თელავის გენგეგმის დეტალები

ბუნებრივი და კატასტროფული მოვლენებისგან მოსახლეობისა და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას.
სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურება მთლიანად განისაზღვრება ბუნებრივი ლანდშაფტური პირობებით, გეოლოგიური აგებულების სირთულით, ქანების დაბალი საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების მახასიათებლებით და, რა თქმა უნდა, უდიდესი ანთროპოგენული წნეხით ეკოლოგიურ გარემოზე: ათეული წლის წინათ დაწყებული ტყის საფრის უსისტემო, მასობრივი გაჩეხა, არასწორი მორწყვით და ჭაბურღილების ექსპლუატაციით მნიშვნელოვანი ფართობების დამარილებით, დამლაშებით, დაჭაობებით, საძოვრების უყაირათო გამოყენებით და სხვ.

საქართველოში განვითარებულია თითქმის ყველა სახის საშიში გეოლოგიური მოვლენა: ღვარცოფი, მეწყერი, ფართობული ეროზია, ზღვის ნაპირების გარეცხვა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა და ქარისმიერი ეროზია, თოვლის ზვავები და ა. შ.
საქართველოში 50 ათასი მეწყრული უბანი და 3000-მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. მათზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ვერ განხორციელდება, მაგრამ მოსახლეობის დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და ამასთან გასატარებელია პროფილაქტიკური სამუშაოებიც. მთელი საქართველოს მთიანეთი მეწყერსაშიშია, საჭიროა ჯებირების გაკეთება, მთიან ზოლებში ხე-ტყის არსებობა. ბუნებრივი კატასტროფები ქვეყანას წელიწადში, მინიმუმ, 150 მლნ-ით აზარალებს. რთული რელიეფის გამო საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. რაც ჩატარდა, მცირეა. შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა.
ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.

***
თელავის გენერალური გეგმის შემუშავება ერთ-ერთ საკითხად სწორედ „თელავის ხევის“, იგივე თელავის რიყის შესწავლას ითვალისწინებს.
1977 წელს ღვარცოფის მოქმედების შედეგად ძლიერ დაზარალდა ქალაქი თელავი, დაიფარა ქალაქის ქუჩები, დააზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ცნობილია, რომ 1978 წელს ღვარცოფებისგან ქალაქის დასაცავად თელავის ხევის კალაპოტის გასწვრივ, ქალაქის სამხრეთით დაუსახლებელ ტერიტორიაზე, აშენდა ღვარცოფსაწინააღმდეგო დამცავი გაბიონი. მისი მიზანია ღვარცოფისა და წყლის ძლიერი ნაკადის შენელება ღვარცოფის ან წყალმოვარდნის დროს.
თელავის ხევი მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. გარემოს დაცვის ექსპერტები ღვარცოფული სტიქიის მოვარდნისგან დამცავი სქემის შემუშავებასა და პრევენციული ტიპის ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ცნობილია, რომ ღვარცოფული სტიქია 100 წელიწადში ერთხელ მეორდება.

რობერტ დიაკონიძე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ერთ-ერთი ექსპერტთა ჯგუფიდან, რომელიც თელავის ხევს სწავლობს:
_ სამუშაო ჯგუფი ვიყავით, მთა ცივიდან მდინარის ხეობაში ფეხით ჩამოვედით. წინასწარ უკვე შევისწავლეთ, გაანგარიშებებს დრო სჭირდება, რამდენიმე დღე.
ხეობაში მეწყრული პროცესებია განვითარებული. რომ გითხრათ, რამე დამცავი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს-მეთქი, არ შეიძლება. ადგილებში, სადაც ტექნიკა ან ადამიანის ძალა მისწვდება, კალაპოტის გაწმენდა შესაძლებელია, რომ მერე ნაკადის სვლას წყალდიდობის დროს ხელი არ შეუშალოს.
რაც შეეხება ქალაქის უსაფრთხოებას, ამ წუთში ადრე აშენებული სამი შენობა (ე. წ. ხერხეულიძის ნაგებობები) ნამდვილად დაიცავს ქალაქს დაზიანებისა და დანგრევისგან. მაგრამ 100-წლიანი განმეორადობის შემთხვევაში უნდა დაზუსტდეს, გაატარებს თუ არა?!
– იზრდება თუ არა თელავის ხევში ღვარცოფის მოვარდნის საფრთხე? კერძოდ, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული კალაპოტი, რომელიც ხელოვნურადაა უკვე მოპირკეთებული რკინა-ბეტონით და ფილები, რომელიც მასშია განლაგებული, გაატარებს თუ არა მაქსიმალურ 1%-იან ხაზს, ანუ 100-წლიანი განმეორადობის პროგნოზი როგორია? 100 წელიწადში ერთხელ რომ მოვა ამ სიდიდის ხარჯი, ამას ჰქვია პროგნოზული სიდიდე 100-წლიანი განმეორადობით, წყლის ხარჯების 0,1%-იანი უზრუნველყოფით.
_ წყლის მაქსიმალურ ხარჯებზე პროგნოზული სიდიდეები უკვე გათვლილი მაქვს, ასევე ღვარცოფზეც.
ახლა ვანგარიშობთ გამტარუნარიანობას, გაატარებს თუ არა ეს კალაპოტი ამ შემთხვევაში? წინასწარი მონაცემებით, რატომღაც, მე თავიდან ცუდი ინფორმაცია მომაწოდეს, მაგრამ მერე უფრო სასიკეთო გამოჩნდა, რადგანაც მთლიანად წყლის აუზის ფართობი რაც აქვს, თელავის ხევს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში რუკებზე თელავის რიყე ჰქვია, მასში შედის რამდენიმე მდინარე: მაწანწარა, ვარდისუბანზე რომ გადის და კიდევ სხვა მდინარეები.
მაგრამ ბუნებამ ისე გააკეთა, როდესაც თელავს აშენებდნენ, ისეთი ადგილი შეარჩიეს, მხოლოდ თელავის რიყე, ანუ თელავის წყალი მონაწილეობს. ის აუზები გამოყოფილია არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად, აქედან გამომდინარე, აუზის ფართობი შემცირდა.
ახლა მონაცემებს ვაზუსტებთ, რამდენს გაივლის წყლის ხარჯი, გაატარებს თუ არა და უმოკლეს დროში გვეცოდინება ყველაფერი. ეს რაც შეეხება უსაფრთხოებას წყალდიდობისა და ღვარცოფული ნაკადების ფორმირების შემთხვევაში.
რა არის სანიტარიული ზონა?

სანიტარიული დაცვის ზონები შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ წყლის მარაგებისა და რესურსების დაცვის მიზნით, რომელიც სასმელად, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო და საკურორტო დანიშნულებისთვის გამოიყენება. სანიტარიული ზონები 3 სარტყლად იყოფა და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული რეჟიმი აქვს:
პირველი სარტყელი _ მკაცრი რეჟიმის ზონა მოიცავს ტერიტორიას, სადაც მდებარეობს წყალმომარაგების წყლის ობიექტი. ამ სარტყელში აკრძალულია გარეშე პირთა ცხოვრება, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების განთავსება, ინერტული მასალების მოპოვება, ჩამდინარე წყლების ჩაშვება, პირუტყვის ძოვება, შხამქიმიკატების გამოყენება მცენარეთა დაცვის მიზნით.
მეორე სარტყელი _ ტერიტორია, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება წყალმომარაგების წყლის ობიექტებს და მათ შენაკადებს. ამ სარტყელში აკრძალულია საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს წყლის ხარისხობრივ და რაოდენობრივ გაუარესებას, მშენებლობა, მცენარეული საფრის მოსპობა, სარკინიგზო და საავტომობილო გზების გაყვანა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.
მესამე სარტყელი _ მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორია, რომლის არასასურველ მდგომარეობაში ჩაგდებამ შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის ქიმიური დაბინძურება.
საფრთხე წყალშია

რობერტ დიაკონიძე გენგეგმის სანიტარიულ #1 ზონაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ამ ხეობაში მეორე ეკოლოგიური პრობლემაა _ არ არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, აქედან მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველყოფენ. ჭებს თავი ღია ჰქონდათ და რამდენიმე ჭას თავი ჩვენ დავახურეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ჭაში ცოცხალი ორგანიზმი ჩავიდეს, მოკვდება, შეიძლება ძაღლი ჩავარდეს და ბიოლოგიურად წყალი დაბინძურდება. არ შეიძლება ასევე მწვადების შეწვა. ეგ არის სანიტარიული ზონა ნომერი პირველი, საიდანაც სასმელი წყლით მარაგდება თელავი. ეს სანიტარიული ზონა ბუნებრივად არის გამოყოფილი. ვერც ცივიდან, ვერც ფერდობებიდან იქ ვერც ცხოველი შევა და ვერც _ ადამიანი, ჩვენც ძლივს ჩამოვედით. მხოლოდ შესასვლელში უნდა ღობის გადაღობვა, რომ შიგნით უცხო არ შევიდეს, ყარაულიც დაუყენონ და არ გაუშვან არავინ, იმიტომ რომ ქალაქი წყლით მარაგდება.
ეს ორი პრობლემაა გამოკვეთილი. აუცილებლად სჭირდება წყლის ხარისხის შესწავლა. დადგინდეს, რა ინგრედიენტებია, რომელი ნივთიერებებია დასაშვები წყლის ხარისხში, რომელიც უსაფრთხო იქნება ადამიანებისთვის, სასმელი წყლისთვის რომ გამოიყენონ ეს წყალი.
მეორე: გაატარებს თუ არა ღვარცოფის დამცავი ნაგებობა, ამას ვაზუსტებთ, თუ რამდენს გაატარებს და რამდენს ვერ გაატარებს. თუ ვერ გაატარებს, ღონისძიებებს დავსახავთ, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამ შენობასაც, რომელიც ახლა არსებობს, თუ მიხედავენ, 50 წელი საშიშროება არ ემუქრება. ოღონდ სარეაბილიტაციო სამუშაოები სჭირდება, რადგან ქვედა პირველ და მეორე ნაგებობას საყრდენები გამორეცხილი აქვს. დროთა განმავლობაში, თუ მას დროულად არ გავაკეთებთ, საყრდენები გამოეცლება და ნაგებობა ჩამოინგრევა, ამიტომ დროულად უნდა მიხედვა. ეს არის, რაც პირველი შეხედვით და დღევანდლამდე შესწავლით ჩანს“.

გაცნობებთ: დღეისთვის თელავის გენერალური განვითარების გეგმის მე-2 ეტაპი დასრულებულია.

მაკა მოსიაშვილი