გაზრდილი სადაზღვევო მოგება და მიღებული სარგებელი

საქართველოში უკვე საგრძნობლად წინ წამოიწია სადაზღვეო კომპანიების წილი და ცალსახად გაიზარდა მათი მოგებაც, რასაც კონკრეტულმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი. პირველ რიგში აღსანიშნავია სავალდებულო დაზღვევების კანონპროექტი.

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა!
დადგენილების მიხედვით, მასობრივი თავშეყრის ობიექტებია: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისთვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი).
განისაზღვრა სადაზღვევო ლიმიტები ანუ მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაც. კერძოდ, დადგენილების თანახმად, მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტი/ლიმიტები განისაზღვრება _ სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე 300 000 ლარით; ხოლო ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე _ ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა. ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის შემთხვევაში კი წლიური სადაზღვევო ლიმიტი დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე _ 300 ათასი ლარი, ხოლო დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე _ 200 000 ლარი.
სავალდებულო დაზღვევა შეეხო არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ საკითხებს, არამედ საქართველოში არარეგისტრირებულ მანქანებსაც და უკვე 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებული კანონპროექტის თანახმად, მას შემდეგ, რაც უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანა გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, ის ვალდებული იქნება, რომ საზღვართან ახლოს მოქმედ სერვისცენტრში შეიძინოს სადაზღვევო პოლისი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, ქვეყნდება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგების შესახებ, რომლის თანახმადაც 2018 წლის I კვარტალში 7,57 მლნ ლარი შეადგინა(!), ეს მონაცემი კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1.9 მლნ ლარით მეტი გახლავთ.
ასევე, 2018 წლის პირველ სამ თვეში გაზრდილია დარგის მიერ მოზიდული პრემიის ოდენობა, კაპიტალი და სადაზღვევო კომპანიების აქტივები. კერძოდ კი 2018 წლის I კვარტალში პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 164,39 ლარი შეადგინა, კაპიტალი 178,79 მლნ, აქტივები კი 650,74 მლნ ლარით განისაზღვრა.
სეზონიდან გამომდინარე, ამ წლის იანვარ-მარტში კომპანიებმა ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია სამედიცინო დაზღვევის სფეროდან მოიზიდეს და დღეს ეს მაჩვენებელი 89.83 მლნ ლარს უტოლდება, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 84.46 მლნ ლარი იყო.
მოზიდული პრემიის ოდენობით ხუთეულში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (24.73 მლნ ლარი), ქონების დაზღვევა (15.20 მლნ ლარი), სიცოცხლის დაზღვევა (10.92 მლნ ლარი) და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (5.25 მლ ლარი) იკვეთება.
მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებლისა, აუცილებელია ვახსენოთ ისიც, რომ, ზოგადად, საქართველოსთვის შედარებით უცხოა დაგროვებისა და დაზღვევის კულტურა. ამის ფონზე სავალდებულო დაზღვევის შემოღება კი, რასაკვირველია, ზრდის სადაზღვევო კომპანიასთან მისული ადამიანების ოდენობას.

დევი ხეჩინაშვილი _ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი:

„პირველ რიგში, წლის ბოლოს გამოჩნდება სადაზღვევო საქმიანობის მოგება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი დეტალი. კვარტალურ მონაცემებზე დაყრდნობით კი შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი:
ამ წლიდან ამოქმედდა (ისტორიაში ბოლო 15 წლის მანძილზე) პირველი ორი სავალდებულო დაზღვევა, ეს გახლავთ: საქართველოში არარეგისტრირებული მანქანების პასუხისმგებლობა და მასობრივი თავშეყრის ობიექტების სავალდებულო დაზღვევა.
ამან, რასაკვირველია, პოზიტიური დინამიკა შესძინა ბაზარს და იმედი მაქვს, დადებითად იმოქმედებს, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს. სწორედ ეს არის წლევანდელი დინამიკის რეალობა და წინა წლებისგან მნიშვნელოვანი განსხვავების მიზეზი.
გასული წლების განმავლობაში წინა და ახლანდელი ხელისუფლებაც არ აღიარებდა იმას, რაც მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი და განხორციელებული, რომ სოციალურად მნიშვნელვანი რისკების სანახავად საუკეთესო ინსტრუმენტი არის სავალდებულო დაზღვევები! ეს პატარა ნაბიჯი გადაიდგა წელს და დიდი იმედი მაქვს, იგი მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ბაზრის განვითარებაზე. დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი მოქალაქეების, ბიზნესისა და, ზოგადად, სახელმწიფოს დაცულობაზეც.
რაც შეეხება ხალხის ნდობას სადაზღვეო კომპანიების მიმართ _ ეს ნაწილი შეფასებითია. ვთქვათ, მოწმობს თუ არა საზოგადოების ნდობას ის ფაქტი, რომ მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ნებაყოფლობით ყიდულობს ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას?! რეალუარად, ნახევარი მილიონი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 1/7-ია. ამ მონაცემის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, გარკვეულწილად, ნდობაც არსებობს და პატარა კულტურაც გვაქვს დაზღვევისა.
ამავდროულად, მსოფლიოში მეორე ყველაზე მასობრივ პროდუქტს რომ შევხედოთ, ეს არის ავტომობილების დაზღვევა, ჩვენთან კი სამწუხარო ფაქტია, რომ დაახლოებით 1 100 000 მაქნანიდან მხოლოდ 70 000-ია დაზღვეული.
მეტიც: ვიცით, რომ საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, უძრავი ქონება თითქმის არავის აქვს დაზღვეული! კორპორაციებს, იურიდიულ პირებსაც, აგრეთვე, თითქმის არ აქვთ დაზღვეული უძრავი ქონება და ამ ნაწილში რომ შევხედოთ ქართულ საზოგადოებას, ვიტყვით, რომ დაზღვევის კულტურა არ გაგვაჩნია!
როდესაც პატარა ქარხანა ან საწარმო გაქვს და არ აზღვევ, ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ ხარ, შეიძლება რაღაც მოხდეს, მიწისძვრა ან ხანძარი და დაკარგო ქონება, ამ დროს კი ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევს! არადა, სწორედ ამისთვის არსებობს დაზღვევა, უმარტივესი და ხარჯთეფექტიანი მეთოდი, რომელიც მოსალოდნელი უბედურებისგან გიცავს.
მსოფლიო პრაქტიკაშიც ცნობილია, რომ სავალდებულო დაზღვევებს ძალიან დიდი როლი აქვს როგორც უშუალოდ სოციალურად რისკების მართვაში, ასევე ამ სადაზღვევო ურთიერთობის განვითარებაში, ნდობის გაღვივებაში.
ვსაუბრობთ კულტურაზე და ვიტყვი, რომ არის კიდევაც ეს დაუზღვევლობა კულტურის ნაწილი, თუმცა რთულია ცხოვრობდე საქართველოში, სადაც ადამიანი იმდენად არის დღევანდელი პრობლემებით დაკავებული, რომ ნაკლებად ფიქრობს ხვალინდელი დღის სწორ დაგეგმვაზე და, ამავდროულად, აზღვევდეს რაიმეს. ამ დროს დაზღვევა ხომ ხვალინდელ დღეს აწესრიგებს?!
საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გადმოსახედიდან რაღაც ცვლილებები მოხდა. არ არის შემთხვევითი, რომ წელს ორი სახის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა. ყოფილი პრემიერი საუბრობდა აღნიშნული მიმართულების განვითარებაზე და მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრ სიკეთეს ნახავს ჩვენი საზოგადოება დაზღვევიდან, რადგან სავალდებულო დაზღვევის გადასახადიც არ არის უბრალო გადასახადი, ნამდვილ სერვისს იღებ!
ხშირად ერთმანეთს ადარებენ ავტომობილების ტექდათვალიერებასა და ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას სავალდებულო სახით. ტექდათვალიერების შედეგი, რასაკვირველია, არის სიკეთე, მაგრამ მას ვერ დაარქმევ ადამიანისთვის უშუალო სერვისს. ამით მეტად უსაფრთხო საზოგადოებრივი გარემო იქმება, ხოლო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოდ ჩვენ გარდა ყველგან არსებობს“.

მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევა თავისი არსით საზოგადოების რისკების მოგვარებისა და საერთო კეთილდღეობის შენარჩუნებას ემსახურება, არის შემთხვევები, როდესაც სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს დაზღვეულისთვის თანხის გადახდაზე და ეს მაშინ, როდესაც დაზღვეული პირის ბრალეულობა არ იკვეთება. ამის გამო საზოგადოებაში სადაზღვევო კომპანიების მიმართ უნდობლობაც მატულობს.

„ქრონიკა+“ ესაუბრა იურიდიული კომპანია OK & CG-ს იურისტ ანა გორდეზიანს:

„პრობლემა ნამდვილად აქტუალურია, რადგან მომართვა საკმაოდ მაღალია. გვაქვს როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული საქმეები როგორც ქონების, ისე სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებით, ანუ ეს პრობლემა აწუხებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს.
ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, როგორც სასამართლო პრაქტიკა გვაჩვენებს, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ 10-დან 8 შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები თავს იკავებენ ანაზღაურებისგან და გარკვეული სახით პრეტენზიებს უყენებენ როგორც მოქალაქეებს, ისე იურიდიულ პირებს, ხელშეკრულების კონტრაჰენტებს. ამის გამო შემდეგში მოქალაქეებს უწევთ სასამართლოსთვის მიმართვა, სარჩელის აღძვრა და დარღვეული უფლებების უკვე სასამართლო წესით აღდგენა.
რთული ის არის, რომ როცა მოქალაქე დაზღვევას აფორმებს, ბუნებრივია, ნდობაც აქვს და სურს, რომ შემთხვევის დადგომისთანავე მალე მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, სასამართლოს შემთხვევაში კი ეს პროცესები (სასამართლოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) შეიძლება 2-3 წელზე გაიწელოს, ამდენად მოქალაქეს ამდენხნიანი ლოდინი უწევს, რომ სადაზღვევოსგან კუთვნილი ანაზღაურება მიიღოს.
პრაქტიკაში ახლაც გვაქვს მიმდინარე საქმეები, როგორც სიცოცხლის ასევე ქონების დაზღვევის მიმართულებით. გვაქვს დასრულებული დავებიც პირველ ინსტანციაში. მაგალითად, ასეთი დავა გვქონდა, როდესაც კომპანიამ არ აანაზღაურა საკმაოდ სოლიდური თანხა (ეს იყო გადამზიდავი კომპანია). პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და სადაზღვევო კომპანიას მთლიანი თანხის გაცემის ვალდებულება დააკისრა.
ჯერჯერობით საქმე სააპელაციო სასამართლოშია, საბოლოო გადაწყვეტილება არ გავქვს, თუმცა ველოდებით.
სასამართლოს პრაქტიკა ძალიან კარგია იმ კუთხით, რომ იგი ხელშეკრულების ყველა დეტალს განიხილავს, ასევე დაზღვევის ბუნებას აქცევს ყურადღებას (იმას, რომ ბუნებრივია, დაზღვეულს ანაზღაურების მოლოდინი აქვს შემთხვევის დადგომისთანავე, როცა მისი ბრალი არ ფიგურირებს შემთხვევის დადგომისას).
როცა მოქალაქეები აფორმებენ ხელშეკრულებას (ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა სადაზღვევოსთან მათი სამუშაოს გათვალისწინებით) სამწუხაროა, რომ არ ეცნობიან ხელშეკრულებას ან ერთ სადაზღვევო პროდუქტს ურევენ მეორეში, შემთხვევით შეიძლება გააფორმონ მესამე პირის დაზღვევა კომპანიასთან. სამწუხაროდ, სადაზღვევო კომპანია და აგენტები ამომწურავ ინფორმაციას არ აწვდიან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეც, ამიტომ როცა მოქალაქეს სამართლებრივი დავა სჭირდება, მაშინ ეცნობა პირობებს, რაც არასწორია, რადგან სასამართლოში უკვე ხემოწერილი ხელშეკრულების გარკვეული პირობების მიუღებლობა, ბუნებრივია, მოქალაქისთვის სასურველ შედეგს ვერ დააყენებს“.

სტატისტიკა: საქართველოში 2018 წლის I კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას;
საბოლოო ჯამში, გამოქვეყნებული და უკვე არსებული მონაცემებით ვხედავთ სექტორის განვითარების ტენდენციას და ზრდის მაჩვენებლებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. ჯერჯერობით ქვეყანაში მხოლოდ ორი სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს, დანარჩენი კი ნებაყოფლობითია.
არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად უღირს ან არ უღირს კონკრეტული სახის დაზღვევის ყიდვა, რამდენად სანდო ან არასანდოა კომპანია და რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა მისთვის კონკრეტული სერვისი.

ნინო ტაბაღუა