ახალი პრემიერის ახალი (ეკონომიკური) ხედვები

გასულ კვირას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას: „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. ახალი მთავრობა 99 ხმით (6 წინააღმდეგი) დამტკიცდა.

ერთი, რაც ჯერჯერობით ვიცით ისაა, რომ 99 ხმით მხარდაჭერილი მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:
პრემიერ-მინისტრი _ მამუკა ბახტაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი _ გიორგი ჩერქეზიშვილი;
ფინანსთა მინისტრი _ ნიკოლოზ გაგუა;
საგარეო საქმეთა მინისტრი _ დავით ზალკანიანი;
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი _ მიხეილ ჩხენკელი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი _ ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი _ ლევან იზორია;
შინაგან საქმეთა მინისტრი _ გიორგი გახარია;
იუსტიციის მინისტრი _ თეა წულუკიანი;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი _ კახა კახიშვილი;
კულტურისა და სპორტის მინისტრი _ მიხეილ გიორგაძე;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი _ სოზარ სუბარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი _ მაია ცქიტიშვილი;
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი _ დავით სერგეენკო;
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში _ ქეთევან ციხელაშვილი.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის და მმართველი გუნდი ამბობს, რომ პარლამენტს უახლოესი სამი-ოთხი კვირის მანძილზე პერსონალურად და სტრუქტურულად შეცვლილი მთავრობა კიდევ ერთხელ წარედგინება ნდობის მისაღებად.
საუბარია ე. წ. მცირე მთავრობის კონცეფციის შესაბამისად სამინისტროების შემცირებასა და კონკრეტული მინისტრების ჩანაცვლებაზე.
პრემიერის ახალი პროგრამის წარდგენისას ნაკლები აქცენტი გაკეთდა სასამართლო სტრუქტურასა და იმ საკითხებზე, რამაც მისი წინამორბედი გადადგომამდე მიიყვანა(!), თუმცა ბახტაძის გამოსვლა მოიცავდა ეკონომიკურ ხედვას, რომელიც მალევე გაეხვია ოპოზიციის ქარცეცხლში, ექსპერტებს კი კითხვა გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახსრებით აპირებს ახალი პრემიერი პენსიებისა და ხელფასების ზრდას? რა ფორმით „შეიკვეცება“ სამინისტროები? რა შედეგები მივიღეთ რამდენიმე თვის წინ „შეკვეცილი“ სამინისტროებით და რა დადებითი შედეგები მოყვება მას ახლა?!
აღსანიშნავია, რომ პრემიერის გამოსვლაში ხაზი გაესვა 2019-2020 წლების იანვრიდან პენსიების 20-20 ლარით ზრდას, ასევე მასწავლებლებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებისთვის გასაზრდელ ხელფასებს, სამინისტროების შემცირებასა და „მცირე მთავრობის“ კონცეფციას.

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
„ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ბახტაძე „მცირე მთავრობაში“? მე ვიცი რა არის „შეზღუდული მთავრობა“. ეკონომიკაში არსებობს „შეზღუდული მთავრობის“ ცნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობას საზოგადოება ანიჭებს და ართმევს გარკვეულ უფლებებს სახელმწიფოს კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისას. შესაბამისად, მთავრობის მონაწილეობა ეკონომიკაში შეზღუდულია და წესდება ე. წ. საკონსტიტუციო ინსტიტუტი _ ასეთი მეთოდოლოგია არსებობს ეკონომიკაში, თუმცა „მცირე მთავრობა“ რას ნიშნავს, არ ვიცი. ამ შემთხვევაში პრემიერი გულისხმობს იმას, რომ მთავრობის მონაწილეობა ეკონომიკაში შემცირდება. ის ამბობს, რომ მთავრობის ორგანიზაციულ სტრუქტურაში სამინისტროები გაერთიანდება, მაგრამ, საერთო ჯამში, გაუქმებული სამინისტროების ფუნქციები ისევ რჩება ფუნქციებად და ის არსად მიდის. ეს პროცესი, ალბათ, ისევ ისე უნდა განხორციელდეს, როგორც ადრე. ამდენად, ეს საკითხი უფრო ეხება არა ეკონომიკას, არამედ _ მენეჯმენტს. საინტერესოა, მართვის კუთხით რამდენად ეფექტიანი გახდება მთავრობა, მაშინ როცა სპორტის, კულტურის, მეცნიერების, განათლების საკითხების ერთ სამინისტროში თავმოყრა მოხდება. ჩემი აზრით, მართვის კუთხით ეს საკითხი გაუგებარია.
თავად ის ფაქტი, რომ სხვა ტიპის წარმომადგენლობითი ხარჯები შემცირდება (რადგან სამინისტროები ერთიანდება და ოპტიმიზაციის პროცესია) და ეს გამოთავისუფლებული თანხები მოხმარდება სოციალურ მიმართულებას, გაჭირვებულ მოსახლეობასა და სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმა მყოფ ადამიანებს, ეს სჯობს იმას, რაც აქმდე იყო(!), მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამინისტროების გაერთიანებით ასევე გაიზრდება უმუშევრობაც და შესაბამისად, აქ მარტივად რომ ვთქვათ, არჩევანი კეთდება უმუშევრობის ზრდასა და სოციალური პროგრამების ზრდას შორის. ამავდროულად, სიღარიბის დონე ამით არ მცირდება, რადგან ეკონომიკური რეფორმები არ იქნება, ანუ, საერთო ჯამში, სამთავრობო ხარჯების მონაწილეობა ეკონომიკაში არ იცვლება!
რაც შეეხება იმას, რომ პენსიები ეტაპობრივად 20-20 ლარით გაიზრდება, ეს კონტექსტის გარეშეა, ანუ რის ხარჯზე გაიზრდება პენსიები ეს თუ არ დავინახეთ, მანამდე რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება. ე. ი. ეს ხდება იმიტომ, რომ ეკონომიკა საგრძნობლად იზრდება 2019-2020 წლებში და ამიტომ საბიუჯეტო შემოსავლებიც იმდენად იზრდება, რომ მინიმუმ ნახევარი მლრდ ლარი არის საბიუჯეტო შემოსავლებში და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ იგი მთლიანად მივმართოთ პენსიებზე, უფრო მეტი ოპტიმიზაცია ხდება და სხვა სამთავრობო ხარჯები მცირდება, თუ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა იზრდება და ამის ხარჯზე იზრდება პენსიები? ანუ არ ვიცით, თუ რის ხარჯზე იზრდება იგი!
სანამ ეს არ გვეცოდინება, მანამდე რთულია რაიმე კომენატრის გაკეთება თავად იმ ფაქტზე, რომ პენსიები იზრდება.
იგივეა მასწავლებლებსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურზე _ თავისთავად ის ფაქტი, რომ მეხანძრეებს, პოლიციის თანამშრომლებს, პენსიონერებს შემოსავალი ეზრდებათ, კარგია, მაგრამ რის ხარჯზე? ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალე იმის, თუ ახალ ვალს ვიღებთ და მაგით ვზრდით ხელფასებს? _ ეს უნდა გამოჩნდეს!
რაც შეეხება იმას, შეეძლო თუ არა ბახტაძეს იმავე რეფორმების განხორციელება ფინანსთა მინისტრობის დროს, გეტყვით, _ რა თქმა უნდა, შეეძლო! და შეეძლო ეს თავად იმ გუნდს, რომელიც მთავრობას წარმოადგენდა კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახალი პრემიერის გამოსვლაში სხვა მიმართულებით ვხედავ აქცენტებს. ვფიქრობ, ამით უნდოდა, რომ საზოგადოების ყურადღება გადაეტანა ამ საკითხებზე, რათა მთავარი პრობლემა დაგვევიწყებინა, რის გამოც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი საპროტესტო მუხტი დაგროვდა. თან აქ ჩაერთო ფრაზა ბლოკჩეინი. არსებობს საგადასახადო ადმინისტრირების დღგ-ს გარდა ბლოკჩეინით ადმინისტრირებაც, რაც ძალიან მარტივია და, სინამდვილეში, უფრო საინტერესო იქნებოდა საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგის ორგანიზება სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით! ვფიქრობ, უბრალოდ, ამ კუთხით საზოგადოებისთვის ყურადღების გადატანა ხდება და მთავარი, რის გამოც საზოგადოებას რაღაცის შეცვლის მოლოდინი ჰქონდა, რაღაცნაირად გადაავიწყდათ და რაც მთავარია, პრემიერს ერთი სიტყვაც არ უხსენებია თავის მსჯელობაში იმაზე, თუ როგორი იქნება სწორედ ეს, _ პროკურატურა, მართლმსაჯულება და ის გახმაურებული საქმეები, რომლებიც ძალიან ბევრია, ისევე როგორც კითხვებიც“.

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის დოქტორი:
„ის, რაც ჩადებულია პროგრამაში, სტანდარტული ფორმატია და მთავრობის ყოველი წარმომადგენლის დროს ხდება აქცენტების დასმა ცვლილებების განხორციელებაზე. ახლა მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის რეალური ახალი მთავრობის პოლიტიკა, თუმცა ამაზე პირველი დასკვნების გაკეთება ადრეა, მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია სექტემბრამდე.
საქმე ის არის, რომ ჩვენ ყოველწლიურად თითქმის 3 მლნ-ით ვზრდით მშპ-ს, ამდენით ზრდა საგადასახადო ტვირთის 25%-ით ზრდის პირობებში მლნ ლარზე მეტია, ანუ გვაქვს პოტენციალი, რომ იმ ზომიერი ტემპების პირობებშიც კი, რაც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა (5%-იანი ზრდა), შეგვიძლია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მობილიზებული სახსრების მატების ხარჯზე გავზარდოთ დაახლოებით მლრდ-დან მლრდ 300 მლნ ლარამდე, ეს სახსრები კი შეიძლება იმ მიმართულების პრობლემების დასაფინანსებლად გამოვიყენოთ, რაზედაც ყურადღება გამახვილდა. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია და ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ სტიმულირების იმ ფორმატს, რომელიც ჩადებულია ადამიანის ქცევასა და მოტივაციაში. თავისუფალმა მეწარმეობამ და სულისკვეთებამ ნიადაგი შექმნა ისეთი ზესახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, როგორიცაა აშშ. ბიზნესისადმი იმ რწმენის განმტკიცება, რომ ის, ერთი მხრივ, თავისუფალია და, მეორე მხრივ, ბიზნესისადმი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან არის კომპლიმენტური და სამართლიანი და მესამე, სახელმწიფო ზრუნავს არა ცალკეული დეკლარაციების ფრაგმენტული ნიშნით, არამედ სისტემურად, შედარებით ხელმოკლე სოციალური ფენის პარალელურ დაცვაზე. თუ საზოგადოება ამას გააცნობიერებს, მაშინ, მერწმუნეთ, დევნილთა ნაკადიც შემცირდება და ბიზნესებს მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ, რომ უფრო მოახდინონ თვითრეალიზაცია საქართველოს ფარგლებში. ეს დამატებით კაპიტალდაბანდებასა და შიდა წყაროებს მოიტანს და გაცილებით მეტ წარმატებას მივაღწევთ. მაგრამ აქ საუბარია, რამდენად განახორციელებს ამ რეფორმებს ჩვენი ხელისუფლება, ეს დროის ამბავია და მინდა მას ვუსურვო და მოვუწოდო, რომ ამ მიმართულებით ჰქონდეთ წარმატება!
რაც შეეხება მცირე მთავრობის კონცეფციას, ჯერ უნდა განვმარტოთ ტერმინოლოგია: მასში იგულისხმება ფიზიკურ პირთა ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია მართვის განსახორციელებლად, თუ „მცირე მთავრობა“, რომელიც მცირე რესურსების განმკარგავი იქნება და დიდი სახსრები არ განაწილდება?!
მივესალმები, რომ გვქონდეს მობილური, მცირე შემადგენლობის, მაგრამ კვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ადამიანთა გუნდი, სამინისტროებში, დეპარტამენტებში, უწყებებსა თუ მთავრობაში, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ სწორად გადაანაწილონ. ევროპის ქვეყნებს ან აშშ-ს რომ გადავხედოთ, სადაც ჩვენი მიგრანტი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცდილობს დამკვიდრებას და ფეხის მოკიდებას, იქ რომ ნახოთ როგორია ხელისუფლების ხარჯების თანაფართობა მშპ-სთან, გაოცდებით! საფრანგეთში არის 56%, საქართველოში _ 27%. როგორ გინდა, სოციალური დაცულობის იმ დონეს მივაღწიოთ, სადაც უდიდეს კრიმინალსაც კი კანონის შესაბამისად ეპყრობიან, საჭიროების შემთხვევაში უმაღლესი სამედიცინო დახმარება აქვს და ციხიდან გამოსვლის შემდეგ იმის საშუალებას აძლევენ, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს?! მაგრამ ეს ხდება სახელმწიფო რესურსების ხარჯზე, მთავარია, რომ დაცული იყოს სამართლიანობის პრინციპი, არ იყოს ნეპოტიზმი. ყველას, ვინც თანამდებობაზეა, შეგნება უნდა ჰქონდეს, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს და არა როგორც კარიერისტს, ის არ უნდა იყოს კარიერისტი, რომელიც რაც შეიძლება მეტს ითხოვს პირადი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გვინდა სახელმწიფოებრივი ცნობიერების მქონე მოხელეების არმია. მაშინ აღარ შეგეშინდება, რომ სახელმწიფოს მიერ მობილიზებული გადასახადები არამიზნობრივად, არადანიშნულებისამებრ დაიხარჯება. ასე მესმის მე მცირე მთავრობის კონცეფცია.
ბახტაძის ეკონომიკური მიმართულებით გამოთქმულ მოსაზრებებზე გეტყვით, რომ ფინანსთა მინისტრობის პერიოდი მისთვის ძალზე ხანმოკლე იყო, ამიტომ დასკვნების გაკეთება ძნელია, შეეძლო თუ არა იმავე რეფორმების განხორციელება, რაზედაც ახლაა საუბარი? თუმცა მისი რამდენიმე ინიციატივა, რომელსაც მთავრობა და მთელი კაბინეტი უჭერდა მხარს, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, გადასახადის გადახდის ზღვრის აწევა 100 000-დან 500 000 ლარამდე და გადასახადის განაკვეთის შემცირება ბრუნვის 1%-მდე ეს ნამდვილად მისასალმებელი იყო.
დრო გვიჩვენებს შემდეგს და მერე შეგვიძლია ჩვენი იმედების გარკვეული რევიზია, რომ უფრო მაღალ დონეზე შევძლოთ საუბარი“.

გელა ტყეშელაშვილი _ ეკონომიკის პროფესორი:
„ბიუჯეტს ამ ცვლილებების განხორციელება და პენსიის მომატების საშუალება, რა თქმა უნდა, აქვს. ეს ახლა კი არა, კარგა ხნის წინ უნდა დაეწყოთ. მით უმეტეს, ისე გააუფასურეს ლარი, რომ პენსიის მსყიდველუნარიანობა, ფაქტობრივად, განახევრდა. ამ ცვლილების განხორციელების საშუალება ბიუჯეტს კი იქიდან აქვს, რომ ყველაფრიდან ვუხდით სახელმწიფოს ჩვენი შემოსავლების დიდ ნაწილს. მით უმეტეს, გვაქვს მოცემულობა, რომ პენსიას 50-100-ჯერ აღემატება იმ ხალხის ხელფასი, რომელიც თანამდებობას იკავებს. ახლა კიდევ ალბათ იმიტომ აკეთებენ ამას, რომ მთავრობა ხალხის მიერ წალეკვის საშიშროების წინაშე დადგა.
„მცირე მთავრობას“ რაც შეეხება, იაპონიაში, სადაც 120 მლნ. ადამიანი ცხოვრობს, 11 სამდივნო აქვთ. ჩვენთან ის 11 სამინისტროც არ უნდა იყოს. როცა სამუშაო ადგილები ბიუროკრატიით იქმნება, მაშინ იქცევა ქვეყანა. ეკონომიკამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და არა ბიუროკრატიამ.
ამ ცვლილებების განხორციელება კი ფინანსთა მინისტრობის დროს არ შეეძლო ბახტაძეს. როგორც წესი, ფინანსთა მინისტრი მთავრობაში ისეთი რანგის არის, როგორც წარმოების ხელმძღვანელი. მარტო წარმოებებს ითვლის და მეტი არაფერი. მაგრამ გამოხატა უკმაყოფილება ბანკებთან მიმართებით და თქვა, არ შეიძლება, ბანკებმა ასე წალეკოს ქვეყანა და მევახშეობა ასე იკიდებდეს ფეხსო.
მაკროეკონომიკურ სიტუაციაში რამდენიმე პრობლემა გვაქვს და ერთ-ერთი არის სამართლებრივი პრობლემა, ეს საკითხები ჩვენს ქევყანაში 0-ზე დაბლაა, ეს თუ არ გამოსწორდა, არაფერი გვეშველება. დღეს არც პროკურატურას აქვს თავისი სახე, არც მოსამართლეს, არც გამომძიებელს. ვფიქრობ, ბახტაძე ამ საკითხსაც პირველ რიგში მიხედავს, თუ არადა, ქვეყანასაც დაღუპავს და საკუთარ თავსაც“.

გასულ თვეებს რომ გადავხედოთ და უკვე პრემიერ-მინისტრის მუშაობა ფინანსთა მინისტრის რაგნში გავიხსენოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მამუკა ბახტაძე აქტიურად ეხებოდა საბანკო პოლიტიკას და სწორედ მისგან დამკვიდრდა „ჭარბვალიანობის“ ტერმინიც, რის გამოც დღეს სესხის აღებისა და განვადებით რაიმე ნივთის შეძენის შესაძლებლობა გართულდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მინისტრობის დროს შემოვიდა მცირე მეწარმეობის წასახალისებლად ახალი საგადასახადო ინიციატივა, რომელიც დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.
დღევანდელი კანონმდებლობით, მცირე ბიზნესის მქონეს სტატუსით ის მეწარმეები მოიხსენიებიან, რომელთა შემოსავალიც არაკალენდარული წლის განმავლობაში 100 000 ლარს არ აღემატება, თუმცა ახალი ინიციატივით ეს მონაცემები 5-ჯერ იზრდება და როდესაც ეს კანონპროექტი დამტკიცდება, მცირე ბიზნესის მქონეს სტატუსს ყველა ის მეწარმე მიიღებს, რომლის შემოსავალიც უკვე 500.000 ლარს არ აღემატება.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინიციატივა მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ამ ინიციატივით მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან და არა წინასწარ, ე. წ. საავანსო რეჟიმში.
აღნიშნული სიახლე შეეხო დამატებითი ღირებულების გადასახადსაც და კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ მცირე მეწარმეები, რომლებიც მცირე მეწარმის სტატუსის პარალელურად ჩათვლიან საჭიროდ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, სტანდარტულ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ჩათვლას ან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას ბიუჯეტიდან 5-დან 7 დღის ვადაში.
რაც შეეხება იმ საკითხს, შეეძლო თუ არა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრობის 7-თვიან პერიოდში მეტი ინიციატივის შემოტანა და უფრო სასარგებლო სიახლეების განხორციელება, ეს თემა საკითხავია, მანამდე კი კვლავ იმ სამი კვირის შემდგომ გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ, რომლითაც პარლამენტსა და საზოგადოებას მინისტრთა ახალი კაბინეტი წარედგინება.
ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე დგას და საინტერესოა ისიც, თუ როგორ მოახერხებს მმართველი გუნდი სამინისტროების შემცირებას? ვინ „შეეწირება“ მას და რა არსებითად მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ ამით? ყველაზე საინტერესო კი მაინც ის ნაბიჯებია, რაც სასამართლო სისტემის მიმართულებით უნდა გადაიდგას, ამის აუცილებლობა კი საქართველოში დღეს ისე დგას, როგორც არასდროს!

ნინო ტაბაღუა