თბილისური მშენებლობა _ უბანი, კანონი, კაპიტალი

XXI საუკუნის საქართველო მშენებლობის რიცხოვნობის მაღალი მაჩვენებლით ნამდვილად გამოირჩევა. ვისთვის მოსაწონი და ვისთვის დასაწუნი შენობები დღეს, ტერიტორიული თვალსაზრისით, უფრო და უფრო უახლოვდება ერთმანეთს.

„ქრონიკა+“ არქიტექტორ-ურბანისტ ირაკლი როსტომაშვილს ესაუბრა:
_ ყველაზე მთავარი ჩვენს ქვეყანაში კანონი და საჯაროობაა. ვიღაც რომ გარკვეულ პროექტს ამტკიცებს და აშენება იგეგმება, ეს საჯარო უნდა იყოს. თუკი ვინმე წინააღმდეგია, არგუმენტი, რომ მას ეს არ მოსწონს, არ მიიღება, მაგრამ თუ მას აქვს დასაბუთებული არგუმენტი, რომ ამ გეგმით რამე ზიანდება, მაშინ ნებისმიერი მოქალაქის პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ. მეტიც: სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დიდი პროექტები აუცილებლად უნდა იყოს ორეტაპიანი ტენდერი: ერთი ეტაპი უნდა იყოს კონცეფციაზე, მეორე ეტაპი კი _ არქიტექტურულ იერსახეზე.
_ რამდენად ეფექტიანია საქართველოში დღეს არსებული „მშენებლობის კოდექსი“ და ამ მიმართულებით რა იგეგმება?
_ მშენებლობასთან დაკავშირებით ბევრი ნორმა და მიდგომა შეიცვალა როგორც ტექნოლოგიური, ისე ეკონომიკური და ცხოვრების დონის პრინციპით. ძველი საბჭოთა ნორმები პირდაპირ გეგმური ეკონომიკისთვის იყო გაკეთებული. ახლა, რეალურად, საბაზრო ეკონომიკა გვაქვს. შეიცვალა მიწის საკუთრების პრინციპები, ანუ, რეალურად, დღეს მოქმედი კოდექსი მოძველებულია, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელსაც ცვლილებები არ ეხება. რაღაცები იცვლება და ეს უნდა გაითვალისწიონ, მით უმეტეს, ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების მიზნით სამშენებლო ნორმებთან და წესებთან დაკავშირებით. არის ბევრი თავი, რომელიც იცვლება: სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება, ეკოლოგია და ა. შ. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია და, ალბათ, პარლამენტი მიიღებს.
_ სამშენებლო სფეროში რამდენად პროფესიონალები არიან შესაბამისი კადრები?
_ საერთოდ, საქართველოში პროფესიონალი კადრების დიდი დეფიციტია. ხშირად არ ვიცი ეს როგორ ხდება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტაა პროფესიონალი კადრი და მათზე უნდა იყოს კონკურენცია, გადაწყვეტილების მისაღებად სწორედ არაპროფესიონალები ჭარბობენ. რაც უნდა ცუდი მოსასმენი იყოს, რეალობა ასეთია. ამდენი წელია, საუბარი მიმდინარეობს გენერალურ გეგმაზე. ეს არის დოკუმენტი, რომელიც პერმანენტულად კეთდება. წარმოიდგინეთ, ლაპარაკი იყო გერმანელი სპეციალისტების ჩამოყვანაზე, საქართველოს სხვა ქალაქებსაც ხომ სჭირდება სპეციალისტები? ანუ იქაც უცხოელები უნდა ჩამოგვეყვანა. ერთხელ და სამუდამოდ, პირობითად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღევანდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უნდა შეუკვეთოს და უთხრას, _ მე მჭირდება ეს კადრები და გამიზარდე. საბჭოთა კავშირში ასე ხდებოდა _ სამხედრო და სხვა სახის დაწესებულებები უკვეთდნენ უნივერსიტეტებს საჭირო კადრებს. უკვე ვართ იმ სტადიაში, რომ უნდა ვიცოდეთ, რა კადრები გვჭირდება.
_ სამშენებლო სექტორში უკონტროლო სიტუაციების ძირითად მიზეზებად რას დაასახელებდით?
_ ახლა ძალიან შეჩერებულია ნებართვების გაცემა და უკვე მართლა კრიტიკურ დონემდეა ეს პროცესი. მგონია, რომ სხვადასხვა მიზეზია დასასახელებელი. ჯერ ერთი, ნებისმიერი წესის მთავარი თვისება არის ის, რომ ის უნდა იყოს ყველასთვის. თუ ვიღაცას აძლევ ნებართვას და ვიღაცას არ აძლევ, ეს ყველამ იცის. ყველა ვხედავთ, რაც ხდება და ლაპარაკი არავის სურს. კანონი შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ის უნდა იყოს ყველასთვის ცუდი. სხვა შემთხვევაში ამას ჰქვია ზეწოლა, დაჩაგვრა…
_ რა ტენდენციაა ცენტრსა და გარეუბანში საცხოვრებელი ბინების ფასებთან დაკავშირებით?
_ უპირველეს ყოვლისა, ფასს განსაზღვრავს მიწის ღირებულება. რადგან ცენტრში მიწის ღირებულება უფრო მეტია, ეს განსაზღვრავს ტენდენციას, თორემ ბლოკი და მილის შეერთება, პირობითად, ვაკეშიც და ვაზისუბანშიც ერთი და იგივე ფასი ღირს. მიწის ღირებულება ბაზარმა დაადგინა. მე, მაგალითად, მგონია, რომ ამ დროისთვის ვაკეს გარეუბნები ბევრად სჯობს. მით უმეტეს, თუ გარეუბნებში უკვე არის ურბანულ ტრანსპორტთან, ანუ მეტროსთან წვდომა.
დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ტენდენციური კლება წავა და სადაც არის მეტრო და სხვა ურბანული სიკეთეები, ეს ტერიტორიები უფრო განვითარდება. ამასაც სწორი დაგეგმვა სჭირდება. წარმოიდგინეთ, ადრე მეტროები შენდებოდა საწარმოებთან ახლოს და ხალხმრავალ უბნებში. ამის მაგალითებია ნავთლუღის, დიდუბისა და სხვა მიმართულებები იმიტომ, რომ, ძირითადად, ამ ტერიტორიებზე იყო ქარხნები და მსგავსი დაწესებულებები. ახლა ეს ქარხნები გაჩერებულია და მათი ტერიტორია, ყველაზე კარგ შემთხვევაში, საწყობია. ჩემი პოზიცია ასეთია და ამას დიდი ხანია აღვნიშნავ, რომ ამ ტერიტორიებზე, რომლებიც თბილისში არის 250 და, დაახლოებით, 800 ჰა, მგონია, რომ საბინაო მშენებლობა სწორედ აქ უნდა წარიმართოს, ზუსტადაც ძველი ქარხნების ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ეს ქარხნები აღარასდროს ამუშავდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის. რომც იმუშაოს, კონკურენციას ვეღარაფერს გაუწევს. შესაბამისად, ეს იდეალური ტერიტორიებია იმისთვის, რომ დედაქალაქში საბინაო მშენებლობა განვითარდეს. 20 წლის პერსპექტივაში ამის განვითარება ისე შეიძლება, რომ თბილისი გადავარჩინოთ და ეს ტერიტორიები გამოვიყენოთ. რაც ყველაზე მთავარია, ამ სივრცეებში მიყვანილია ურბანული ტრანსპორტი. საქართველოს რომ დიდი ხნის მანძილზე არ ექნება რესურსი მეტროს ახალი ხაზების გასაკეთებლად, ვიცით.
_ პარკინგთან დაკავშირებით რა რეგულაციებია?
_ პარკინგის თემა არ არის მხოლოდ ის, რომ პარკინგები გაკეთდეს. ამას აქვს რამდენიმე მიმართულება. პარკინგისთვის ყველაზე აუცილებელი არის, რომ ჯერ მკაცრი ადმინისტრირება გახორციელდეს, რათა სადაც არ შეიძლება, ავტომობილი იქ არ გაჩერდეს. უნდა იყოს კატასტროფული ჯარიმები. შემდეგ პარკინგი უკვე ბიზნესი გახდება. სანამ პარკინგი ბიზნესი არ გახდება, პრობლემები ვერ მოგვარდება. ადამიანმა უნდა ნახოს, რომ ჯობს, პირობითად, მანქანის გაჩერების ღირებულება იყოს ერთი ლარი. მაშინ იქნება მომგებიანი. თუ ერთი ლარის ცნება არ იარსებებს, ის ადამიანი ვერ ააშენებს პარკინგის კონსტრუქციას იმიტომ, რომ წამგებიანი იქნება.
_ ხეების მორწყვასთან დაკავშირებით ტექნიკური წყლის მომარაგებაზე რას გვეტყვით?
_ მახსოვს, ლაპარაკი იყო, რომ, პირობითად, თბილისს სჭირდებოდა 100 ლიტრი წყალი კვირაში კვ. მ.-ზე. ბარბაროსობაა, ჩვენს მთაგორიან რელიეფზე და, მით უმეტეს, ისეთ ქალაქზე, რომელიც წვიმას, პირდაპირი მნიშვნელობით, მიაქვს ხოლმე, რომ ეს მარაგები არ შევქმნათ. მაგალითად, ახლა მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყიში ერთი წლის მარაგი წვიმა მოვიდა. ხომ შეიძლება, რომ ასეთი რელიეფი რომ გვაქვს, პატარა თაღოვანი დამბა გავაკეთოთ, პირობითად, ვერის ხეობაში და 4 000 000 კუბმეტრი წყალი რომ შევაგროვოთ. მაგას, სულ რაღაც, სამი დღე სჭირდება. შემდეგ ეს რესურსი ვიხმაროთ. სწორ ადგილზე წყლის მიწოდება რთულდება და ელექტროენერგია სჭირდება ხოლმე, რომ ტუმბო ამუშაოს. ამ დამბის შემთხვევაში მოვარდნის პრევენციაა _ ჩვენ ხომ ვიცით, რომ თბილისში, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ჭარბი ნალექები არის მოსალოდნელი. ამ პერიოდში ეს დამბა დაცლილი უნდა გვქონდეს და ველოდებოდეთ, რომ წყალი მოვარდება. სტიქიის დროს, მგონი, 2 000 000 კუბმეტრი მოწყდა და მაგან დაანგრია ნახევარი თბილისი. დიდი წვიმების დროს ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამის შემდეგ 4 000 000 კუბმეტრი გვაქვს სარწყავად და სხვა მიზნებისთვის. ეს ბევრად ეკონომიური მგონია, ვიდრე თბილისში ხეების სასმელი წყლით მორწყვა.
_ ისტორიული უბნების კონსერვაცია-რეკონსტრუქცია?
_ მე, მაგალითად, კონცეპტუალურად, ძალიან ვიყავი ჩართული მარჯანიშვილის პროექტის გახორციელებაში. მეტსაც გეტყვით: ერთი პერიოდი თბილისის მთავარ არქიტექტორად ვმუშაობდი და მაშინ დავიწყეთ თბილისის ფასადების გადაღებვა. რეალურად, რა გამოიწვია მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციამ? _ პირობითად, თუ კვ. მ. ღირდა 1000 ლარი, ახლა ღირს, ვთქვათ, 6000 ლარი, ანუ ხუთმაგი-ექვსმაგი კაპიტალიზაცია მოხდა. მოსახლეობას, რომელსაც ჰქონდა 100 კვ. მ., ანუ მისი კაპიტალი იყო 100 000 ლარი, გაუხდა 600 000 ლარი. ეს მიმაჩნია ბიუჯეტის ყაირათიან ხარჯვად. წარმოიდგინეთ, მარჯანიშვილის ტერიტორიაზე მიტოვებული სარდაფები იყო, დაახლოებით, 2000-3000 კვ. მ., ამავე ზონაში. ეს იყო ნაგვის ბუდე. გაკეთდა დრენაჟი, მოაშორეს წყალი, სარდაფები გაიწმინდა და რა მოხდა? _ 2000 კვ. მ. უცებ შეემატა თბილისს _ მოსახლეობას ბიზნესი გაუჩნდა. მცირე ბიზნესები განვითარდა და ამუშავდა. ბიუჯეტის ხარჯვის ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის მისაღებია. მიუღებელია, ვიღაც რომ ამბობს, _ ავარიული სახლი მაქვს, გამირემონტეო. ის რომ სახელმწიფომ გაურემონტოს, ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ თუ ეს იქნება გააზრებული და მას მოყვება კაპიტალიზაცია, ეს დადებითი პროცესი იქნება.

საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ თავისებურებებს, ადგენს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმების დაცვისა და რეგულირების მექანიზმს. ამ კანონის რეგულირების სფერო არის სამშენებლო საქმიანობა საქართველოში, რომელიც მიმართულია ეროვნული მეურნეობის ყველა დარგის განვითარებისკენ, მოსახლეობის საბინაო-კომუნალური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენ, წარმოადგენს დარგთაშორის საქმიანობას. მიზნები გახლავთ შემდეგი: სამშენებლო კომპლექსის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება; საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების განვითარებისთვის ხელის შეწყობა; მოსახლეობის სოციალური და კულტურულ-საყოფაცხოვრებო დონის გაუმჯობესება; სამშენებლო საქმიანობის ძირითადი ამოცანების შესრულება, კონკურენტული გარემოს შექმნისთვის ხელშეწყობა; სამშენებლო პროდუქციის ხარისხის, მისი საიმედოობის ფუნქციური დანიშნულებისადმი სრული შესაბამისობა, ეროვნული და თანამედროვე არქიტექტურულ-ესთეტიკური სახის უზრუნველყოფა გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების გათვალისწინებით.
„მშენებლობის კოდექსის“ გარკვეული თავების ფორმირებისა და გადახედვის პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, პარლამენტი მას დაამტკიცებს. ნებისმიერი კანონმდებლობის მსგავსად, ისიც საჭიროებს გადახედვასა და დღევანდელ რეალობასა და მოცემულობებთან მორგებას. ნებისმიერი კანონის შემთხვევაში საჭიროა, ის იყოს პირდაპირ კავშირში მშენებლობის პროცესებში მონაწილე მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ვალდებულებებთან დაკავშირებით. რაც უფრო რადიკალური იქნება მისი შინაარსი, დიდია ალბათობა იმისა, რომ შემცირდება დაუდევრობებისა და უკონტროლო სიტუაციების რაოდენობა და შეიქმნება ხარისხიანი პროდუქტი დაცული სამშენებლო პირობების ფარგლებში.

მარიამ ტიელიძე