„ოცნებაში“ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტისთვის ემზადებიან?!


მართალია, ქვეყნის მეორე პირია, მაგრამ მას არც გავლენა აქვს და არც _ პოლიტიკური წონა. დიახ, ის არის კაცი არსაიდან, რომელიც პოლიტიკურ ელიტაში ისე აღმოცენდა, როგორც სარეველა აღმოცენდება ხოლმე ხორბლის ყანაში. საზოგადოების ყურადღება თავდაპირველად უცნაური და პოლიტიკოსისთვის, როგორც იტყვიან, შეუფერებელი ვარცხნილობით მიიქცია. მერე გაირკვა, რომ გიორგი კობახიძის ვაჟია.

ვერ ვიტყვით, რომ გიორგი კობახიძე უცნობი პერსონაა _ საქართველოს პარლამენტის სპიკერის მამის პოლიტიკური კარიერია გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში იწყება: 1991-96 წლებში „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ჯერ პრესმდივანი, შემდეგ _ თავმჯდომარის მოადგილე და საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი გახლდათ; 1990-92 წლებში გიორგი კობახიძე საქართველოს ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი და აღმასრულებელი მდივანია; თბილისის ომისა და ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, 1992 წელს, ბატონი გიორგი საქართველოს პარლამენტის წევრი ხდება, ასევე მონაწილეობს 1999 წლის პარლამენტის არჩევნებშიც და კვლავ დეპუტატია; 1996 წელს გიორგი კობახიძე „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ ტოვებს და „სახალხო პარტიაში“ ერთიანდება, მოგვიანებით კი, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში გადადის, კობახიძე მის გვერდით ჩნდება და „სახალხო კრების“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს.
შვილების გამო მშობლებისთვის პასუხის მოთხოვნა, ცხადია, ისევე არ შეიძლება, როგორც არ შეიძლება, რომ მშობლების წარსულზე შვილებმა აგონ პასუხი, მაგრამ მამის პოლიტიკური ბეგრაუნდი იმიტომ გავიხსენეთ, რომ ირაკლი კობახიძეს პოლიტიკასთან შეხება, ლოგიკით, ბავშვობიდან უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ მამამისი, თავის დროზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერიც იყო, თუმცა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის პოლიტიკური ბიოგრაფია _ არც მეტი, არც ნაკლები _ სამ წელს ითვლის.
კერძოდ, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ახალ სახედ 2015 წელს მოგვევლინა.
როგორ მოხვდა მმართველ პარტიაში? _ ამის თაობაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუმცა კულუარებში ყველაზე ხშირად იმას ამბობენ, რომ მისი „პოლიტიკური ნათლია“ თითქოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძეა, ანუ ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ოცნებამ“ გუნდის გადახალისება და, შესაბამისად, ახალი სახეების მოძებნა დაიწყო.
როგორც „ქრონიკა+“-ს ეუბნებიან, ვასილ მაღლაფერიძე კახა კალაძეს, რომელიც იმ დროს „ოცნების“ პარტიულ პოლიტიკას, პრინციპში, ერთპიროვნულად განსაზღვრავდა, ეუბნება, რომ ერთ კარგ და პერსპექტიულ ახალგაზრდა კაცს გააცნობს.
დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ კალაძე, რომელიც მაშინ „ოცნებაში“ საკუთარი „სასტავის“ ფორმირებას ცდილობდა, კობახიძესთან საერთო ენას მალევე ნახულობს და კაცი, რომელიც არსაიდან მოდის, მოულოდნელად „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივნად გვევლინება, რაც გაოცებასა და გაგკვირვებას მხოლოდ მოსახლეობაში კი არა, თავად „ოცნების“ აქტივსა და მხარდამჭერებშიც იწვევს.
ამასთან, ირაკლი კობახიძის „ოცნებაში“ გამოჩენის შემდეგ ვიღაცებმა თქვეს, რომ „ოცნება“ არაპირდაპირ შესაძლოა, ნინო ბურჯანაძის გავლენის ქვეშ აღმოჩენილიყო, ვინაიდან კობახიძეების ოჯახი ბოლო წლებში ზუსტად ბურჯანაძესთან ასოცირდებოდა, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა, რადგან როგორც კი კობახიძე-უმცროსი აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო, კობახიძე-უფროსმა პოლიტიკა დატოვა.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, გია კობახიძე, პოლიტიკიდან წავიდა. როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ეს გადაწყვეტილება შვილის, ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის შესაძლო დაკავებას უკავშირდება.
როგორც კობახიძემ განმარტა, ის პატივს სცემს ადამიანურ ეთიკას, პოლიტიკურ და ყველანაირ ნორმებს და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო.
„მე ძალიან მახარებს ეს გადაწყვეტილება. ჩემი შვილის მიმართ ჯერ მხოლოდ შეთავაზებაა. იმედი მაქვს, პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ირაკლი კობახიძე შეთავაზებულ თანამდებობას დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება მე გარკვეული ვალდებულებების წინაშე მაყენებს. ვარ ადამიანური, პოლიტიკური და ყველა ნორმისა და ეთიკის დაცვის მომხრე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას. ჩემი საქმიანობა იქნება ექსპერტობა სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე“, _ ციტირებდა მედია 2015 წლის ნოემბერში გიორგი კობახიძის სიტყვებს.
ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ირაკლი კობახიძის ფანებს ვერ მოვძებნით, თუმცა, ალბათ, იქნება ერთი-ორი პიროვნება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გარკვეული სიმპათია აქვს. სწორედ ეს ადამიანები გააპროტესტებენ, _ კობახიძეს „არსაიდან მოსულ კაცს“ რატომ ეძახით, როცა ძალიანაც მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვსო?
შესაბამისად, ვიღაცებმა არაობიექტურობაში რომ არ დაგვდონ ბრალი, ჯერ პარლამენტის სპიკერის ბიოგრაფიას, როგორც იტყვიან, უკომენტაროდ შემოგთავაზებთ, შემდეგ კი კობახიძის, როგორც არაგავლენიანი ფიგურის არსსა და რაობაზე გავაგრძელებთ მსჯელობას.
მაშ, ასე: ირაკლი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერსაა დაბადებული, ანუ ამ დროისთვის 40 წლისაა.
1995-2000 წლებში პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, რომლის დასრულების შემდეგაც იურისტის დიპლომს იღებს.
2002-2005 წლებში კობახიძე გერმანიის დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრია, ხოლო 2002-2006 წლებში _ ამავე უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი.
როგორც ოფიციალური ბიოგრაფია იუწყება, ირაკლი კობახიძე შრომის წიგნაკს 2001 წელს ხსნის, ანუ ბიოგრაფიაში წერია:
„2001-2014 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. 2005-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია. 2009-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2011-2013 წლებში _ საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2014 წლიდან _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2016 წლის 18 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა.
მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს“.
როგორც ზემოთმოყვანილი ბიოგრაფიული ანკეტიდან ირკვევა, 2015 წლამდე ბატონ კობახიძე-უმცროსს პოლიტიკასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია, ანუ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ისე გახდა, რომ პოლიტიკურად აბსოლუტურად გამოუცდელი და უმწიფარი იყო, თუმცა ამ გამოუცდელობას ხელი არ შეუშლია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაეკავებინა და ჩვენი, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეების ბედი, გადაეწყვიტა.
მეტიც: კობახიძე-უმცროსის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე „შავ ლაქად“, ალბათ, ახალი კონსტიტუცია და ის ბაკქანალია დარჩება, რაც კონსტიტუციის საჯარო განხილვებს ახლდა.
ამ მხრივ კი ყველაზე გამორჩეული ფილარმონიაში გამართული შეხვედრა იყო, როდესაც ბატონმა სპიკერმა ახალგაზრდებს, რომლებიც კონსტიტუციის პროექტს აპროტესტებდნენ, პრინციპში, კომუნისტები უწოდა.
ეს ამბავი ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის მაისში მოხდა. ამ ინციდენტის შემდეგ ქართული საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ:
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მყოფ „აუდიტორია 115-ის“ წევრებს მიმართა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ჩაშლაში დაადანაშაულა.
ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძემ სტუდენტებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს შეხვედრის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ, მათ კომუნისტები უწოდა.
„სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული კომუნისტი არ აძლევს იმის საშუალებას 2500 ადამიანს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განიხილოს. თქვენ აირჩიეთ არასწორი ნიშა. კომუნიზმი საქართველოში დამთავრდა და მადლობა ღმერთს, მას არასდროს დავუბრუნდებით.
ვიაროთ ილია ჭავჭავაზის გზით. ეს არის ცოდნის გზა“, _ მიმართა კობახიძემ დარბაზში მყოფ ახალგაზრდებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხმაური დაწყებისთნავე მოჰყვა.
პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები ხმაურიანი შეძახილებითა და სტვენით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრის საშუალებას არ აძლევენ. ისინი სკანდირებენ, რომ კონსტიტუცია ხალხს ეკუთვნის და ასევე ახსენებენ ტყიბულში დაღუპულ მაღაროელებს.
შეხვედრას სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან“.
ირაკლი კობახიძის მხრიდან მახვილის კომუნისტებზე დასმას პოლიტიკური სპექტრი ირონიით შეხვდა და ზოგმა ქირქილიც დაიწყო, _ ეს ულტრაკომკავშირელი სხვას რომ დაუძახებს კომუნისტს, რატომ მიწა არ გასკდებაო.
ფილარმონიის ინციდენტის შემდეგ ქართული ბეჭდური მედია იმასაც იუწყებოდა, რომ „ოცნებაში“ ერთმანეთს დედა აგინეს:
„რა ხდება „ოცნების“ კულუარებში? რას ვერ იყოფს „ოცნება“? ვის წინააღმდეგ იგეგმება კომპრომატების გამოქვეყნება? რა სასჯელი დაადეს კობახიძეს?
„ქართულ ოცნებაში“ კარგა ხანია, სერიოზული უთანხმოებაა, რაც ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. ეს კაცი 10 დღით ქვეყნიდანაც კი გააძევეს. თავიდან 3-თვიან სასჯელზე იყო საუბარი _ ეს დრო უნდა გაეტარებინა საზღვარგარეთ, მერე შეიწყალეს, მაგრამ მოსთხოვეს, ნაკლებად იაქტიუროს.
აქტიურობას ვინ ჩივის, ამ ახალგაზრდას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზეც კი აღარ აწვდიან ინფორმაციას. მოგეხსენებათ, ის ახლა ბერლინშია. იმ დღეს მას ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ რა ხდებოდა მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ამ დროს დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და ზაზა გაბუნიამ განაცხადეს, მიწა უცხოელებზე არ გასხვისდებაო.
დღეს ირაკლი კობახიძე, ფაქტობრივად, მოტეხილია, მაგრამ ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდება. ამას დიდი და ხმაურიანი გაგრძელება მოჰყვება.
პარლამენტის სპიკერი ვასილ მაღლაფერიძისა და სოზარ სუბარის კადრია. ერთ დაჯგუფებას წარმოადგენენ, რომელიც ცოტა ხნის წინ რაღაც დოზით შეკრული იყო კალაძესთან. ამასობაში ზოგიერთს თბილისის საკრებულოში გუნდის გაყვანისა და მერის მოადგილეების დანიშვნის ამბიციები გაუჩნდა, რამაც ვითარება დაძაბა.
სუბარისა და მაღლაფერიძის ჯგუფის წარმომადგენელ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში თავისი გუნდი ჰყავს. მათაც თავისი ამბიციები და პრეტენზიები აქვთ. საკრებულოში მყოფი ადამიანებიც თავის პირობებს აყენებენ. „ოცნებაში“ ერთმანეთის სერიოზული დაჭმა მიდის. საპარლამენტო არჩევნებისთვის შედარებით შეკრულები იყვნენ. ახლა სხვა ვითარებაა და ერთმანეთზე კომპრომატებს გამოყრიან.
კონსტიტუციის განხილვამ გუნდში უფრო მეტი ბზარი გააჩინა. უმრავლესობაში არსებული დაჯგუფებები თითქმის ყველა საკითხზე უპირისპირდებიან ერთმანეთს“, _ ვკითხულობთ ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც 2017 წლის მაისით თარიღდება.
ისე, კობახიძე-უმცროსს მხოლოდ ოპოზიციაში კი არა, თავად „ქართულ ოცნებაშიც“ ეძახიან ნეოკომკავშირელს.
მეტიც: „ქრონიკა+“-ს მოაწოდეს ინფორმაცია, რომ სანამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიები დამთავრდება, უმრავლესობის ერთმა ფრთამ დღის წესრიგში შესაძლოა, კობახიძის გადაყენების საკითხი დააყენოს.
ზოგადად, კობახიძის მიმართ ე. წ. ძველებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პირველი თაობის „მეოცნებეები“ არიან, კარგი დამოკიდებულება არასოდეს ჰქონიათ. ეს ადამიანები კობახიძესა და მის გარემოცვას, რომელიც მამუკა მდინარაძით, თამარ ჩუგოშვილით, ვანო ზარდიაშვილითა და კიდევ რამდენიმე პორტირებული თუ ე. წ. ახალი სახით არის დაკომპლექტებული, ბრალს სდებენ პარლამენტისა და, მთლიანად, მმართველი პარტიის უზურპაციაში.
ამასთან, ადრე ამბობდნენ, რომ კობახიძის არაოფიციალური მრჩეველი თბილისის მერი, კახა კალაძე იყო, თუმცა როგორც ბოლო დროს პარლამენტის კულუარებში აცხადებენ, კობახიძისა და კალაძის გზები გაიყო და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი თავიდან ბოლომდე „ევროპული საქართველოს“, ანუ გიგა ბოკერიას გავლენის ქვეშ მოექცა.
ზუსტად ამით ხსნიან იმ გარემოებას, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტმა, უმეტესად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებით დააკომპლექტა.
როგორც „ქრონიკა+“-ისთვის ხდება ცნობილი, სავარაუდოდ, ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღის წესრიგში შესაძლოა, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.
„ქრონიკა+“-ის წყაროების მიერ მოწოდებული ცნობები, როგორც წესი, მართლდება ხოლმე. ასე რომ, კობახიძის ტაიმერიც შესაძლოა, უკვე ჩართულია, თუმცა ვიდრე ეს ტაიმერი დარეკავს, პარლამენტის თავმჯდომარის ქონებრივ დეკლარაციასაც გავეცნოთ.
გასული წლის იანვარში ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტგამოცემამ დაწერა, რომ კობახიძის ქონებრივ დეკლარაციაში გარკვეული ინფორმაციები არ არის შეტანილი:
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის სამეწარმეო საქმიანობაში მისი მონაწილეობისა და 2016 წელს „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 50 000 ლარის ოდენობით ფინანსური შემოწირულობის შესახებ.
კანონის თანახმად, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის არასწორად ან არაზუსტად დეკლარირება იწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 1000 ლარით.
ირაკლი კობახიძე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მან 31 დეკემბერს წარადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები არიან მეუღლე ნატალია მოწონელიძე და ორი მცირეწლოვანი შვილი _ 5 წლის გიორგი და 2 წლის ნიკო კობახიძეები.
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის წლიური შემოსავალი 19 066 ლარი იყო.
ნატალია მოწონელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორია. 2016 წელს მისი შრომის ანაზღაურება სულ შეადგენდა 32 000 ლარს.
პარლამენტის თავმჯდომარის საკუთრებაშია ორი უძრავი ნივთი: ქალაქ თბილისში, წყნეთის გზატკეცილის #56-ში მდებარე 157,8 მ2 ფართობის საცხოვრებელი ბინა და იმავე მისამართზე არსებული 20 მ2 ავტოსადგომი. აღნიშნული უძრავი ქონება მან თავისი მამის, გიორგი კობახიძისგან ჩუქების ფორმით 2016 წლის 5 სექტემბერს მიიღო.
ირაკლი კობახიძის საკუთრებაშია ავტომანქანა „VW Tiguan“, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაში _ ავტომანქანა „Nissan Tiida“.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით 9500 ლარი ჰქონდა.
იმავე დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ირაკლი კობახიძე მიუთითებს, რომ სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობს, ხოლო 2016 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ ჰქონიათ 1500 ლარზე მეტი ოდენობის სხვა სახის ფინანსური შემოსავალი ან გასავალი.
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დეკლარაციის ეს ჩანაწერები არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, 2013 წლის 16 სექტემბერს ირაკლი კობახიძე საჯარო რეესტრში ინდმეწარმედ დარეგისტრირდა და რეგისტრაცია დღემდე მოქმედებს. რეესტრის ამონაწერის მიხედვით მისი იურიდიული მისამართია თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, V კვარტალი, მე-4 კორპუსი, ბინა 42, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის დედის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მისამართია.
გარდა ამისა, დეკლარაციის ბოლო გრაფაში („სხვა შემოსავალი და გასავალი“) აღნიშნული არ არის, რომ ირაკლი კობახიძემ 2016 წლის 13 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით 50 000 ლარი ჩარიცხა.
როგორც ცნობილია, 2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომლის თანახმადაც სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია, პროაქტიურად შეამოწმოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისწორე და სისრულე, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში თანამდებობის პირს ეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე, საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. 1990-1992 წლებში იგი გახლდათ ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი და აღმასრულებელი მდივანი; 1992-1999 წლებში იყო საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი; ბოლო პერიოდში იყო „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი; 2015 წლის იანვარში გიორგი კობახიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც შვილის _ ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა და, ამის გამო, შესაძლო პოლიტიკური უხერხულობების თავიდან აცილება დაასახელა.
პარლამენტის თავმჯდომარის დედა, თამარ ზაალიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს წევრია. პარალელურად, იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ახორციელებს _ არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი“.
ერთ-ერთი ბოლო სკანდალი, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე გაეხვია, აწ უკვე ყოფილ პრემიერს უკავშირდება _ მაშინ ჟურნალისტებმა „ოცნების“ ფარული „ჩატის“ დეტალები გაასაჯაროეს, საიდანაც გაირკვა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და კობახიძეს შორის „თხა და მგლური“ დამოკიდებულება იყო.
რატომ დაიძაბა კვირიკაშვილსა და კობახიძეს შორის ურთიერთობა?
კულუარული ვერსიით, დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს აღარ ეკონტაქტება.
ასევე თავის დროზე ითქვა, რომ კობახიძესთან ურთიერთობა კალაძე-მაღლაფერიძემაც გაწყვიტა. შესაბამისად, როგორც „ქრონიკა+“-ს უხსნიან, პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ გუნდში ახალი მეკავშირეებისა და მფარველების ძებნა დაიწყო.
ეს ის დროა, როცა „ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად კვირიკაშვილს განიხილავდა და კვირიკაშვილიც ყველაფერს აკეთებდა, რომ მმართველ პარტიას შემოდგომაზე სწორედ ის დაესახელებინა გიორგი მარგველაშვილის შემცვლელად.
აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, კობახიძემ მიიჩნია, რომ კვირიკაშვილის სახით კარგი პარტიული პარტნიორი ეყოლებოდა და მისი გუნდში გადაპორტირებას შეეცადა, თუმცა ეს მცდელობა კრახით დამთავრდა. ანუ ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ ერთმა ფრთამ კობახიძე კატეგორიულად გააფრთხილა, რომ კვირიკაშვილს ახლოს არ გაჰკარებოდა, თორემ მისი ბედი ცუდად წარიმართებოდა.
შესაბამისად, იმ დირექტივების შესრულებაზე, რომელსაც „ოცნების“ მაშინდელი თავმჯდომარე იძლეოდა, კობახიძე დემონსტრაციულად უარს ამბობდა და სწორედ ამას მოჰყვა, თურმე, „ჩატში“ „რაზბორკები“.
დღევანდელი კულუარული მონაცემებით, კობახიძეს პოლიტიკურ სამარეში არც თამარ ჩუგოშვილი ჩაჰყვება, არც _ მამუკა მდინარაძე და არც _ ვანო ზარდიაშილი.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის იმპიჩმენტის კონტურები გამოიკვეთა, კობახიძე სრულიად მარტო აღმოჩნდება, რადგან დიდი ალბათობით, სპიკერობაზე პრეტენზია თამარ ჩუგოშვილსაც ექნება.
გადაყენების შემდეგ ირაკლი კობახიძე ერთი რიგითი დეპუტატი იქნება, რომლის არსებობაც შესაძლოა, აღარავის გაახსენდეს.
ვერც იმას ვიტყვით, რომ მისი ოპოზიციაში გადასვლა იქნება ხმაურიანი, რადგან „არსაიდან მოსული კაცი“ არც ოპოზიციას სჭირდება, მით უმეტეს ახლა, როცა პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს და არავინ იცის, რა მოხდება საპრეზიდენტო არჩევნებზე.

გიორგი აბაშიძე