უცნობი და ნაცნობი გალაკტიონი: ბახუსი მეტისმეტად მოწყალეა

გალაკტიონის ლექსები იმღერება. ღიღინებ და ლექსავ მკითხველი. ამიტომ არის ტაბიძე ბევრი ქართველისთვის გამორჩეული პოეტი. ის იდუმალია, ბევრ კითხვაზე პასუხგაუცემელი და ამიტომ არის საინტერესო. ხატავდა გალაკტიონი. ხატავდა ღრმად, ისე, როგორც წერდა. ფიქრი უნდოდა მისი ნახატების აღქმას. წერისა და მხატვრობის ნიჭი მას თანაბრად „ამძიმებდა“. მღერის მისი პოეზია და მღერის მისი ნახატები.

არ უყვარდა ინტელიგენცია. არ უყვარდა და არც მალავდა. თავს უკეთ გრძნობდა სამიკიტნოებში. მეგობრებიც კი არ ჰყავდა.
ვახტანგ ჯავახაძე იხსენებს:
„გალაკტიონს ეუბნებოდნენ, _ თავს მიხედეო… ამის მთქმელზე ის ძალიან ბრაზდებოდა. სასმელის თემა გალაკტიონის თანამდევია, მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ამ თემაზე თავად გალაკტიონს საინტერესო ლექსები და საინტერესო ჩანაწერები აქვს.
გავიხსენებ ერთ შემთხვევას _ ბერია რომ წავიდა საქართველოდან, მის ადგილზე იყო კარდიდ ჩარკვიანი, ცეკას მდივანი. 14 წლის მანძილზე რესპუბლიკას ის ხელმძღვანელობდა. ჩარკვიანი შემდეგ გაათავისუფლეს და მაშინ ასეთი წესი იყო _ დიდი თანამდებობის კაცს რომ გაათავისუფლებდნენ თანამდებობიდან, მას რესპუბლიკაში აღარ დაედგომებოდა. ჯერ შუა აზიაში წაიყვანეს, შემდეგ _ რუსეთში. დიდი ხნის მერე დაწერა წიგნი, შემდეგ ეს წიგნი მიიტანა გამომცემლობაში, საიდანაც მე გადმომეცა გამოსაცემად. რომ წავიკითხე, მიხვდი, რომ გალაკტიონის შესახებ ცოტა უცნაურად ეწერა _ გალაკტიონ ტაბიძე ვერავითარ შემთხვევაში ჩავაბით საქმიანობაში და დაკარგა ლენინის ორდენი. მე მას ვუთხარი, _ გალაკტიონ ტაბიძე რა საქმიანობაში უნდა ჩაგერთოთ, არაორგანიზებული ადამიანი იყო, მას კარგი ლექსების წერა შეეძლო და, თუ შეიძლება, ეს ნაწილი ამოიღეთ-მეთქი. პირველად გაიკვირვა. შემდეგ გავიდა ცოტა ხანი და მან ეს აბზაცი ამოიღო. გამოვიდა ეს წიგნი და რომ გამოვიდა, მერე ვინანე _ მივხვდი, რომ იმ ნაწილის ამოღება არ უნდა მეთხოვა. უნდა დამეტოვებინა, რადგან აშკარა იყო, რომ გალაკტიონს ცნობდნენ არა როგორც დიდ პოეტს, არამედ _ როგორც მსმელს. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ გალაკტიონის მიმართ. ისეთ გენიალურ პოეტს, როგორიც გალაკტიონი იყო, მსგავსი შეცოდებები უნდა ეპატიოს ან, შეიძლება, უფრო ლამაზად დაიწეროს.
„ბახუსი მეტისმეტად მოწყალეა“, _ გალაკტიონის სიტყვებია…
1959 წლის 17 მარტს რესპუბლიკის პროკურორს მოახსენეს, გალაკტიონ ტაბიძემ თავი მოიკლაო. _ ეგ რომელი ტაბიძეა _ ლოთი რომ იყოო? _ იკითხა პროკურორმა, რომელიც ქართულ ენაზე გამართულად ვერ ლაპარაკობდა.
ერთხელ მწერალთა კავშირის პრეზიდენტის სხდომაზე რამდენიმე მწერალი მოიწვიეს: გალაკტიონ ტაბიძე, ვარლამ ჟურული და სხვები, ნაკლებად ცნობილები. მოწვეულები სასტიკად გაკიცხეს ლოთობის გამო. როდესაც გაკიცხულები გაისტუმრეს, იოსებ გრიშაშვილი ერთბაშად აღშფოთდა. ამათთან ერთად გალაკტიონ ტაბიძე როგორ მოიწვიესო?
ერთხელ ცოლის დისშვილი დაიბარა, გააფრთხილა და საკუთარ მეზობელზე, რომელიც მეოთხე სართულზე ცხოვრობდა, რომელთან ერთადაც არაერთხელ დაულევია, უთხრა, _ იმას არ გაეკარო, ლოთიაო. _ როგორ, თქვენ ლოთი არა ხართ? _ იყო პასუხი. _ არა, მე ლოთი არა ვარ.
მე პირადად, და ყველა თბილისელს, ნასვამი გალაკტიონი ბევრჯერ გვინახავს. არადა, გალაკტიონს ეკუთვნის ეს სიტყვები, _ ტყვია მკარი და ღვინოს ნუ დამალევინებო. ბრძოლას ვუცხადებ ღვინოს, გაუმარჯოს სიფხიზლეს.
იფიცებოდა და პირობას დებდა: დალეულ იქნა სამი ბოთლი კონიანი, ერთი კოლოფი პაპიროსი იქნა მოწეული და ეს იყო უკანასკნელი პაპიროსი და უკანასკნელი დალევა. ხელს ვაწერ _ გალაკტიონ ტაბიძე. სხვათა შორის, იყო თვეები, როდესაც გალაკტიონი არ სვამდა. მერე რაღაცას რომ აწყენინებდნენ, დაიწყებდა ისევ დალევას და ვეღარ ჩერდებოდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, გალაკტიონი ალაგ-ალაგ ლოთი იყო.
თვითონ გალაკტიონი იხსენებს: ახლა გამახსენდა. მითხრეს, რომ შვედური ღვინო ჩამოიტანეს, სუფრაზე გამოტანა რომ უნდოდათ და მე უარი ვუთხარი. დალევაზე უარი ვთქვი. ახსენდება კიდევ მეორე შემთხვევაც: ანდრია ბალანჩივაძესთან ვიყავი. გამოიტანეს საცივი და ღვინო. უხერხული კი იყო, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი. ისინი სახტად დარჩნენ.
ფხიზელი მე ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ვახდენ. კარგია ფხიზელი სიარული.
მძიმე წუთებში თავშესაფარს ეძებდა. ნასვამს არასდროს ჰქონდა სურვილი, სახლში წასულიყო.
„სადაც უნდა მივდიოდე, უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე, წლის თან მომდევს ქარები.
სადაც უნდა შევიარო, ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო: ღვინოს დააბრალებენ!
ო, ძვირფასო! ჯვარზე მაგეს. გაქრა გიჟი ოცნება.
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს, მაგრამ რა მეკოცნება?“
ერთხელ საკუთარი მოთმინება შეამოწმა. ღვინოზე უარი თქვა. ყოჩაღ, გალაკტიონ! და თავი შეიკავა. კვლავ შეყოვნდა, გზა გააგრძელა და ისევ უარი თქვა დალევაზე, _ ყოჩაღ, გალაკტიონ! კვლავ შეაქო საკუთარი თავი. მესამედაც თავი შეიკავა და გზა განაგრძო. მესამედაც თქვა, _ ყოჩაღ, გალაკტიონ! მაგრამ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და შეჩერდა, _ მაგრამ, ჩემო გალაკტიონ, სამჯერ რომ თავი შეიკავე, იმ მოთმინების სადღეგრძელო უნდა დალიო.
ათეული წლების განმავლობაში ოპონენტები წარმატებით უყენებდნენ ლოთობის ბრალდებას. მწერალთა ყრილობა რომ შედგა, სახალხო პოეტი გალაკტიონი არ წარადგინეს შემდეგი მიზეზით _ შეგვარცხვენსო. განიცდიდა. როგორ არ ვცადე, როგორ არ ვცადე, მაგრამ, ალბათ, საწყისი მომენტი უნდა განვსაზღვრო. ფაქტები მის სასარგებლოდ მეტყველებდა: ლოთობის ციკლი ოლიას დაპატიმრებამ განაპირობა. შემდეგ _ უსაყვარლესი ძმის გარდაცვალებამ. მესამე _ პრემიაზე უარის თქმამ. მეოთხე _ მასობრივი დაჯილდოებისას უყურადღებობამ და ა. შ.
წამალიც ერთადერთი ეგულებოდა _ შევიდე საწყალი კაცის აფთიაქში _ ასე უწოდებდა ის სამიკიტნოებს.
ეუბნებოდნენ ხოლმე, _ თავს გაუფრთხილდიო. ვუფრთხილდები, _ ღიზიანდებოდა გალაკტიონი, _ ძლიერ მშვენივრადა ვგრძნობ თავს, თუმცა სამი კვირა არც ღვინო, არც არაყი, არც ლუდი დამილევია. მაგრამ სხვანაირადაა საჭირო საქმე. ხალხს ჰგონია, რომ მე ლოთობის მეტს არაფერს ვაკეთებ. მე მას დავუმტკიცებ, რომ ვაკეთებ.
1949 წელს იპოლიტე ვართაგავას ტექსტი გადაიწერა. იპოლიტე ვართაგავა იყო მწერალი და ასწავლიდა სემინარიაში. „სიყრმიდანვე ბახუსის თაყვანისმცემელი იყო. შთამომავლობას დარჩება მისი ნაწარმოებების ხელიხელსაგოგმანები მარგალიტები. მისი ფხიზელი, მაგრამ უნიჭო მოქიშპეების გახსენებაც კი აღიგვება პირისაგან მიწისა“.
ერთ ოპონენტს შეედავა, _ მე მაქვს უფლება, ხანდახან დავლიო.
ცნობილ მოქანდაკეს, ბიძინა ავალიშვილს, პოზირებისას უამბო: ომის დროს მწერლებს უფასო სასადილო გაგვიხსნეს. ერთ დღეს, სასადილოში, მაგიდასთან, ჩემ პირდაპირ, სოსო გრიშაშვილი აღმოჩნდა. გრიშაშვილი არ სვამდა. არადა, უბრად ვიყავით ერთმანეთთან. ერთი შეკვეთის უფლება გვქონდა. სოსომ მაწონი შეუკვეთა, მე ასი გრამი არაყი. ოფიციანტს შეეშალა _ მაწონი მე დამიდგა, არაყი _ სოსოს. არ დავიბენი და მაშინვე დავიწყე მაწვნის ჭამა. სოსომ იფიქრა, იფიქრა და მანაც გადაკრა არაყი.
1959 წელს პირველი თრობა გაიხსენა _ თითქოს კინორეჟისორს შესთავაზა კადრები _ ქუთაისის სემინარიაში სწავლობდა. იმ პერიოდიდან, 10-11 წლის ასაკიდან მოჰყვა სმას: „თეთრი ხიდი. ორი ბავშვი ხიდზე. შიმშილი. შევიდე? შევედი. მობრძანდით. მედუქნე. ცარიელი დუქანი. მოგვეცით ნახევარი ბოთლი. თითქოს დიდები ვართ. აბა, დავლიოთ. დასაყოლებელი? დაწერეთ ჩემზე. გამოვედით გარეთ. ავედით სახლში. პირველი თრობა“.
მას შემდეგ 53 წელი გავიდა და მაინც ახსოვს.
გალაკტიონი უკოსტუმოდ ერთხელ ვნახე. ვერის ბაზართან. ღია ფერის დალაქავებული სვიტრი ეცვა. ისე იდგა ერთ ადგილზე, თითქოს ვიღაცას ელოდებოდა. ბევრი ვუცადე, ვუცადე, არავინ მოვიდა და წავედი. დავტოვე გალაკტიონი ვერის ბაზართან. არ მახსოვს, შემდეგ როგორ წავიდა სახლში. რომ დათვრებოდა, სახლში წასვლა აღარ უნდოდა. ძნელია, რომ უზომოდ მთვრალია კაცი და სახლში ვერ მიდის.
ახლანდელი თავისი სახელობის ხიდზე შეხვდა ერთხელ სტუდენტებს. „აწეულ“ ხასიათზე ბრძანდებოდა. „რა ლამაზია მტკვარი, ქალიშვილო“, _ მიმართა თანამგზავრს. ბარათაშვილს უყვარდა მტკვრის პირას ხეტიალი. შეისვენა და, უცებ, გაჩერდა: „კარგია მტკვარში თავის დახრჩობა“. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი პირადად გალაკტიონს. არც მისი ლექსები წამეკითხა. ამიტომ ბოლო ოთხი სიტყვა ლირიკულ გადახვევად მომეჩვენა. ახლა ვიცი, 17 მარტისთვის ემზადებოდა. გამუდმებით თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.
კიდევ უნდა დავამატო ის, რომ არსებობს შამპანური, რომელსაც „გალაკტიონი“ ჰქვია. გალაკტიონი ბევრ რამეს ოცნებობდა. ოცნებობდა, რომ მუზეუმი აშენებულიყო მისი სახელობის, ძეგლი დაედგათ და ყველაფერი ასრულდა. მაგრამ ვერასდროს იოცნებებდა და ვერასდროს წარმოიდგენდა, ვერც გაბედავდა ეთქვა, რომ შამპანურს რქმეოდა მისი სახელი. ეს იმის გამო, რომ გალაკტიონი „ეჭვმიტანილი“ იყო.
გალაკტიონი უბრად იყო მთელ ქართულ მწერლობასთან. დაინახავდა, შებრუნდებოდა და წავიდოდა. ბავშვებისა და ახალგაზრდებისკენ მიუწევდა გული.
ის „არაპრაქტიკული“ კაცი იყო. ასე, 20-მდე წიგნი ჰქონდა გამოცემული და 1958 წელს გადაწყვიტა, რომ ცხრა ტომი ერთ წიგნად გამოეცა. იმდენს ვერ მიხვდა, რომ ცხრა ტომი ერთ წიგნში არ ჩაეტეოდა. მისი ძმისშვილი, ნოდარ ტაბიძე, ამუშავა ამაზე და შემდეგ მივიდა გამომცემლობაში. აქ, ბუნებრივია, უთხრეს, რომ გამოცემდნენ „რჩეულს“ და მისი შედგენა დამევალა მე _ ცხრა თავიდან შევადგინე ერთი ტომი.
„არა მცალია დღესა, რა დროს ხვნაა და თესვა,
შემოდგომაა, მაჭრით უნდა ვილბობდეთ ყელსა.
პურის მზადება ვინ სთქვა, რა უნდა გვარგოს პურმა.
სიცოცხლე მიდის, განა ხვალაც მოისხამს ხურმა?“

მარიამ ტიელიძე