როგორ ურეცხავენ სპეცსამსახურები ხალხს ტვინს

ყველამ, ვინც სპეცსამსახურების მუშაობაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, იცის, რომ ადამიანის „დავერბოვკება“ ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია, ანუ მას შემდეგ, რაც პიროვნება უშიშროების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება, უპირველესად, მის სუსტ წერტილებს ადგენენ, მაგალითად, იძიებენ, დაკვირვების ობიექტს მიდრეკილება ხომ არ აქვს, ვთქვათ, ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური თრობისკენ? აზარტულია თუ არა? და ა. შ. ამასთან, სპეცსამსახური მისთვის საინტერესო პერსონის სექსუალურ ორიენტაციასაც ადგენს და ამის შემდეგ მის დაშანტაჟებას იწყებს, ანუ ეუბნება, _ თუ ჩვენს სასარგებლოდ არ იმუშავებ, მაშინ შენი პირადი ცხოვრების შესახებ საქვეყნოდ გახდება ცნობილიო. ამ მეთოდს, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, უმეტესად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპეცსამსახურები იყენებენ. როგორც დაკვირვება ცხადყოფს, ქართული სპეცსამსახურებიც ზუსტად ამ მეთოდით მუშაობენ და ამას თუნდაც ის მოწმობს, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა ცნობილი პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გავრცელდა.
ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ შანტაჟის ეს ფორმა დასავლეთში არ გამოიყენება, თუმცა განვითარებული ქვეყნების უშიშროების სამსახურები ამა თუ იმ პიროვნების გადმოსაბირებლად, ასევე მასების სამართავად, დიდი ხანია, სხვა მეთოდს იყენებენ. კერძოდ, საუბარია ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაზე, რომლის საშუალებითაც, როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ, ადამიანს შეიძლება, ნებისმიერი რამ გააკეთებინო.

რა არის ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება, ანუ ნპლ? _ როგორც ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი ნანა ჩარკვიანი „ქრონიკა+“-თან საუბრისას განმარტავს, ნლპ ტვინის ნეირონებზე სიტყვიერი ზემოქმედებაა.
„წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი კომპიუტერია, სადაც სასურველ პროგრამას აინსტალირებთ. ერთი სიტყვით, ნლპ სიტყვების მაგიაა და თუ ამ მაგიას ეკოლოგიურად გამოიყენებთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ შეუძლებელს შეძლებთ“, _ ამბობს ნანა ჩარკვიანი, რომელიც ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს:

_ ნლპ დასავლეთში იშვა და მისი მამამთავრები მათემატიკოსი რიჩარდ ბენდლერი და ლინგვისტი ჯონ გრინდერი არიან. ისინი ერთმანეთს სტუდენტობისას შეხვდნენ და გადაწყვიტეს, თავიანთი ცოდნით ისეთი სისტემა შეექმნათ, რომლითაც, უხეშად რომ ვთქვა, ადამიანებით მანიპულირებას შეძლებდნენ, თუმცა ნლპ ვიწრო „სპეციალობის“ მანიპულაცია არაა, რადგან სპეცსამსახურები მხოლოდ ადამიანების გადაბირების დროს კი არ იყენებენ მას, არამედ, ფსიქოთერაპიასა და ურთიერთობის ხელოვნებაშიც გამოიყენება და სპორტშიც.
მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში, როცა ნლპ იქმნებოდა, იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს სიტყვა ტვინზე, ერთ-ერთი ექსპერიმენტი კალათბურთელებზე ჩაატარეს: ისინი ორ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი ფიზიკურად მოედანზე ვარჯიშობდა, მეორე კი _ ოთახში, წარმოსახვით. რეალური თამაშისას მეორე ჯგუფმა, ანუ იმან, რომელიც წარმოსახვით ვარჯიშობდა, 3-ჯერ უკეთესი შედეგი აჩვენა. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ქმედებას ფიზიკურად ახორციელებს თუ წარმოსახვით. არ გქონიათ შემთხვევა, დილით რომ იღვიძებთ, ადგომა გეზარებათ და ფიქრობთ, უნდა ავდგე და პირი დავიბანოო. ტვინი ფიქრს ისე აღიქვამს, როგორც ქმედებას, ამიტომ ვიდრე რეალურად ადგებით და პირს დაიბანთ, უკვე დაღლილი ხართ.
_ ნლპ-ს მხოლოდ დასავლური სპეცსამსახურები იყენებენ თუ საბჭოური „კაგებეს“ მემკვიდრეებიც?
_ ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც იყენებენ.
მას შემდეგ, რაც ბენდლერი და გრინდერი გაიყვნენ, ნლპ-ს რამდენიმე სკოლა ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, ბენდლერი „ცეერუმ“ წაიყვანა. ისე, გრინდერი უპირატესობას უფრო კეთილშობილურ საქმიანობას ანიჭებს.
_ ნლპ შეიძლება, არაკეთილშობილური მიზნისთვისაც გამოიყენო და ადამიანი დააზიანო?
_ დიახ და სწორედ ამიტომ ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში ეკოლოგიის ცნება არსებობს _ ტრენინგების დროს, პირველ რიგში, სურვილებისა და ტექნიკის ეკოლოგიას ასწავლიან.
_ ნანა, დღეს ყველაფრის ფსიქოლოგიურ ჭრილში განხილვა ერთობ მოდურია. ბოლო დროს კრიმინალმაც იმძლავრა. ამ უბედურებაზე, როგორც ნლპ-ს სპეციალისტი, რას ფიქრობთ?
_ თუ მოძალადეს, შესაბამისი შეკითხვებით, სიღრმეებში ჩავყვებით, მის ბავშვობამდე მივალთ, ანუ ძალადობის პირველი მიზეზი ბავშვობაშია. ეს ვინმეს შეიძლება, ფროიდისტულად მოეჩვენოს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ყველა მოძალადე ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.
_ მაგალითად, ადამიანები, რომლებიც 5-6 წლის ბავშვებს აუპატიურებენ, ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ?
_ აუცილებელი არაა, რომ გაეუპატიურებინათ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ძალადობას უდავოდ იყო.
_ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობთ?
_ არა მხოლოდ, ფსიქოლოგიურსაც. ზოგადად, მშობლების უმეტესობა ვერ ხვდება, რომ შვილზე ძალადობს. მაგალითად, ბავშვს შეიძლება, წითელი წინდის ჩაცმა უნდა, დედა კი აიძულებს, რომ მწვანე ჩაიცვას და ეს უკვე ძალადობაა.
სხვათა შორის, იაპონიაში 5 წლამდე ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევენ _ შეუძლია, კედლები მოხატოს ან შიშველმა ირბინოს. ხუთი წლის შემდეგ კი მისთვის გარკვეული ფორმულირებების მიცემა, ანუ ეტიკეტის სწავლა იწყება. არ გაინტერესებთ, იაპონიაში ბავშვს როგორ სჯიან? _ ეუბნებიან, რომ ოჯახურ სადილს ვერ დაესწრება. ჩვენთან კი, უმეტესად, მიიჩნევენ, რომ რახან მისი შვილია, ე. ი., მისი საკუთრებაა და როგორც უნდა, ისე მოექცევა. ასეთი მიდგომა დიდი შეცდომაა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი საფუძველი დადებითი ინტენცია და მოტივაციაა.
_ ე. ი., მოძალადე დადებითი მოტივაციით ძალადობს?
_ დიახ, ანუ მოძალადის დადებითი ინტენციის საფუძველი ბავშვობაშია საძებნი: მოძალადეს ბავშვობაში სიყვარული აკლდა _ სიყვარულის ნაცვლად ძალადობა მისცეს და ამიტომ ემპათია, თანაგრძნობა და იმის გაგება სჭირდება, ასე რატომ იქცევა.
_ მოძალადეს საზოგადოებამ უნდა გაუგოს?
_ მოძალადე ასე გაუცნობიერებლად იქცევა და იმ მექანიზმებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში მართავენ, არ იცნობს. მან, უბრალოდ, იცის, რომ გაუპატიურებით სიამოვნება მიიღო, თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი ემპათიის მიღებას ემსახურება და ბავშვებსაც სწორედ ამიტომ აუპატიურებენ _ ბავშვი ყველაზე ემპათიურია. მოძალადეს ბავშვობაში მშობელმა შეიძლება, ისეთი რამ უთხრა, რაც ვერც ერთმა დაიმახსოვრა და ვერც _ მეორემ.
_ მშობელმა შვილს ისეთი რა უნდა უთხრას, რაც მომავალში ძალადობის საბაბი გახდება?
_ მაგალითად, როგორი ბინძური ხარ, შენ არავინ შეგიყვარებს და შენ აუცილებლად ციხეში მოხვდები. ეს უკვე პროგრამაა _ თუკი ადამიანმა ბავშვობიდან იცის, რომ ბინძურია, არასოდეს არავინ შეიყვარებს და აუცილებლად ციხეში მოხვდება, გაუცნობიერებლად, ამ პროგრამას მიჰყვება.
_ ყველა კრიმინალის ბედი ბავშვობაში „დაინსტალირებული პროგრამის“, ასე ვთქვათ, შედეგია?
_ დიახ, ასეა… ამ პროგრამების გარდა სიყვარულის ნაკლებობაც „მუშაობს“. დედამიწის ზურგზე ყველა ადამიანს უნდა, რომ უყვარდეთ, პატივს სცემდნენ და მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
_ სიყვარულის დეფიციტი აშკარაა, მაგრამ ამის გამო არ მესმის, ნარკომანი ან „წამლის ბარიგა“ რატომ უნდა გავხდე?
_ ნარკომანობა რეალობისგან გაქცევის გზაა, „ბარიგა“ კი ფულს სხვის უბედურებაზე აკეთებს _ ბავშვობაში, შეიძლება, სიდუხჭირეში ცხოვრობდა და გადაწყვიტა, რომ ფული უნდა იშოვოს. საერთოდ, ადამიანი ისე იქცევა, როგორი ღირებულებების სისტემაც აქვს. თუ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატიოსნებაა, მაშინ ყველა არჩევანს პატიოსნების კონტექსტში გააკეთებს…
_ საქართველოში ოჯახური ძალადობაც გახშირებულია. ნლპ ამას როგორ ხსნის?
_ ოჯახში ქალებზე ძალადობა, უმეტესად, დედაზე შურისძიებაა, ანუ აქაც პრობლემა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ _ მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ერთად უნდა ეძინოთ, ბიჭი ძალიან ბრაზდება, როცა დედის გვერდით ადგილს მამა, ე. ი., სხვა მამაკაცი იკავებს.
_ ეს გაბრაზება გაცნობიერებულია?
_ არა, გაუცნობიერებელი. ამ დროს ბავშვი ავად ხდება, დედის მთელი მზრუნველობა მასზეა გადართული და მამა მარტო რჩება. ყველაფერი ეს იქამდე გრძელდება, ვიდრე ბავშვი დედასთან ჭიპლარითაა დაკავშირებული.
_ ჭიპლარით გადაბმულ დედა-შვილს ხომ ჯერ კიდევ სამშობიაროში „აცალკავებენ“?
_ ამ შემთხვევაში უხილავ ჭიპლარზე ვლაპარაკობ…
_ დედა-შვილის უხილავი ჭიპლარით განცალკევება როდის ხდება?
_ საქართველოში, მგონი, არასოდეს!
_ ამ შემთხვევაში ქვეყანას რა მნიშვნელობა აქვს?
_ აღზრდის მეთოდი და ოჯახის წევრებს შორის დამოკიდებულება ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. რამდენი გვინახავს 40 წლის მამაკაცი, რომელიც ისევ დედას გაიძახის? ისეთი ფაქტებიც ვიცი, როცა მამაკაცი საცოლედ ისეთ ქალს ეძებს, რომელიც დედამისს თუნდაც ბლინების გამოცხობაში ემსგავსება.
_ უხილავი ჭიპლარის გადაჭრა როგორ შეიძლება?
_ ახლა ისეთი შეკითხვა დამისვით, რომელზეც ყველაზე ჭკვიანი ადამიანები მუშაობენ…
_ ნანა, თქვენს ვაჟთან უხილავი ჭიპლარი გადაჭრილი გაქვთ?
_ დიახ.
_ როგორ გადაჭერით?
_ ბიჭი რომ მეყოლა, 34 წლის, ანუ იმ ასაკში ვიყავი, როცა დედობრივი ინსტინქტი, შეცდომებიდან გამომდინარე, მკაფიოდ მქონდა ჩამოყალიბებული. საერთოდ, არ მიმაჩნია, რომ ადამიანმა შეცდომა არ უნდა დაუშვას. თუ შეცდომას არ დაუშვებ, ვერ ისწავლი. მოკლედ, ვიცოდი, ბიჭთან მიმართებით რა შეცდომა არ უნდა დამეშვა და მინდოდა, თავისუფალ და ლაღ ადამიანად გამეზარდა, რომელსაც თავისი ცხოვრება აქვს. ამიტომ მისი მეგობარი გავხდი და შევეცადე, მისთვის ქალის ხატება არ გავმხდარიყავი. მაშინაც კი, ვიდრე საუბარს დაიწყებდა, ვეუბნებოდი, რომ ყველაზე ჭკვიანია და ყველაფერს მიაღწევს, რომ ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანია და არჩევანიც თვითონ უნდა გააკეთოს.
_ ე. ი., აპროგრამებდით?
_ ასე გამოდის და ამას მაშინ ვაკეთებდი, როცა ჩემი ვაჟი სამი წლის იყო. ნიკოლოზს შეუძლია, თავისი პრობლემა გამიზიაროს, მაგრამ ამ პრობლემას მე კი არ გადავჭრი, არამედ პრობლემის მოგვარების გზის მოძებნაში დავეხმარები. სხვათა შორის, სიტყვა „პრობლემას“ კი არა, „ამოცანას“ ვიყენებ, რადგან თუკი რაღაცას პრობლემას დაარქმევ, ის აუცილებლად პრობლემად იქცევა. ამოცანას კი, უბრალოდ, ამოხსნა უნდა, თან პრობლემას, თუ მისგან დისტანცირებას არ მოახდენ, რასაც ნლპ-ში დისლოცირება ჰქვია, ვერასოდეს მოაგვარებ. ქართული გამონათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო და ასეცაა.
_ ისე, ქართული ანდაზები თუ ზღაპრები, მგონი, ნლპ-ს კლასიკური ნიმუშებია. ავიღოთ, მაგალითად, „რწყილიდა ჭიანჭველა“ _ ბავშვობიდან კორუფციაზე გვაპროგრამებენ?
_ თუ ასე გავყვებით, მაშინ ყველა ნაწარმოებში რაღაც პროგრამა დევს…
_ ერთი სიტყვით, თუკი დავიჯერებთ, რომ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება მუშაობს, შეგვიძლია, ყველა მოვლენა ამ ჭრილში განვიხილოთ, არა?
_ ნლპ-ს თავი რომ დავანებოთ, ყველაფერი მანიპულაციის საშუალებაა.
_ პოლიტიკოსები ნლპ-ს მასების სამართავად იყენებენ?
_ დიახ, იყენებენ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსმა ნლპ კარგად იცის. ზოგი სპეციალისტებს ქირაობს.
ისე, რასაც გარედან ვხედავ, ამჟამინდელი ხელისუფლების პრობლემა სწორედ ისაა, რომ არ იცის, რა და როგორ ილაპარაკოს. შეიძლება, მრჩევლები ჰყავს, მაგრამ, სავარაუდოდ, საკმარისად კვალიფიციურნი არ არიან. სხვათა შორის, ასეთი მრჩეველი ყველა დიდ პოლიტიკოსს ჰყავდა. მაგალითად, ცნობილია, რომ ჰიტლერთან ძმები ლაუტენზაკები მუშაობდნენ, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მაგები იყვნენ დ რომლებმაც ჰიტლერი ხელისუფლებაში მოიყვანეს. საერთოდ, ყველა მეთოდიკა, რომელიც მასებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენება, მანიპულაციაა.
_ ნლპ სიტყვების მაგიაა?
_ დიახ, ასეა… ნლპ-ს ყველა სფეროში გამოყენება წარმატებით შეიძლება.
_ ოდესმე ხელისუფლებისთვის გიმუშავია?
_ არა…
_ ვთქვათ, სამსახური სპეცსამსახურებმა შემოგთავაზეს, დასთანხმდები?
_ სიამოვნებით, რატომაც არა?!
_ ერთი სიტყვით, ნანა, შეგიძლია, ხალხს ამოცანები ამოუხსნა?
_ დიახ, შემიძლია, თუმცა უფრო ზუსტი ფორმულირებით: შემიძლია ვასწავლო, როგორ ისწავლოს ამოცანის ამოხსნა. ზოგიერთი ამოცანა ისეთია, რომლის ამოხსნაც ჩემზე ძლიერ სპეციალისტებსაც უჭირთ და ამისთვის სპეციალისტების ერთობლიობაა საჭირო.
_ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დადებითი და უარყოფითი, რაც მსოფლიომ მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლებიდან გადაიტანა და დღესაც გადააქვს, ნლპ-ს „დამსახურებაა“?
_ გამორიცხული არაფერია…
_ მოდი, ახლა, ნლპ-ს ჭრილში პოლიტიკური ლოზუნგები განვიხილოთ…
_ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება მხოლოდ პოლიტიკურ ლოზუნგებში კი არა, რეკლამებშიც გამოიყენება.
_ ეს ხომ ზომბირებაა?
_ დიახ. ნლპ, იცით, როგორაა? _ ადამიანს მიზიდულობის კანონის შეიძლება, არ სჯეროდეს, ან მის შესახებ გაგონილიც არ ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი მეხუთე სართულიდან გადმოხტება, მიწაზე არ დაეხეთქება.
საერთოდ, ყველაფერი კონკრეტული ადამიანის სააზროვნო სტრატეგიაზეა დამოკიდებული. ყველა ადამიანი ყველაფერს, რასაც აღიქვამს, გარკვეულ ფილტრებში ატარებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, სადილი სადილია და არა _ მენიუ. არსებობს ქალაქი და არსებობს ამ ქალაქის რუკა, მაგრამ ქალაქი და რუკა ერთი და გივე არ არის. ყველა ადამიანს სამყაროს თავისებური რუკა აქვს, რომელიც იმას არ ნიშნავს, რომ სამყაროა, ანუ ყველას სამყაროზე თავისი წარმოდგენა აქვს, თუმცა სამყარო ერთია…
არ შეიძლება, ადამიანმა ასე იმეტყველოს: „წავეთრევი“, „მოვეთრევი“… თუ გინდა, რომ კარგად იყო, საკუთარ თავს ძალიან ეკოლოგიურად უნდა ელაპარაკო.
იცით, ბავშვს, ვთქვათ, ჭიქა რატომ უტყდება? _ იმიტომ, რომ დედა სიტყვას ადევნებს, ეგ ჭიქა არ გატეხოო. არაცნობიერს „არ“, ანუ უარყოფითი ნაწილაკი არ ესმის და… ბავშვმაც ჭიქა გატეხა. დედას რომ ეთქვა, ჭიქა ფრთხილად წაიღეო, ეს სწორი ფორმულირება იქნებოდა.
_ ჩვენი ბედნიერების გასაღები სწორ მეტყველებაშია?
_ დიახ და ისიც უნდა ვიცოდეთ, კონკრეტული სიტყვა ადამიანის ტვინზე როგორ მოქმედებს.
სხვათა შორის, ადამიანით მანიპულირების საუკეთესო საშუალება დანაშაულის შეგრძნების გაჩენაა. დანაშაულის შეგრძნება, როგორც წესი, ბავშვობიდან ჩნდება.
_ ადამიანს დანაშაულის შეგრძნება როგორ უნდა გაუჩნდეს?
_ ვთქვათ, რაღაც რომ მთხოვო და ვერ გაგიკეთო, დანაშაულის შეგრძნება მექნება და თუკი მეორედ რამეს ისევ მთხოვ, აუცილებლად გაგიკეთებ. ამ მეთოდის გამოყენება იმ შემთხვევაშიც შეიძლება, როცა ადამიანს ხელფასის გაზრდა უნდა.
_ ეს როგორ?
_ იმ მომენტს არჩევ, როცა უფროსი კარგ გუნებაზეა და ეუბნები, რომ ძალიან ბევრ საქმეს წარმატებით აკეთებ. უფროსი გეთანხმება. ამის შემდეგ ხელფასის მომატებას იმაზე მეტი თანხით სთხოვ, ვიდრე გინდა და უარს რომ მიიღებ, ეტყვი, კარგი, მაშინ ხელფასი ორი-მესამედით გამიზარდეო. უფროსი შვებით ამოისუნთქავს და ჯამაგირს გაგიზრდის.
რაც შეეხება ლოზუნგებს, რაზეც წეღან ვლაპარაკობდით, ნებისმიერი პარტიის მიერ წამოყენებული ლოზუნგი ნომინალიზაცია, ანუ უძრავი, ჰაერში გაშეშებული სიტყვაა.
კომუნისტებს ჰქონდათ ასეთი ლოზუნგი: „ძმობა, ერთობა, თავისუფლება!“ ასეთ სტატიკურ სიტყვებში ადამიანი თავის გამოცდილებას დებს _ ძმობა ყველასთვის სხვადახვა რამეა. თავისუფლებაც ასეა და ერთობაც.
ნებისმიერი ასეთი ლოზუნგი ადამიანებზე ამიტომაც მოქმედებს.
ავიღოთ, თუნდაც, გამოთქმა: „ყველაფერი კარგად იქნება!“ ეს ბუნდოვანი და, ამავდროულად, კონკრეტული დაპირებაცაა.
_ რატომ?
_ როცა პენსიონერს ესმის, ყველაფერი კარგად იქნებაო, ფიქრობს, პენსია მომემატება და კომუნალური გადასახადები შემიმცირდებაო. ბიზნესმენი კი მიიჩნევს, ჩემს ბიზნესს აღარაფერი დაემუქრება და უფრო ბევრ ფულს ვიშოვიო. როცა ავადმყოფს ეუბნებიან, ყველაფერი კარგად იქნებაო, ის ამ ფრაზას თავის აღქმის ფილტრში ატარებს და ფიქრობს, რომ მალე გამოჯანმრთელდება.
_ ბოლო დროს, პოლიტიკურ ლოზუნგებთან ერთად, პოლიტიკური გინებაც ერთობ მოდურია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საზოგადოებას კეთილების გინებით დაამახსოვრა თავი. ისიც გვახსოვს, თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია, ოპონენტებს მაიმუნო-ვირიშვილებს რომ ეძახდა. ნანა, პოლიტიკოსები და უმაღლესი თანამდებობის პირები, რომელთაც თმენის ვალდებულება აქვთ, საჯაროდ რატომ ბილწსიტყვაობენ?
_ საზოგადოებას სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები გინების წარმოშობის შესახებ უამრავ თეორიას გვთავაზობენ, მის ეტიმოლოგიასაც აღწერენ და განმარტავენ, რატომ დამკვიდრდა ბილწსიტყვაობა საზოგადოებაში, რისთვისაა ის საჭირო და რა ინფორმაციის მატარებელია. ასევე ცდილობენ იმის გარკვევასაც, თუ რა ზეგავლენას ახდენს ბილწსიტყვაობა ადამიანებზე.
შევეცადოთ, ვუპასუხოთ კითხვას: რა ფსიქოლოგიურ ფუნქციას ასრულებს გინება?
ამისთვის ჯერ გავიხსენოთ, რა შემთხვევებში ბილწსიტყვაობენ ადამიანები: სტრესისას _ შიში, ტკივილი, ბრაზი, ნებისმიერი მწვავე განცდა, აფექტური მეტყველება.
ახლა მცირე გადახვევას გავაკეთებ: მეორე მსოფლიო ომის ანალიზისას ამერიკელმა ისტორიკოსებმა ძალიან საინტერესო ფაქტი აღმოჩინეს, კერძოდ: იაპონელების სამხედრო ძალებთან უცაბედი შეჯახებისას ამერიკელები, როგორც წესი, უფრო სწრაფად იღებდნენ გადაწყვეტილებას და, ჩვეულებრივ, ამარცხებდნენ რიცხოვნობით ჭარბ მტერს. მოცემული კანონზომიერების კვლევისას მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამერიკელების სიტყვის საშუალო სიგრძე 5.2 სიმბოლოს შეადგენდა და ეს მაშინ, როცა იაპონელებისა 10.8 იყო და შესაბამისად, ბრძანების გასაცემად ამერიკელებს 56%-ით ნაკლები დრო სჭირდებოდათ, რაც მოკლეხნიან ბრძოლებში არსებით როლს თამაშობს.
ბილწსიტყვაობა ამხნევებს _ განმუხტავს ვითარებას, ხსნის დაძაბულობას და ეხმარება ადამიანს, კოლექტივს შეერწყას; გინება იწვევს გაოგნებას და კლავს მოქმედების სურვილს; ბილწსიტყვაობა ამახინჯებს ადამიანს, მის ფსიქიკას; გინება ეხმარება ადამიანს, სწრაფად აღიდგინოს ძალები, მოიხსნას სტრესი. ყველაფერი ეს ბოდვას ჰგავს, არადა, ყველაფერი ეს მეცნიერთა და მკვლევართა დასკვნებია.
ახლა ვნახოთ, რას ამბობს ნლპ ბილწსიტყვაობაზე:
ყველა ჩვენგანს აქვს ფარული შიშები, ფანტაზიები, სურვილები, რომელთა შესახებ ხშირად საკუთარ თავთან გამოტყდომაც კი გვიჭირს. ჩვენი ცნობიერება გვაკონტროლებს და ამიტომ ვცდილობთ იმ ფარგლებში ვისაუბროთ, რის საშუალებასაც ჩვენი გარემოცვა გვაძლევს, თუმცა დაძაბულ სიტუაციებში, კომუნიკაციური ლაყბობის ვითარებაში, საკუთარი აზრების გამოხატვისას ჩვენი არაცნობიერი გვაბითურებს და ჩვენს საიდუმლოებებს გასცემს.
აქ ყურადღებას მივაპყრობდი იმ გარემოებას, თუ რა გამოთქმებს არჩევს ადამიანი საკუთარი გრძნობების, განცდების გამოხატვისას. არსებობს ასეთი აზრი: რაც გვტკივა, სწორედ იმაზე ვლაპარაკობთ. ჰოდა, ყველაზე ხშირად მისთვის ნაცნობი ბილწსიტყვაობიდან ადამიანი იყენებს თავის საყვარელ ამა თუ ორგანოს ან ქმედებასთან დაკავშირებულ ლანძღვა-გინებას.
მაგალითად, მოზარდები ხშირად იგინებიან და სწორია – მათ ჰიპერსექსუალობის პერიოდი აქვთ, რის შესახებაც გარე სამყაროს ამცნობენ.
და რაკიღა ადამიანები იმაზე ვბილწსიტყვაობთ, რაზეც ვფიქრობთ, მაშასადამე, უნდა დავფიქრდეთ, რა ინფორმაციას ვაწვდით გარშემომყოფებს ჩვენზე!
საერთოდ, სხვებისთვის „დიაგნოზის“ დასმას დიდი სიფრთხილე სჭირდება.
როგორც მედიცინაშია, თუ დაავადების არანაკლებ სამი სიმპტომი არებობს, შეიძლება, ამ დაავადებაზე მივიტანოთ ეჭვი, ასევეა ბილწსიტყვაობის შემთხვევაშიც – გასათვალისწინებელია, რამდენად ხშირად იგინება ადამიანი, რა კონტექსტში და რა მოტივაციით.
ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ როცა ვიღაც მასობრივად კბილების ჩამტვრევით დაგვემუქრა, იმას ნიშნავს, რომ პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, უპრიანი არ იქნება, რადგან ეს მხოლოდ ერთი „სიმპტომია“. ანდა როცა მავანი ოპონენტს „მაიმუნო-ვირიშვილოს“ ეძახის, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას ბავშვობაში უსაქციელობის ან ცელქობისთვის დატუქსვის ნაცვლად, უცენზუროდ განუმარტავდნენ, ვინ იყო!
ასევე ქალბატონის ბაგეებიდან აღმოხდენილი უხამსი სიტყვა არ ნიშნავს, რომ ის გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რასაც ამბობს. მოცემულ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ მას სჭირდება ხერხი, რომლითაც იქ დამსწრეებს შაბლონს დაურღვევს, სტერეოტიპს დაუნგრევს, რათა გააოგნოს, მოახდინოს მათი პარალიზება, შეაპაროს ფარული „ბრძანება“ ან პროგრამა, უჩვენოს სიტუაციის აბსურდულობა და მოსაუბრეების განვითარების დაბალი დონე, აჩვენოს საკუთარი უპირატესობა და ოპონენტების დაკნინების ხარჯზე მოახდინოს საზოგადოებაში ე. წ. შავი ავტომატიკის მექანიზმის ჩართვა.
პიროვნება, განურჩევლად იმისა, პოლიტიკოსია თუ არა, უცენზურო ლექსიკას მიმართავს, რათა საკუთარი პოზიცია გააძლიეროს, მოწინააღმდეგის აზრს ძალა დააკარგვინოს და სხვა მრავალი, თუმცა რაც უფრო განვითარებულია პიროვნება, მით უფრო თავისებურად აკეთებს ამას. მაგალითად, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი უხამს სიტყვას არა თავის დასაცავად, არამედ მოწინააღმდეგის პროვოცირებისთვის იყენებს, ვინაიდან ბალანსიდან ამოვარდნილი ადამიანით მანიპულირება გაცილებით ადვილია.
ხშირ შემთხვევაში გინებას ადამიანები ერთი მეორეზე ყურადღების გადატანის გარდა, ხალხის გულის მოსაგებადაც მიმართავენ.
პოლიტიკურ არენაზე ოპონენტისთვის შეურაცხყოფის მიყენებისას ესა თუ ის პირი არა მხოლოდ მის უმსგავსობას ავლებს ხაზს, არამედ საკუთარი ანტიპათიით პოზიციასაც გამოჰკვეთს.
რაც უფრო დაბალია პიროვნების ინტელექტუალურ-კოგნიტური შესაძლებლობები, მით უხეში და, შესაძლოა, საყოველთაოდ შეურაცხმყოფელიც გახდეს მის მიერ ნასროლი გინება, რომელიც, ყველაფერთან ერთად, ამ პიროვნების შეზღუდულ ლექსიკაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე მოწინააღმდეგის უარყოფით თვისებებზე.
ინტელიგენტები ბილწსიტყვაობენ სტატუსისა და სიტუაციის უადგილობა-შეუთავსებლობის გამო, ხოლო უინტელექტონი _ მწირი ლექსიკისა და სიტუაციის მასშტაბური აღქმის შეუძლებლობის გამო.
გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები საკუთარ უარყოფითს ხშირად სხვათა სახეებში ვხედავთ, ვინაიდან ყველაფრის საზომი, ისევ და ისევ, საკუთარი თავია, ცხადი ხდება, რომ ბილწსიტყვაობით ჩვენ იმ თვისებებს მივაწერთ ოპონენტებს, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე მიუღებელია.
ინტელექტუალი პიროვნება ამგვარ მოცემულობაში აგინებს არა კონკრეტულ პირს, არამედ განიხილავს მას ზოგად ასპექტში, რის შემდეგაც მის მიერ შექმნილი იარლიყი შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს მოერგოს. დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი კი ამას გაუცნობიერებლად ეწევა.
ზოგი ფიქრობს, რომ ბილწსიტყვაობით არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას გამოხატავს, არამედ მკვეთრად გამოჰყოფს საკუთარ ინდივიდუალურობას.
ვინმესთვის მიზანშეწონილად შეურაცხყოფის მიყენების ნაცვლად რაიმე მოვლენის აღსაწერად გამოყენებული ბილწსიტყვაობა, რიგ შემთხვევებში, ერთმნიშვნელოვნად საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოქცევისთვის კეთდება.
მეცნიერული კვლევების თანახმად, ბილწსიტყვაობა ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს. მაგალითად, ზოგს ტონუსს უმაღლებს, სიტუაციას განმუხტავს, კლავს მოქმედების სურვილს, ამასთან უარყოფით გავლენას ახდენს ინტელექტზე, ზოგისთვის გინება ამთელებს ჭრილობებს, ხელს უწყობს ნეგატიური ემოციებისგან განწმენდას, ხსნის სტრესს და ა. შ.
ემოციათა ექსტრავერსიის ძირითადად ორი ურთიერთდაპირისპირებული აზრი არსებობს. ადამიანთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ უარყოფითი ემოცია ადამიანმა საკუთარ თავში უნდა გამოასწოროს, რათა ამით სოციუმი არ დააზარალოს, ხოლო მეორე, რომელსაც დღესდღეობით მიმდევრები უფრო მეტი ჰყავს, მიიჩნევს, რომ უნდა გამოხატო ის, რასაც განიცდი. შესაბამისად, თუ ვგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად, მაშასადამე სამაგიეროც უნდა გადავუხადოთ.
მაგალითად, აგრესორის აზრით მისი პროტესტი მოწინააღმდეგე მხარემ უნდა შეიგრძნოს სრულიად, ვინაიდან ეს ლოგიკურად სამართლიანია.
ზოგიერთი ადამიანი, თავისი ფსიქოლოგიური ორიენტაციის გამო, ფიქრობს, რომ მის მიერ გამოხატული აგრესია სიტუაციაზე მორგებით სავსებით მისაღები და ადეკვატურია.
სინამდვილეში სიტყვები ძალიან რთული რამ არის. სიტყვა, როგორც ცალკეული მოცემულობა, განეკუთვნება სამ სხვადასხვაგვარ დონეს.
აქედან ყველაზე მთავარია პირველი, ანუ სიტყვა, რომელიც მიმართულია არსებულისკენ, „სიმართლისკენ“, მეორე მიმართულია იმედისკენ, ხოლო მესამე _ შიშისკენ.
ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალი სიტყვა, ტერმინი და მისი გამოხატულება არსებობს, რომ დაიცვას, ხელი შეუწყოს და აატანინოს ადამიანს რაიმე განწყობა, ვითარება ან პირადი მდგომარეობა, რომელიც, მისი შეხედულებით, საზიანო ან დესტრუქციულია მისთვის.
მაგალითისთვის, ლექსიკონის დანიშნულება სულაც არ არის სიტყვათა აზრის გადმოცემა, არამედ გვასწავლის მათი გამოყენების კანონზომიერებას.
უმრავლესი სიტყვა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად იყენებს, უმეტესად გაუგებარი და ორაზროვანია, ისევე როგორც მრავალი ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადება. ხოლო თუ მაინც გასაგები და ნათელია, შესაძლოა სიმართლე-სინამდვილეს არც შეესაბამებოდეს.
სიტყვის მართებულობა ადამიანს ესმის იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ეთანხმება მის კონტექსტს.
_ ქართულ პოლიტიკაში ჭორებიც აქტუალურია. ზოგადად, რა არის ჭორაობა, ანუ რატომ ჭორაობენ ადამიანები?
_ ჭორის ფენომენი წარმოადგენს უპირობო საუბარს ან მოხსენებას, რომელიც შეიცავს დეტალებს სხვა ადამიანის პირადულ ცხოვრებაზე, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, სინამდვილეს სულაც არ შეესაბამებოდეს, ანუ დადასტურებული არ იყოს. ადამიანები ხშირად ამას საკუთარი თავის ასამაღლებლად აკეთებენ, რადგან სხვის ნაკლზე საუბრით საკუთარი ღირსების წარმოჩენა გაცილებით მარტივია, თუმცა ვინაიდან ადამიანი ყველაფერს საკუთარი თავის მეშვეობით ზომავს, შეიძლება ითქვას, რომ იგი საკუთარ უარყოფით თვისებებს ამოიცნობს სხვებში, რის შემდეგაც უმალვე განსჯის მას. როგორც ეს ოდესღაც ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელმა კარლ იუნგმა ერთხელ ბრძანა, მსჯელობა რთულია, ადვილია განსჯა. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ სხვაზე ჭორაობისას ადამიანი გაუცნობიერებლად და თავისდაუნებურად საკუთარ თავზე ჭორაობს, ანუ ინფორმაციას გვაწვდის საკუთარ თავზე ისე, რომ თავად ამას არც კი ეჭვობს.
იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი მრავალ ფსიქიკურ-მორალურ თუ სხვა მახასიათებელს შეიცავს და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ადამიანს აქვს ეგო, ცხადი ხდება, რომ ყველა სუბიექტურია და ობიექტურ რეალობას ნებისმიერ შემთხვევაში განიხილავს საკუთარი აღქმის, შეზღუდვების, ჩარჩოების გათვალისწინებით, ანუ სუბიექტური პრიზმიდან.
_ რით განსხვავდება ჩვეულებრივი ჭორაობა პოლიტიკური ჭორაობისგან?
– იმით, რომ პოლიტიკური ჭორაობა იარაღია პოლიტიკურ ოპონენტებსა და მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში. ასევე სერიოზული და მძლავრი იარაღია მასებით მანიპულაციის. არსებობს სერიოზული ფსიქოტექნოლოგიები, რომლებსაც სხვაგვარად შავ ავტომატიკასაც უწოდებენ და რომელიც უშუალოდ მოწინააღმდეგის გაცამტვერების „საქმეს“ ემსახურება. აქ აღარაა საუბარი იმაზე, ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას.
ჭორი ძალიან ძლიერი ტაქტიკაა, რომელიც ვირუსული მარკეტინგის საფუძველში დევს და მასზეა დაფუძნებული „სოციალური დამოწმების“ ტრიუკი, ანუ ადამიანები, რომლებიც დაამოწმებენ (თუმცა ვერ დაასაბუთებენ), რომ ესა თუ ის ამბავი ნამდვილია. აქვე გეტყვით, რომ ეს ტექნიკა ძალიან ხშირად გამოიყენება რეკლამებში, ონლაინ გაყიდვებში და ცხადია, პოლიტიკურ ბრძოლებში. თვალსაჩინოებისთვის საკმარისია გადახედოთ ფეისბუქ-კომენტარებს _ ხომ ვიცით, რომ მათი გარკვეული ნაწილი სრულებით მიზანმიმართულად იწერება, ვინმეს გასაშავებლად ან „გასაპრავებლად~.
_ ჭორი პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღია?
– როგორც უკვე გითხარით, რასაკვირველია არის, რადგან ჭორი წარმოადგენს დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, გადამოწმების საშუალებას არ იძლევა, რაც ცხადყოფს იმას, რომ პოლიტიკურ გარემოში ჭორი ამა თუ იმ პოლიტიკოსს კრიტიკულ მომენტში ხელს აძლევს თავისი გარემოცვის მანიპულირებაში.
წარმოიდგინეთ, რომ პოლიტიკოსს თავისი ხანგრძლივი სახალხო გამოსვლისას შეუძლია, თითო წინადადებით ისეთ ჭორს მიმართოს, რომელიც ხალხისთვის მწვავე თემას ეხება და იგი ოპონენტთა დასამარცხებლად გამოიყენოს.
_ რა უფრო საშიშია, როცა, ვთქვათ, ჩვეულებრივი ადამიანები ჭორაობენ თუ როცა უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთს საჯაროდ ჭორავენ?
– ზოგად ასპექტში ჭორი ორივე შემთხვევაში უარყოფითი შედეგის მომტანია საზოგადოებისთვის, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ამით ქვეყნის სახეს აჩვენებენ და საკუთარ პროფესიონალიზმს (პროფესიულ ეთიკას) უზარმაზარ ზიანს აყენებენ. უამღლესი პირის მიერ წარმოთქმული ჭორი ან უსაფუძვლო კრიტიკა არა მხოლოდ მის ან მისი გუნდის, არამედ ქვეყნის რეპუტაციას აფუჭებს.
_ ჭორებისკენ მიდრეკილი საზოგადოება შეიძლება, განვითარებულად ჩაითვალოს?
– ერთმნიშვნელოვნად, _ არა, ვინაიდან ადამიანი, რომელიც სხვათა კრიტიკის მეშვეობით იმაღლებს საკუთარ თავდაჯერებულობას, ამრიგად კვებავს საკუთარ ამპარტავნებას, რეპუტაციას უფუჭებს სხვებს და ცდილობს, მის მიერ შექმნილ უარყოფით ფონზე თავი სუფთად წარმოაჩინოს. ჩემი აზრით, ამგვარი ფაქტი, მხოლოდ და მხოლოდ, შინაგან დაპირისპირებას აწარმოებს ადამიანებს შორის.
გარდა ამისა, ფსიქოოლოგიის თვალსაზრისით, იგი სინამდვილეში საკუთარ თავს აკრიტიკებს, უბრალოდ, ამის პროეცირებას სხვაზე ახდენს, რადგან გაუცნობიერებლად მიაჩნია, რომ ეს უარყოფითი თვისებები მას კი არა, სხვას აქვს. ამგვარი გამოვლინება ადამიანის მხრიდან მცდელობაა, მიმართოს საკუთარი თავი რეგრესისკენ, ვინაიდან პროგრესისას ადამიანი საკუთარ უარყოფით თვისებებს აცნობიერებს და შემდგომ მათ გამოსწორებაზე მუშაობს. ხოლო მოცემულ შემთხვევაში ადამიანი უარყოფით იარლიყს საკუთარი თავისგან იცილებს და სხვას აკრობს _ ადამიანის ეგო საკუთარი სისუსტეებისგანვე ცდილობს თავის დაცვას, მათ შორის იმისთვის, რომ საკუთარი თავი უყვარდეს, აფასებდეს, მაშასადამე, უყვარდეს სხვებსაც, რათა მან მიიღოს ის, რაც უნდა (ანუ სიამოვნება).
ადამიანი, რომელიც უბრალოდ განსჯის სხვებს საკუთარი თავის დასაკმაყოფილებლად, ეჭვი მეპარება, განვითარებულად ითვლებოდეს.
სხვათა შორის, სიტყვა ჭორი მოდის ძველი ინგლისური სიტყვიდან _ Godsibb და ნიშნავს ძალიან ახლო მეგობარს. მე-16 საუკუნეში ეს სიტყვა აღნიშნავდა ქალბატონს, რომელსაც სიამოვნებს უპირობოდ საუბარი ან ახალ ამბებზე საუბარი. მე-19 საუკუნეში ტერმინმა ფორმა იცვალა და მოსაუბრიდან გარდაიქმნა „ადამიანებად, რომლებიც ჭორაობენ“ (ჭორიკნებად). რამდენადაც ცნობილია, ეს ტერმინი პირველად უილიამ შექსპირმა გამოიყენა, თუმცა იქამდე ეს ტერმინი წარმოიქმნა მშობიარობის ფენომენის გამო, ვინაიდან ყველაზე მთავარი ახალი ამბავი სწორად ეს გახლდათ და ყველა ნათესავი თუ მეზობელი იკრიბებოდა ამ ფაქტის განსახილველად ან აღსანიშნად. შესაბამისად, ამგვარი შეკრებებისას ხალხი სხვა დანარჩენ ამბებზეც საუბრობდა.
_ როგორც ნლპ-ს სპეციალიტი, როგორ ფიქრობთ, ჭორის მიზანმიმართული გავრცელება უნდა იყოს თუ არა დასჯადი?
– ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან სოციუმი თავადვე ქმნის დ თავადვე სჯის ჭორაობის ფენომენს. იგი იარსებებს იქამდე, სანამ საზოგადოების ყველა განუვითარებელი ელემენტი არ გადალახავს საკუთარ თავს (არ დაიმორჩილებს ეგოს), ან იქამდე, სანამ ადამიანთა მიერ შექმნილი მორალური ჩარჩოები არ აღკვეთს ჭორის არსებობას.
_ როცა ჭორების მსხვერპლნი უმაღლესი თანამდებობის პირები ხდებიან, ამით საზოგადოება ითრგუნება?
– იხლიჩება და ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, თუკი, რასაკვირველია, ქვეყანაზე ფიქრობ.
_ ჭორი მორალური ტერორია?
– კი, სხვათა შორის, ტერორად შეიძლება, სიყვარულიც იქცეს, ანუ უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ჭორი ტერორის ნაირსახეობაა.
_ როგორ დავიცვათ თავი ჭორისგან?
– შენზე რომ არ იჭორაონ, ამის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ეს შენზე არაა დამოკიდებული. ისეც ხდება, რომ ადამიანი, რომელიც ჭორების თავიდან აცილებას ლამობს, საერთოდ წყვეტს ხოლმე საკუთარი ცხოვრების შესახებ თუნდაც რაიმეს მოყოლას. შედეგად, მითქმა-მოთქმა მაინც გრძელდება, ოღონდ ამჯერად ჭორები ეფუძნება მთლიანად გამოგონილ ამბებს, რომლის კრეატიულობა შეიძლება ფანტასტ მწერალსაც კი შეშურდეს! უფრო უარესია თავის გამართლების მცდელობა, ის რაც ითქვა, სიცრუეაო, რადგან პრაქტიკა უჩვენებს, რომ რაც მეტად კონცენტრირდება ადამიანი მასზე გავრცელებულ ჭორებზე, მით მეტად თვალსაჩინოს ხდის საკუთარ სისუსტეებს და მით მეტად აუგად იხსენიებენ ზურგს უკან. ამიტომ უმჯობესია, ჭორიკნებისგან თავდასაცავად გამოიყენოთ შემდეგი ხერხები:
„შეიბრალე ჭორიკანა“ – სხვაზე აუგის სათქმელად ადამიანს შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის: შურისძიება, შური და დაბალი თვითშეფასება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სხვაზე ცუდის თქმით ის ცდილობს, საკუთარი თავის ამაღლებულად წარმოჩენას, რადგან ამ ქვეყანაზე ყველაფერი შედარებითია. ყველა შემთხვევაში ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ჭორიკანა ღრმად უბედური ადამიანია და იმსახურებს არა მრისხანებას, არამედ სიბრალულს. ამიტომ, უბრალოდ, შეიბრალეთ იგი.
იმუშავე საკუთარ თვითშეფასებასთან. თუ ამ თვალსაზრისით გრძნობ და ხედავ, რომ პრობლემები გაქვს, მაშინ ფსიქოლოგს უნდა მიმართო, ხოლო თუ ამის საშუალება არ გაგაჩნია, მაშინ მიმართე მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მათ, ვისი აზრიც შენთვის ძალიან მნიშნელოვანია და სთხოვე, მოგიყვეს შენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. გაოცდები, იმდენ სიახლეს შეიტყობ საკუთარ თავზე.
გამოიყენე ფსიქოლოგიური ხერხები. მაგალითად, არსებობს ასეთი მეთოდიკა: განმარტოვდი მშვიდ გარემოში და წარმოიდგინე, შენ გარშემო როგორ იგება ციხესიმაგრე. ამოირჩიე საშენ მასალად შენთვის მოსაწონი, თუნდაც ბეტონი, ხე, მინა, სულერთია, რადგან ყველა შემთხვევაში ეს მასალა ჯადოსნურია და ატომურ ბომბსაც კი უძლებს. ამასთან, მას ისეთი თვისება აქვს, როგორიც პოლიციის სარკეებს დეტექტიურ ფილემბში: შიგნიდან ხედავ, გარეთ რა ხდება, გარეთ მყოფნი კი მას, უბრალოდ, სარკედ აღიქვამენ. ციხესიმაგრის კედლები გაწვდენილი ხელების მანძილზე უნდა ააგო, თავს ვიწროდ არ უნდა გრძნობდე. შეგიძლია ციხესიმაგრეში შეიყვანო შენთვის საყვარელი და სანდო ადამიანები. წარმოიდგინო, რომ ამ ციხესიმაგრეში თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობ. მშენებლობას რომ დაასრულებ, წარმოიდგინე გარეთ მყოფი ჭორიკნები, რომლებიც ყველა ძალისხმევით ლამობენ შიგნით შემოღწევას: თხრიან მიწას, გესვრიან ისრებს, ქვებს, ციხესიმაგრის ძირში დებენ დინამიტებს, მაგრამ როგორც თავიდანვე გავითვალისწინეთ, ეს ციხესიმაგრე სრულებით მიუდგომელი და აუღებელია. ეს სურათი უნდა წარმოიდგინო ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავზე აუგი გესმის. დროთა განმავლობაში იგრძნობ, დაინახავ და მოისმენ, როგორ თავისუფლდები ჭორებისა და ჭორიკნებისგან და როგორ ხდება შენი ცხოვრება უფრო ჰარმონიული.

P. S. საუბრის ბოლოს, „ქრონიკა+“-მა ნლპ-ს სპეციალისტს ერთი დელიკატური კითხვა დაუსვა, ანუ ჩვენ ნანა ჩარკვიანს ვკითხეთ, მისი დაკვირვებით ქართველ პოლიტიკოსებს სექსი აქვთ თუ არა? ნლპ-ს სპეციალისტმა გვითხრა, რომ სექსი ერთგვარი აგრესიაა. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, უმეტესად, აგრესიულები არიან, შეიძლება ითქვას, რომ ისინი სექსის ნაკლებობას განიცდიან და შესაბამისად, მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას პოლიტიკურ არენაზე ცდილობენ. ეს შეიძლება, საკამათო საკითხია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში ქართული პოლიტიკის „მამოძრავებელი ღერძი“ სექსია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც „ოცნების“ პარლამენტმა გადადგა, ე. წ. ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა იყო. თავის დროზე, ამ თემაზე საზოგადოებამ ბევრი იხუმრა, მაგრამ იგივე ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ჭრილში თუ განვიხილავთ, „ბუსუსებიანი პრეზერვატივების“ აკრძალვას ღრმა ფსიქოლოგიური ფესვები აქვს.

გიორგი აბაშიძე