.

ანა ურუშაძე