მთავარი საზოგადოება დათო გამცემლიძე: „ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც _ სამხრეთ კორეა გასული საუკუნის 1950-იან...

დათო გამცემლიძე: „ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც _ სამხრეთ კორეა გასული საუკუნის 1950-იან წლებში!“

863
0
გაზიარება

აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატოში ინტეგრირების პერსპექტივაზე, რუსეთის ინსპირირებულ გამოწვევებსა და არსებულ რეალობაზე, რომელიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური მომავლის ფორმირებას ახდენს, „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

_ აშშ-ის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებით ფასდება, როგორც უპრეცედენტო მხარდაჭერის მაგალითი. გავშალოთ თემა, ანუ ავხსნათ, რაზეა საუბარი, რამდენად გამორჩეულია ეს ქმედება და რამდენად სასარგებლოა საქართველოს უსაფრთხოებისა და შემდგომი განვითარებისთვის?
_ ბოლოდროინდელი მოვლენები ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია უპირველესად ტენდენციის თვალსაზრისით. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს ტენდენცია იმედისმომცემია. უპირველესად მისი შეუქცევადობის გამო: ამერიკა ზესახელმწიფოა, ხოლო ზესახელმწიფოები, საკუთარი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, იშვიათად ურიგდებიან უკვე გლობალურად დაფიქსირებული და ოფიციალურად არტიკულირებული პოლიტიკის „შებრუნებას“.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელმა (აქვე ვიტყვი, რომ ამერიკულ სახელმწიფო-ადმინისტრაციულ სისტემაში „თანაშემწე“ ბევრად მეტია, ვიდრე პოსტსაბჭოური სივრცის ანალოგიურ კულტურაში) განაცხადა, რომ ამერიკის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ „გაუზარდა სამხედრო დახმარება საქართველოსა და უკრაინას, რომელთაც რუსეთი ძალის გამოყენებით ემუქრება“. და რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა შეზღუდვები, რაც ამ მხრივ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ დააწესა.
_ ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ საინტერესო განცხადებაა.
_ დიახ, აქ ოთხი ძალიან ძლიერი მესიჯია:
უპირველეს ყოვლისა, რომ ამერიკა უზრდის სამხედრო დახმარებას, მათ შორის, იარაღის მიწოდებას საქართველოსა და უკრაინას. ხშირად ამგვარი დახმარება აფიშირებული არ არის, მაგრამ ვაშინგტონი აღარ მიიჩნევს აუცილებლად, თუნდაც პოლიტიკური და დიპლომატიური ტექნოლოგიიდან თუ ტაქტიკიდან გამომდინარე, ეს დაფაროს. ასეთი ღია განცხადება სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის, პირველ რიგში, ამერიკის ევროპელი მოკავშირეებისთვის.
მეორე: ღიად არის დასახელებული პოტენციური აგრესორი _ რუსეთი. თუმცა, იმავე „ტექნოლოგიიდან“ გამომდინარე, შესაძლოა იგი არც დაფიქსირებულიყო, მაგრამ ძალიან გამოცდილმა ამერიკელმა დიპლომატმა აღარ მიიჩნია საჭიროდ, „პოლიტესი“ დაეცვა ამ საკითხში.
მესამე: არანაირი იურიდიული შეზღუდვა იარაღის მოწოდებაზე ობამას არ დაუწესებია, მაგრამ არსებობდა პოლიტიკურად მოტივირებული, არადეკლარირებული ემბარგო, გამომდინარე ვაშინგტონ-მოსკოვის „გადატვირთვის“ პოლიტიკიდან, რომელმაც ნამდვილად მოუტანა ტაქტიკური წარმატება, მაგალითად, ლიბიის რეზოლუციის „არდავეტოვება“ მოსკოვის მიერ, _ ამან დასავლეთს მუამარ ყადაფის დამხობის საშუალება მისცა, მაგრამ სტრატეგიულად სამარცხვინო კრახით დასრულდა: ყირიმის ანექსიით და დონბასის ოკუპაციით.
მეოთხე: უკრაინა და საქართველო ნახსენებია „პაკეტში“! ესეც უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც ამ ორი „ქეისის“ „განცალკევებას“ ცდილობენ. მათი ნარატივია: „2008 წელს მართალი იყო მოსკოვი, როდესაც ქართველების მიერ ჩაგრული უმცირესობები დაიცვა და საკუთარ მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმას უპასუხა… აი, 2014 წელს კი აღარ იყო მართალი, როდესაც ყირიმი მიიერთა და დონბასი, ფაქტობრივად, წაგლიჯა უკრაინას“.
დიახ, არიან ასეთი ძალები და არსებობს ამგვარი ნარატივი, განსაკუთრებით ევროპაში, _ ვისაც ჯიუტად არ სურს განიხილოს ეს მოვლენები „ისტორიულ პერსპექტივაში“, ანუ „კონტექსტში“. თუმცა მაინც მოუწევთ ამ დისკურსის მიღება _ სურთ მათ ეს თუ არა. და ვაშინგტონის პოზიცია ამაშიც დაგვეხმარება.
_ კონგრესში შესულ რეზოლუციებზე რას გვეტყვით?
_ გარდა ამისა, ამერიკის კონგრესში შევიდა ორი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა: „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ მიღება, რაც უამრავ ოფციას შეიძლება ითვალისწინებდეს: მსხვილ ინვესტიციათა გარანტირებიდან სახელმწიფო სააგენტო OPIC-ის ხაზით, უვიზო რეჟიმამდე; ასევე განიხილება „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“.
ახლა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ქართულ დიპლომატიაზე _ ეს ტენდენციები უნდა გაძლიერდეს და ხორცი შეისხას უახლოეს მომავალში, რათა კონტექსტიდან არ ამოვარდეს საქართველოს საკითხი.
_ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხომ არ მივიღეთ ჩვენთვის იდეალური მდგომარეობა, როდესაც ნატოს გარეშეც კი ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულად დაცულია? და მეტიც: ამ ვითარებაში ეს ხომ არ იქნება ერთგვარი სტიმული ალიანსისთვის, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრირებისთვის?
_ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოქმედებს, მხოლოდ და მხოლოდ, კონსენსუსის საფუძველზე. ეს მოცემულობა არ შეიცვლება. „კოლექტიური თავდაცვის“ შესახებ წესდების მეხუთე პუნქტის ნებისმიერი სახით რევიზია გამორიცხულია!
მაგრამ ჩვენ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური და იურიდიული გარანტიები იმ გაგებით, რომ პოლიტიკური გარანტია ხშირად არანაკლებ ქმედითია, ვიდრე _ იურიდიული. გააჩნია კონტექსტს.
მაგალითად, 1994 წელს რუსეთმა, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა გააფორმეს „ბუდაპეშტის მემორანდუმი“, რომელსაც იურიდიული ძალმოსილება ჰქონდა. წესით, მას უნდა დაეცვა უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისგან. სანაცვლოდ, კიევი უარს ამბობდა ბირთვულ იარაღზე და ამ არსენალს რუსეთს გადასცემდა.
მიუხედავად ამისა, ისევ და ისევ, ობამას ადმინისტრაციის დროს, ამ ხელშეკრულებამ უკრაინა, როგორც ვხედავთ, ვერ დაიცვა.
1990-იან წლებში რუსეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა, რომელიც თავისი დროისთვის ძალიან ძლიერი ფიგურა იყო, მიაღწია ნატო-რუსეთის „ფუძემდებლური აქტის“ ხელმოწერას. პრიმაკოვმა იმოქმედა პოლიტიკის უმთავრესი მაქსიმით: „პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა“. მან იცოდა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ალიანსში შესვლას მაშინ უკვე ვეღარაფერი შეაფერხებდა, ამიტომ „აქტში“ ასეთი დებულება ჩადო _ დავაკვირდეთ: „ნატო-ს არ აქვს რეზონი, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიის ქვეყნებში განალაგოს არსებითი სამხედრო ძალები“.
ანუ კი ბატონო, მიიღეთ წევრად, მაგრამ არსებით სამხედრო ძალებს იქ ნუ განალაგებთო.
ეს კომპრომისი დღეს ძალიან აღელვებთ ბალტიელებს, რადგან აღმოჩნდა, რომ, ერთი მხრივ, მიუხედავად რუსეთის აგრესიისა უკრაინისა თუ საქართველოს მიმართ, ნატო-ს წევრი ქვეყნები იქ კონტინგენტს მხოლოდ როტაციის საფუძველზე აგზავნიან, რათა „აქტი“ არ დაარღვიონ, ხოლო, მეორე მხრივ, იქვე, მათ საზღვრებთან, განლაგებულია რუსეთის ზემძლავრი სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც წმინდად სამხედრო თვალსაზრისით(!) შესწევს უნარი, 12 საათში დაიპყროს სამივე ქვეყანა და ფიზიკურად მას ვერავინ შეუშლის ხელს იმ მარტივი მიზეზით, რომ წინააღმდეგობის ძალები აშკარად არასაკმარისია. მერე, როცა უკვე ოკუპაციის ფაქტის წინაშე აღმოჩნდება, რას და როგორ მოიმოქმედებს ნატო, სხვა საკითხია.
_ ანუ?
_ ამით იმის თქმა მინდა, რომ არათუ ყბადაღებული MAP-ი, ანუ „წევრობისთვის განსახორციელებელ ქმედებათა ნუსხა“ თუ „საგზაო რუკა“, არამედ ნატო-ს ნამდვილი წევრობაც კი არ ქმნის სრული დაცულობის გარანტიას. მაგრამ ქვეყანამ შედარებითი დაცულობის გარანტიები შესაძლოა მიიღოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური გარანტიები ექნება. ისევ და ისევ, გააჩნია კონტექსტს! კონტექსტი პოლიტიკის უმთავრესი ცნებაა.
მიტჩელის პროქართული განცხადება სწორედაც ამგვარი, ანუ პოლიტიკური გარანტიების გაძლიერებაა. მეორე მხრივ, რუსეთსაც დღეს, შესაძლოა, „არ უღირდეს“ იმგვარი ქმედებები, რაც „უღირდა“ საქართველოს მიმართ 2008 წელს და უკრაინის მიმართ 2014 წელს.
ამავე დისკურსში უნდა განვიხილოთ საქართველოსთვის, მაგალითად, დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების თემა: რომც დავიჯეროთ, რომ 1980-იან წლებში შექმნილ ამ სისტემებს ძალუძთ რუსული SS-26 „ისკანდერის“ რაკეტა მოიგერიონ, ან მეოთხე-მეხუთე თაობის რუსული ბომბდამშენები ჩამოაგდონ, სამხედრო თვალსაზრისით ეს მაინც არანაირი გარანტია არ არის, ვინაიდან რუსეთს შორსმსროლელი არტილერია და უახლესი ზალპური ცეცხლის დანადგარები (ზცდ) აქვს განლაგებული ზუგდიდიდან 4 კილომეტრში, გორიდან 25 კილომეტრში და თბილისიდან 40 კილომეტრში… მაშინ, როდესაც ზცდ-ს ზოგიერთი მოდიფიკაციის წვდომის უნარი 100 კილომეტრია, ანუ ცხინვალიდან, რომელიც საქართველოს გეოგრაფიული ცენტრია, ასევე ენგურის ნაპირიდან, რუსეთის არმია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს ფარავს. მათ შორის მთლიანად „ფარავს“ უმნიშვნელოვანეს კომუნიკაციებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თბილისი-გორი-ფოთის სასიცოცხლო მაგისტრალის „გადაჭრა“ ჩვეულებრივი ტყვიამფრქვევითაა შესაძლებელი _ ამისთვის ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა გამოსვლაც კი არ სჭირდებათ.
ამდენად, იარაღის მოწოდება და ამ გადაწყვეტილების ღიად დეკლარირება „პოლიტიკური დემარშია“, რომელიც აიძულებს მოსკოვს, „აწონ-დაწონოს“, უღირს თუ არა დამატებით პოლიტიკურ რისკებად _ „აქ და ახლა“ _ მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ იმ ვითარებაში, როდესაც აგრძელებს ომს უკრაინაში, ხოლო დასავლეთის ჩართულობა ბევრად მაღალია, ვიდრე 2008 წელს.
აქედან გამომდინარე, ყველა შეთანხმება იარაღის მოწოდებაზე პოლიტიკური გამარჯვებაა, რომელიც ნამდვილად ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. რასაკვირველია, არა აბსოლუტურად, არამედ ფარდობითად… აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია, როგორც აღვნიშნეთ, ბალტიის სახელმწიფოებსაც კი არ გააჩნიათ მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრები არიან. ამაზე მეტყველებს როგორც მათი ლიდერების _ მაგალითად პრეზიდენტ გრიბაუსკაიტეს _ შიშნეული განცხადებები, ასევე თვით ნატო-ს უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტთა თუ წარმომადგენელთა არაერთი, თანაც ღიად გაჟღერებული დასკვნა: თუ რუსეთი მოულოდნელად შეუტევს ბალტიის რესპუბლიკებს, ნატოს იქ არ გააჩნია ძალა, ისინი დაპყრობისგან დაიცვას.
ერთდერთი, რაც რუსეთს ამ მიმართულებით აკავებს, პოლიტიკაა და არა სამხედრო მიზანშეწონილობა ან „შესაძლებლობა“. თუმცა როგორც ბისმარკი ამბობდა: „არსებითია არა განზრახვა, არამედ პოტენციალი“. პრიმაკოვის დიპლომატიურმა მოქნილობამ კრემლს ეს „პოტენციალი“ შეუნარჩუნა.
_ მრჩება შთაბეჭდილება, შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური განცდაა, რომ აშშ-ის დიპლომატიას ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან მიმართებით ტრადიციული ჩანაწერის _ ნატო ერთგულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საქართველოსთან დაკავშირებით _ წინ ვერ წავიდოდით. ხომ არ იყო ეს გარემოება დამაჩქარებელი ფაქტორი აშშ-ის აქტიურობის?
_ ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმას, რომ სანამ უკრაინის საკითხი სტრატეგიულად არ გაირკვევა, საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს. ანუ უკრაინასთან „პაკეტში“ განხილვას, ამ მხრივ, აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ოღონდ „დადებითი“ მეტია, თანაც რეალური, „უარყოფითი“ კი მხოლოდ თეორიული, ჰიპოთეტური შესაძლებლობებიდან და ალბათობებიდან გამომდინარეობს.
მართალს ბრძანებთ, რომ ვაშინგტონის ბოლო „შეტყობინებანი“ გარკვეული კომპენსაციაა პროდასავლური, უფრო კონკრეტულად, პროამერიკული ისტებლიშმენტისთვის საქართველოში. ამით ამერიკა კიდევ ერთხელ გვეუბნება: თუ არ შეეცდებით, დაანგრიოთ ის Status Quo, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ჩამოყალიბდა, ჩვენ არ მივცემთ რუსეთს იმის საშუალებას, თავად დაანგრიოს ეს Status Quo და უფრო შორს „წამოვიდეს“ საქართველოს სიღრმეში.
_ მართალია, ერთი შეხედვით, უშუალო ბმის დანახვა შეუძლებელია, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ერდოღანის კვლავ გაპრეზიდენტებამაც დააჩქარა აღნიშნული საკითხის ფორსირება? ანუ იყო თუ არა ვაშინგტონის კეთილგანწყობა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორით განპირობებული?
_ აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენს ჰიპოთეზას. არაერთგზის გვითქვამს, რომ თურქეთში განვითარებული ისტორიული პროცესები _ ბოლო 10 წლის მანძილზე მზარდი ტენდენციით _ შეუძლებელია გლობალურ ზესახელმწიფოს არ აღელვებდეს: უკვე არ არსებობს იმის გარანტია, რომ ერდოღანის, ჯერჯერობით, შედარებით რბილი „პოლიტიკური ისლამიზმი“ რაღაც უფრო რადიკალურ პროექტში არ გადაიზრდება და თურქეთი აღარ შეასრულებს დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირის როლს, რომელიც მას ამ სახელმწიფოს დამფუძნებელმა ქემალ ათათურქმა განუსაზღვრა „ვესტერნიზაციის“ პროექტით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი საბოლოოდ გაფორმდა.
ამდენად, ამერიკას უეჭველად სჭირდება და სულ უფრო დასჭირდება საიმედო საყრდენი ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში. ეს მოცემულობა ჩვენთვის მრავალი პერსპექტიული შანსის შემქმნელია. გააჩნია, რამდენად გონივრულად ვიმოქმედებთ მის გამოსაყენებლად, რადგან ამ პერსპექტივასა და „შესაძლებლობათა კომპლექსს“ კარგად ხედავენ როგორც მოსკოვში, ასევე _ ანკარაში.
_ რუსეთის რეაქციებსა და შესაძლო საპასუხო ქმედებებზეც ვისაუბროთ. „ლუგარის ლაბორატორიის“ გამო გაკეთებული განცხადება, როდესაც იმავე სომხეთში, რომელზედაც თავად რუსეთს სამხედრო კონტროლი აქვს დაწესებული, რამდენიმე ანალოგიური ლაბორატორიაა, რა მესიჯია?
_ მართალს ბრძანებთ; „ლუგარის ლაბორატორიის“ ანალოგიური ობიექტები არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთში და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში.
ბუნებრივია კითხვა: რატომ არ რეაგირებს მოსკოვი ასევე მწვავედ, როგორც საქართველოს შემთხვევაში?
სინამდვილეში, რეაგირებს! უბრალოდ, ეს რეაქცია დიპლომატიური არხებით შემოიფარგლება, რადგან სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა. თუმცა „დახურულ კარს მიღმა“ სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგებს რამდენჯერმე უმკაცრესად მოსთხოვა, _ ან დახუროს ეს ლაბორატორიები, ან შეუშვას იქ რუსი სამხედრო სპეციალისტები.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ამჟამინდელი „მოდუსი“ კრემლს საშუალებას აძლევს, ღიად ილაპარაკოს ამ თემაზე დიპლომატიისა და „პოლიტესის“ გარეშე… მაშინ, როდესაც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები სხვა მოდუსისაა. ეს არის და ეს.
მეორე მხრივ, „ლუგარის ლაბორატორიის“ თემა მოსკოვს მხოლოდ შესაბამისი „ფონის“ შესაქმნელად სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მიმართ ახალი ემბარგოს შემოღება „გააპრავოს“. თან ისე, რომ ფორმალურად არ დაარღვიოს WTO-ს წესდება.
რეალურად, არანაირი „ბიოლოგიური იარაღი“ ამ ლაბორატორიებში არ მუშავდება, არავითარ საფრთხეს ეს ლაბორატორიები რუსეთისთვის არ წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით სტრატეგიულ სფეროში საქართველო-ამერიკის ასევე სომხეთ-ამერიკის, ყირგიზეთ-ამერიკის თანამშრომლობის ფაქტს, რაც მოსკოვში ტრადიციულად აღიზიანებთ.
_ რას ელოდებით ტრამპი-პუტინის მოსალოდნელი შეხვედრისგან საქართველოს კონტექსტში? მით უფრო, გამოითქმის მოსაზრებები, ბრიტანულ მედიაში გაჩნდა ასეთი აზრი, რომ თეთრი სახლი შესაძლოა, დათანხმდეს რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას. გაიჟღერებს კი შეხვედრაზე „საქართველო“ და თუ არის ასეთი მოლოდინი, ეს ვაშინგტონის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება თუ საქართველოს დიპლომატიისა და ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად?
_ არც ერთ შემთხვევაში ამერიკა ყირიმის რუსეთში შესვლას არ აღიარებს არც პოლიტიკურად, არც, მით უმეტეს, იურიდიულად. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი საერთოდ დაანგრევს იმ „მსოფლიო წესრიგს“, რომელსაც დღეს ევროატლანტიკური ცივილიზაცია ეფუძნება. ამის საშუალებას ტრამპს არც ამერიკის ელიტები მისცემენ, არც _ ევროპელი მოკავშირეები.
სხვა საქმეა, რომ დე ფაქტო ამერიკამ შეიძლება, სცადოს ამ ვითარების „დაკონსერვება“, ისევ და ისევ, თუ პუტინი კიდევ უფრო შორს არ წავა. კომპრომისის საგანიც შეიძლება ეს გახდეს: დე ფაქტოდ არსებული მოდუს-ვივენდის შენარჩუნება, როდესაც რუსეთი და ამერიკა რეალობას ცნობენ სხვადასხვა მოტივით. მაგალითად, ამერიკას არასდროს უცნია ბალტიის სახელმწიფოთა ინკორპორირება სსრკ-ს შემადგენლობაში, მაგრამ რეალ-პოლიტიკაზე ეს არ ასახულა. თუმცა ამ შესანიშნავმა ისტორიულმა ფაქტმა, ანუ „არაღიარებამ“, საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ, დააჩქარა ლიტვის (ლიეტუვა, _ რედ.), ლატვიისა და ესტონეთის გაწევრება ნატო-ში.
ტრამპი შეეცდება, ამ „რეალ-პოლიტიკისა“ და ვერბალური განცხადებების სანაცვლოდ პუტინს ჩრდ. კორეის საკითხში მხარდაჭერა წაჰგლიჯოს, რასაც ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ კრემლში კარგად იციან: ის, რაც ამჟამად აქვთ, „ისედაც აქვთ“, ხოლო რაც „ისედაც აქვთ“ და ვერავინ ვერც ერთ შემთხვევაში ძალით ვერ წაართმევს, ამის სანაცვლოდ კიდევ რაღაცის დათმობა მეტისმეტი არაპროფესიონალიზმი იქნებოდა.
ასეთი არაპროფესიონალები არც კრემლში სხედან და არც _ სმოლენსკის მოედანზე.
რაც შეეხება საქართველოს, ჩემი პროგნოზით, ჩვენი ქვეყნის საკითხი განხილვის თემა არ იქნება და შესაძლოა, საერთოდ არც ახსენონ, რადგან უკრაინისგან განსხვავებით, ამერიკამ აქ მიაღწია ვითარების, ასე თუ ისე, გადაყვანას Status Quo-ს მდგომარეობაში, თუნდაც ეს Status Quo, ჯერჯერობით, მერყევი და არამდგრადი იყოს. არავინ აპირებს საქართველოს ან უკრაინის „ჩაბარებას“ და „გაყიდვას“. ეს ბოროტი, მტრული ნარატივია.
_ რატომ არ არის ევროპა მზად არაორდინალური ნაბიჯებისთვის? ეს მხოლოდ ტრანსნაციონალური კორპორაციების გავლენის გამო, თუ რუსული კომპლექსი იმდენად ღრმადაა გამჯდარი იმავე კანცლერ მერკელის ან საფრანგეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის შინაგან კოდში, რომ მოსკოვის ფაქტის წინაშე დაყენების ეშინიათ? თუმცა მარტივი ლოგიკით, საქართველო ხვალ რომ გახდეს ნატოს წევრი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამორიცხულია, მოსკოვმა ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიის ოკუპაციის გადაწყვეტილება მიიღოს. ამავე დროს, აბსოლუტურად შესაძლებელი ხდება, ოკუპირებული ტერიტორიების პირობებშიც კი ნატოში ინტეგრაცია წარმატებულად დასრულდეს.
_ სწორი შენიშვნაა გერმანულ ელიტებსა და პოლიტიკურ კლასში, შესაბამისად პოლიტიკურ კულტურაში არსებული „კოდი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომსა და საზარელი დანაშაულის კომპლექსს უკავშირდება. თუმცა ამაზე მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს.
არავითარი იურიდიული წინაღობა არ არსებობს და ნატო-ს წესდების არც ერთი პუნქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. MAP-ი წევრობას არ ნიშნავს. სრულუფლებიან წევრობას იურიდიულად ხელს უშლის დებულება, რომ წევრი ქვეყანა უნდა აკონტროლებდეს საკუთარ საზღვრებსა და ქვეყნის ტერიტორიას. საქართველო ვერ აკონტროლებს საზღვაო აკვატორიის 60%-ს და ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებთ, 15-20%-ს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე _ ვიმეორებ: ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში განლაგებულია რუსული არმიის ქმედითი დანაყოფი _ აღჭურვილი უახლესი ტექნიკით.
მაგრამ მაპ-ი მხოლოდ კანდიდატობაა. ასევე კანდიდატობას ნიშნავს ასპირანტის სტატუსი.
მათ შორის მხოლოდ ერთი, თუმცა არსებითი განსხვავებაა: მაპ-ი იურიდიული ინსტიტუტია, ანუ გაწერილია ალიანსის წესდებაში, ასპირანტი კი არაოფიციალური სტატუსია. ამის მიუხედავად ასპირანტი პოლიტიკურ მხარდაჭერას ნიშნავს. ანუ გულისხმობს, რომ ალიანსი აღიარებს ქვეყანას მნიშვნელოვან პარტნიორად.
რაც შეეხება სამხედრო გარანტიებს, ამ ქოლგის ქვეშ სრულიად შესაძლებელია ორმხრივი ხელშეკრულება საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რასაც სტრატეგიული ხასიათი ექნება.
_ და ისევ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ: საქართველოს უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება მხოლოდ რეზოლუცია და ვაშინგტონის კეთილი ნება. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. და რა იქნება ეს უფრო მეტი, რის მოცემასაც აშშ არ დაიშურებს _ ბაზა, ეკონომიკური დახმარება რეფორმების კუთხით, დემოკრატიული პროცესები? რას აძლევს ეს გადაწყვეტილება საქართველოს, მის პოლიტიკურ ცხოვრებას და რა გავლენას მოახდენს ის ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილიზაციაზე?
_ საქართველო შინაარსობრივად რეგრესული, არადემოკრატიული სახელმწიფო რომ იყოს, იგი ასპირანტის სტატუსს ვერ მიიღებდა. ოღონდ აქ პირდაპირი კორელაცია არ არსებობს. ძალიან ძნელია დემოკრატიული უწოდო უამრავ ქვეყანას, სადაც ამერიკული ბაზებია განლაგებული, მაგრამ ჩვენი ვითარების უნიკალურობა ისაა, რომ აქ _ ზემოთხსენებული მიზეზების გამო _ ამერიკის ღირებულებითი არჩევანი პრაგმატულ არჩევანს შეიძლება კიდეც დაემთხვეს.
სწორედ ამიტომ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და მის უმთავრეს მარკერებს: სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიულ არჩევნებსა და ა. შ. მხოლოდ სასიკეთო იქნება, თუ ამ მონაპოვარს დაემატება რეალური მრავალპარტიულობა, სამთავრობო პლურალიზმი, ანუ კოალიციურობა და ხელისუფლებათა ისეთი ცვალებადობა, რაც დესტაბილიზაციასა და ქაოსს არ იწვევს.
ეს ბოლო პირობა ყველაზე ღრმა სისტემური ნიშანია, თუ რამდენადაა მზად ქვეყანა, იწოდებოდეს შემდგარ სახელმწიფოდ; რადგან „შემდგარი სახელმწიფო“, დასავლური ტრადიციით, იგივეა, რაც „სტაბილური დემოკრატია“, რომელსაც არჩევნები და მთავრობათა ცვლა ვერ ანგრევს.
თუ დავაკვირდებით ვაშინგტონის რეაქციებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე ბოლო 25 წლის განმავლობაში, სრულიად აშკარა საერთო მნიშვნელი აქვთ: ამერიკა მუდამ ცდილობს, გააძლიეროს პროდასავლური, პროამერიკული პროექტი და, შესაბამისად, დაასუსტოს კაპიტულანტური, პრორუსული, რომლის ადეპტები ამ ქვეყანას დანებება-მოსვენების გარდა არაფერს სთავაზობენ. ეს საზოგადოების დიდი ნაწილის ბუნებრივი მიდრეკილებაა, თუმცა პოლიტიკურად ფუჭი და უპერსპექტივო; ერთი გამონათქვამის პერიფრაზით საქართველო დამოუკიდებლობას ვეღარსად წაუვა.
ამერიკა გვეუბნება: ამჟამინდელი Status Quo ჩემი დახმარებით, შესაძლოა, ვერც შეიცვალოს უკეთესობისკენ, ანუ ვერ დაიბრუნოთ ის, რაც დაკარგეთ ბოლო 30 წლის მანძილზე, სამაგიეროდ, გექნებათ შანსი, თავისუფლად განვითარდეთ იმ ტერიტორიაზე, რაც დაგრჩათ ამ ისტორიული კატაკლიზმების შედეგად. ეს ტერიტორია კი, მისი ყოველმხრივი რესურსებითა და ზღვაზე გასასვლელით, სრულიად საკმარისია ერის ბედნიერი და თავისუფალი განვითარებისთვის, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ დე ფაქტო მდგომარეობის დე იურედ აღიარებას, ანუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს იურიდიულად დაკარგვას.
ხოლო მეორე პროექტი, იმ აშკარა და ბოროტი ტყუილით, თითქოს საქართველოს „ლოიალობის“, მისი „ევრაზიულ კავშირში“ შესვლის სანაცვლოდ მოსკოვი რაიმეს „დაგვიბრუნებს“ _ არაფერსაც არ დაგვიბრუნებს, სულაც „რუსეთის ფედერაციაშიც“ რომ გავწევრიანდეთ 85-ე სუბიექტად _ ერთი მხრივ, არსებულ Status Quo მაინც არ შეცვლის, ხელუხლებლად დატოვებს, მაგრამ ქვეყანას ჯანსაღი ეკონომიკისა და ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობის პერსპექტივას მოუსპობს.
ზედმეტად ზოგადი მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, აქვე ერთ კონკრეტულ საკითხს უნდა შევეხო, რომელიც პირდაპირ კავშირშია განხილულ დისკურსთან. ეს ძალიან მძიმე, მტკივნეული და სახიფათო საკითხია, რადგან არა მგონია, მკითხველთა უმრავლესობამ სწორად გამიგოს. მოკლედ ჩამოვაყალიბებ:
თუ გვინდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად და რეალურად განიხილონ საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკურ გარანტიათა შექმნის საკითხი, მაშინ ჩვენ უნდა ვიკისროთ პასუხისმგებლობის ჩვენი წილი!
სამწუხაროდ, 2008 წლიდან დაწყებული, საქართველოს არც ერთმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. საქმე კი შემდეგი გახლავთ: საქართველოს პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ ჩვენ ქვეყნის დე იურე საზღვარს ვერ ვაკონტროლებთ. ეს საზღვარი დე იურედ გადის როკის გვირაბთან და ასეც დარჩება, რასაკვირველია: არც ამერიკა, არც სხვა პარტნიორები ჩვენგან არ მოითხოვენ ამ მხრივ პოზიციის შეცვლას.
ოღონდ პრობლემა ისაა, რომ საქართველო არა მხოლოდ დე იურე საზღვარს ვერ აკონტროლებს, არამედ ვერ ახერხებს დე ფაქტო საზღვრების მკაფიო დაფიქსირებასაც! ამერიკასთან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობის ასაგებად ეს ბევრად ხელისშემშლელი ფაქტორია და აი, რატომ: ყოველ ინციდენტს, რაც დე ფაქტო საზღვარზე ხდება, იქნება ეს „არჩილ ტატუნაშვილის ქეისი“, „გიგა ოთხოზორიას საქმე“, ადამიანების თითქმის ყოველდღიური გატაცება, მავთულხლართების „გადმოჩოჩება“ და ა. შ., ვაშინგტონში, მათ შორის, პენტაგონში ყურადღებით აკვირდებიან. ისინი ხედავენ, რომ თუ საქართველოში „შემოვლენ“, მაშინვე მოუწევთ ჩაბმა „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგიებში რუსეთთან და რუსულ სპეცსამსახურებთან.
„ჰიბრიდული ომი“ ბევრად მზაკვრული და დახვეწილი ტექნოლოგიაა, ვიდრე პირდაპირი აგრესია! ამერიკა მას ზოგჯერ საკუთარ ტერიტორიაზეც კი ვერ უმკლავდება. „არჩილ ტატუნაშვილის“ მკვლელობა, რაც მარიონეტების ხელით განხორციელდა, სწორედ ამგვარი ტექნოლოგიაა, როდესაც რუსეთი თითქოს „არ ჩანს“, მაგრამ რეალურად სწორედ იგი აწყობს ამ პროვოკაციებს.
ამერიკელებმა იციან, რომ ასეთ ომში შესვლა „ჭაობში შეტოპვის“ ტოლფასი იქნება მათთვის. იგივე ითქმის „საზღვრის გადმოჩოჩების“ სტრატეგიაზე, რაც ასევე „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია.
ამიტომ ამერიკელი კოლეგები პირდაპირ არასდროს გვეტყვიან, თუმცა კი ელიან, როდის გადადგამს საქართველო იმ ძალიან მტკივნეულ ნაბიჯებს, რაც რუსეთს აღარ მისცემს „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგიათა განხორციელების შესაძლებლობას და ერთადერთ ოფციად პირდაპირ, ღია აგრესიას დაუტოვებს!
_ რა ნაბიჯებია ეს?
_ ძალიან მტკივნეული და არაპოპულარული: თუ გვინდა მივიღოთ სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები ზესახელმწიფოსგან, მაშინ მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ დე ფაქტო საზღვარი, ანუ გამოვიყვანოთ მშვიდობიანი მოსახლეობა უშუალოდ საზღვრისპირა სოფლებიდან, რასაც სეპარატისტები „გვედავებიან“ 1984 წლის რუკების შესაბამისად და საიდანაც თითქმის ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, ასევე გამოვასახლოთ ქართველები გალისა და ახალგორის რაიონებიდან, სადაც ისინი მონობისა და ასიმილირებისთვის არიან განწირულნი. ბუნებრივია, თუნდაც ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი უნდა დაიხარჯოს მათთვის პირობების შექმნაზე. ეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
ამის შემდეგ, სეპარატისტებთან ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე, ჩვენ თავად, ცალმხრივად უნდა ავაშენოთ კედელი, ანუ დამცავი ზღუდე 1984 წლის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და შევწყვიტოთ ყოველგვარი ურთიერთქმედება მარიონეტულ სეპარატისტულ რეჟიმებთან; ასევე აბსოლუტურად შევწყვიტოთ ყოველგვარი მოძრაობა „საზღვარზე“!
ბუნებრივია, მაშინვე უნდა მოვითხოვოთ ჟენევის მოლაპარაკებათა გამართვა თავდაპირველი ფორმატით, ანუ „საქართველო-რუსეთი-ამერიკა“ და არა ამჟამინდელი, „არაფორმალური“, მარაზმული სქემით, როდესაც საქართველოსა და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს „ჟენევის დისკუსიებზე“ თანაბარი სტატუსი აქვთ, რაც მათ საერთაშორისო „გაპრავებას“ უწყობს ხელს.
რუსეთი ამგვარ სამმხრივ ფორმატზე, ბუნებრივია, უარს იტყვის. დაე, თქვას უარი!
ე. ი., მთლიანობაში, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მოიქცა „სამხრეთ კორეა“ გასული საუკუნის 1950-იან წლებში, როდესაც, კომუნისტური აგრესიისა და ქვეყნის ნახევრის დე ფაქტო დაკარგვის შემდეგ, თავად ააშენა კედელი ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე და გამორიცხა „ჰიბრიდული ომის“ ყოველგვარი შესაძლებლობაც. მხოლოდ ამის შედეგად და ამის წყალობით მიიღო მან ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები „დარჩენილ ტერიტორიაზე“.
დე ფაქტო მდგომარეობის მკაფიო დაფიქსირება და „გადარჩენილი ტერიტორიის“ გამოწვლილვით „შემოსაზღვრა“ ყოვლად აუცილებელი პირობაა!
ვიმეორებ: ამერიკელები ამას პირდაპირ არასდროს გვეტყვიან, მაგრამ ამ ნაბიჯების გარეშე ისინი საქართველოში არსებითად არ „შემოვლენ“. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება, შესაბამისად ქართული პოლიტიკური კლასი, ამ ნაბიჯებისთვის მზად არ არის. და რაკი არ არის მზად, როგორც ჩანს, გავაგრძელებთ ცხოვრებას „ტატუნაშვილის“, „ოთხოზორიას“, „საზღვრის გადმოჩოჩების“, ყოველდღიური გატაცებების, მერე სამარცხვინო ხვეწნა-მუდარის შედეგად სამადლოდ „გამოშვებებისა“ და ჰიბრიდული ომის სხვა ტექნოლოგიათა ფონზე.
ამერიკელი მეგობრები ამის გამო წუხილს გამოხატავენ, მოგვისამძიმრებენ, ძლივს დაბრუნებული ნაწამები გმირი ბიჭების ცხედრის ექსპერტიზაშიც გულდაგულ დაგვეხმარებიან, მაგრამ… მეტი არაფერი.
პოლიტიკა სასტიკია.

გოჩა მირცხულავა

 

დატოვეთ კომენტარი