პატრიარქმა გვერდზე მოცქერალთა მოქცევა დაიწყო

როგორც იქნა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. პირადად სხდომისადმი ჩემი მოლოდინი, პირველ რიგში, იმით იყო განპირობებული, რომ სინოდს მართვა-გამგეობის დებულების ფარგლებში მოექცია მოსაყდრის ლეგიტიმაციის საკითხი და არა როგორც „გარე ძალების“ წარმომადგენლის მტრულ და ჩასაფრებულ დამოკიდებულებაში დედაეკლესიის მიმართ.

სინოდის წევრებსა და საპატრიარქოს ჩინოვნიკებს (ამ შემთხვევაში საერო პირებს ვგულისმობ), რომლებიც უაპელაციოდ განკარგავენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ რიგ მიმართულებებს, ასევე არასაკმარისად განათლებულ ღვთისმსახურებს შევახსენებ, რომ დებულება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელშიც წერია (თავი I, §5) _ საქართველოს ეკლესია თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე:
1. წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა;
2. წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდათა მამათა კანონები და წესდებები;
3. საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებანი;
4. საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები.

ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებზე უპირატესი ძალა აქვს.
შესაბამისად, იმის მოთხოვნა, რომ სინოდს მართვა-გამგეობის დებულების საფუძველზე დაედგინა მოსაყდრე და განესაზღვრა მისი უფლებამოსილება, ამ მეტად არაორდინალურ ვითარებაში „გარე პირებს“ კი არ უნდა მოეთხოვათ, ეს, პირველ რიგში, მღვდელმთავრების, საპატრიარქოსა და გნებავთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველი ღვთისმსახურის ვალდებულება გახლდათ. ბარემ, აქვე, მერამდენედ განვუმარტავ საპატრიარქოს ცალკეულ საერო ჩინოვნიკსა და ღვთის რწმენაში არასაკმარისად მყოფ ღვთისმსახურებს: ეს „გარე პირები“ სასულიერო იერარქები ვართ და ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლური სწავლება და ქრისტესადმი სიყვარული იმის საშუალებასა და უფლებას გვაძლევს, თუ რაღაც არასწორად ხდება, ამის შესახებ არ დავდუმდეთ და ხმამაღლა ვთქვათ.
როდესაც ამბობთ, „გარე პირები“, ერთი მხრივ, იკეტებით საკუთარ თავში და მეორე მხრივ, სჩადიხართ უდიდეს ცოდვას, როდესაც გვრიყავთ და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე რეალურად უგულებელყოფთ ქრისტეს სწავლებას, რომლის საფუძველზეც თითოეული ის პირი, რომელსაც გვტკივა და გვაფიქრებს დედაეკლესია, თქვენთვის არ წარმოადგენს ღირებულს. ესეც რომ არ იყოს და საერთოდაც არ ვიყოთ ქრისტეს დიდი ოჯახის წევრნი, მაგრამ გვტკიოდეს, მაშინაც კი უნდა გესმოდეთ სიმართლე და სამართლიანობის დაცვის მოთხოვნები. როცა გნებავთ, ისტორიულ პრეცედენტებზეც კი აპელირებთ, რომ თურმე მოუნათლავი ადამიანიც არის შესაძლებელი, პატრიარქი გახდეს.
მართვა-გამგეობის დებულების _ ქვეყნის კონსტიტუციის უპირატესი აქტის მოთხოვნების დაცვა სამართლიანობის ფარგლებში ჯდება. ზოგადად, ქრისტეს ეკლესია ადამიანის სულზე ზრუნვის კონტექსტში სამ ძირითად ღირებულებას ეყრდნობა: თავისუფლებას, სამართლიანობასა და სიყვარულს. როდესაც ვაპელირებ იმაზე, რომ ქრისტეს ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და დანიშნულება სამართლიანობა გახლავთ, ეკლესიის მესვეურები აცხადებენ, _ არა, დანიშნულება სული და სასუფეველია. კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა მართლმადიდებლობის გააზრებისას _ ვის სჭირდება მონათმფლობელი, უსამართლო და სიძულვილით აღსავსე ღმერთი? ან ასეთი არსებობს ბუნებაში? თუმცა არასაკმარისი განათლებისა და მოჭარბებული სიხარბის გულში მატარებელ ცალკეულ პირებს საერთოდ რაზე უნდა ესაუბრო? რაზე უნდა ესაუბრო ადამიანებს, რომლებთაც „ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და სიმართლესა მისსა“ განყენებულად ესმით, როგორც „კონკრეტულ ამბავთან“ მიმართებით ნათქვამი ფრაზა და მას სიმართლესთან და ეკლესიის მისიასთან კონტექსტში არც კი განიხილავენ?! არადა, სასუფევლის სიმართლე გახლავთ სიმართლის სამსახური. თუმცა რელიგიურ სწავლებებში როგორ უნდა იდავო ადამიანებთან, რომელთაც ჯიუტად არ სურთ თუნდაც საკუთარი „კონსტიტუციის“ დაცვა?
და კიდევ ერთი ამ თემაზე, _ რატომ მიგაჩნიათ, რომ არსებობენ ორი კატეგორიის „გარე პირები“? ერთი გასაგებია: ვინც მიგითითებთ დაიცვათ წესები, კანონები, დებულება, მოგიწოდებთ იზრუნოთ ადამიანის სულისთვის და განავითაროთ თავისუფლების, სამართლიანობისა და სიყვარულის იდეა; არა მხოლოდ იქადაგოთ კეთილზე, არამედ იყოთ კიდეც კეთილნი; არ მოიპაროთ, არ წაგლიჯოთ, არათუ მრევლს, არამედ დედაეკლესიას; მეორენი, რომლებიც ასე ბრამდ მორჩილებენ თქვენს თითოეულ სიტყვას და უაპელაციოდ და დაუფიქრებლად, გაუაზრებლად ასრულებენ თქვენს დავალებებს. და თუ ჩვენ _ „გარე პირების“ ზემოთ მოხმობილი პირველი ჯგუფი ცხოვრების მიზნად ვიხდით დიდი მეფის, ვახტანგ გორგასლის სიტყვებს: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს“, თქვენ რატომ აიძულებთ ამ მეორე ჯგუფს, იმოქმედონ პრინციპით: იყავით მონები ჩვენი… და არწმუნებთ კიდეც, _ თუ გემონებიან და გემორჩილებიან, მხოლოდ მაშინ ცხონდებიან და დამკვიდრდებიან ცათა საუფეველში. ეს თქვენი არასაკმარისი განათლების ბრალია თუ უკიდეგანო სიხარბის? ისე, ფარისეველი შინაურების უფრო უნდა გეშინოდეთ, ვიდრე გულით მამხილებელთა და დედაეკლესიის გულწრფელი მებრძოლების.
როცა ვამბობ „თქვენ“, ვგულისხმობ ზუსტად იმ ღვთისმსახურებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული უსამართლობისა და უსიყვარულობის პოზიციებზე დგანან, თავისუფლებაზე არც კი უოცნებიათ და ამ ყველაფრის გარეშე ზრუნავენ, თურმე, ჩვენი სულებისთვის. დიახ, მათ და არანაირად ყველა სასულიერო პირს.

***
ახლა ისევ სინოდის სხდომას დავუბრუნდეთ. 21 ივნისს მთელი საქართველოს ყურადღება საპატრიარქოსკენ იყო მიმართული, სადაც წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.
მე კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე და პოზიციაზე, რომ მოსაყდრის გამორჩევა პატრიარქის იძულებითი ნაბიჯი იყო და ამ ქმედებით მან ყველას ნათლად გვითხრა: დაფიქრდით, გაიაზრეთ და იმოქმედეთ.
ამის ნათელი დადასტურება გახლდათ, თუნდაც, 21 ივნისის სინოდის სხდომა.
სხდომაზე პატრიარქმა, ფაქტობრივად, ღიად თქვა, რომ მოსაყდრე არის გახსნილი ანდერძი. არც ერთი დელეგირებული უფლება მოსაყდრისთვის. არც ერთი უფლება და მოვალეობა პატრიარქის უფლებამოვალეობის პარალელულად და რეალურად განიმარტა ისიც, რომ საპატრიარქოში ორხელისუფლებიანობა არ იქნება. ამის შესახებ საკმაოდ ხატოვანი განმარტება გააკეთა მეუფე ანტონმა, _ ერთ ცხენზე ორი მხედარი ვერ დაჯდებაო. რეალურად, მოსაყდრე რჩება ქორეპისკოპოსად და მისი, როგორც მოსაყდრის უფლებამოსილება ამოქმედდება მხოლოდ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნის _ განსაზღვრული ნორმის საფუძველზე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე (თავი IV, §4.). თუმცა ვაღიაროთ, რომ დებულება არ ცნობს ნორმას, რომლის საფუძველზეც ამ მოცემულობის გარეთ გვაქვს მოსაყდრის გამორჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, სინოდმა ყურადღებაც არ მიაქცია კაზუსს დებულებასთან მიმართებით. არადა, ძალიან ადვილად მოსაგვარებელი საკითხი გახლდათ. სინოდს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ჰქოდა, დებულებაში დაემატებინა შემდეგი შინაარსის ერთი პარაგრაფი: პატრიარქი უფლებამოსილია, დაადგინოს და სინოდს დასამტკიცებლად წარუდგინოს მოსაყდრე, რომელიც მოვალეობას ასრულებს დებულების თავი IV, §4-ით გათვალისწინებული ვითარების დადგომისას. ვგონებ, შინაარსი გასაგებია, თუმცა ვაღიარებ, რომ უფრო გამართული ფრაზის მოფიქრებაც ნამდვილად შეიძლებოდა. ცხადია, რომ დებულებაში ზემოთ აღნიშნული ჩანაწერის გარეშე არსებული ფაქტის მიღება ცხადყოფს, რომ მღვდელმთავრები ადამიანურად დაეთანხმნენ პატრიარქის გადაწყვეტილებას. თუმცა, ვიმეორებ, უკეთესი და უმჯობესი იქნებოდა, დებულებაში ცვლილებები შეეტანათ. და თუ კიდევ ვინმეს უჩნდება კითხვა, _ რატომ? დამატებით განვმარტავ: საქართველოს პატრიარქი არ გადამდგარა და იგი საღსალამათია. ამ ჩასწორების გარეშე შემდგომი ნაბიჯი პატრიარქის გადადგომა უნდა ყოფილიყო, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს ისტორიულად და მორალურად სასურველ ნაბიჯს, ისევე როგორც არ დგას გარემოება, რომლის მიხედვითაც იგი ვერ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას.
ზოგადად, არსებული დებულება ნაკლებად პასუხობს თანამედროვე რეალიებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დგას. შესაბამისად, სასურველია, სინოდმა შექმნას გაფართოებული კომისია, რომელიც დებულებაში შესატან ცვლილებებს ან/და ახალ დებულებას შეიმუშავებს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ შეიკავა თავი სინოდმა მხოლოდ ერთი პარაგრაფის დამატებისგან, თუმცა ვიმეორებ: ამ ნორმის მოსაფიქრებლად საპატრიარქოს საკმაო დრო ჰქონდა _ 7 თვე. აქვე აუცილებელი განმარტება: ჩვენ, როგორც საეკლესიო, ასევე საერო რეალობაში უნდა შევწყვიტოთ აპელირება ავტორიტეტებზე და მათზე დაყრდნობით ცალკეული ქმედებების გამართლება. წესები და კანონები იმიტომ არსებობს, რომ მას, პირველ რიგში, ავტორიტეტები ასრულებდნენ, რაც მაგალითი უნდა იყოს ნებისმიერი პერსონისთვის. ხოლო ის, რომ ცალკეულ გარემოებებს ამართლებენ ავტორიტეტების ნებაზე დაყრდნობით ისტორიულ ჭრილში, ეს ნება სამომავლოდ და რეალობაშიც, შესაძლებელია, განვიხილოთ, როგორც ავტორიტარიზმი და გავლენით ძალადობა. ამიტომაც გასაკვირია, რატომ ქმნიან ცალკეული ინსტიტუტები თუ პერსონები, ამ შემთხვევაში სინოდი და საპატრიარქო ხელოვნურ პრობლემებს?

***
სხდომის შემდეგ მითქმა-მოთქმა გამოიწვია პატრიარქის გადაწყვეტილებამ მეუფე შიოს ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოების შესახებ და ეს ფაქტი უპირობოდ ჩაითვალა შიოს მომავალი პატრიარქობისთვის გარანტირებულ აქტად. საზოგადოებას უნდა გავახსენო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეის მდგომარეობით შიო მუჯირი არის მეხუთე მიტროპოლიტი, რომელიც ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა _ ამ დრომდე ბრილიანტის ჯვარი მინიჭებული ჰქონდათ მეუფე კალისტრატეს, მეუფე აბრაამს, მეუფე დანიელსა და მეუფე ისაიას.
მოკლედ, საზოგადოებაში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ მეუფე შიო გარანტირებულად გახდა საქართველოს მომავალი პატრიარქი. გასაგებია, ვის ინტერესებშიც შედის ამ აზრის ასე დამახინჯებულად გავრცელება. თუ მეუფე შიო თავად სწორად გააანალიზებს ამ ფაქტს, მიხვდება, რომ ეს, პირველ რიგში, მასსა და დედაეკლესიას აზიანებს. მან, და არა სხვამ, ნათლად უნდა განმარტოს საკუთარი _ მოსაყდრის უფლებამოსილება. კერძოდ ის, რომ დებულების თავი IV, §4-ით გათვალისწინებული ფაქტის დადგომის შემთხვევაში მას ეკისრება ადმინისტრაციული ვალდებულებები: 40 დღის განმავლობაში ასრულებს პატრიარქის მოვალეობას, ამზადებს საეკლესიო კრებას; რომ მას აქვს უფლება დააყენოს საკუთარი კანდიდატურა არჩევნებზე, ისევე როგორც კიდევ ორ მღვდელმთავარს და მხოლოდ არჩევის შემთხვევაში გახდება პატრიარქი. უნდა განმარტოს, რომ მოსაყდრეობა ავტომატურად არ ნიშნავს პატრიარქობას და სინოდის ნებას იმასთან დაკავშირებით, რომ შიო აუცილებლად გახდება პატრიარქი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეული მოლოდინები კიდევ უფრო გააღრმავებს დაპირისპირებას არა მხოლოდ ეკლესიის წიაღში, არამედ ეკლესიის გარეთ. მეუფემ უნდა გაიაზროს, ამ გავრცელებული მოსაზრებების მიუხედავად, თუ იგი არ აირჩია სინოდმა, ეს გახდება მისი ავტორიტეტისთვის დამაზიანებელი ფაქტი, რაც ნამდვილად არ უნდა შედიოდეს როგორც პირადად შიო მუჯირის, ასევე ეკლესიის ინტერესებში. ისევე როგორც სწორედ მან უნდა უზრუნველყოს საზოგადოების სწორი ინფორმირება ამ საკითხზე იმ მღვდელმთავრების მიმართ, რომლებმაც შეიძლება გადაწყვიტონ არჩევნებში მონაწილეობა და ეს ფაქტი არ გახადოს ამ ღვთისმსახურებისადმი დაუმსახურებელი ჩრდილის მიყენების მიზეზად. ამის ნიშნები თვალნათელია, როდესაც ცალკეული პერსონები თუ ადამიანები ღაიად გამოხატავენ აგრესიას იმ მეუფეებისადმი, რომლებმაც შესაძლოა, სამომავლოდ ეს ნაბიჯი გადადგან, ან იქნებ არც, მაგრამ მათ მიმართ აგრესია გროვდება და ამას სწორედ მოსაყდრემ უნდა დაუსვას წერტილი.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ 1925 წელს ბოლშევიკების სატუსაღოდან ამნისტიით გამოშვებულმა კათოლიკოსმა ამბროსი ხელაიამ ტახტის მოსაყდრედ კალისტრატე ცინცაძე დაადგინა, რომელიც დეკანოზობიდან ერთ დღეში გამოარჩიეს ეპისკოპოსად და მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ამის მიზეზი იმ დროს საქართველოს ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება იყო, მაგრამ კალისტრატე ცინცაძე საქართველოს ეკლესიის მეთაური ვერ გახდა. პატრიარქის ტახტი ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა დაიკავა.
კალისტრატე ცინცაძე მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გახდა საქართველოს პატრიარქი.
მეორე მაგალითი: პატრიარქმა მელქისედეკმა მოსაყდრედ ეპისკოპოსი დავით დევდარიანი დატოვა, თუმცა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ სიდამონიძე გახდა.

***
სინოდის სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებაც მოისმინეს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში პატრიარქის მოსაზრებები ფრიად მნიშვნელოვანი იყო და ეს სამომავლოდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სინოდმაც, მოსაყდრემაც და თითოეულმა ღვთისმსახურმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მსოფლიოს საპატრიარქოს სთხოვა, რომ მან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიაროს. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა, თუ გაკეთდებოდა განმარტება, რომელი ეკლესიის დამოუკიდებლობა უნდა აღიარონ? დღეისთვის უკრაინაში 4 ეკლესია მაინც არის: ერთი, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ექვემდებარება, მეორე, რომელსაც კიევის პატრიარქი ფილარეტი ხელმძღვანელობს. არის კიდევ 2 ეკლესია, რომელთა აღიარებასთან მიმართებით ბევრი კითხვის ნიშანია.
მოსაზრება ამ საკითხზე სავსებით ნათელია. პირველი: თავად უკრაინა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელი ეკლესია ითხოვს ავტოკეფალიას. აღიარებასთან მიმართებით უპირატესობა აქვს მსოფლიო პატრიარქს _ კონსტანტინოპოლის ეკლესიას და, რა თქმა უნდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინელი ძმების გვერდით იდგება.
ჩემი მხრივ დამავატებ, რომ სასურველიც არის, ავტოკეფალიის მოთხოვნა სწორედ იმ ფრთამ _ ეკლესიამ გააკეთოს, რომელიც დღეს რუსეთის ეკლესიის ფრთის ქვეშ არის და დანაწევრებული უკრაინული ეკლესია გაერთიანდეს ერთი იდეით _ ერთიანი ავტოკეფალიით.
თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, ანუ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას თუ მიიღებს, ეს მოლდოვისა და ბელარუსის ეკლესიებისთვის, რომლებიც ეგზარქოსების მიერ იმართება, სტიმული გახდება _ რუსეთის ეკლესიისგან განთავისუფლებას ისინიც მოითხოვენ. პარალელურად საქართველოს რეალურად გაუჩნდება ერთმორწმუნე სლავი სახელმწიფო (სახელმწიფოები), რომელიც რუსეთისგან განსხვავებით საქართველოს ოკუპაციის მომხრე კი არ იქნება და მისი დამონების, არამედ სასულიერო საკითხებშიც დიდი მოკავშირე გახდება.
სავარაუდოდ, ეს პროცესი, გარკვეულწილად, დროში გაიწელება, მაგრამ კარგია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს გამოხატული.
საბოლოოდ კი, სავარაუდოდ, საკითხი მაინც მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განიხილება და კარგი იქნება, თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ სხდომას დაესწრება და ცალკეული მიზეზებით არ აარიდებს თავს მასში მონაწილეობას.
რაც შეეხება სინოდზე განხილულ სხვა საკითხებს, მათში, იმის მიუხედავად, თუ რა ნაწილშია შესაძლებელი დათანხმება ან რაში _ არა, არსებული რეალობის გულისტკივილი და გადაწყვეტის გზებია გადმოცემული.

***
მოკლედ, სინოდის სხდომა გაიმართა და მასში, თუნდაც ზემოთ მოყვანილი ჩემი ვერსიის (პატრიარქი მოსაყდრის დანიშვნის აუცილებლობის წინაშე დააყენეს) მიუღებლობაც რომ ჩანდეს, ნათელია შემდეგი _ პატრიარქმა „ანდერძი გახსნა“ და მოსაყდრისთვის არანაირი დამატებითი უფლებები არ მიუნიჭებია. მეორეც _ უკრაინის საკითხზე მისი მოსაზრებებით სწორედ მოსაყდრეს, რომლის იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი შეხედულებები ცალკეულ საკითხებზე უნისონში მოდის დუგინი-ვასაძის ტანდემის იდეოლოგიასა და შეხედულებებთან (გაიხსენეთ საპატრიარქოში ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე მეუფე შიოს მიერ გამოთქმული მოსაზრებები) და მთლიანად სონოდს მიანიშნა _ ერთმორწმუნე ძმები მხოლოდ რუსეთში არ ცხოვრობენ.
ცხადია, რომ აფხაზეთის საკითხზე რუსეთთან მოსაუბრე მეუფე შიოს თუ სხვა მღვდელმთავრებს საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების გახმოვანება და პოზიციის დაკავება მოუწევთ. უნდა ვაღიარო, რომ ეს გენიალური პოლიტიკური სვლა იყო. საბოლოოდ, ისიც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პატრიარქმა გვერდზე მოცქერალი მღვდელმთავრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი ინტერესებისკენ გამოახედა. გულუბრყვილობა იქნება იმაზე საუბარი, რომ „მოქცევა“ დასრულდა, მაგრამ ცხადია, რომ ბევრ ღვთისმსახურს მოუწევს იმის გააზრება და სწორად შეფასება, თუ რა გზა უჩვენა და განუსაზღვრა ამ, ერთი შეხედვით, „უმნიშვნელო“ სინოდის სხდომაზე ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

გოჩა მირცხულავა