სიახლე კრიმინალურ პოლიციაში: მართლწესრიგის ოფიცერი უბნის ინსპექტორის ნაცვლად

უკვე რამდენიმე დღეა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ახალი ვაკანსია გამოჩნდა. სამინისტრო ეძებს გამოცდილ კადრებს მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობაზე.

რას ნიშნავს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი და რას ჩაანაცვლებს ეს ახალი მიმართულება საპოლიციო სისტემაში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებაში შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმები მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. მათი თქმით, სწორედ ამიტომ უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი მართლწესრიგის ოფიცრით იცვლება.
რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ ყურადღება გაამახვილა სისტემაში რეფორმების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიცია, როგორც სამართალდამცველი სტრუქტურის ძირითადი ხერხი, უფრო ეფექტიანი და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული უნდა იყოს.
თანამედროვე პოლიცია, უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებული უნდა იყოს საზოგადოებაზე და მის საჭიროებაზე. პოლიციის მთელი საქმიანობა უნდა განიხილებოდეს, როგორც საზოგადოებრივი სერვისის განხორციელება, რომელიც დაეფუძნება ანგარიშვალდებულებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას.
კონცეფცია, რომლის მიხედვითაც საზოგადოება პოლიციის საქმიანობის ეპიცენტრშია, „საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციად“ მოიხსენიება. მოდელთან დაკავშირებით ასევე ხშირია „პარტნიორობაზე დაფუძნებული პოლიციის“ (policing in partnarship) და „დემოკრატიული პოლიციის“ (democratic policing) ტერმინების გამოყენებაც.
საზოგადოებასთან ახლოს მყოფი პოლიციის ერთ-ერთი მოდელი, რომელიც წლების წინათ დაინერგა საქართველოში და დღემდე განხილვის საგანია მისი ეფექტიანობა, არის უბნის ინსპექტორის მოდელი.
2015 წლიდან განახლებული უბნის ინსპექტორის მოდელი დაინერგა, რომლის მიზანიც საზოგადოებასთან პოლიციური დანაყოფების ინტეგრირება იყო.
ერთ-ერთი პირველი ამოცანა, რომელიც უბნის ინსპექტორმა უნდა შეასრულოს მას შემდეგ, რაც იგი მის სამოქმედო ტერიტორიაზე იქნება გამწესებული, არის ადგილის (უბანი) პროფილის შედგენა. უბნის ინსპექტორის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მას უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ადგილობრივ დაწესებულებებთან და მცხოვრებლებთან. მისი საქმიანობის ეფექტიანობისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ მას ხელთ ჰქონდეს ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობას გაუადვილებს. უბნის ინსპექტორმა კრგად უნდა იცოდეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ადგილზე არსებული ორგანიზაციების (როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო) ფუნქციები, კომპეტენციის სფერო და სხვ. თუ მისთვის ამგვარი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იქნება, მისი მოქმედება ყოველთვის გახდება რეაქტიული და არა სოპ-ისთვის შესაბამისი _ პროაქტიული. უბნის პროფილი წარმოადგენს მონაცემებისა და ინფორმაციის მოცულობით კრებულს, რომელსაც უბნის ინსპექტორი იყენებს როგორც გზამკვლევს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში.
პროფილი შეიძლება იყოს ბლოკნოტის, ორგანაიზერის, სწრაფჩამკერის ფორმის. თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება შესაძლებლობას იძლევა შემუშავდეს პროფილის ელექტრონული ვერსია, რომელიც კომპიუტერში განთავსდება. თუმცა უბნის პროფილის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა არის ისეთი სხვადასხვაგვარი ფორმატის კომბინირება, როგორიცაა წერილობითი ანგარიშები, ფოტოები, რუკები, ინდიკატორული ტაბლოები, კომპიუტერული რეესტრი და სხვ.
პოლიციის თანამშრომელი არ უნდა შეიზღუდოს პროფილის ამა თუ იმ ფორმით წარმოებაზე მითითებით. პირიქით, იგი მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს და წახალისდეს კიდეც, რათა რაც შეიძლება შემოქმედებითად და პრაქტიკულად მიუდგეს პროფილის შედგენას.
ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რასაც უბნის პროფილი უნდა აკმაყოფილებდეს არის ის, რომ იგი უნდა შეიცავდეს შეძლებისდაგვარად ამომწურავ ინფორმაციას, რომელიც სისტემატურად უნდა ახლდებოდეს. ამასთან, იგი ადვილად უნდა იკითხებოდეს და გამოიყენებოდეს რეგულარულად. პროფილი უნდა იყოს სასარგებლო „ცოცხალი“ და არა ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთხელ შეავსეს და მერე თაროზე შემოდეს. ზედამხედველი უნდა ამოწმებდეს უბნის პროფილის ხარისხსა და მისი გამოყენების სისწორეს.
უბნის პროფილი უნდა შემუშავდეს არა ერთბაშად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. ამოცანის შესრულება მოითხოვს როგორც გარკვეულ კვლევა-ძიებას, ისე პოლიციის თანამშრომლის მიერ ადამიანებთან ურთიერთობის კარგ უნარ-ჩვევებს.
უბნის პროფილი საშუალებას აძლევს პოლიციის თანამშრომელს, დროის მოკლე მონაკვეთში გაერკვეს უბნის თავისებურებებში და მიიღოს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია იმ ტერიტორიისა და მოსახლეობის შესახებ, რომელიც მის სამუშაო უბანს წარმოადგენს.
ეს მოდელი ასევე გულისხმობს პოლიციის თანამშრომლის, იგივე უბნის ინსპექტორის მიერ კომუნიკაციის დამყარებას უბნის მცხოვრებლებთან, მათ კარგად გაცნობასა და ნდობის მოპოვებას.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებული კრიმინალური შემთხვევებისა და დანაშაულის დონის მატებამ საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებსაც დაანახვა საპოლიციო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის 2017-2018 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო 138 ქვეყანას შორის უსაფრთხოების დონის მიხედვით 37-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ წინა, 2016-2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 28-ე ადგილზე იყო, ხოლო 2015-2016 წლის მონაცემებით _ მე-16-ზე. მიუხედავად იმისა, რომ 137 ქვეყანას შორის 37-ე ადგილი არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია, აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია უკვე ორი წელია, უარესდება.
ასევე ყოველწლიურად იზრდება ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის ერთეულის რაოდენობა. თუ ეს მაჩვენებელი 2015 წელს შეადგენდა 35 096 ერთეულს, 2016 წელს ეს რიცხვი 35 997-მდე გაიზარდა, გასულ წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა ერთეულმა მოიმატა და 37 000-ს გადააჭარბა.
ეს მაჩვენებელი და მზარდი დინამიკა ქვეყანაში კრიმინოგენური დონის მატებასა და საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაზე მიანიშნებს. კრიმინალის რეგულირებისა და კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი კი სწორედ საპოლიციო სისტემაა, რომლის გამართულობა და ეფექტიანი ფუნქციონირება ქვეყანაში უსაფრთხოების დონის ერთ-ერთი გარანტია.
დაგეგმილი რეფორმების თანახმად, კრიმინალური პოლიცია კონცეპტუალურად უნდა რეფორმირდეს და შემდგომ განვითარდეს.
უბნის ინსპექტორის ინსტიტუტის ჩანაცვლება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტით რამდენად ეფექტიანი იქნება და რა გავლენას მოახდეს ქვეყანაში კრიმინალის მყისიერ რეგულირებაზე, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ახალი მოდელის დატესტვა და მისი შედეგიანობის შემოწმება იგეგმება.

– რა განსხვავება იქნება ამ ახალ მოდელსა და უბნის ინსპექტორის ინსტიტუტს შორის?
– რამდენად ეფექტიანი იქნება ეს რეფორმა კრიმინალის პრევენციის საქმეში?
„ქრონიკა+“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში უპასუხეს:

_ რას გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი შეიქმნება?
_ მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შექმნის მთავარი მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიული მიდგომით. ასევე პოლიციასთან ერთად საზოგადოების ორიენტირება უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობაა, რომელიც ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.
_ რატომ გახდა საჭირო უბნის ინსპექტორის ჩანაცვლება ამ ახალი ინსტიტუტით და რა განსხვავება იქნება მათ შორის?
_ როგორც მოგახსენეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმირების პროცესი, რის შედეგადაც იმიჯნება საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები. უბნის ინსპექტორებს ჰქონდათ როგორც ოპერატიული, ისე საგამოძიებო ფუნქციები, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტიანი იყო და დავინახეთ საჭიროება, რომ ამ მიმართულებით აუცილებლი იყო ფუნქციების გამიჯვნა. ასევე რეფორმირების კონტექსტში გადავდივართ ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე. სწორედ ამ მიზნით ვნერგავთ ახალ ინსტიტუტს _ მართლწესრიგის ოფიცერს.
_ რა ვალდებულებები და უფლებები ექნება მართლწესრიგის ოფიცერს და რამდენად ეფექტიანი იქნება ეს სიახლე დანაშაულის პრევენციისთვის?
_ მართლწესრიგის ოფიცრის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედის არასრულწლოვანთა პრობლემები, მათი დანაშაულები, ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, სამეზობლო კონფლიქტები, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა არალეგალური მიგრაცია, მოწყვლად ჯგუფებთან: ეთნიკურ, რელიგიურ, სექსუალურ უმცირესობათა, მიუსაფარ პირთა და სხვ. დაკავშირებული პრობლემური საკითხები.
მისი ერთ-ერთი ფუნქციაა მოსახლეობისთვის საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სერვისების მიწოდება; დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში; დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიზნით მართლწესრიგის ოფიცერი მოსახლეობას ინფორმაციას მიაწოდებს საპოლიციო სერვისების შესახებ და ითანამშრომლებს მოსახლეობასთან, სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სკოლების ადმინისტრაციასთან და მანდატურებთან, მედიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან. მის ფუნქცია-მოვალეობაში ასევე შედის შესწრებულ დანაშაულზე რეაგირებაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით არა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და სწორედ ხსენებული მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა. მართლწესრიგის ოფიცრის მოვალეობაში შედის მის სამოქმედო ტერიტორიაზე რისკფაქტორების იდენტიფიცირება, ანალიზი და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, რის შედეგადაც ის დაგეგმავს პრევენციულ ღონისძიებებს. ამას, რა თქმა უნდა, მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ ეტაპობრივად მოჰყვება დადებითი ეფექტი.
_ როდიდან იგეგმება ამ სიახლის დანერგვა?
_ ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში თბილისში დაინერგება, სადაც 365 მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას. მათგან 300 ოფიცერი ღია კონკურსის წესით აირჩევა, ხოლო დანარჩენი არსებული კადრებიდან გადამზადდებიან. უკვე გადამზადებული მართლწესრიგის ოფიცრები ზაფხულის ბოლოს გამოჩნდებიან თბილისში, ხოლო ახალი მართლწესრიგის ოფიცრების მიღება ამჟამად მიმდინარეობს. მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ ჩვენს ვებგვერდზე: www.officer.ge. ახლად მიღებული მართლწესრიგის ოფიცრები, შესაბამისი მომზადების კურსის გავლის შემდეგ, წლის ბოლომდე შეუდგებიან მუშაობას.

ანა ურუშაძე