პრემიერის PR ფიასკოები

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება PR -ით არ დაკავდებოდა. ის, რომ თავად ეს განცხადება PR იყო, ამაზე მაშინ ყურადღება არავის მიუქცევია. იქნებ, მართლაც ჰქონდა შინაგანი რწმენა ბატონ ივანიშვილს, რომ მიშა სააკაშვილის მიერ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ტრიბუნის თრევა და ლენტების ჭრა იყო ცუდი და ხალხის დაბოლებას ემსახურებოდა? თუმცა ან ბოლომდე არ ჩაუღრმავდა საკითხს, ან ვერავინ გაუბედა ეთქვა, რომ მისი და შემდგომი პრემიერის ტრადიციად ქცეული „მედიასთან შეხვედრები“ ასევე PR იყო. რამდენად ეფექტიანი და წარმატებული, ამაზე არ ვიდაოთ.

მიმაჩნია, რომ ეს „შეხვედრები“ „ქართული ოცნებისთვის“ და თავად ბიძინა ივანიშვილისთვის იმაზე მეტად დამაზიანებელი გახლდათ, ვიდრე რომელიმე გახმაურებული და სკანდალური საქმე, თუნდაც, ხორავას ქუჩის ფაქტი. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ „ოცნება“ რეალურად აკეთებდა PR -ს, მაგრამ უხარისხოდ, უშედეგოდ და რაც მთავარია, დამაზიანებლად საკუთარი თავისთვის.
„ოცნების“ PR მენეჯმენტი იმდენად მოექცა ივანიშვილის გავლენის ქვეშ, რომ 2013, 2014, 2015 წლებში თუ ხელისუფლების წარმომადგენელს დაუსვამდი კითხვას, „რატომ არ აშუქებთ?“ „რატომ არ აკეთებთ?“ „რატომ არ ამბობთ?“ (საუბარია გაკეთებულ საქმეებზე, ცალკეულ წარმატებებზე _ ჩავარდა სოფლის მეურნეობის ბარათიზაციის პროექტი; ფიასკო განიცადა უფასო სახელმძღვანელოების თემამ; იმ პირობებში, როდესაც 2013 წელს, 2012-თან შედარებით, უფრო მეტი სკოლა გარემონტდა და აშენდა, ამაზე მოსახლეობამ არაფერი იცოდა; საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი იყო დევნილთათვის განხორციელებული ცალკეული პროგრამების შესახებ, ასევე ჯანდაცვისა და სადაზღვევო სფეროს ცალკეული სიკეთეების თაობაზე; ხელისუფლებამ დღემდე ვერ განმარტა ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეები და ა. შ.), პასუხად ძალიან უცნაურ, მაგრამ მონამოხელეებისთვის სრულიად მისაღებ ფრაზას მოისმენდით: „არ უნდა „იმ კაცს“ ეს PR და ჰა, მოკალით“.
ამ დროს კი სახელმწიფო ხელისუფლების ამ სეგმენტის საქმიანობა აბსოლუტურად მახინჯი ფორმებით განვითარდა: 1. გონება დაჩლუნგდა; 2. PR -ის უმთავრესი ამოცანა გახდა თავის მართლება და ოპონენტების კომპრომატების გამომზეურება _ გვიყვარს ქართველებს სხვის საცვლებში ძრომიალი, ხოლო ბინუძრებს _ ბინძურ საცვლებში; 3. PR -ის უპირატესობად გააზრებულ იქნა ბევრი მორჩილი მედიასაშუალების ფლობა. ამ მიზნით შეიქმნა უამრავი ურეიტინგო ინტერნეტპორტალი, ტელევიზიები გადანაწილდა, იყო ჟურნალისტების კომპრომეტირება და მერე საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა; 4. კეთილგანწყობილი მედიასაშუალებებისა თუ ჟურნალისტების კვება დაიწყო ბიუჯეტიდან ცალკე და შავი სალაროდან _ ცალკე; და ა. შ.
ამ მახინჯი განვითარების ფორმებისა და მეთოდების ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს. მოკლედ, მივიღეთ ის PR პოლიტიკა, რასაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. ყველაზე მეტად საგანგაშო კი ის აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო მიმართულებაც საკმაოდ დასუსტდა. საქართველო მსოფლიოს მედიის პირველი გვერდებიდან და ტოპ ნიუსებიდან გაქრა. არადა, თუნდაც ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, თუნდაც ამ სეგმენტის სწორად წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო არათუ „ოცნების“, არამედ ნებისმიერი გონიერი ხელისუფლებისთვის.

***
ცალკეულ მაღალი თანამდებობის პირებს ახასიათებთ მოჩვენებითი ამნეზია, სიყრუე, სიბრმავე და სხვა მრავალი უგვანობა, რომელიც, ერთი შეხედვით, „შეძენილი სენია“, თუმცა თუ პოლიტიკურ, მორალურ და ზნეობრივ კატეგორიაში განვიხილავთ, ნამდვილად თანდაყოლი ავადობაა, ანუ ამ პერსონების ბუნებრივი მდომარეობაა. რაც ჩვენ თანამდებობებს ჩამოცილებული „პირები“ გვინახავს!.. მთავარია, რომ ეს ლომგულები მერე კრავები ხდებიან და საკუთარ „იმჟამინდელ“ ქცევებს ათასი სისულელით ამართლებენ.
თუმცა ეს ფილოსოფიური „განსჯა“ გვერდით გადავდოთ და საქმეზე ვთქვათ. PR -თან მიმართებით „ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება არა მხოლოდ საქმეში ჩახედულ პირებს, არამედ დროთა განმავლობაში მოსახლეობას უტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ამ ქვეყანას არავინ მართავს და ყველაფერი ინერციით მიდის. დავუშვათ, რომ სწორედ ეს იყო ივანიშვილისა და მისი გუნდის ამოცანა _ ხელისუფლება ნაკლებად ეგრძნო მოსახლეობას და ამით არ დათრგუნვილიყო, მაგრამ როდესაც ეს „გრძნობა“ უარყოფით კონტექსში ვითარდება და „ქვეყანა ჩერდება“, მერე შედის სტაგნაციაში და ცალკეული მიმართულებებით უკანაც კი მიდის, რა თქმა უნდა, მყარდება იმის განცდა, რომ ქვეყანას არავინ მართავას. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვიღაც არ ზის პრეზიდენტის, პრემიერისა თუ ცალკეული მინისტრის პოსტზე. საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება ვერ ქმნის დღის წესრიგს, მხოლოდ კრიზისებზე რეაგირებს, რამდენად წარმატებულად, ეს კიდევ სხვა საკითხია. ისე, კრიზისებზე რეაგირებაც პოლიტიკური ხელოვნების სფეროა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც კრიზისის უმეტესობა საკუთრივ ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული. ინსპირირებული კრიზისის დროს ისიც სკრუპულოზურად არის გათვლილი, რა უნდა თქვა, როგორ მართო პროცესი და საბოლოოდ, როგორ გამოხვიდე წყლიდან მშრალი. „ოცნების“ შემთხვევაში რომელ სიმშრალეზეა საუბარი, როდესაც ნებისმიერი პრობლემის დროს პარტია და მისი ხელმძღვანელობა სველ კატას ემსგავსება? თუნდაც მისივე ინსპირირებული რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ: ჰაკიმ ფაშას სახელით ატვირთული ვიდეო; ციხის კადრების ჩვენებების მოწყობა; პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოყრა; მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა; ფარცხალაძე-თორდიას საქმე; გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია; ქართული მარშის _ ეროვნულების შექმნა (ღარიბაშვილის მიერ გაცემული დავალებებით რომ ავსებდნენ იმდროინდელი გამგებლები სხდომათა დარბაზებს); „ციანიდის საქმე“ და ა. შ. მართალია, ჩამოთვლილი ყველა ქეისის ისტორია ხელისუფლების სურვილით არ შექმნილა, მაგრამ მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა და თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად დამაზიანებელი გახდა ხელისუფლების ავტორიტეტისთვის.

***
ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავისი „ხილული“ საქმიანობა ახალ პოსტზე აჭარიდან დაიწყო და სამეგრელოში გააგრძელა. მართალია, გზაზე გამოდგმული ტრიბუნა, შინაარსობრივად, არ ჰგავდა მიშას ტრიბუნას, მაგრამ ვიღაცამ სტილისა და ფორმის მისადაგება გადაწყვიტა. ცხადია, რომ ხედვა შეიცვალა _ ანუ „იმ კაცს“ PR რომ არ უნდოდა გაკეთებული საქმეებისთვის _ გადაწყდა, რომ ეს საქმეებიც წარმოჩნდეს. და ისევ PR ფიასკო _ მიშას მიბაძა, ეს ნარატივი მუდმივად იქნება ნებისმიერი ანალოგიური ქმედების დროს, თუ სტილი და ფორმა არ შეიცვალა გაკეთებული საქმეების დემონსტრირებისას. მოკლედ, აჭარაში გზაზე დადგმული ტრიბუნა ხალხის ირონიის მიზეზად იქცა. ტრიბუნასთან მდგომის გაჟღერებული მესიჯები კი დღეს არავის ახსოვს.
ბარემ, აქვე ვიტყვი, _ პოლიტიკაში, დიახაც, სტილი და ფორმაა მთავარი და მერე _ შინაარსი. მაგრამ შინაარსს შეუძლია ცალკეულ შემთხვევაში გადაფაროს სტილიც და ფორმაც. როდესაც ქვეყნის პირველ პირს ჯერაც არ აქვს ჩამოყალიბებული ეს ფორმა და სტილი და რომც ჰქონდეს, ის უნდა შექმნას და დადგას საქმის მცოდნემ. და ვინ ჰყავს ასეთი „ოცნებას“? ისინი, ვინც მეექსვე წელია, ქვეყანას მინიმალურ პოზიტივებსაც ვერ „უბუქებენ“? ისინი, რომელთაც საკუთარი თავებისთვის შექმნეს ლეგენდები, რომ ძლიერნი არიან და ახლა უწყებიდან უწყებაში მოგზაურობენ მაღალ ხელფასებს გამოკიდებულები? თუმცა ესეც „ოცნების“ გემოვნების საკითხია. თუმცა ქართული PR -ის მამებმა უნდა აღიარონ, რომ აჭარაში გზაზე გამოდგმული ტრიბუნა მათი შემოქმედებითი მარცხი იყო.
და ბარემ აქვე მეორე შეხვედრაზეც: პრემიერი სამეგრელოში ჩავიდა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ თაკარა მზეში შეხვდა „მოსახლეობას“. ეს მოსახლეობა რომ რეალურად „ოცნების“ აქტივი იყო, ამაზე თვალი დავხუჭოთ. გამოხმაურებებს მივყვეთ: „ცოტნე დადიანობა მოინდომა“, „თაფლის წასმა დაავიწყდა“, „რისთვის ჩამოვიდა? _ არაფერი უთქვამს საქმიანი და კონკრეტული“, „ჩვენთვის არაფერი იცვლება“…
ვინ მოიფიქრა და დაგეგმა პრემიერის ვიზიტი სამეგრელოში და რატომ? რა მესიჯი გაუგზავნა მან ადგილობრივ მოსახლეობას? არ იცის პრემიერ-მინისტრმა, სამეგრელოში რაც ხდება? მხარეში სრული უიმედობაა, გუბერნატორი და მისი დამქაშები კორუფციაში იხრჩობიან, ადამიანები ღიად საუბრობენ „ატკატებზე“, საჯარო სამსახურები გადავსებულია გაუნათლებელი და უწიგნური მოხელეებით, ყვავის ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი… ადგილზე დარჩენილი ახალგაზრდების უმეტესობა ნარკოტიკებით არის გაბრუებული, საქმეში ჩახედული პირები ღიად საუბრობენ კონტრაბანდაზე, ნარკოტრანზიტზე, რომელშიც მხარის მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულნი. ამ პირობებში პრემიერ-მინისტრი მცხუნვარე მზეში ზის ბოტანიკურ ბაღში ტრიალ მინდორში (არადა, ბაღის ხიბლი ხე-მცენარეებია) და რაოდენ გულწრფელადაც არ უნდა საუბრობდეს სამომავლო გეგმებსა და სამეგრელოს პოტენციალსა და აღიორძინებაზე, მოსახლეობა ყველაფერს მორიგ დაბოლებად და ფარსად აღიქვამს. პრემიერი ზის იმათ გვერდით, ვის წინააღმდეგაც არის მიმართული ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული საყვედური, ფაქტი თუ წუხილი. პრემიერი ზის მხარის მაღალი თანამდებობის პირების გვერდით, რომლებმაც, პირობითად, გუშინ ხარკი აკრიფეს ადგილობრივი ბიზნესმენებისგან, მოხელეებისგან ან უკეთ და სწორად რომ ვთქვა, გამოსძალეს „ზემოთ“ წასაღები ფული.
მიუღებელი ფორმის, რომელიც ასევე მიშას გადამღერებაა, უაზრო და არაფრის მთქმელი შინაარსის შეხვედრის მესიჯები ასევე არავის ახსოვს დღეს, რაც ამ ღონისძიების დამგეგმავი და PR სტრატეგიის წარმმართველი სამსახურებისა და პერსონების ინტელექტუალური დეგრადაციის მაჩვენებელია. ვიღაც იტყვის, მიშამ მთავრობის სხდომები თუ ცალკეული შეხვედრები სახურავზე, მღვიმეში, ტრიალ მინდორში, ზვრებშიც გამართა და ე. ი. ყველაფერი გადამღერება იქნებაო, მაგრამ ეს არგუმენტი მორიგი შეცდომაა. რატომ? კი ბატონო, ეს ვარიანტიც განვიხილოთ, რომ ყველა სივრცე „ათვისებულია“. მაშინ იცით, რა უნდა იყოს გამოსავალი, ვიღაცამ ფორმასა და სტილს ყური რომ არ მოაბას? _ შინაარსი! აბა, ასეთ სცენარს შევხდოთ: ვინმე თუ იქილიკებდა ცოტნე დადიანობასა და თაფლზე, პრემიერი ბახტაძე საჯაროდ რომ დამშვიდობებოდა მხარის გუბერნატორსა და შემდეგ მიეყოლებინა თავისი სათქმელი სამეგრელოს მომავალ განვითარებაზე. მაშინ ყველა მესიჯს დაიმახსოვრებდა ამ კუთხისა და არა მხოლოდ ამ კუთხის მოსახლეობა. მაშინ ფორმას შინაარსი გადაფარავდა და არც მიშას ახსენებდა ვინმე. მაგრამ როდესაც არც პოლიტიკური ნება გაქვს, შინაარსი მეორეხარისხოვანზე გადაგაქვს, რომელიც შესაძლოა, შენთვის პირველიც კი იყოს, ის ვერაფრით გახდება პრიორიტეტული გათანგული და გატანჯული მოსახლეობისთვის. მოსახლეობისთვის, რომელმაც იმაზე მეტი იცის, ვიდრე წარმოგიდგენია, რომელიც თავის ყოფაზე გრძნობს გუბერნატორ შონიასა და მისი დამქაშების ვირეშმაკობებს.

***
შევთანხმდეთ, რომ „ოცნება“ პოლიტიკას ვერ აკეთებს. აკი ვთქვი ზემოთ, რომ ამ გუნდის პილიტიკური მოღვაწეობა ყოველდღიურ კრიზისზე რეაგირებაა და არათუ კონცეპტუალურ, სტრატეგიულ საკითხებზეც კი არ არსებობს გრძელვადიანი ხედვა, რომელსაც გასაგებად მიაწვდიდნენ მოსახლეობას. ამ ფონზე „ოცნების“ PR -ის დედებისა და მამების საქმიაობა სრული იდიოტიზმია. იმიტომ კი არა, რომ პრემიერს არაადეკვატური ფორმა შესთავეზეს და სტილით წარადგინეს ან ოფლში გახვითქეს, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკურად მოუმზადებელი, საკვანძო მესიჯებისა და პერსონალური საკითხების მოუგვარებლად ჩაიყვანეს აჭარაში და განსაკუთრებით _ სამეგრელოში. ეს ვიზიტი სამგრელოში ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმას ნიშნავდა, რომ ბახტაძე და ზოგადად ხელისუფლება ეგუება მხარეში არსებულ პრობლემებს და მისაღებად მიიჩნევს თოთოეულ ფაქტსა და ქეისს კრიმინალური ქმედებიდან დაწყებული, კორუფციით დასრულებული.

***
თანამდებობრივი ავადობა _ „მე ყველაფერი ვიცი“, საქართველოში პიკზეა. პიკზეა პროფესიონალური უვიცობაც. ახლა ამ ბედოვლათებს, ქართული PR -ის დედებსა და მამებს რომ ჰკითხო, საიდანაც უნდათ, იქიდან მიაბამენ ქოთანს ყურს, რეალურად კი იმაზე ნამდვილად არ დაფიქრდებიან, რომ მართლაც იდიოტები არინ, როდესაც ქვეყანასა და უმაღლესი თანამდებობის პირებს ცუდ სამსახურს უწევენ. მე სხვა კვალიფიკაციის მიცემის უფლება არ მაქვს მათი ქმედებებისთვის. მაგრამ გინახავთ ოდესმე იდიოტი თანამდებობის პირი საქართველოში? ან დაუმსახურებლად თანამდებობაზე მჯდარი? არაო! _ იტყვით ხმამაღლა, მაგრამ გულში მიპასუხებთ, _ რამდენიც გინდათო. ჰოდა, მე ხმამაღლა ვამბობ, რომ ქვეყნის PR -ს მავნებელი იდიოტები განაგებენ.

***
ახლა, რა უნდა „იმ კაცს“, იცის ვინმემ?

კოკა წერეთელი