უცნობი საქართველოს ქრონიკა – 1918 წლის მარტი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-20.
უმძიმესი თვე საქართველოსთვის. ტრაპიზონში ამიერკავკასიის სეიმის წარმომადგენლებსა და ოსმალებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ოსმალები ბოლშევიკურ რუსეთთან ბრესტ-ლიტოვსკში გაფორმებული საზავო ხელშეკრულების თანახმად ტერიტორიების გადმოცემას მოითხოვენ. პირველ რიგში ეს ბათუმსა და ბათუმის ოლქს ეხება. კომუნისტური აჯანყება ლეჩხუმში, შეიარაღებული აჯანყება ცხინვალში. საყოველთაო მობილიზაცია. სულ უფრო იზრდება დევნილთა ნაკადი საქართველოში. ქვეყანაში შავი ჭირის პირველი ნიშნები გამოჩნდა. საქართველო, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ქვეყანაც კი არ იყო, ურთულეს ვითარებაში იმყოფება. გარეშე და შიდა მტერი ჩვენს ქვეყანას ერთდროულად დაატყდა თავს. თუმცა მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით.
დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში 1918 წლის 31 მარტიდან დროის ახალი სტილი შემოვიდა, ამიტომ გაზეთს კვლავ ორი თარიღი აწერია. ამდენად, როგორც წინა, 1918 წლის თებერვლის მიმოხილვისას, ამჟამადაც მოვლენების ქრონოლოგია ისტორიულ თარიღებს ორი კვირით არის აცდენილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 1918 წლის მარტის გაზეთები, სინამდვილეში, მარტის მეორე ნახევრისა და აპრილის პირველ ნახევრის ამბებს მოიცავს.
საქართველოში ახალი დროის შემოსვლის შესახებ გაზეთ „საქართველოს“ 23 მარტის ნომერი გვამცნობს: „კანონი ახალ დროით-აღრიცხვის შემოღების შესახებ. 1. 1918 წლის მარტის თვის გასვლისას მთელ ამიერ კავკასიაში შემოღებულ იქმნას ევროპაში მიღებული და რუსეთშიაც ეხლახან აღიარებული გრიგორიანული დროთ აღრიცხვა (ახალი სტილი). 2. მარტის 31-ს შუა ღამის შემდეგ, უნდა ჩათვალოთ, რომ იწყობა 1918 წლის აპრილის 14, კვირა დღე. 3. ყველა სახელმწიფო, საზოგადო და კერძო დაწესებულებებში, ანუ სამრეწველოებში ყოველგვარი ჯამაგირი და ხელფასის ფული, რომელიც აპრილის თვის ანგარიშში უნდა გაეცათ, მიეცემათ დანიშნულ დროს მხოლოდ გამოკლებულ უნდა იქმნეს თვის ჯამაგირის 13/30 ნაწილი“. ამ სამი პუნქტის გარდა, დროის კანონი კიდევ ოთხ პუნქტს მოიცავს და იგი ძირითადად ფინანსურ ოპერაციებს ეხება. ახლა კი ძირითად ამბავს დავუბრუნდეთ.
ტრაპიზონის მოლაპარაკება
სანამ გაზეთ „საქართველოში“ ამ ამბავთან დაკავშირებულ ცნობებს მიმოვიხილავთ, მცირე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობა იყო ამიერკავკასიაში და რას წარმოადგენდა ტრაპიზონის მოლაპარაკება.
თებერვლის დასაწყისიდან ამიერკავკასიის საგარეო მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. თურქული არმია, რომელსაც კავკასიის ფრონტზე სერიოზული მოწინააღმდეგე აღარ ჰყავდა, რუსეთის მიერ მიტოვებული პოზიციების სწრაფ დაკავებას შეუდგა. კავკასიის ფრონტზე ოსმალეთმა აქტიური მოქმედება, ჯერ კიდევ, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის გაფორმებამდე დაიწყო. 12 თებერვალს თურქეთმა აღმოსავლეთით 7 ქვეითი დივიზია გადაისროლა, რომლის შემადგენლობაში, დაახლოებით, 25 ათასი ჯარისკაცი ირიცხებოდა. 25 თებერვალს ოსმალები ერზიჯანში შევიდნენ, ერთი დღის შემდეგ _ ბაიბურთში, 6 მარტს კი ისინი უკვე არდაგანში იყვნენ. თურქული არმია საქართველოს საზღვრების უშუალო სიახლოვეს გამოჩნდა.
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ცხადია, ოსმალები მიღწეულით არ დაკმაყოფილდებოდნენ და მინიმუმ ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მიკუთვნებული ტერიტორიების დაკავებას დაიწყებდნენ. ხელსაყრელი ვითარების შემთხვევაში კი არც ამიერკავკასიის სრულ ოკუპაციაზე იტყოდნენ უარს.
1918 წლის მარტის დასაწყისში ოსმალეთის მთავრობამ ამიერკავკასიის კომისარიატს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგად კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის განხილვა დიპლომატიურ დონეზე შესთავაზა. ამ ნაბიჯით თურქები ცდილობდნენ, ზედმეტი სამხედრო წინააღმდეგობის გარეშე დაეკავებინათ ზავის პირობებით მათთვის მიკუთვნებული ტერიტორიები. საუბარი იყო ბათუმის, არდაგანისა და ყარსის ოლქების თურქეთისთვის გადაცემაზე. დიპლომატიურ ინიციატივას თურქული არმია უმაგრებდა ზურგს, რომელიც სწრაფად მიიწევდა წინ.
ასეთ ვითარებაში ამიერკავკასიის კომისარიატმა თურქეთთან მოლაპარაკების გამართვა მიზანშეწონილად მიიჩნია და სპეციალური დელეგაციაც ჩამოაყალიბა. დელეგაციაში, რომელიც 11 წევრსა და 29 მრჩეველს აერთიანებდა, ამიერკავკასიის სამივე ნაციონალური ფრაქციის წარმომადგენლები შევიდნენ. მისიის ხელმძღვანელად ქართველი სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი დაინიშნა.
სეიმმა შეხვედრის ადგილად ტრაპიზონი შეარჩია. იმ პერიოდისთვის იგი ნეიტრალური ადგილი იყო, რომელსაც თურქები ვერ აკონტროლებდნენ და, ამდენად, მოლაპარაკების პროცესში ფორმალურად ორივე მხარე თანაბარ პირობებში იქნებოდა ჩაყენებული. ამიერკავკასიის დელეგაცია ტრაპიზონში 8 მარტს ჩავიდა, თუმცა ამ დროისთვის ვითარება უკვე შეცვლილი იყო. ერთი დღით ადრე ქალაქი ოსმალთა სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 12 მარტს, როდესაც თურქებმა მინიმალური დანაკარგით ერზრუმიც აიღეს. 1918 წლის 14 მარტს, დღის სამ საათზე, ტრაპიზონის სამშვიდობო მოლაპარაკება გაიხსნა. დიპლომატიური რევერანსებისა და ლამაზი სიტყვების შემდეგ მხარეები საქმეზე გადავიდნენ. ოსმალეთის დელეგაციამ პირდაპირ განუცხადა ამიერკავკასიის სეიმის წარმომადგენლებს, რომ ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობების მიღება ამიერკავკასიისთვის სავალდებულო იყო.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 14 მარტი. გამოქვეყნებულია ოსმალთა მიმართვის სრული ტექსტი, რომელსაც სრულად გთავაზობთ: „საიმპერატორო მთავრობამ ზავი შეჰკრა რუსეთის რესპუბლიკის მთავრობასთან მთელ რუსეთის ტერიტორიისთვის სავალდებულო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით. გვაქვს რა მხედველობაში, რომ იმ ჟამად კავკასიის მთავრობა ჯერ კიდევ არ იყო შემდგარი და რომ ამ ჟამადაც მისი ფორმა ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, თუმცა მან მიზნად რესპუბლიკურ კონფერენციის შექმნა დაისახა და არცაა ყველას მიერ მთავრობად ცნობილი, _ ოტტომანის საიმპერატორო დელეგაციის აზრით ამის მხრივ შეუწყნარებელია როგორც უარყოფა, ისე პროტესტის განცხადება ზემო ხსენებულ საზავო ხელშეკრულების დებულებაზე. ოტტომანის საიმპერატორო დელეგაციამ შეიტყო რა ხსენებულ რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნა, სიამოვნებთ აღნიშნავს ამ ამბის გამო კავკასიის დელეგაციის მიერ წარმოთქმულ განცხადებას და მზადაა, მასთან მოლაპარაკება გამართოს სამეგობრო ხელშეკრულების დასაცავად. ეს არ დაარღვევს ოტტომანის საიმპერატორო მთავრობისა და რუსეთის შორის დადებულ პირობებს, რადგან ამ უკანასკნელმა სცნო თავის ეროვნებათა თვითგამორკვევის უფლება.
მაგრამ კავკასიის რესპუბლიკა ოფიციალად ცნობილ იქმნება მხოლოდ საგანგებო დებულებით, რომელიც მოიხსენიება იმ ხელშეკრულებაში, რომელიც უნდა დავსდოთ და რომლის შესახებაც მოლაპარაკების დაწყება შეიძლება მხოლოდ ბათომის, არტაანის და ყარსის სანჯაყებზე ყოველივე პრეტეზიების შესახებ უარის განცხადებით. კავკასიაში ომის გადატანა არ შეიძლება, რადგან რუსეთთან ზავი შეკრული გვაქვს, მაგრამ ბრესტ-ლიტოვსკში დადებული ხელშეკრულება სავალდებულოა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ეს-ეს არის ეხლა სდგება. საიმპერატორო მთავრობას ეს ხელშეკრულება ანიჭებს მის მიერ შეძენილ უფლებას და ოტტომანის საიმპერატორო დელეგაცია ჰფიქრობს, რომ კავკასიის დელეგაციას არა აქვს უფლება რაიმე წინააღმდეგობის განცხადებაზე. ვინაიდან ეს საერთაშორისო აქტი იმპერიას ჰმოსავს უფლებით, რომ ზემოხსენებულ სამ სანჯაყში ახალ წესწყობილების შემოღებაში ჩაერიოს, ამასთან ერთად ავალებს რა რუსეთს ხსენებულ სანჯაყების დაცლას და მათზე ხელის აღებას, ოტტომანის საიმპერატორო დელეგაცია აცხადებს, რომ მისი მთავრობა მზადაა მოიმოქმედოს ყოველივე ის, რაც საჭიროა ამ ტერიტორიის და კავკასიის ტერიტორიის შორის საურთიერთო ეკონომიურ შეღავათების დასამყარებლად“.
ოსმალთა ამ განცხადებაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ საპასუხო განცხადება გააკეთა, რომელსაც გაზეთი „საქართველო“ ამავე ნომერში ბეჭდავს. ამ პასუხიდან ჩანს, რომ ამიერკავკასია სრულუფლებიან სახელმწიფოდ აცხადებს თავს და მისი ტერიტორიების გადანაწილებას მის დაუკითხავად სრულიად მიუღებლად მიიჩნევს: „ამიერ კავკასიის დელეგაციას აქვს პატივი აუწყოს ოტტომანის საიმპერატორო დელეგაციას, რომ ამიერ კავკასიის სეიმმა ამ წლის მარტის 7-ს (თებერვლის 22-ს) მიიღო შემდეგი დადგენილება: „განიხილა რა საკითხი ამიერ კავკასიის დემოკრატიულ რესპუბლიკის გამოცხადების შესახებ, სეიმმა განსაზღვრულ პირობებში პრინციპიალურად საკითხის გადაჭრა სცნო დადებითად და დაავალა საგანგებო კომისიას მისი მალე შემუშავება. ამიერ კავკასიის დელეგაციას აქვს სრული უფლება იფიქროს, რომ სეიმის დადგენილებაში მოხსენებული „განსაზღვრულ პირობებში“ პირდაპირ დამოკიდებულია ოტტომანის და ამიერ კავკასიის მთავრობათა შორის მტკიცე ზავის ჩამოგდებზე, რაც დამყარებულ უნდა იყვეს ორივ მხარისთვის მისაღებ საფუძვლებზე. ამიერ კავკასიის სეიმის დადგენილების თანახმად ასეთ საფუძვლებად ითვლება: 1. ამიერ კავკასიის სეიმი შექმნილ პირობებში სწორუფლებიანად ითვლის თავს ოსმალეთთან ზავის შესაკვრელად. 2. ამიერ კავკასიის სეიმი იწყობს რა საზავო მოლაპარაკებას, მიზნად ისახავს ოსმალეთთან საბოლოვო ზავის ჩამოგდებას. 3. საზავო ხელშეკრულებას საფუძვლად უნდა დაედოს რუსეთსა და ოსმალეთს შორის იმ არსებულ სახელმწიფოებრივი საზღვრის აღდგენა, რომელიც ომის გამოცხადებამდის არსებობდნენ. 4. დელეგაცია ეცდება მიიღოს აღმოსავლეთ ანატოლიის ერთათვის თვით გამორკვევის უფლება, კერძოდ კი ავტონომია ოსმალეთის სომხეთისა ოსმალეთის სახელმწიფოებრივობის ჩარჩოებში.
ამირ კავკასიის დელეგაცია იმედოვნებს, რომ ამ დებულებათა ერთად განხილვა მიიყვანს ორივე მხარეს ესოდენ სასურველ მტკიცე ზავამდე“.
თუმცა თურქეთს ამიერკავკასიის დელეგაციის ასეთი პოზიცია მიუღებლად მიაჩნდა და დაჟინებით მოითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ძალით მათთვის მიკუთვნებული ტერიტორიების დაცლას. 27 მარტის (ახალი სტილით 13 აპრილი) ნომერში გაზეთი „საქართველო“ უკვე თურქთა ულტიმატუმს აქვეყნებს, სადაც ოსმალეთის მთავრობა ბათუმის დაცლას მოითხოვდა. ულტიმატუმი 48 საათი მოქმედებდა. თუ ეს პირობა არ შესრულდებოდა, თურქეთი ამიერკავკასიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას დაიწყებდა და ამ ტერიტორიების ძალით დაკავებით იმუქრებოდა.
საქართველოში ოსმალეთის შემოჭრა მხოლოდ დროის ამბავი გახდა. ცხადი იყო, რომ ტერიტორიების დასაკავებლად თურქეთი უკან არ დაიხევდა და ნებისმიერი ხერხით ეცდებოდა ამ ოლქების დასაკუთრებას.
28 მარტს გაზეთი „საქართველო“ მეწინავე სტატიას აქვეყნებს, რომელიც მოსახლეობას ბრძოლისკენ მოუწოდებს: „ოსმალეთის მთავრობის ულტიმატუმი ქართველ საზოგადოებას უკვე ეცნობა. ჩვენგან მოითხოვენ იმ ოლქების და ქალაქების დაცლას, რომელნიც ოსმალეთმა მიიღო რუსეთის ბოლშევიკებისაგან ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით. საქართველოს მოსთოვეს ბათომის ოლქის დაცლა და თავად ქალაქ ბათომის გადაცემა ოსმალეთისთვის. ქართველი ერი ვერ დასთანხმდება ასეთს მოთხოვნილებას, რაც უნდა სუსტი და უძლური იყოს ამ ჟამად, რაც უნდა სწყუროდეს მას ზავი და მშვიდობიანობა.
ქართველი ერი ვერ შეურიგდება ისეთი ნაწილის დაკარგვას, რომელიც ჩვენი ეროვნული სხეულის მაცოცხლებელ ძარღვს წარმოადგენს.
ქართველი ერი უკანასკნელ ძალას და ღონეს მოიკრებს თავის ეროვნული არსებობის დასაცავად. ამ საერთო ეროვნული განსაცდელის წინაშე მთელი ქართველი ერი გაერთიანებული უნდა იყოს სულიერად და ფიზიკურად“.
ოსმალთა მიერ ულტიმატუმის წამოყენების გამო 26 მარტს ამიერკავკასიის სეიმის პრეზიდიუმისა და ფრაქციათა თავმჯდომარეების გაერთიანებული კრება გაიმართა, სადაც შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. სხდომაზე განიხილეს ამიერკავკასიის საზავო დელეგაციის მეთაურ აკაკი ჩხენკელის დეპეშაც, სადაც აღნიშნული იყო ის შესაძლო დათმობებიც, რომელიც ამიერკავკასიას სისხლისღვრის თავიდან აცილების საშუალებას აძლევდა. ჩხენკელი თურქებთან კომპრომისზე წასვლას არ გამორიცხავდა და ოსმალებისთვის ეთნიკური ნიშნით გარკვეული ტერიტორიების დათმობას ემხრობოდა. თათბირმა განიხილა ყველა ეს გარემოება და დაადგინა: ამიერკავკასიას თურქებისთვის ყველა ის ტერიტორია დაეთმო, რომლის დათმობაც შეიძლებოდა.
თურქეთის ულტიმატუმის შესახებ საგანგებო კრება ჩატარდა ეროვნულ საბჭოშიც. კრებამ ერთხმად აღნიშნა, რომ ბათუმისა და ბათუმის ოლქის ოსმალეთისთვის გადაცემა დაუშვებელი იყო და საქართველო ყველა ძალას გამოიყენებდა საკუთრი ტერიტორიის დასაცავად.
მობილიზაცია და მდგომარეობა ბათუმში
ტრაპიზონში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების პარალელურად ბათუმში თავდაცვისთვის მზადება დაიწყო. გაზეთის ცნობით, ქალაქში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სამხედრო ნაწილებისა და მოხალისეების მობილიზაცია ხდებოდა.
9 მარტი: „ქალაქი სამხედრო ბანაკს მოგვაგონებს. ამ დღეებში ბათუმში საყოველთაო შეიარაღებას გამოაცხადებენ. ისინი, ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩილებიან, ქალაქიდან უნდა წავიდნენ. მცხოვრებნი ერთსულოვნად ემზადებიან თავდაცვისათვის. ვაჭართა შორის თავდაცვის საქმისთვის ფულს ჰკრებენ. რევოლიუციურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით მთელს მომიჯნავე რაიონში საალყო წესებია გამოცხადებული. ყველა დაწესებულებას გამოსახიზნავად ორი კვირის ვადა მიეცა. გამოსაზიდავად გამზადებული ორგანიზაციები თავდაცვისათვის გამოსადეგ საგნებს ადგილობრივ მთავრობას აბარებენ“.
16 მარტის ნომერში კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსისა და ბათუმის მიხეილის ციხის კომენდანტ გენერალ-მაიორ მდივანის ბრძანება გამოქვეყნდა, რომელშიც ეწერა, რომ 12-დან 15 მარტის ჩათვლით ბათუმის ყველა მამაკაცი, 18-დან 40 წლის ასაკამდე, გარდა მაჰმადიანებისა, უნდა გამოცხადებულიყვნენ ქალაქის საკრებულოში ჯარში ჩასარიცხად. გაწვევისგან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ სტრატეგიული დარგების თანამშრომლები, რომელთა შორის იყვნენ: ფოსტის, ტელეგრაფის, რკინიგზის, ელექტროსადგურების, წყალსადენის, მილიციის, ციხის ყარაულების, სასურსათო მმართველობისა და საავადმყოფოების მოსამსახურეები. აქვე აღნიშნული იყო, რომ ვინც გაწვევას თავს აარიდებდა, სამშობლოს მოღალატედ გამოცხადდებოდა და მას დააპატიმრებდნენ.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 20 მარტი: „ბათუმში თითქმის ყოველ დღე მოდის ორ-ორი ეშელონი ქართველი ჯარისა. ჯარების გამოგზავნაში პირველი ადგილი გურიას უჭირავს, მეორე კი იმერეთს. 14 მარტს მოვიდა ორი ეშელონი ჭიათურის რაიონიდან 1000 კაცამდე, ამბობენ კიდევ დიდძალი ჯარი მოდის იქიდანვე. ქალაქში დიდი მოძრაობაა. საღამოობით ქუჩებში გაისმის ქართული ეროვნული სიმღერები, რაც ხალხში დიდ აღფრთოვანებას იწვევს“.
ოსმალთა მოსალოდნელი შეტევის შესაჩერებლად მობილიზაცია მიმდინარეობდა მთელ საქართველოში. ამიერკავკასიის 17 მარტის სხდომაზე, რომელსაც ნიკოლოზ ჩხეიძე ხელმძღვანელობდა, მიიღეს სამობილიზაციო კანონპროექტი, სადაც შემდეგი ეწერა: „1. განსაცდელში მყოფ სამშობლოს დასაცავად ყველა ის, ვინც ვალდებულია სამხედრო ბეგარა მოიხადოს და დაბადებულა 1889 წლის 1-ლ იანვრიდან 1899 წლის 1-ლ იანვრამდე უნდა გამოცხადდეს მახლობელ სამხედრო საკრებულოში, სადაც დანიშნავენ რომელიმე ჯარის ნაწილში განურჩევლად ეროვნებისა ექვსი თვის ვადით. 2. ეს დეკრეტი გავრცელდეს ყველა იმათზე, რომელნიც დაბადებულნი არიან 1888 წლის იანვარს შემდეგ და უმსახურიათ: არტილერიაში, საპიორების და რკინის გზის ჯარებში, და აგრეთვე ტელეფონისტებზე, ტყვიის მფქვეველთა მსროლელებზე, ნაღმის მსროლელებზე, მფრინავებზე, მჭედლებზე, ფერშლებზე და სხვა სპეციალისტებზე, რომლებიც საჭირონი იქნებიან სამხედრო უწყებისთვის. 3. ეს დეკრეტი ვრცელდება ყველა იმათზე, რომლებიც დასასვენებლად არიან სახლში დათხოვნილი. აგრეთვე იმათზე, რომლებიც ავადმყოფობის გამო არიან დათხოვნილნი. 4. ვისაც ამ დეკრეტის თანახმად უწევს სამხედრო სამსაურში შესვლა, ოჯახურ მდგომარეობის მიხედვით არავითარი შეღავათი არ მიეცემა. 5. ყველა ჯარში გასაწვევს თან უნდა ჰქონდეს სამი დღის საგზალი. 6. ყველა ჯარში გასაწვევი ვალდებულია, გამოცხადების დროს თან მოიტანოს ჯარიდან წაღებული ან ისე შეძენილი ვინტოვკა და პატრონები. 7. გაწვევის პირველი დღე იქნება ამა წლის 26 მარტი“.
ლეჩხუმი და ცხინვალი
მაშინ, როდესაც საქართველოს ოსმალთა შემოსევა ემუქრებოდა, საქართველოში შიდა არეულობა დაიწყო. მარტში ანარქიამ მოიცვა ჯერ ლეჩხუმის მაზრა, შემდეგ კი შიდა ქართლში შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს ოსებმა. თუ ლეჩხუმის მაზრაში ქაოსი ბოლშევიკების მიერ წაქეზებულმა ბრბომ გამოიწვია, შიდა ქართლში ოსები აშკარა ანტიქართული ლოზუნგებით გამოვიდნენ და ცხინვალის მაზრის მისაკუთრება იარაღით სცადეს. ოსმალებთან ბრძოლის ნაცვლად საქართველო იძულებული გახდა, შეიარაღებული ძალების მობილიზება აჯანყებების ჩასაქრობად მოეხდინა.
ლეჩხუმში ბოლშევიკური აჯანყება მარტის დასაწყისში დაიწყო. გაზეთ „საქართველოს“ 6 მარტის ნომერში ამ მოვლენასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი დაიბეჭდა: „ამ უკანასკნელ დროს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ქუთაისიდან ქართული პოლკის დათხოვნილი ჯარისკაცები გაჰფანტეს, ლეჩხუმის მაზრა, განსაკუთრებით კი დაბა ლაილაში, ანარქისტული იდეების ფართე პროპაგანდის ასპარეზად გადაიქცა. აქ თავი მოიყარეს გუბერნიის ყველა კუთხიდან ბნელმა ძალებმა. მცხოვრებლები ბევრს რამეში განიცდიან გაჭირვებას და რა თქმა უნდა, გაჭირვებული ხალხი მალე ეგება პროვოკაციის ანკესს.
თანდათან პროვოკატორებმა მეტად გაიდგეს ფეხი და მალე მაზრაში ბატონობაც დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა მათ განდევნეს მაზრის კომისარი ასათიანი, იარაღი აჰყარეს და განდევნეს მილიცია და შემდეგ სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულება და ტელეგრაფი ჩაიგდეს ხელთ. დასწყვიტეს მავთულები და საგუბერნიო ადმინისტრაცია მთლად მოსწყვიტეს ლეჩხუმის მაზრას. საგუბერნიო ადმინისტრაციამ სრულებით არა იცოდა რა, თუ რა ხდებოდა ლეჩხუმში. შეიარაღებულ ბანდას და ადგილობრივ მცხოვრებლებს დაუჭერიათ ყოველივე მისავალი გზა მაზრისკენ, რომ ჯარისა და წითელ გვარდიელებისთვის წინააღმდეგობა გაეწივნათ“.
წესიერების აღსადგენად ხელისუფლებამ მაზრაში 200 გვარდიელი გაგზავნა, მაგრამ ლეჩხუმის ვიწრო ხეობაში, სოფელ ალპანის მახლობლად, აჯანყებულთა 1000-კაციანმა დაჯგუფებამ რაზმი ალყაში მოაქცია და რამდენიმე მებრძოლი ტყვედ აიყვანა. გვარდიას იარაღის დაყრა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აჯანყებულები მათი დახოცვით იმუქრებოდნენ. შედეგად, გვარდიის ნაწილმა მაზრაში შესვლა ვერ მოახერხა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ აჯანყებულთა დასამორჩილებლად მაზრა ბლოკადაში მოაქცია და ლეჩხუმს სურსათის მიწოდება შეუწყვიტა. 8 მარტს თბილისში სვანეთის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებმაც თხოვნით მიმართეს საქართველოს ეროვნულ საბჭოს და ამიერკავკასიის კომისარიატს, არ გაეგზავნა ჯარის ნაწილები ლეჩხუმში. დეპუტაციის მტკიცებით, მაზრაში საარმიო ნაწილების გამოჩენა დიდ სისხლისღვრასა და გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანდა. ჯარის ნაცვლად დეპუტაციამ ლეჩხუმში ეროვნული საბჭოს წარმომადგენელთა დელეგაციის ჩასვლა და მშვიდობიანი გზით ხალხის დაწყნარება ითხოვა.
კიდევ უფრო მძიმე გახლდათ ვითარება შიდა ქართლში, სადაც სერიოზული შეტაკება დაიწყო. ოსების ბანდებმა რეგიონში შესულ 200 გვარდიელს ნამდვილი ომი გაუმართეს. მოკლეს გორის მაზრის კომისარი გიორგი მაჩაბელი. დახოცეს და დაჭრეს 50-ზე მეტი გვარდიელი. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ ცხინვალში გვარდიელთა ათასკაციანი რაზმი გაგზავნა, რომელიც ტვიამფრქვევებით, არტილერიითა და ჯავშნიანი ავტომობილებით იყო შეიარღებული.
გაზეთი „საქართველო“. 23 მარტი: „ცხინვალი შესაძლებელია, საქართველოს საბედისწერო ფრონტად იქცეს. იქ სწარმოებს ეხლა ნამდვილი ომი, ყველანაირ ჯურის იარაღის საშუალებით და ჩვენ უკვე ცნობები გვაქვს, რომელიც მოწმობენ, რომ ეს ომი ადვილად არ გათავდება, რადგანაც ოსობის მხრივ ბრძოლა მასიურ ხასიათს ღებულობს… პოლიტიკა წაგლეჯისა, აი, რა არის დღევანდელი ლოზუნგი და ოსებმაც აშკარად განაცხადეს: ცხინვალი ჩვენია, საქართველოს მაღლობი ჩვენია! იმ ანარქიისა და ნგრევის დროს, რომელიც მეფობს დღეს ჩვენში და ისეთ პატარა და უკულტურო ერისთვის, როგორიც არის ოსობა, არაფერია იმაზე ადვილი, რომ განუხორციელებელ ოცნებებით იკვებებოდეს. და მათ პატრიოტულ თავში, საქართველოს გულში დამოუკიდებელ ან ავტონომიურ ოსეთის შექმნის იდეა აღმოცენდა“.
იმავე ნომერში გაზეთი კიდევ ერთ ცნობას აქვეყნებს ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით: „ცხინვალზე მისუელი ოსობა რამდენიმე ათასია. ამას გარდა მათ აქვთ კავშირი ჩრდილო კავკასიასთან. ცხინვალის ბრძოლაში მათ საომარი თხრილები გაჰმართეს. მაჩაბელი და კეცხოველი დიდი წამებით მოჰკლეს.
ოსების თარეშს ხელმძღვანელობს პრაპორშჩიკი ხარებოვი. ეს ის ხარებოვია, რომელმაც ხულიგანთა ბრბო შეადგინა და გორის მაზრის თავად-აზნაურობა ამოჟლიტა. გუბერნიის კომისარმა მას ეს დანაშაული აპატია და სთხოვა, რომ მას, როგორც შეგნებულ პირს, დახმარება გაეწია მისთვის ანარქიასთან ბრძოლაში“.
საბოლოოდ, ცხინვალში ოსთა ჯანყი სახალხო გვარდიისა და საარმიო ნაწილების დახმარებით ჩააქრეს. გვარდიის მეთაურ ვალიკო ჯუღელისა და პოლკოვნიკ კონიაშვილის რაზმის მეშვეობით ცხინვალიდან ოსები განდევნეს. ბრძოლებში მეამბოხეებმა დიდი დანაკლისი განიცადეს.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 31 მარტი: „ცხინვალიდან გუშინ დაბრუნდა რაზმი, რომელიც ოსთა აჯანყების ჩასაქრობად იყო გაგზავნილი. მთელ მათ მოძრაობას თავში ნაციონალისტური ნიადაგი ჰქონია, მხოლოდ შემდეგ მიუღია ხასიათი პოგრომული. რაზმის პირველად ჩასვლისას ოსები ძალიან მაგრად დახვედრიან, მაგრამ შემდეგ კი როცა რაზმს ძალა უჩვენებია, მათ თანხმობა გამოუცხადებიათ იარაღის ჩაბარებაზე.
ჰაეროპლანებსაც დიდი გავლენა მოუხდენიათ საქმის დაბოლოვებაზე ჩვენს სასარგებლოდ. დაპყრობილ ოსთა შორის ბევრი ქართველებიც, მომეტებულ ნაწილად დეზერტირები რეულა. ბრძოლის დროს ჩვენს რაზმს დაჰღუპვია 16-20 კაცამდე, ოსებს 200 სულზე მეტი. დატყვევებულ ოსთა და მათ ბელადთა რიცხვი სულ 200 კაცამდეა. რაზმს შემდეგ მოსალოდნელ ექსცესების ასაცდენად დაუტოვებიათ ნაწილი, რომელიც ხელმძღვანელობს საქმის საბოლოო ლიკვიდაციას“.
მიხეილ ბასილაძე