რატომ აცემინა მიშამ ბიზნესმენ-პარლამენტარი ვალერი გელაშვილი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტს „გელაშვილის ცემის“ საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თვით მიხეილ სააკაშვილი ამ თემაზე პირდაპირ საუბარს ერიდება და ამბობს, რომ იგი „არაფერ შუაშია“. ბოლო ინტერვიუში ყველაფერი რუსულ სპეცსამსახურებს დააბრალა ირიბად, როცა მაგალითად მოიყვანა კობა დავითაშვილის მოკვლის მცდელობა ე. წ. ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოგზავნილი ქილერის ხელით. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილს მიზეზი ჰქონდა, საჯაროდ დაესაჯა გელაშვილი, ოღონდ „ფეხმძიმე ცოლის შეურაცხყოფა“ ნამდვილად არ ყოფილა მისი ძირითადი მოტივი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 8 წლით ციხე მიუსაჯა და კიდევ რამდენიმე წლით _ სახელმწიფო თანამდებობათა დაკავების აკრძალვა, რაც, ცოტა არ იყოს, ირონიულად ჟღერს, რადგან მიშას პრეზიდენტის ან პრემიერის გარდა საკუთარი თავი სხვა რაიმე თანამდებობაზე ვერ წარმოუდგენია.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წელს მიღებული კანონით სასჯელი 6 წლამდე შემცირდა. ეს ვადა არ დაემატება სამწლიან სასჯელს, რაც იმავე სასამართლომ, ოღონდ სხვა მოსამართლემ, გადაუწყვიტა სააკაშვილს „გირგვლიანის“ საქმეზე.
იმ საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედებოდა, რომ სანდრო გირგვლიანის გამტაცებლები სულ მალე შეიწყალა, რათა პოლიციაში ვანო მერაბიშვილის ავტორიტეტსა და გავლენას არ შედგომოდა წყალი.
ეს „სამი წელი“ უკანასკნელ „ექვს წელს“ არ დაემატება, რადგან „ოცნების“ ხელისუფლებამ გააუქმა სასჯელთა შეკრებითობის წესი, ანუ მეტი სასჯელი „შთანთქავს“ ნაკლებს და საბოლოოდ დადგინდება 6 წელი „მატროსოვზე“.
შეიძლება ყველაზე ხანგრძლივი სასჯელიც სწორედ ეს გამოდგეს, რადგან დარჩენილ ორ სისხლის სამართლის საქმეზე: „7 ნოემბრის დარბევა“ და „პიჯაკები“ _ სააკაშვილს, ამნისტიის გათვალისწინებით, არაუმეტეს 4-5 წლისა ელის. და ის ვადებიც „გადაიფარება“ ამ ბოლო განაჩენით, ანუ „6 წლით“

***

„გელაშვილის საქმეზე“ მთავარი მოწმეები იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ის სპეცრაზმელები, რომლებმაც ვალერი გელაშვილი ჯავშნიანი მანქანიდან 2005 წლის ივლისში გადმოათრიეს და ავტომატის კონდახებით ისე სცემეს, კინაღამ მოკლეს. დეპუტატ-ბიზნესმენი მთელი 12 თვის მანძილზე მკურნალობდა ბალტიისპირეთში.
სპეცრაზმელებმა პროცესზე „ბრძანების გამცემი“ დაასახელეს: მათი უშუალო ხელმძღვანელი იყო გია სირაძე, რომელიც გაქცეულია. ასევე გაქცეულია გია სირაძის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა. ამ საქმეზე „მისჯილი“ აქვს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, თუმცა ეს უკანასკნელი ბრალს არ აღიარებს და „გელაშვილის საქმეზე“ სასამართლო სხდომებსაც კი არ ესწრებოდა.
ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებით მას კი დაავალა მიშამ, მაგრამ უარი მიიღო. სამაგიეროდ, ვანო მერაბიშვილმა არ თქვა უარი ეგზეკუციის აღსრულებაზე. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მან სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ როდესაც პრეზიდენტთან მივიდა და ამ „საჯარო ცემის“ შესახებ ჰკითხა, პასუხად მიიღო: „რა, არ იყო საცემი?“
თავად ქალბატონი ნინო, როგორც ჩანს, ეთანხმება, რომ გელაშვილი „საცემი“ იყო იმისთვის, რაც სააკაშვილის ცოლზე თქვა, მაგრამ მიაჩნია, რომ მიშას საამისოდ სახელმწიფო ხელისუფლება არ უნდა გამოეყენებინა: „რა გახდა, რომელიმე ძმაკაცისთვის თხოვა, ეცემა გელაშვილი“, _ აცხადებს ორგზის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი.
აქ საინტერესოა, რომ ისიც გამორიცხავს „გელაშვილის ნათქვამის“ საერთოდ დაუსჯელად დატოვებას.

***
და მაინც, რა თქვა ვალერი გელაშვილმა ასეთი? 2005 წლის ზაფხულში იგი განაწყენებული იყო პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელზე, რომელიც ერთ-ერთი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის სანაცვლო თანხას (ზოგიერთი ცნობით, დაახლოებით, 4 მილიონი ლარი) არ უხდიდა, რაც ნამდვილად ეკუთვნოდა, მაგრამ ამის გამო არა იმდენად ნოღაიდელზე, რამდენადაც პრეზიდენტზე იყო განაწყენებული, რაკი საქმე ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციას.
სააკაშვილისთვის „ხმის მისაწვდენად“ იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ საგაზეთო ინტერვიუში თქვა: „პრეზიდენტს რომ ცოლი გაექცევა, რა უნდა ელაპარაკოო“. მეტი არც არაფერი უთქვამს, მაგრამ ეს, რასაკვირველია, მძიმე შეურაცხყოფაა ქალისთვის და მისი ქმრისთვის.
ოღონდ აქ აშკარაა, რომ გელაშვილს იმდენად სანდრას შეურაცხყოფა არ უნდოდა, რამდენადაც მიშას „შეკურთხება“ ამ ფორმით. სხვა საქმეა, რა და როგორ „გამოუვიდა“: სანდრა ამ დროს მეორე შვილზე იყო ორსულად და ჰოლანდიაში იმყოფებოდა მშობლებთან. ნიკოლოზი დეკემბერში გაჩნდა.

***
ამ საქმესთან კავშირს რომ უარყოფდა, „რუსთავი 2-თან“ ბოლო ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ არასდროს პირად შეურაცხყოფაზე არ რეაგირებდა: „რა სისულელეა, მაშინ ხომ ნახევარი საქართველო უნდა მეცემა“.
ნამდვილად ასეა: ყველას გვახსოვს, ლევან გაჩეჩილაძე-„გრეჩიხა“ პირდაპირ ეთერში დედას აგინებდა მიტინგზე მთელი საქართველოს გასაგონად. მაგრამ არ დავივიწყოთ: ეს საქართველოა და კავკასია _ გელაშვილმა მის ცოლს მიაყენა შეურაცხყოფა! ყოველ შემთხვევაში, ასე გამოვიდა.
და მაინც, როგორც სარწმუნო წყარო გვეუბნება სააკაშვილის ყოფილი გარემოცვიდან, მიშა ამასაც არ მიაქცევდა ყურადღებას, ოღონდ მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა:
„გელაშვილის ინტერვიუ“, რა თქმა უნდა, არც ერთ ტელევიზიას არ გაუშუქებია. გაზეთების ტირაჟი კი საქართველოში იმდენად დიდი არ არის, სააკაშვილის „გაჩუმებას“ რამე გავლენა მოეხდინა პრეზიდენტის ავტორიტეტზე. მაგრამ მესამე-მეოთხე დღეს გიგა ბოკერია ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში „გამოვარდა“ და ეს ამბავი მთელ ქვეყანას დეტალურად მოუყვა. ვალერი გელაშვილის ნათქვამს „სიბინძურე“ უწოდა და ა. შ.
ანუ უკვე ყველამ ყველაფერი გაიგო და მიშაც მიხვდა, ამ ამბავს ასე ვეღარ „გაატარებდა“, რადგან (ვიმეორებ) ეს საქართველოა _ აქ ასეთი შეურაცხყოფის „გატარება“ ყოველგვარი ავტორიტეტის დასასრულს ნიშნავს. მიშა სააკაშვილს კი იმდენად პირადი წყენა არ აღელვებდა, რამდენადაც პრეზიდენტის ავტორიტეტის შენარჩუნება „კაცურ საქართველოში“. ახლა რამდენიც არ უნდა იძახოს, „პუტინმა აცემინა გელაშვილი, ჩემთვის რომ დაებრალებინაო“, მეტისმეტად რთული „სქემა“ გამოდის მაშინ, როდესაც ბევრად მარტივი ახსნა არსებობს.
ბოლოს და ბოლოს, თუ ეს პროვოკაცია „პუტინმა მოაწყო“, ასეთ შემთხვევაში ის სპეცრაზმელები და მათი უშუალო უფროსობაც (მერაბიშვილამდე!) „პუტინის აგენტურა“ გამოდის, რაც კიდევ უფრო რთული დასაჯერებელია.

მალზახ ჩაჩავა