დავით კირვლიძის სიხარბე: 100 კილომეტრში დახარჯული 80 ლიტრის საწვავი, 1მ3 ბალასტი 25.15 ლარად, 65 მილიონი 2000 ჰა.-ს მორწყვისთვის

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქში დავწერე _ ახალი პრემიერი ისევ ტოვებს მრჩევლად დავით კირვალიძეს? ეს ის ცნობილი დავით კირვალიძეა, რომელმაც არაერთგზის ააოხრა საქართველოს სოფლის მეურნეობა და დიდად გახლავთ სახელგანთქმული თავისი ფულთმოყვარეობით.

გახსოვთ, ალბათ, პრემიერ კვირიკაშვილის ლობირებით, ლამის, დასაჭერად გამზადებული კირვალიძე ისევ გამოჩნდა არენაზე პრემიერის მრჩევლის სტატუსით და ცოტა ხანში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცალკეულ სტრუქტურებში საკუთარი კადრები დააბრუნა. მეტაფორულად რომ ვთქვა, კირვალიძისთვის „კადრები წყვეტენ ყველაფერს“ და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, დიდი კუშების მოხსნაა. ბოლო დღეებია, ინტენსიურად ვმუშაობ ფაროსანას საკითხზე, პრეპარატის ვარგისიანობაზე, რომელსაც მეორე სეზონია, „წარმატებულად“ ვიყენებთ და რომლის შეძენაზეც საკმაოდ დიდი ფული დაიხარჯა _ ამ შემთხვევაში პრეპარატების „ზონდერისა“ და „ინსაკარის“ ქიმიურ შემადგენლობასა და მის ზემოქმედებაზე ადამიანის ორგანიზმზე.
ისე, თუ დაკვირვებულხართ, კლიპს, რომელსაც ჩვენი ტელევიზიები ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში აჩვენებენ? ლამის, კოსმონავტის სკაფანდრებში გამოწყობილი ადამიანები იმას გვეუბნებიან, თუ რა რაოდენობის წამალი უნდა გავხსნათ რა რაოდენობის წყალში. თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, თავად რატომ არიან სკაფანდრებში _ სპეცტანსაცმლით შემოსილები და ეს სკაფანდრები არის თუ არა აუცილებელი ჩვენთვის? თუ არა, მაშინ ეს რა პოზაა, თუ კი _ მაშინ საკმაოდ ბევრი კითხვაა. პარალელურად სპეციალისტებისგან ველოდები ოფიციალურ პასუხებს დარგის ამერიკელი სპეციალისტ გრეგ კრავჩუკის მიერ საქართველოში გამოგზავნილი წერილების განმარტებასთან დაკავშირებით.
მოკლედ, ამ გაწამაწიაში გახლავართ და უცებ ერთი ადამიანი დამიკავშირდა, რომელმაც პირდაპირ მომწერა, რომ დავით კირვალიძის საგმირო საქმეების შესახებ მასალები და ფაქტები ჰქონდა.
შევთანხდით, მის ვინაობას ამ ეტაპზე არ გავამჟღავნებდი იმის გამო, რომ ის დარგის სპეციალისტი და სფეროში დასაქმებული ადამიანია. პირობითად მას ქვემოთ მოვიხსენიებ, როგორც გიორგი მ.-ს.
მოკლედ, როგორც მისი ნაამობიდან ირკვევა, შპს „საქართველოს მელიორაცია“ (100%-იანი წილი _ სახელმწიფო, ქვემოთ მოვიხსენიებთ მელიორაციად, _ ავტ.) ახორციელებს სარეაბილიტაციო პროექტს სახელწოდებით „ალაზნისპირა მიწების დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია“. აღნიშნულ პროექტს კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს და პროექტი მოიცავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული დამშრობი სისტემების გაწმენდას, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გზების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი კენჭნარის გრუნტით. პროექტი მრავალწლიანია, დაწყებულია 2013 წლიდან და დღემდე მიმდინარეობს.
„აღნიშნული პოექტის მენეჯერი და სამუშაოთა მწარმოებელია ავთანდილ სამხარაძე, რომელიც 2014 წელს მელიორაციიდან მენეჯმენტის ცვლილების დროს გაათავისუფლეს და 2017 წლის აპრილი-მაისიდან კვლავ დაბრუნდა კომპანიაში, ასევე მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ. ანუ ქუმსიშვილის ოჯახის წევრ არჩილ ბუკიას გენდირექტორად და დავით კირვალიძის ასევე ოჯახის წევრ გენადი კერძევაძის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ. 2014 წელს სამხარაძის გაშვების მიზეზი გახდა ზემოხსენებულ პროექტში არსებული დარღვევები, კერძოდ დიზელის საწვავის ჩამოწერის მანიპულირება, საქმე 2014 წელს პროკურატურაში გადააგზავნეს“, _ აცხადებს გიორგი მ.
პროექტის მიმდანარეობისას ბალასტის შემოტანა ხორციელდება მდინარე კაბალის კარიერიდან. არსებული ინფორმაციით, კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა 15000 მ3 ბალასტის მოწოდებაზე და ადგილზე საქართველოს მელიორაცია 1 მ3 ბალასტში 5 ლარს იხდის. პროექტი მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში და სამუშაოების შესრულების ადგილი კარიერიდან დაშორებულია 30 კმ.-ით. სწორედ მდინარე კაბალიდან 30 კმ.-ს მანძილზე ხდება ბალასტის ტრანსპორტირება, მაშინ როდესაც თავად გურჯაანში რამდენიმე ალტერნატიული კარიერია, რომელიც, მოპოვებული ინფორმაციით, ბალასტს ადგილზე ყიდის 3 ლარად. გურჯაანში არსებული კარიერები ობიექტიდან დაშორებულია 5-6 კმ.-ით. გასათვალისწინებელია, რომ ამავე ობიექტზე 2016-2017 წლებში ბალასტი შემოდიოდა გურჯაანში არსებული კარიერიდან და კომპანია იხდიდა 12 ლარს, მიმწოდებელი კომპანია თავად ახდენდა ბალასტის ტრანსპორტირებას.
„ეს კომპანია მზად იყო, მელიორაციისთვის ბალასტი იგივე ფასად მიეწოდებინა, ანუ 12 ლარად მისივე ხარჯით ტრანსპორტირებიანად, მაგრამ, რატომღაც, ბალასტის ლაგოდეხის რაიონიდან შემოტანა და ორჯერ მეტი ფასის გადახდა ამჯობინეს. აქვე ის ფაქტი უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთის რეგიონში მიმდინარეობს გურჯაანი-თელავის ავტობანის მშენებლობა, სადაც გამოყენებულია მდინარე ალაზნიდან შემოტანილი ბალასტი და მთლიანად ეს გზა სწორედ ალაზნიდან ამოღებული ბალასტითაა გაკეთებული, შესაბამისად, არგუმენტი ბალასტის უხარისხობის შესახებ უსაფუძვლო იქნება“, _ ამბობს გიორგი მ.
მისივე თქმით, 2017 წელს, მენეჯმენტის ცვლილების დროს, კომპანიის შიდა აუდიტის უფროსად დაინიშნა გია კობახიძე, რომელმაც კომპანიაში ავთანდილ სამხარაძე მოაბრუნა. გია კობახიძე კომპანიაში შპს „მექანიზატორიდან“ გადმოვიდა, რომელსაც ასევე კირვალიძე აკონტროლებს. გახსოვთ, ალბათ, რა დღეში ჩააგდო მისი კორუფციული სქემებით, თავის დროზე, ამ კომპანიაში დასაქმებული არაერთი ადამიანი. კობახიძე წლების განმავლობაში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, სწორედ მისი რეკომედაციით მუშაობდა ავთანდილ სამხარაძე 2013 წელს ზემოთ ხსენებულ პროექტზე. კობახიძე და სამხარაძე არიან ლაგოდეხის მცხოვრებლები და სწორედ გია კობახიძის ხელშეწყობით გაფორმდა ბალასტის მიწოდების ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მდებარეობს და არსებული ინფორმაციით კარიერის მეპატრონე კობახიძის მეგობარია.
„ასევე კახეთის რეგიონის უფროსად დაინიშნა ვინმე სანდრო კირვალიძე, რომელიც გელა სამხარაულის მეგობარია. სწორედ სამხარაულის ხალხია დაკავებული სარწყავ მიწებზე დაწერილი ჯარიმების გაუქმებით და მათ ძმაკაცებზე ხელშეკრულების არგაფორმებით. სოფელ ფშაველში ვინმე ლუკა რამაზაშვილი, რომელიც კირვალიძია და სამხარაულის მეგობარია, ათასობით, ჰა-ს ფლობს, რომელიც მის სიძეებზეა გაფორმებული და ამ მიწების მორწყვის საფასურს რამაზაშვილი არ იხდის, ინსპექტირების ბიჭებს საერთოდ აუკრძალეს ფშაველში შესვლა შესამოწმებლად“, _ ამბობს გიორგი მ.
ირკვევა, რომ სამხარაძესა და კობახიძეს პროექტზე დასაქმებული დამხმარე პერსონალის 80% დაკომპლექტებული ჰყავთ ასევე ლაგოდეხელებისგან, მისი ნათესავებისგან და მისი შვილის მეგობრებისგან, რომელთა უმეტესობა ობიექტზე ნამყოფი არაა და ე. წ. მკვდარ სულებს წარმოადგენენ.
„2017 წლის დეკემბრის სამუშაოების შესრულების ფორმა #2-იდან ირკვევა, რომ კომპანიამ ობიექტზე მიიღო 4024 მ3 ბალასტი, რომელშიც ადგილზე გადაიხადა 20120 ლარი, ხოლო მისი ტრანპორტირება დაუჯდა 65973.108 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მელიორაცია ბალასტის ტრანსპორტირებას ახდენდა როგორც საკუთარი ტექნიკით, ასევე იჯარით აყვანილი ავტომანქანებით. საკუთარი ავტომანქანებით შემოტანილი 1 მ3 ბალასტი დაჯდა, საშუალოდ, 2 ლიტრი დიზელი, ხოლო იჯარით აყვანილ მანქანებზე 1 მ3 ბალასტი დაჯდა, საშუალოდ, 9 ლიტრი დიზელი და ამას კიდევ დაემატა იჯარის ხელშეკრულების თანხა. შედეგად, 2024 მ3 ბალასტის ღირებულება, ტრანსპორტირება და იჯარა დაჯდა 99043 ლარი, რაც 1მ3 ბალასტზე შეადგენს 25.15 ლარს, როდესაც გურჯაანში არსებული კარიერებიდან არსებული ინფორმაციით, 10 კმ.-მდე მანძილზე 1მ3 ბალასტის ღირებულება ტრანსპორტირებიანად შეადგენს 11-12 ლარს, შედეგდად 2024 მ3 ბალასტში მხოლოდ დეკემბრის შესრულებაში ზედმეტად გადახდილია 52 312 ლარი, ანუ 1მ3 ბალასტში 13 ლარით მეტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელშეკრულებით 15 000 მ3-ია შეძენილი, ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 195 000 ლარს. გასათვალისწინებელია ასევე საქართველოს მელიორაციის ავტომანქანებით ბალასტის შემოტანის დროს ტექნიკის ცვეთა, რომლითაც დამატებითი ზიანი მიადგა კომპანიას და შესაბამისად _ ბიუჯეტს“, _ აცხადებს გიორგი მ.
როგორც ირკვევა, ტექნიკის დაქირავების მიზანი იყო საწვავის დიდი რაოდენობით ჩამოწერა, რადგან მელიორაციის მაქანები აღჭურვილია GPS თანამედროვე სისტემებით. შესამაბისად, საკუთარ ტექნიკაზე ვერ ხერხდებოდა ნორმით გათვალისწინებულზე მეტი საწვავის ჩამოწერა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ტექნიკის დაქირავებისა და მასზე დიდი რაოდენობით საწვავის ჩამოწერა.
„100 კმ.-ზე ჩამოწერილია 80 ლიტრი საწვავი, რაც არარეალურია. ფორმა #2-ში არსებული მონაცემებით ავტომანქანები ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ 1 დღეში ნაჩვენები კილომეტრების გავლას. ნათლად ჩანს, რომ მონაცემები გაყალბებულია და არ შეესაბამება რეალურს. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დაქირავებულ ტექნიკას რიგ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე რეისი აქვს შესრულებული და რიგ შემთხვევაში საერთოდ არ შეუსრულებია სამუშაო და მხოლოდ ფორმალურად ჩამოწერეს მათზე საწვავი. ფორმა #2-ში იმდენი უზუსტობაა და ისეა მორგებული საწვავს მოცულობები, არც კი საჭიროებს რაიმე სახის ექსპერტიზას. დაქირავებული ავტომანქანების გავლილ კილომეტრებს თუ გავყოფთ ნამუშევარი დღეების რაოდენობაზე, იმ რაოდენობას მივიღებთ, რასაც ფიზიკურად ვერ გაივლიდა ავტომანქანა. ასევე ფორმა #2-დან ირკვევა, რომ დაქირავებულ ავტომანქანებს, რომლებზედაც 100 კმ.-ზე ჩამოწერილია 80 ლიტრი საწვავი, ერთ რეისზე შემოტანილი აქვს 8 მ3 ბალასტი, ამას ემატება მათი იჯარის თანხა, როდესაც მელიორაციის ავტომანქანას, რომელსაც 100 კმ.-ზე ჩამოწერილი აქვს 30 ლიტრი საწავავი, ასევე შემოტანილი აქვს რეისზე 8მ3 ბალასტი (აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ www.rs.ge-ზე)“, _ აცხადებს გიორგი მ.
არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორმა #2-ში შესრულებული სამუშაოების გარკვეული პუნქტები არ არის საერთოდ შესრულებული.
მაგალითად საექსპლუატაციო გზა (რემონტი) სიგრძე 2215მ., მე-4 პოზიცია „მოტანილი გრუნტით გზის ღრმულების ამოვსება, 0,25მ. სისქის ფენებად, დატკეპნა თვითმავალი 5-ტონიანი საგორავით 6-ჯერადი გავლით“. ასეთ ტექნიკას ობიექტზე საერთოდ არ უმუშავია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამსახურმა 2012-13 წლებში დაიწყო თეძმის წყალსაცავის პროექტის გაკეთება. ერთ პირთან მოლაპარაკების კონტრაქტი გააფორმეს უკრაინულ საპროექტოსთან, დაახლოებით 700 000 ლარზე. კონტრაქტში წერია, რომ მელიორაცია მისცემს უკრაინელებს ძველ საბჭოთა დროინდელ პროექტს თეძმის წყალსაცავზე და იმათ ამის მიხედვით უნდა დააპროექტონ. პროექტის ძირითადი პარამეტრები იქნება ძველი პროექტის საფუძველზე.
უკრაინელებმა პროექტი 2014 წლის შემოდგომაზე მოიტანეს. პარალელურად მელიორაცია აკეთებდა ამ პროექტის ექსპერტიზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართველი ექსპერტების მიერ, ესეც ერთ პირთან მოლაპარკებით იყო, 2014 წელს დასრულდა და ექსპერტების კომპანიამ, დაახლოებით, 90 000 ლარი მიიღო.

„2017 წელს მელიორაციამ ისევ დაიწყო თეძმის პროექტზე მუშაობა და დამატებით აკეთებენ გეოლოგიას, რაშიც ახლიდან იხდიან ფულს, უკრაინელებმა უკვე ერთხელ გააკეთეს. ახლა გამოცხადებული აქვთ ტენდერი თეძმის პროექტის გადამოწმებაზე, რომელშიც 190 000 ლარს იხდიან. ეგ საქმე „გეპეის“ (სტუ, _ ავტ.) ექსპერტებმა გააკეთეს, რაშიც 90 000 ლარი მიიღეს. ამდენი ფული იხარჯება უაზროდ. ეჭვია, რომ უკრაინელებთან გარიგებული და წილში იყო მელიორაცია, მაგიტომაც მისცეს ძველი პროექტი, რომ ადვილად ემუშავათ.
თეძმის წყალსაცავი დაახლოებით 40-მეტრიანი კაშხალი იქნება, რომელშიც დაეტევა 10 მილიონი კუბმეტრი წყალი და მორწყვის დროს წყალს მიაწვდის კაშხლის ქვევით 3 კილომეტრის მერე არსებულ სარწყავ არხებში. პროექტში ეწერა, რომ მოირწყვებოდა დაახლოებით 2800 ჰა. თან მაგ რაიონში სოფლის მეურნეობა განვითარებული არ არის. მცირემიწიანი ხალხი ცხოვრობს და ათი წლის მერეც ვერ განვითარდებ“, _ ამბობს გიორგი მ.
2014 წელს პროექტში ეწერა, რომ კაშხალი ჯდებოდა 55 მილიონი ლარი, დღეს, სულ ცოტა, 65 მაინც დაჯდება. ეს ნიშნავს, რომ 1 ჰა.-სთვის გამოვა 32500 ლარი. ნეტავ, როდის ამოიღებენ ამ დახარჯულ ფულს? 1 ჰა.-ს მორწყვა ასე ძვირი არსად ჯდება.
„გახსოვთ, კასპში რომ შეხვედრა იყო და ინტერნეტშიც წერია, წყალსაცავი მორწყავს 5000-მდე ჰა.-სო, ეგ არის ტყუილი, მაგდენი კი არა, 2000-იც არ არის. უკრაინულ პროექტში 2800 ეწერა და იმ ტყუილს კიდევ დაუმატეს, 2200 ჰა დაფინანსება რომ მიეღოთ. ეს პროექტი არ არის რენტაბელური, ზარალიანია, გამოუსადეგარი და მარტო ფულის შოვნა უნდათ კირვალიძესა და მის დამქაშებს, _ ამბობს გიორგი მ. და დასძენს, _ ამის გარდა ცნობილია, რომ მანდ, სადაც კაშხალი უნდა აშენდეს, არის სუსტი ნიადაგები, ქანები და კლდეები. საბჭოთა დროს გეოლოგებმა გამოიკვლიეს და ამ მიზეზით მშენებლობა არ დაიწყეს. მანდ რომ წყალსაცავი აშენდეს, მთები ჩამოინგრევა და მთელი ხეობის სოფლებს მტკვარში ჩაიტანს. იციან მელიორაციაში ეს, მაგრამ მაინც უნდათ, რომ დაიწყონ. შემდეგ შუა მუშაობის დროს იტყვიან, რომ პროექტი რთულდება, დამატებით თანხებია საჭიროო და წლების განმავლობაში ექნებათ საჭმელი ფული, რომელიც ბიუჯეტისთვის წყალში გადაყრილია“.
როგორც გიორგი მ. განმარტავს, მელიორაციაში სპეციალისტები წყლის დებეტთან დაკავშირებით ეჭვობენ, ანუ თეძამში მაგდენი წყალი არ მოდის, რომ კაშხალი ყოველ წელს გაავსოს.
„კაშხლის აშენება ხუთი წელი მაინც გაგძელდება და მერე თუ წყალი არასაკმარისი იქნება, იტყვიან, რომ გლობალური დათბობა დაიწყოო ან რამე ეგეთს. მოკლედ რომ ვთქვათ, გეოლოგია არ ვარგა, აშენება არ შეიძლება, ქანები ვერ გაუძლებს. მდინარეში წყალი არასაკმარისია. თან ყოველ წელს მდინარეს ღვარცოფის ნატანი მოაქვს და წყალსაცავი მალე გაივსება. რეგიონში სოფლის მეურნეობა განვითარებული არ არის. 65 მილიონს დახარჯავენ 2000 ჰა.-სთვის, რაც სრულად გაუმართლებელი ხარჯია“, _ აცხადებს გიორგი მ.
გიორგი მ.-ს მაგალითად მოჰყავს მდინარე ილტოზე წყალსაცავის მშენებლობის შესაძლებლობა. მისი თქმით, კახეთში 80-იან წლებში დაწყებული იყო წყალსაცავის მშენებლობა მდინარე ილტოზე, რომელიც 90-იან წლებში გაჩერდა. ამ კაშხლის მშენებლობა დღეს, სავარაუდოდ, 150 მილიონი დაჯდება და 40 000 ჰა.-ზე მეტ მიწას მორწყავს, ერთ ჰა.-ზე რომ გავყოთ, 3750 ლარი გამოდის, თითქმის ათჯერ იაფი, ვიდრე თეძმის წყალსაცავის მორწყვა დაჯდება ჰა.-ზე. თან კახეთში სოფლის მეურნეობა განვითარებულია და ყოველ წელს იზდება.
როგორც ირკვევა, მელიორაციის სამსახური ზემო სამგორის არხის პროექტზე მუშაობს, რომელსაც ჰოლანდიელები აფინანსებენ. სავარაუდოდ, 100-მილიონიანი სამუშაოები იქნება. სანამ სამუშაოს დაიწყებენ, ჰოლანდიელები იკვლევენ, „რამდენი ადამიანი გამოიყენებს სარწყავ წყალს და რა მიზნით. თუ ბევრი ხალხი არ იქნება, ფულს არ მოგცემთო. თეძამზე კიდევ არავის არავისთვის არაფერი არ უკითხავს, პირდაპირ იწყებენ ისე შენებას, რომ არც იციან, ვის რაში გამოადგება ეგ წყალსაცავი და აქვს თუ არა ქვეყანას ამის საშუალება?! ცხადია, რომ ეს კირვალიძის სქემაა, ჩვენთან იმასაც ამბობდნენ, მას ყველაფერი პრემიერ-მინისტრთან (კვირიკაშვილი, _ ავტ.) ჰქონდა შეთანხმებული, რომელიც, ფაქტობრივად, უკრძალავდა სამინისტროს მაღალჩინოსნებს მელიორაციისა და სამინისტროს სხვა შპს-ების საქმიანობაში ჩარევას. აქ ფული ყველა მიმართულებიდან ტყდება. მშენებელიც შერჩეული ჰყავთ და „ატკატზეც“ შეთანხმებულები არიან“, _ აცხადებს გიორგი მ.

მოკლედ, ვითარება საკმაოდ რთულია! ვის რაში ენაღვლება სახელმწიფო, ბიუჯეტი, ხალხი და მისი წუხილი?! ჯერ კიდევ დეკემბერში ვამბობდი და ვწერდი მელიორაციაში არსებულ პრობლემებზე. მაშინ ისიც განვაცხადე, რომ ეს სტრუქტურა, ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, საერთოდ უნდა გამოსულიყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადასცემოდა. აღნიშნულ მოსაზრებას, თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, მინისტრიც უჭერდა მხარს. მაგრამ ამ პერიოდში გაირკვა, რომ მელიორაციაზე გრანტები უნდა გამოყოფილიყო და ბატონმა კირვალიძემ პრემიერი დაარწმუნა, რომ მისთვის სამართავად და სამეთვალყურეოდ სამსახურის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში დატოვება უკეთესი იყო. ვერავინ დამწამებს, რომ ამას უკანა რიცხვით ვამბობ. ეს ვთქვი, ისევე როგორც არაერთხელ განმიცხადებია კირვალიძის უკიდეგანოდ ხარბი ბუნების შესახებ.
დაბოლოს, ჩემთვის მოწოდებული მასალები შესაბამის სამსახურებს გადავეცი, ახლა კი მასზე რეაგირებას დაველოდები.
რაც შეეხება ფაროსანას, მერწმუნეთ, მასალები საკმაოდ შრომატევადი და მოცულობითია. შესაბამისად, ვეცდები, უახლოეს პერიოდში ამის შესახებაც მოგაწოდოთ ინფორმაცია.

გოჩა მირცხულავა