10 სამინისტრო 13-ის ნაცვლად და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი

სამთავრობო გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო _ 3 სამინისტრო გაუქმდა და სხვა სამინისტროებს შეუერთდა.

• განათლების სამინისტროს სპორტისა და კულტურის უწყებები შეუერთდება;
• სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება;
• დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ უწყებაზე: განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შეუერთდება, მიგრაცია _ შსს-ს, ხოლო სოციალური პოლიტიკა _ ჯანდაცვის სამინისტროს.
დანარჩენი სამინისტროები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას.
ასევე ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ სამინისტროებს, არამედ მთავრობის შემადგენლობაში მყოფ სხვა სტრუქტურულ ერთეულებსაც:
• რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეერწყმება;
• ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

რამდენად სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას სამინისტროების გაერთიანება და ვის ჯიბეზე აისახება შემცირებული ბიუჯეტი?
მთავრობის ცვლილებებსა და არსებულ მდგომარეობაზე „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა რურუას ესაუბრება:

_ ბატონო ნიკა, როგორ შეაფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს: პრემიერის გადადგომა, ახალი პრემიერის დანიშვნა და სამინისტროების შემცირება. როგორ ფიქრობთ, შეიცვლება უკეთესობისკენ საქმე?
_ არაფერი შეიცვლება და თუ შეიცვლება, ყველაფერი უარესობისკენ, რადგან ეს ახალი მთავრობა კიდევ უფრო სუსტი იქნება, ვიდრე წინა იყო. ახალი პრემიერი, კვირიკაშვილთან შედარებით, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უუფლებო და ადვილად მართვადი იქნება. ივანიშვილმა ისევ არაფორმალურად დაამყარა პირდაპირი კონტროლი მთავრობაზე, რომელიც, პრინციპში, მას ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ახლა მთლად მარიონეტად დანიშნა მამუკა ბახტაძე, _ პრემიერი, რომელიც ძალიან გამოუცდელია, ადამიანი, რომელიც ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს ივანიშვილის ხუშტურებს და ამას სულ მალე ვიხილავთ.
რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებას, ლოგიკა აქ არის ერთადერთ შემთხვევაში: იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანება შესაძლებელია. თემატურად ეს ორი სამინისტრო ერთმანეთთან ახლოა, მაგრამ ძალიან ცუდი რაღაც მოხდება დევნილთა სამინისტროსთან მიმართებით. ქვეყანაში, რომელსაც ამდენი დევნილი ჰყავს, არ შეიძლება, სამინისტრო აიღო და დეპარტამენტად აქციო. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, აქ ფულის დაზოგვაზე საუბარი უკვე მეასე ხარისხოვანია. დავიწყოთ იქიდან, რომ მეეჭვება, რაიმე ფული დაიზოგოს, ეს არის ფოკუსი, რომელიც ხალხის კიდევ ერთხელ მოსატყუებლად გამოიყენეს. პოლიტიკური ფაქტი იმისა, რომ დევნილთა სამინისტრო გაუქმდეს, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო გაურბის და თავს არიდებს იმ პრობლემებს, რასაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია. ე. წ. არაღიარების პოლიტიკა ძალიან მყიფეა. თუ ის დაიმსხვრა და დიდი შანსია, რომ ასე მოხდეს, საქართველო დე ფაქტო კი არა, ზეგ ისევ დაკარგავს თავის ძირძველ მიწებს, რაც დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ დანატოვარი უძვირფასესი სამშობლოს დაკარგული ნაწილი და მილიარდები, რომელიც ქართველ ხალხს უნდა მოხმარდეს, აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან.
სამაჩაბლო იმისთვის სჭირდება რუსეთს, რომ გვანერვიულოს, დედაქალაქთან ძალიან ახლოს არის და ჰიბრიდული ომისთვის სულ დაძაბულები ვიყოთ, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ინსტრუმენტია. ეკონომიკურად რუსეთს აბსოლუტურად არ სჭირდება სამაჩაბლო, მაგრამ რაც შეეხება აფხაზეთს, ეს მსუყე ლუკმაა და რუსეთს უნდა, რომ საუკეთესო ჰქონდეს, რადგან ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საკურორტო ზოლია. ამიტომაც დევნილების სამინისტროს გაუქმება ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იქნება.
ვიმეორებ, როდესაც შენივე ხელით ანადგურებ შენივე სამინისტროს (რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადამიანურ ნაწილს აკონტროლებს, დევნილების სამინისტროს ვგულისხმობ), ეს არის საშინელი სიგნალი ჩვენი მეგობრებისთვის და ძალიან საამური სიგნალი ჩვენი მტრებისთვის, კერძოდ თურქეთისთვის და რუსეთისთვის.
რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებას, მინდა გითხრათ, რომ სრულიად უგუნური გაერთიანება მოხდა კულტურის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს შორის. ეს ყველაფერი კულტურის სფეროსა და მის ყველა წამოწყებულ თუ წამოსაწყებ პროექტზე ცუდად აისახება, რადგან განათლების სამინისტროს თავისი უზარმაზარი პრობლემები აქვს და მას რომ მივაბათ კულტურა, თავისი უამრავი მიმდინარე თუ განსახორციელებელი პროექტით, ყველაფერი გახდება აბსოლუტური ფიქცია, ანუ არავის ეცლება კულტურის პრომოუტერობისთვის შინ თუ გარეთ. არადა, ჩვენი კულტურა ყველაზე წარმატებული, საექსპორტო პროდუქტია _ იქნება ეს კინო, ქართული სამზარეულო, ხელოვნება, ლიტერატურა თუ სხვა… ამ ყველაფერს თავისი ლობი სჭირდება მთავრობაში, რადგან ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, ჩვენ არ ვართ ქვეყანა, სადაც კერძო სექტორი საკუთარ თავზე აიღებს კულტურის ხელშეწყობას, შესაბამისად, სწორედ ამიტომ ამას სჭირდება სახელმწიფოს დახმარება.
ეს გაერთიანებები არათუ ფულს არ დაზოგავს, არამედ ბევრად ძვირად დაუჯდება სახელმწიფოს. კულტურა ჩვენი ძლიერი ძალაა და მისი ასე დაინვალიდება დანაშაულია.
_ კუტურა საფრთხის ქვეშ დგას?
_ რა თქმა უნდა, რადგან სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ქართული კინო, ქართული ლიტერატურა, მუსიკა, ისტორიული მემკვიდრეობა, უბრალოდ, დაიკარგება და გაქრება, რადგან კერძო სექტორს ეს ყველაფერი არ ადარდებს.
_ „ჩექ ინ ჯორჯიას“ მინდა შევეხო…
_ „ჩექ ინ ჯორჯია“ კულტურის სამინისტროს არ ეხება.
_ ეხება, რადგან სწორედ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ტარდებოდა და ტარდება დღესაც ეს პროექტი, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ გაამართლა. შარშან, მაგალითად, დიდი ფინანსური ზარალი მიადგა სახელმწიფოს.
_ ფინანსური ზარალი ექნებოდა, რადგან მხოლოდ კულტურის სამინისტროს არსებობა არ არის იმის გარანტი, რომ პროექტი წარმატებული გახდეს. მთავარია, ვინ მუშაობს კონკრეტულ პროექტზე. წარმატებული და კრეატიული ხალხი უნდა მუშაობდეს, რომ შემდეგ წარმატებული პროექტი მივიღოთ. ნორმალური ხალხი კი იქ უკვე დიდი ხანია, აღარ მუშაობს. მათი უმეტესობა ან გამოუშვეს, ან საკუთარი სურვილით წამოვიდა. ამიტომ ლოგიკურია, „ჩექ ინ ჯორჯია“ რომ წარუმატებელია, მაგრამ კულტურის სამინისტრო თავის იმიჯზე ყოველთვის ზრუნავს და კულტურის მხარდაჭერაზე უარს არასდროს ამბობს.
_ როგორ ფიქრობთ, რა ვერ გათვალეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში?
_ მე „ჩექ ინ ჯორჯიას“ კარგად არ ვიცნობ, როგორც პროექტს და ეს იმ ხალხს უნდა ჰკითხოთ, ვინც ამ პროექტის მენეჯერი იყო. ფაქტია, რომ წამგებიანი პროექტი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენს დროს დაწყებული არც ერთი პროექტი წამგებიანი არ ყოფილა.

გიორგი საკარული