ლარისა ძოძუაშვილი: „გამაგებინონ, ვინ და რატომ მომიკლა ჩემი შვილი?!“

ოც წელიწადზე მეტია, ლარისა ძოძუაშვილი არასრულწლოვანთა საქმეების გამომძიებელი იყო, ახლა კარდაკარ დადის და სამართალს ეძებს. გიორგი 11 წლისა ქუთაისის ბავშვთა სოფლიდან იშვილა, წერა-კითხვა ასწავლა, სკოლაში მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ მაინც ბავშვთა სახლში დაბრუნება არჩია, შვილთან კონტაქტი ოჯახს არასოდეს გაუწყვეტია.
გასული წლის თებერვალში ლარისა ძოძუაშვილის შვილს, გიორგი სვანიძეს, თბილისში ვაგზლის მოედანზე ყელი გამოჭრეს. დედა მიიჩნევს, რომ დამნაშავე დასჯილი არ არის.

ბრალდების მხარის ოფიციალური ვერსიით: 2017 წლის 13 თებერვალს დაახლოებით 18:30 საათზე ქ. თბილისში, ცენტრალური სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ცენტრში, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი სვანიძესა და გიორგი აკოფიანს შელაპარაკება მოუვიდათ გიორგი ქაშიაშვილთან, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჩხუბის დროს გიორგი ქაშიაშვილმა დანით განზრახ მოკვლის მიზნით გიორგი სვანიძეს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა გულმკერდისა და მუცლის არეში, ხოლო გიორგი აკოფიანს დანით ხელის არეში მიაყენა დაზიანება.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 18:30, თბილისის მეტრო „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი სვანიძემ, თანმხლებ პირთან ერთად, შეაჩერა გიორგი ქაშიაშვილი და გვერდით გასვლა სთხოვა, რათა მობილური ტელეფონი წაერთმია. გიორგი ქაშიაშვილი მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაიქცა, თუმცა გიორგი სვანიძე და მისი თანმხლები პირი მას დაედევნენ. გიორგი სვანიძემ გიორგი ქაშიაშვილი იღლიაში მოიქცია და თავდახრილს, თანამზრახველთან ერთად, ურტყამდა ხელებსა და ფეხებს. თავდასხმის მოგერიებისას გიორგი ქაშიაშვილმა გიორგი სვანიძეს დანით მიაყენა ჭრილობები, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
გიორგი სვანიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოში მხოლოდ ორი მოწმე წარადგინა, გიორგი შუბითიძე და გიორგი აკოფიანი. გიორგი აკოფიანის ჩვენებიდან სასამართლოს ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ის თავიდანვე განმარტავს, გიორგი ქაშიაშვილს დანა ჰქონდაო. ამის მიუხედავად, არალოგიკურია, რომ ისინი სავარაუდო მსხვერპლს მაინც მისდევენ ტელეფონის წასართმევად. მეტიც: ჩხუბისას ერთმანეთს სიფრთხილისკენ არ მოუწოდებენ, გაქცეულს კი კვლავ თავს ესხმიან.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, გიორგი სვანიძის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული გულმკერდის მიდამოში არსებული პლევრის ღრუებში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებიდან სისხლდენის შედეგად.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ გიორგი ქაშიაშვილმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, შვიდჯერ მიაყენა დაზიანება გიორგი სვანიძეს გულმკერდის, თეძოსა და ზურგის არეში, რის შედეგადაც გიორგი სვანიძე ადგილზევე გარდაიცვალა. სასამართლომ ბრალდების მხარის ეს პოზიცია არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ გიორგი ქაშიაშვილს განზრახ არ მოუკლავს გიორგი სვანიძე, არამედ ცდილობდა, თავიდან აეცილებინა გიორგი სვანიძის მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა, რასაც მოყვა ამ უკანასკნელის სიკვდილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ მსჯავრდადებული გიორგი ქაშიაშვილი დამნავედ ცნო სსკ-ის 113-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა ერთი წლის ვადით.
მას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 22:00 საათიდან 07:00 საათამდე.
მასვე პატიმრობაში ყოფნის დრო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა.
მოკლული გიორგი სვანიძის დედა, ლარისა ძოძუაშვილი, რეალური დამნაშავის დასჯას ითხოვს და აცხადებს, რომ გიორგი ქაშიაშვილი მისი შვილის მკვლელობის დროს მარტო არ ყოფილა და მასთან ერთად მის შვილს გიორგი ქაშიაშვილის უფროსმა ძმამ გამოსჭრა ყელი, თავად გიორგი ქაშიაშვილს კი დაბადების მოწმობა გადაუკეთეს, რომ მკვლელობის დროს არასრულწლოვანი ყოფილიყო. ლარისა ძოძუაშვილის განცხადებით, ქაშიაშვილების მამა არჩილ ქაშიაშვილი სუს-ის თანამშრომელი და სოსო გოგაშვილის კადრია. მოკლულის დედა მკვლელების ხელშემწყობად ასევე მიხეილ გიორგაძის ძმას ასახელებს.

რას უყვება გიორგი სვანიძის დედა „ქრონიკა+“-ს?

_ გიორგი 11 წლის ასაკში მოვიყვანეთ, სასამართლო ქუთაისში ჩატარდა. ქუთაისის ბავშვთა სოფელში იყო და იქიდან წამოვიყვანეთ, გავზარდეთ. სულ ხუთი ასო იცოდა, ჯერ წერა-კითხვა ვასწავლე, მერე სკოლაში მივიყვანეთ. გადასარევად სწავლობდა. კომპიუტერი და ტელეფონი ვუყიდეთ. ბავშვი თბილისიდან იყო. არ ვიცი, ვინ არის მისი დედა, რადგან ბავშვის დაბადების მოწმობაში არც დედა და არც მამა არ ეწერა. სუფთა დაბადების მოწმობა ჰქონდა, ასეთი რამე არც მინახავს, ერთ-ერთი მშობელი, დედა მაინც, ყოველთვის ეწერა. ბავშვი სასამართლოთი მოგვანიჭეს, ისეთი გახარებული იყო, შვილო, ხელში იჭერდა დაბადების მოწმობას და ამბობდა, _ ა, დედა და მამა მყავს, შეხედეო… გულში იხუტებდა. მოგეხსენებათ, 11 წლამდე რთული ასაკია…
_ სად იზრდებოდა?
_ ბავშვთა სახლში, ვიღაც პირობით ქალთან იზრდებოდა, ეს ქალი თითქოს ბებია იყო, სინამდვილეში ბებია გარდაცვლილი ჰყავდა. როგორც ვიცი, ერთ სახლში, სადაც დაიბადა, ადრე „პრიტონები“ რომ ერქვა, ისეთ ოჯახში მიიყვანეს. მერე, ეტყობა, ვეღარ გააშვილეს თუ რა იყო, არ ვიცი, ეს ქალი ზრდიდა. ყველაფერს აიძულებდა, რომ გაეკეთებინა. სულ შიოდა. რომ შიოდა, ხელი სულ მოჭმული ჰქონდა, ამას ძლივს გადავაჩვიე. მერე სახლში მოვიყვანეთ. ხომ იცით, ოჯახს თავისი მნიშვნელობა აქვს. ქალები არ უყვარდა. ეტყობა, იქ იმდენად ცუდს ხედავდა, ქალები არ უყვარდა. ცოტა აზიური ტიპი შეიქმნა, გამიკვირდებოდა კიდეც, ისეთ რაღაცას იტყოდა: „რატომ უჩანს იმ გოგონას ჭიპი?!“ და მსგავსი რაღაცა.
მე-8 სკოლაში წამოვიყვანეთ. იქ არაჩვეულებრივი დირექტორი იყო, ბატონი რეზო სირბილაძე, საუკეთესო პიროვნება. მას შვილი არ ჰყავდა და გიორგი განსაკუთრებულად მიიღო. ბავშვებს, გარემოს, ბიჭებსაც და გოგოებსაც შეეჩვია. ფიზიკურად ძალიან ლამაზი იყო, მაღალი, გოგონების სიმპათიით სარგებლობდა. ერთ-ერთ ბიჭს არ უნდოდა, რომ გიორგი მასზე წინ ყოფილიყო და დაპირისპირება დაიწყო. ამასობაში, კომპიუტერი რომ ვუყიდეთ, რუსთავის ბავშვთა სახლიდან ვიღაცები გამოუჩნდნენ. მერე იმ სახლში, სადაც იზრდებოდა, ოჯახში ცხოვრობდა ქალი და კაცი, რომლებიც ვითომ დეიდა და ბიძა იყვნენ. იმათმაც ინტერნეტით დაუწყეს დაკავშირება. გიორგის სულ აქეთ მოუწევდა გული. მერე სკოლაში ისეთი რამ მოხდა, რომ ბიჭები ერთმანეთში წაიჩხუბნენ. არ ვიცი, რა მოხდა. გოგოები გიორგის მხარეს დადგნენ. ამის შემდეგ უკვე სახლში ყოფნა აღარ სურდა, რუსთავში წამოსვლა უნდოდა. სოციალურმა მუშაკებმა მითხრეს, _ ბავშვს შეუჩერეთ მეურვეობა და ისევ ბავშვთა სახლში მივიყვანოთ, იქ დავაბრუნოთო. მე ვუთხარი, _ თბილისში და აქეთ სადმე არა, მაშინ საჩხერეში მივიყვანოთ-მეთქი. ძალიან კარგად იყო. სხვა ბავშვებს ყურადღებას აქცევდა და ყველა სიტუაციაში ჩაება _ საჭმელი როგორი მოჰქონდათ, რა მდგომარეობა იყო ეკონომიკურად, იმათ კი გიორგის ასეთი საქციელი აღარ მოეწონათ. იქ სკოლამ ძალიან კარგად მიიღო, მაგრამ მერე გიორგის გაურიგდნენ, თუ გიორგი იქიდან წავიდოდა, მაშინ რაღაცებს აპატიებდნენ. გიორგი გარდატეხის ასაკში იყო. ჩემ უკითხავად ქუთაისის სოციალურმა სააგენტომ, მგონი, მაშინ იქ სოფო კილაძე მუშაობდა, ზუსტად არ ვიცი, ერთ-ერთი დვალიშვილი იყო, ადგნენ და გიორგი რუსთავში გამოუშვეს.
დაბადების დღეები იყო, ჩასაცმელ-დასახური, თუ საჭმელ-სასმელი, ჩვენ მიგვქონდა, მივდიოდით და მოვდიოდით. ჩვენთვის უფრო განსაკუთრებული გახდა გიორგი. რძალ-დედამთილი შორიშორს რომ ცხოვრობს, უფრო ტკბილად არიან ერთმანეთში და ასე მოგვივიდა ჩვენც. ვურეკავდი, მოვიკითხავდი, სად არის. რუსთავში რომ მივდიოდი, არ ვიცი, ასეთი დიდი სიხარული დღეს რა იქნება ჩემთვის. გიორგი სულ ცდილობდა, განსაკუთრებული ყოფილიყო. ისეთი დედა ვიყავი, ყველაფერი უნდა გადამემოწმებინა და რამე რომ დაეშავებინა, არ მინდოდა, იმაზე პასუხი არ ეგო. ეს იცოდა გიორგიმ. მე ხომ მიყვარდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს განსაკუთრებულად უყვარდა. ამის შემდეგ, როცა გიორგი რუსთავში იყო, ვიღაც პოლიციის აგენტმა ბიჭმა აიყოლა. შეჰყავდა მაღაზიებში და წვრილმანი ქურდობები დააწყებინა. იქ ბავშვებს საჭმელი არ ჰყოფნიდათ და ძეხვს, კანფეტს, სოსისსა და ასეთ რაღაცებს იპარავდნენ. გიორგი დაიჭირეს და ოთხი წელი მისცეს.
_ ლარისა, რამდენი წლის იყო გიორგი, როცა დაიჭირეს?
_ ამ დროს გიორგი 15 წლის იყო. შეიძლებოდა განრიდება, მაგრამ ბავშვთა სახლში ჩააწყვეს, სადაც გიორგი ცხოვრობდა და მოიშორეს. ეს არის უფრო სწორი. როგორი საქმეა, _ იცის ბავშვმა, უნდა დაიჭირონ, საბუთები თავისი ხელით მიაწოდა, წავიდა სასამართლოში და სასამართლოდან აიყვანეს. ჩამოვედი, მაგრამ რას გავიტანდი ამ ხალხთან, ვერაფერი გავაწყვე. ციხეში გადასარევად იქცეოდა. ჰყავდა მამა გიორგი. იქ არაჩვეულებრივად იყო. კარგი ქცევისთვის პრეზიდენტმა შეიწყალა. გამოუშვეს ჩემი გიორგი. მერე მითხრა, _ დედა, ქუთაისში ვერ ჩამოვალ, მირჩევნია, აქეთ ვიყოო. ჩამოვიდა და იყო აქ, თბილისში, ბავშვთა სახლში. აი, ასეთია ჩემი გიორგის ისტორია. ჩვენ ყოველთვის დავდიოდით დაბადების დღეებზე და თუ რამე დღესასწაული იქნებოდა. ერთი საათიც კი არ იყო ისეთი, რომ არ გაგვეგო, გიორგი როგორ იყო. თბილისში ცუდ პირობებში არ ცხოვრობდა, შესანიშნავი ადგილია, საჭმელ-სასმელი არ აკლდა, წერეთელთან ახლოს იყო აბასთუმნის ქუჩაზე. გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა დირექტორთან, პედაგოგებთან, მერე დასასვენებლად წაიყვანეს შეკვეთილში. იქ ზღვის ღელვის დროს ქვა მოხვდა ცხვირში, მე ასე მითხრეს. _ დედა, მგონი, ცხვირი მომძვრაო! _ ღამით დამირეკა და დილის 7 საათზე უკვე იქ ვიყავით. ჩავედით, მივედით და ვნახეთ, ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ, ცხვირი ჰქონდა გაშავებული. შეიძლება, იკინკლავეს. იმათთვის უთქვამს, ახლა დედაჩემი წამიყვანს და ქვებს დაკითხავს, რომელი ქვა მომხვდაო. არ ვიცოდი, ეს თუ აქვს ნათქვამი და გიორგის ვუთხარი, _ გიორგი, ახლა წავიდეთ, მაინტერესებს და შენ მანახე, სად მოგხვდა ქვა-მეთქი? ატყდა სიცილი და მიკვირს, რატომ იცინიან, თურმე ეს გიორგის უკვე ნათქვამი ჰქონდა. მივედით და ვნახეთ. განსაკუთრებულად ვიყავით. რატომ ვდარდობ იცით, ყველაზე მეტად? ამ ბავშვში ვხედავდი, რომ უნიჭიერესი იყო, ხუთი ასო ხომ იცოდა, არაჩვეულებრივი წერა-კითხვა ვასწავლე, ტვინი გაეხსნა, საოცრად წერდა დამოუკიდებლად, შესანიშნავად იყო ყველანაირად, მაგრამ მაინც ბავშვში იჯდა რაღაც, რაც შეიძლება გენეტიკით მოდიოდა, შესაძლებელია რეფლექსი გამოუმუშავდა და მერე მთლიანად გაუჯდა სხეულში, არ ვიცი, მე ამას ასე ვხსნი. გადასარევად იყო თბილისში. ერთხელ დასაფლავებაზე ვარ და რეკავს, _ დედა, ძაან მომენატრეთ და ჩამოდითო. მე ვუთხარი, _ დედა, ფოთში მივდივარ, ვერ ჩამოვალ და მამაშენი ჩამოვა-მეთქი. ჩემი მეუღლე წავიდა მეორე დღეს. ყველაფერი წაიღო, ტელეფონი უყიდა და ნახა, რომ კარგად იყო. მანამდე მე ვიყავი ერთი კვირით ადრე და არაფერი შემიმჩნევია, ყველაფერი კარგად იყო. იქიდან დამირეკა და მითხრა, _ დედა, იცი, მამამ სიურპრიზი გამიკეთა, ჩამოვიდაო. მაგას ეგონა, არ ვიცოდი, თუ ის იქ ჩავიდა. არაჩვეულებრივად ვესაუბრეთ ერთმანეთს, _ დედი, ახლა ტელეფონი რომ გექნება, ყოველ ერთ საათში დამირეკე-მეთქი.
ორშაბათია, საღამოს 8 საათი და „იმედი“ აცხადებს, რომ სადგურის მოედანზე უცხო მამაკაცს ყელი გამოსჭრეს. რა ვიცი, რა მოხდა და უცებ ავფორიაქდი. ჩემი მეუღლე ქვემოთ სამზარეულოში იყო და ვუძახი, _ ჯემალ, გამოაცხადეს, სადგურის მოედანზე უცხო მამაკაცს ყელი გამოჭრესო. მეუბნება, _ მამაკაცს გამოჭრეს ყელი და გიორგის რატომ დაუკავშირე, გაგიჟდიო?! ვუთხარი, _ გიორგის ორი საათია, არ დაურეკავს-მეთქი. დავიწყეთ რეკვა. არც ის და არც სასწავლებელში არავინ გვპასუხობს. თურმე ჩემი გიორგი მკვდარია. ღამის 2 საათზე აღმზრდელი მირეკავს, რომელიც ჯერ მაგათთან მუშაობდა და მერე ეს გოგო სხვაგან გადაიყვანეს, _ ქალბატონო ლარისა, გიორგი გარდაიცვალა, ყელი გამოჭრეს. გიორგის ძლივს მივაგენი და ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიაო. მაგრამ იცით, რა არის? იქ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა (არ იცოდა, ვინ იყო ეს პოლიციელი), შენ ხელი მომიწერე ამ საბუთზე და ხვალ დილით მაგას უპატრონო ბავშვთა სასაფლაოზე დავასაფლავებთო. მე ვუთხარი, _ ახლავე მითხარი მაგათი ტელეფონის ნომერი და მისაღები სად არის-მეთქი. და დავრეკე…
_ ეს როდის ხდება?
_ 2017 წლის 13 თებერვალს… პოლიციაში დავრეკე და ვუთხარი, _ მე ვარ გიორგის დედა და ვინ თქვა ასეთი რაღაც-მეთქი?! მითხრა, _ ქალბატონო, აქ ჭრელი გონების ხალხი მოდის და არ შეგეშინდეთ, ასეთი რაღაც როგორ შეიძლება, თქვენ ჩამობრძანდითო. ქუთაისში უსაზიზღრესი ამინდია, გამწარებული თოვს, წამოვიყვანე რეანომობილი. ჩემმა მეუღლემ ისე განიცადა გიორგის ჩვენი სახლიდან წასვლა, რომ რაღაცები დაემართა, სამი ოპერაცია აქვს გაკეთებული და ეს ამბავი რომ გაიგო, ცუდად გახდა. მე და ჩემი ძმა წამოვედით, ჩემიანები ყველანი თბილისში დამხვდნენ, მივედით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. გვითხრეს, სასწრაფოდ მოგვეცით ტანსაცმელი და ჩავაცმევთო. ეს ვიღაცა ამას მეუბნება ბრძანებით… მე ვუთხარი, _ ვიცი, რომ ზეწრით უნდა წავიყვანო და სახლში ყველაფერი ჩასაცმელი მაქვს, ქრისტიანულად დავბან ჩემივე ხელით და ჩემივე ხელით ჩავაცმევ-მეთქი.
_ ვინ იყო ის პიროვნება სამხარაულში, ექსპერტი იყო, ხელმძღვანელი თუ პოლიციელი?
_ მორიგეებიდან ერთ-ერთი მეუბნება, რომ უნდა ჩავაცვათო. მეორემ თვალი მიყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ არ უნდა ჩამეცმია.
_ ექსპერტიზა ჩაატარეს?
_ კი, როგორ არა.
_ და რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?
_ ექსპერტიზაში წერია, რომ 7 ჭრილობაა და ყველა სხვადასხვა ზომისააო. მერე იქ რომ მივედით, ჩემი ძმა ერთმა კაცმა წინ წაიყვანა და უთხრა, _ თქვენს დას უთხარით, რომ გახსნას გვამი და ისე წაიყვანოსო. ეს რომ უთხრა, გავიგონე. ჩემს ძმას არაფერი უთქვამს, მე ამას მაინც ვაპირებდი. რომ შევედი, იქ საშინელება ტრიალებდა და ტირილი ავტეხე. იქ ქალი იჯდა და ვუთხარი, უნდა ვნახო, ჩემი შვილი, სად არის დაჭრილი-მეთქი. _ ბარძაყში იყო დაჭრილი, კასტეტით სახე ჩახეთქილი ჰქონდა, ყელი გამოჭრილი იყო, სულ მთლიანად გიორგის 7 ჭრილობა ჰქონდა. გავახვიეთ ზეწარში და წავიყვანეთ. საშინელი ამინდი იყო, გზაში მანქანა გაფუჭდა, ჩემი ძმა მანქანას აწვებოდა, რიკოთის უღელტეხილზე კი ასე ზეწრით მიგვყავდა ბავშვი, საშინელი სიმწარე განვიცადე. იმ დღეს, როცა მე აქ ჩამოვედი, მითხრეს, ვინ იყო გამომძიებელი და დავრეკე.
_ რა გითხრათ გამომძიებელმა, ოფიციალური ვერსია რა იყო?
_ ნუგზარ ნათელაშვილთან დავრეკე და მაშინვე ასე მითხრა, _ ახლა დაასაფლავეთ, ქალბატონო ლარისა, მერე ჩამობრძანდით, როგორც დაზარალებულს დაგკითხავთო. იმ დღეს ხელი მომაწერინა. მაშინ დაკითხვით არ დავუკითხივართ. მე ვუთხარი, _ რა მოხდა, რა არის-მეთქი? _ რა უნდოდა ამ შენს შვილს გიორგი აკოფიანთან ერთადო (ვინც ჩემი შვილი გამოიყვანა სახლიდან)? ამის მეტი არაფერი უთქვამს. _ როცა ჩამოხვალთ, მერე გეტყვითო. მგონია, რომ გამომძიებელია და მოკლულის მხარეს კი არა, სიმართლის მხარესაა. დავასაფლავეთ გიორგი, შემდეგ ჩამოვედით და დამკითხა. დაბადების მოწმობა რომ ნახა, მითხრა, თქვენ ოფიციალურად ბიოლოგიური მშობლები ყოფილხართო. გამოძიების ვერსიით, თითქოს ჩემი გიორგი და მისი ამხანაგი გამოვიდნენ (ის ამხანაგი ყვება ამას) სახლიდან და ვიღაცისთვის ტელეფონის წართმევა უნდოდათ. შემდეგ წამოვიდნენ, დახვდნენ ამ ბიჭს, რომელიც ვითომ ვარჯიშიდან მოდიოდა, ჩემმა გიორგიმ ბეჭზე ხელი დაარტყა და უთხრა, _ ერთი წუთით, შენთან საქმე მაქვსო. იმან უთხრა, _ შენთან მე არაფერი საქმე არ მაქვსო. გიორგის ხელი მიარტყა და შეაგინა. ამ ბიჭს დაუწყეს ცემა, გაეკიდნენ, არ მისცეს გაქცევის საშუალება. გიორგი ორი მეტრი იყო და ის წელამდე წვდებოდა. ქვემოთ რომ გადაიხარა, ვითომ ზემოდან ჩამოვარდა დანა, რა ვიცი, სად. დანა იქვე ძირს ვნახეო, გაშლილი იყო თუ არა, არ მახსოვსო (გიორგი აკოფიანი წერს), ეს დანა ავიღე და ქნევა დავიწყეო. არ შეიძლებოდა, აქ მოექნია გიორგისთვის, მე არ ვიცი, მოხვდა თუ არა და გავიქეცი, სახლში მივედიო. სახლიდან კიკეთში წავედი სადღაც, სისხლიანი ტანსაცმელი მეცვა, ტანსაცმელი და ყველაფერი დავწვი სადღაც კიკეთშიო. არც ტანსაცმელი, არც არაფერი ამოღებული არ იყო…
_ ანუ ფიქრობთ, რომ ის ადამიანი, რომელიც ჩვენებას აძლევდა სასამართლოზე, რეალურად, თქვენი შვილის მკვლელი არ არის.
_ რატომღაც, ეჭვი მეპარება. ჩემი შვილის მკვლელი იყო მისი ძმა, მე ვიცი მისი ძმა იყო, იმიტომ, რომ მისი ძმა მოწმეებს აფრთხილებდა, _ ენას კბილი დააჭირეთ, ამდენი ნახლაფორთები საქმე არ ჩაგვივარდესო. ამათმა რომ ოქროს მოწმეები მოიყვანეს, მოწმეებს სასამართლოს ჰოლში სურათებს უღებდნენ. ისე სასტიკად დამამცირეს, ქაშიაშვილების დედამ ასეთი სიტყვები მითხრა, _ მე შენსავით ქუჩის მაწანწალა კი არ გამიზრდია, მე ჩემი სახლის შვილები გავზარდეო.
_ რას უკავშირებთ, რომ ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის?
_ ეს საქმე შეთითხნილია, ვიღაცის ბრძანება იყო, თავიდანვე გავიგე, რომ მამამისი, არჩილ ქაშიაშვილი, სუს-ის თანამშრომელია, პროკურორი ინა გუგუშვილი, ზედამხედველი პროკურორი ზვიად ფხაკაძე და მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე შეთანხმდნენ და ეკატერინე გაბრიჩიძემ საქმე სსკ-ის 113-ე მუხლზე გადმოიყვანა. ეს საქმე საერთოდ უნდა აღძრულიყო 109-ე მუხლით, ეს იყო სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, რასაც მოჰყვა მკვლელობა. პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ შეურაცხყოფა მომაყენა, _ შენ გელანდება, არავითარი კისერი არ ჰქონდა გამოჭრილიო. ნაკვეთი ჭრილობა ექსპერტიზის დროს მიიღოო. ვუთხარი, _ ექსპერტიზაზე მე დავდიოდი, თქვენ ხომ არ გაგიჟდით, ექსპერტი აქ რატომ გაუჭრიდა, რაში სჭირდებოდა აქ გაჭრა-მეთქი?! უნდოდათ, ეს საქმე შეეთითხნათ. მაინტერესებს, ვინ დგას ამ საქმის თავში? რატომ გაიჟღერა იქ კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის გვარმა? რატომ იყო პროცესზე მიხეილ გიორგაძის ძმა? რატომ აცნობდნენ იმათი ნათესავები? რატომ თქვა მიხეილ გიორგაძის ძმამ (ეს ძმაც წყალბურთელი ყოფილა და მიხეილ გიორგაძეც ყოფილი წყალბურთელია), რომ ეს ქალი აქ რატომ ყვირისო?! მე რატომ არ დამასწრეს სასამართლო პროცესებზე?! ვეხვეწებოდი, დამასწარით-მეთქი და ეს კანონით არ შეიძლებაო! არსად წერია კანონში, რომ არ უნდა დავსწრებოდი. თავიდან არც ადვოკატი ამაყვანინეს, მერე ქუთაისში ავიყვანე, სასამართლო რომ ჩატარდა და შინაპატიმრობა რომ მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე ყველა სასტიკად მამცირებდა მეც და ჩემიანებსაც. პროკურორმა ინა გუგუშვილმა, სასამართლო პროცესამდე ორი თვით ადრე, ასეთი რამ შემომთავაზა: შენ არ იცი, ქაშიაშვილი არასრულწლოვანია და პროცესიდან გაათავისუფლებენო. კინაღამ გავგიჟდი. _ აბა, არასრულწლოვანია და ვინ დაიჭერს მაგასო?! საიდან იცოდა გუგუშვილმა, რატომ არ უნდა დაეჭირათ?!
გიორგი აკოფიანი შეშინებული ჰყავთ, ბავშვთა სახლში ყველამ იცის, რომ მან გიორგი მკვლელების პირისპირ მიატოვა. როდესაც გიორგის ყელი გამოჭრეს და ძირს დაეცა, იქიდან მორბოდა. განაჩენში წერენ, რომ თითქოს, ორივე ეჩხუბებოდა იმას. თავიდან უნდოდათ, გიორგი აკოფიანისთვის დაებრალებინათ გიორგის მკვლელობა, მაგრამ მან მკვლელობა არ დაიბრალა და შეშინებულმა არც სიმართლე მოყვა.
სასამართლო პროცესი 13 აპრილს დაიწყო. როცა მოწმეები მოიყვანეს, პროკურორი ქუჩაში შეხვდა მოწმე გიორგი შუბითიძეს (ეს მაგათი ოქროს მოწმეა) და უთხრა: ხომ იცი, შენი იმედი მაქვს, შენ ყველაფერი ისე უნდა ილაპარაკო, როგორც საჭიროაო, _ აი, ასეთ სიტყვებს ეუბნება. მე არ ვიცოდი, ეს ბიჭი თუ იყო. მერე გავიგე, რომ გიორგი შუბითიძე იყო. როდესაც მივედით, იქ ვიღაც მაღალი მამაკაცი მოვიდა. მე, რატომღაც, მგონია, რომ ეს კაცი მიხეილ აბაიშვილია, რომელიც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტია, როცა მასალებს ვეცნობოდი, იქ მაგის თავდების წერილი იყო, სადაც წერდა, რომ სახელმწიფო არ იცავს ხალხს და მერე თვითონ იცავენ ადამიანები საკუთარ თავსო. ისე გამოვიდა, თითქოს უწონებდა გიორგი ქაშიაშვილს მკვლელობას, რომ ჩემი გიორგი მოკლა, ე. ი., თვითონ დაიცვა თავიო. თან ამბობდა, რომ ეს ნიჭიერი ბიჭია, სპორტსმენია, მედლები აქვს აღებული და ჩემი ნათლულიაო, _ ასე წერს იმ სპორტულ ჟურნალში. მისი ნაწერი გავაპროტესტე და ვთქვი, რომ მე-7 ცნებაში წერია: არა კაც კლა! ეს ის კაცია, რომელიც ღონისძიებებს უკეთებს სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ეს არის კაცი, რომელიც საერთოდ არ უნდა იყოს იმ თანამდებობაზე. ამ პიროვნებამ პროკურატურის ოქროს მოწმე გიორგი შუბითიძესთან სურათი გადაიღო და უთხრა, _ ჩვენ ამით კი არ ვამთავრებთ, ამის შემდეგ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობაო. ამის იმედი ჰქონდათ. იყო კიდევ მეორე მოწმე _ ბახვა ბეგლარიშვილი. ეს იცით, როგორი პიროვნება? _ მართალს რომ იტყვის. რუსთაველზე მიტინგი რომ იყო, იქაც მოვიდა ის ბიჭი და თქვა: „მე როდესაც გაჩერებაზე ვიყავი, ვიღაცას სმს-ს ვწერდი და უცებ ქალები აკივლდნენ, _ რას შვრებით, რას შვრებით?! მოვიხედე და გიორგი უკვე დაჭრილი იყო…“ ეს არ არის ქურდობა, ეს არის დანაშაული, დაჭრა. ასეთ დროს უნდა იბღავლო, იკივლო, არ შეიძლება, ფეხი გაგეჭრა, იღლიაში დაგჭრან, არ იკივლო და ხალხის ყურადღება არ მიიქციო. შუაგული თბილისია, ხალხმრავალი ადგილია. ერთი წლის თავზე შემთხვევის ადგილზე ზუსტად იმ დროს მივედი, როცა ჩემი გიორგი მოკლეს. იქ ეს ბიჭი მეუბნება, _ კი მაგრამ, არავინ დაიჭირესო? არა-მეთქი! _ კი მაგრამ, 4-5 კაცი იყო და ერთი როგორ არ დაიჭირესო?!
პროკურატურამ საქმე შეთითხნა. პროკურატურა ყველაფერს ცდილობდა, ჩემთვის გრიფით საიდუმლო დაედო სასამართლო პროცესისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენება ჩამომართვეს. როგორც თქვენ მოგიყევით ისტორია, თუ როგორ ავიყვანე გიორგი და როგორ ვზრდიდი, ასე ვუამბე იმათაც, როგორ გავიგე გიორგის მკვლელობის ამბავი, მეტი არაფერი. იმის შემდეგ არც ერთ სასამართლო პროცესზე არ დამასწრეს. მე ხომ უნდა მენახა, ჩემი შვილი როგორ მოკლეს?! ვეჭვობ, რომ კადრები დამონტაჟებულია.
პოლიციის სამმართველოში კახა სირაძე განსაკუთრებულ მკვლელობის საქმეთა განყოფილების უფროსია. გამოვიდა, აქო და ადიდა გიორგი ქაშიაშვილი. _ იცი, შენმა შვილმა რა უქნა მაგასო? _ რა უქნა, ჩემმა შვილმა, მოკლა-მეთქი?! _ მსოფლიო სპარტაკიადაზე უნდა მიეღო მონაწილეობა და ეგ ვეღარ მონაწილეობს უკვე შენი შვილის გამოო!.. ეს ბადებს თუ არა ეჭვს, რომ ვიღაც მფარველობს ამ მკვლელობას? იმ ბიჭს, ვისაც აღმზრდელისთვის უთქვამს, რომ უპატრონო მიცვალებულების სასაფლაოზე უნდა დავმარხოთო, ის ყოფილა გამომძიებელ ნუგზარ ნათელაშვილის თანაშემწე ლაშა ტუხაშვილი, იმას უნდოდა, ჩემი გიორგი დილით უპატრონო ბავშვთა სასაფლაოზე დაემარხა. ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდათ?! ამ საქმეს ჰყავს ზედამხედველი პროკურორი?! დნმ-ს ანალიზი არ არის. იქ ძაღლი რომ მიეყვანათ, უცებ ნახავდნენ დანას, თუ უნდოდათ. როცა გიორგის ამხანაგმა თქვა, რომ მას დანა ჰქონდაო, მერე ადგნენ, გიორგი აკოფიანს ხელახალი ახსნა-განმარტება ჩამოართვეს და ვითომ ჩემს გიორგის იმ აკოფიანმა უთხრა, _ შეხედე, იმას დანა აქვს ჯიბეშიო. დანა რომ დაენახა ჯიბეში, ჩემი შვილი მივიდოდა საცემად? ამოდენა ბიჭი იყო და მინის ჯიბე ჰქონდა, რომ დანა ჩანდა გარედან?! ეს ყველაფერი აბსურდია. ძალიან უტვინო და გამაღიზიანებელი გამომძიებელი და პროკურორები ჰყავთ, ეს ყველაფერი ფხაკაძიდან მოდის, ფხაკაძე იმას აკეთებს, რასაც სუს-ი უბრძანებს იმიტომ, რომ მკვლელის მამა უშიშროების თანამშრომელია. ვითხოვ გამოძიებას და ყველასთან მივალ, გამოვიძიოთ: ვინ არის ეს ხალხი?! ვინ არის მიხეილ გიორგაძე?! რატომ მფარველობდა და რატომ ისმოდა მისი ვინაობა?! რატომ იყო მისი წყალბურთელი ძმა იქ?! რატომ იყო მისი მხრიდან დაინტერესება?! რა ხდება, ვინ არის ეს ხალხი?! გაგვაგებინონ, რით მომიკლეს შვილი, რისთვის მომიკლეს ჩემი შვილი და ვინ მომიკლა ჩემი შვილი?!
ამის შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში წავიდა მოსამართლე შორენა ყაველაშვილთან. პროცესი 21-ში დანიშნა, ჩატარდა 21-ში და მომდევნო პროცესი 31 ივლისს უნდა ყოფილიყო. 31 ივლისს რომ დავრეკეთ, 2 საათისთვის მივედით. გვითხრეს, რომ მოსამართლემ უცებ ფეხი წამოკრა, დაეცა, ვითომ ტვინის შერყევა მიიღო და სასწრაფოთი წაიყვანესო. ეს უკვე რაღაცის მანიშნებელი იყო, რომ ამ ქალთან ვერ გარიგდნენ. შემდეგი სასამართლო პროცესი 3 ოქტომბერს იყო. სასამართლო პროცესზე ქაშიაშვილები და გიორგაძეები საშუალებას არ მაძლევდნენ, რომ შემეხედა მაინც და მომესმინა რაიმე. ჯვარედინი დაკითხვა ხომ მიდის, აქეთ პროკურორი ეკითხება, იქით მოსამართლე ეკითხება. როცა მოსამართლე ბრალდებულს რაღაცებს ეკითხებოდა, ბოლოს ჰკითხა, მაინტერესებს, _ შემთხვევაზე იქ იყავიო?! კიდევ კარგი, დედამისი რომ არ არის შიგნით და რომ არ ისმენსო!.. მე იმიტომ არ დამასწრეს სასამართლო პროცესზე, პროკურორმა ფხაკაძემ იკითხა, ქუთაისში ვინ ვიყავი და იცოდნენ, რომ არასრულწლოვნების საქმეთა საუკეთესო გამომძიებელი ვიყავი, ამიტომ იფიქრეს, თუ იქ დამასწრებდნენ, ყველაფერს სხვანაირად დავაყენებდი. შეგნებულად არ დამასწრეს. ვითხოვე, განცხადებას დაგიწერთ-მეთქი. არც განცხადება დამაწერინეს და ყველაფერი მომატყუეს. შეასახლებენ, შეასახლებენო და, ამ დროს, 4 მაისს ინა გუგუშვილი მეუბნება, რომ ახლა მაგას გამოუშვებენო. 15-ში სასამართლო პროცესი ჩატარდა და გამოუშვეს. წინასწარ იცოდნენ, რომ გამოუშვებდნენ. აი, რატომ მოხდა ეს მკვლელობა! სარალიძის მკვლელობა იცით, რატომ მოხდა? იმიტომ, რომ 80-მა არასრულწლოვანმა ჩემი შვილის მკვლელს ტაში დაუკრა, სხვა მკვლელები გარეთ იყვნენ და ტაში დაუკრეს, ვითომ ტატამზე იყო ის ბიჭი და გაიმარჯვა, მოუწონეს მკვლელობა!!!
სააპელაციო სასამართლოში როდესაც შორენა ყაველაშვილმა საქმის განხილვა დაიწყო, მაგათ ადვოკატი არ გაჰყვა, სულ ამბობდა, _ უფალო, გეხვეწები, გიორგი სვანიძის სულმა მაპატიოსო. ჩემს შვილს ის სცნობდა, რომ უდანაშაულო იყო ამ საქმეში. მერე მამუკა ნოზაძე იყო ქაშიაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში და იქ ისეთნაირად საუბრობდა, უფალზე მიმინდვია იმისი ცუდი საუბარი ჩემი შვილის მიმართ. ის იმ მხარეს იცავდა და ყაველაშვილმა რომ უთხრა, _ შენ არ ხარ შემთხვევაზე ნამყოფიც კი!.. მერე უეცრად გარეთ გამოვარდა ადვოკატი მამუკა ნოზაძე და თქვა, რომ _ ამას ასახლებენ!.. როცა სასამართლო განაჩენის გამოსატანად გავიდა, შიგნით შევედით, მანამდე არ მიშვებდნენ. უცხო ქალი იყო იქ სააპელაციო სასამართლოზეც, უნდოდა, რომ დასწრებოდა. ეს ქალი დაცვით მოვიდა ვიღაც კაცთან ერთად. მე გავაპროტესტე, რატომ უნდა დამჯდარიყო ის ქალი და რატომ მე _ არა? ეს ქალი ვინ არის-მეთქი?! _ ადვოკატი ვარო. _ ადვოკატი შეიძლება ხარ, მაგრამ ჩაბარებული გაქვს, რომ არასრულწლოვნებს დაესწრო-მეთქი? ვინ ხარ შენ, ორდერი გაქვს-მეთქი?! მერე გამოვიდა. გუგუშვილს ერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ გარეთ გაბრძანდიო. პროკურორმა არ უნდა მოაწესრიგოს, უნდა გავიდეს თუ არა და გაიგოს, ის ვინ არის?! პროკურორმა სამი მოწმით უნდა გამოიძიოს მკვლელობის საქმე ქალაქის შუაგულში? აქ თუ ამდენი მოწმე დაიკითხა, რამდენიმე ტომია აქ და ჩემი შვილის საქმეზე სამი მოწმით დაამთავრა ყველაფერი!.. ისიც არ დამავიწყდეს, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ის უცხო ქალი, რომელსაც სასამართლო პროცესზე დასწრება უნდოდა, ამბობდა, _ რა გააწყალა გული ამ ყაველაშვილმა, ადგეს და დაამთავროს, გამოუშვას გარეთ ბავშვიო!.. ხედავთ, როგორი თავგასულები იყვნენ?! ამას მოითმენს ვინმე?! მე არ მოვითმენ!.. გიორგი ჩემი სისხლის შვილი რომ იყოს, ეგებ რაღაც მეთქვა, რომ რა ვქნა, მოკვდა და მოკვდა. გიორგის სიკვდილის შემდეგ უფრო დავუახლოვდი, ძალიან ახლოს არის მისი სული ჩემთან. მაგან ერთ დღეს იცით, რა მითხრა? ერთხელ ჩვენთან სახლში რაღაც ხმაური ისმოდა და გიორგიმ მკითხა, _ დედა ეს რა არისო? _ შვილო, შეიძლება, ვიღაცის სულია ან „დამავოი“ არის, ან რაღაცა-მეთქი. _ დედა, მე რომ მოვკვდები, სახლში ჩემი სული რომ მოვა, ასე კი არ გავჩუმდები, მე ტკაც-ტკაცს დავიძახებო!.. სხვათა შორის, ხანდახან ტკაც-ტკაცს მართლა იძახის რაღაცა. ასეთნაირად განვიცდი და რადგან ჩემი სისხლის შვილი არ იყო, ამიტომ ვიღაცას ვაპატიო ჩემი გიორგის მკვლელობა?! არა, არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ!!! სიკვდილის ბოლო წუთებამდე ვიბრძოლებ! მე მინდა სიმართლის დადგენა! ვიცი, რომ გიორგი მართალია ამ საკითხში!.. იმ ბიჭს მკვლელად არ ვთვლი იმიტომ, რომ გიორგი ორი მეტრი სიმაღლის იყო, ქაშიაშვილი 80 სანტიმეტრია. უკანა მხრიდან მოსწვდებოდა ჩემს გიორგის?! გიორგის ყელს გამოჭრიდა აქედან ვინმე?! ეს რომ ვუთხარი, გუგუშვილმა მითხრა, _ მომიყვანე, ვინც გინდა, მოვაკვლევინებ და ნახავ მერე, თუ არ შეიძლებაო!.. აი, ასეთი სიტყვა მითხრა. ის ქალი უნდა იყოს? ის დედა თუ არის, დედა უნდა ერქვას?! მით უმეტეს, მე იმის წარმომავლობა ვიცი, აფხაზეთიდან არის და აფხაზეთში „ავრორა“ რომ არ გავარდნილიყო, რუკაზეც არ იცოდა, სად იყო თბილისი. ახლა აქ უკვე პროკურორია.
ყაველაშვილმა რომ გაიბრძოლა, შემდეგ გავიდა განაჩენისთვის. თითქმის ერთი საათი იყო გასული, ზემოთ მიქაუტაძე და ჩინჩალაძე ეჩხუბებოდნენ, ვიღაცა დიდმა კაცმა დაურეკა, დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ გიორგაძის ხალხი ურეკავდა იქიდან და იგივე განაჩენი დატოვა. მე ვუთხარი, _ ერთი სიტყვა მათქმევინე-მეთქი… არც მობრუნდა, ისე გავიდა, ვერ თქვა, თვალები წყლიანი ჰქონდა სამივე მოსამართლეს.
დარწმუნებული ვარ, მიქაუტაძემ და ჩინჩალაძემ აიძულეს მოსამართლე შორენა ყაველაშვილი, რომ ქაშიაშვილი არ შეესახლებინა, არადა, მანდატურებით სავსე იყო დარბაზი. დედამისი ტიროდა. შვილის პატიმრობას ელოდებოდა. რატომ უნდა ვენდო გიორგი აკოფიანის ჩვენებას? როცა მან მანამდე მკვლელად ვიღაც ნიკა კოდუა დაასახელა, მაშინ როცა ნიკა კოდუა მკვლელობის მომენტში სახლში, კომპიუტერთან იჯდა. ნიკა კოდუას სახლი გაუჩხრიკეს, პოლიციაში წამოიყვანეს, დედამისი ვიღაც ჩიკვაიძე ყოფილა, იმ ქალმა ერთი ამბავი ატეხა, დაანგრია იქაურობა. თვითონ ნათელაშვილმა თქვა, ერთი ამბავი შექმნაო. შექმნიდა, აბა რა?! _ შვილს მკვლელობას აბრალებდნენ. თავიდან გიორგი აკოფიანს უნდა დაებრალებინა ჩემი შვილის მკვლელობა, უთხრეს კიდეც, შენ დაიბრალეო. გახადეს ტანსაცმელი და ჩემი შვილის სისხლიან ტანსაცმელს დაადეს, მაგრამ არ დაიბრალა, სადგურის მოედანზე არ დაწყებულა ეს ჩხუბი და მკვლელობა დაიწყო გოგოლის #18 სახლთან, სადაც ცხოვრობენ ქაშიაშვილები.
გიორგის მკვლელობის მერე იტალიური ეზოს ჭიშკარს კოდირებული გასაღები დაადეს, არც ერთ სახლს არ აქვს, მხოლოდ ამ სახლს დაადეს. ეზოშიც უცხოს არავის უშვებენ. მაგათ ვეუბნებოდი, არ არის ეს გამოძიება სწორი, ამ ბიჭს არ მოუკლავს ჩემი შვილი, სხვამ მოკლა. არაფერი არ გინდათ, ერთი კონფიდენციალური პატაკი ჩადეთ შიგნით და ხელახლა დაიწყეთ გამოძიება-მეთქი. ფხაკაძე მეუბნებოდა, _ არა, ამას მიუსჯიან, ვაცადოთ სააპელაციოს, ვაცადოთო. გაგეცინებათ, ისეთი საჩივარი აქვს გაგზავნილი უზანაესში. ეს გუგუშვილი არის გაიძვერა, გაფუჭებული ქალი. იქ ხალხმა თქვა, რომ ასეთ საქმეებს ყველაფერს სასამართლოში გუგუშვილი აგვარებსო.
_ ლარისა, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ საქმის უკან დგანან მიხეილ გიორგაძის ძმა და სუს-ის თანამშრომელი არჩილ ქაშიაშვილი?
_ არჩილ ქაშიაშვილი ნამდვილად სუს-ის თანამშრომელია. თქვეს, ვითომ ყოფილიო, მაგრამ არა, თანამშრომელია. ის სოსოს თუ ვიღაცა ეშმაკია, გოგაშვილის კადრია, იმათგან არის ეს ყველაფერი. ნამდვილად ვიცი, რომ ამ ყველაფერს სუს-ი მფარველობს. უზენაესმა სასამართლომ არ უნდა განიხილოს ეს საქმე? როგორ ეკადრებოდათ! ადამიანი მკვლელობისთვის დაიჭირეს, ვითომ 6 თვე იჯდა მკვლელობისთვის მე-8 სასჯელაღსრულებაში. ფხაკაძეს ვუთხარი, _ ამას აუცილებლად სტრასბურგში გავასაჩივრებ-მეთქი, და მეუბნება, _ რას გიზამს მერე სტრასბურგიო?! როგორ მეუბნება პროკურორი ამას, ის ხომ ჩემი მხარეა?! ის ხომ ბრალმდებელი იყო?! ხომ დასდო იმ ბიჭს ბრალი, რომ მკვლელიაო?! არ ვიცი, ქვეყანაზე არაფერი მსგავსი არ მინახავს!..
წერილები ყველას გავუგზავნე: თეა წულუკიანს, სოფო კილაძეს, გიორგი კვირიკაშვილს. ეკა ბესელია რომ გაჰკიოდა, შვილი და ძმა დააკავეს ჩემიო, მე შვილი მომიკლეს და ხმამაღლა გავყვირი, მაგრამ არავინ ყურადღებას არ მაქცევს, არავინ პასუხს არ მცემს. ადვოკატებსაც აშინებენ. სანამ პირში სული მიდგას, ამ საქმეს არ მოვეშვები, აუცილებლად ვიპოვი ჩემი გიორგის მკვლელებს და მხოლოდ მას შემდეგ წავალ მშვიდად იმქვეყნად, როცა გიორგის მკვლელები საკადრისად დაისჯებიან.

ელისო კილაძე