“ჩემს გაშვებას ხელისუფლება ინანებს!”

ივანიშვილი დაბრუნდა, კვირიკაშვილი წავიდა.
კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ალავიძის კორუფციულ სქემებზე დაწყებული გამოძიება ახალ მთავარ პროკურორს ელოდება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ალაპარაკდა.
ახალმა პრემიერმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები პარლამენტში უკვე წარადგინა. ათიოდე დღეში ცნობილი გახდება ახალი სახეების ვინაობაც.

ყველაზე ნაკლებად, ზოგადად, შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ მოვლენების განვითარების ლოგიკა ადასტურებს, რომ სახელისუფლებო ელიტისა და ოპოზიციის ნაწილი იმისთვის გაერთიანდნენ, რომ ხელისუფლება ერთმანეთში გაეყოთ და ივანიშვილი პოლიტიკური პროცესებიდან საბოლოოდ ჩამოეშორებინათ. გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის გარეთ ყველა შეხვედრაზე ამბობდა, რომ სინამდვილეში ის პროდასავლური ორიენტაციის ლიდერია და რეალურად დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა უშლის ხელს.
რა დისონანსი შეიტანა კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-კალაძის გეგმაში შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნამ, ამაზე „ქრონიკა+“ წერდა და დეტალებზე აღარ შევჩერდებით. ამიტომაც გახდა ის სამიზნე როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლების შიგნით გარკვეული წრეებისთვის.
ცვლილებების მოლოდინშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. მართალია, სუს-ს ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ უწყების რეალური მმართველი სოსო გოგაშვილი გახლდათ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გომელაური გოგაშვილის მძევალი გახდა იმ კორუფციული სქემების გამო, რომელშიც ის მოადგილესთან ერთად ჩაერთო. პარალელურად, გომელაურის მოადგილე კომპრომატებს აგროვებდა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზე და ბოლოს იმდენად გათავხედდა, _ ივანიშვილის ნათესავებზეც კი. გოგაშვილის კისერზეა საქართველოში ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის შემოყვანა. ინფორმაციის გაჟონვის მერე ორდღიანი ომი თბილისის ცენტრში და შემდგომ ამ წარუმატებელი სპეცოპერაციის გადასაფარად კიდევ უფრო წარუმატებელი სპეცოპერაცია პანკისში და 19 წლის უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პანკისის სპეცოპერაციის შემდეგ გოგაშვილს ჩეჩნების მხრიდან შურისძიების პანიკური შიში აქვს. სწორედ ამ მიზნით მან ლისის ტბაზე საცხოვრებელი სახლი დაცალა და თბილისის ერთ-ერთ რაიონში კონსპირაციულ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.
გოგაშვილის ახლო გარემოცვა სუს-ში დიდხანს დასცინოდა მას სწორედ ცაგარელის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო _ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, თბილისში სტუმრად იმყოფებოდა და ის ღამის გასთევად თემირლანის საქმის ადვოკატის, მარიტა კუბლაშვილის იმ ბინაში მივიდა, რომელიც მას საჩუქრად გადასცეს, როგორც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებულს. დილით სახლიდან გამოსული ვახა მაჩალიკაშვილი, რომელიც „ქრონიკა+“-ის ოფისში მოდიოდა ინტერვიუზე, ლამის ალყაში აღმოჩნდა. იგი ფიქრობდა, რომ ძალოვანი უწყება მის დაკავებას აპირებდა, არადა სუს-მა ის სწორედ გოგაშვილის კონსპირაციული ბინის მახლობლად დააფიქსირა. დაცვამ კი სუს-ის უფროსის შეშინებული მოადგილე „ჩერდაკებით“ გადაიყვანა მეზობელ ქუჩაზე.
მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების მერე თანამდებობებს დატოვებენ სუს-ის უფროსი და მისი მოადგილეც.
გომელაურს თანამდებობის დატოვება არ გაუპროტესტებია, განსაკუთრებული ამბიციები მას არც ამ პოსტზე ყოფნისას ჰქონია, პოსტიდან კი საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსით მიდის. რაც შეეხება სოსო გოგაშვილს, ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ტიპური პირმშოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოციალურად დაუცველი და უმისამართო იყო, ასეთებს პირადობის მოწმობებს ჩაწერის გარეშე, ძირითადად, ხელისუფლებისთვის ხმის მისაცემად აძლევდნენ, მუშაობდა ფარშის დისტრიბუტორად. კუდ-ის მაღალჩონოსანმა, მისივე მეზობელმა გოგიტა პაპაშვილმა გადაიბირა, ჩანერგილი იყო ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობაში და მან დააჭერინა „ყინწვისის საქმის“ ფიგურანტები. ამის დამადასტურებელი მასალები, მათ შორის, აუდიო ჩანაწერები, „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბანაკიდან ბანაკში გადაძრომით, უჩა მამაცაშვილთან ზვიად ჯანყარაშვილისა და კახელების კარტელის ჩაშვებით, მამაცაშვილიდან კალაძესთან მიტმასნით და ა. შ., მან ის თანამდებობა მოიპოვა, რომელთან შელევაც ძალიან უმძიმს.
როგორც ყველა აღზევებულმა მედროვემ, გოგაშვილმაც სამსახურებრივი მდგომარეობა ფულის მოსახვეჭად გამოიყენა. ის ყველა იმ პირის კომპრომეტირებას ცდილობდა, ვინც მის დანაშაულებრივ ქმედებებს ხელს უშლიდა, მათ შორის გახლდით პირადად მეც. მან ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენა, დაიწყო ჭორების გავრცელებით და ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებით დაასრულა. გელა ხვედელიძეზე თავდასხმის შემდეგ, რომლის ორგანიზატორიც სწორედ სოსო გოგაშვილი იყო, ჯერ ამ თავდასხმას ოთარ ფარცხალაძეს აბრალებდა, ახლა ისრები უჩა მამაცაშვილისკენ გადააქვს _ სწორედ ამ დღეებში მოიტანეს ჩემამდე გოგაშვილის ახალი ვერსია.
ამ დრომდე ვიცოდით, რომ გოგაშვილი მხოლოდ ცოლის, თეა მარტყოფლიშვილის ნათესავებს სწყალობდა. სხვათა შორის, სპეცსამსახურების ისტორიაში „უნიკალური“ გამოცდილება დაგეგმა _ საკუთარ ცოლს ინფორმაციის გამტარად იყენებდა და სწორედ მისი საშუალებით გადასცემდა გასავრცელებელ დეზინფორმაციას მორიგ აგენტს _ ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო ჯღარკავას.
ბოლო დროს, სოსო გოგაშვილს წყალობის თვალით მისი დისთვის, მაია გოგაშვილისთვისაც გადაუხედავს. გოგაშვილის და სკოლის მასწავლებელია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დისქმარი ვასილ ხუციშვილი, რომელსაც რვა კლასის განათლება აქვს, საგანგებო სიტუაციების სამსახურში გიორგი მღებრიშვილთან დაინიშნა. სუს-ის უფროსის მოადგილის სიძე უბანში ხშირად ტრაბახობს, _ ოცი კაცის უფროსი ვარო. უყურადღებოდ არც დისშვილის ქმარი, გოჩა მალანია დაუტოვებია და ისიც შემოსავლების სამსახურში დაასაქმა. სიძის მამა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სტეფანწმინდის გამგებელი იყო, გოგაშვილი კი წინა ხელისუფლების მხარდამჭერად, რატომღაც, მე მაცხადებს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სოსო გოგაშვილმა თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, პანიკაში ჩავარდა. ხელისუფლება ჩემს გაშვებას ძალიან ინანებსო, _ ეს იყო ფრაზები, რომელიც გოგაშვილისთვის შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ სწორედ მის სახელს უკავშირდება მედიაში გაჟონილი რამდენიმე სერიოზული სკანდალი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზე. გოგაშვილი იდგა იმ მასალების უკან, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთ-ერთი მედიასაშუალების ხელმძღვანელის მიერ მამუკა ბახტაძეზე მიაწოდეს „ქრონიკა+“-ს, ჯერ კიდევ, ფინანსთა მინისტრად მის დანიშვნამდე.
ელისოს მანაცვალებთ, ჯერ კიდევ საკითხავია, ეგ ვისზე მუშაობსო, _ ეს ფრაზაც სოსო გოგაშვილს ეკუთვნის. სამწუხაროდ, გოგაშვილი ყველას მის მიერ დაფინანსებული ან დაშანტაჟებული ჟურნალისტების საზომით უყურებს, ვერც კი წარმოუდგენია, რომ ქვეყნის ინტერესები, პრინციპი და სამართალი ბევრად მაღალი ცნებებია, ვიდრე არმად ნაშოვნი ფული. გოგაშვილის ამ ფრაზებს მეორე დღესვე მისი პირადი აგენტის, ნინო ჯღარკავას ფეისბუქ სტატუსი მოჰყვა, სადაც ის ჩემს ამერიკელ მეგობრებზე ქილიკობს და გოგაშვილის ფრაზების დასტურად პაატა აბჟანდაძისა და თემურ ალასანიას სახელებს ახსენებს.
არასოდეს, არც ერთ ეთერში და არც ერთ ინტერვიუში, სადაც კი კითხვა დამისვეს, არ დამიმალავს, რომ თემურ ალასანიას ვიცნობ, მასთან რამდენიმე შეხვედრისა და საუბრის საშუალება მქონდა, პატივს ვცემ მას, როგორც მსოფლიოში ცნობილ დიპლომატს და სიამოვნებით ვუსმენ მის მოგონებებს მსოფლიოში მიმდინარე ბევრ საინტერესო პროცესზე, რომელშიც მას პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული. ქართულ პოლიტიკასთან მას აქტიური შეხება არ გააჩნია, ბუნებრივია, არც პროცესებში მონაწილეობს. გოგაშვილის თეთრი ძაფით ნაკერი ვერსიები უკვე ძალიან სასაცილოა და მისი „ქოცებსაც“ კი არ სჯერათ.
კიდევ ერთი „რაზბორკა“, რომელიც ისევ გოგაშვილისა და ჩემ დაპირისპირებას შეეხებოდა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ისევ სუს-ში გაიმართა _ გოგაშვილი უწყებასთან ჩემ დაპირისპირებას მის წინამორბედს, მალხაზ ჩიკვილაძეს აბრალებს, _ მე რომ მოვედი, ჩიკვილაძეს უკვე არეული ჰქონდა კილაძესთან ურთიერთობაო. არც ერთ უწყებაში არაპროფესიონალიზმი ისეთი დამღუპველი არაა, როგორც სპეცსამსახურში. მალხაზ ჩიკვილაძეს ვიცნობდი, ბოლოს მას სამსახურიდან განთავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე შევხვდი საჯარო სივრცეში კოსტავას ქუჩაზე „გრატოში“. ის თხოვნით იყო მოსული. წინა დღეს „რუსთავი 2-ს“ ინტერვიუ მივეცი „ქართუს“ კადრებზე, ვახტანგ გომელაურსა და ანზორ ჩუბინიძეზე. თხოვნა იყო, რომ იქნებ, ახლად დანიშნულ კადრებზე დარტყმები არ გამეგრძელებინა. როგორ შესრულდა ჩემი მხრიდან სუს-ის მაშინდელი მაღალჩინოსნის თხოვნა, ამას ყველაზე უკეთ სწორედ ჩემი მკითხველი და მოსახლეობა ხედავს. ამ დღიდან ორიოდე კვირაში ჩიკვილაძემ თანამდებობა დატოვა და მას მერე აღარ მინახავს, ამიტომ გოგაშვილი ტყუილად ცდილობს, მისი უწიგნურობა სხვას გადააბრალოს. არანაირი პირადი უთანხმოება ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურთან არ მაქვს და არც მექნება. მე, როგორც ჟურნალისტი, ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მათ შორის, ძალოვან უწყებაში და ჩემი საზრუნავი არა დალაგება-არევა, არამედ ჩემი ქვეყნის იმიჯი და უსაფრთხოებაა.

ელისო კილაძე